მღვდელი გიორგი სხილაძე-ინტერვიუ

ინტერვიუ მღვდელ გიორგი სხილაძესთან (მე-3-ე ინტ.)

კითხვა: მსურს, ასეთი შეკითხვა დაგისვათ: რას ნიშნავს წმინდა პავლე მოციქულის ღვთაებრივი სწავლება: ,,ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას… ხელმწიფების მოწინააღმდეგენი ეწინააღმდეგებიან ღვთის დადგენილებას” და აქედან გამომდინარე, განვიმარტეთ, ღვთის დადგენილების წინააღმდეგ განხორციელებული რა დანაშაული იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებით დამხობა და რა სასჯელს განუწესებს ღმერთი ასეთ დამნაშავეთ?

პასუხი: აქ მოციქული საუბრობს ხელმწიფებაზე (ხელისუფლებაზე), როგორც ასეთზე და არა ხელმწიფეზე (ხელისუფალზე). რამდენადაც, ქვეყნად არსებული უფროს-უმცროსობა (იერარქია) დადგენილია ზეციური წყობის შესაბამისად, ჩამოვთვალოთ, როგორ განლაგებულან ზეცაში გონიერი ძალები: სერაბიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. ეკლესიის სწავლებით, VI (ხელმწიფებანი) და VII (მთავრობანი) საფეხურის უხორცო ძალებს, რომელთა მორჩილებასაც გულისხმობს წმ. პავლეს ხსენებული სიტყვები, აქვთ ღვთისგან ბრძანება, ამოირჩიონ, განაგონ, დაადგინონ და დაიფარონ ქვეყნიური ხელმწიფენი და ხელისუფალნი (ამას ვეძახით ჩვენ განგებას). მაგრამ ამ უკანასკნელთ (ისევე, როგორც ყოველ ადამიანს) ღვთისგან მიცემული აქვთ თავისუფალი ნება და თუკი ისინი ემორჩილებიან ზეციურ ხელმწიფებასა და მთავრობას (რომელნიც, თავის მხრივ, ემორჩილებიან ღმერთს), მაშინ, ადამიანის მიწიური მმართველობისადმი მორჩილება იგივეა, რაც ზეციური მმართველობისადმი და საბოლოო ჯამში, ღვთისადმი მორჩილება. აი, ასეთ მორჩილებას გულისხმობს, სწორედ, მოციქული პავლეც და პეტრეც, როცა ის სხვა მოციქულებთან ერთად სინედრიონს განუცხადებს: ,,მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი” (საქმე: 5, 29). ვინც არასწორად განმარტავს თქვენს მიერ მოყვანილ სიტყვებს და ფიქრობს, რომ მოციქული აქ ნებისმიერი ხელისუფლის მორჩილებას ქადაგებს, მაშინ, რა გამოდის — წმ. პავლემ თვოთონვე არ შეასრულა თავისი სიტყვები, როცა ხელისუფლების აკრძალვისდა მიუხედავად ქადაგებდა ქრისტეანობას, რისთვისაც მას რომში თავი მოჰკვეთეს?! განა, ყველა მოციქული, მოწამე და აღმსარებელი რიგითი მოქალაქეების მიერ კი არა, ხელისუფლების მიერ არ ისჯებოდა და ისჯება?! დიახ, ასე განმარტავენ ხელმწიფება-ხელმწიფისადმი მორჩილებას წმ. იოანე ოქროპირი და ღირსი ისიდორე პელუსიელი. ასევე, უნდა განვასხვავოთ, ამ ქვეყნიურ ხელისუფალთ რაში დავემორჩილოთ და რაში — არა. ჩვენ მათ უნდა დავემორჩილოთ მხოლოდ იმაში, რაშიც თვით ისინი უფალს ემორჩილებიან. ასე, რომ ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ხელისუფალნი რაში ემორჩილებიან ღმერთს და რაში — არა.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდია ბავშობიდანვე იყო მორწმუნე და ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ცდილობდა კომუნისტების მიერ დაკეტილი ეკლესია-მონასტრების გახსნასა და უღირსი მსახურებისაგან ქართული ეკლესიის განწმენდას. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან უფრო ქმედითად გააგრძელა ღვთისმსახურებითი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მისი დამხობა სიკეთეს ვერ მოგვიტანდა; მით უფრო — ძალადობრივი გზით. მართალია, ის არ იყო ღვთისგან ცხებული მეფე, მაგრამ იყო კონსტიტუციურად ერისგან არჩეული მაინც და არაფერი დაუშავებია ისეთი, რის გამოც ღირდა სისხლის ღვრა მის გასაძევებლად. ვთქვათ, ის თავს ვერ ართმევდა თავის თანამდებობას! საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლება რატომღა დაამხეს; ისინიც ხომ ხალხის უმრავლესობისაგან იყვნენ არჩეულნი?! განა, არ იცოდნენ, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით გაძევება ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით სამშობლოს ღალატის მუხლით ისჯება და უმაღლეს განაჩენს ითვალისწინებს?! ამავე დროს, ყველა ის, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული ამაში, ღვთისგან მსჯავრდებულია, როგორც ძმათა მკვლელი და შეუნანებლობის შემთხვევაში, ცხადია, იმ ქვეყნად კაცის მკვლელთა გვერდით მოხვდება.

კითხვა: ეკუმენისტი სამღვდელო იერარქია, ძალიან ხშირად, ისეთ ქადაგებებს აქვეყნებს პრესაში, რომ ცდილობს, გაამართლოს ღვთისმბრძოლ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი თანაარსებობა; რომ საჭიროა ყველანაირი ხელმწიფების მორჩილება; და გვიმტკიცებს ამას პავლე მოციქულის ამ სწავლებიდან გამომდინარე: ,,არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი”.

რას გულისხმობს პავლე მოციქული ამ სწავლებაში; შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს ღვთისგან დადგენილ ხელმწიფებად ლენინის, სტალინის, შევარდნაძე-ჯაბა იოსელიან-კიტოვანის და ახლა, ბოლოს, მ. სააკაშვილის ხელისუფლება?

პასუხი: აი, როგორ განმარტავს ზემოხსენებული ღირსი მამა თქვენს მიერ მოტანილ სიტყვებს თავის წერილში დიონისესადმი: ,,პოელიკს სწერდი შენ: რას ნიშნავს ეს: ,,არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან? და ეკითხებოდი: ნუთუ, ყოველი უფროსი ღვთისაგან ინიშნება? — და გეტყვი ამის შესახებ: ვგონებ, შენ ან არ წაგიკითხავს პავლეს გამონათქმები ან ვერ გაგიგია ისინი. პავლეს არ უთქვამს, რომ არ არსებობს უფროსობა, თუ არა ღმრთისაგან, არამედ განსჯის თვით უფროსობაზე და ამბობს: არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან. ეს იგივეა, რომ ხალხს ჰყავს უფროსობა: ერთნი უფროსობენ, ხოლო მეორენი ცხოვრობენ მათი უფროსობით — ეს არ ხდება უბრალოდ და შემთხვევით, ისე, რომ ხალხი ტალღების მსგავსად ეტაცებოდეს აქეთ და იქეთ, არამედ პავლეს სიტყვების თანახმად ეს არის ღვთის უდიდესი სიბრძნის საქმე. აკი, უმეთაურობა ყველგან ყველაფერზე საშინელია და ის ხდება მიზეზი არევ-დარევისა და მოუწესრიგებლობისა. ასევეა სხეულში: თუმცა, ის არის ერთი მთლიანი, მაგრამ მასში ყველაფერი არ არის თანაზომიერი, არამედ ერთნი უფროსობენ და სხვები ემორჩილებიან. ამიტომ, უფლება გვაქვს, ვთქვათ, რომ თვით საქმე, ვგულისხმობ ხელისუფლებას, ე. ი. უფროსობასა და მეფის ძალაუფლებას, დაშვებულია ღვთისაგან, რომ საზოგადოება არ დარჩეს მოუწყობელი. მაგრამ თუკი ვინმე უკეთურმა უკანონოდ ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება, მაშინ, არ ვამტკიცებთ, რომ ის ღვთის მიერაა დადგენილი, არამედ ვამბობთ: მასზე დაშვებულია, რომ ან გადმოანთხიოს მთელი თავისი ბოროტება, როგორც ფარაონმა და ამ შემთხვევაში, ხალხმა იტვირთოს უმძიმესი სასჯელი, ან გონს მოაგოს ისინი, ვისთვისაც საჭიროა სიმკაცრეც, როგორც ბაბილონის მეფემ გონს მოაგო იუდეველნი” (წმ. ისიდორე პელუსიელი, თხზულებანი, მ. 1860წ. ნაწილი II).

ღმერთი როგორც გვეუბნება: ,,არა კაც-ჰკლა!”, მაგრამ უშვებს ანუ ბოლომდე ხელს არ უშლის კაცისკვლას, ასევე, გვეუბნება, რომ არაფერი მივიტაცოთ (მათ შორის, ძალაუფლებაც), მაგრამ უშვებს ამას, რომ მკვლელმაცა და მტაცებელმაც ადრე თუ არა, გვიან მაინც პასუხი აგოს, თუ ეს ცოდვა სინანულის ცრემლებითა და შესაბამისი საქმეებით ამქვეყნადვე არ ჩამოირეცხა. ასე, რომ რამდენადაც ღვთის ნება ზოგჯერ მისი სურვილია და ზოგჯერ — მისგან დაშვება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მისი სურვილი უნდა ვეძიოთ და ამოვიცნოთ, რომ ვიყოთ ღვთის ნასურვებნი და არა — მხოლოდ დაშვებულ-მიშვებულნი. ხომ გახსოვთ: ,,ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა!”. ზოგჯერ პატრონიც აუშვებს ხოლმე თავის ცხენს, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვას წიხლი ჰკრას. როგორც მოციქული ამბობს: ,,ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია” (1 კორ. 10, 23).

კითხვა: დღეს ერმა დაივიწყა ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების ცეცხლითა და მახვილით დამხობა და თანაც, იმდენად, რომ ძმათა სისხლის მღვრელ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე დამნაშავეებთან პოლიტიკურ ასპარეზზე გაერთიანებულ ოპოზიციას ტაშს უკრავს, ხოლო ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში ზვიად გამსახურდიას შვილ კონსტანტინეს ვხედავთ „პუტჩის” მომწყობ ბრალდებულებთან, განსაკუთრებით, გამოკვეთილ სახელმწიფო დამნაშავე-აქტივისტ გოგა ხაინდრავას გვერდით. გთხოვთ, განგვიმარტოთ, არის თუ არა ასეთი გაერთიანება ღვთიური და აპატია თუ არა ცოცხლებში გოგა ხაინდრავას, თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანს (მიცვალებულებში ზურაბ ჟვანიას, ჯაბა იოსელიანს, სერგო ორჯონიკიძეს, ლენინს, სტალინს და სხვებს) ღმერთმა ჩადენილი ბოროტება; ხოლო თუ ღმერთს არ მიუტევებია, შეუძლია თუ არა ადამიანს, ასეთი რამ მეორე ადამიანს აპატიოს?

პასუხი: დავიწყოთ წყეული ლენინ_სტალინით! როგორც ცნობილია, რამდენიმე ათეული წლის წინ ერთ მოღვაწე დედას, რომელიც ლენინისათვის ლოცულობდა, ამ უკანასკნელის სული უფალმა გამოუცხადა და უთხრა: უთხრი მას, რომ მკვდრეთით აღვადგენ სამი დღის განმავლობაში, ოღონდ მთელს ქვეყანას აუწყოს, რომ შესცოდა, რაც მოიმოქმედა და შეინანოს! მოისმინა თუ არა ლენინის სულმა ეს უწყება, — არასოდესო, აღმოანთხია და საზარელი ხმებით გაუჩინარდა ჯოჯოხეთის ფსკერისაკენ. სტალინზე კი შეგნებულად არის გავრცელებული ხმები, რომ მან მოინანია 1943წ-ს, გახდა მორწმუნე და მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ეკლესიის საკეთილდღეოდ იღვწოდა… ჯერ ერთი, მას მხოლოდ პირადი ცოდვები არ ჰქონდა და სახალხო ბოროტებანი სახალხოდვე უნდა მოენანიებინა და გადამდგარიყო. სინამდვილე კი, სამწუხაროდ, სხვას გვეუბნება: მაგალითად, ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივან სუსლოვს 1947წ-ს მიუთითებდა, რომ ,,არ უნდა დაგვავიწყდეს ხალხში ათეისტური პროპაგანდა”. იპოდიაკონი ნ. სავჩენკო: ,,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ შკაროვსკის ცნობათა მიხედვით, იმ 14 447 ტაძრიდან, რაც 1949 წ. 1 იანვრისთვის იყო შემორჩენილი, სტალინმა გახსნა 1300-ზე ცოტათი მეტი და ეს იმ დროს, როცა გერმანული ჯარისგან დაპყრობილ მიწებზე 10 000-ზე მეტი გაიხსნა. ამას გარდა, 1948 წ-დან 1953წ-მდე (მის გარდაცვალებამდე — მღვდ. გ. ს.) არცერთი ეკლესია არ გახსნილა, მაშინ, როცა 700-ზე მეტი დაკეტვას დაექვემდებარა. თუ ამ ასეულობით ეკლესიას მივუმატებთ იმ ასეულებს, რომლებიც 1945წ-მდე ყოფილ დაპყრობილ, მაგრამ წითელი ჯარისგან ,,განთავისუფლებულ” მიწებზე დაიხურა, გამოვა, რომ 1943წ-დან 1953წ-მდე სტალინის მიერ უფრო მეტი ეკლესია იქნა დახურული, ვიდრე გახსნილი. ასევე, სტალინს დამსახურებად ვერ ჩაეთვლება გამოშვების დაწყება ,,ჟურნალ მოსკოვსკოი პატრიარხიი”-სა და გახსნა სასულიერო სასწავლებლებისა. იმ წლების ,,ჟ. მ. პ.” (,,ჟურნალ მოსკოვსკოი პატრიარხიი” — მღვდ. გ. ს.) გადავსებულია ,,ღვთივდადგენილი”, ,,ღვთისრჩეული”, ,,ღვთივბოძებული, გენიალური უმაღლესი ბელადის”, ,,ყველა ადამიანის იდეალის”, ,,სოციალური სამართლიანობის ბურჯის”, ,,მომავლის წინასწარმეტყველური ხედვის” მქონესა და ა. შ. სადიდებლებით. მოსკოვის საპატრიარქოს იმდროინდელი საკრებო განჩინებები და წერილები წარმოადგენენ აპოკალიფსის უპირველეს აღსრულებას: ,,თაყვანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ხელმწიფებაი იგი მხეცსა მას; და თაყვანის-სცეს მხეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მხეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა?” (,,გამოცხადება”: 13, 4). ასევე, სრულიად გაუგებარია რედაქციის (ალმანახი ,,პრავოსლავიე ილი სმერტ!”-VII — მღვდ. გ. ს.) აღფრთოვანება, გამოწვეული ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა და წარმომადგენელთა 1948წ. კრების გადაწყვეტილებებით. აი, საბუთები, მოთავსებულნი შკაროვსკის წიგნში ,,რუსული მართლმადიდებელი ეკლესია და საბჭოთა სახელმწიფო 1943-1964 წლებში”: რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბწოს მოხსენება სრულიად რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკთა) ცენტრალურ კომიტეტში 14. 02. 47 და საბჭოს თავმჯდომარე გ. კარპოვის (სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გენერალი — მღვდ. გ. ს.) ცენტრალური კომიტეტისადმი გაგზავნილი წერილი საშუალებას გვაძლევენ, დავინახოთ, რომ კრების ყველა გადაწყვეტილება ამ მოვლენამდე წელიწადნახევრით ადრე იყო დაგეგმილი და შთაგონებული სულაც არ იყო სულიწმინდით, არამედ ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლი ბოლშევიკური პარტიის ინტერესებით” (,,ვერტოგრად-ინფორმ”, 7 (40), 1998; პარიზი, 2001: ,,საეკლესიო” სტალინიზმი — სერგიანული ,,ეკლესიოლოგიის” მეტასტაზი).

ოქტომბრის რევოლუციისადმი მიძღვნილი სხდომა ოდესის სასულიერო სემინარიაში

სამწუხაროდ, ლენინ-სტალინის მსგავსად არც მათ პირდაპირ თუ ,,მოკრძალებულ” მოწაფეებს შეუნანებიათ იმჟამად თუ ამჟამად. უნანელ ადამიანს კი, რა თქმა უნდა, ღვთისგან არ მიეტევება. ხოლო ვისაც ღვთისგან არ მიტევებია, მას სხვა, ბუნებრივია, ვერ მიუტევებს — სხვის ვალს მოვალეს გარდა ვინ გააუქმებს?!

თქვენ განსაკუთრებით გამოჰყავით გ. ხაინდრავა, რომელზეც შეგვიძლია, ვთქვათ შემდეგი: მას ნამდვილად ახასიათებს ვაჟკაცური თვისებები, მაგრამ თუნდაც დადებითი მუხტი თუ სწორი მიმართულებით არ წარიმართა, უარყოფითად იქცევა და გაქცევს უარეს შემთხვევაში ბარაბად, ხოლო უკეთეს შემთხვევაში — ბარ-კოჰბად. ის და მისი სამეგობრო რომ ეროვნული ხელისუფლების გვერდით დამდგარიყო, შესაძლოა, ის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერც მოეხერხებინათ, ყოველ შემთხვევაში, ქართველთა ხელით. სამწუხაროდ, ჩვენთვის დამახასიათებელი სიამაყე და ურთიერთგაუტანლობა გვღუპავს პიროვნულადაც და ეროვნულადაც. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გადაიკიდა მტრად ეს კაცი დღევანდელმა ხელისუფლებამ მაინც? ნუთუ, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობიდან მხოლოდ მან გაბედა და გამოესარჩლა უმოწყალოდ მოკლულ ბიჭებს?! იმ სახელმწიფო დანაშაულის საჯარო აღიარება, რაც მან სამხედრო დამნაშავეთა გვერდზე დგომით ჩაიდინა, მის ვაჟკაცობას მხოლოდ დაამშვენებს.

კითხვა: ასევე, გაუკეთეთ კომენტარი, შეიძლება თუ არა ილაპარაკოს მ. სააკაშვილის ხელისუფლებამ სამოქალაქო სამართლის უზენაესობაზე, მაშინ, როდესაც საკუთარი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე ჰყავდა დადგენილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებული ორი გამოჩენილი სახემწიფო დამნაშავე: ზურაბ ჟვანია და გოგა ხაინდრავა, ხოლო „პუტჩის” მომწყობი ლიდერი-დამნაშავე ციხის მაგივრად კრწანისის რეზიდენციაში უზით?!

პასუხი: საქართველოს ჰყავს კონსტიტუციურად კანონიერი ხელისუფლება — 1990წ. 28 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი (უზენაესი საბჭო) და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც დღემდე იდევნებიან. ეს მათ უნდა დანიშნონ არჩევნები და სწორედ ამ გზით მოსული ხელისუფლება იქნება სამართალმემკვიდრე ეროვნული ხელისუფლებისა; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დღევანდელი ხელისუფლებაა არალეგიტიმური (ისევე, როგორც მისი წინამორბედი — „რევოლუციით” ჩამოგდებული), უკანონო იქნება ის ხელისუფლებაც, რომელიც არსებულის მიერ დანიშნული არჩევნებით მოვა, რადგან კანონიერი ხელიუსუფლების წარმომადგენელნი ცოცხალნი და იურიდიულად მოქმედნი არიან.

კითხვა: მძიმე გადასატანია ის მოვლენა, რომ მ. სააკაშვილის სახით უღვთოობა აირჩიეს ისეთი ღვთისმოყვრე პრეზიდენტის მიმდევარმა მასებმა, როგორიც ზვიად გამსახურდია იყო; ხოლო ახლა ტელეკომპანია „იმედზე” ვნახეთ, ზვიად გამსახურდიას როგორ ადარებდა მ. სააკაშვილს ერთი ქალბატონი (თუ არ მეშლება, ეკატერინე ხერხეულიძე). გთხოვთ, განმარტება მოგვცეთ: ნუთუ, შეიძლება ზვიად გამსახურდიას შევადაროთ ისეთი ღვთისმბრძოლი, რომელმაც მძიმე ტექნიკით შეანგრია გლდანში არსებული ტაძრის კარები და მღვდელი ციხეში გამოამწყვდია? გთხოვთ, თქვენი აზრი მოგვახსენოთ, ამ ქალბატონის სახით და საერთოდ, ზვიად გამსახურდიასა და მ. სააკაშვილის მსგავსებას ვინც ამტკიცებს, რა სულიერ დაბრმავებასთან გვაქვს, ასეთ შემთხვევაში, საქმე?

პასუხი: ლომს ვეფხვიც ჰგავს და კატაც. ნეტავ, რომელ მსგავსებას გულისხმობენ — ვეფხვისა ლომთან თუ კატისა ვეფხვთან?!

კითხვა: გთხოვთ, განმარტება მოგვცეთ — მართლმადიდებლობასთან მიმართებაში რა ორგანიზაციებია ევროსაბჭო, ,,გა. ერ. ო.” და ,,ნატო.” და რატომ არიან ისინი დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, საქართველოს ბედით ასე ძლიერ დაინტერესებულნი და თანაც, იმდენად, რომ ისეთ ძლიერ სახელწიფოს, როგორიც რუსეთია, ოპოზიციაში უდგანან; მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის საკითხში ყველა, რუსეთთან ერთად, ერთსულოვანი შეთქმულებით გაერთიანდა; გახსოვთ, ალბათ, ე. შევარდნაძეს მილოცვა მილოცვაზე მისდიოდა ზვიადის („ჩაუშესკუ”) დიქტატორული რეჟიმის დამხობაზე, ამერიკიდან დაწყებული, ვაცლავ ჰაველით დამთავრებული; ხედავთ თუ არა ამაში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მასონურ-გლობალისტურ შეთქმულებას?

პასუხი: თქვენს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკურ-სამხედრო დაწესებულებები წარმოადგენენ იმ იარაღებს, რომლებითაც ბატონობენ და მსოფლიოს იპყრობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. გავიხსენოთ, რატომ მაინცდამაინც მართლმადიდებლურ ქვეყანაში „გაიმარჯვა” ღმერთმებრძოლმა რევოლუციამ და შემდეგ, მისი ხელით, ძირითადად, მართლმადიდებელი ერები (საქართველო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) დაიპყრეს?! — სატანა, რა თქმა უნდა, ცდილობს, სწორედ ღვთის სწორად მადიდებელი ხალხები ჩაიგდოს ხელთ, თორემ, არამადიდებელი და არასწორად მადიდებელი ისედაც მის ბადეშია გახვეული. თქვენს მიერ ხსენებული ძალები, კარგა ხანია, აღარც მალავენ, რომ ამყარებენ ,,მსოფლიოს ახალ წესრიგს”, რაც წარმოადგენს მათ მიერ შედგენილი პირამიდის მწვერვალს, რომლის სათავეშიც ტახტს დაუდგამენ წყეულ ანტიქრისტეს. ამ დაგეგმარებასა და სვლა-გეზში არ ჩაჯდა თქვენს მიერ ხსენებული ხელისუფლება, რომლის მართლმადიდებლურ-ეროვნული პოლიტიკაც შეფასდა ,,დინების საწინააღმდეგო ცურვად” და განაჩენიც ამის გამო გამოუტანეს.

მამა გიორგისგან ინტერვიუ აიღო ი. ღუდუშაურმა

2006 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: