წმიდა დიმიტრი როსტოველი – წარღვნის წინ

„ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან“ (2 პეტრე 3, 12)

წმიდა დიმიტრი როსტოველი 

ჩვენ ვიცით წმიდა წერილიდან, იმის შესახებ, რომ წარღვნის წინ ცოდვილთა მხიარულება და ლხინი როგორ შეიცვალა მწარე ცრემლითა და საშინელი დაღუპვის სასტიკი შიშითა და ძრწოლვით, ხოლო უღვთოობით დატანჯული მართალი ნოეს მწუხარება კი შეიცვალა სიხარულით, რადგანაც ღვთის მფარველობით მას საშინელი მსოფლიო წარღვნის სასჯელი ასცდა და კიდობანში შეყვანილებთან ერთად უვნებლად მიაღწია ხმელეთამდე.

ნოეს დროინდელი მსოფლიო წარღვნა წინა სახეა მომავალი უფლის საშინელი სამჯავროსი, რაზედაც თავად ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი წმიდა წერილიდან ასე გვაუწყებს: „ ვინაიდან როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა“ (მათე 24, 37; ლუკა 17, 27).

ჭეშმარიტად, ნოეს დროინდელი წარღვნა სასტიკ სანახაობას წარმოადგენდა: აბობოქრებული წყლები მოედინებოდნენ და სწრაფად იკავებდნენ ნასახლარებს, ქალაქებს, ყველაზე უმაღლეს შენობებს, მიიწევდნენ მთებისა და ტყეების სიმაღლეებისკენ. გულგახეთქილი ხალხი მასიურად აქეთ-იქით გარბოდა, ტოვებდა ნადიმებს, საქორწინო სუფრებს, შეძრწუნებული ადამიანები შიშით გათეთრებულნი აწყდებოდნენ აქეთ-იქით და ეძებდნენ თავშესაფარებს, მაგრამ ყველა თავშესაფარს ულმობელი მდევარი – წყალი იკავებდა;

ნეფე-პატარძალი გარბოდა და ერთმანეთს შორდებოდა; უბედური დედები გოდებით  და აბღავლებული შვილებით  გაურბოდნენ მდევნელ სტიქიას და ვერსად ვეღარ პოულობდნენ თავშესაფარს; ზოგი მაღალ კოშკებზე არბოდა, ზოგი ხეებზე მიბობღავდა, ზოგი მაღალი ბორცვებისა და მთის მწვერვალებისკენ გარბოდა, მაგრამ ფუჭი და ამაო იყო ყველაფერი, რადგან წყლის სტიქია ნელ-ნელა მაღლა და მაღლა მიიწევდა და ფარავდა ყველას და ყველაფერს.

შეუძლებელი იყო სადმე დამალვოდნენ მძვინვარე სტიქიას, რადგან წყალი ყველა კუთხე-კუნჭულს, ყველა ბორცვს, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს იკავებდა. ყველა ტყეზე, ყველა მთაზე ნელ-ნელა მაღლდებოდა და ცისკენ მიიწევდა. ყველგან შიში და ძრწოლა სუფევდა და სიკვდილი დევნიდა ყველა ცოცხალს და წყალი ფარავდა მათ შიშ ჩამდგარ,  გაფითრებულ, შეძრწუნებულ სახეებს და ადუმებდა მათ საოწარკვეთილ ყვირილასა და მოთქმა-გოდებას.

ჰოი, როგორ მწარედ ნანობდნენ მაშინ ადამიანები, რომ არაფერი დაუჯერეს ნოეს, ყურად არ იღეს მისი წინასწარმეტყველური გაფრთხილება მოსალოდნელი საყოველთაო ღვთის სასჯელის შესახებ; ნოე უქადაგებდა მათ მოსალოდნელ წარღვნაზე, ისინი კი აბუჩად იგდებდნენ და ბილწად დასცინოდნენ მასაც და მის ღმერთსაც.

ხოლო, ახლა_ კი წარღვნით დევნილნი შეჰღაღადებდნენ ზეცას: „ჰოი, ნოე, რა მართალი გამოდექი, როდესაც გვაფრთხილებდი ამ საშინელი ჟამის შესახებ! ჰოი, ნოე, რა ბრძენი გამოდექი, რომ თავი კიდობანით გადაირჩინე! ჰოი, რა უბედურნი ვართ ახლა, რომ არ შევისმინეთ შენი წინასწარმეტყველება! ჰოი, ვიღუპებით და არსად არ არის ხსნა! ნეტავ შეიძლებოდეს, ჰოი, ნოე, შენს კიდობანში თავშესაფრის პოვნა, მაგრამ ახლა გვიანღაა! ვაი, ჩვენ წარწყმედილებს, ვაი, ჩვენ უბედურებს!“

ასე შემაძრწუნებელი მოთქმა-გოდებით გაურბოდა ხალხი ყველა მხრიდან მდევნელ სიკვდილის წყლის სტიქიას; ერთმანეთს წინ უსწრებდნენ და ისე გარბოდნენ სიმაღლეებისკენ! ნელ-ნელა მჭიდროვდებოდნენ ერთმანეთთან და ძლიერნი საკუთარი თვალით ხედავდნენ სირბილით დაქანცულსა და უკან ჩამორჩენილ სხვა სუსტ ადამიანებს, საკუთარი თვალით ხედავდნენ მათ საშინელ დაღუპვას; ხედავდნენ თუ როგორ ფარავდა ზევით და ზევით ამაღლებული წყალი მათ შიშჩამდგარ თვალებს და გაფითრებულ სახეებს და მღელვარე სტიქია შთანთქავდა ყველაფერს.

ხოლო, ჰოი, რა საშინელი სურათი გადაიშალა მაღალ მთებზე და კლდეებზე მდგომარე ადამიანთა წინაშე! რა დიდმა შიშმა და მუხლისმომკვეთელმა ძრწოლამ დაისადგურა მათ გულებში, როცა ხედავდნენ როგორ ითრევდა საკუთარ მორევში წყალი ყველაფერს: ხალხს, ცხოველებს,  ზათქით ანგევდა ქალაქებს და კოშკებს და მიიწევდა მაღლა და მაღლა მათკენაც…

ამიტომ, გონს მოდი, ადამიანო, და დაფიქრდი, რა გელოდება შენც, და ჩაუღრმავდი იმას, თუ რა დიდი ბოროტებაა ცოდვა, რომელმაც ასეთი საშინელი წარღვნა დაატეხა წარსულში მთელს დედამიწას. ხოლო თუ ასეთი საშინელი იყო წყლით წარღვნა, მაშინ წარმოიდგინე რანაირიღა იქნება ცეცხლოვანი წარღვნა, რომელიც წინ გველოდება უფლის მეორედ მოსვლის ჟამს?!

როგორც დღეს, თქვენ არ იჯერებთ, ადამიანებო, წმიდა წერილის წინასწარმეტყველებას მომავალ სამსჯავროზე, ისევე, წარღვნის წინ, თქვენნაირ ურწმუნოთ არ სჯეროდათ ნოეს გაფრთხილებისა მოსალოდნელ ღვთის სასჯელზე; და მოულოდნელად თავს დატყდათ წარღვნა, როდესაც არ ელოდნენ, და იმ საშინელებიდან თავი ვეღარ დააღწიეს.

დაფიქრდი, ადამიანო, წარღვნაზე რა გაცილებით შიშისმომგვრელი იქნება ღმერთი, როდესაც სამსჯავროზე წარმოსდგება მთელი თავისი ზეციური ძალებით! მაშინ, უფალი რისხვით აღვსილი იქნება და ისე წარსდგება ჩვენს წინაშე, ხოლო დღეს, ჯერ კიდევ  ელოდება ჩვენს სინანულს და ამიტომ არის მოწყალე ჩვენდამი. ჯერ კიდევ ითმენს ჩვენთვის შეუცნობელი ღვთაებრივი მოთმინებით ყველაფერს, ხოლო სამჯავროზე მთელი რისხვით აღასრულებს უსჯულოთა მისაგებელს.

როგორც წარღვნისას იყო ხალხი ქანცგაწყვეტილი, შეძრწუნებული და სასტიკი უბედურებით შევიწროებული, უფლის სამჯავროზე, შენც, მათსავით ყველა მხრიდან იქნები შევიწროებული: დაინახავ მრისხანე მსაჯულს ზეციურ სიმაღლეზე დაბრძანებულს, ვისი ერთი შეხედვითაც დაფრთხება ცა და დედამიწა, შენს ქვემოთ დაინახავ შენს ჩასანთქმელად გამზადებულ აბობოქრებულ ცეცხლის გეჰენიის უფსკრულს;

ცალი მხრიდან ყველას თვალწინ გაშიშვლებული შენი ცოდვები წარსდგებიან შენს მამხილებლად, მეორე მხრიდან  საზარელი ურჩხული დემონები, რომლის მგავსი საშინელებაც არაფერი გინახავს მიწაზე ცხოვრებისას; მათი ერთი შეხედვაც კი გულს გაგიხეთქავს და ყველანაირ ტაჯვაზე უფრო მეტად შეგაძრწუნებს; ამ ყველაფრით შევიწროებულ შენს არსებაში ძრწოლა, გამოუთქმელი შიში და სინდისის ქეჯნა დაისადგურებს; შენს შიგნით მტანჯველი ცეცხლი აგიზგიზდება და შენი გარშემომცველი სამყაროც ცეცლში იქნება გახვეული: „ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან“ (2 პეტრე 3, 12)

სად გაიქცევი? და მაშინ, რა გეშველება? უკვე აღარაფერი გეშველება, შენ, საბრალო საბრალო ცოდვილო, რადგან გარემოგიცავს მძვინვარე უბედურება და გამოუთქმელი ძრწოლვა, და სად უნდა გაექცე შიშის ამ ელდას? მაშინ ვეღარსად დაიმალები, რადგან შეუძლებელი იქნება დამალვა და აუტანელი იქნება შენთვის ღვთის რისხვის ხილვა.

შემეკითხები: „ვინ წარსდგება მოწმედ ჩემს წინააღმდეგ?“ გპასუხობ: „ამ სამყაროში არსებული ყველა სტიქია, რადგან როდესაც შემოქმედი განრისხებულია, ყველა მისი შემოქმედება შურს იძიებს მასზე, ვინც კი ღმერთი განარისხა.

პირველი ქვეყნიერების დაღუპვისას, როდესაც ნოემ წარღვნის წყლების დაკლება შეიტყო,  კიდობნიდან ჯერ ყვავი გააფრინა, შემდეგ მტრედი. ყვავი უკან აღარ დაბრუნდა, მტრედი კი უკან მოფრინდა. ყვავი წინა სახეა  ცოდვილი ადამიანის, რომელიც არ ნანობს თავის ცოდვებს და არ უბრუნდება კიდობანს, ხსნას, თავის პატრონს ნოეს, ანუ მხსნელს.

მტრედი კი წინასახეა მართალი ადამიანის, რომელიც მტრის ხაფანგით შეიძლება მრავალგზის ჩავარდეს ცოდვაში და თუ ოდესმე განეშორება კიდობანს (ხსნას) უეჭველად მალევე აღსდგება და მტრედივით დაუბრუნდება თავის მხსნელს ნოეს;

და, ისე, როგორც კიდობანზე დაბრუნებულ მტრედს ჰქონდა ნისკარტში ზეთისხილის რტო, ასევე მართლის გულწრფელი სინანული და ღვთისადმი აღვლენილი ცრემლიანი ლოცვა მის ბაგეებზე მსგავსია იმ ზეთისხილის რტოსი: „ცოდვაი, ჩემი გაუწყე, შენ, უფალო ღმერთო ჩემო, და უსჯულოებაი ჩემი, არა დავფარე შენგან და შენ მომიტევე უღვთოებაი, გულისა ჩემისაი“ (ფსალმ.31, 5)

ყვავი ცოდვილი ადამიანის მსგავსია, რომელიც იკვებება გახრწნილი მძორით, რადგან ცოდვილ ადამიანსაც, სწორედ ასევე უყვარს სულის კვება განმხრწნელი ბილწი ცოდვებით. ეს ცოდვები ისევე საშინლად ყარს, როგორც გახრწნილი ლეში. მტრედი კი სახეა მართალი სათნო ადამიანისა, რომელსაც სძულს ღვთის შეურაცმხყოფელი ბოროტი საქმეები და ცდილობს მიჰბაძოს და იცხოვროს ღვთის წმინდანთა მსგავსად;

როგორც ნოეს მტრედი უვლიდა გარშემო ზეთისხილის ხეს, და მოიპოვა მისი ნაყოფი, ისე მართალი ადამიანი, მსგავსად ნოეს მტრედისა, მოიპოვებს „ზეთისხილის ნაყოფის“ _სულიერ სარგებელს. ნოე – ქრისტეს სახეა, კიდობანი – ქრისტეს ეკლესიაა, წარღვნა კი – დევნაა (დაღუპვა).

ვერ ჩაძირა წარღვნამ ნოეს კიდობანი, და მტრის დამღუპველი დევნილობაც ვერასოდეს მოერევა ღვთის ჭეშმარიტ ეკლესიას, რადგან: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“ 

ნოეს კიდობანში იმყოფებოდნენ მისი შვილები და ცხოველებიც, როგორც ქრისტეს ეკლესიაში ერთად არიან კეთილი და ბოროტი ქრისტიანები, ე. ი. ღვთისკენ მიდრეკილი მართალნი და ბოროტებისკენ მიდრეკილი ცოდვილნი.

ყვავები ერეტიკოსები არიან, ქრისტეს ეკლესიის კიდობნიდან გაფრენილნი, სამუდამოდ განშორებულნი ხსნას და უკან მოუბრუნებელნი;

მტრედი  სულიწმიდა უფლის სახეა, ხოლო ზეთისხილის რტო მის ნისკარტში – ეს უფლის წყალობაა, ნოეს დროინდელი წარღვნის დასასრული, წინასახეა ბოლო ჟამისა  – ამა სოფლის მოახლოებული აღსასრულისა.

და ბოლოს: კიდობანი ადამიანის სახეც არის: ნოე, ადამიანის სულია; წარღვნა, ადამიანის შინაგანი სამყაროა სიბოროტეში არსებული და აღსავსე მრავალი ცდუნებებით; უენო ცხოველები კიდობანში – ეს ადამიანის არსების შიგნით არსებული სულიერი და ხორციელი ვნებებია; ლეშის მჭამელი ყვავები – ბოროტი ზრახვებია; მოღუღუნე მტრედი – ადამიანის სინდისია; ზეთისხილის რტო – გონებაა, რომელიც განაგებს ყველაფერს და ვნებებს ამშვიდებს…

ადამიანს ჰგონია, რომ ლხინის, დროსტარების, სიმდიდრის მოსაპოვებლად და ათასგვარი ტკბობისთვის მოევლინა ამ ქვეყანას და ისე ატარებს გამოსაცდელ ვადას, არ ეძიებს და სამწუხაროდ არც უნდა გაიგოს, რომ იგი ღმერთმა დედამიწაზე  მხოლოდ ერთადერთი მიზნით მოავლინა: იცხოვროს იმისთვის, რომ ღვთის სამსჯავროზე წარსადგომად მოემზადოს, მას ეს მცირე ვადა მიცემული აქვს, იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი ხსნასა და დაღუპვას შორის, ანუ ღმერთსა და ეშმაკს შორის.

ღმერთამდე მისასვლელი გზა, ეს ხსნის კიდობანი – მართლმადიდებლობაა, ხოლო წარღვნა, გეჰენიაა – მარადიული სატანჯველია.

რუსულიდან თარგმნა გიორგი მარიამიძემ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: