მღვდელი გიორგი სხილაძე (ინტერვიუ)

ინტერვიუ მღვდელ გიორგი სხილაძესთან — ემიგრაციული ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი პარიზის ქართული სამრევლოს წინამძღვართან (მართლმადიდებლობისათვის დევნილ, დიდი ავტორიტეტის მქონე მიტროპოლიტ (აწ განსვენებულ) ვიტალის ომოფორის ქვეშ მღვდელმსახურად კურთხეული)

კითხვა: ძვირფასო მამა გიორგი, პირველ რიგში აგვიხსენით, რას ნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტიტული „უწმიდესი და უნეტარესი“, ეკლესიის წესდებით რისი აღმნიშვნელია იგი და როგორ თვლით, პატრიარქი, რომელიც თავისი სიტყვით და საქმით ყოველ ნაბიჯზე არღვევს წმიდა ეკლესიის სამართლის განწესებებს, შეიძლება თუ არა, რომ იწოდებოდეს ამ ტიტულით და სცოდავს თუ არა ადამიანი, ერისკაცი იქნება ის თუ სასულიერო პირი, ვინც ასეთ პატრიარქს ამ სასულიერო ტიტულით — „უწმიდესად და უნეტარესად“ მოიხსენიებს?

პასუხი: მოგეხსენებათ, რომ ქრისტეს ადრინდელ მორწმუნეს „წმინდანს“ უძახდნენ (მოგვიანებით მას ანტიოქიაში ეწოდა ,,ქრისტეანი“ ანუ ქრისტეს მიმდევარი. ეს უწყება შემონახულია ,,ახალი აღთქმის“ მეხუთე წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთა“, 11: 26), ხოლო მაცხოვარი თავის პირველივე ქადაგებაში, რომელიც მთაზე წარმოთქვა, ცხრამხრივ ასახელებს, თუ როგორი ადამიანია ნეტარი. წმინდანთა და ნეტართა შორის ცოდნით, სიწმინდითა და ცხრავე ნეტარების საქმეში გამოვლინებით გამორჩეულს აკურთხევდნენ სასულიერო პირად და სასულიერო პირთა შორის უაღრესად გამობრწყინვებულს სახელდებდნენ უწმინდესად და უნეტარესად. სწორედ, ასეთს ირჩევდნენ ეკლესიის მეთაურად და ეს წოდებაც აქედან მოდის. რა თქმა უნდა, ამ ტიტულის მატარებელმა ყველანაირად უნდა გაამართლოს ეს, მართლაც, უწმიდესი ზედწოდება და ამისდა მიხედვით, არავის, თვით ურწმუნოსაც კი, არ უნდა გაუძნელდეს მასზე ამის წარმოთქმა. ჩვენში „მუშაობს“ ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა: რამდენადაც, საქართველოს წარსულში (კომუნისტურ ხანამდე) თითქმის ვერ ვიპოვნით უღირს კათალიკოსს ან პატრიარქს, ქართველს ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლისადმი, საერთოდ, როგორც ასეთის — ამ ინსტიტუტის, საკათალიკოსო ტახტისადმი, გასაგები მიზეზების გამო, ერთობ მოწიწებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა და თუ ვინმე კარგად არ იცნობს ან რჯულს, ან რომელიმე უღირსი პირველიერარქის მოღვაწეობას, ეს განწყობა ვრცელდება ამ უკანასკნელზეც. დღევანდელი ადამიანი, პირველ რიგში, იმით სცოდავს, იმას რომ არ იკვლევს, რა არის ნამდვილი სიწმინდე და ნეტარება. ხოლო ვინც ამაში კარგად გაერკვევა, თვითონვე მიხვდება, ვინ როგორ უნდა მოიხსენიოს. შეგვიძლია, საზოგადოდ შევნიშნოთ: ვერც უწმინდური ერი იგუებს უწმინდეს მამამთავარს და ვერც წმინდა — უწმინდურს.

კითხვა: ჩვენ, ერის ხალხი, მრევლი, სახარების კითხვისას, წმიდა მამათა წიგნებისა და საეკლესიო კანონების გაცნობისას, რასაც ვიგებთ და ვსწავლობთ, სრულიად საწინააღმდეგოს ვხედავთ დღევანდელ ეკლესიაში ნებისმიერი იერარქიის საფეხურზე მყოფ სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და ქმედებებიდან.

განგვიმარტეთ, თუ შეიძლება: თუკი ღმერთი ერთი არსებობს და მისი ჭეშმარიტებაც ერთია ამქვეყნად, რომელი სხვა „ღმერთების“ რელიგიათა ლიდერების სიყვარულს, ტოლერანტობას, მათთან მეგობრულ და უსიტყვო თანაარსებობას გვასწავლის დღევანდელი ქართული ეპისკოპატი და სინოდი (რომელიც 34 ეპისკოპოსს წარმოადგენს) და რა კანონიკურ შეფასებას მისცემთ კავკასიის მუსლიმთა ლიდერის მიმართ ამ ეპისკოპოსთა საჯარო სიყვარულისა და ძმობის გამოხატულებას; და ასევე, განგვიმარტეთ, წარმოადგენს თუ არა ეს ეკუმენიზმის ერესის საჯარო ქადაგებასა და დამკვიდრებას მართლმადიდებელ ერში სიტყვით თუ საქმით?

პასუხი: სიყვარულიც სწორად უნდა გვესმოდეს და არ უნდა გავაიგივოთ არც ღვთის სიყვარული სამშობლოსა და საკუთარი თავის სიყვარულთან და არც ღვთის მტრების სიყვარული სამშობლოსა და პირადი მტრების სიყვარულთან. ხილულ-უხილავი სამყაროს უფალი ღმერთი — ქრისტე გვეუბნება, რომ „გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ (და არა ჩემნი) და „აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა“ (და არა ჩემთა)-ო! მის ნურც ამ სიტყვებს დავივიწყებთ: „რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“ (მ., 12: 30). მამულის მტრების შესახებ კი შესანიშნავად გამოთქვა ქართულმა გენმა: „სამშობლოს არვის წავართმევ; ნურც ნურვინ შემეცილება. თორემ, ისეთ დღეს დავაყრი, მკვდარსაც კი გაეცინება!“. სხვა საკითხია არამართლმორწმუნეს მიჩნევა „მოწყალე სამარიტელად“ ანუ მოყვასად, როცა ის სიკეთეს უანგაროდ გიკეთებს. დიახ, თქვენს მიერ მოტანილი მაგალითები წარმოადგენენ არა მხოლოდ ეკუმენიზმის, არამედ უფრო უარესის — პან-ეკუმენიზმის ერესის ქადაგებასა და დამკვიდრებას, რადგან არაქრისტეანთა მიმართ სიყვარული ნიშნავს სწორედ ნამდვილი ღმერთის რწმენაში მათ მოქცევას და არა მათთან უსიტყვო თანაარსებობასა და „მეგობრობას“. იმ ქვეყნად, მარადიულ სამყოფელში ისინი იქნებიან ჩვენი მოსაყვედურე, მამხილებელი და გამსამართლებელნი, თუკი ჩვენ ამ ქვეყნად მათ არ ვამცნობთ ჭეშმარიტ რჯულს.

კითხვა: ეკლესიის ისტორია არის სარწმუნოებისთვის თავდადებულ მოწამეთა, აღმსარებელთა ისტორია. დღევანდელ იერარქიას რომ ვუსმინოთ, უფალი, მისი წმიდა მოციქულები და წმიდა მამები, როდესაც შეჩვენებას გადასცემდნენ მწვალებლებს, ყველაზე ექსტრემისტები, შეუწყნარებლები ყოფილან, ხოლო ესენი კი უფალზე და მოციქულებზე მეტად ტოლერანტები და შემწყნარენი; და ან რატომ დასდეს წმიდა გიორგიმ და სხვა წმიდანებმა თავი და რატომ ამხელდნენ კერპებს — ეცხოვრათ მშვიდობიანად და მათაც არავინ დასჯიდა სიკვდილით!
გთხოვთ, კომენტარი გაუკეთოთ ილია მეორეს ეპისტოლეს ამ ორ პუნქტს:
1 — „შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, — ესაა ჩვენი არჩევანი. სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო … რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით, ცხენზე ამხედრებულნი, ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა“.
2 — „სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს, შეასრულოს ე. წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა. ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება“.

პასუხი: წმ. პავლე მოციქული ღვთის ბრძანებას რომ გამოთქვამს, ვისაც არ უყვარს უფალი იესუ ქრისტე, ანათემა (,,მარანათა“) მასო, ეს სიყვარულის სახელით მოვაჭრეთა (სინამდვილეში — ჭეშმარიტებისა და მოყვასის მოძულეთა) მიერ უსიყვარულობად აღიქმება. მაგრამ ვის სდებენ ამაში ბრალს, წმ. პავლეს, რომელიც უფალს ევედრება, ოღონდ ჩემი ერი ცხონდეს და მე მათ მაგივრად ჯოჯოხეთში შთამაგდეო თუ თავად უფალს, რომელიც არის შემოქმედი სიყვარულისა და თვითონ სიყვარული? ასეთებს სიყვარული კბილების გამოჩენა ანუ მსახიობური ღიმილი ჰგონიათ. ან განა დაუმსახურებელი ქებაა სიყვარულის გამოხატულება? როდესაც ეკლესიის პირველი პირი გარყვნილი ფილმის ,,სიყვარული ვენახში“ გადამღებსა და მისნაირებს მიმართავს, „თქვენა ხართ მნათობნი საქართველოისანი, თქვენ გადაარჩინეთ საქართველო“-ო, ეს სიყვარულია თუ მკრეხელობა?

როცა ქრისტეანი მუსულმანს ხვდება, ნავთობისა და წყლის ბიზნესზე კი არა, სიცოცხლის წყალზე ანუ ცხონებაზე უნდა ესაუბროს. მაგალითისთვის გავიხსენოთ წმ. ილარიონ ქართველის (ახალი) ცხოვრებიდან: ერთ დღეს იგი გამოემშვიდობა თავის სულიერ ძმებს და გაემართა თურქი ფაშას შეგონება-სამხილებლად, რადგან ეს უკანასკნელი ქრისტეანებს სიკვდილით სჯიდა; მისგან თვითონაც იგივეს ელოდა, მაგრამ როცა მღვდელმონაზონმა მისი მხილება დაასრულა, რწმენის სიმტკიცითა და სიტყვიერებით მოხიბლულმა ფაშამ მისი დასაჩუქრება და მონასტერში გაშვება ბრძანა… წმ. ილარიონი თვითონ იყო იმერეთის უპირველესი დიპლომატისა და უკანასკნელი მეფის — სოლომონის სულიერი მოძღვარი და სამეფო დიპლომატიასაც კი ჭეშმარიტებაზე მაღლა არ აყენებდა. მეორე მაგალითი მისი მოღვაწეობიდან: ერთხელ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, სწორედ დიპლომატიური მოსაზრებით, ათონის მთის მონასტრებს დაავალა ინგლისის ელჩის (არამართლმადიდებლის) კვეთის საიდუმლო ლოცვაში (,,პროსკომიდია“) მოხსენიება (ასეთთა მოხსენიება მხოლოდ პირად ლოცვაში შეიძლება). ქართველი მოძღვარი პატრიარქის არასწორ ბრძანებას არ დაემორჩილა და სხვებსაც იგივე მოუწოდა. როცა მასთან მივიდა ერთი ბერძენი მღვდელი და განუცხადა, მე ვასრულებ ჩვენი ეკლესიის მეთაურის კურთხევას და ელჩს ვიხსენებო, წმ. ილარიონმა მას სასჯელად მღვდელმოქმედების შეჩერება დაადო. ის კი, როცა დანარჩენ მღვდელთა ნებართვით მაინც სცადა წირვის აღსრულება, ლოცვის დასაწყისშივე უეცრად მოკვდა… ეს ამბავი შიშის ზარივით მოედო ყველა მონასტერს და ქართველი მღვდელ-მონაზვნის სახელი და გავლენა (ავტორიტეტი) კიდევ უფრო გაიზარდა. ასე ესმოდათ ჩვენს სახელოვან წინაპრებს დიპლომატია, ასე იხვეჭდნენ უფლებებსა და პატივს (რაც სრულიად საპირისპიროა სულხან-საბა ორბელიანის „დიპლომატიისა“).

ჯერ კომუნისტური და შემდეგ, ე. შევარდნაძის ნეო-კომუნისტური ხელისუფლება საპატრიარქოს უყურებდა, როგორც რელიგიის სამინისტროს და პატრიარქს — როგორც რელიგიის მინისტრს და აქედან გამომდინარე, მას პოლიტიკურ დავალებებს აძლევდა. ასეა ეს, სამწუხაროდ, დღევანდელი ნეო-კომკავშირული ხელისუფლების მხრიდანაც.

კითხვა: ასევე, განსაკუთრებულად საინტერესოა, მოვისმინოთ თქვენგან შეფასება საქართველოს მართლმადიდებელ პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას საქართველოში გადასვენებასთან დაკავშირებით, რადგან მას ხომ იმ უმაღლესმა სამღვდელო იერარქიამ აუგო წესი და დაასაფლავა, რომელმაც მისი დამხობა და გაძევება დიდი ზეიმით აღნიშნა; მერე მის დამამხობლებს — სამხედრო საბჭოს და ა. შ. გვერდიდან აღარ მოშორებია და ყველა იმ ბოროტ საქმეს, რაც კი საქართველოს წინააღმდეგ მაშინდელმა კრიმინალებმა ჩაიდინეს, ლოცვა-კურთხევით განამტკიცებდა.
გთხოვთ, ამ ყოველივესთან დაკავშირებით თქვენი შეფასება გააცნოთ მართლმადიდებელ ერს, საქართველოში იქნება ეს თუ მის საზღვრებს გარეთ.

პასუხი: სამწუხაროდ, ვეთანხმები ამ შეფასებას, რაც თქვენს მიერ დასმულ კითხვაში უკვე იკითხება.

ბევრ საეროსაც კი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ხელი გარეული აქვს ზვიადის სისხლში, სინდისი ეყო, რომ მის გადმოსვენებაზე არ მისულიყო. ჯერ, საქართველოში მისი ასეთი სახით შემოსვენება რას ჰგავდა? ვითომ, ვიღაც რიგითი მოქალაქე სადღაც ჭყლეტაში შემთხვევით მოყვა და მთავრობამ ოჯახს, შუაღამისას, ქურდივითა და ავაზაკივით შემოუსვენა… სად იყო ის სახელმწიფო პატივი, რომელიც ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო საზღვართან მიეგება ხოლმე ხელისუფლებისაგან პრეზიდენტს და თანაც, პირველს? რა, მართლა მოღალატე და ეკლესიის მტერი იყო, როგორც ამას საქ. საპატრიარქო ავრცელებდა? მაშინ, მთაწმინდაზე რატომ დაკრძალეს ან საერთოდ, წესი რატომ აუგეს?

ამ ყველაფრის მნახველს, შეუძლებელი იყო, არ გაგხსენებოდა მაცხოვრის მრისხანე სიტყვები, თვალთმაქც მწიგნობრებსა და ფარისევლებს რომ ეუბნებოდა: ვაი თქვენ, რომ ამკობთ მართალთა საფლავებს!

 იერარქიიდან მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში პირდაპირ თუ ფარულად მიიღეს მონაწილეობა, ჯერ საერო კანონების წინაშე უნდა აგონ პასუხი (რაც უმაღლეს დანაშაულად — სამშობლოს ღალატად სახელ-იდება და შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს) და შემდეგ, საეკლესიო სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი ეს და წმინდად სარწმუნოებრივი „მოღვაწეობა“. ეს კი, შესაძლოა, მოხდეს, თუ ქართველი ერი გამოფხიზლდა.

კითხვა: ამ ბოლო დროს გაძლიერდა კათოლიციზმის ერესის ქადაგება შემდეგი, ძალიან დიდი, საცდურით, რომ კათოლიკე მღვდლები ახდენენ დიდ სასწაულებს, კურნავენ მძიმე სენით შეპყრობილ ადამიანებს; რომ კათოლიკურ ხატებს — უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა — ნახატებს სდით მირონი, ცრემლები და ა. შ. ამით ხალხს არწმუნებენ კათოკიციზმის მწვალებლობის ჭეშმარიტებაში. ეს რწმენაში გაუცნობიერებელ მართლმადიდებლებში მართლაც იწვევს გაორებას, მაგრამ არ ჩანან სასულიერო პირები, რომ განუმარტონ ადამიანებს, თუ რა დამღუპეველ, „სიმონ მოგვისეულ“ ცრუსასწაულებთან აქვთ საქმე. გთხოვთ, თქვენი სასულიერო-ავტორიტეტული განმარტებით გაარკვიოთ ხალხი ამ საკითხში.

პასუხი: მორწმუნე რომ სასწაულს არ უნდა გამოეკიდოს, ამას თვითონ უფალი გვაფრთხილებს: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს“. მით უფრო, თუ ეს სასწაული სექტანტური სამყაროდან მოედინება, ფრთხილად უნდა ვიყოთ და არასწორი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ. ერთ-ერთ კათოლიკურ ანუ პაპისტურ ტაძარში ხდება ასეთი სასწაული: იქ იმყოფება ჭურჭელში ჩასხმული წმინდანის სისხლი, რომელიც მისი ხსენების დღეს დუღილს იწყებს ხოლმე. მაგრამ ეს სასწაული ადასტურებს არა იმას, რომ კათოლიციზმი ანუ პაპიზმი სწორი სარწმუნოება — მართლმადიდებლობაა. არამართლმადიდებლურ ტაძრებში მრავლადაა თავმოყრილი ნამდვილ წმინდანთა ანუ კათოლიციზმისა თუ სხვა განხეთქილების წარმოშობამდე მსოფლიო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ მორწმუნეთა წმ. ნაწილები და ჭეშმარიტი სასწაულებიც სწორედ მათთან არის დაკავშირებული.

კითხვა: ტელე და ბეჭდვით მედია-სივრცეში ფართოდ შუქდება საქართველოს საპატრიარქოს სამღვდელოების ბოჰემური ლაღობა-გატაცებანი; კინო-ფილმების პრეზენტაციებზე, ოპერისა და ბალეტის კონცერტებზე ხშირად ჩნდებიან ეპისკოპოსები, ნახულობენ ფილმებს, ესწრებიან კონცერტებს, საპატრიარქო ხომ კონსერვატორიის კლასიკური მუსიკის „სულიერი ტკბობის“ მცირე დარბაზად ხშირად გადაიქცევა ხოლმე, სადაც ცნობილ მსახიობებს ხშირი ვიზიტი უხდებათ… ასევე, სამსახიობო სიმპოზიუმები, ფორუმები ეპისკოპოსებს ხშირად მასპინძლობს.
თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, — თუკი წმიდა მოციქულთა განწესებები მსახიობებს ზიარების უფლებას არ აძლევს, სანამ არ დაუტევებენ თავის ცოდვილ პროფესიას, საპატრიარქოს ეპისკოპოსები რა კანონით ხელმძღვანელობენ, როდესაც მხატვრული კინო-ფილმების ჩვენებებზე ესწრებიან (თუნდაც, ეს ფილმები ქრისტეზე იყოს გადაღებული — ასე ხომ როკ-კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები მრავლად არის ქრისტეზე…)?

პასუხი: უფალი თავის ჯვარმცმელ მღვდელმთავრებს საყვედურობდა, რომ ღვთის სჯული დაუტოვებიათ და კაცთა მოძღვრებებს ასწავლიან. დღეს საქართველოს ეკლესიაშიც უმეტესად ხელმძღვანელობენ არა საღვთო, არამედ კაცის მოძღვრებით; ეს კაცი გახლავთ სწორედ უწმინდესად და უნეტარესად წოდებული კათალიკოს-პატრიარქი, რომელმაც რეჟისორ-მსახიობებისადმი მიმართული ჩვენს მიერ ზემომოყვანილი სიტყვები წარმოთქვა სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით მოწყობილ საღამოზე, სადაც უხამს ცეკვა-სიმღერებთან ერთად სულიერადაც და ესთეთიკურადაც გულისამრევი წარმოდგენები იმართებოდა და ერის სულიერი მამა ამას დარბაზიდან ტაშს უკრავდა… მოგეხსენებათ, ეკლესია მნათობებს, საზოგადოდ, წმინდანებს უწოდებს, მაგრამ ქართულმა ეკლესიამ ამ ზედწოდებით — „საქართველოს მნათობი“ — თავისი დიდმოწამეობისა და გამორჩეული ღვაწლის გამო ძველთაგანვე განსაკუთრებულად შეამკო კახეთის დედოფალი ქეთევანი, რომელიც ქრისტეანობის დაცვისათვის ვნებამდე იმას კი არ განიცდიდა, რომ ღმერთისათვის ტანჯვა ელოდა (ეს მას, როგორც ყველა წამებულს, ახარებდა), არამედ რცხვენოდა, რომ წამების წინ საჯაროდ გააშიშვლებდნენ ქალთა და კაცთა თვალწინ… განა, შეიძლება, მნათობად მოვიხსენიოთ მსოფლიო ეკლესიის ეს უდიდესი წმინდანი ქალიც და ვთქვათ, მსახიობი ქალიც, რომელიც ყმაწვილ ქალ-ვაჟთა ქორწინებამდელ „მეგობრულ“ კავშირს ანუ სიძვას ტელევიზიით ქადაგებს? დიახ, ეს ცნობილი ქალბატონიც ბრძანდებოდა ხსენებულ საღამოზე მათ შორის, ვისაც კათალიკოსმა სიტყვასიტყვით, ვიმეორებთ, „მნათობნი საქართველოისანი“ უწოდა!

კითხვა: კიდევ მრავალი კითხვა გვაქვს თქვენთან იმ უამრავ დარღვევებზე, რასაც საქართველოს ეკლესიაში ვხვდებით. ბუნებრივია, ამას ერთი ინტერვიუ ვერ დაიეტევს, მაგრამ ერთ, მეტად საშინელ ამბავსაც, გვსურს, ადგილი დავუთმოთ. ამბობენ, რომ ზნეობრივად გახრწნილი მღვდლები (მათ შორის, სოდომისტი), არა მხოლოდ მღვდლები, არამედ ეპისკოპოსებიც მომრავლდნენ საქართველოს ეკლესია-მონასტრებში და განმკითხველი არავინ არის, რამაც წარსულშიც და დღესაც დიდად შეუწყო ხელი სექტებში ხალხის გადაბირებას. რა ინფორმაციებს ფლობთ თქვენ, შეეფერება თუ არა ეს სიმართლეს და შემოსულა თუ არა თქვენთან ამ საკითხზე მრევლიდან საჩივრები?
 
პასუხი: შესაძლოა, ჯერ კიდევ ახალგაზრდას სჭირდებოდეს იმის განმარტება, რომ კაცის კაცთან (და ქალის ქალთან) მრუშობა, როგორც ბუნების საწინააღმდეგო ქმედება, ღვთის წინაშე წარმოადგენს ცოდვას, რომელსაც წმ. მოციქული პავლე სახელდებს, როგორც „სათქმელადაც კი სამარცხვინოს“. ეს დაცემა უფალს ყველაზე მეტად სძაგს და ასეთებს შეუნანებლობის ანუ გამოუსწორებლობის შემთხვევაში უსასტიკესად სჯის ამ ქვეყნად თუ არა, მარადიულ ცხოვრებაში მაინც. მან ამ ცოდვაში ჩავარდნილი სოდომის, გომორისა და მასთან, კიდევ, სამი ქალაქის მკვიდრნი (ერის ხალხი) ცეცხლოვან-გოგირდოვანი წვიმით ამოწყვიტა (რასაც თანამედროვე არქეოლოგიაც ადასტურებს) და რა უნდა იყოს იმაზე უფრო საძაგელი და საშიში, რომ ამ უწმინდურობამ ეკლესიაშიც შეაღწიოს? სამწუხაროდ, ამ საკითხზე თქვენს შეშფოთებას არცთუ უმნიშვნელო საფუძველი გააჩნია. საქ. საპატრიარქოში, რატომღაც, თვლიან, რომ ამ და სხვა მძიმე ცოდვას სასულიერო პირი თუ მოინანიებს, სასულიერო პირადვე შეუძლია დარჩენა, რაც მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობასა და საღ აზრს ეწინააღმდეგება. ან თუნდაც, ასეთი სინანული სად ჩანს? თვითონ საპატრიარქოს ზოგიერთ ქვეშევრდომთა ცილისმწამებლობა გვაიძულებს, გავიხსენოთ, რაც მოხდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩვენი სტუდენტობის ჟამს: სწავლა ახალი დაწყებული გვქონდა, როცა ჩვენმა ერთ-ერთმა ჯგუფელმა შენიშნა, რომ სემინარია-აკადემიის რექტორმა (ეპისკოპოსმა) მას თვალი „დაადგა“… როცა ეს შეიტყო, ამით გაკვირვებულ-აღშფოთებული სამი სტუდენტი საქმის გამორკვევის მიზნით შევიდა რექტორთან, რომელსაც ამ ამბის გახმაურების შეეშინდა და ამის პირობად ორ მათგანს (19 და 21 წლის სტუდენტს) რექტორობიდან გადადგომის ხელწერილი იქვე დაუწერა: „1988 წ. 23 დეკემბერს სამუდამოდ ვტოვებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანამდებობას, თანახმად აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტთა მოთხოვნისა. თუ აღნიშნული ხელწერილი იქნება დარღვეული, მიცემულ ვიქნე სისხლის სამართლის პასუხისგებაში“ (მამათმავლობა მაშინ, ჯერ კიდევ ისჯებოდა), ხელმოწერა, ბეჭედი, მინაწერი: „ხელწერილი ჩემს მიერაა დაწერილი, რასაც ვამოწმებ“ (ისევ ხელმოწერა). როგორც ჩანს, აქ იმუშავა შემდეგმა გარემოებამ: „სექსუალურად გარყვნილი ადამიანების ემოციური მერყეობა და ზნეობრივი ხრწნა განაპირობებს იმას, რომ ისინი, როგორც წესი, ვერ უძლებენ გამოცდილი გამომძიებლის ზეწოლას და პირველივე დაკითხვისას ყველაფერს ფქვავენ“ (გრინბერგ კორის ნაშრომში მოყვანილი ამერიკის სენატის დასკვნიდან ჰომოსექსუალისტთა შესახებ). ამ დროს, როგორ უნდა მოქცეულიყო ეკლესიის მეთაური? თქვენ მეტყვით: სტუდენტებს შეხვდებოდა და სინამდვილეს დაადგენდა. მაგრამ ამის ნაცვლად ოთხივენი გარიცხეს სასწავლებლიდან „სტუდენტისათვის შეუფერებელი საქციელის“ (პედ-საბჭოს გადაწყვეტილებაში ასე ეწერა) გამო, ხოლო ის ეპისკოპოსი მოგვიანებით დააწინაურეს და დღეს არქიეპისკოპოსად გვევლინება…

დიახ, ხალხის დიდი ნაწილი სამღვდელოებაზე მართლაც დაბრკოლებულია ამ და მსგავსი, უზნეო შემთხვევების გამო.

კითხვა: ფიქრობთ თუ არა, რომ ეროვნული ხელისუფლების აღდგენის შემთხვევაში საჭიროა, კანონიერმა ხელისუფლებამ დაუყონებლივ მოიწვიოს ახალი ,,რუის-ურბნისის კრება“ და საეკლესიო სამართლით მკაცრად გასამართლდეს სჯულის დამრღვევი სამღვდელოება? ან რაში ხედავთ გამოსავალს?

პასუხი: ილია მეორეს ყურმოჭრილი თუ სულმოჭრილი „მორჩილები“ გვეუბნებიან, რომ ქართული ეკლესია, კი, განსაწმენდია, მაგრამ ჯერ ამის „ჟამი არ დამდგარა“. ჩვენ ვეკითხებით: დასჯის ჟამი თუ არ დგება, დაწინაურების ჟამი როგორღა დგება? არადა დაჯილდოვება სამღვდელო კი არა, საერო ზნეობისთვისაც მიუღებელთ: თამბაქოს მწეველთ, ნარკომანებსა და მრუშებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: მსოფლიო ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, ეპისკოპოსს (ბერს) ეპისკოპოსობაში (ბერობაში) ცოლი მოეყვანოს, ბავშვები გაეჩინოს და არათუ არ განეკვეთოთ, დაეწინაურებინოთ. ეს მოხდა დღევანდელ ქართულ სინოდში. ასევე, მღვდელ-მონაზონი ვიღაცასთან შვილს აჩენს, ეს ყველამ იცის და მაინც მღვდლობას აგრძელებინებენ; იქვე, სხვა მღვდელი ამბობს, მას თუ არაფერს ეუბნებიან, იგივეს მეც გავაკეთებო და ა. შ. მოკლედ, სუფევს განუკითხაობა და საერთოდ, თვითრჯული აზროვნება. „რუის-ურბნისის“ დარი კრების გამართვა არის, პირადად, ჩვენი ოცნება, აგერ, უკვე, ოცი წელია, მაგრამ ასეთი კრების გამართვას მარტო წმ. დავით აღმაშენებლის საფლავთან ფიცის დადება კი არ ჰყოფნის, ამისთვის ასეთი მეფის (ხელისუფლის) ღვთისმოშიშება და შემართებაა აუცილებელი. ამას დღევანდელი, ცრუღირებულებებს ადევნებული ხელისუფლება ვერ და არ შეძლებს.

კითხვა: ძვირფასო მამა გიორგი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ეკუმენისტური ეკლესიის იერარქია შევარდნაძის ანტიეკლესიური ხელისუფლების მეგობრობიდან მშვენივრად შეეწყო დღევანდელ ხელისუფლებასაც, რომელმაც გაუგონარი სისასტიკით დაარბია გლდანის ანტიეკუმენისტური ჭეშმარიტი ეკლესია, დააპატიმრა მისი წინამძღვარი მ. ბასილი მკალავიშვილი და აი, უკვე, მესამე წელია, ციხიდან არ უშვებს.

გვინდა, ასეთი კითხვა დაგისვათ: მაშინ, როდესაც იეღოველების და სხვა სექტის წარმომადგენლები ანგრევდნენ ქართულ ტაძრებს, აგროვებდნენ ხატებს და ცეცხლში საჯაროდ წვავდნენ, ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატებს თვალებს თხრიდნენ და საშინლად შეგინებულსა და შეურაცხყოფილს ქუჩებში ყრიდნენ… (და ვინ მოსთვლის, კიდევ, მათ იმ დანაშაულს, რასაც ისინი, თურმე, საქართველოში სჩადიოდნენ), მათგან არც ერთი არ მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო მართლმადიდებელი მღვდელი კი კონტრაბანდული სექტანტური ლიტერატურის დაწვის გამო ციხეში უზით. რა შეფასებას მისცემთ ამ ხელისუფლებასთან საქართველოს საპატრიარქოს ასეთ დიდ მეგობრობას? დღეს საქართველოში ყველა ყველაფერს აპროტესტებს და მართლმადიდებელი მღვდელი კი ციხეში რომ იტანჯება, პირადად თქვენსა და ემიგრაციაში მყოფ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ამაზე პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. როგორ ფიქრობთ, განარისხებს თუ არა ეს ღმერთს, რომლის ხატმაც გლდანის ტაძრის დარბევის წინ იტირა და გარდა იმ სასჯელებისა, რასაც დღეს საქართველო განიცდის, მოსალოდნელია თუ არა უფრო დიდი სასჯელები ჩვენს ერზე მართლამადიდებლობის საქმის ასე უკანა პლანზე გადაწევისა და ასეთი გულგრილობის გამო?!

პასუხი: გლდანის ტაძრის დარბევის ნახვისას 1989 წლის 9 აპრილის კადრები მოგვაგონდა და სხვაობა ის იყო, რომ მაშინ ყველას, ერთად, მტერი გვებრძოდა. მ. ბასილი თითქმის ყველამ გაწირა. მისგან შექმნეს საფრთხობელა და მასზე გააბატონეს დამცინავი განწყობა, როგორც არაელიტარულ მღვდელზე. ავიწყდებათ კია, რომ სწორედ ელიტარულებმა მოითხოვეს მაცხოვრის ჯვარცმაც. ჩვენშიც განა ე. წ. ელიტამ არ მოაწყო ძმათამკვლელი პუტჩი? ავიწყდებათ, რომ ელიტარული გულითა და სულითაც უნდა იყო და არა — მხოლოდ გონებით. სულით ელიტარულობა სიწმინდისა და სიმართლისაკენ ლტოლვაა. დღეს იმდენად აშინებს და სძულს ადამიანთა უმრავლესობას სიმართლე, რომ სიმართლის თქმა ჩამორჩენილობად და სიგიჟედ ითვლება. საპატრიარქოს ვინც სიმართლე უთხრა, ყველა ეკლესიის მტრად გამოცხადდა. ეკლესიის მტრის წინააღმდეგ ბრძოლა კი საპატიო საქმეა და ისე გამოიყენა ხალხის ეს ზოგადი განწყობა ხელისუფლებამაც, რომ სხვათა — სიმართლის მთქმელ მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა დასაშინებლად დასაჯა ასე სასტიკად გლდანის მრევლი. ამ საშინელებამდე ხატი კი არა, ქვანი რომ არ ატირდნენ, არ გვიკვირს?! ჩვენი საზოგადოება გასაგებ, მაგრამ არა საპატიო მიზეზთა გამო სულიერად იმდენად დადამბლავებულია, რომ მშვენივრად ეგუება, ქვეყნის დამაქცევარი ხელისუფალი აგარაკზე ეჯდეს და მართალია, არაშეუმცდარი, მაგრამ მღვდლურად მაინც პატიოსანი კაცი — საკანში.

სასჯელის ღირსნი ღვთის წინაშე, მეტ-ნაკლებად, ყველანი ვართ, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ერი და სახელმწიფო, მომეტებულად, ეკლესიის მსახურთა და ხელისუფლების ცოდვათა გამო ისჯება და დაისჯება. თუ მართალი არ არის ის გარყვნილება, რასაც თითქმის ყველა დღევანდელი ხელისუფლების პირველ პირზე ყვება, ეს ერთი უბედურებაა — ხალხის დიდი ნაწილი ცილისწამების ცოდვაში ყოფილა; ხოლო, მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს დაჯერება და თუ ეს სიმართლეს შეეფერება, ყოველწამს ღვთის რისხვის მოლოდინში უნდა ვიყოთ ერიც და ბერიც.

მამა გიორგისთან ინტერვიუ მოამზადა ი. ღუდუშაურმა

10 Responses to “მღვდელი გიორგი სხილაძე (ინტერვიუ)”

  1. dato(lenon) Says:

    sapatriarqo da mama giorgis coli, მოსალოცად გაქვთ საქმე:D

    • dato(lenon) Says:

      :Dპატრიარქს უგალობს გიორგი სხილაძის ცოლი ქრისტე აღსდგას:D

      • dato(lenon) Says:

        მე რომ მითხრა გიორგი სხილაძემ ბოდიში მოუხადე იმ ეშმაკ დავითს გიჟი უწოდეო, თვითონ მოიხადოს ბოდიში ორპირა და მზაკვარი რომ არის, ერთს ამბობს ლანძღავს პატრიარქს და მეორეს აკეთებს თავის ცოლს აგალობებინებს პატრიარქზე!!! მაგარია რა! და მაგრები ხართ რა!:)

      • dato(lenon) Says:

        p.s.გიორგი სხილაძის ცოლი ის არის თავზე ჯვრიანი ქუდი რომ ახურია არადა აქ შეგვაგონებდნენ მღვდლის ცოლი თავშალმოხვეული უნდა იყოს მონაზონივითო!😎

  2. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    ,,dato (lenon)“,
    გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს!
    მისი მადლი შეგეწიოთ ოჯახთან ერთად!

    • davit Says:

      ახლა მამა გიორგისა არ მერიდებოდეს და აღდგომის მადლსა ვფიცავარ მაგრად ვიკავებ თავსა, თორემა მე ვიცი შენა რასაც გიპასუხებდი! ეშმაკი ვარ არა? ეშმაკის სახელი თავად გქვია ლენონო და კიდევ სხვას ვის უძახი ეშმაკასა! ეშმაკები გადადი ბაპტისტურ-ევანგელისტური სექტის წერილში და იქეთ მოიკითხე, ლადომ რომ გამოფინა ვიდეოები შენი, პადრე ჯემალის, მნათეუსიოს, ჯვაროსნის, კაიროსის, დაით მუზიკანტისა და ასე შემდეგა ეშმაკეული საქმეებისა! რაღას არა შვებით თქვენ რელიგიის მიმდევრები იმ ვიდეოებში და რწმენას უძახით სიბინძურესა! დაიცა ცალცალკე გაგირჩევთ მაგ ვიდეოებსა თქვე უბედურო პაპისტებო, ბრეიგდანტისტებო, პედოფილისტებო, ზოოფილისტებო და რა ვიცი კიდევ ვინ მოსთვლის თქვენს მახინჯ რწმენებსა! ურჩხულის ხატი არასად დაგეკარგოთ ვატიკანიდან და ცხვირზე კლოუნის ჩეფჩიკ დაწებებული კარდინალების ტანცაობა ბალერინებთან…

      • davit Says:

        ძალინაც წმინდა იერსახით კარგად გამოიყურება მამა გიორგის ცოლი ისე როგორც მღვდლის ცოლს ეკადრება, ეგეთი ქუდები კიდევ რუმინელ დედა-მონაზვნებსა ახურიათ, რაღაცა ვერ გამოგივიდა ეგ ნომერი…მამა გიორგისნაირები ცოტა ბევრი რომ ჰყავდეს საქართველოს ასე კი არ გაუბედურდებოდით თქვე ბედშავებო ანეკდოტები რომ რწმენა გგონიათ და რომის პაპი და მალხაზ სონღულაშვილი სულიერი მამები! ვაიმეეეეე რა ეშველება ამ ხალხსა!

      • ნიკა Says:

        პასუხი “ლენონს”:

        ———————–

        კი მაგრამ თქვენ ეს საკითხი ადრე ხომ განგემარტათ, ახლიდან რატომ წამოჭერით? ოდესღაც ყველა საპატრიარქოს იურისდიქციაში ვიყავით და მერე სხვადასხვა დროს მოხდა განდგომა ეკუმენიზმის გამო. ასევე მამა გიორგიც ჯერ საპატრიარქოს ევქარისტიის დიაკვანი იყო და მერე განუდგა მას. ალბათ მისი მეუღლეც სანამ გაერკვეოდა დრო დასჭირდა და ვგონებთ უკვე ისიც განუდგა ეკუმენისტურ ეკლესიას. ყოველშემთხვევაში მამა გიორგი არსად არ აგალობებდა, არამედ ეს ვიდეოები ძველი ჩანაწერია. ახლა რაც შეეხება ამ სიტყვებს, რაც მამა გიორგის დაუწერეთ: “თვითონ მოიხადოს ბოდიში ორპირა და მზაკვარი რომ არის,” – თქვენ როგორც სჩანს ძალიან ბოროტად სარგებლობთ ჩვენს ვებ-გვერდზე დაშვებული სიტყვის თავისუფლებით, ამიტომ, გთხოვთ მოუხადოთ მამა გიორგის ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კომენტარები არ გამოქვეყნდება. ერთი უკვე შეგიჩერეთ და შემდეგზეც ნუღარ შეიწუხებთ თავს. თუ ატყობთ არავის არ ვმოძღვრავთ წამდაუწუმ და არც ვბლოკავთ არავის, ერთადერთი მღვდლების შეურაცხყოფას ვერ დავუშვებთ. ადრე მამა ზურაბის თხოვნით ეს დავუშვით და ძალიან შევცდით, რადგან ამან როგორც სჩანს წაახალისა თქვენი თავხედობა.

        “დიდგორი” – ის პრეს-მდივანი

  3. faithandyourfuture Says:

    რის გამო იდევნებოდა მიტროპოლიტ (აწ განსვენებული) ვიტალის ომოფორი?

  4. tamuna Says:

    is mgvdel -monazoni romelzedac tqven gaqvt saubari umkacres pirobebshi gaushves ….. sadac tavis saqmes pirnatlad asrulebda . da xalxis pativiscema da siyvaruli ar daukargavs .man uari tqva mraval ,dacinaurebaze , materialur mdgomareobaze da gandidebaze . gansxvavebit meore mgvdlisa romelmac vitomda mas mibaza . da bolomde codvis morevshi gaexvia . misnairi mgvdel-monazvnebi dges zalian cotani arian isini tavis sulis gadarchenistvis da xalxis scor gzaze dayenebistvis dgemde ibrzvian . igii gverdshi daudga xalxs romlebic simartlistvis gamovidnen da shecherebul eqna mgvdloba . dges igi beria da agrzelebs sulis cxonebas ..


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: