მღვდ. გ. აროშვილი – სიტყვა აღდგომაზე

 

ღვთისა და მაცხოვრის უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

ადამიანის თავისუფლების პრობლემა შეუძლებელია გადაწყდეს ადამიანის გონებით. იგი გადაწყვეტას ღებულობს მხოლოდ სულის ქრისტიანულ მისწრაფებებში, ღმერთკაცობრივ სათნოებათა: რწმენის, ლოცვის, თავმდაბლობის, სიყვარულის, მარხვის, მოწყალების, თანაგრძნობისა და თანალმობის საშუალებით. ადამიანი აცნობიერებს და გრძნობს, რომ სრულყოფილი თავისუფლება საკუთარი დაცემული ბუნებისაგან, საკუთარი ეგოიზმისაგან, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენისაგან, მანკიერი ჩვევებისაგან განთავისუფლებაა. თავისუფლება ნებაყოფლობითი მორჩილებაა ღმერთკაცისა, რაც ნიშნავს მასთან მეგობრობას, საკუთარი საქმეების, სიტყვების, აზრების მასთან შეთანხმებას, მისთვის გაზიარებას, ანუ ურთიერთობას ყველასთან (განურჩევლად იმისა, მორწმუნეა თუ ურწმუნო, რომელი რელიგიის მიმდევარია, მტერია თუ მოყვარე) ისე, როგორც ქრისტე მოიქცეოდა მათთან. ღმერთთან მეგობრობა მისი ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიყვარულის, უკვდავების, მარადიულობის მორჩილება და მიბაძვაა. თავისუფლება არ არის მოთხოვნილებათა სასწრაფო დაკმაყოფილება, პირიქით, ეს ხშირად მონობისა და თვითმკვლელობის (სულიერი) საწინდარია. თავისუფლება – ადამიანისთვის ბოძებული საღმრთო ნიჭია, რომელიც ღვთაებრივ სრულყოფილებებში ნებაყოფლობითი მონაწილეობისთვის აქვს მინიჭებული ადამიანს.

ღმერთკაცი იესო ქრისტე ერთადერთი ლოგიკურად მისაღები (ფილოსოფიური) გამართლებაა ღმერთის. ის არის სრული თეოდიცია ადამიანური აზროვნების სამყაროში. ყოველგვარი ფილოსოფიური თეოდიცია იმსხვრევა და ინგრევა ამ მიმართულებით. ღვთის გამართლება შესაძლებელია ლოგიკური და ემპირიული არგუმენტებით. უფრო მეტიც, ტრანსცენდენტური ღმერთის გამართლება არც არის საჭირო, იგი ამას არ იმსახურებს. ღმერთი, რომელიც ადამიანი არ ყოფილა, არ განკაცებულა, არანაირ უფლებას არ იმსახურებს იყოს გატანჯული კაცობრიობის ღმერთი. მხოლოდ ის ღმერთი, რომელიც იყო ადამიანში, იცხოვრა ადამიანური ცხოვრებით, გადაიტანა ყველა მწუხარება, დაითმინა ყველა ტანჯვა, დაამარცხა სიკვდილი, საზრისი მისცა სამყაროსა და ადამიანს და ამასთან ერთად თავისი ღვთაებრივი თვისებების ნატამალიც კი არ დაუკარგავს, მხოლოდ ასეთ ღმერთს შეუძლია გაამართლოს თავისი არსებობა მრავალტანჯული კაცობრიობის თვალში, იმაში, რომ მან შექმნა ეს სამყარო და ადამიანი კი მასში. ასეთი ღმერთი მხოლოდ ქრისტეა. მან თავისი ადამიანობით (განკაცებით) გაამართლა ღმერთი და თავისი ღვთაებრიობით გაამართლა ადამიანი. გამომდინარე იქიდან, თუ რას აძლევს ქრისტე ადამიანს და მთელ კაცობრიობას, იგი შეუცვლელია ჩვენი არსებობისათვის. მას ერთს შეაქვს აზრი ჩვენს ცხოვრებაში, ანიჭებს მას ღვთაებრივ ღირებულებას. რადგანაც თუკი მან იცხოვრა ამ პლანეტაზე, ესე იგი  ღირს ცხოვრება მასზე. ადამიანი, რომელიც განიცდის ცხოვრების საშინელ ტრაგედიას, ან ქრისტეს უნდა შეუდგეს, ანდა თვითმკვლელობით (სულიერი) დაამთავროს სიცოცხლე, მესამე გზა არ არსებობს.

ქრისტეანობა მოწოდებაა სიკვდილთან ბრძოლისა, მოწოდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,  საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლაა სიკვდილზე. ყოველი ცოდვა უკან დახევაა ამ ფრონტზე, ყოველი ვნება – გაქცევაა ბრძოლის ველიდან, ყოველი მანკიერება – დამარცხებაა. რომ არა ქრისტეს მკვდრეთით აგდგომა, ამ ბრძოლაში ადამიანს არანაირი შანსი არ ექნებოდა გამარჯვების. თუკი ქრისტეს აღდგომა არ ყოფილა, მაშინ რა აზრი აქვს რწმენას მისდამი? არასოდეს ვირწმუნებდი ქრისტეს, რომ არა მისი აღდგომა და გამარჯვება სიკვდილზე. ქრისტეს აღდგომის გარეშე ეს სამყარო მხოლოდ უაზრობათა ხმაურიანი გამოფენაა. მხოლოდ თავისი დიდებული აღდგომით განგვანთავისუფლა უფალმა უაზრობისა და სასოწარკვეთისაგან, რადგანაც არ არსებობს უფრო მეტი უაზრობა ამ ცისქვეშეთში, ვიდრე კაცობრიობა აღდგომის გარეშე, და უფრო მეტი სასოწარკვეთილება, ვიდრე ეს ცხოვრება უკვდავების გარეშე. ადამიანებმა ღმერთს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, ხოლო თავის მკვდრეთით აღდგომით კი ქრისტემ კაცობრიობას უკვდავების განაჩენი გამოუტანა.

ქრისტე აღსდგა! – ჭეშარიტად აღსდგა!

მამა გელასი (აროშვილი)
(არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩის ესეთა
მიხედვით)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: