შურიანი კაცისმკვლელია

შურიანი კაცისმკვლელია

 

shuriani_kacismkvlelia  

 

   იესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკს, აჰა ესერა ათთვრამეტი წელი არს“, როცა უფალმა თავისი უწმიდესი ხმით უთხრა დაუძლურებულ დედაკაცს: „დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა“, ბოროტმა დემონმა უკან დაიხია და დატოვა თავისი ნადავლი, მაგრამ მაშინვე, ძველის ნაცვლად, ახალი მსხვერპლი მოძებნა. ქალი რომ დატოვა, თავს დაატყდა ხუცესს, ისე დაუმახინჯა სამშვინველი, რომ ქრისტეს კეთილ საქმეთა დანახვის უნარი დააკარგვინა, ასწავლა ღვარძლის კერვა, ცილისწამება და სჯულისმდებლის დამნაშავედ გამოცხადება. დემონმა ქალი კი გაანთავისუფლა კრუნჩხვისაგან, მაგრამ უხუცესი შურის სიტყვით განგმირა, გააცოფა, კეთილისმყოფელი გააკიცხვინა; ჩააგონა უბრალო ხალხის დაბნევა და ჭეშმარიტებიდან გადაცდენა ქრისტე მაცხოვრიდან დამღუპველი სატანისაკენ, სინათლიდან წყვდიადისკენ, სიცოცხლიდან სიკვდილისკენო, ძმის წინააღმდეგ აღმსდგარო და  სავსევ ყოველივე არაწმიდებით! რატომ აღავსო სატანამ გული შენი მზაკვრობით და სული შენი შურით? რატომ თვალთმაქცობ და საწამლავ საჭმელს თაფლით აზავებ? ვერ ბედავ შენი სიცრუე გაამჟღავნო მარადიული ჭეშმარიტების წინაშე, რათა უცებ მზის სხივებზე არ განირღვეს შენი სამშვინველის წყვდიადი? მწუხარებ თითქოს იმის გამო, რომ განკურნება შაბათს მოხდა და ამით გსურს დაჩრდილო ქრისტეს სასწაულთა და კეთილ საქმეთა ნათელი. აბრკოლებ სნეულთა განკურნებას და ღვთის ქმნილებებს ეშმაკთან სატანჯველად აგზავნი! მაგრამ წარუვალი სიბრძნე ამხელს უმადური უხუცესის შურს.

  

   ის შურიანი ეშმაკეული ყოველთვის სიმართლეს ებრძვის, სასარგებლოს არ სცნობს, ტკბილს მწარეს არქმევს, სიკეთეს ბოროტებას. ამიტომაც, იოანე ოქროპირი შურის სენით შეპყრობილს „ეშმაკის ნაშიერს“ უწოდებს. შურიანი არამარტო მოყვასს მტრობს, არამედ საკუთარი ცხოვნებაც სძულს. მაგალითად, საულმა ამჯობინა მოეთმინა ეშმაკისაგან მიყენებული ტკივილი, ვიდრე პატივი მიეგო დავითისადმი, რომელიც კურნავდა მას; იცოდა, რომ დავითი განაგებდა მის მტანჯველ ეშმაკს, მაგრამ მაინც სურდა მკურნალის სიკვდილი; ოღონდაც ნუ გაიგონებდა დავითზე ნათქვამ საქებარ სიტყვას. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ „შურიანი ზეცად ვერ ამაღლდება, თუმცა ზეცამდე რა გვინდა, მისი ცხოვრება ხომ ცხოვრება არაა, ჩრჩილი არ ჭამს ისე ტანსაცმელს, ჭია არ ფქვავს ისე ხეს, როგორც შურის ციებ-ცხელება მუსრავს შურიანის ძვლებს და აბნელებს მის გონებას“… ო, მძვინვარე სნეულო, შებრალების ღირსიც კი არ ხარ! შურიანი ყველას მტერია, მას სძულს ადამიანური ბუნება, შეურაცხყოფს ქრისტეს თანამდგომთ; რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო საზიზღარი? ის ვერცხლისმოყვარეზედ უფრო ცოფიანია, ეშმაკზე უფრო წყეული. ვერცხლისმოყვარეს უხარია, რაღაცას რომ შეიძენს; შურიანი კი მაშინ ხარობს, როცა მისი მოძმე ვერაფერს იშოვის. ეშმაკს შურს ადამიანის, მაგრამ ეშმაკს ეშმაკისა არ შურს. შენ კი, ადამიანი ხარ, ადამიანის გშურს და მოყვასის წინააღმდეგ აღიძვრი, — ამას ხომ ეშმაკიც არ აკეთებს. მაშ, ღირსი ხარ შებრალებისა? რა პასუხს იძლევი? წუხხარ და იტანჯები, როცა ხედავ შენი ძმის კეთილდღეობას, მის კეთილისმყოფელ საქმეებს, პირიქით კი არ უნდა იყოს, არ უნდა გიხაროდეს? არსებობს მეორეგვარი შურიც, რომელიც განსხვავდება პირველისაგან. ბევრი ტირის მტირალთან, მაგრამ არ ხარობს გახარებულთან; პირიქით როცა სხვებს უხარიათ, ის ტირის. ბევრი უბედურებაში მყოფს უთანაგრძნობს, მაგრამ როგორც კი უბედურებიდან თავდაღწეულის სიკეთეს დაინახავს იტანჯება. ზოგი ხალისით ეხმარება ღატაკ მეზობელს, მაგრამ თუკი ღატაკი გამდიდრდა, სძულს და წყევლის მას. ასეთია შურის ძალა! ბევრმა გმირობაც ჩაიდინა, ღარიბებიც განიკითხა, საჭურჭლეც გასცა, მაგრამ თავისი ქველი საქმეები შურით დაღუპა, რადგან როდესაც ხედავენ, სხვებს აქებენ, ისინი დნებიან და ჭკნებიან… ო, შურიანო! ვის ებრძვი? გგონია ძმას? თავად ღვთის ნებას ებრძვი! დაუტევე ეს სენი, განიკურნე თავი შენი. როგორ გაბედავ, შურიანობით აღსავსემ, ღმერთს ცოდვათა შენდობა სთხოვო? რატომ იბრძვი ეშმაკთან ერთად, მოყვასის წინააღმდეგ? თუმცა შენ ეშმაკზე უარესიც ხარ. ის შეიძლება განკვეთო, შენ მოყვარედ და თანამზრახველად ინიღბები, ხან ჩუმად და ხანაც პირდაპირ ძმის კეთილი საქმეების წინააღმდეგ მხედრდები, თან ფარულად ცეცხლს აღვივებ, მაგრამ შეიგნე, ამ ცეცხლშივე იგდებ თავს და ისე იტანჯები, დაცინვის ღირსი ხდები. შენ დაემსგავსე ძმისმკვლელ კაენს. მითხარი, რატომ რატომ ფითრდები, კანკალებ და გეშინია? რა უბედურება დაგემართა? ის, რომ შენი ძმა მხიარული და პატივდებულია? მაგრამ ამისთვის ხომ ღმერთს უნდა უმადლოდე და ხარობდე, რომ შენი ხორცი ხორცთაგანი პატივშია. ნუთუ ის გაწუხებს, რომ ღმერთს ადიდებენ? ზოგიერთი იტყვის: იმის გამო კი არ ვწუხვარ, რომ ღმერთს ადიდებენ, არამედ იმის გამო, რომ ჩემს მოძმეს განადიდებენ და აქებენო. ო, უგუნურებავ! რატომ სჯი ასე ბოროტად? ნუთუ არ იცი, რომ შენი მოძმის სახით ღმერთს ადიდებენ? შენ იტყვი: „მე მინდა, რომ ღმერთი ჩემი სახით ადიდონ“, ჭეშმარიტად, ღმერთსაც ეს სურს, მაგრამ შენ არ გსურს! შენ რომ გდომებოდა, ძმის დიდებით გაიხარებდი, ღმერთიც შენი სახით განდიდდებოდა, ვინაიდან ყველა იტყოდა: “დიდება ღმერთს, რომ მას ჰყავს მონა, ვისთვისაც უცხოა ყოველგვარი შური და ხარობს სხვის სიკეთესა ზედა“. მაგრამ მისმინე, მართალს, მართალს გეტყვი: არათუ ძმა,  შენი  მტერიც რომ თავისი საქმით ღმერთს ადიდებდეს, ისიც კი უნდა შეიყვარო, ვითარცა ძმა და მეგობარი, შენ კი მეგობარსაც მტრად მიიჩნევ, იმიტომ, რომ მას აქებენ და, მისი სახით, ღმერთს ადიდებენ! შეიძლება კი არსებობდეს უფრო ბოროტი მტრობა ქრისტეს მიმართ, ვიდრე შური მისი მონის კეთილდღეობისადმი? ამიტომაა, რომ ვიღაც შეიძლება სასწაულს სჩადიოდეს, იცავდეს უბიწოებას, ინახავდეს მკაცრ მარხვას, მიწაზე შიშველი წვებოდეს და ანგელოზს ედარებოდეს, მაგრამ თუ შურის სენითთაა შეპყრობილი, მას უფრო დიდ დამნაშავედ მიიჩნევენ, ვიდრე მრუშს, მეძავს, ავაზაკს ან საფლავის ამომთხრელს…

  

   შენ ბოროტი განგიზრახავს ქრისტეს ცხოვართათვის, მათთვის, ვისთვისაც მაცხოვარმა სისხლი დაღვარა, ჩვენ კი გვიბრძანა მის მაგალითს მივბაძოთ და მოვითმინოთ. რას შევადაროთ შურიანი გული? რომელ იქედნეს, რომელ ასპიტს? რომელ ქვემძრომს? რომელ შხამიან მწერს? არაფერია უფრო უწმიდური, არაფერია უფრო ბოროტი, ვიდრე შურით აღსავსე გული. შურმა, შურმა გარდააქცია ეკლესიები, შვა წვალებანი, ძმას ძმაზე მახვილი ააღებინა და აღვრევინა მისი სისხლი, დათრგუნა ბუნების კანონები, განახვნა სიკვდილის კარნი…შენ გშურს ძმის დიდება, მაგრამ თუ ის კეთილგონიერია, ამით უფრო მაღლდება, შენ კი უფრო დიდ ბოროტებას იმკი. იოსებისა შურდათ ძმებს, მაგრამ შემდეგ ცახცახითა და შიშის ზარით წარსდგნენ მის წინაშე. აარონს ლანძღავდნენ შურით, ღმერთმა კი უფრო განადიდა იგი და მის ხმელ კვერთხს ყვავილი და ნაყოფი გამოასხა ( რიცხვთა თ.16 და 17) ეშმაკის შურმა მხოლოდ განადიდა იობი. საული შურით სდევდა დავითს და უბედურად მოკვდა, დავითი კი დიდებით გამეფდა. რატომ იტანჯები შურით? რატომ აღმართავ მახვილს საკუთარ თავზე? რატომ ემსგავსები ღვთისმკვლელ იუდეველთ?…

 

   

ძველი წმიდა საეკლესიო ხელნაწერი „სტატირი“

 

Attached Files:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: