მღვდ. გიორგი სხილაძე ამხელს

ინტერვიუ მამა გიორგისთან (სხილაძე)

(მე-3-ე ინტერვიუს გაგარძელება)

კითხვა: გთხოვთ , წარმოგვიდგინოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს აღმსარებლობა და შეეფერება თუ არა სინამდვილეს საეკლესიო მოღვაწეთა გაფრთხილებები ამ ზესახელმწიფოს მიერ აქტიურ გლობალიზაციურ პროცესთა ხელმძღვანელობა სა და ანტიქრისტეს გამეფების გეგმის აღსრულებაზე; ასევე, გთხოვთ, რუსეთის სახელმწიფოს ისტორიული აღმსარებლობა წარმოგვიდგინოთ და ამ ორ ზესახელმწიფოსთან მიმართებაში, „სახარებიდან" ანუ ღვთიური სწავლებიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს საქართველოს, როგორც მართლმადიდებელი აღმსარებლობის მქონე ქვეყანას, რათა შეინარჩუნოს სულიერი ხსნა ანუ მართლმადიდებლობა; და განგვიმარტეთ, თუ შეიძლება, რას გულისხმობდა წმიდა ფილარეტ მოსკოველი, როდესაც ბრძანა : „გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას და გძაგდეს მტერი უფლისა "?

პასუხი: როგორც საღვთო წერილი გვეუბნება, სულს ხორცის საწინააღმდეგო სურს, ხოლო ხორცს — სულის. აქედან გამომდინარე, რადგან შექმნის დღიდანვე ა.შ.შ-მა და საერთოდ, დასავლეთმა უპირატეს მიზნად დაისახა არა სულიერი, არამედ ხორციელ-მიწიერი განვითარება, შესაბამისად, რამდენჯერაც ამ მხრივ მოწინავე გახდა, იმდენჯერ ჩამორჩა სულიერებასა და ზნეობას იმ დონემდე, რომ მაგ., შეერთებულ შტატებში ე. წ. „სატანისტური ეკლესია" ხელისუფლების მიერ აღნუსხული (რეგისტრირებული) არის, როგორც რელიგიური ორგანიზაცია და ხელი არაფერში ეშლება… — აი, დემოკრატიის არასწორი გაგების მაგალითი. ამ ქვეყნის ძირითად აღმსარებლობას წარმოადგენს პროტესტანტობა ანუ რელიგია სამოციქულო ეკლესიისა და მადლის გარეშე, რომელიც უარყოფს სამღვდლო ხელდასხმას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდანების, მიცვალებულების პატივისცემას (საკურთხს), ქრისტეს მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო წმ. კრებათა განჩინებებს, ნეთელმირონობას, სულიერ და ხორციელ ნათესავთა შორის აღურევლობას და ა. შ. ა.შ.შ-ს, უკვე, დაუფარავად სურს მსოფლიო ბატონობა, რასაც უფლის დაშვებით ახორციელებს კიდეც. ამის ლოგიკური დასასრული იქნება საყოველთაო ძალაუფლების თავმოყრა ერთის ხელში და ეს ერთი იქნება, სწორედ, ანტიქრისტე, რომელიც იერუსალიმში დაიდგამს თავის ბინძურ ტახტს ანუ როგორც მაცხოვარი გვაფრთხილებს, ღმერთის ტაძარში დაჯდება და თავის თავს ღმერთად გამოაცხადებს.

თქვენს მიერ დასმულ კითხვაში უკვე იგრძნობა ქვეტექსტური პასუხი, რა დამოკიდებულებაც უნდა გააჩნდეს საქართველოს ა.შ.შ-თან და რუსეთთან, რომელიც, ისტორიულადაც და დღევანდელობაშიც, ძირითადად, მართალია, არის მართლმადიდებლური ქვეყანა, მაგრამ მისი ოფიციალური ეკლესია და შესაბამისად, ხალხიც, სამწუხაროდ, შორსაა მოციქულებრივი და წმიდამამათამიერი რწმენისაგან; თუმცა, ცხადია, რომ პროტესტანტობასთან შედარებით უფრო მოკლე გზა აქვს გასავლელი ჭეშმარიტებამდე და ზნეობრივ სიწმინდემდე მისასვლელად, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ამას მოინდომებენ, რაშიც ეჭვი გვეპარება, რადგან უკვე კარგა ხანია, აპოკალიფსური დროა და როგორც ძველები ამბობდნენ, „უარ და უარ წუთისოფელი" ანუ უარესად და უარესად წავა ქვეყნიერების საქმე…

რაც შეეხება ამ ორ ქვეყანასთან (და სხვა ქვეყნებთან) ჩვენს დამოკიდებულებას, საერთოდ, „სახარების" ანუ ღვთიური სწავლების კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, ჩვენ თვითონ ყველას მოყვასნი უნდა ვიყოთ, თუმცა, ყველა ჩვენი მოყვასი, სამწუხაროდ, არ იქნება. საკითხი რომ გავამარტივოთ და პოლიტიკურ ჭრილში გადავწყვიტოთ, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი სახლის კარის მეზობელი არის მართლმადიდებელი რუსი და შორეული მეზობელი — პროტესტანტი ამერიკელი. თუ ჩვენს მართლმადიდებელ მეზობელს სურს, თავის ენაზე გვალოცოს, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია; თუმცა, ერეტიკოსმა მეზობელმა ჩვენს ენაზეც რომ ილოცოს, მასთან ლოცვის უფლება ღვთის წინაშე არა გვაქვს. რუსეთის იმპერია რომ თავის ხორციელ (ლინგვისტურ) ენას თავს გვახვევდა და გვარუსებდა, ამიტომ მოგვინდა მისგან განთავისუფლება. ხოლო ამერიკის იმპერია რომ თავის სულიერ ენას გვახვევს თავზე, რამდენადაც სული აღემატება ხორცს, ეს უარესი არ არის? — ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, ამაზეა ნათქვამი. გამოსავალი? — სულიერ-ზნეობრივ-ეროვნული დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

კითხვის მეორე ნაწილში თქვენს მიერ მოხმობილი სიტყვებით წმინდანი ხაზს უსვამს იმას, რომ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში პირადი და უფლის მტერი. პირადი მტრის სიყვარული სათნოებაა, ხოლო უფლის მტრისა — ცოდვა. აქვე დავსძენთ, რომ უფლის მტერი მარტო მისი აშკარა მოწინააღმდეგე როდია; ჩამოყალიბებულ ერეტიკოსობას (ძველქართულად — მწვალებლობას) ეკლესია ბოროტმადიდებლობას ანუ სულიწმინდა-ღმერთის მტრობას უწოდებს.

კითხვა: მამაო გიორგი, ჩვენ გავესაუბრეთ ერისკაცთ როგორც პარლამენტში, ისე მას-მედიაში და თითქმის ყველას ასეთი აზრი გააჩნია, რომ ერესში ჩავარდნილი სამღვდელო დასის მხილების უფლება, თითქოსდა, საერო პირს არ გააჩნია! 

გთხოვთ, თქვენ, მღვდელმა, მოასხენოთ მათ, წმიდა ეკლესიის სწავლების მიხედვით არის თუ არა სწორი მათ მიერ ამ საკითხზე მოწოდებული, აი, ეს მოსაზრება: „ჩვენ ვფიქრობთ, საერო პირი ვერ განსჯის სასულიეროს, ყოველ შემთხვევაში, საეკლესიო საკითხებში. ამ საკითხზე დისკუსია აუცილებელია, მაგრამ პირველ რიგში, თავად სასულიერო პირების მონაწილეობით"?

პასუხი: „სჯულისკანონში” ნათქვამია, რომ სასულიერო პირზე მხოლოდ სარწმუნოებრივ საკითხებში ბრალდება არ მიიღება ერეტიკოსისაგან, რადგან იგულისხმება, რომ მწვალებელმა თვითონ არ იცის რწმენის საკითხები სწორად და როგორ გაარჩევს, ამაში ვინ ცდება და ვინ არა (ასევე, ერეტიკოსები ეკლესიაში არევ-დარევის შეტანისა და მისი ლაფში ამოსვრის მიზნით ხშირად მიმართავდნენ ცილისწამებას)?! სასულიერო პირი ხომ სულიერი ექიმია და მოვიყვანოთ მარტივი შედარება: ვინც მედიცინაში ვერ ერკვევა, ის როგორ მიხვდება, ექიმი სწორად მკურნალობს თუ არა?! ხოლო თუ ექიმს, ამ შემთხვევაში, უკვე, ცრუ ექიმს, ამხელს ის, ვინც მედიცინაში ერკვევა, ეს მისთვის არათუ ნებადართული, სავალდებულოც კია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ღვთის, ავადმყოფისა და მისიანების წინაშე მასზეც განაწილდება. ექიმის მხილება კი არასამედიცინო საკითხებში რატომ უნდა იყოს შეუძლებელი?! — ეს ნებისმიერს შეუძლია და ევალება კიდეც. მაგრამ ჩვენში, ძირითადად, უზნეო და ურწმუნო სასულიერო პირთაგან მიზანდასახულადაა გავრცელებული ცრუ აზრი, რომ სამღვდელო პირთა მხილება არათუ სარწმუნოებრივ, არამედ ხორციელ საქმეშიც კი არ შეიძლება. ამით ისინი საკუთარი უწმინდური კვალის დაფარვას ცდილობენ… წმინდა მამებმა კი ეს საკითხი, ბუნებრივია, განიხილეს და საეკლესიო სამართლის ძირითად კოდექსში შეიტანეს, კიდეც („თავი IX: ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…“; ქვეთავი 33: სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს”) და პასუხიც იქვე მიუთითეს, კერძოდ, წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი: „ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი (ანუ ნებისმიერი — ჩვ. შენიშვ.) ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს (ანუ ამხილოს — ჩვ. შენიშვ.), არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, — იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებულ იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი“ („დიდი სჯულისკანონი", თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, 1975წ. ძველქართულად; ახალქართულად — „საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1987წ.).

კითხვა: სრულიად მოულოდნელად, საქართველოს ერეტიკულმა საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველო მომავალში საპრეზიდენტო მმართველობიდან უნდა გადაკეთდეს კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოდ და მომავალი მონარქი ჩვილობიდანვე უნდა „გამოზარდოს" საქართველოს ეკლესიის სინოდმა. მომავალში თუ ასეთი გაკათოლიკებული და თანაც, წილკნისა და დუშეთის დღევანდელი „მთავარეპისკოპოს“ ზოსიმე შიოშვილივით მამათმავალი “ეპისკოპოსებით” ნებადართული სინოდი გვეყოლება, ასევე, მოლების ამბორისმყოფელი, წარმოდგენილი გვაქვს, რანაირ ღვთისმგმობელ მონარქს გამოგვიზრდიან! 

გთხოვთ, გვესაუბროთ, რამდენად რეალურია ეს განცხადება (მითუმეტეს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთსულოვნად მიიღო თავიანთი „უწმიდესის" ეს შეთავაზება)?

პასუხი: საოცარია, რომ საქართველოში მონარქიის უწმინდეს იდეას კლავენ სწორედ იმის მეშვეობით, ვინც ერს ეს იდეა სწორად უნდა განუმარტოს, როგორც მისმა სულიერმა მამამ. ნუთუ, კაცმა, რომელიც პატრიარქობამდე ავიდა, არ იცის ის, რომ მონარქია მონარქიაა მხოლოდ მაშინ, როცა მეფე სინამდვილეში მართავს ქვეყანას და არა მოჩვენებითად; რომ მსოფლიო მასონურმა ძალებმა, გადაწყვიტეს რა, ერებისთვის ღვთივცხებული მეფეები მოეშორებინათ (რათა შემდეგ თვითონ ემართათ ისინი), ამისთვის მოაწყვეს რევოლუციები და გადატრიალებები, უპირველესად, მართლმადიდებელ სამეფოებში და ამოჟლიტეს არა მარტო მეფეები, არამედ მათი მემკვიდრეებიც და ესეც არ იკმარეს — ეშმაკურად შემოიტანეს ე. წ. კონსტიტუციური მონარქიის ინსტიტუტი (რასაც ილია II ქადაგებს), როგორც დაცინვა (პაროდია) და გამასხარავება მეფობის იდეისა, რაც, თავის მხრივ, განასახიერებს ყოვლისმპყრობელი ღმერთის მეუფებას ამ ქვეყნად (ე. წ. აბსოლუტური მონარქია); რომ კონსტიტუციური მონარქი არის თოჯინა (ბუტაფორია) მათ ხელში, ვინც სინამდვილეში ფლობს ძალაუფლებას?! მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ასეთი მონარქიული ქვეყანა ჰგავს სახლს, სადაც მამა სიმბოლურად წარმოადგენს მამას, ხოლო ოჯახს მისი ურჩი შვილები მართავენ… ეს უნდა, კიდეც, ჩვენს ე. წ. ოპოზიციასაც, რომ როგორც იტყვიან, სახელი — სხვას, ხოლო სახრავი — მას და ამიტომ აიტაცა მაშინვე ეს მასონური იდეა.

ყველა ბეთჰოვენსა და არაბეთჰოვენს უყვარს თავისი ქრისტიან-გოტფრიდ ნეეფე; ჩვენც გვიყვარს ჩვენი სულიერი მოძღვრები. ჩემში დადებითს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს თუ ვინმეს ასე ჰგონია, ვფიქრობ, ეს დიდწილად დამსახურება უნდა იყოს ჩემი ყოფილი სულიერი მოძღვრების — ეპ. ქრისტეფორე წამალაიძისა და დეკ. არჩილ მინდიაშვილისა (რომლებსაც, ვალდებული ვიყავი, სარწმუნოებრივად დავშორებოდი არისტოტელესეული მტკივნეული განცდით: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება — უფრო ძვირფასი!”). მაგრამ მიუხედავად ამისა, გაოცებული დავრჩი ამ უკანასკნელის ამასწინანდელი იგივე შინაარსის განცხადებისგან, რომელიც მან თავისი პირველიერარქის ქადაგებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა „თავად-აზნაურთა საკრებულოს“ მიერ მიწვევისას. ვის, ვის და გვეგონა, მას, როგორც წიგნიერ კაცს, მაინც ჰქონდა გააზრებული სამეფო დაწესებულების (ინსტიტუტის) ჭეშმარიტი მნიშვნელობა… 

ყველასთვის ცნობილია, რომ ეკლესიაში არსებობს მეფედ კურთხევის წესი და განგება, რომელსაც უმაღლესი იერარქია აღასრულებს ერის თანდასწრებითა და თანხმობით. ამ დროს, სამეფოდ გამორჩეულ პიროვნებას (ძირითად შემთხვევაში, ტახტის მემკვიდრეს) წმ. მირონი ეცხება, როგორც ნათლისღებისას, რითაც უფალი მას მიჰმადლის ნიჭსა და უნარს ქვეყნის განსაგებლად და სამართავად. მონარქიის კონსტიტუციური წყობისას კი რა გამოდის? — ბერი და ერი უფალს თხოვს სამეფო მადლს, რომელსაც იღებენ მირონცხებით, მაგრამ მირონცხებულს ამ მადლის სრულყოფილად გამოყენების საშუალებას თვითვე აღარ აძლევენ (კაცს რომ პური სთხოვო, მოგცეს, მაგრამ აღარ ჭამო და დააობო, რას იფიქრებს შენზე?). განა ეს უფლისა და მეფის შეურაცხყოფა არაა?! — ღვთივცხებული მეფე სასახლეში თოჯინასავით ზის, ხოლო ვიღაც მასონი ქვეყანას განაგებს! იტყვის ვინმე: განა მეფეებს საპარლამენტო სახის საბჭოები არ ჰქონდათო (მაგ., წმ. მეფე თამარის დარბაზი — აქედანაა: დარბაზელი ანუ დარბაისელი)? — დიახ, მაგრამ ეს მათი ნება-სურვილითა და საჭიროებით ხდებოდა და არა იძულებით (ასე, პრეზიდენტებსაც ჰყავთ მრჩევლები). 

თქვენს კითხვას რომ ვუპასუხოთ, ეს შედარებით ადვილად განხორციელებადია, ვიდრე ჭეშმარიტი მონარქიის იდეა, რომლამდეც ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას ბევრი გზა აქვს ასავლელი…

აი, ჩვენი სონეტური პასუხიც:  
                                    
                                    მეფე თუ პრეზიდენტი?
  
                       ზოგიერთს ხალხი მიაჩნია ბრბოდა თუ მასად,
                       ზოგს კი სწამს ცნება: ,,ხმაი ღვთისა — ხმაი ერისა!“.
                       მე კი ამას ვტირ, მართლმორწმუნე ერების დასი
                       ცოდვათა გამო ცხებულ მეფეს რომ ვერ ეღირსა…

                       თუმცა, ,,მეფობა“ დაცემაა ხარისხით ოთხით*,
                       მაგრამ სულ სხვაა მაინც მეფის მადლი და კურთხი
                       და ძლიერების ძალა; მისი ტახტი და კვერთხი,
                       რადგან განგებამ საბოლოოდ მაინც აკურთხა.

                       ყველა რად ვერ გრძნობს მადლს ცხებული მეფის
                                              მანტიის?!  
                       — მაგრამ რამ უნდა გამაკვირვოს ამაზე მეტად?! _
                       ბოლოს იმასაც მოვესწარით, რომ ,,კომპარტიის
                       გენმდივანიც“ კი ,,გარდაიქმნა“, თვით, პრეზიდენტად.

                       პრეზიდენტებს რომ პატივი აქვთ მეფისტოლური,
                       იდეები და მოქმედება — „მეფისტოფლური“**.    
                                            
                                                                (1996წ.)
    ___________
   *სამეფო ხელისუფლების წარმოშობაზე იხ. „ძველი აღთქმიდან“: „I მეფეთა“, VIII თავი; ასევე, ნეტარი ავგუსტინეს თხზულება: „საღვთო ქალაქი“ (საღვთო მოქალაქეობაზე).                  
  **„მეფისტოფელი“ — ი. ვ. გოეთეს „ფაუსტის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელიც ბოროტ სულს, ეშმაკს („სატანა“, „ლუციფერი“, „დემონი“) განასახიერებს.

კითხვა: საქართველოს ეკუმენისტურმა საპატრიარქომ სვეტიცხოვლობას მიიღო ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" წევრი კონსტანტინეპოლისა და სხვადასხვა ქვეყნის ეკუმენისტურ ეკლესიათა უმაღლესი იერარქები; ეს მას შემდეგ, რაც სულ ახლახანს ბართლომეოს პირველმა სრული დემონური და დაუფარავი თაყვანისცემა განახორციელა პაპისტური ერესისადმი და მთელი საასულიერო დასით აღავლინა ლიტურღია კონსტანტინეპოლში რომის პაპთან და მის თანმხლებ ამალასთან ერთად. გთხოვთ, შეფასება მისცეთ სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ „დემონოლოგიას“. 

პასუხი: სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მართლაც, ამართლებს თქვენს მკაცრ შეფასებას. რად ღირს, თუნდაც, იმის გახსენება, რომ სხვა მრავალ მკრეხელობასთან ერთად, რაც მისი საქმიანობიდან, შეგვიძლია, მოვიყვანოთ, ის დაესწრო შვედეთში ლუთერანული ,,ეკლესიის” 400 წლის იუბილეს, სადაც მათ უმაღლეს იერარქიასთან აკრძალული თანალოცვის შემდეგ წარმოთქვა ერეტიკული სიტყვა-მილოცვა და მათ „სამღვდელოებას” (რომელში ქალებიც შედიან) საჩუქრად გადასცა ბარძიმი, რომელიც იქვე გამოიყენეს მწვალებლური „წირვისთვის” (ხელთა გვაქვს ამის ამსახველი ვიდეო-მასალა, სადაც, ასევე, ჩანს, თუ მართლმადიდებელი პატრიარქი როგორ აძლევს ზიარებას საკუთარი ხელით არამართლმადიდებლებს, რომლებიც მის თვალწინ პირჯვარს ან პაპისტურად ისახავენ, ან საერთოდ ვერ ისახავენ); იგი ამასწინათ იმყოფებოდა აქაც, საფრანგეთში და სტღასბუღის კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, სხვა მართლმადიდებლების თანდასწრებით, კარდინალ ჟოზეფ დოღეს გვერდიგვერდ ილოცა სხვა კათოლიკებთან და პროტესტანტებთან: ლუთერანებთან, რეფორმისტებთან, ევანგელისტებთან და ანგლიკანებთან ერთად (გაზ., ,,DNA/region, #3, 22.01.2007), რაც ზოგმა დღემდე არ იცის, რომ აკრძალულია საღვთო კანონებით და მღვდელმსახურს მღვდელმოქმედების უფლებას უჩერებს.

რბილად რომ ვთქვათ, არც ასეთ პატრიარქთან შეიძლება თანალოცვა და არც სხვა პატრიარქებთან, რომლებიც საეკლესიო კანონთა უგულებელყოფაში დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

დიახ, ილია II მწვალებელ იერარქიასთან თანალოცვითა და ზიარებითი (ევქარისტიული) კავშირით აბიწიერებს ქართულ ტაძრებს (,,ადგილი კი არ განწმენდს ადამიანს, არამედ ადამიანი განწმენდს ადგილს” — მაცხოვარი) და ქართველთა სულებს წარწყმედის გზაზე აყენებს.

კითხვა: როგორ შეფასებას მისცემთ საქართველოს დღევანდელი პატრიარქის მოღვაწეობას და რას ფიქრობთ, როგორ დავარწმუნოთ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი, რომ მ. სააკაშვილის შეცვლაზე უფრო აუცილებელია მისი და მისი სინოდის შეცვლა?

პასუხი: რაც შეეხება თქვენი მტკივნეული კითხვის პირველ ნაწილს, აქამდე ვცდილობდით, ილია მეორეს შეფასებაში უკუდურესად მოკრძალებულნი ვყოფილიყავით, რომ მხილება განკითხვაში არ გადაგვზრდოდა და ეგებ, დაგვიანებით მაინც, ყველაფერში წმინდა მამათა მსოფლმხედველობა გაეთავისებინა. მაგრამ ვხედავდით, რომ რაც დრო გადიოდა, სამწუხაროდ, უარესსა და უარესს იქმოდა და იქმს. ამიტომ, დღეს თავს მომეტებულად ვალდებულად ვთვლით, ზედმეტი მოკრძალებით სიმართლე არ დავჩრდილოთ და სათქმელი ბოლომდე მივიყვანოთ, რომ მსურველსაც თვალი ბოლომდე აეხილოს.

ბევრი ფიქრობს, რომ დღევანდელმა პატრიარქმა ქართული ეკლესია ფეხზე დააყენა. მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ მის გაკეთებულს, ამას ხარისხობრივად აშკარად აღემატება მის მიერ გაფუჭებული, რასაც საინტერვიუო ფორმატი ნამდვილად არ ეყოფა და ცალკე ტომად უნდა გამოვიდეს… აქ მოვიყვანთ რამდენიმე სახასიათო მაგალითს მისი მოღვაწეობიდან.

ჯერ გავიხსენოთ, როგორ და რა ვითარებაში გახდა იგი ქართული ეკლესიის მმართველი? დავიწყოთ იმით, რითაც მან დაიწყო მოღვაწეობა — მღვდლად 26 წლისა, ხოლო ეპისკოპოსად 30 წლისა ეკურთხა. მოგვაქვს რუის-ურბნისის II და მსოფლიოს VI საეკლესიო კრებათა XIV-XV კანონები:

„ხელდასხმის დროს სულმოკლეობა და აჩქარება, როგორც უწესო და უკანონო საქციელი, ავკრძალეთ. ვადგენთ, რომ ამიერიდან აღარავინ გაბედოს არაფრის ქმნა გარდა იმისა, რასაც კანონი განაწესებს: ეპისკოპოსი ხელდასხმულ უნდა იქნეს ოცდათხუთმეტი წლისა…; ჩვენი წმინდა და ღმერთშემოსილი მამების კანონები მტკიცედ უნდა დავიცვათ იმის შესახებაც, რომ მღვდელი ხელდასხმულ უნდა იქნეს არა უადრეს ოცდაათი წლისა, თუნდაც, ყოველმხრივ ღირსი კაცი იყოს, რადგან უფალმა იესუ ქრისტემ ოცდაათი წლისამ ნათელ-იღო და დაიწყო დამოძღვრა… თუ ვინმე სამღვდელოთაგანი ამ განსაზღვრულ დროზე ადრე იქნეს ხელდასხმული, განიკვეთოს“ (მღვდლობის უფლება ჩამოერთვას — მღვდ. გ. ს.).

ჩვენ ზემოთ, ამ ინტერვიუს პირველ ნაწილში, კერძოდ, მესამე კითხვის პასუხში, ვისაუბრეთ საბჭოთა მოსკოვის საპატრიარქოს უღმერთო მთავრობისადმი მორჩილებაზე. ქ. ვლადიკავკაზის 22-ე (რუსული) საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მოსკოვთან მდებარე სერგიევ-პოსადის (მაშინდელი ზაგორსკი) სასულიერო აკადემიაში სწავლისას, უღმერთო სტალინის ერთგული თაყვანისმცემლის — რუსეთის პატრიარქ ალექსი პირველის ლოცვა-კურთხევით ბერ-დიაკონი ილია დადგინდა მღვდელ-მონაზვნად, ხოლო უკვე სოხუმის მიტროპოლიტი ი. შიოლაშვილი საკათალიკოსო ტახტზე აიყვანა რუსეთის პატრიარქმა პიმენმა ორ ქართველ ეპისკოპოსთან ერთად. ეს ხდება იმ ოფიციალურად ათეისტურ ქვეყანაში, სადაც საქ. საპატრიარქოს მთავარი ორგანოს — „ჯვარი ვაზისა“ — პირველი (1978წ.) და ახლანდელი რედაქტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მაშინ ეკლესიის საქმეებს ეგრეთწოდებული „რელიგიების საქმეთა რწმუნებულის“ (ჩვენი მაშინდელი ბედის განმგებლის) აპარატი განაგებდა… უმისოდ ბუზიც კი ვერ გადაიფრენდა ჩვენს სამყაროში“ (თ. კობალაძე: „ჩვენი არქივიდან“, „ჯვარი ვაზისა“, #1, 2005წ., გვ. 100; სხვათა შორის, საქ. საპატრიარქოს ოფიციალური ვერსიები მალავენ, რომ ი. შიოლაშვილის გაპატრიარქებას სვეტიცხოვლის ტაძარში მონოფიზიტი ვაზგენ პირველიც ესწრებოდა სხვა ერეტიკოსების გვერდით (მწვალებელთან ერთად ლოცვა ხომ აკრძალულია?!) და ქართველი იერარქები ეჩმიაძინში დარბოდნენ მირონის ხარშვაზე…). ცერემონიალის დასრულების შემდეგ ურწმუნო მთავრობამ სასტუმრო „ივერიის“ რესტორანში გადაუხადა სადღესასწაულო ბანკეტი ახლადარჩეულ (თუ დანიშნულ) პატრიარქს. 

პირობითად, თავი რომ დავანებოთ წმინდად საეკლესიო-კანონიკურ დარღვევებს, რასაც ბევრი ვერ (და არ) გებულობს, გავიხსენოთ გასაგებად უფრო მარტივი „შეცდომები”:

ბევრმა არც ის იცის, რომ რაც კათალიკოს-პატრიარქის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, უკვე ილია მეორემ პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ ეპისკოპოსებად გამოარჩია და აკურთხა ორი არქიმანდრიტი და მალე, სამი ქართველი ეპისკოპოსის მიერ კარგა ხნის მხილების შედეგად და მისი მხრიდან კი წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებული გახდა, ორივე მამათმავლობის გამო განეკვეთა. მაგრამ ამის შემდეგ ისევ „აღმოუჩინეს“ ეპისკოპატში თუ მღვდელ-დიაკვნებში ასეთნი (სოდომ-გომორელთა ყოფნა სამღვდელოებაში დღესაც გრძელდება და ფაქტებით არის ცნობილი, რომ მათ ილია II ისევ ხელს აფარებს)…

გეკითხებით, ჭეშმარიტ მართლმადიდებელს და იმასაც, პატრიარქს, ვინ აირჩევს ეკუმენიზმის მთავარი ორგანოს — ე. წ. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ერთ-ერთ თანაპრეზიდენტად (1978-83წწ..)? ან ასეთი თვითონ როგორ დათანხმდება ამას? ასევე, განა ეს ნორმალურია, პატრიარქის ყოფილი ერთგული სტიქაროსნები რომ იგონებენ, უცხოური სიგარეტების (!) საყიდლად გვგზავნიდა, კომუნისტური მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის საჩუქრად რომ მიერთმიაო?! ასევე, გავიხსენოთ, როგორ ფარულად, მაგრამ მხურვალედ უჭერდა მხარს 1991-92წწ.. სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებასა და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელისა და ფარული ხელმძღვანელის ე. შევარდნაძის საქართველოში „მეორედ მოსვლას“ ბოლომდე: „…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ბატონი ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის ფაქტობრივად შეუცნობი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი, ეს კი ბუნებრივად გულისხმობს გარეშეთათვის დაფარულ შინაგან ცხოვრებას; თუმცა, მის განსაკუთრებულობას მრავალი ფაქტორი მაინც ავლენს…; ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მასშტაბებისთვისაა დაბადებული“ („მუდმივი კავშირის სამყარო”, #1(17), 2003). თანაც, იმავე წლის ე. წ. რევოლუციისას კი არ შერცხვა, როცა გამომჟღავნდა, ვინ ვინ იყო და ზ. გამსახურდიას მომხრეთა ანუ ეროვნულ ძალთა გარდა ყველა რომ ემხილა. არამედ ცეცხლს საწვავი მიუმატა — ახალ რევოლუციას მხარი კვლავ დაუჭირა და დღეს უკვე მ. სააკაშვილს გენიოსად აცხადებს (იხ. მისი საკვირაო ქადაგება 11.11.07: „პრეზიდენტმა გადადგა გენიალური ნაბიჯები“…) და მასაც ისევე ხვდება ტაძარში ზარების რეკვით, როგორც მის წინამორბედსა და სულიერ მამა-მასწავლებელს ხვდებოდა (ამ დროს ის წირვას აჩერებდა (აჩერებს), საკურთხევლიდან გამოდიოდა (გამოდის) და კარებში ეგებებოდა (ეგებება) საერო პირს, რაც დაუშვებელია. ამას შეესწრნენ გასულ სვეტიცხოვლობას უცხოელები, რომლებმაც აღშფოთება ვერ დამალეს ჩვენთან საუბარში). სხვათა შორის, ასევე გენიოსად მოიხსენია მან, ამასწინათ, ძნელადაღსაზრდელთა სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მამა და პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინქთონი — საყოველთაოდ ცნობილი მასონი. ალბათ, შემთხვევითი არც ის არის, ა.შ.შ-ის დღევანდელი პრეზიდენტი, ასევე მასონი, რომ მისალოც წერილს უგზავნის მას საიუბილეოდ.

1992წ. 25 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, მაშინდელმა „სამხედრო საბჭომ“ ანუ სამხედრო და სახელმწიფო დამნაშავეთა კრებულმა სხვებთან ერთად აღადგინა 1921წ. 25 თებერვლის კონსტიტუცია (რომელშიც აფხაზეთის ავტონომიის სტატუსი განსაზღვრული არ იყო), რითაც ნებით თუ უნებლიეთ აფსუების სეპარატისტულ მიდრეკილებებს ხელი შეუწყო. აფსუებმა (და არა აფხაზებმა) ეს იურიდიულად გამოიყენეს და შედეგად უაზრო ომი მივიღეთ… ამ ცერემონიალს, შესაძლოა, ბევრს აღარც ახსოვს, ესწრებოდა კათალიკოსი, რომლის კურთხევის ქვეშაც ჩატარდა ეს ვითომ ეროვნული და სინამდვილეში მტრული ღონისძიება, ,,უხვად რომ მოიტანა სისხლი და ცრემლები“ (გალაკტიონი). განა, მათ ზ. გამსახურდიაზე მეტად ესმოდათ მენშევიკური კონსტიტუციის იურიდიული ღირებულება?! მან სწორედ იმიტომაც არ აღადგინა ეს კონსტიტუცია, რომ მასში აფხაზეთისა და შიდა ქართლის ისტორიული მიწები ჯერ კიდევ არ იყო დაყოფილი ავტონომიურ ერთეულებად (რაც მოგვიანებით ბოლშევიკებმა გააკეთეს) და ეს გამოიწვევდა ეთნიკურ დაძაბულობას. 

თქვენთან ჩვენს წინა ინტერვიუში ვახსენეთ, ილია მეორემ როგორ უწოდა ქართული კინო-თეატრისა და ესტრადის ვარსკვლავებს ,,მნათობნი საქართველოისანი“. აქ დავსძენთ, რომ მათ შორის იმყოფებოდა ცნობილი ბოჰემური მეშაირე და მეგიტარე, რომელიც სხვა უხამს სიმღერებთან ერთად ამასაც „გალობს“: „ღვინით მთვრალი და ზედ ქალი — ეს სამოთხის მადლია…“. ცნობილია, როგორ დადიოდა პატრიარქი — ერთდროულად ბერი და ეპისკოპოსი — ოპერასა და თეატრებში. ამასწინათ, იგი დაესწრო მსახიობ ს. ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნასაც. საღვთო სჯულში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის ნათელია, რა ცოდვასაც წარმოადგენს და — რატომ, „სახიობა“ (მსახიობობა) და „ოლიმპიადა” (სპორტი). თქვენ წინა შეკითხვაში ახსენეთ სიტყვა „დემონოლოგია“, რომლის სამაგალითოდაც წარმოგიდგენთ დიალოგს, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა: „გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით […] განსაკუთრებით მათ, ვინც მონაწილეობა უნდა მიიღოს ოლიმპიადაში […]. მოგიწოდებთ ყველას, არ დაიშუროთ ძალა და ენერგია, რომ გამარჯვებულნი დაბრუნდეთ სამშობლოში […] (ამ დროს სარკმელში გაიხედა — მღვდ. გ. ს.). ვფიქრობ, ეს შხაპუნა წვიმა, რომელიც ახლა მოვიდა, არის ნიშანი, რომ თვითონ უფალი ზეციდან გასხურებთ ნაკურთხ წყალს, მისგან დალოცვილნი ბრძანდებით და გამარჯვებულნი დაბრუნდებით სამშობლოში. ეს (ასლი ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც მათ გადასცა — მღვდ. გ. ს.) იქნება თქვენი მფარველი, ძალისა და ენერგიის მომცემი თქვენი გამარჯვებისათვის. ასევე, მინდა, გადმოგცეთ ნაკურთხი წყალი თავისი ვერცხლის ჭიქით; იმედია, ყოველი თქვენთაგანი ასპარეზობის წინ მცირეოდენს შესვამთ…“ („საპატრიარქოს უწყებანი”, #28, 6-12 აგვისტო, 2004წ., გვ. 5: „ოლიმპიადის მონაწილენი პატრიარქთან“). სამაგიეროდ, ისიც ესტუმრა ფიზკულტურისა და სპორტის აკადემიას, რომელმაც პატრიარქს ამ სასწავლებლის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა (ტელ. ,,რუსთავი 2”, 8. 11. 2006).

პავლე მოციქულის 6-ე განწესება: "თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი კაცი ან ქალი, სპორტული შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ან დაცხრეს მისი საქმიანობისგან, ან უკან გაბრუნდეს" (რედაქცია)

ახლა მოვიტანთ ბევრისთვის უცნობ ამბავს, რომელიც საგანგებოდ ვაცნობეთ საქ. საპატრიარქოს რამდენიმე პასუხისმგებელ თანამშრომელსა და სასულიერო პირს, მაგრამ არცერთისგან არანაირი შეშფოთებაც კი არ გამოთქმულა. ყველაზე გაუნათლებელმა ქრისტეანმა თუ საერთოდ, ადამიანმა იცის, რომ იუდაური სინაგოგა არის რელიგიური შენობა, ადგილი, სადაც ხდება ყველაზე დიდი ცოდვის — ღვთისმკვლელობის გამართლება, ქრისტე-ღმერთის გმობა და წმინდა მამათა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა არაქრისტეანი იუდეველები სალოცავად იკრიბებიან, მათ შორის სატანაა: „თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიების ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს” (წმ. მოციქულთა 65-ე კანონი). ამის ფონზე, ნუთუ, ნამდვილია ეს სიტყვები?: „რაჭის მცხოვრებლებს, საქართველოში მყოფ და აქედან წასულ ებრაელებს გულითადად ვულოცავ ონის სინაგოგის აშენებიდან 110 წლისთავს; დიდმნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ […] ქართველი ებრაელები არიან, შეიძლება ითქვას, ყველაზე ერთგული მიმდევარნი იმ წესებისა და ტრადიციებისა, რომელიც მათ მოსე წინასწარმეტყველმა დაუდგინათ… ღრმა პატივისცემით  — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II” („მენორა”, #21, 1-15 ნოემბერი, 2005წ., გვ. 2; http://www.opentext.org.ge/05/menora/21/21-1.htm). ის, რაც ამ მისალოცის ავტორს დღესაც „დიდმნიშვნელოვან ფაქტად” მიაჩნია, სემინარისტმაც კი პირველივე ლექციიდან იცის, რომ სინამდვილეში არის არა დიდმნიშვნელოვანი, არამედ სავალალო, რადგან დედამიწაზე ღმერთის მოსვლის შემდეგ მისი შეცნობა და თაყვანისცემა მოსეს მიერ დადგენილი წესებისა და ტრადიციების მიმდევრობის უკუპროპორციულია. 

იმას კი, რასაც ახლა მოვიყვანთ, საპატრიარქოს ბეჭდურ გამოცემებშიც რომ წაგვეკითხა ან ეს პატრიარქის უახლოეს ადამიანს ეთქვა ან თუნდაც, სინოდს განეცხადებინა, ვერ დავიჯერებდით, თვითონ ილია მეორესგან რომ არ მოგვესმინა ტელევიზიით: მის ანტიკვარულ გარემოს რომ თავი დავანებოთ, კმაყოფილებით ჰყვება, რომ ოთახში უდგას ჯუჯა ხე (თან კადრში აჩვენებენ), რომელიც 75 000 ევრო (ანუ დაახლოვებით 165 000 ლარი) ღირს (ფასი იქვე  გადაამოწმა მის გარშემო მყოფ მონაზვნებთან, რომლებმაც დასტური მისცეს). რამდენადაც მის საუბარში არ ჩანს, ეს მცენარე ნაყიდია თუ ნაჩუქარი (რასაც საპატრიარქოსთან დაახლოვებული პირები გვიმტკიცებენ, კიდეც), თავი რომ დაგვეზღვია ცილისწამების ცოდვისგან, ჩავთვალეთ, რომ, უკეთეს შემთხვევაში, ეს ბუჩქი მას აჩუქეს. მაგრამ ამ დროსაც კი გაგვახსენდებოდა ალექსანდრიის პატრიარქ იოანეს ცხოვრებიდან, როცა მას ერთი მდიდარი ვაჭარი ესტუმრა და მის საწოლზე რომ შენიშნა, პატრიარქს გაცრეცილი საბანი ჰქონდა გადაფარებული, მალე ძვირფასი საბანი შეიძინა და საჩუქრად გამოუგზავნა. იოანემ ვაჭარს მადლობა შეუთვალა, მაგრამ მორჩილს საბანი ბაზარზე გაატანა გასაყიდად, რომ ამ თანხით გლახაკებს დახმარებოდა. იგივე ვაჭარმა ბაზარზე ეს საბანი იცნო, მიხვდა, საქმე რასთან ჰქონდა, განმეორებით იყიდა და გაუგზავნა მამამთავარს; მანაც მეორედ გააყიდინა და ისევ გლახაკებს დაეხმარა; ვაჭარმა ისევ იყიდა და გაუგზავნა — პატრიარქმაც ისევ გაყიდა და დაარიგა… ასე რამდენჯერმე განმეორდა. მერე პატრიარქმა ასე შეუთვალა ვაჭარს: „ვნახოთ, ვინ უფრო დაიღლება — შენ ყიდვით თუ მე გაყიდვით!“. ბოლოს, ვაჭარი დანებდა, პატრიარქმა ეს ძვირფასი ნივთი შინ მაინც არ დაიტოვა, საბოლოოდაც გაყიდა და ამ ფულით გაჭირვებულებს შეეწია. გლახაკთმოყვარეობისათვის მისმა თანამედროვეებმა თავიანთ მამამთავარს ზედწოდებით ,,მოწყალე” შეარქვეს. ამ სათნოებასთან ერთად სხვა ღირსებებითაც შემკული პატრიარქი წმინდანად შეირაცხა და ისტორიაში შევიდა, როგორც წმ. იოანე მოწყალე (ხსენება 12/25 ნოემბერს). ჩვენი მხრივ, დავსძენთ: არავინ იცის, როდის უფრო შიოდა ხალხს — VII საუკუნის ალექსანდრიაში თუ დღევანდელ საქართველოში…
   კიდევ ერთ სამარცხვინო და შემაშფოთებელ ამბავს მივაპყრობ მკითხველის ყურადღებას: ჩვენს ნარკვევში (,,საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან” „გარდაქმნამდე” — 1985-2003წწ.., პარიზი, 2004წ.) სქემატურად ვაჩვენეთ რა ჯვრის სწორად გამოსახვა, მაშინ პირდაპირ მხილებას მოვერიდეთ და ზოგადად დავსძინეთ: ჯვრის ამობრუნებულად ანუ თავდაღმა გამოსახვით, როგორც მამები გვასწავლიან, ეშმაკები ხარობენ და ვინც პირჯვარს პირქვე ისახავს, ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ბევრი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ასეთნი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (გვ. 23)?! გადის დრო და არაფერი იცვლება — დააკვირდით: ილია II და მისი გარემოცვიდან ბევრი დღესაც თავდაყირა ან გაურკვევლად ისახავს პირჯვარს და მრევლსაც უკუღმა სახავენ ჯვარს ხელითა თუ სამღვდელმთავრო ორ-სამსანთელათი (დიკირ-ტრიკირი). 

გარემოცვა ვახსენეთ და სხვებისთვის უნდა ითქვას იმის შესახებაც, რაც თქვენ, ალბათ, ნანახი გექნებათ: საპატრიარქოს ვებ-გვერდის მისამართზე — http://www.iveria-tv.ge/index.php?option=com_content&task=view&id=45&temp=2 — დოკუმენტურ მასალაში ,,პატრიარქის ბიოგრაფია” ფილმის მთავარ გმირს განადიდებს რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე, რომელიც საუბრობს სახლის სამლოცველო კუთხესთან, სადაც ყველაზე მაღლა ილია მეორეს დიდი სურათია დაკიდებული და მის ქვემოთ წმინდა ხატებია განთავსებული… ზეციურ-ქვეყნიურ ღირებულებათა იერარქიაში რომ ედუარდ-გიორგის მაქებარი არტისტი ვერ ერკვევა, ეს კი არ არის გასაკვირი, საპატრიარქოს თანამშრომლები როგორ აჩვენებენ ასეთ მკრეხელურ გაბმულ კადრს, — ეს! თუმცა, რა გასაკვირია — დღეს ხომ „მცირე სამწყსოს” გარდა ადამიანებისთვის სარწმუნოება კაცით იწყება და კაცით მთავრდება?!.

ბოლოს: მისმა თაყვანისმცემლებმა (ამ სიტყვის უარესი გაგებით) ახლახანს საიუბილეოდ გამოუცეს მონოგრაფიული წიგნი (სიცოცხლეშივე — !), რომელსაც დაარქვეს არც მეტი, არც ნაკლები — „პ ა ტ რ ი ა რ ქ ი“, რომელშიც შეტანილია მისი ბიოგრაფიის ბრჭყვიალა ფაქტები, მისივე უამრავი ფოტო-სურათი და რაც წარმოადგენს მართლმადიდებლობის კი არა, კაცთმადიდებლობის ისეთ აპოთეოზს, რასაც პაპიზმშიც კი არ ვხვდებით (განკერძოების გარეშე საზოგადო სახელით დოკუმენტური ნაშრომის დასათაურება უხერხულია. ეს შეიძლება მოხდეს მხატვრულ ნაწარმოებში (მაგ., გაბრიელ-გარსია მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“) ან ენციკლოპედიურ განყოფილებაში „პატრიარქი“, სადაც, საზოგადოდ, ამ ინსტიტუტისა და მისი, ყველა თუ არა, ბევრი წარმომადგენლის შესახებაა უწყებული). შეუძლებელია, არ აღგვაშფოთოს იმანაც, რომ წიგნში „პატრიარქი“, რომელსაც პატრიარქი თავადვე არიგებს, საქვეყნოდ ცნობილი ერეტიკოსები (მონოფიზიტებისა და კათოლიკეების მეთაურთა ჩათვლით) უწმინდესებად ანუ ისე არიან მოხსენებულნი, როგორც მათ ილია II ყოველთვის მიმართავდა — „თქვენო უწმინდესობავ!“.   
   რაც შეეხება თქვენი ამ კითხვის მეორე ნაწილს, საუბედუროდ, ჩვენი ხალხი და მათ შორის, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიც, იმდენადაა ჩაფლული ცოდვებში, რომ სამღვდელოებისა და პატრიარქის მხილება კი არა, მეგობრების მხილებაც კი არ შეუძლიათ, რადგან სხვა რომ ამხილო, შენ იგივეს არ უნდა აკეთებდე — ,,მკურნალო, განიკურნე თავი შენი” (ლუკა: 4, 23). ამას ემატება საღვთო საგნებში უმეცრება და იმის არცოდნა, თუ როგორ უნდა ამხილო; იმის არცოდნაც, რომ საერთოდ, უნდა ამხილო და „არ განიკითხოს” საბაბით უწმინდურობას არ უნდა თანაეზიარო. ვინც დღეს ილია მეორეს აქებს და ადიდებს, ის ან მას არ იცნობს ან რჯულს (ან არცერთს), ხოლო ვინც ორივეს იცნობს და მაინც ამას იქმს, მას, უბრალოდ, ან ეშინია, ან პირადი დაინტერესება ამოძრავებს (ან ორივე, ერთად). თანაც, ჩვენს შემთხვევაში მოქმედებს ერთი დადებითი განწყობა: ქართველთა უმრავლესობას სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი საკათალიკოსპატრიარქო ტახტისადმი აქვს მოწიწება და ქვეცნობიერი სიყვარული (და ეს, რა თქმა უნდა, კარგია), რადგან ამ ტახტზე, ისტორიულად, ერთმანეთზე უკეთესი პატრიარქები ისხდნენ მანამ, სანამ ხალხი არ გადაგვარდებოდა და უღმერთო კომუნისტური მთავრობა ფეხს საბოლოოდ ჩვენშიც არ მოიკიდებდა. ამიტომ, საეკლესიო საქმეში ჩაუხედავ ადამიანს, რასაკვირველია, უჭირს, მოვლენებსა და პიროვნებებს შესაფერი სახელი დაარქვას და დაასკვნას, რომ საქართველოს არ ახსოვს, რბილად რომ ვთქვათ, ისეთი სუსტი და უღირსი პატრიარქი, როგორიც დღევანდელია. ხოლო რით არის ეს სისუსტე განპირობებული, „ჩემთვის დღესავით არის ნათელი…“ (გალაკტიონი).

კითხვა: მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მომყვანი და ზვიად გამსახურდიას დამამხობელი პუტჩისტური ბრიგადა: ძმები ბერძენიშვილები, ახალაიას ძველი ტყუპისცალი გოგა ხაინდრავა, ძველი ,,კმარელები" და თავისუფლების ინსტიტუტიდან გიგა ბოკერიას მხარდამხარ მებრძოლი ღვთისმბრძოლნი: თინათინ ხიდაშელი, დ. ზურაბიშვილი და სხვები კვლავაც ახალ რევოლუციას აწყობდნენ და თანაც, ისევ ა.შ.შ-ის კარზე დარბოდნენ დასტურის მისაღებად; ახლაც, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, აღმსარებლობით იეღოველი თ. ხიდაშელი და ლ. ბერძენიშვილი კონდოლიზა რაისს შეხვდნენ. აი, რა შეფასება მისცა ა. შ. შ-დან გლდანის ტაძრის დარბევას და მღვდლის დაპატიმრებას ლ. ბერძენიშვილმა: „მე ვარ უაღრესად დაკმაყოფილებული დღეს დაპატიმრებული აღმაშფოთებელი, შემარცხვენელი დამნაშავის ამბით… სამართალმა ყველგან შეაღწია"… 

გთხოვთ, განმარტება მოგვცეთ, ეს რა დაუსრულებელ უღმერთობასა და გაუგონარ ბოროტებასთან გვაქვს საქმე?

პასუხი: უნდა დავიწყოთ იმით, რომ ბავშვსაც კი, როცა ის მოსანათლია, მღვდელმსახურისგან სახელის დარქმევის ლოცვის შემდეგ ჯერ ეკითხება ოთხი ლოცვა, რასაც ,,შეფუცების ლოცვები” ეწოდება. ამით მოსანათლს სცილდებიან დემონები, ეხსნება გონების კარი და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ნათლისღების წეს-განგება. საბჭოთა დროებაში ამ ეგზორციულ ლოცვებს სამღვდელონი უმრავლეს შემთხვევაში არ კითხულობდნენ დაზარებისა თუ მათი მნიშვნელობის არცოდნის გამო; ეს დღესაც ასეა ყველგან — მსოფლიოს ე. წ. ოფიციალურ ეკლესიებში და ჩვენშიც (რაც ურწმუნოებისა თუ მცირედმორწმუბოების ბრალია). შედეგად კი მივიღეთ ის და ვიღებთ იმას, რომ ხალხის თვით მონათლული ნაწილი ისევ ეშმაკისგან რჩებოდა და რჩება შეპყრობილი და აქედან გამომდინარე შედეგებით, ან საერთოდ ვერ აზროვნებს, ან აზროვნებს უკუღმა (როგორც პირჯვარს ისახავს): კეთილი და ბოროტი, სიმართლე და სიცრუე, სასიხარულო და საწყენი ერთმანეთში ერევა. სწორედ ამ დღეში ანუ სულიერი (და არა კლინიკური) შეშლილობის მდგომარეობაში იმყოფება დღეს ჩვენი საყვარელი ერის უდიდესი ნაწილი.

საქართველოში ახალ რევოლუციებსა და სისხლიან თუ უსისხლო გადატრიალებებს ბოლო ძნელად მოეღება, თუ ერთხელ და სამუდამოდ ოფიციალურად არ დაიგმო ის პირველი ძალადობა, რომლითაც შეიცვალა 1990-91წწ.. ეროვნული ხელისუფლება; არჩევნები არ დანიშნა იმდროინდელმა უზენაესმა საბჭომ (როგორც ძალადობით განდევნილმა) და სამართლიანი არჩევნები არ გაიმართა. ესაა არსებული მძიმე მდგომარეობიდან ზნეობრივი და იურიდიული გამოსავალი, რაც ხალხს უნდა უჩვენოს არა ჩემისთანა უღირსმა მღვდელმა, არამედ სწორედ ერის სულიერი მამის ადგილის მპყრობელმა, რომელიც ამით ნაწილობრივ მაინც გამოისყიდდა სისხლიანი თუ უსისხლო მოძალადეებისადმი გვერდით დგომის ცოდვას.

როგორც ,,სახარებაში” ვკითხულობთ, როცა მაცხოვარმა ,,იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცვივნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი” (მათე: 9, 36). ამით მან მაგალითი მოგვცა, როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანი და თანავუგრძნობდეთ ყველას, რაც მანვე გამოხატა შემაძრწუნებლად უდიადესი სიტყვებით: ,,გიხაროდენ მოხარულთა თანა, სტიროდეთ მოტირალთა თანა!”.

როდესაც საქართველოში ბოლო ოცწლეულში მომხდარ ძირითად მოვლენებს გადავავლებ-ხოლმე გონების თვალს, იმდენ ბოროტებასა და უსამართლობას ვხედავ და აქედან გამომდინარე, იმდენი ადამიანია სახელმწიფო თუ ჩვეულებრივი დამნაშავე, რომ მათი ყველას ციხეში გამომწყვდევის ნაცვლად სურვილი გამჩენია-ხოლმე, ხელისუფლებას ვთხოვო, უფლება მომცენ, მათ ნაცვლად საკუთარი ნებით ჩავჯდე ციხის საკანში, როგორც ყველა დამნაშავეზე მეტად უღირსი, რომ უფალმა ყველას ერთად მცირედით მაინც მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები… ოღონდ, ამის გაკეთებამდე ჯერ შესაბამის შემოწმებას გავივლიდი და დასკვნის მოწმობას თან ვიქონიებდი, — ეს უცნაური ნაბიჯი შეურაცხადობისთვის რომ არავის მიეწერა, რადგან თვითონ ეშმაკეულებმა თვით მაცხოვარს უწოდეს შეშლილი და რა გასაკვირი იქნება, მართალია, უღირს, მაგრამ მაინც მის მსახურს რომ იგივე უწოდონ?!.  

პარიზიდან  მამა გიორგისგან ინტერვიუ აიღო ი. ღუდუშაურმა

იხ. ინტერვიუს დასაწყისი: ../bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11575

უფლის წმიდა მოციქულის მე-6  კანონს შეუდარეთ  ინტერვიუში ფოტოზე აღბეჭდილი ილია მეორეს ფეხბურთით გატაცების ცოდვა; ეს მკრეხელი პატრიარქი ღმერთის სახელით_მისივე წმიდა კანონის გმობით  ლოცავს სპორტსმენებს, ხოლო ამ ეშმაკეული წარმწყმედელი სიცრუის სწავლებისათვის, ღვთისგან რა სასტიკი განაჩენიც ელოდება, ძნელი არ არის დასკვნის გამოტანა. (პრეს-სამსახურის შენიშვნა)

One Response to “მღვდ. გიორგი სხილაძე ამხელს”

  1. natusia Says:

    sporti jamrtelobistvisaa aucilebeli pativcemulo mamao, xelovnebas ki didi dzala akvs tu is sasiketotaa mimartuli, mteli cnobiereba d a cxovreba sheidzleba sheucvalos adamisns. chemtvis tundac kargi speqtaklis naxva iseti sulieri agmaprenaa xolme, didxans mimkveba es kargi ganckoba d a dzalas madzlevs


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: