მამა გ. სხილაძის ორი მიმართვა ოპოზიციას

 

გაერთიანებული ოპოზიციის თავკაცებს

   ბატონებო, ძმანო!
   ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ახლანდელი ქმედება, რაც გამოიხატება საქ. მოქმედი (დე ფაქტო) ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობაში, ნაკარნახებია სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულითა დ იმ დანაშაულისა და ცოდვის გულწრფელი გამოსყიდვის მოვალეობით, რაც თქვენგან უმრავლესობას უფლისა და ერის წინაშე მიუძღვის ჯერ წინამორბედ და შემდეგ, ახლანდელ უკანონო ხელისუფლებათა მოყვანასა თუ მათი ბატონობის განმტკიცებაში. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ, გთხოვთ, ღრმად დაფიქრდეთ, დღეს არის თუ არა გამოსავალი თქვენს მიერ დაგეგმილი ქმედებანი ანუ კიდევ ერთი პარლამენტის შექმნა? სინამდვილეში, შედეგად მივიღებთ სამ სადეპუტატო ორგანოს: ერთ კანონიერს — 1990-91წწ.. უზენაეს საბჭოსა და ორ უკანონოს — დღეს მოქმედ და თქვენს მიერ შეკრებილ „პარლამენტებს“. ადვილად შესაძლებელია, ეს კიდევ უფრო დამღუპველი აღმოჩნდეს ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიც ჩვენია. რაც შეეხება თქვენს მიერ განზრახულ, მართალია, უსისხლო, მაგრამ მაინც ძალადობრივ წინააღმდეგობას და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლას, ეს იქნება დროებითი შედეგი, რასაც, ალბათ, ადრე თუ გვიან მოჰყვება უკვე თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისაგან განხორციელებული იგივე ქმედებანი და ასეთ უწესრიგობასა და გადატრიალება-გადმოტრიალებებში დაიქსაქსება და ფიზიკურად გაიხიზნება თუ მოისპობა ჩვენი ერი. 
   ამისათვის, გთავაზობთ ერთადერთ გამოსავალს: გთხოვთ, გამოიჩინოთ საღი აზროვნება და მაღალი პოლიტიკური კულტურა და ხელი შეუწყოთ კონსტიტუციური (დე იურე) ხელისუფლების — აღნიშნული უზენაესი საბჭოსა და კანონიერი პრემიერ-მინისტრის შეკრებას, რათა მათ დაუყონებლივ დანიშნონ ნამდვილი საპარლამენტო არჩევნები, რომ ამით საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ხელისუფლების ძალადობრივი (სისხლიანი თუ უსისხლო) ცვლა, რგორც უმაღლესი სამოქალაქო დანაშაული და სარწმუნოებრივად მძიმე ცოდვა.
   ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზადა ვართ, ამ დიდ ეროვნულ საქმეში გვერდით დაგიდგეთ.

                                          მღვდელი გიორგი სხილაძე _
                                     ყ-დ წმ. ღვთისმშობლის იბერიის ხატის           
                                     მირონმდინარე ასლის (მონრეალის) სახ.
                                        ქართული სამრევლოს წინაძღვარი _
                                      საფრანგეთი, ლევილი, 2008წ. 29 მაისი

 

 


 იხ.  2007წ. 2 ნოემბრის მიმართვაც

მიმართვა 2007წ. 2 ნოემბრის შეკრების მონაწილეებს

ბატონებო და ქალბატონებო, დანო და ძმანო!

ილიასებრ რომ ვთქვათ, უცხოეთიდან კვლავ გაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა…
  
   უფლის წინაშე მოვალეობის გრძნობითა და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით მოკრძალებულად მოგმართავთ:

   1992წ. განხორციელებულმა სისხლიანმა სამხედრო გადატრიალებამ და ეროვნული ხელისუფლების განდევნამ საქართველოში სათავე დაუდო ძმათაკვლას, უკანონობას, არეულობასა და განუკითხაობას, რაც არის, ძირითადად, მიწიური მიზეზი ჩვენს ერში განვითარებული უბედურებებისა დღემდე. გამოსწორების ნაცვლად ერთ უკანონობას მოჰყვა მეორე, კერძოდ, 1992წ. ე. წ. „იმედის არჩევნები“; მერე მესამე, 1995 წლის და ასევე, 1999-2000 წლების არჩევნების სახით და ბოლოს, 2003წ. ე. წ. ,,ვარდების რევოლუცია“ ანუ ორმაგი გადატრიალება თავისი არჩევნებით…
   ამ უკანონობას ძირეულად შეაჩერებს 1990-91 წწ.. ის კონსტიტუციურად არჩეული და დღემდე „დე-იურედ“ მოქმედი ხელისუფლების აღდგენა და მის მიერ დაუყონებლივ დანიშვნა ახალი, ლეგიტიმური და თავისუფალი არჩევნებისა, რომლის შედეგადაც ხელისუფლების სათავეში უნდა მოვიყვანოთ არა ე. წ. ნაციონალური, არამედ ჭეშმარიტად ეროვნული, პატიოსანი და სამართლიანი მთავრობა, ვისი მოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება უფლისა და მოყვასის სიყვარული და არა მომხვეჭელობა და ამა სოფლის სიამენი.
   თუ ეს არ მოხდა, დაულაგებლობასა და ერთი ხელისუფლების მეორეთი ჩამოგდებას ბოლო არ მოეღება, რაც, საქვეყნო სირცხვილს რომ თავი დავანებოთ, გამოიწვევს ქართველი ერისა და საქართველოს გადაშენებასა და მსოფლიო რუქიდან ამოშლას.
   ვიმყოფებით რა ღვთის, ისტორიის, ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე უაღრესად საპასუხისმგებლო და შესაძლოა, გადამწყვეტ მდგომარეობაში, მოვიკრიბოთ სულიერი ძალა, დავდგეთ ჩვენს თავზე მაღლა, დავივიწყოთ წარსული წყენანი და ყველანი გავერთიანდეთ არა „მსოფლიოს ახალი წესრიგის“ (სინამდვილეში, უწესრიგობის), არამედ საღვთო წესრიგის სულისკვეთებით, რაც გამოვხატოთ არა ერთ უკანონობაზე სხვა უკანონობის მიმატებით, არამედ ეროვნული და სახელმწიფოებრივ-კონსტიტუციური აზროვნებით.
   თუ უფალმა ინება, თქვენც ისურვეთ და ბოლოსდაბოლოს, ახლა მაინც მოხდეს ლეგიტიმურობის წყვეტის აღდგენა, _
             „კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდან თქვენ ჩემი სული 
             და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქვასა გული“ (ილია).
   დიდება ღმერთს!!
   გაუმარჯოს საქართველოს!

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: