მღვდელი გიორგი სხილაძე – პარიზის ქართული სამრევლო

მღვდელ გიორგი სხილაძის ინტერვიუ „გუშაგს“

1. კითხვა: მამაო გიორგი, ქართველი მამულიშვილები უკვე კარგად იცნობენ სერბეთის ეკლესიის (ბელგრადის საპატრიარქო)საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის, პარიზის წმ. საბას სახ. საკათედრო ტაძრის ქართული სამრევლოს სარწმუნოებრივსაზოგადოებრივი გამოცემას, რომელიც პარიზშია გამოცემული. სანამ კონკრეტულ საკითხებზე დავიწყებდეთ საუბარს, იქნებ, გაეცნოთ ჩვენი გაზეთის საშუალებით ქართველ მკითხველს.

პასუხი: ერისკაცობაში მალხაზ აკაკისძე სხილაძე. დაბ. – 1967 წ., ქ. ზესთაფონი (აქ შეცდომა არ გეგონოთ, განგებ ვწერ ,,ზესთაფონი“ და არა ,,ზესტაფონი“, რადგან ისტორიულად ამ ქალაქის სახელში ასო-ბგერა ,,თ“ იყო და არა ,,ტ“, რომელიც, როგორც ჩანს, რუსული ფონეტიკიდან შემორჩა მას; ამის აღდგენა უნდა მოხდეს: „ზესთა”, როგორც მოგეხსენებათ, ზეციურს, ღვთიურს ნიშნავს, ხოლო „ზესტა” – არაფერს. თუ ისტორიული ფორმით მოიხსენებთ ჩემს მშობლიურ ქალაქს, მხოლოდ გამეხარდება). იქ სწავლა: N1 საშუალო, N1 მუსიკალური სკოლა (ფორტეპიანოს კლასი) და ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი. თბილისში: რკინიგზის N1 საშუალო და კონსერვატორიის ექსპერიმენტული სკოლა (თეორიულ-საკომპოზიციო და საგუნდო-სადირიჟორო კლასი); 1986წ. მცხეთის სასულიერო სამინარიასა და თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლის სურვილის შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია და გელათის სასულიერო აკადემია (1988-96წწ..). ერისკაცობაში – ქართული ქორეოგრაფიული სკოლის აკომპანიატორი და „საღვთო სჯულის” მასწავლებლი საშუალო სკოლებსა და სასულიერო სასწავლებლებში. 1992წ. 23 ნოემბერს, გიორგობას, ტაბაკინის (ზესთაფონი) წმ. გიორგის სახ. მონასტერში ხელდასხმა იპოდიაკვნად, სახელით გიორგი და 1993წ. 28 აგვისტოს – დიაკვნად მარგვეთის (ზემო იმერეთი) ეპარქიაში. 1990-92წწ. მგალობლობა და 1994-95 წწ. დიაკვნობა თბილისის წმ. პეტრე-პავლეს სახ. ტაძარში. 1997წ. – საქართველოს დატოვება. ჩარიცხვა შამბეზის (შვეიცარეთი) მართლმადიდებლურ ინსტიტუტში და სწავლა ბეზანსონის (საფრანგეთი) ენათა ინსტიტუტში. ასევე, ჩარიცხვა ჯორდანვილის (ა.შ.შ.) სასულიერო სემინარიაში. 2002წ. – ხელდასხმა მღვდლად ქართული მრევლის თხოვნით პარიზის სერბულ ტაძარში.

2.კითხვა: რამ შთაგაგონათ, გამხდარიყავით საეკლესიო პირი? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, ახლოს იცნობდით მერაბს და ზვიადს. გთხოვთ, გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ეს პერიოდი.

პასუხი: წმ. იოანე ოქროპირი თავის წერილებში „ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ”, საუბრობს რა სასულიერო პირობის პასუხისმგებლობასა და სიდიადეზე, დაასკვნის: „ის, რაც მომავალ მღვდელს არ უნდა სურდეს, არის მღვდლობა”. რადგან სასულიერო პირობა ხომ საეკლესიო თანამდებობაა და მისკენ სწრაფვაში მთავრობისმოყვარეობის, დიდების-მოყვარეობისა და სიამაყის ცოდვა იკითხება (იგივეა საერო თანამდებობის მოპოვების მსურველშიც). ამავე დროს ეს უგნურებაცაა, რადგან ღვთისა და ხალხის წინაშე პასუხისგება ხომ თანამდებობრივი საფეხურის პირდაპირპროპორციულია. გავიხსენოთ მზგავს შემოთავაზებაზე წმ. მამის გამონათქვამი: „პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის”. ათონის წმ. მთაზე ძველი წესი მოქმედებდა – თუ მონასტრის წინამძღვარი რომელიმე ბერს სამღვდელო ხარისხის მიღების სურვილს შეამჩნევდა, მას მთელი ცხოვრება აღარ აკურთხევდა მღვდლად. მოციქულები მაცხოვრის მოწოდებით გახდნენ მოწაფეებიც და მოძღვრებიც. თავისი სურვილით, როგორც საღვთო გადმოცემა მოგვითხრობს, მხოლოდ იუდა ისკარიოტელი აედევნა უფალს (დღეს რომ „მიტმასნილს” ეძახიან) ნივთიერი გამორჩენის მიზნით და როგორც წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამხელს მას, იპარავდა კიდეც შესაწირის ყუთიდან, რომელიც სწორედ მას ჰქონდა მიბარებული. წმ. მამებიც ყოველთვის იკავებდნენ თავს სასულიერო პირობაზე და მათ ძალით აკურთხევდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მით უფრო არ უნდა გვდომებოდა ხელდასხმა და უნდა გვშინებოდა ამისი. ამიტომაც მოხდა ჩვენი დიაკვნად კურთხევა სულიერ ძმათა და მოძღვართა, ხოლო ხუცესად – ქართველი მრევლის დაძალებით. ჩვენ მხოლოდ დავით წინასწარმეთყველის უფლისადმი წუხილის გახსენებაღა დაგვრჩენოდა: „ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს სჯული შენი!”. აქ ერთი საღვთო წესი მოქმედებს: თუ განგებას სურს ვინმეს გამორჩევა, მას წინ ვერავინ დაუდგება, ხოლო თუ მხოლოდ კაცთაგან ხარ გამორჩეული, ეს დროებითია და დიდს არაფერს ნიშნავს. რაც შეეხება ეროვნულ მოძრაობაში ქმედით ჩართულობას, ჩვენგან ამის თქმა არანაკლები სიამაყის გამოვლენა იქნებოდა, ვიდრე მღვდლობის სურვილი. უბრალოდ, ვცდილობდით, მრავალი სხვასავით ვმდგარიყავით იქ, სადაც საქართველოს ყოველი მოქალაქე უნდა მდგარიყო და იდგეს. იმის გახსენება კი ნამდვილად სათუთია, რომ ახლო ნაცნობობა და ამაღლებული ურთიერთობა გქონდა საქართველოს ეროვნულ გმირებთან, დიდ ადამიანებთან –ზვიადთან და მერაბთან (მათ მხოლოდ სახელებით ვახსენებ არა „შინაურობის”, არამედ აღმატებულობის ხარისხით).

3.კითხვა: თქვენი ქადაგებთ, რომ დიდი ხანია, საქართველოში ,,სერგიანული” აზროვნება ბატონობს და ხელისუფლებისადმი იგივე დამოკიდებულებაა, რაც „ათეიზმის“ დროს იყო. გთხოვთ უფრო ვრცლად აგვიხსანათ, თუ რას ნიშნავს ზემოთხსენებული აზროვნება?

პასუხი: „სერგიანობა” არის იმ აზროვნების, სულისკვეთების აღმნიშვნელი სიტყვა, რომელიც ეკლესიის უახლეს ისტორიაში დამკვიდრდა: მას შემდეგ, რაც ,,ბოლშევიკებმა” რუსეთში მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება და ღვთის ერთგულ მსახურთა და მორწმუნეთა დევნა და ხვრეტა დაიწყეს, საპატრიარქო ტახტის კანონიერ მემკვიდრეთა სიცოცხლეშივე, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკანონოდ გააპირველ-იერარქეს ერთერთი მიტროპოლიტი – სერგი სტრაგოროდსკი, რომელმაც 1927წს გამოსცა არსებული რეჟიმისადმი მორჩილების გამომხატველი განცხადება („დეკლარაცია”), სადაც ამბობს, რომ მათ ქვეყანაში სარწმუნოების არავითარი დევნა არ მიმდინარეობს, „საბჭოთა სამშობლოს წარმატებები ეკლესიის წარმატებებია და მისი მარცხი – ეკლესიის მარცხი”. ამის სანაცვლოდ, მოგვიანებით, 1943 წს ღვთისმტერმა სტალინმა ის უკვე ,,გააპატრიარქა” სრულიად რუსეთის საეკლესიო კრების მოწვევის გარეშე, რომელზეც გადამწყვეტი სიტყვა იატაკქვეშეთში გადასულ („კატაკომბურ”) და ემიგრაციაში გასულ სამღვდელოებას ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელნი კი –კატაკომბური და ემიგრაციული ეკლესიები, რომელთაც ღვთისა და მართლმადიდებლობის ერთგული კეთილმსახურება დღემდე შეინარჩუნეს, წინააღმდეგნი და მამხილებელნი იყვნენ სერგის მიმართულებისა, რომელიც მაცხოვრის სიტყვათა საწინაარმდეგოდ ქადაგებს კეისრისადმი მიცემას არამარტო კეისრის, არამედ ღვთისაც. „სერგიანობა” საზოგადო მნიშვნელობით არის ღვთისმსახურთა სატა-ნისმსახური ხელისუფლებისადმი მორჩილება.

4.კითხვა: როგორ შეაფასებდით ქართველი ერის დღევანდელ მდგომარობას? რა პოზიცია უკავია დღეს საქართველოს ეკლესიას ქართველი ერის ზნეობრივი გადარჩენის საქმეში?

პასუხი: მხოლოდ სულიერად ბრმა ვერ ხედავს, რომ მიმდინარეობს ქართველი ერის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, ზნეობრივი და ნივთიერი გადაგვარება, გამათხოვრება, ეროვნული სიმდიდრის მითვისებაგასხვისება, „მსოფლიოს ახალი წესრიგის” ძალადობრივი დამკვიდრება და ა. შ. და ამ ყველაფერს უცხო სახელმწიფოთა მიერ დასმული „მთავრობა” ხელმძღვანელობს ხელისუფლებაში ყოფნისა და გამდიდრების სანაცვლოდ. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ეს ყველაფერი ეროვნულობის („ნაციონალურ”) და დემოკრატიის საბურველშია გახვეული. წინა ნეოკომუნისტურმა ხელისუფლებამ შვა ნეოკომკავშირული ხელისუფლება, რომელთა მამამთავარმა ედუარდ-გიორგიმ (ესეც გაუგებარია, რატომ შეუცვალეს მას სახელი, ბერად ხომ არ აღკვეცილა?! ედუარდიც არის წმიდანის სახელი, კერძოდ, ინგლისის მართლმადიდებელი ხელისუფლისა) „მოქალაქეთა კავშირის” დაარსებისას პირდაპირ განაცხადა: „დღეს იქმნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში დიდხანს იქნება!”. დღეს გვახსენდება ერთი წიგნი, რომელსაც სკოლაში „კომკავშირული აქტივი” გვაკითხებდა: „თემური და მისი რაზმი”…

დამისახელეთ საზოგადოებრივად და ზნეობრივად მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, რაზეც საქ. საპატრიარქომ ან რომელიმე იერარქმა ხმა ამოიღო და ხელისუფლება ან ამხილა ან შეაგონა. პირიქით, მას ყველაფერში გვერდით უდგანან და მის საქმეებს აკურთხევენ. ასე იყო ეს „ათეისტური” და წინა ხელისუფლების დროსაც, ასეა დღესაც.

5.კითხვა: უღირსი მღვდლის თემა მეტად მტკივნეულია და დამაფიქრებელი. საქართველოში წლების განმავლობაში მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ მღვდლის მხილება ერისკაცს არ შეუძლიაო და ამით უფალს ვეწინააღმდეგებითო. გვაქვს თუ არა უფლება, მართლმადიდებელ ქრისტიანებს მათი მხილების; რატომ?

პასუხი: ქრისტიანს უღირსი მღვდლის მხილების მარტო უფლება კი არა, მოვალეობაცა აქვს „სახარებისა” და „სჯულისკანონის” მიხედვით. ეს ჩემისთანა უღირსი მღვდლები ქადაგებენ, მღვდლის მხილება ერისკაცს არ შეუძლიაო. ამის თქმა იგივეა, ავადმყოფს უფლება არ ჰქონდეს უღირსი, ცრუექიმის (მოძღვარი ხომ სულიერი ექიმია) გამოაშკარავებისა. პირიქით, ამ დროს თვალის დახუჭვა ცოდვაა, რადგან საფრთხეს სხვებს არ არიდებ. წინასწარმეტყველი ეზეკიელი გვაფრთხილებს: თუ შენ იხილო მახვილი მომავალი და არ აუწყო შენს ძმას, „სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო!”. ხშირად, მხილებას განკითხვაში ურევენ, მაგრამ ეს უკანასკნელი ცოდვაა, ხოლო პირველი – სათნოება. სხვა საკითხია, რომ ვინმეს და მით უფრო, სასულიერო პირის მხილება სიყვარულით, თავმდაბლობითა და სჯულის ცოდნით უნდა აღესრულოს.

6.კითხვა: ერთია კიდევ, როგორც კი გულშემატკივრობით სიტყვას იტყვი და რაღაც პრობლემებს წამოსწევ წინ, რაც დღეს ეკლესიაში არსებობს, მაშინვე მტრული ძალები დროს იხელთებენ ხოლმე და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ახალახალ შეტევებს განახორციელებენ ხოლმე.

პასუხი: ეკლესიის წინააღმდეგ ყველაზე დიდი შეტევა სწორედ მის წიაღში არსებული სიძნელეებისა და სატკივრების უგულებელ-ყოფაა, რაზეც წმ. გრიგოლ ნაზიანზელი გვეუბნება: „დუმილით ღმერთი გაიცემა”. პირიქით, როცა ეკლესიისვე წევრები სიმართლეს ამბობენ და სხვებს ასწრებენ ჭრილობების წარმოჩენას, ამით სწორედ „მტრულ ძალებს” უბლაგვებენ მახვილებს. იმის ფიქრი, რომ ეკლესიის სიწმიდის დაცვით მისი მტრები არ გავაძლიეროთო, იგივეა, მგლის შიშით ცხვარი გაწყვიტო.

7.კითხვა: ზვიად გამსახურდია ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის შავბნელ პერიოდში თამამად ამხელდა და მიუთითებდა საქართველოს ეკლესიაში არსებულ მანკიერ მხარეებზე. თქვენც, მის დარად, გულისტკივილით წერთ საქართველოს ეკლესიაში არსებულ დარღვევებზე. მაინც რა არის ეს დარღვევები; რითაა გამოწვეული ყოველივე ეს; შესაძლებელია ამის შესახებ ლაპარაკი; და თუ არა, მაშინ როგორ შეიძლება მათი გამოსწორება?

პასუხი: სანამ ეკლესიის შესახებ ვიტყოდეთ, მანამდე ერზე ვთქვათ, რადგან ,,რაც ერი, ის –ბერი”. ჩვენი ხალხი ხომ ჯერ კიდევ გუშინ ღმერთს ებრძოდა: ტაძრებს ანგრევდა, „ბიბლიას” თქმულებებად ასაღებდა, სამღვდელოებას დასცინოდა, თანამედროვე კერპეპს (მარქსენგელსლენინსტალინი) ემსახურებოდა. კერპთაყვანისმცემელი ხალხის ცნობიერების შეცვლა კი შეუძლებელია დიდი სინანულისა და ღვთის სიყვარულის გარეშე, რაც დღეს ძალზე ცოტას გააჩნია. ამ წიაღიდან მოდის, ძირითადად, მომავალი სამღვდელოც ეკლესიაში. თქვენ რომ კითხვა ასე დაგესვათ, „რა დარღვევები არ ხდება ეკლესიაში?”, პასუხის გაცემაც უფრო გაგვიადვილდებოდა…

ჩვენ ხშირად ერის ადამიანები შემოგვჩივიან ხოლმე, თუ რატომ ხდება ესა თუ ის დარღვევა: მოძღვრები ბოლომდე სიმართლეს არ ქადაგებენ; ზოგიერთი უზნეო ცხოვრების წესსაც კი ეწევა ﴾მამათმავლობა, მრუშობა, ნარკომანობა, თამბაქოსა და სხვა მსგავსის მოწევა﴿; ზოგ ტაძარში ნებაყოფილობითი შესაწირავის მაგივრად ტარიფების (და თანაც, მაღალი) დაწესება ანუ უფლის სახელით ვაჭრობა, უწიგნურობა, ფანატიზმი, პაპიზმი (პატრიარქის გაკერპება) და ა. შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა და ეკლესია ასეთებისგან უნდა განიწმინდოს, მაგრამ ჩვენი ხალხის, თუნდაც მრევლის, უმეტესობა ხორციელი თვალით უფრო მეტს ამჩნევს, ვიდრე სულიერით. არადა, უფრო საგანგაშოა ის, რომ სარწმუნოების სიწმიდის დაცვა არ ხდება ისე, როგორც ეს მართლმადიდებლობას შეჰფერის ანუ როგორც ამას მსოფლიო ეკლესიის ყველა წმიდა მამა გვასწავლის. წარსულს რომ თავი დავანებოთ, მაღალიერარქი რომ რაბინებთან ერთად ილოცებს და არაქრისტეანებს სინაგოგის აშენების იუბილეს მიულოცავს, ეს უკვე არის არა უბრალოდ ეკუმენიზმი ან თუ გნებავთ, უფრო საშინელება – პანეკუმენიზმი, არამედ საერთოდ, ქრისტეს გამცემლობა და ამ დროს რა ეკლესიურობაზე და რომელ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი?!

8.კითხვა: საქართველოს ეკლესია 1962 წლიდან მსოფლიო ეკუმნური საბჭოს ﴾წწჩ﴿ ერთერთი აქტიური წევრი იყო. 1997 წლიდან იგი გამოვიდა ამ ორგანიზაციიდან. რა საფრთხეს უქმნიდა იქ ყოფნა საქართველოს ეკლესიას და რა შეიცვალა მისი ეკუმენური საბჭოდან გამოსვლის შემდეგ?

პასუხი: საქმე ე. წ. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში” შესვლაგამოსვლით კი არ წყდება, არამედ იმით, რა არის პირველის ან მეორის მიზანი. შესვლის მიზანი თუ იქ ჭეშმარიტი აღმსარებლობის – მართლმადიდებლობის დამოწმება და მწვალებელთა ﴾„ერეტიკოსთა”﴿ მოქცევაა ﴾რაც ასე არ ყოფილა﴿, მაშინ არათუ საჭირო, აუცილებელიცაა; ხოლო იძულებით გამოსვლას აზრი არა აქვს, თუ ისევ გრძელდება ﴾უკვე ფარულად﴿ არამართლმადიდებლებთან თანალოცვა, რაც არის ე. წ. ეკუმენიზმის, ამ ერესთა ერესის ანუ ანტიქრისტეს რელიგიის ქადაგება საქმით, რაც უფრო მჭრელია და სახიფათო, ვიდრე ამის მხოლოდ სიტყვით ქადაგება.

9.კითხვა: მრავალგვარი სექტები თუ არატრადიციული რელიგიის მიმდევრები ელვის სისწრაფით მრავლდებიან საქართველოში. მათი კარგი დაფინანსების გამო გაჭირვებული ხალხი ადვილად ებმება ხაფანგში. დღესდღეობით ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ამაზე რას იტყოდით?

პასუხი: სექტების წარმოშობასა და გავრცელებას, საერთოდ, სარწმუნოებრივი უმეცრება და ამპარტავნება იწვევს; ჩვენს სალხს კი, სამწუხაროდ, არც ერთი აკლია და არც მეორე. მით უფრო, ამას უკიდურესი სიდუხჭირეც თუ ემატება. არის კიდევ სხვა მიზეზი: როცა რწმენის მაძიებელი სექტების წარმომადგენლებთან ხშირად უფრო მეტ პატიოსნებასა და გულმოდგინებას ხედავს, ვიდრე ჩვენისთანა უღირს მღვდელმსახურში, მას განსჯის უნარი არ ჰყოფნის და იმის მაგივრად, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ანუ დედას უმკურნალოს, „დედინაცვალთან” გარბის… საქართველოში სექტანტობას მნიშვნელოვნად შეასუსტებს ახალი „რუისურბნისის” კრების განმართვა ანუ ეკლესიის განწმენდა.

10.კითხვა: მამაო გიორგი, გთხოვთ ჩვენი გაზეთის მკითხველს აუხსნათ, რას ნიშნავს „პროზელატიზმი“. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კათოლიკებთან, ბაპტისტებთან, მონოფიზიტებთან, მაჰმადიანებთან და იუდეველებთან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც არცერთ მათგანს არა აქვს უფლება, პროზელიტიზმი გასწიოს.

პასუხი: ამ შემთხვევაში სიტყვით თამაში მოხდა: „პროზელიტიზმი” ბიბლიურადაც და ლექსიკონურადაც ნიშნავს არასწორი სარწმუნოებიდან ანუ როგორც წმ. მამები იტყოდნენ, ბოროტმადიდებლობიდან მართლმადიდებლობაში ვინმეს მოქცევას სიყვარულითა და თავმდაბლობით ქადაგების, განმარტების, სულიერლოღიკური დარწმუნების გზით ანუ გონებრივზნეობრივი „იძულებით”. საქ. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კი ტელევიზიითაც და ჩვენთან სატელეფონო საუბარშიც განაცხადეს, რომ ასეთ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს იმიტომ, რომ სიტყვა „პროზელიტიზმი” დასავლეთში ნიშნავს რელიგიური ნიშნით ძალადობას და ამიტომ არ უყვართო… მაგრამ აქ ეს სიტყვა არ უყვართ არა ამის გამო, არამედ აქაური ეკუმენისტნიჰილისტებისათვის პროზელიტობა, როგორც ასეთი, დაუშვებელია, რადგან ვისთვისაც ჭეშმარიტება ღირებულებას არ წარმოადგენს, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს ვინმემ აღმსარებლობა ან რატომ უნდა იყოს, საერთოდაც, აღმსარებელი?

მაშასადამე, ასეთი ხელშეკრულებებით უკეთეს შემთხვევაში უმეცრების, ხოლო უარეს შემთხვევაში –მკრეხელობის უნებური დაკანონება მოხდა.

11.კითხვა: საქართველოს პოლიტიკურმა ემიგრაციამ მკაცრი შეფასება მისცა გლდანის ეკლესიის და მისი მრევლის დარბევის ბარბაროსეულ ფაქტს. მართლმადიდებელი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი და მორჩილი პეტრე ივანიძე დღემდე ციხეში იმყოფებიან. როგორ აფასებთ მამა ბასილის მოღვაწეობას; რა არის ის შეცდომები, რასაც საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევთ და დიდი გულშემატკივრობით, საქართველოს ეკლესიას და მის წინამძღოლს მათი გამოსწორებისაკენ მოუწოდებდით?

პასუხი: სანამ ხალხის სულიერსარწმუნოებრივი შეგნება არ ამაღლდება, მხოლოდ ეკლესია ყველაფერს ვერ გამოასწორებს; თუმცა, ის ამას მაინც ყველა შემთხვევაში უნდა ეცადოს. თუ ისევ შეცდომებზე უნდა ვისაუბროთ, სარწმუნოებრივ საკითხებში შეცდომა იყო გლდანის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრის ბასილ მკალავიშვილის დასჯა, ხოლო ამავე დროს მეორე მღვდლის, სხვა ბასილის, კობახიძის, აღზევება. ეს ორი ბასილი ჩვენი განსაკუთრებული ტკივილია. ისე არავინ გაიგოს, გლდანის მრევლის მოღვაწეობის ძალადობრივ ხერხებს ვეთანხმებოდეთ და ვიწონებდეთ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ თავიდან ეს მრევლი ასეთ შეცდომებს არ უშვებდა. ისეთი რწმენა, სიმართლისმოყვარეობა, უბრალოება, შემართება, უშიშობა და მამულიშვილობა, რაც მან და მისმა წინამძღვარმა გამოიჩინა, არათუ დასასჯელი, წასახალისებელი იყო და საქმე აქამდე აღარ მივიდოდა. ხოლო მეორე ბასილის შემთხვევაში პირიქით, უკუღმა მოხდა: ჯერ ისეთი სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობის კაცის კურთხევა მღვდლად საერთოდ არ შეიძლებოდა; ახლა კი მას, მიუხედავად იმისა, რომ არათუ საქ. ეკლესიის, არამედ საერთოდ, მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეა, „რაღაცატომ” მღვდლობიდან არ კვეთენ…

საერთოდ, რა ხელშეკრულებებიც არ უნდა დადოს ეკლესიამ, ყველაფერი მაინც მისი და ხელისუფლების კეთილ ნაბაზეა დამოკიდებული, რადგან თვით საბჭოთა კავშირშიც კი კანონით აღიარებული იყო „სინდისის თავისუფლება”, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, როგორი „თავისუფალიც” იყო მაშინ ადამიანი. თანაც, ეს „კონკორდატი” შეიცავს რამდენიმე მიუღებელ დებულებას და ეყრდნობა ლენინის 1918 წლის 2 თებერვლის მასონურ დადგენილებას: „ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და სკოლა – ეკლესიისაგან”. როგორც წმ. მამა იტყოდა, მართლმადიდებლებს ეუბნებიან: „დადუმდით! სხვას არაფერს ვითხოვთ თქვენგან. მხოლოდ გაჩუმდით და ჩვენც გავჩუმდებით, არაფერს ვიტყვით თქვენს წინააღმდეგ”. ძნელი სათქმელია, რა სიკეთეს მოუტანს ეს შეთანხმება ეკლესიას არსებული რეჟიმის პირობებში.

ერთხელ მსგავსი კითხვით მიმართეს ერთერთი ტაძრის წინამძღვარს და როცა მისი პასუხი წავიკითხე, გავოცდი, ისე ამართლებდა ნებისმიერი ფულით ტაძრების შენებას. ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა, ეს როგორო, მამაო, იმდენად მიუღებელი იყო მისი პასუხი. ქვეყანამ ჯერ ის ძველი სიწმიდეები უნდა აღადგინოს, რომლებიც თავზე გვენგრევა და ახლები ამის შემდეგ უნდა ააშენოს, მაგრამ არა „შავი” ფულით: „თუ ჩვენ ერთი და იმავე ხელით ერთს ვძარცვავთ, ხოლო მეორეს ვმოსავთ, სასჯელს ვერ ავცდებით… სჯობს, საერთოდ არ გაიღო მოწყალება, ვიდრე ასეთი” – ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი, რომელსაც ეკლესია მსოფლიოს დიდ მოძღვარსა და მღვდელმთავარს უწოდებს.

12.კითხვა: თქვენ სიტყვებია: „ვინც ცდილობს, რომ ილია მეორეს ადრინდელი ეკუმენური მოღვაწეობა გაამართლოს, ამბობს, რომ პატრიარქმა ეს ყველაფერი მოინანია”. ამაზე დღეს რას იტყოდით?

პასუხი: საოცარი ისაა, რომ ამას დღეს იგივე ხალხიც ამბობს, ვინც იმ დროს, როცა ჩვენ ეკუმენიზმის ერესს ვეწინააღმდეგებოდით, ამბობდა, პატრიარქს არაფერი აქვს მოსანანიებელიო და ჩვენ კი მის მტრებად გვნათლავდა. გავიმეორებთ: მას არსად და არასდროს უთქვამს, რომ ეკუმენიზმი ცოდვაა. ხოლო რასაც ცოდვად არ თვლი, იმას არც და ვერც მოინანიებ ﴾უფრო ზედმიწევნით მკითხველს შეუძლია იხილოს თქვენს მიერ ნახსენებ ჩვენს წერილში: ,,საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივსაზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან” „გარდაქმნამდე”, გამოც.„სა. ქ. მ. ე.”, N1, პარიზი, 2004წ. ვებგვერდი: http://www.saqme.fr ﴿.

რატომ იწყებს ეკლესია ახალ წელიწადს შემოდგომის დასაწყისიდან? –იმიტომ, რომ „წელსა შინა პირველსა დღესა სეკტემბრისა თვისასა, მეუფე ჩუენი ქრისტე შევიდა ტაძარსა ურიათასა და იკითხვიდა წიგნსა ისაია წინასწარმეტყველისასა, სადა იგი წერილარს ესრეთ, ვითარმედ „წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (…). ამისთვის დღესასწაულობს ეკლესია პირველსა მას დღესა ინდიკტიონისასა, რამეთუ ამას დღესა შინა შევიდა ქრისტე ეკლესიასა და გამოუჩნდა მუნ მყოფთა“ („ჟამნი”, 1. 09). ლიტურგიკულად დღეღამის დასაწყისიც საღამოდან ანუ მწუხრიდან იწყება, სადღეღამისო ბრუნვის („ციკლი“) მწუხრი კი წლიური ბრუნვის შემოდგომას შეესაბამება ﴾როგორც შუაღამე – ზამთარს, განთიადი ანუ ცისკარი – გაზაფხულს და შუადღე – ზაფხულს﴿. მაგ., შაბათ საღამოს „კვირაძალიც“ ეწოდება ანუ უკვე კვირადღე ძალაში შედის, მაგრამ სამაგიეროდ კვირა ანუ ერთშაბათი ძალაშია მწუხრამდე, საიდანაც ორშაბათი იწყება და ა. შ. (ამიტომ ეკლესიაში შაბათის „მწუხრზე“ საკვირაო ლოცვების კითხვა-გალობა მიმდინარეობს).

13.კითხვა: საბჭოთა ტოტალიტალური სისტემის ეპოქაში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი უხეშად ერეოდა ეკლესიის საქმეებში და უფრო მეტიც, ეკლესიის შიგნით საიდუმლო სამსახურები თავიანთ აგენტებს აწინაურებდენენ. ამის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა. როგორია თქვენი აზრი ამაზე? შეგიძლიათ, მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები.

პასუხი: როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისშივე აღვნიშნე, „სერგიანობა“, რომელიც 1927წდან რუსეთის შემდეგ საქართველოში და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამკვიდრდა, აკანონებს სასულიერო პირთა უღმერთოხელისუფლებასთან ნებაყოფლობით „თანამშრომლობას“, რაც ხელფეხს უხსნის სახელმწიფოს, არათუ მღვდელთა შორის შეაგზავნოს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები, არამედ საერთოდ, მართოს კიდეც ისინი. ამიტომაც ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას „სერგიანობაზე“, როგორც დამღუპველ ერესზე, რომელიც ეკლესიას ართმევს მთავარს – სულიერ თავისუფლებას, რაც თავის მხრივ არის უცილობელი პირობა ადამიანის სულის ცხონებისა ანუ მარადიულ სამყოფელში უფალთან, წმ. ანგელოზებთან და წმიდანებთან დამკვიდრებისა.

გვახსოვს, სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს გაიმართა სვეტიცხოვლის ტაძარში, როცა ღვთისმსახურისგან დაისვა შეკითხვა, მართალია თუ არა გამოქვეყნებული საანკეტო მონაცემები (ხაზგასმა ჩვენია – მღვდ. გ. ს.), რომლებიც ზოგიერთი მღვდელმსახურის, „აგენტობაზე“ გადაბირებას ასახავს, ერთერთი მათგანი წამოდგა და სინანულით კი არა, სიამაყით განაცხადა, „დიახაც, ვიყავი უშიშროების აგენტი!“. ამას მეორე დღეს გამოეხმაურა კათალიკოსპატრიარქი, რომელმაც კრებაზევე სიტყვასიტყვით ბრძანა (აი, ეს ხმოვანი ჩანაწერიც):

„მე მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელსაც, ასევე, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება. გუშინ, მსჯელობის დროს, კამა… კამათ… კი არა, მსჯელობის დროს ითქვა, რომ არის შემთხვევები, როცა პრესაში იბეჭდება ამა თუ იმ პირზე, ამა თუ იმ ადამიანებზე იმის შესახებ, თითქოს ეს პირი იყო თანამშრომელი უშიშროებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება არის უნიკალური ხელისუფლება; იყო, მადლობა ღმერთს, რომ იყო და აღარ არის. და თქვენ კარგად იცით, რომ ყოველ ადამიანზე, რომელსაც ოდნავ მაინც რაღაც თანამდებობის… თანამდებობა ეკავა, აუცილებლად შედგენილი იყო პირადი საქმე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ პიროვნებას, ასევე, არქმევდნენ „ფსევდონიმს“. იყო შემთხვევა, როცა უკავშირდებოდნენ იმას და ეუბნებოდნენ, რომ აი, შენზე გვაქვს ჩვენ ეს პირადი საქმე; იყო შემთხვევა, როცა ამას არც კი ეუბნებოდნენ და თითქმის ყველა თანამდებობის პირზე, განსაკუთრებით ჩვენს მეცნიერებზე, სახელმწიფო პირებზე, სასულიერო პირებზე იყო შედგენილი ასეთი პირადი საქმე“.

გაუგებარია, რატომ გადავიდა საუბარი პირად საქმეზე, როცა კითხვა შეეხებოდა უშიშროებასთან თანამშრომლობას? ეს ხომ ორი სხვადასხვა რამაა: პირადი საქმე ყველა სახელმწიფოში ყველა მოქალაქეზეა შედგენილი, ხოლო გამოქვეყნებული საანკეტო მონაცემები („სამრეკლო“, 916.09. 1995; „soviet analist“, X, 95) ყველა მღვდელმსახურზე როდი იყო შედგენილი.

იქნებ, ახლანდელმა ხელისუფლებამ მაინც „მიაქციოს ყურადღება“ მამამთავრის სურვილს და ახლახანს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებული ლუსტრაციის კანონი საერო მოხელეებთან ერთად სასულიერო პრებზეც გაავრცელოს?!. დიახ, რახანთვითონ არ მიდიან, ჩვენ უნდა გავუშვათ. კერძო მაგალითებს კი, უკაცრავად და ჯერ ვერ დავასახელებთ, წმ. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ ,,დროზე ადრე განკითხვაში“ რომ არ ჩავვარდეთ. ხოლო ზემოხსენებული თვითმაღიარებლი იყო (და არის) თბილისის წმ. ბარბარეს სახ. ტაძრის მოძღვარი ელგუჯა ლოსაბერიძე (რომლის ხსენებულ კრებაზე გამოსვლის ხმოვანი ჩანაწერიც გაგვაჩნია).

14.კითხვა: როგორ შეაფასებდით ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობას „გარდაქმნიდან გარდაქმნამდე”? თქვენი ეს შეკითხვა, ალბათ, გამომდინარეობს ჩვენი ზემოთდასახელებული წერილის სათაურიდან, სადაც პირველ „გარდაქმნაში” ვგულისხმობდით გველის მიერ პერანგის გამოცვლას 1985 წლიდან, ხოლო მეორეში – 2003 წლიდან, რომელიც თან გვაგონებს მასონური ორდენის – „როზენ-კრეიცერთა” (ვარდიჯვრის) „რევოლუციას”: (ვარდი ხელში დააჭერინეს, ჯვარი დროშაზე დაახატვინეს). უარეს შემთხვევაში – უარყოფითად, ხოლო უკეთეს შემთხვევაში –არადამაკმაყოფილებლად.

პასუხი: როცა სულიერება მაღლდება, მაშინ სახელმწიფოებრივი შეგნებაც უმჯობესდება; ამათზეა დამოკიდებული ზნეობრივი და ნივთიერი კეთილდღეობაც. მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი ერიც და მსოფლიოც დღეს ნეოწარმართულ ხანაში იმყოფება, საიდანაც გამოსვლას ღვთისმოშიშება და დიდი სინანული სჭირდება, რასაც მხოლოდ ერთეულები შეძლებენ.

აპოკალიპსი ძალაში შედის.

15.კითხვა: როგორი იმედით უყურებთ საქართველოს მომავალს; რას უსურვებთ ქართველ ერს; რა გადაგვარჩენს?

პასუხი: გავიხსენოთ, როდის ხდებოდა ამა თუ იმ ერის გადარჩენა, აღორძინება და გაბრწყინება. ამის მაგალითად გამოგვადგებოდა წმ. კეთილმსახური მეფის – დავით IVაღმაშენებლის ხელშეწყობით ქართლში, რუისსა და ურბნისში გამართული საეკლესიო კრება (1105წ.), როცა საქ. ეკლესია, რომელიც იმხანად, ამავე კრების შეფასებით რომ ვთქვათ, „ქვაბ ავაზაკთა“ ქცეულიყო, უწმინდური შენარევისგან განიწმიდა ﴾მსგავსი რამ მოიმოქმედეს თავის დროზე მეფეებმა – წმ. თამარმა და გიორგი ბრწყინვალემ﴿, რასაც დაემატა წმ. გიორგი მთაწმიდლის მიერ საქართველოდან წაყვანილი და საბერძნეთში აღზრდილი 80 ბავშვის, ბოლოს ისევ სამშობლოში მღვდლებად დაბრუნებულთა და მათ სულიერ შთამომავალთა კეთილმოღვაწეობა, რის შედეგადაც მივიღეთ „ოქროს ხანა“. აი, რა იყო ამ კრების პირველივე დადგინება: „პირველ რიგში, განვკვეთეთ და მღვდლობის პატივი ჩამოვართვით ისეთ ეპისკოპოსებს, რომლებიც ღირსეულად ვერ ატარებენ მღვდელმთავრობის პატივს და უღირსნი არიან პირველმწყემსმთავრის – ქრისტესი, რადგან სიწმიდის შეხება არაწმინდისგან არ შეიძლება. ღვთის ახლოს მყოფი ცეცხლის ახლოს მყოფია და აუცილებელია, რომ სუფთა ოქრო იყოს.

ასეთნი არ შეგვიკრავს, არც შეგვიჩვენებია, ღმერთმა ნუ ქნას! არამედ უბრალო ერისკაცებთან ერთად ზიარების უფლება მივეცით, თუ ამიერიდან სიწმიდეს შეინახავენ. მათ ნაცვლად დავადგინეთ სხვები, ასაკითაც და საქმითაც სარწმუნონი, რომლებმაც კათილად გამოაწრთეს ხორცი და დაუმორჩილეს სულს“. და მით უფრო დღეს, როცა ბოლო ასწლეულში, რომელსაც ატომისა და კოსმოსის საუკუნესთან ერთად ცოდვის საუკუნეც შეიძლება ეწოდოს, უღმერთო ხელისუფლებათა მმართველობის შედეგად საზოგადოება და შესაბამისად, სამღვდელო დასი ﴾„რაც ერი, ის – ბერი“﴿ სულიერადაც და ხორციელადაც თვალსაჩინოდ შეიმწიკვლა, საერთოდ, მსოფლიო ეკლესიას და ქართულსაც სჭირდება ორგზისი „რუისურბნისი“.

ეკლესიის განწმედის შედეგად, მისცემს რა კეთილ მაგალითს ხალხს, ეს უკანასკნელიც გამოსწორდება და აქედან გამომდინარე – გადარჩება, რადგან ღმერთი წმიდანების, მართლების ლოცვას ისმენს („მტყუანს ლოცვაც ცოდვად ჩაეთვლება“ – ფსალმ.) და ასევე, ეკლესია ისტორიულად თავისი სიწმიდითა და ღირსებით აქცევდა ხალხს სარწმუნოებაში, რადგან ერის ძირითადი ნაწილი, უბრალო ხალხი, ღვთის სიღრმეებს გონებით ვერ წვდება; მას სასულიერო პირთა პირადი ზნეობრივი მაგალითი ანუ საქმითი ქადაგება აღძრავს და აღაფრთოვანებ ღვთისაკენ და ეკლესიისადმი ნდობა უჩნდება; შედეგად კი შემოქმედის სამსახურში დგება.

ვისაც სურს, საკუთარ სულსაც უშველოს და ერსაც, უნდა შეწყვიტოს ცოდვები და განიწმიდოს. ასეთ ადამიანსა და ხალხს ყველაფერი კეთილად წარემართება.

ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.

16.კითხვა: და ბოლოს, თქვენი დღევანდელი საქმიანობის და მომავლის შესახებ. რამ გაიძულათ საქართველო დაგეტოვებინათ? ძნელია, ალბათ, უცხოობაში ყოფნა და ცხოვრება.

პასუხი: ჩვენ აქ ვართ ქართულ მრევლთან ერთად, რომელიც თავისი სულიერებით, ადამიანობითა და ყველაფრით ბევრად აღემატება თავის მოძღვარს. ვცდილობთ, აღვზარდოთ, განვსწავლოთ და მოვამზადოთ ახალგაზრდები ჭეშმარიტ მორწმუნეებად, მამულიშვილებად, მომავალ ღირსეულ მღვდლებად და მღვდელმთავრებად, რომელთა გვერდით ადგილი აღარ ექნება ჩვენისთანას. მანამდე კი ერთად ვმუშაობთ საღვთისმეტყველო ნაშრომთა თარგმანებსა და გამოცემა „სა.ქ.მ.ე”ს მორიგ გამოშვებებზე. რაც შეეხება მომავალს, ის ყოველთვის ღვთის ხელშია და მას კაცი ბოლომდე ვერასდროს გამოთვლის. უცხოობაში ყოფნა კი, ალბათ კი არა, მართლაც ძალიან ძნელია. სამშობლოდან შორს გადასახლება, საერთოდ, სასჯელია; დღეს კი თავით თვისით ვისჯით თავს. პირადად ჩვენ აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ სულიერი თავისუფლება შეგვენარჩუნებინა, რაც არ გაიცვლების არც კარიერაში და არც ნივთიერ კეთილდღეობაში (ეს „სალი კლდეების უკვდავების ხეზე” და „ჩემი სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე” გაცვლაში არავის აერიოს﴿.

დიდი მადლობა გულახდილი და საინტერესო საუბრისათვის. იმედია, რომ თქვენი ინტერვიუ საინტერესო იქნება ჩვენი გაზეთის მკითხველისათვის, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ; დაგლოცოთ გამჩენმაშემოქმედმა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: