წმიდა იოანე ოქროპირი

 

უფალი ციხეში

უფალი ციხეში

 

 

საქმე მღვდლობას, ასეთ მაღალ ხელისუფლებას ეხება, რომელიც ისევე აღემატება ყველანაირ ხელისუფლებას, როგორც სული – ხორცს მღვდელმსახურება, სრულიად სამართლიანად, ზეციური განწესებით აღესრულება ამ სოფელში. რამეთუ კაცმა, ანგელოზმა, მთავარანგელოზმა და ღმერთის მიერ ქმნილმა ძალამ კი არა, თავად ნუგეშინისმცემელმა განაწესა სასულიერო ხარიხთა მიმდევრობა, და ჯერაც ხორცში მყოფი ხალხი გახდა წარმომადგენელი ზეციური მსახურებისა. ამიტომაც აღმსარებლობით ისეთი წმიდა უნდა იყოს მღვდელმოქმედების აღმასრულებელი, ვითარაცა ცათა შინა ზეციურ ძალთა წინაშე მდგომარე.

როცა ხედავ წმიდა საკურთხეველში უფალს დაკლულსა და შემოგებებულს, და მოძღვარს ამ სამსხვერპლოს წინაშე მდგომარეს მლოცველს და ყველას მის სამწყსოში უფლის პატიოსანი  სისხლითა და ხორცით ზიარებით განწმენდილს, ნუთუ, თავი მაინც ამ სოფელში კაცთა შორის გგონია? ნუთუ, არ გცილდება შენ ყოველი გულისთქმა, ხორციელი და არ მიეახლები იმ წამს ზეცას და შენი განწმენდილი სული და გონი ნუთუ ვერ ჭვრეტს ზეციურს? „ჰოი, საოცრებაო! და ჰოი, კაცთმოყვარეობაო ღმრთისაო!“  და უფალი ჩვენი იესო ქრისტე მჯდომარე მამისა თანა, სწორედ იმ წამს წმიდა ბარძიმს მიახლებულთა ყოველ  მონანულ მორწმუნეთათვის მისაწვდომი ხდება. ყველაფერს ამას რწმენის თვალი ხედავს. როგორ გგონიათ, შეიძლება განა ამის უგულვებელყოფა? ვის ძალუძს ქედმაღლობა ამ საიდუმლოს წინაშე? … წარდგომილ არს ტრაპეზის წინაშე მღვდელი, შთამომყვანებელი ცეცხლის კი არა, არამედ სული წმიდისა. დიდხანს იმიტომ კი არ ლოცულობს, რომ ალი გადმოვარდეს ციდან და დაიწვას მსხვერპლი, არამედ, რათა ტარიგზე გადმოსულმა მადლმა აღანთოს და განწმინდოს სული ყოველთა, უფროის ვერცხლისა გამოხურვებულისა. ვის ძალუძს უგუნურის გარდა, ამ საშინელი საიდუმლოს უგულვებელყოფა? განა არ იცი, რომ  არა დიდებული, ღვთაებრივი მადლის შეწევნა კაცი ვერ გაუძლებდა ცეცხლს ამ ტარიგისას და დაიღუპებოდა ერთიანად?

ვინაც გააცნობიერა ჯერ კიდევ სისხლსა და ხორცში მყოფი მღვდლის ნეტარ უკვდავ ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობა მისთვის ნათელი უნდა იყოს, რა პატივით შემოსა სული წმიდამ მღვდელმსახურნი, რომელთა მეშვეობითაც აღესრულება მღვდელმოქმედება და სხვა მსახურებანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სრულყოფისა და ცხონებისათვის. ხალხს, ჯერაც ამ სოფელში მიმოქცეულთ ენიჭებათ განმგებლობა ზეციურისა, უფლება, რომელიც ღმერთს თავისი ანგელოზებისა და მთავარანგელოზთათვისაც არ უბოძებია. რადგან მათთვის (ანგელოზთათვის) არ უთქვამს: „…რაოდენნი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რაოდენი განსჰსხნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათე 18, 18). მღვდლმსახურთ მიწაზე მხოლოდ სხეულის შეკვრის უფლება როდი ეძლევათ, ეს საკვრელი მიწაზეც ბოჭავს სულს და იმ სოფელშიაც გაჰყვება. აქ მიწაზე მღვდლების ნამოქმედარს, იქ, ცაში, ღმერთი დაასრულებს და მღვდელთა განაჩენს დაამტკიცებს ზეცად უფალი. და განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა მღვდლებს ყველა ზეციური უფლება მიანიჭა? და კიდევ: „უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ შეპყრობილ იყვნენ“ (იონე 20, 23) განა მიწაზე არსებულ რომელიმე ხელისუფლებას აქვს ამხელა ხელმწიფება და განა არსებობს ამაზე დიდი უფლებოსილება? „არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (იოანე 5, 22). ხოლო ძემ ეს უფლება მთლიანად მღვდელს უბოძა: მათ ისეთი მაღალი ხელისუფლება მიანიჭა, თითქოს ისინი გასულები იყვნენ უკვე ამ სოფლიდან და ვნებათაგან განთავისუფლებულთ დატევებული ჰქონდეთ თითქოს ბუნება ხორციელი…

მღვდლის დაპატიმრება მ. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ

მღვდლის დაპატიმრება მ. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ

მეფემ რომ რომელიმე თავის მხლებელთაგანს მიანიჭოს უფლება, რომ მან თავისი სურვილისამებრ გადაწყვიტოს კაცთა დატყვევება და განთავისუფლება, ასეთი კაცი ხომ უმალ მთელ ქვეყანაში გახდებოდა საყოველთაოდ ცნობილი და დიდად დაფასებული, ხოლო როცა მღვდელს ღვთისგან ეს უფლებამოსილება ეძლევა, რომელიც ისევე აღემატება მეფისგან მხლებელზე მინიჭებულ უფლებამოსილებას, როგორც ცა დედამიწას და სული ხორცს, ზოგიერთები მაინც ფიქრობენ, რომ თითქოს მღვდელს ნაკლებმნიშვნელოვანი პატივი აქვს ამქვეყნად.

 

…ჭეშმარიტად უგუნურებაა მღვდელთა იმ უფლების უგულებელყოფა, რომლითაც გვენიჭება ცხონება და უფლისგან აღთქმული ყოველი სიკეთე. „უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღვთისასა…“ და კიდევ: „…უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქვნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა“ (იოანე 6, 53) და ეს ხომ მღვდლის კურთხეული ხელები აღასრულებენ, უფრო სწორედ, მღვდლის ხელების მეშვეობით ხდება ყველა ღვთის საიდუმლოს აღსრულება და როგორ გინდა, რომ ამ ხელების გარეშე აიცილო მარადიული ცეცხლი და მიიღო გვირგვინი განმზადებული?

მღვდლები ჩვენთვის სახეა იმ კაცთა, რომელთაც ძალუძს ნათლობის მეშვეობით ადამიანის მეორედ შობა. მღვდლების მეშვეობით შევიმოსავთ ქრისტეს, ვიმარხებით ღვთის ძესთან ერთად, ვხდებით ნაწილნი ეკლესიის სხეულისა, რომლის თავი არს ქრისტე, ამიტომ ჭეშმარიტი მღვდლის არა მხოლოდ უნდა გვეშინოდეს უმეტეს ყოველთა მეფეთა და ყოველთა მამათა ჩვენთა, რადგან მათ გვშობეს სისხლით და ნებათაგან ხორცთა, ხოლო მღვდელნი კი არიან მიზეზნი ჩვენი მეორედ შობისა, მარადიული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლისმიერი ძეობისა. ქრისტემდე იუდეველ მღვდლებს ძალუძდათ განკურნება ხორციელი სენისა, უფრო სწორად, მათ ეძლეოდათ ავადმყოფობის გასინჯვის, ან განკურნება – არგანკურნების დამოწმების უფლება, ქრისტეს ეკლესიის მღვდლებს კი მიენიჭათ არა უბრალოდ გასინჯვა დამოწმების უფლება, არამედ ძალა სულიერ და ხორციელ ვნებათა სრული განკურნებისა. მათი უპატივცემულობა დათანისა და მისი თანამზრახველობის დანაშაულზე უფრო დიდი სასჯელის ღირსია. ქრისტესგან მინიჭებული უფლებით მღვდლობა თუ ასე აღმატებულია ყველა ძალაუფლებაზე, მაშინ მღვდლის უპატივცემულობა სხვა რა უნდა იყოს თუ არა დიდი კადნიერება? არსებობს კი ისეთი უბადრუკი სული, რომელიც შეურაცხყოფს ამ დიდებულ სათნოებას? თუ არა განცოფებული ბოროტისაგან? მაშ აბა სხვა ვინ გაბედავს ამას?…

მღვდლებს ღმერთმა უფრო მეტი უფლება და ძალა მიანიჭა, ვიდრე ხორციელ მშობელთ, არა მარტო დასჯისა, არამედ სიკეთის ქმნისაც. ხორციელ და სულიერ მშობელთა შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ამ სოფელსა და მომავალ სოფელს შორის. ხორციელი მშობელნი შვილებს ხორციელ სიკვდილს კი არა, სნეულებასაც ვერ ააცილებენ, ხოლო სულიერ მშობელთ, ანუ მღვდლებს ხშირად უხსნიათ დასაღუპავად განწირული სული, ხან უვნებელი სასჯელის მეშვეობით, ხანაც მოსალოდნელ დაცემას თავშივე დროზე წამლობით კურნავენ არა მარტო შეგონებითა და სწავლებით, ლოცვის მეშვეობითაც. მღვდლები მარტო ახალ ადამიანს (ნათლობით) როდი აღმოაცენებენ ჩვენში, მათ მინიჭებული აქვთ უფლება ცოდვათა ჩვენთა შენდობისა, რომლის გარეშეც ცხონება შეუძლებელია…

შვილებს რომ ჩხუბი მოუვიდეთ ამა სოფლის ძლიერსა და ცნობილ ხალხთან, მშობელნი ამ შემთხვევაშიც კი ვერ მიეხმარებიან მათ. არა და მღვდელთ ბევრი მორწმუნე წარჩინებულებთან და მეფეებთან კი არა, მათზე განრისხებულ ღმერთთანაც კი შეურიგებიათ.

რუსულიდან შემოკლებით  თარგმნა გიორგი მარიამიძემ

One Response to “წმიდა იოანე ოქროპირი”

  1. levan Says:

    ამ “ფაქტის” შემდეგ საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას (მწვალებლებთან თანალოცვის დაუშვებლობის შესახებ) რატომ არ აქვეყნებთ “ზილოტებო”?!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: