მღვდ. გ. სხილაძე – პირადული წერილები

მამა გიორგი (სხილაძე) და ქართველი ემიგრანტი (აწ გარდაცვლილი) ქაიხოსრო ჯაყელი

  • ჩვენ შევეკითხეთ მამა გიორგის, თუ ამ სურათზე ვინ ბრძანდებოდა სათნო სახის ხანდაზმული ადამიანი, ვისაც ლოცვას უკითხავს და მივიღეთ შემდეგი პასუხი (რომელიც გვსურს, გამოვაქვეყნოთ, რათა საქართველომ გაიგოს ამ კეთილშობილი ქართველი ემიგრანტის ვინაობა და ღვთივსათნოებით აღსრულებული სიკეთე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!):

ქაიხოსრო ჯაყელი გახლდათ ნოე ჟორდანიას მთავრობის საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ჯაყელის შვილი, რომელიც დაიბადა თბილისში 1919წ. და ორი წლისა იყო, ემიგრაციაში რომ წამოიყვანეს მშობლებმა. სიცოცხლის ბოლოს ცხოვრობდა ლევილის ქართულ სახლში, სადაც შემიფარა მეუღლესთან ერთად და რამდენადაც შვილი არ ჰყავდა, ჩვენ ვიყავით მისი შვილებიცა და შვილიშვილებიც. რაც შეეძლო, დიდი ამაგი გასწია ჩვენზე და სხვა ახალჩამოსულ ქართველებზე, რომლებიც მას სიყვარულით ბაბუ კოკას ვეძახდით. აღიზარდა რა ათეისტურ საფრანგეთში, ღვთის მორწმუნე მოხუცებულობაში შეიქნა, მაგრამ საქართველო კი ყოველთვის უყვარდა. ძველი ემიგრაციიდან ერთადერთი ის გახდა ჩვენი ანუ ახალი ემიგრაციის ეკლესიის მრევლის წევრი და დღესაც ჩვენი სამლოცველო სახლი მის მიერ შემოწირული ნივთებითაა განმშვენებული. აღსარებებით განწმენდილი აღესრულა 86 წლის ასაკში. როგორც ჩვენი საკუთარი ოჯახის წევრი, ისეთი დიდი გულისტკივილით დავკრძალეთ ლევილის ქართულ სასაფლაოზე…
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ჩვენთვის მონატრებული სული!

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის განყოფილების პრეს-ცენტრს

თქვენი ელ-გვერდის განყოფილებაში — „კომენტარები“ — გავეცანით ბოლო გამოხმაურებებს, რომლებშიც ზოგიერთისგან დასმულია იგივე (ზოგჯერ, პირადული) საკითხები, რომლებზეც ჯერ კიდევ 2003წ. გაზაფხულზე წერილობით ვუპასუხეთ საქ. საპატრიარქოს ერთ-ერთ მღვდელმსახურს (რომელთანაც ადრე კარგი ურთიერთობა გვქონდა და რომლის ვინაობასაც მასთან შეუთანხმებლად ვერ დავასახელებთ; და ამას არცა აქვს არსებითი მნიშვნელობა). რამდენადაც, ამ „კომენტარებში“ ზოგგან უარყოფითი ასპექტით ირიბად ვიგულისხმებით ჩვენც, ვიფიქრეთ: პასუხი საერთოდ რომ არ გავცეთ, იფიქრებენ, სათქმელი არაფერი ჰქონდა და — იმიტომო; ასე თავი მართალი ეგონებათ და ამით ცოდვაში ჩავარდებიან-მეთქი. გავცეთ და — ჩანს, საერო პირები არიან (მათ შორის ერთი ყმაწვილია, როგორც თვითონ აღნიშნავს) და სასულიერო პირისგან შეკამათებამ უფრო არ გააკადნიეროს ანუ მაინც ცოდვაში არ ჩააგდოს-თქო. ამიტომ, გამოსავალი ვიპოვნეთ იმით, რომ რახან მათმა გზავნილებმა გაგვახსენეს ჩვენი ადრინდელი „პასუხი“, გთხოვოთ, გამოაქვეყნოთ იგი (მკითხველს ბოდიშს ვუხდით ჩვენს ზოგიერთ პირადულ თემაზე ყურადღების შეჩერების გამო, მაგრამ ეს, ვიმეორებთ, გვაიძულა ,,კომენტარებში“ დასმულ პირადულ საკითხებზე პასუხის გაცემის გარდუვალობამ):

„მშვიდობა შენდა, მამაო […]!
მადლობელი ვარ, წერილი რომ გამომიგზავნე; ოღონდ, სამწუხაროდ, წინა წერილთან შედარებით ეს უფრო გაუგებარი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; კერძოდ:
1) მწერ ხიბლიან ბერზე, რომელიც ქვეყნის აღსასრულის ზედმიწევნით თარიღს ასახელებდა და ამას აიგივებ მხილებისა და შერისხვის საკითხთან. ეს შედარება სრულიად უადგილოა, რადგან ჩვენ განა ის მოგწერეთ, მეორედ მოსვლა როდის მოხდება! ეს პირიქითაა, ჩემო მამაო, — შენგან ნაქები საპატრიარქოს ადეპტები გაიძახიან, ილია II საქართველოს ბოლო პატრიარქიაო და ამით თავისთავად ქადაგებენ სოფლის აღსასრულის ძალზედ მიახლოვებულ თარიღს (რამდენი ხანი შეიძლება, კიდევ, იცოცხლოს პატრიარქმა? — ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ღრმა სინანული მისცეს!) და როცა ჩვენ მათ ასეთ (,,ესქატოლოგიურ“) აზრებს არ ვღებულობთ, არ ვეთანხმებით, — პატრიარქის მტერს გვიწოდებენ. ამიტომ, თუ შენ გინდოდა, შედარება ხიბლთან მოგეხდინა და ამით შენანებაში დამხმარებოდი, სჯობდა, სხვა მაგალითი მოგეტანა, უფრო შესაბამისი და აზრიანი, რაც უშუალოდ მხილებისა და შერისხვის თემას შეეხებოდა. ისე, ვისაც ჰგონია, რომ ხიბლში არაა, ამით უკვე ხიბლში იმყოფება — როგორც წმ. მამები გვასწავლიან. ღმერთმა გვაცილოს ყოველგვარი ხიბლი!
2) როგორ ამბობ იმას, რომ მაცხოვარი მხოლოდ ფარისევლებს ამხილებდა და რისხავდა (ანუ მხოლოდ ,,შურიან ფარისევლებს“, როგორც შენ მწერ)?! ეს, ერთი! და მეორეც: რას მიგვითითებს სჯულის კანონი, — მხოლოდ შურიანები ამხილეთ და სხვა არავინო? შენ მწერ, ვის შეშურდა შენიო? ე. ი. შენ მთავაზობ, მხოლოდ ისინი ვამხილო, ვისაც ჩემი შურთ და თან, აუცილებლად ფარისევლებიც უნდა იყვნენ. საიდან ასეთი ლოგიკა? — პირიქითაა: მოშურნენი ჩვენნი უნდა გვებრალებოდეს და გვიყვარდეს, როგორც მტრები. ქრისტეს პირადი მოშურნენი, ამავე დროს, ღმერთის მოშურნენი იყვნენ და ამიტომ არიან სამხილებელნი (და არა მხოლოდ ისინი), ხოლო ჩვენი პირადი მოშურნენი, შესაძლოა, ღმერთის მტრები და ფარისევლები სრულიადაც არ იყვნენ. ასე, რომ შენ უკუღმა მსჯელობ: როცა მხილება აუცილებელია, მაშინ, კრძალავ; ხოლო როცა მხილება უადგილოა, — მაშინ, საჭიროდ თვლი. კარგად გაიხსენე „სჯულისკანონიდან“, მხილების უფლება ვის აქვს, ვისზე, რაზე, როდის და როგორ.
3) ქრისტეს სიტყვები, ღვთის საყდარი ფარისევლებმა დაიკავესო, ისეთ კონტექსტში მოგყავს, გამოგყავს, რომ პატრიარქი და ჩვენი სინოდის წევრები ასეთები ყოფილან და მაშ, შენივე ლოგიკიდან გამომდინარე, მათი მხილება აუცილებელი ყოფილა (თუმცა, ამავე დროს, ამას კრძალავ). შენივე თავს ეწინააღმდეგები, მამაო.
4) სრულიად გამაოგნა შენმა მიდგომამ, როცა ამბობ, მე უწმინდესის დროს მოვედი ეკლესიაში და როგორ ვამხილოო. რა შუაშია ეს, ძმაო, — ვის დროს მოხვედი. შენ პატრიარქის ეკლესიაში მოხვედი თუ ღმერთის? შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ, არც ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე უნდა გემხილებინა (რითაც თავს იწონებ), რადგან შენ, ამავე დროს, მის დროს მოხვედი ეკლესიაში; ისინი ხომ ხარისხით თანაბარნი იყვნენ — ეპისკოპოს-მღვდელმთავრები (პატრიარქი ხომ მხოლოდ თანამდებობრივად განსხვავდება დანარჩენი მღვდელმთავრებისგან); მაგრამ ამხილე და კარგადაც მოიქეცი. ისე არ გაიგო, თითქოს, ჩვენ მის მწვალებლობებს ვამართლებდეთ. თუ კარგად გაიხსენებ, შენზე უწინ ის ჩვენც ვამხილეთ და განვუდექით (თუმცა, მისი დიდი სიყვარული, ადამიანურად, დღემდე შემომრჩა — გულით მიყვარს და გონებით არ ვეთანხმები).
რაც შეეხება ავტოკეფალიის საკითხს, ეს ისტორიულ-ადმინისტრაციული განზომილებაა და მნიშვნელობით ვერასდროს გაუტოლდება კანონიკურ-ზნეობრივ საკითხებს. უბჯობესი იყო, ჩვენს საპატრიარქოს ამ კუთხით უფრო ეზრუნა და არა გარეგნულ-პომპეზურ ეფექტებზე გაეკეთებინა აქცენტი. მეორეც: ავტოკეფალიის საკითხი ყოფილა შენთვის მთავარი, ისე ლაპარაკობ. ასე, წყეულმა სტალინმაც რაღაც გააკეთა, რუსეთის ეკლესიას რომ ეცნო საქ. ეკლესიის ავტოკეფალია. ამიტომ, ახლა სტალინიც ვაქოთ (თუმცა, ჩვენი საპატრიარქო ასეც იქცევა, სამარცხვინოდ)? ახლა არ დაასკვნა, ძმაო, ჩვენს პატრიარქს სტალინს უტოლებსო…
5) მამაო, შენ ნოე ჟორდანიას ისე ხაზგასმით აძაგებ ჩემს გასაგონად, იქნებ გგონია, რომ რახან მის ნაცხოვრებ სახლში ვცხოვრობ, ამიტომ, ,,ნოესტი“ ვიყო?! — ღმერთმა დამიფაროს! მისი მიმდევარი არც საქართველოში ვყოფილვარ და მით უფრო — არც საფრანგეთში ვარ. დროშის საკითხს რაც შეეხება, სჯობს, მისი გამოცვლის უწინ ჩვენს ე. წ. მთავრობას ზნეობისა და პოლიტიკის გამოცვლა შეაგონოს ჩვენმა საპატრიარქომ.
6) ახალ სტილზე თუ ვმსჯელობ, თუნდაც, იმიტომ, რომ პარიზის ქართულ ეკლესიაში (კონსტანტინოპოლ-სტამბოლის საპატრიარქო), სადაც ახალი სტილია, ჩვენმა საპატრიარქომ აკურთხა და მღვდლად მოავლინა თავისი წარმომადგენელი. შესაძლოა, შენ ეს არ უწყი.
7) „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“-დან გამოსვლის საკითხზე შენი დასკვნა ასეთია: ვინც ეს საკითხი დასვა ჩვენს ეკლესიაში, ისინი მტრებად გამოგყავს, ხოლო ვისაც იქედან გამოსვლა არ უნდოდა და იძულებით და შიშით გააკეთა ეს, მას უთვლი, ერთადერთს, დამსახურებად ამას. სად არის შენი სამართალი? როცა ეს საკითხი გაფართოვებულ საეკლესიო კრებაზე დაისვა (1995წ. 18-19. 09), იქ ჩვენც ვიმყოფებოდით და ჩანაწერიც კი გვაქვს იმისა, რასაც, ალბათ, დადგება დრო და მთელი საქართველო მოისმენს… მაშინ გამოჩნდება მტყუან-მართალი ყველა იქ დასმულ საკითხზე.
8 ) ჩვენ საქართველოში მიმდინარე აღმშენებლობა, როგორც შენ ამბობ, ანტიქრისტესთან კი არ გავაიგივეთ, შედარება მოვიტანეთ იმის სათქმელად, — შენობის აღმართვა რომ ყოველთვის არ ნიშნავს ყველაფერს: ნარკობიზნესში, თამბაქოს ბიზნესში ან ქალებით ვაჭრობაში აღებული ფულით რომ ვინმე ტაძარს ააშენებს, ეს არის მიუღებელი და ამავე დროს, ცოცხალი ტაძრები — ადამიანები — ინგრევიან: კვდებიან უდროოდ შიმშილით, სიცივით თუ გაურკვევლად გარბიან — ესაა საშინელება.
9) მწერ, მაცხოვარი ქვეყნიერებას ქართული ენით განიკითხავსო. ამ ეთნო-ფილეტურ მწვალებლობას, სამწუხაროდ, ჩვენი პატრიარქი ქადაგებდა და შენც აჰყოლიხარ. ქვეყნის აღსასრულს ღმერთი არც ერთი ლინგვისტური ენით არ განიკითხავს არავის; არამედ ანგელოსურ-ღვთაებრივი ,,ენით“, რომელიც ჩვენთვის ამ ქვეყნად მიუწვდომელი და გაუგებარია. თუ ამქვეყნიურ, აკუსტიკურ ენას გულისხმობ მაინცდამაინც, მაშინ, ქრისტეს იმ ენაზე უნდა განეკითხა მსოფლიო, რა ენაზეც იგი პირველად მოსვლის დროს მეტყველებდა ანუ დასავლურ არამეულზე. მაგრამ არც ამ ენაზე არ მოხდება განსჯა და მით უფრო, არც ქართულ ენაზე. შენ, ალბათ, იოანე-ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“-ს გულისხმობ, როცა ამას ამბობ. მაგრამ ამ ძეგლს სულ სხვა განმარტება აქვს, ვიდრე შენ გგონია: აქ „ენა“-ში ერი, ქვეყანა იგულისხმება (როგორც ეს მიღებული იყო ძველქართულ მეტყველებაში) და აქაც შენს თავს ეწინააღმდეგები: თუ მღვდელმა და ღვთისმსახურმა არ ამხილა ჯერ მოყვასი და მერე — მსოფლიო, რაზეც შენ უარს აცხადებ, მაშ, როგორღა გამოვა ეს ამბავი?!.
10) როცა თავს აფარებენ, შეიძლება, სანაგვეშიც შეაფარო თავი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სანაგვეს იმიტომ აფარებ თავს, რომ მისი „გაბრწყინება“ გჯერა?! — თუმცა, უფალს ესეც შეუძლია და ისიც, რომ ქვებიდან აღადგინოს აბრაჰამის შთამომავლობა (მათე: 3, 9). ღმერთმა გააბრწყინვოს საქართველოც, საფრანგეთიც და მსოფლიოც!
11) „ისე არა ჰქნა, უკან დასაბრუნებელი პირი აღარ გქონდეს“-ო, მწერ და ჩვენ იქეთ გეტყოდით: ისე არა ჰქნა, საქართველოს ეკლესიაში დასარჩენი პირი აღარ გქონდეს.
12) „საქ. ეკლესიის მოწყობის პროექტებს“, როგორც შენ მწერ, ჩვენ კი არ გთავაზობთ, თვითონ ეკლესია გვთავაზობს წესებისა და კანონების სახით, რაც უნდა აღვასრულოთ და ჩვენს ჭკუაზე არ უნდა მოვაწყოთ არაფერი. რა შემოგთავაზეთ, მამაო, ისეთი, რაც ზოგადი სწავლებიდან არ იყო; რა, ჩემი საკუთარი მოძღვრება ვუქადაგე ვინმეს?! ხოლო თუ სულიწმინდის მიერ ნაკარნახევ განჩინებებს ვინმე გვთავაზობს, გვახსენებს, შეგვაგონებს, — ამაში რა არის ცუდი?! განა, ჩვენ ყველანი არ უნდა შევახსენებდეთ ერთმანეთს საღვთო სჯულს?! ან რა მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში, ვინ შემოგვთავაზებს ამ ,,პროექტებს“?! მთავარია, ვინმე რაიმე დარღვევას არ ამართლებდეს და თვითონ მის შესრულებას არ მოითხოვდეს — მას ამისი უფლება არ ექნებოდა.
13) რაც შეეხება ჩემს უცხოეთში ყოფნას, ამ საკითხზე შენი მსჯელობა ყოველგვარ ლოგიკურ საზღვრებს სცილდება. მიმეორებ მრავალგზის, ჩამოდი, ჩამოდიო, მაგრამ ნუ გგონია, რომ შენ ჩვენზე მეტად გინდა მანდ ჩამოსვლა. მაგრამ რატომ ფიქრობ, რომ აქაურ ქართველობას ეკლესია და მართლმადიდებელი მოძღვარი არ სჭირდებათ?! რატომ ხარშავ ყველას ერთ ქვაბში?! რატომ გგონია, რომ აქ ჩამოსული, ყველა, ქურდი და ნარკომანია?! — ჩვენს მრევლს, ძირითადად, შეადგენს სტუდენტი ახალგაზრდობა, რომელთა შორის სანიმუშონიც არიან და მათ, სამწუხაროდ, აქ დიდი არჩევანი არ აქვთ მართლმადიდებელ ქართველ თუ არაქართველ მოძღვრებს შორის; და რამდენმა ისეთმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება აქ, საქართველოში რომ ურწმუნონი იყვნენ, იცი? და ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, არამედ გარემო ექმნებათ ისეთი (მშობლებს და ახლობლებს მოწყვეტილობა), რომ ფიქრისა და ცხოვრების ამაოებაზე დაკვირვების საშუალება უფრო ეძლევათ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, მოსაწონად არ იქცევიან, მაგრამ განა ასეთები საქართველოში (შენს მრევლში) არ არიან?! აბა, საიდან მოდიან ისინი? ასეთები (ღმერთმა მოაქციოთ!) ჩემს მრევლში არ დადიან; თუ იწყებენ სიარულს, სინანული უჩნდებათ და — იმიტომ. რამდენი ხანია, უკვე (V წელია), დროებით მაინც მსურს ჩამოსვლა საქართველოში, მაგრამ მრევლს ვერ ვტოვებ; თუნდაც, ერთი ადამიანი რომ დაბრკოლდეს, ამის უფლებას ვერ ვაძლევ საკუთარ თავს… ე. ი. არაეკლესიურნი ყველგან არიან, მაგრამ განსხვავება, იცი, რა არის?: ასეთებს საქართველოში ზოგიერთი ზიარებას თუ აძლევს, ჩვენ — არა, სანამ, თუნდაც, თუთუნის მოწევასაც კი არ გადაეჩვევიან. საქართველოში კი, სამწუხაროდ, როგორც გვესმის, მწეველნი მრევლში კი არა, მღვდლებშიც ყოფილან… და როცა აქ ჩამოსულ, საპატრიარქოსთან დაახლოვებულ ქართველ მღვდელს ვკითხე, როგორია ამ საკითხზე პატრიარქის რეაქცია-მეთქი, მიპასუხა: არავითარი. უფრო მეტიც: მან, ამასწინათ, მწეველი და ნარკომანი მღვდელი, სტრასბურგში, დააწინაურა — დეკანოზობა მიანიჭა, რამაც აღაშფოთა იქაური პატიოსანი ნაწილი ქართველობისა; წერილიც კი მისწერეს ამის შესახებ საპატრიარქოს, პატრიარქს პირადად, მაგრამ მრავალი თვის გასვლის მიუხედავად პასუხი არა სჩანს…
14) მართლმადიდებელი სარწმუნოების გამოცვლას მხოლოდ ტყუილს როგორ დავარქმევდი, მამაო; ეს რამ გაფიქრებინა?! სარწმუნოების გამოცვლაზე კი არ იყო საუბარი, არამედ სულ სხვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეზე, მაგრამ არ ვიცრუეთ-მეთქი, მოგწერე. ,,ყოველი კაცი ცრუ არს“-ო, რომ შემახსენებ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ვიცრუოთ?! — ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანში სიცრუითი დაცემულობაცაა, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ასე, რომ თავს კი არ ვიტყუებ, როგორც მწერ, — რაც იყო, ის მოგწერე და მეგონა, გაიგებდი.
15) რომ მოვდიოდი, საფრანგეთში დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებდი და არც ვაპირებ; ამერიკაში, ჯორდანვილის სასულიერო აკადემიაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას; საფრანგეთში ჩამოვედი სტაჟირებისა და რეკომენდაციისათვის (ემიგრაციული ეკლესიის, ვისაც ეს სასწავლებელი ეკუთვნის, მოძღვრისგან), რომლის გარეშეც იქ არავის იღებენ. თანაც, ჩემი მეუღლე აკეთებდა დოკუმენტურ ფილმს საქართველოსა და მის ეკლესიურ სიწმინდეებზე — ჭედურ ხატებზე; ჩვენც ვეხმარებოდით; საფრანგეთის ტელევიზიასთან გვქონდა კავშირები, ფილმის გაშვებას დაგვპირდნენ და თუნდაც, ამიტომ ჩამოვედით, — მეორე მხრივ. ასე, რომ პატრიარქისთვის არასწორი არ გვითქვამს; უბრალოდ, დარჩენის დრო გაიწელა, რადგან აქ ყველაფერი ნელი ტემპებით ხდება და მეორეც, შორიდან ვიცნობდით შვეიცარიელ სერბ მორწმუნე რეჟისორს, მართლმადიდებელს, რომელმაც გადამღები ჯგუფი ჩამოიყვანა საქართველოში; გადავიღეთ ეკლესია-მონასტრები და სიწმინდეები. შემდეგ, ეს მასალა ჟენევაში დავამონტაჟეთ. შვეიცარიამ, გერმანიამ, იტალიამ, უნგრეთმა აჩვენა ეს ფილმი რამდენჯერმე. ასე, რომ ჩვენ გვქონდა რელიგიურ ფილმებზე მუშაობის ლოცვა-კურთხევა პატრიარქისგან, ერთი მხრივ. რაც შეეხება სწავლის საკითხს, ჯერ აკადემიიდან ველოდებოდი პასუხს, ამერიკიდან, და მერე ვთხოვე ნაბართვა პატრიარქს იქ სწავლაზე და უარი შემომითვალა; ხოლო სერბულ ეკლესიაში გადასვლის კანონიკური ცნობა მომცა. ამასობაში ქართველობაც შემოიკრიბა ჩვენს გარშემო და მრევლად ჩამოყალიბდა; სერბ ეპისკოპოსს თხოვეს ჩვენი მღვდლად კურთხევა (პარიზის სერბულ ტაძარში) — ასე, რომ შევეცადეთ, კანონიკურად არაფერი დარღვეულიყო. გიჟი კი ვარ, მამაო, სამწუხაროდ, მაგრამ პატრიარქს ასე მაინც არ უგულისხმებია, — „გიჟი მიუშვი ნებასაო!“, — როგორც შენ გეჩვენება, რომ იგულისხმა. და რა, შენც რომ აპირებ წამოსვლას, შენზეც იგივეს იგულისხმებს?! თუ როგორ გამოგიშვებს?
16) ვინ გეუბნება, ეკლესიას განუდექიო?! საიდან მოგდის ასეთი აზრები? ხოლო შენ თუ გგონია, რომ მხოლოდ საქართველოს ეკლესიაა ეკლესია, მაშინ, ამით ერთობლივად ორ მწვალებლობაში ვარდები — ეკლესიოლოგიურში და ეთნო-ფილეტურში — რომ აღარაფერი ვთქვათ პროვინციალიზმზე (ჩვენ აქ სულიერ-ინტელექტუალურ პროვინციალიზმს ვგულისხმობთ და არავითარ შემთხვევაში — გეოგრაფიულს).
17) მამაო, მღვდელი ხარ და რატომ საჭიროებ იმის მტკიცებას, რომ რესპუბლიკურ წყობასთან შედარებით ეკლესია მონარქიას აკურთხევს?! სხვა საქმეა, რომ ეს მონარქი ღირსეული უნდა იყოს სარწმუნოებრივად და ეროვნულად. თუ ასერჩევად გვექნებოდა საქმე, — ღირსეული პრეზიდენტი თუ უღირსი მონარქი, — რა თქმა უნდა, პირველი აჯობებდა, მაგრამ თუ ნატვრაა, ბარემ ღირსეული მონარქი ვინატროთ (ამის თქმა გვსურდა ჩვენ)!
18) აქ რომ მართლმადიდებელი მღვდელი არ სჭირდებათ, ამაში ვიგულისხმე აქაური ხელისუფლება და ფრანგების უმრავლესობა, თორემ, თუნდაც ერთ ქართველს ან ერთ ფრანგს რომ სჭირდებოდეს შველა, მისთვის ხარ ვალდებული, დარჩე და ყველაფერი დაითმინო; ძირითადად, ემიგრანტობის სიმძიმე. ბევრმა ქართველმა აქ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, როგორც გითხარი და ახლა ერთი კათოლიკე-პაპისტი მოვამზადეთ მასანათლად. ასე, რომ აქ მართლმადიდებელი მღვდელი ნამდვილად სჭირდებათ, მაგრამ სხვა საკითხია, რომ არა ჩემნაირი უღირსი, არამედ — შენნაირი ღირსეული.
19) რაც შეეხება პატრიარქისა და ჩვენი ე. წ. ხელისუფლების ურთიერთობას, ამას მალე ყველა გამოააშკარავებს და შენ შენი სიტყვების არ შეგრცხვეს! მწერ, უწმინდესს ხელისუფლების წარმომადგენლების ცხონება უნდაო და შეგახსენებ, როგორ ექცეოდნენ წმინდა მამები ხელისუფლებას: ცხონება თუ გინდა, სისხლით მოსულ ,,ხელისუფლებას“ ტაშით კი არ უნდა შეხვდე, — კაენის ცოდვა უნდა დაუწუნო და სინანულისკენ მოუწოდო; ხმა უნდა ამოიღო მის დანაშაულებსა და უკანონობაზე, რამაც გამოიწვია ქართველობის გადინება ემიგრაციაში. აბა, ერთი შეაგონეთ ჩვენს პოლიტიკოსებს გარეჯას ტრამალებში სოფლების აშენების შესეხებ (რისკენაც ,,გამოქცეულებს“ მოუწოდებ), რა პასუხსაც მიიღებთ, ნახავთ. გამოთქმაა ასეთი: ,,ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა და მერე — მენავესთან ბრძოლა“. დამნაშავეებთან (კრიმინალებთან) კი არ უნდა იმეგობრო, — უნდა იმოძღვრო!
20) მამაო, შენ საიდან იცი, რომ ჩვენ უსაფუძვლოდ დავტოვეთ საქართველო; რომ არავინ გვდევნიდა და ეს სიცრუეა?! ალბათ, შენ არ იცი ბევრი რამ, მაგრამ ბოლოს ყველაფერს გაიგებ. მანამდე კი გირჩევ, თავი შეიკავო და ცილისწამებაში არ ჩავარდე.
21) შენი მორიგი ცილისწამებაა, — თითქოს, მე მგონია, რომ ქრისტეს ეკლესიას ჯოჯოხეთის ძალები მოერივნენ. საიდან მოგივიდა ასეთი დასკვნა? — ღმერთმა შეგინდოს ასეთი მკრეხელური ბრალდება!
ძმაო, აქვე უნდა გითხრა, რომ შენი წერილი ჩემს მრევლს წავუკითხე ისე, რომ შენი ვინაობა, რა თქმა უნდა, არ დამისახელებია: არც სახელი და გვარი, არც ქალაქი და არაფერი არც კი მიმინიშნებია; წავუკითხე არა ამბიონიდან, არამედ სამგალობლო ოთახში, სადაც კატეხიზმოებს ვატარებთ კვირაობით, წირვის შემდეგ. რამდენიმეს ამ წერილზე პასუხის გაცემის სურვილი დაებადა; სურთ, მხოლოდ დაწერონ; მერე მომცემენ და გამოგიგზავნი, რადგა მისამართი მათ არ ეცოდინებათ და ადრესატი.
მამაო, თუ საჭიროდ ჩათვლი, გამომიგზავნე პასუხის პასუხი; თუ არა და ჩვენ საჭიროდ აღარ ვთვლით მიმოწერის გაგრძელებას — აზრი აღარ აქვს.
ღმერთმა დაგილოცოს ცოლ-შვილი!
გისურვებ იგივეს, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდი საღ ჭკუაზე!
იხარე ორთავ სოფელსა შინა!
ძმური სყვარულით — უღირსი მღვდელი გიორგი, ლევილი-პარიზი, 2003წ. მარტი“.

—————————————————————————————————————————–

აქვე, მოკლედ ავხსნით იმ ორ საკითხსაც, რომლებზეც ზოგი კომენტატორი საუბრობს და რომლებიც ამ წერილში ბოლომდე არაა განმარტებული:
1. ხშირად გვაყვედრიან უცხოეთში ყოფნას, მაგრამ განა ემიგრანტი კაცის ვის რა უნდა შეშურდეს?! — ის, რომ გადასახლება ადრე სასჯელად ითვლებოდა და დღეს ჩვენ თვითონ ,,ვისჯით“ თავს იმისთვის, რომ ბალაამს ქედი არ მოვუდრიკოთ?! ან თუ ის, რომ ოჯახის წევრები და სხვა საყვარელი ადამიანები უფრო და უფრო გვენატრებიან?! იქნებ, ის, — ზოგჯერ ნოსტალგიური ნისლი რომ ჩამოწვება „მდინარესა ზედა ბაბილოვნისათა“ („მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი“ — 136-ე ფსალმუნი)?!.
2 „ვინ ჩააცვა ამათ ანაფორაო“ — კითხულობს ერთ-ერთი მოპასუხე ჩვენზე, ვინც საქ. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არ თუ ვერ ვიმყოფებით. ამის საპასუხოდ იძულებული ვართ, განვმარტოთ: ზემომოყვანილ წერილშიც ნათქვამია, რომ პირადად ჩვენ უცხოეთში სასულიერო განათლების გასაგრძელებლად, ემიგრაციული ეკლესიის ახლოს გასაცნობად და მის იურისდიქციაში გადასასვლელად ჩამოვედით. მაგრამ პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ პარიზის წმ. ნინოს ქართულ ეკლესიაში (კონსტანტინოპოლ-სტამბოლის საპატრიარქო) მსახურების ლოცვა-კურთხევა მოგვცა (სადაც, თავი რომ დავანებოთ მოდერნისტულ-ეკუმენისტურ გადახრებს, სამწუხაროდ, ე. წ. ახალი ანუ ნახევრადკათოლიკური (შერეული) კალენდარული და ცხოვრების სტილია გამეფებული), რაზეც უარი პირადად განვუცხადეთ, რა თქმა უნდა, სარწმუნოებრივი მოსაზრებით; მერე გაგვგზავნა პარიზის სერბულ ტაძარში, რაშიც, სამწუხაროდ, დავემორჩილეთ (თუ რატომ „სამწუხაროდ“, ამას მეორე წერილში მიხვდებით)… იქ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არასწორ, საღვთო კანონთა საწინააღმდეგო კურთხევას, რომელი იერარქიდანაც არ უნდა მოდიოდეს, არ უნდა დავემორჩილოთ.
ამ ,,კომენტარებში“, ასევე, ჩვენთან მიმართებაში ნახსენებია გიორგი გაბაშვილი, რომლის შესახებაც, რაიმე გაუგებრობა რომ არ წარმოიშვას, ალბათ, საჭიროა, გავიხსენო: ჩვენ, თავიდან, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჯგუფელები ვიყავით, თუმცა — სხვადასხვა დაჯგუფების წევრები, რადგან იმჟამად განსხვავებული საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენელი მოძღვრები გვყავდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა თეიმურაზ ხაბეიშვილისა და ზურაბ ასკანელის (ქუთათელაძე) შემდეგ ,,ივერიის გაბრწყინების“ მთავარი რედაქტორობა გიორგიმ ითავა და განახორციელა პირველი გამოშვება (№8, 1996წ.), წავიკითხეთ და აღფრთოვანებული დავრჩით მისი ნიჭიერებით, ცოდნით, განზოგადებული (ანალიტიკური) აზროვნების უნარით, გულწრფელობით, გამბედაობითა და სულიერი ვაჟკაცობით. ამან ყველაფერმა დამავიწყა მასთან წარსული არამეგობრული დამოკიდებულება და დიაკვანი და ერისკაცი ერთმანეთისთვის უახლოესი სულიერი ძმები შევიქმენით. მაშინ, საქართველოში მართლმადიდებლური ძალები, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ერთად იდგნენ… შემდეგ, მან თავისი ალმანახის სარედაქციო საბჭოში შესვლაც შემოგვთავაზა (რაზეც თავი შევიკავე) და ვთანამშრომლობდით, კიდეც. მოგვიანებით, როცა საქართველოს დატოვება მომიწია, ურთიერთკავშირი, ბუნებრივია, არ გაგვიწყვეტია. რახან ხსენებულ ,,კომენტარში“ საუბარია გიორგის ბოლოდროინდელ ქმედებებზე და ამასთან ჩვენს დამოკიდებულებაზე, ამის გამო იძულებული ვარ, ეს პირადული წერილიც გამოვაქვეყნო:

,,მშვიდობა შენდა! როგორ ხარ ოჯახით? მომენატრა შენთან საუბარი; ვეღარც გირეკავ და გეხმიანები, რადგან ნივთიერად ცოტა გამიჭირდა და სახლშიც ძალიან იშვიათად ვრეკავ. იმედია, კარგად იქნებით ყველანი — ღმერთმა კარგად და მხნედ გამყოფოთ!
ჩემსკენ ახალი არაფერია. ჯორდანვილიდან გაფრთხილება მომივიდა, — თუ არ ჩავედი, გამომრიცხავენ და მერე თავიდან უნდა შევიტანო საბუთები. ჯერ კი იქ წასასვლელი და სწავლისთვის გადასახდელი თანხა ვერ შევაგროვე, რადგან აქ მუშაობის უფლება ჯერ არა მაქვს, ხოლო სერბული ტაძრიდან, სადაც ვდიაკვნობ, ხელფასს არ ვიღებ; და მე ასე უფრო მირჩევნია — უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი ვარ სულიერად. პარალელურად ემიგრაციულშიც დავდივარ და მხოლოდ ვგალობ, არ ვმსახურობ; თუმცა, სერბი ეპისკოპოსისგან ლოცვა-კურთხევა მაქვს იქ დიაკვნობაზეც კი. ეს ეპისკოპოსი ბუნებით კარგი ადამიანია; ასეთი უბრალო და თავმდაბალი კაცი (ეპისკოპოსი, მით უფრო) ცხოვრებაში იშვიათად მინახავს. ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. მასაც ვუყვარვართ და ჩემი მეუღლე ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტად დანიშნეს, მაგრამ ხელფასს, როგორც ასეთს, ისიც არ იღებს, რადგან ვითვალისწინებთ სერბეთის რთულ ეკონომიურ ვითარებას. ეს ეკლესია კი სერბ ხალხს უგზავნის დახმარებებს.
გიორგი, ვწუხვარ, რომ ლიტერატურას ვერაფერს გიგზავნი, მნიშვნელოვანს, რადგან სამწუხაროდ, მეც არ მიმიწვდება ხელი პერიოდიკაზე — აქ არ ჩამოდის რუსული პერიოდიკა, საზოგადოდ; კერძოდ კი ერთ-ორ კაცსა აქვს გამოწერილი; მე კი არ გამოვიწერე., რადგან სულ წასვლას ვაპირებდი საფრანგეთიდან ამერიკაში, მაგრამ ჯერ აქა ვარ კიდევ…
რაც გამომიგზავნე — წერილი და შენი ბოლო ჟურნალები, ძალიან გამეხარდა, რა თქმა უნდა. უნათლავ ჩვილთა შესახებ მწვალებლობის გაცამტვერებაში შენმა ჟურნალმა, ვფიქრობ, გადამწყვეტი როლი შეასრულა და ამით ძალიან კარგი საქმე გააკეთე; გახარებული ვარ. თუმცა, ვერ დაგეთანხმები, გიორგი, საპატრიარქოს საეკლესიო პოლიტიკისადმი შენს დამოკიდებულებაში; ვგულისხმობ პატრიარქისადმი შესხმას (ქება-დიდებას); მისი საეკლესიო პოლიტიკა ჩვენს ერს ვერ გადაარჩენს, როცა ცოლიანი ბერები სინოდში სხედან და პატრიარქს ამაზე რეაქცია არა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ტაძრებში მიმდინარე უფლის სახელით გახურებულ ვაჭრობაზე, რითაც ხალხს აბრკოლებენ და დაბრკოლებულნი სექტებში გარბიან. ეკლესია თუ არ განიწმინდა უღირსი სამღვდელოებისაგან, არაფერი ეშველება ერს (რაც შენც კარგად იცი). ამიტომ, შენმა ჟურნალმა ამ მიმართულებითაც უნდა იბრძოლოს. თუმცა, ვინ ვინ უნდა განკვეთოს, როცა მდინარე სწორედ სათავიდან იმღვრევა?! ჩვენში არასწორად ჰგონიათ, რომ ეკლესიამ მხოლოდ მარხვასა და ლოცვაზე უნდა იქადაგოს და ავიწყდებათ, რომ მარხვით ბუდისტებიც მარხულობენ, ხოლო ცოდვილს ,,ლოცვაც ცოდვად შეერაცხება“-ო, უფალი ამბობს. ქრისტეანობის შინაარსის მხოლოდ გარეგნულ ფორმებამდე დაყვანით ხომ ფარისევლებს ანუ უფლის მკვლელებს დავემსგავსებით! ადამიანში მთავარი ხომ მართლმკვეთელობა ანუ უზაკველობაა. უფალიც ხომ ამბობს ნათანაელზე — აი, ნამდვილი ისრაიტელი, რომელშიც მზაკვრობა არა არს! თანამედროვე ,,ოფიციალურ“ ეკლესიებში კი ასეთ უზაკველობას საეკლესიო მთავრობა ანუ იერარქია არ ქადაგებს და არც იქცევა უზაკველად. მორწმუნე კი ყველგან და ყველაფერში სიმართლეს არ უნდა ჩქმალავდეს. რაც შეეხება ,,სერგიანობის“ გასამართლებლად შენს მიერ მოყვანილ კანონს ,,სჯულისკანონიდან“, იქ ლაპარაკია, როცა დევნისა და წამების შედეგად ადამიანები იძულებით გადაიხრებიან უღვთოობისკენ და თანაც, ბოლოს, როცა კი ამის საშუალება მიეცემათ, თითოეული მოინანიებს ამ ცოდვას საჯაროდ და სინამდვილეში. შენ მოგყავს პატრიარქ ალექსი მეორეს სიტყვები და ამბობ, რომ ეკლესიის სახელით მან შეინანა ,,სერგიანელობის“ ცოდვაო… ჯერ ერთი, მიტროპოლიტი სერგი პატრიარქის თანამოსაყდრე არ ყოფილა; ის იყო პატრიარქის თანამოსაყდრის მოადგილე და ისიც, მესამე თანამოსაყდრისა, რიგით. მან საეკლესიო ხელისუფლება უღმერთოთა დახმარებით ჩაიგდო ხელთ, როცა არც პატრიარქი და მისი არც პირველი, მეორე და მესამე თანამოსაყდრე ამაზე თანახმა არ იყო. მან ცოცხლად დარჩენილ მიტროპოლიტ პეტრეს დაუკითხავად, რომელიც კანონიერი მემკვიდრე იყო ტახტისა, გამოაქვეყნა ცნობილი ,,დეკლარაცია“ (29. 07. 1927). შემდეგ კი ამის, ანუ უღმერთო ხელისუფლებისადმი მორჩილების, სწავლების დონემდე აყვანა მოხდა მთელი საბჭოთა დროის მონაკვეთის მანძილზე და დღესაც გრძელდება; და მეორეც: განა, ალექსი მეორეს შენს მიერ მოყვანილ სიტყვებს რუსეთის მთელი ეკლესია ეთანხმება (მით უფრო, საქართველოში ,,სერგიანობის“ ცოდვის ამ მოჩვენებით დონეზე ,,შენანებაც“ არ მომხდარა); მთელი სინოდი და სამღვდელოება აღიარებს ამას?!  — სამწუხაროდ, არა. კიდევ: ,,დიდ კურთხევანში“ უღვთოებისკენ გადახრილი ადამიანის (მით უფრო, სამღვდელოს) შემობრუნების მთელი წესი არსებობს მირონცხებით დასრულებული, რასაც დღეს არავინ აღასრულებს. და რაც მთავარია: შენ მწერ, რომ მწვალებლობა არსებობს მხოლოდ დოგმატური ღვთისმეტყველების დონეზე, რაც მართალი არ არის. დოგმატურ საკითხებში გადახვევა მწვალებლობის ყველაზე მძიმე ფორმაა, ხოლო მწვალებლობა შეიძლება, არსებობდეს როგორც ზნეობრივ-სამოძღვრო, ასევე, ყოფით დონეზეც. მაგალითად, ვინმე მამაკაცი ლოცვის დროს თავზე ქუდს არ იხდის (ან დედაკაცი თავზე არ იფარებს). ეს, თავისთავად, არაა დოგმატურ-ღვთისმეტყველებითი მწვალებლობა აკადემიური გაგებით, მაგრამ თუ ეს კაცი ამ საქციელს სხვასაც უწონებს და ასწავლის, მაშინ, ეს უკვე მწვალებლობაა. კერძო მაგალითისათვის მახსენდება ერთი ისტორია ,,პატერიკიდან“: ერთ მონასტერში მივიდა ბერი, რომელიც საჭმელს თითქმის არ ჭამდა და გაუკუღმართებულად მარხულობდა. ამაზე მონასტრის საძმომ შენიშვნა მისცა და ის თავისას მაინც არ იშლიდა. იქვე კი ვკითხულობთ ამ ბერზე, რომ ,,მან ეს მწვალებლობა მონასტერში შემოიტანა“-ო. ასევე, მეორე მაგალითი: ,,სჯულისკანონში“ ვკითხულობთ, ერთხანს როგორ აღასრულებდნენ სომეხი სამღვდელონი წირვას შეუმოსავნი, საერო სამოსელში, რაც კრებისგან მწვალებლობადაა სახელდებული. ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა. იუდა ისკარიოტელის გამცემლობაც გარეგნულად არაა ერესი აკადემიურ-კატეხიზმური გაგებით, მაგრამ რა, მას ეკლესიის მადლი არ მოაკლდა? — მწვალებლობა არის არასწორი სწავლებისა თუ ქმედების შეუნანებლობა ყველა დონეზე — დოგმატურიდან დაწყებული, კანონიკურ-ზნეობრივით გაგრძელებული და ყოფითით დამთავრებული. მაგ., მრუში ადამიანი, თუ ის ცოდვას არ ნანობს და აგრძელებს, უკვე მწვალებელიცაა, რადგან თავისი ქმედებით ქადაგებს, ასწავლის ცოდვას, რადგან სწავლება ორგვარი შეიძლება, იყოს — სიტყვით და საქმით. ხოლო საეკლესიო ისტორიიდან ცნობილია, რომ საქმით ქადაგება გაცილებით მჭრელია (ეფექტური), ვიდრე სიტყვით. ამის დამადასტურებელია უფლის შეგონებაც თავის მოციქულთა მიმართ: ,,ესრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“! მოკლედ, მწვალებლობაა ცდომილების სწავლების დონეზე აყვანა.
ერთია თვითონ მიტროპოლიტ სერგის სისუსტე და მეორეა ,,საბჭოთა იერარქიის“ განცხრომა (კომფორმიზმი). ჩვენ პირველს არ განვიკითხავთ, გამომდინარე მოცემული ისტორიული პირობებიდან, რომელშიც მას მოუწია ცხოვრებამ, მაგრამ მის მიერ ჩამოყალიბებულმა პრინციპმა — უღმერთო ხელისუფლების მორჩილება — შემდგომში კიდევ უფრო მახინჯი სახე მიიღო და ,,სერგიანულ ერესად“ ჩამოყალიბდა. ერთია მონაზვნურად მცხოვრები მიტროპოლიტი სერგი და მეორე — ,,ცეკა“-ს სამთავრობო ავტომობილებით მოსიარულე სინოდი ანუ როგორც შენ ადრე უწოდებდი — ,,სინედრიონი“ (ალბათ, გახსოვს, რომ საბჭოთა პერიოდის მღვდელმთავრებს მთავრობა უყოფდა იგივე სახის მანქანებს, რითაც თვითონ სარგებლობდა და ამით მათ საბჭოთა ,,აპარატჩიკებად“ აქცევდა).
,,სჯულისკანონიდან“ შენს მიერ მოხმობილი ეპისტოლე სულ სხვა ვითარებას გულისხმობს: დევნას, შევიწროვებას, ტანჯვა-წამებას. ისიც მითითებულია, რომ ,,დაცემულებს და უღვთოებისკენ გადახრილებს შეენდოთ, თუ მოინანიებენ, მაგრამ სამღვდელო დასთან შეერთების ნება მათ არ ეძლევათ“. მეორე თანრიგია (კატეგორია), როცა ,,ვისაც არ სურდა უღვთოება, მაგრამ ეს ძალით მოეხვია თავს გაწირვებისა და იძულების გზით“. ვფიქრობ, საბწოთა პერიოდის იერარქიის აბსოლუტური უმრავლესობა I თანრიგს განეკუთცნება და არა II-ს. თანაც, გავიხსენოთ ილია მეორეს საკუთარ იუბილეზე ოპერისა და ბალეტის თეატრში ხუმრობითა და ღიმილით საჯაროდ თქმული სიტყვები: ,,ჩვენ საკავშირო ცენტრალურ კომიტეტს ყოველწლიურად ვუგზავნიდით ოფიციალურ ტელეგრამას, რომ სრულად ვეთანხმებით საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“ (ე. ი. ღმერთისა  და ადამიანთა წინააღმდეგ ბრძოლას). ერთი საკითხია, პატრიარქი, ბერი, იუბილეებს უნდა იხდიდეს თუ არა (იუბილეზე ერისკაცმა ილია ჭავჭავაძემაც კი თავმდაბლობით უარი განაცხადა) და მეორე და მთავარი — ეს სიტყვები პატრიარქს ღიმილით კი არა, ტირილით უნდა წარმოეთქვა…
სამწუხაროდ, ,,სერგიანელობის“ ცოდვა დღესაც გრძელდება ,,ოფიციალურ“ საპატრიარქოებში; ყველაზე მეტად, რუსეთისა და საქართველოსაში: ადრე კომუნისტებს ემსახურებოდნენ, დღეს კი — ,,დემოკრატებს“; ფარისევლობისა და მლიქვნელობის სული კი იგივე რჩება, რაც მთავრობისმოყვარეობითაა (კარიერიზმი) ნაკარნახევი. მაქვს რუსეთის პატრიარქის იუბილეს ვიდეოჩანაწერი — გულისამრევია, პირდაპირ. სხვა საშინელებებთან ერთად, რაც იქ ხდება (ბალერინების ცუნდრუკი და სხვა მსგავსი), გამოდის და თავის ,,მრევლს“ აქებ-ადიდებს; სუფთა კომუნისტი ჩინოვნიკის სულისკვეთებაა (აქ ,,მრევლში“ ვგულისხმობ დარბაზში შეკრებილ ხალხს — ,,მსოფლიოს ახალი წესრიგის“ მშენებლებს). ჩვენში კი პატრიარქი ილია II სიონის ამბიონიდან „აქადაგებს“ საერო პირებს — საბერძნეთის ელჩს (იხ. ,,ახალი თაობა“, №85, 27. 03. 2000) და თავის ნათლულ ედუარდ-გიორგის („სარკე“, I, 2001), რომელმაც ჟურნალისტის ენით რომ ვთქვათ, „წინასაარჩევნო სიტყვით მიმართა მრევლს“…
საქართველოსა და რუსეთის, ასევე, სხვა ადგილობრივ ეკლესიებში თუ ძველი შემადგენლობის უმეტესი ნაწილი არ შეინანებს და არ დატოვებს სამღვდელო ხარისხს, თავის მოტყუება იქნება სხვამხრივ საქმის გამოსწორება. ცალკე თემაა, კიდევ, ახალი კადრები, რომლებიც კარგები არა ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლები ვართ. აბა, გავიხსენოთ, როგორი დარღვევებით ეკურთხნენ ახალი ეპისკოპოსებიდანაც ბევრნი — ცოლები ერში დატოვეს ან მათთან ცხოვრობენ…
საბჭოთა პატრიარქებმა ღირსეული მემკვიდრის დატოვებაზე უნდა იზრუნონ, თვითონ კი დაუყონებლივ უნდა წავიდნენ შორეულ მონასტრეებში…
იგივე ითქმის, სამწუხაროდ, სერბების ეკლესიაზეც, რამდენადაც გავეცანი. მე ისინი მიყვარს (რუსებზე მეტად გვგვანან ქართველებს), მაგრამ მათთან დარჩენას დიდხანს არ ვაპირებ იმ საეკლესიო დარღვევების გამო, რაც იქ ხდება: ყველაფერი გარეგნულ დინებაზეა მიშვებული, ცოცხალი სარწმუნოების კარნახით არ მოქმედებს სამღვდელოება, ღვთისმოშიშება არ იგრძნობა, ეკლესია კანცელარიასავით მოქმედებს, მეტად. მაგალითისათვის: ერთი მორწმუნე ერისკაცი ადრე (სანამ იქ მივიდოდი) იპოდიაკვნად ისე უკურთხევიათ, მისთვის წინასწარ არც კი განუმარტავთ, რომ ამის მერე ცოლს ვეღარ შეირთავდა; მანაც არ იცოდა ეს. ახლა კი აპირებენ, მას ცოლი შერთონ და მღვდლადაც აკურთხონ (?!!).
რაც შეეხება საზღვარგარეთის რუსულ ეკლესიაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, შენი აზრით, მათი რუსეთის საპატრიარქოსთან ამჟამინდელ ვითარებაში შეერთებაზე უარი გამწვავებაა (კონფრონტაცია), რაშიც ვერ დაგეთანხმები. ნუთუ, შენ ვერ ამჩნევ, რომ ასეთი ხელოვნური, პოლიტიკური გაერთიანებით ბნელი ძალები ემიგრაციული ეკლესიის, ამ უკანასკნელი მნათობის, ჩაქრობის გეგმას ახორციელებენ?!
გიორგი, ღმერთმა იცის, როგორი გულით მიყვარხარ და პატივსაც ვცემ შენს ნიჭს, როგორც უფლისგან ნაბოძვარს. გისურვებდი, შენს დადებით განცდებს (ემოციებს) გონების კონტროლი არასდროს მოკლებოდეს! ანუ როგორც სიჭაბუკეში ავასონეტე:

როს გული მეფობს, იქ ხომ ხშირად აზრი არ მყოფობს.
გრძნობა-გონება, თავშეყრილი ნეტარებს, მხოლოდ.

(1984წ., თბილისი)

მანდილოსანი, ვინც შენ ეს გზავნილი გადმოგცა, ჩემი ოჯახის ახლობელი და გაზეთ ,,რეზონანსის“ კორესპონდენტია. მე მას ვთხოვე, შენგან ინტერვიუ აიღოს, უფლის სიტყვა სხვა არხითაც რომ განამრავლო.

იყავ კარგად! შენს კალამს მართლმკვეთელობა არ დაეკარგოს!!
გემშვიდობები და სულიერად გეხვევი.
მოკითხვა შენს ოჯახს; ასევე, მარინა ნიაურსა და ბასილ ბურკაძეს!

შენი მოყვარული და პატივისმცემელი ძმა
— დიაკონი გიორგი.
ლევილი, საფრანგეთი, 2001წ.“.

მინაწერი (P.შ.): როცა ეს წერილი მასთან მიიტანეს, გიორგი გარდაცვლილი დახვდათ…
მისი ამ სოფლიდან ასეთი მოულოდნელი გასვლა ჩემთვის იყო დიდი ტკივილი, რომელიც დღემდე არ გამნელებია (ღმერთმა ნურც გამინელოს!) და რამაც შთაგვაგონა მისი საქმის გაგრძელება ახალი გამოცემით „სა. ქ. მ. ე.“ (,,საზღვარგარეთის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია“; ,,საქართველოს ქრისტეს მხედართა ერთობა“).
მას ჩვენი ეს უკანასკნელი წერილი ხორციელი თვალით არ წაუკითხავს. ვფიქრობ, მისი გამოქვეყნება მას სულს არ ატკენს…

*   *   *

ახლა, — რაც შეეხება ჩვენს სერბულ ტაძარში მყოფობას.
მანამდე კი მცირე წიაღსვლა საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის (სა. რ. მ. ე.) შესახებ:
1917წ. სატანური რევოლუციის შემდეგ, რუსეთის ეკლესიის საუკეთესო ნაწილიდან ისინი, ვინც მოწამეობრივ სიკვდილს გადაურჩნენ, იძულებულნი გახდნენ, დევნულ სულიერ სამწყსოს უცხოობაში გაჰყოლოდნენენ და ემიგრანტობის ტვირთი ეზიდათ*. მათ თან გაიყოლეს წყურვილი ჭეშმარიტების ერთგულებისა, რითაც მოხიბლეს მაშინდელი მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია — დაწყებული სერბულით, დამთავრებული ბერძნულით: ყველა ეკლესია, უკლებლივ (ბუნებრივია, კრემლის კლანჭებში მოქცეული მოსკოვის საპატრიარქოს გარდა), ყოველმხრივ აღიარებდა და პატივს მიაგებდა მათ. მხოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ, როცა საბწოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლური ქვეყნები დაიპყრო და თან აპოსტასია გეომეტრიული პროგრესიით შედიოდა ძალაში, კრემლმა დაზვერვითი და მოსყიდვითი ხერხებით ყველა ადგილობრივი ეკლესია შეატრიალა მათგან მოსკოვის საპატრიარქოსაკენ, მაგრამ ეს ვერ შეძლო მცირე აზიაში იერუსალიმისა და ,,გაწითლებულ“ აღმოსავლეთ ევროპაში — სერბეთის ეკლესიასთან. ეს უკანასკნელი — ისტორიულად ხელი შეუწყო რა ემიგრაციული ეკლესიის დაარსებასა და გაძლიერებას — ყოველთვის, ბოლომდე ცნობდა მას და მის აღმსარებელ მამებს დიდ პატივს სცემდა, რაც გამოიხატებოდა ევქარისტიულ ურთიერთობაშიც კი (ბოლომდე ასეთივე მიმართება ჰქონდა ემიგრაციულთან იერუსალიმის ეკლესიასაც). შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზღვარგარეთის ეკლესია იყო, პირველ ყოვლისა, კონფესიურად ჭეშმარიტების და მხოლოდ ამის შემდეგ — რუსი ერის (და არა სახელმწიფოს) ,,მოძრავი კიდობანი“ (შდრ.: მოსე და ებრაელი ერი).

ღრმად გავეცანით რა ემიგრაციული ეკლესიის ისტორიას, მისდამი თავიდანვე პატივისცემა გაგვიჩნდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ მის წიაღში დავინახეთ აღმსარებლური სულისკვეთება და შეგვიყვარდა მასში ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებაში იგი (აქვე, ჩვენი მოქილიკე მტრების ანუ ვაშა-მამულიშვილების მიმართ მერამდენეჯერ გვიწევს ხაზგასმა: ,,წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული“ — გალაკტიონი)…

დიახ, დავუბრუნდეთ სერბული ეკლესიის თემას. თავიდან, როცა თბილისის საპატრიარქო ფორმალურად გამოვიდა ეკუმენური ორგანიზაციებიდან (20. 05. 1997წ.), მიმოთქმა გავრცელდა, რომ ბელგრადის საპატრიარქოც ტოვებდა ეკუმენურ საბჭოს; ამ ყველაფერმა ზემოთქმულმა და კიდევ იმან, რომ საქართველოს, იერუსალიმისა და რუსეთის ეკლესიების მსგავსად ეს საპატრიარქოც ძველ ანუ სწორ საეკლესიო კალენდარულ სტილს ინარჩუნებდა, დაგვათანხმა სერბულ იურისდიქციაში დროებით შესვლაზე, რადგან იმხანად (2000წ.) მოსკოვის საპატრიარქოსთან ხელოვნური მიერთების დაჩქარების გამო ემიგრაციულ ეკლესიაში არეული მდგომარეობა სუფევდა, ხოლო იერუსალიმის ეკლესიის იურისდიქცია კანონიკურად მხოლოდ ისრაელ-პალესტინა-იორდანიის ისტორიულ მიწებზე ვრცელდება (თუ არ ჩავთვლით ა. შ. შ-ში არსებულ რამდენიმე სამრევლოს) და ევროპაში — არა. თან, უფალს განუწყვეტლივ ვევედრებოდით, ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიაში დავემკვიდრებინეთ…

რამდენიმე წელი ამაოდ ველოდეთ იქ, პარიზის სერბულ ტაძარში, მდგომარეობის გამოსწორებას და ჩვენი მხრიდანაც არაერთგზის ვეცადეთ ამას მოკრძალებული რჩევით, შეგონებით, მხილებით. მაგრამ ბოლოს, იმედი გადაგვიწურა და როგორც იტყვიან, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა იმან, რომ მოულოდნელად ტელევიზიით ვიხილეთ ჩვენი მმართველი ეპისკოპოსი ეკუმენურ ლოცვაზე ლიონის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკურ მესსაზე კათოლიკეებთან ერთად თანალოცულობდა მონოფიზიტთა, პროტესტანტთა ,,სამღვდელოება“ და ყველა იმ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, რომელსაც აქ, საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპაში, ეპარქიები გააჩნია (კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის…). ამ კადრების ნახვისთანავე (და სხვა დარღვევების გამოც), მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობის თანახმად (ორგზისი წმინდა დიდი კრების XV კანონი), ვალდებული ვიყავი, შემეწყვიტა ევქარისტიული ერთობა ჩემს ეპისკოპოსთან და მისგან იმ დღიდან ლოცვა-კურთხევაც კი აღარ ამეღო, რადგა მან საჯაროდ იქადაგა (საქმით) ერესი; კერძოდ, ეკუმენიზმი. ისევ ვეცადეთ, მისგან პასუხი მიგვეღო მომხდარის გამო, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდით რა მის უსუსურობაში, რაიმე შეეცვალა სერბეთის საპატრიარქოში გამეფებულ ეკუმენიზმსა და საერთოდ, ღვთისგან განდგომილებაში (აპოსტასია), — სხვა გზა აღარ დაგვრჩენოდა, მიუხედავად სერბი ეპისკოპოსისა და ერის სიყვარულისა, მიგვეღო გადაწყვეტილება მაინც საზღვარგარეთის ეკლესიაში გადასვლისა (სხვა გამოსავალი, იმხანად, უბრალოდ, არ ჩანდა).

ამის მერე დადგა საკითხი, თუ როგორ მოიქცეოდა ჩვენი ქართული მრევლი. ჩვენ არავისთვის მოძღვრულადაც კი არ გვიიძულებია, ჩვენთან ერთად წამოსულიყო; უბრალოდ, ჩვენგან ტელევიზიით ნანახი სულიერი სოდომ-გომორი ვაუწყეთ, მდგომარეობა განვუმარტეთ ჩვენს სულიერ შვილებს და თითქმის ყველა, ერთსულოვნად, მცირე გამონაკლისის გარდა, გააზრებულად გადმოვიდა ჩვენთან ერთად.
ვინმემ რომ საეჭვოდ არ მიიჩნიოს ჩვენი ამ გადაწყვეტილების წმინდად სარწმუნოებრივი განპირობებულობა (მოტივაცია), იძულებული ვართ, ესეც განვმარტოთ (ისედაც ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურის ყველაფერი უნდა უწყოდეს ხალხმა): ზემომოყვანილ წერილში ნახსენები გვაქვს, რომ პარიზის სერბულ ტაძარში დიაკვნობისას საღვთისმსახურო გასამრჯელოს შეგნებულად არ ვიღებდით; მაგრამ ასე იყო თავიდან და იმ დროსაც, როცა ის გზავნილი იწერებოდა. ჩვენი მღვდლად კურთხევის (14/27. 01. 2002) შემდეგ კი, როცა სერბულ ტაძარს ქართული მრევლიც და მისი შენაწირიც მიემატა, ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით ეს მდგომარეობა შეიცვალა და ჩვენ ვალდებული ვიყავით, მის ლოცვა-კურთხევას დავმორჩილებოდით და გარკვეულ გასამრჯელოზე დავთანხმებულიყავით. ხოლო ემიგრაციული ეკლესიის რუსულ ტაძარში გადასვლამდე წინასწარ ვიცოდით, რომ იქ არანაირი ნივთიერი დახმარება არ გვექნებოდა (პირიქით, ჩვენი ქართული მრევლი უნდა შეწეოდა მის მცირერიცხოვან ეკლესიას), მაგრამ მიუხედავად ამისა, იურისდიქცია, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებისადმი ერთგულების ანუ სულის ცხონების ნიშნით შევიცვალეთ და არა სხვა მოსაზრებით, — ღმერთმა დაგვიფაროს (ხაზგასმით გვსურს, განვაცხადოთ: უცხო ერისგან ანგარების სახით ერთი სანტიმიც კი არასოდეს აგვიღია და ამას არც არასდროს ვაპირებთ)!
იმ მცირე გამონაკლისს კი, რაც ქართველთაგან სერბულ ტაძარში დარჩა, საქართველოს საპატრიარქოს მღვდლები დღემდე აბრკოლებენ და ნებას არ რთავენ, მოდერნიზმ-ეკუმენიზმში აშკარად მხილებული ეკლესია დატოვონ და მიუხედავად გარკვეული ისტორიულ-ადმინისტრაციული წინაღობებისა, მაინც მართლმადიდებლურში გადმოვიდნენ. — პირიქით, მორწმუნეებს თუ რწმენაში მოსაქცევ ხალხს ჩვენთან მოსვლაში იმითაც აბრკოლებენ, რომ მათგან (საქ. საპატრიარქოს მღვდელთაგან) ერთნი ცრუ ხმებს შეგნებულად ავრცელებენ, თითქოს ჩვენ არაკანონიერი მღვდელი ვართ იმის გამო, რომ ორჯერ ვართ მღვდლად ნაკურთხი (?) — საქართველოში და საფრანგეთში; ხოლო მეორენი იმასაც ცრუობენ, რომ თითქოს სამღვდელო ხარისხი ჩამორთმეული გვქონდეს. — ვადასტურებთ: არც საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებს, არც ემიგრაციული ეკლესიის სინოდს და არც არავის ფორმალურადაც კი არ განვუკვეთივართ მღვდლობიდან და ამ ორივე ბრალდების ნამდვილობა-არანამდვილობა ნებისმიერ დაეწვებულს შეეძლო, გადაემოწმებინა აღნიშნულ ინსტანციებში სატელეფონო ზარითაც კი… მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ხშირად მართლდება წინასწარმეტყველება, — ერიდეთ, ცრუ ძმებისგან იქნებითო დევნილნი!.. — ღმერთმა შეუნდოს ჩემს გზააბნეულ ძმებს!
_________________________
*ამას ოფიციალური საპატრიარქოების ქვეშევრდომნი ემიგრაციაში წასულ სამღვდელოებას გაქცევად უთვლიან. ამის გასაქარწყლებლად მოგვაქვს მიტრ. დანიელ დათუაშვილის სამართლიანი კომენტარი თავის ეპარქიასთან მიმართებაში: ,,აფხაზეთის სამღვდელოებამ ორი მიზეზის გამო იძულებით დატოვა აფხაზეთის ტერიტორია: პირველი ის იყო, რომ სამღვდელოების ახალი მსხვერპლი გამოიწვევდა დაპირისპირების გამწვავებასა და აფხაზეთის მოსახლეობის მძიმე სასიკვდილო ცოდვაში ჩაყენებას; მეორე ის, რომ მრევლის უმეტესმა ნაწილმა დატოვა ეპარქია და მისი მარტოდმარტო მიტოვება, ასევე, დაუშვებელი იყო“. ხოლო საბჭოთა რეჟიმის პირობებში თუ რატომ ვეღარ დაემორჩილებოდა უცხოეთში მყოფი სამღვდელოება და მრევლი მოსკოვის საპატრიარქოს, ამის მიზეზები იქვე შეგვიძლია, გადატანითი მნიშვნელობით ამოვიკითხოთ: ,,იქ (აფხაზეთში) დარჩენილი სამღვდელოება ვერ ახერხებს არსებული ხელისუფლების ზეწოლის გამო საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობას. […] ასეთ პირობებში აფხაზეთის ეპარქიაში მყოფი მრევლის ეკლესიური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სამღვდელოების უდიდესი ნაწილი ეპარქიაში არ იმყოფება, ხოლო ვინც დარჩენილია, მას არა აქვს ეპარქიის მმართველთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ნორმალური კანონიკური ურთიერთობა“ (ინტერვიუ, ,,საქ. რესპუბლიკა“, №333, 14. 12. 1999წ.).

უღირსი მღვდელი გ. სხილაძე

ემიგრაციული ეკლესია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: