მ. ზურაბი-ინტერვიუს გაგრძელება

ლინკი: ინტერვიუს დასაწყისი

რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შევედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

რა საეკლესიო კანონის საფუძველზეც წმ. იოანე გუთელი (მისი ხსენება წელიწადში ორჯერ არის საქართველოში) ჩამოვიდა საქართველოში და ეპისკოპოსად კურთხევა მიიღო, რადგანაც მთელს აღმოსავლეთში საყდრებს ხატმბრძოლები განაგებდენ. მანახეთ საქართველოში ერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და ვიტყვი, რომ შევცდით ასე შორს რომ მოვიძიეთ ეპისკოპოსები.

ბერ-მონაზვნობას და სამრევლოებს თბილისში, ქუთაისში, გურიაში ეკლესია სჭირდებოდათ, ღვთისმსახურება, საღმრთო საიდუმლოებების მიღება და მათში მონაწილეობა, ანუ, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, ცხონება. ხოლო ამ ყველაფერს კი ეპისკოპოსი სჭირდება.. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. – „და მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი, დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა; ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა, რათა არღარა ვიყუნეთ ყრმა ჩვილ, ღელვააღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღვრებისასა, სივერაგითა კაცთათა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა“ (ეფეს.4, 1114)

ვლასტარის ალფაბეტურ სინტაგმაში, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტორიტეტულ კანონიკურ ძეგლადაა მიჩნეული, განსაზღვრულია პატრიარქის (პირველიერარქი ეპისკოპოსის) ფუნქციები. მასში ვკითხულობთ: „პატრიარქი არის ცოცხალი ხატი ქრისტესი საქმითა და სიტყვით, იგი არის ეშმარიტების წურწელი. პატრიარქი მოწოდებულია ცხონების გზით ატაროს მისთვის ჩაბარებული სულები, იცხოვროს ქრისტეში და მიბაძოს პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს: „სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე – სოფლისა“ (გალ. 6,14). პატრიარქი ყველას ერთნაირად უნდა ეპყრობოდეს, არ უნდა შეეშინდეს და შერცხვეს წეშმარიტებისა და დოგმატების დაცვისა, აგრეთვე სიმართლის თქმისა და კეთილმსახურებისაკენ მოწოდებისა თვით მეფეთა წინაშეც კი. ის ერთია დადგენილი შუამდგომლად და მსაჯულად სინანულისა და მოსაქცევად ცოდვათა და მწვალებლობათაგან„.

ამრიგად, სწორედ ეპისკოპოსი არის ღმერთისგან დადგენილი იერარქი და მხოლოდ მის მიერ მიჰმადლებს უფალი სული წმიდის ნიჭებს სამღვდელო დასს, ანუ კლიროსის ქვემდგომ იერარქიას – პრესვიტერებსა და დიაკვნებს. ასე რომ, ყველა საიდუმლოს და მღვდელმოქმედებას ეკლესიაში აღასრულებს მხოლოდ ეპისკოპოსი, ან თვითონ უშუალოდ ანდა სამღვდელოების მეშვეობით, როგორც ამას წმ. დიონისე არეოპაგელი გვასწავლის.

წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი იმავე მიმართებაში აყენებს ეკლესიას ქრისტესადმი, როგორშიც ქრისტეა მამა ღმერთისადმი. მეორეს მხრივ, მართალნი (სამღვდელოება და მრევლი) შეერთებულნი არიან ეპისკოპოსთან ისევე, როგორც ეკლესია იესო ქრისტესთან და როგორც ქრისტე მამასთან, რათა ყოველივე თანხმობაში იყოს ერთიანობით („ეფესელთა მიმართ“). ამრიგად, წმ. ეგნატეს სწავლებით, ეპისკოპოსი არის ხატი ქრისტესი, რომელიც ერთობაშია თავის სამწყსოსთან ისევე, როგორც ქრისტე მამასთან და ქრისტე ეკლესიასთან, ანუ „ერთ ხორც„ (ეფეს.5,2932). ეს არის საიდუმლო ეპისკოპოსის ერთობისა თავის ეკლესიასთან!

როგორც ქრისტე არის ერთარსი მამისა ბუნებით და მადლით, ასევე, ეპისკოპოსიც, სრულ ერთობაშია ეკლესიასთან სარწმუნოებაში და სარწმუნოების საქმეებში. შეუძლებელია, ეკლესიაში, ეპისკოპოსსა და მრევლს სხვადასხვა სარწმუნოება ჰქონდეთ, ისევე, როგორც შეუძლებელია სხვადასხვა ბუნება ჰქონდეთ ქრისტეს და მამას! წმ. ეგნატესათვის მართლმადიდებლობის კრიტერიუმი ეპისკოპოსის სარწმუნოებაა, ყველა (სამღვდელოება და მრევლი) სრულ თანხმობაში უნდა იყოს ეპისკოპოსთან. ამასვე ევედრება კორინთელებს წმ. პავლე მოციქული: „რათა მასვე იტყოდეთ ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა„ (1კორ. 1,10).

„ეკლესიის წინამძღოლის – ეპისკოპოსის მიხედვით ცხონდება ანდა ხიფათში ვარდება მთელი ეკლესია“ (წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი, წერილი #34).

ხოლო წმ. ირინეოს ლიონელი უფრო შორს მიდის: – „წმ. ირინეოს ლიონელი მწვალებელთა რანგში აყენებს იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც საკუთარ სიამოვნებას ემსახურებიან, ქედმაღლობენ თავიანთი თანამდებობოთ და ფარულად მრავალ ბოროტებას სჩადიან. იგი მოუწოდებს ქრისტიანებს განეშორონ ანუ გაწყვიტონ ერთობა ყველა ასეთთან“ («Против Ересей», IV, 26, 3-4). მართლმადიდებლობის კრიტერიუმად წმ. მამა „სამოციქულო ხელდასხმას, შეურყვნელ, უმწიკვლო სწავლებას და ზნეკეთილ, უბიწო ცხოვრებას“ (იქვე, 26,5) მიიჩნევს.

შეგვიძლია გავაგრძელოთ  მოციქულთა და მამათა ციტირება ამ საკითხზე, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი ინტერვიუს ფორმატს გაუწირდება ამ ზღვა მასალის დატევნა.

ასე, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად გვჭირდებოდა და როცა დრო მოვა, აქ საქართველოში ადგილობრივი ეპისკოპოსიც გვეყოლება!

კითხვა: დაგვიხასიათეთ, თუ შეიძლება, ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც განუდეგით ქართული ოფიციალური ეკლესიის სინოდს თავის დროზე; და რატომ უწოდებენ სქიზმას თქვენს ეკლესიურ ერთობას; და რა კანონის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს თქვენი მღვდელოქმედება და საეკლესიო ერთობა სქიზმად? ე.ი. გთხოვთ, კანონიკურად განმარტოთ რა არის სქიზმა და რა არის დედაეკლესია?

პასუხი: მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრეთ უკვე. რაც შეეხება სქიზმას. სქიზმა მაშინ იქნებოდა, თუ ჩვენ ორგზისი კრების მე-13, მე-14 და მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვიქცეოდით და საეკლესიო ერთობას დავარღვევდით, სხვადასხვა არა სარწმუნოებრივ მიზეზთა გამო!

წმ. ბასილი დიდი ამბობდა: ეკლესიაში სქიზმა შემოაქვს მას, ვისაც ეკლესიაში შემოაქვს სიახლე. თქვენ განსაჯეთ, ვის შემოქონდა 1962 წლიდან ეკუმენისტური სიახლეები ეკლესიაში? (ამ წლიდან მონაწილეობდა ილია II ეკუმენიზმში, 1961 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად)!

რაც შეეხება წმ. მამათა სიტყვას, რომ ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნებაო, ზედმიწევნით ესადაგება სხვადასხვა მწვალებლობათა რელიგიურ სინკრეტიზმში ათქვეფილ ე.წ. ოფიც. მართლმადიდებლურ საყდრების მპყრობელებს. ტყუილად ჰგონიათ ზოგიერთებს, რომ დედაეკლესია განისაზღვრება ადგილდებარეობის, ისტორიულობის, ეროვნულობის ან სხვა რაიმე ამასოფლიური ნიშნით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები თქმული ებრაელი ერის მიმართ –

  • „9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
  • 10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.” (მათ. 3,9-10)
  • 11. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.
  • 12. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. (მათ. 8,11)
  • 39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. (იოან. 8,39)
  • 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. (იოან. 8,58).

მაცხოვრის მიერ ნათქვამი სიტყვები  დღემდე ძალაში რჩება. სადაც არ არის ღმერთის ჭეშმარიტი მსახურება, ანუ სადაც არ არის მართლაღმსარებლობა ჭეშმარიტებისა, იქ არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ეკლესია!

„აწ უკვე სარწმუნოებაი სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაი სიტყვითა ღმრთისაითა„ – (რომ.10, 17) კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარებაი მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: ამას კლდესა ზედა, ესე იგი არს მართლაღსაარებასა, აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მათ. 16, 18). აწ უკუე მაუწყეთ, თუ რომელსა პირსა, ანუ რომელსა სიტყუასა ზედა იქმნა ერთობაი ეგე, და უკუეთუ კეთილად იქმნა, არცა მე უცხო ვიქმნე მართლისა წესისაგან. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ცხოვრება)

წმ. მაქსიმე აღმსარებლის ეს ბრწყინვალე განმარტება ეკლესიისა დღევანდელ ჭეშმარიტ მართლმადიდებელთათვის დიდი სულიერი ნუგეშინისცემაა! ასე, რომ დედაეკლესია არის იქ, სადაც ჭეშმარიტების ერთგულებაა და არა ეკუმენიზმისა ან სხვა რამ წვალებისა!

კითხვა: გთხოვთ, დაახასიათოთ ასევე, მსოფლიო ოფიციალური ეკლესიების დღევანდელი კანონიკური მდგომარეობა, სინამდვილეში არიან ისინი მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ, თუ ატყუებენ ერებს და რაში მდგომარეობს მათი ეს ტყუილი?

პასუხი: რომელ საეკლესიო კანონებს არღვევენ დღევანდელი ოფიც. საპატრიარქოები?

მოციქულთა კანონები 10, 11, 30, 45, 46, 65, 71. პეტრე-პავლეს განწესებანი 8,9, 10 11. ლაოდიკია6, 9, 14, 33, 31 34, 39. ანტიოქიის 1, 2. მე-7 მსოფლ. საეკლ. კრება 1.

აი, მათი კანონიკური მდგომარეობა!

სახელგანთქმული კანონისტი ნიკოდიმოს მთაწმიდელი წერს: „ეს წიგნი (პიდალიონი — „დიდი სჯულის კანონი“) არის ღმრთაებრივი წერილი წმიდა წერილის შემდეგ, აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის შემდეგ. ეს წიგნი არის მარადიული საზღვრები, რომლებიც ჩვენმა მამებმა დაგვიწესეს, კანონები, რომლებიც მსოფლიო და ადგილობრივმა კრებებმა სულ წმიდისაგან მიიღეს. ეს წიგნი წეშმარიტად საწეა („პიდალიონი“ ნიშნავს საწეს) კათოლიკე ეკლესიისა, რომლის მართვითაც ეკლესია თავის მეზღვაურებსა და მგზავრებს, ვგულისხმობ სამღვდელოებასა და მრევლს, ცათა სასუფევლის მშვიდ ნავთსაყუდელში მიიყვანს“.

მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონებსა და განწესებებს ჩვენ ვღებულობთ, როგორც თვით წმიდა სახარებებს თანახმად VI მსოფლიო კრების 2 კანონისა და ნოველათა II ტიტულის 3 მუხლისა ( იგულისხმება წმ. იმპერატორ იუსტინე დიდის „ნოველები“), სადაც ვკითხულობთ: „შვიდი მსოფლიო კრების კანონები და დოგმატები ისევე უნდა იქნას დაცული, როგორც საღმრთო წერილი“. აქედან ჩანს, თუ რატომ ვღებულობთ და ვაღიარებთ წმიდა კრებათა კანონებს ისევე, როგორც წმიდა წერილს, რადგანაც ისინი ღმერთშემოსილ მამათა მიერ არიან დამტკიცებულნი, რომელნიც ღმერთმა ეკლესიაში მასწავლებლებად დაადგინა, ისევე, როგორც მოციქულები და წინასწარმეტყველები (1 კორ. 12; 28). მათ მიერ დადგენილი კანონები ღმრთივშთაგონებულნი არიან, ვითარცა საღმრთო წერილი ისინი არიან „სანთელნი მთებარენი ადგილსა შინა წყვდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს“ (2. პეტრე. 1; 19). რამეთუ სული წმიდა, რომელიც მოციქულთა მიერ მეტყველებდა, ასევე მეტყველებს ღმერთშემოსილ მამათა მიერ“ („აღმოსავლეთის პატრიარქთა პასუხები ანგლიკანთა შეკითხვებზე“. 1716-1725 წ.)

ვგონებ, ჩემი კომენტარები ზედმეტი იქნება!

კითხვა: გვესაუბრეთ, თუ შეიძლება, ევქარისტიაზეც, რა არის ევქარისტიული ერთობა, და თუ საქართველოს საპატრიარქო გამოვიდა “ეკლესიათა მსოფლიო საბწოდან“ მაგრამ მაინც იმყოფება “ეკლესიათა მსოფლიო საბწოს” წევრ ეკლესიებთან ევქარისტიულ ერთობაში, ნიშნავს თუ არა ეს, მძიმე სახის ერეტიკული სახის ცოდვას?

პასუხი: ქრისტეში ერთობას ევქარისტიული ერთობა ჰქვია. მისი გამოხატულებაა ლიტურგიკული ერთობა, სადაც და რომლის დროსაც ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და ყველა ჭეშმარიტი მაზიარებელი ქრისტეს იღებს თავის თავში, ხოლო ქრისტეში ჩვენც ყველანი ერთმანეთის თანაზიარნი ვხდებით, და მყარდება ჩვენს შორის მისტიური ერთობა მაცხოვრის აღთქმისაებრ. ანუ რწმენა მაცხოვრის ამ სოფლად მოტანილი სწავლებისა და მისი ერთგულება განაპირობებს ზიარების ჭეშმარიტებას. თუ სხვადასხვა სარწმუნოებათა მატარებლები ერთად ეზიარებიან, რაღა თქმა უნდა, ისინი ქრისტეს ვერ ეზიარებიან და ამიტომაც, არც მათი ერთობა, ანუ ეკლესია, იქნება თანაზიარი ქრისტესი. აი, რას გვასწავლიან წმიდა მამები  –  „სასჯელად გინა დასასჯელად ეზიარება ყველა, ვინც უგუნური დაუდევრობით მწვალებელთან ან განხეთქილების მოქმედთან ეზიარება, ისინი მწვალებლების მსჯავრით განისჯებიან“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წერილი #62). წმ. ბასილი დიდი იმდროინდელ მდგომარეობას ეკლესიაში „ღამის ბრძოლას“ უწოდებდა, როდესაც შეუძლებელია მტერ-მოყვარის გარჩევა. მისი თქმით, მწვალებლები, „ბოროტი განზრახვით ამახინჯებდნენ რა სწავლებას, ჭეშმარიტების საბურველში ხვევდნენ მას და ამით ატყუებდნენ მრავალს. ასე მიაჩვიეს მათ უბრალო ხალხი ერეტიკულ სიცრუეს. ეკლესიის ყოფილ მრევლს უწმიდური პურით აპურებენ. იმათაც რა ქნან? ყველაფერი მწვალებლების ხელშია: ნათლობა, წესის აგება, სნეულთა დახმარება, მწუხარეთა ნუგეშისცემა, გაწირვებულთა შეწევნა, ყველანაირი დახმარება, ზიარება. რაკი ყოველივე ამას ხალხისათვის მწვალებლები ასრულებენ, ეს მწვალებლებთან ერთსულოვნების კვანძად იქცევა“ (წმ. ბასილი დიდი, წერილი #235). მაშინაც ძალიან მძიმე დრო ედგა წეშმარიტ ეკლესიას. „ერთობა მართლმადიდებლებთან და ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა წეშმარიტების მტრებთან“ (ბასილი დიდის წერილი ევსევი სამოსატელისადმი). აი, პრინციპი რის მიხედვითაც მოქმედებდა წმ. ბასილი დიდი და ჩვენც კარგი იქნება თუ დავუჯერებთ მას.

ამიტომაც გვმართებს გაფრთხილება ქრისტეს სარწმუნოებისა და მისი ერთგულება, რომ მისი ნაწილები ვიყოთ და მადლის მიერ განვეღმრთოთ მასთან ზიარებით. და ამიტომაც მართებს ეკლესიას ქრისტეს მიერ წეშმარიტი მორწმუნეობა და დგომა წეშმარიტებაზე. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება წეშმარიტი ერთობა ანუ ეკლესია!

მოკლედ, რომ ითქვას, ევქარისტიული ერთობა არის ერთობა იესო ქრისტეში, ყველა მისი ჭეშმარიტი მორწმუნისა, ანუ მათი, ვინც ქრისტეს სწავლების დაუმახინჯებელი აღმსარებელია. ვინ ამახინჯებს ქრისტეს სწავლებას? მწვალებლები და მათთან რელიგიურ-რიტუალურ ერთობაში მყოფი ე. წ. ოფიც. მართლმადიდებლური საყდრები!

ამიტომ ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ საქ. ოფიც ეკლესია რადგან განცხადებით, ანუ სიტყვით გამოვიდა ე. მ. ს-დან და კ. ე. ც-იდან, ამიტომ აღარ არის მწვალებლობათა მთელი ნაკრების, ანუ ეკუმენიზმის თანაზიარი. ვისთანაც ვიმყოფებით ევქარისტიულ ერთობაში, მისი სარწმუნოების თანაზიარნიც ვხდებით (თუ რა თქმა უნდა, ეს სარწმუნოება ერეტიკოსთა მხრიდან გაცხადებულია, ანუ საჯაროა, როგორც ეკუმენიზმის შემთხვევაშია).

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, თუ რა არის ახალმესტილეობა და რა სახის ცოდვას წარმოადგენს ახალი სტილის კალენდრის მიმდევრობა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ძველი სტილით მოქმედებენ, ახალმესტილეებთან ერთობით რა კანონიკურ დარღვევას და ცოდვას სჩადიან?

პასუხი: პაპის გრიგორი XIII მიერ ახალი სტილის შემოღებისთანავე მსოფლიო პატრიარქმა იერემია II მაშინვე, 1582 წელს, თავის სინოდთან ერთად დაგმო დროის ახალი რომაული აღრიცხვა, როგორც უთანხმოებაში მყოფი მართმადიდებელი ეკლესიის გადმოცემასთან. მომდევნო, 1583 წელს, პატრიარქმა იერემიამ ალექსანდრიის პატრიარქის სილიბისტროსა და იერუსალიმის პატრიარქის სოფრომ VI მონაწილეობით მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო რომის ეკლესიაში გრიგორიანული კალენდრის შემოღება, როგორც მთელი მსოფლიო ეკლესიის საწინააღმდეგოდ წმიდა აღდგომის დღის დადგენის შესახებ I მსოფლიო კრების დადგენილების დამრღვევი მოვლენა. ეს კრება, 1583 წლის 20 ნოემბერს, მოუწოდებს მართმადიდებლებს მტკიცედ და უდრეკად,  სისხლის დათხევამდეც კი დაიცვან მართმადიდებლური კალენდარი და იულიანური პასქალია, ხოლო ამ დადგენილების ყველა დამრღვევს უცხადებს ანათემას, მართმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთას. ასეთივე გადაწყვეტილების შესახებ კონსტანტინეპოლის კრებამ აცნობა აღმოსავლეთის ყველა ეკლესიას, მოსკოვის მიტროპოლიტ დიონისეს, იონიის კუნძულების ეკლესიას, დასავლეთ რუსეთში მართმადიდებლობის სახელგანთქმულ დამცველს, თავად კონსტანტინე ოსტროჟსკის, ვენეციის დოჟს, ნ. დაპონტეს და საეკლესიო შფოთის აღმძვრელს გრიგორი XIII-ს.

ასევე, აბსოლუტურად უარყოფითად უდგებოდნენ ახალი სტილის შემოღებას მსოფლიო პატრიარქები და მათთან ერთად მთელი მსოფლიო ეკლესია მომდევნო საუკუნეებშიც. მაგალითად, კონსტანტინეპოლის პატრიარქი კალენიკე XI და ანტიოქიის პატრიარქი ათანასე (1686-1728) მოწმობდნენ, რომ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა კათოლიკეებთან ერთად არის მარხვების შესახებ მართმადიდებელი ეკლესიის დადგენილების უარყოფა, ხოლო რომაული ეკლესიის წესდების გამოყენება — მართლმადიდებლობის ღალატი და წმიდა მამათა ანდერძებიდან განდგომა, რაც დამღუპველია მართმადიდებელი ეკლესიის შვილებისთვის. ამიტომ თითოეული ქრისტიანი ვალდებულია იდღესასწაულოს აღდგომა და მასთან დაკავშირებული სადღესასწაულო დღეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის პრაქტიკისა და არა მისგან განსხვავებული, რწმენის თვალსაზრისით ჩვენთვის უცხო დასავლური ტრადიციის შესაბამისად. მსოფლიო პატრიარქი კირილე V თავის მრგვლივმავალ ეპისტოლეში 1756 წელს ყველა ქრისტიანს, ვინც ახალი სტილი მიიღო, შეაჩვენებს წარმავალ და ამქვეყნიურ და მარადიულ ცხოვრებაში.

ახალი სტილის მიღებისგან, როგორც უდიდესი ცოდვისგან მართმადიდებელი ქრისტიანების გაფრთხილების მიზნით მსოფლიო პატრიარქი ანთიმოს VI აღმოსავლეთის სხვა პატრიარქებთან: ალექსანდრიის პატრიარქ იეროთეოზთან, ანტიოქიის — მეთოდესთან, იერუსალიმის — კირილესთან და მათ სინოდებთან ერთად 1848 წლის ეპისტოლეში ერთიანი კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სახელით ამგვარ აზრს გამოთქვამს აღმსარებლობის შესახებ: „ჩვენთან არც პატრიარქებს, არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან მართმადიდებლობის შემნახველი ჩვენთან თავად ეკლესიის სხეული, ანუ ხალხია, რომელსაც ყოველთვის სურს, შეინარჩუნოს რწმენა უცვლელად, მამების რწმენის შესაბამისად… და გვქონდეს აღმსარებლობა, რომელიც მივიღეთ მათგან, წმიდა მამებისგან, განვუდგეთ ყოველგვარ სიახლეს, როგორც ეშმაკის შთაგონებას, რომელსაც თუ კი ვინმე მიემხრო ან საქმით, ან სიტყვით, ან გულისთქმით, მან უკვე უარყო ქრისტეს რწმენა, უკვე ნებაყოფლობით დაექვემდებარა მარადიულ ანათემას სულიწმიდის გმობისთვის, რომელიც თითქოს არასრულყოფილად მეტყველებს წმიდა წერილისა და მსოფლიო კრებების საშუალებით. ასე რომ, ყველა, ვინც სიახლეს ემხრობა, — ერეტიკოსი იქნება ის თუ განხეთქილების ჩამომგდები, ნებაყოფლობით იმოსება წყევით, როგორც სამოსლით (ფსალ. 108,18), მიუხედავად იმისა, პაპები არიან, პატრიარქები თუ ერისკაცები. ანგელოსიც რომ იყოს ზეციდან — ანათემა მას”.

1902-1904 წლებში ცნობილი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის, იოაკიმე III ინიციატივით კონსტანტინეპოლის, იერუსალიმის, საბერძნეთის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთისა და ჩერნოგორიის ავტოკეფალურმა ეკლესიებმა, თავისი წარმომადგენლების სახით, უარყვეს კალენდრის – პაპი გრიგორი მეცამეტესეული რეფორმა.

იგივე აზრი გამოთქვა, სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებამ 1917-18 წლებში, და გამოიტანა დადგენილება, საეკლესიო დროის აღრიცხვის ძველი სტილის მიყოლის თაობაზე. ამ დადგენილების მიღებისას, მოსკოვის კრებამ, სხვა საფუძვლებთან ერთად გაითვალისწინა, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, მამა დიმიტრი ალექსანდრეს ძე ლებედევის აზრი, რომელიც სამეცნიერო-ასტრონომიური და საეკლესიო-კანონიკური მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა გრიგორიანულ სტილთან ყოველგვარი დაახლოების დამღუპველობას და უპირობო უპირატესობას იულიანურ სტილს ანიჭებდა.

სამწუხაროდ, 1923 წელს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის მელეტის1) მიერ მოწვეულმა სრულიად მართლმადიდებლურმა კონგრესმა2) დაარღვია წმიდა ტრადიციები, რომლებსაც ასეთი მოშურნეობითა და სიწმინდით იცავდნენ მსოფლიო პატრიარქები საუკუნეების განმავლობაში. ამ კონგრესზე გადაწყვიტეს ახალ სტილზე გადასვლა. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი მოსახლეობა საშინელი აღშფოთებით შეხვდა ამ ანტიკანონიკურ სიახლეს. პატრიარქი მელეტი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ამის მიუხედავად კონსტატინოპოლის შემდეგმა პატრიარქმა გრიგორიმ 1924 წელს სცადა შემოეღო ახალი სტილი ყველა უძრავი დღესასწაულისათვის, ხოლო დროებით, მსოფლიო კრების მოწვევამდე, აღდგომისა და მასთან დაკავშირებული დღესასწაულები აღენიშნათ ძველი პასქალიის მიხედვით. საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალურ ორგანოში, ჟურნალში „ეკლეზია” და ზოგიერთ რუსულ გაზეთში, თავისი და სინოდის სახელით, მან დაბეწდა სიგელი კონსტატინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ სტილზე გადასვლის შესახებ.

კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ათანასეს გავლენით რუმინეთის ეკლესიამაც შემოიღო ახალი სტილი უძრავი დღესასწაულებისთვის. მაგრამ აღმოსავლეთის — ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის — პატრიარქებმა თავისი საპატრიარქოების წმინდა კრებებთან თანხმობით, გადაწყვეტით უარყვეს არსებული საეკლესიო დროის აღრიცხვის3) შეცვლის საკითხი. ასევე უარყოფოთად განეწყო პატრიარქ გრიგორის სიგელის მიმართ ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიაც.

ამ სიგელის საპასუხოდ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა მსოფლიო პატრიარქს ამცნო, რომ თუმცა მან მიიღო სიგელი 10 მარტიდან ახალი სტილის შემოღების შესახებ, მაგრამ რუსულ ეკლესიაში ახალი სტილის შემოტანა შეუძლებელი აღმოჩნდა ხალხის შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო. სრულიად უარყოფითად შეხვდნენ საეკლესიო დროის აღრიცხვაში ახალი სტილის შემოტანას საზღვარგარეთ მყოფი რუსი მღვდელმთავრების კრებები, რომლებიც 1923, 1924 და 1925 წლებში შედგა.

ჩვენ იმ მართლმადიდებელ ეკლესიებთან უნდა ვიყოთ, რომლებიც კანონიკური დადგენილებების საფუძველზე მკაცრად, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე მიყვებიან ძველ სტილს, თავის საეკლესიო ცხოვრებაში. ეს დადგენილებები უნდა იყოს ურყევი, რადგან წარმოადგენენ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ერთ-ერთ საფუძველს.

ჩამოიტვირთეთ ინტერვიუს დასასრული


ლინკი: ინტერვიუს დასასრული

მამა ზურაბთან ინტერვიუ მოამზადა „დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრეს-სამსახურმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: