მღვდ. გ. სხილაძის პასუხები მკითხველს

mgvdgsxiladze_1

მოძღვარი გიორგი სხილაძე

1. „დიდგორის“ მკითხველმა გვთხოვა, წაგვეკითხა ერთი, გაურკვეველი რელიგიის მქონე ჯგუფის, ელ-გამოცემა და ჩვენი აზრი გამოგვეთქვა, სიმართლეს შეეფერება თუ არა იქ მოყვანილი მტკიცებულებები

წავიკითხეთ, შევისწავლეთ და გთავაზობთ ჩვენეულ დასკვნას:

ეს უავტორო თხზულება, „მალე დამყარდება მსოფლიოს ახალი წესრიგი: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“, როგორც წაკითხულიდან ჩანს, არის ერთ-ერთი სექტის ნაცოდვილარი, რადგან არსად არ იმოწმებენ და არც ახსენებენ ეკლესიის წმინდა მამებსა და მასწავლებლებს; კერძოდ, ეს უნდა იყოს ე. წ. მეშაბათეების ანუ „მეშვიდე დღის ადვენტისტების“ წევრთა შედგენილი, რასაც ცხადყოფს შემდეგი ადგილიც*:

„შაბათი დღის, როგორც წმინდა დღისადმი პატივმიგებით შეგვიძლია, თაყვანი ვცეთ ღმერთს, როგორც ჩვენს შემოქმედს. ვიცავთ რა წმინდა დღეს, რომელიც უფალმა აირჩია, ამით მთელს მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ ქვეყნიერების შემქმნელი — ჩვენი ღმერთია. ეშმაკი, „ლუციფერი“ წმინდა შაბათს თავს ესხმის იმიტომ, რომ მას უნდა იყოს „მსგავსი უზენაესისა“ (ესაია: 14, 14) და რომ პატივს ცემდნენ მას, ვითარცა ღმერთს. შემოქმედი შაბათის წმ. დღის თაყვანცემას ითხოვს; სატანას კი, შემოქმედის მიმბაძველს, უნდა, რომ მას კვირადღეს მიაგონ პატივი. თქვენ რას აირჩევთ?“.

შაბათის ნაცვლად კვირადღის მიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად დაკავშირებულია იმასთან, რომ მაცხოვარი სწორედ კვირა დღეს აღსდგა მკვდრეთით. ამიტომ, ლიტურგიკულად ყოველი კვირა დღე არის აღდგომის დღესასწაულის „მცირე“ განახლება (დიდი განახლება არის აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის თავზე, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ სხვაგვარად, თომას კვირიაკე — მაცხოვრის გვერდის განხილვა — ეწოდება), რისი აღნიშვნაც ჯერ კიდევ მოციქულებიდან იღებს სათავეს და არა სატანისაგან, როგორც ამას ამ თხზულებაში წერენ. ასე გადმოგვეცა ეს წეს-ჩვეულება (ტრადიცია) ქრისტეანულ ეკლესიას. კვირა ბერძნულად „საუფლოს“ ნიშნავს, რასაც ეს სექტა სატანურად „მხეცის ნიშანს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ნიშნის მისაღებად ემზადება კვირადღის პატივისმცემელიო. უქმობას კვირა დღეს და არა შაბათს (როგორც ეს ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო) გვავალდებულებს „დიდი სჯულუსკანონი“; ამ დღის ღვთისმსახურებაში განლევასა და წმინდად დაცვას გვასწავლიან მსოფლიოს I, VI და ლაოდიკიისა და კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრებები, წმ. ბასილი დიდი, პეტრე და თეოფილე ალექსანდრიელები. ხოლო ე. წ. ადვენტისტები კვირას „ყალბ დღეს“ უწოდებენ. მათი აზრით, ამ დღის პატივისმცემელნი წარწყმდებიან, ხოლო მეშაბათეები (ღვთისმკვლელი იუდეველებიც?) ცხოვნდებიან.

როგორც უფალი ამბობს, „შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის“ (მარკოზი: 2, 27).

აპოკალიფსური განმარტებანი და წინასწარმეტყველებანი უნდა ვიკითხოთ წმინდა მამებთან (მაგ., წმ. მღვდელმოწამე პაპი რომისა იპოლიტე (IIIს.), წმ. დიაკონი ეფრემ ასური (IVს.), წმ. ანდრია კესარიელი (VIს.), წმ. იოანე დამასკოელი (VIIIს.), წმ. ნილოს ათონელი — მირონმდინარე (XVIს.), წმ. მღვდელმონაზონი სერაფიმე საროველი (XIXს.), წმ. იოანე კრონშტადტელი (XIX-XXსს..) და სხვ.), რადგან ისინი „ბიბლიას“ სულიწმინდით განმარტავდნენ, ხოლო ასეთი სექტების წევრთა განმარტებები დაფუძნებულია ადამიანური გონების მშვინვიერ ბრძნობაზე, რომელშიც გულისამრევადაა შეზავებული ამპარტავნება და უმეცრება, როგორც სათავე ყოველგვარი მწვალებლობისა (ერესი), განხეთქილებისა (სქიზმა) და თვითნებური თავშეყრისა ანუ კიდეშესაკრებლობისა (პარა-სინაგოგა), როგორც ამას წმ. ბასილი დიდი გვასწავლის თავის „პირველ კანონიკურ ეპისტოლეში“. თანაც, „გამოცხადების“ XIII თავის განმარტების სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგალითად, პროტესტანტულ მიმდინარეობებში (ძირითადად, ე. წ. ბაპტისტებში). ვთქვათ, ერთ-ერთია: — „წყლიდან ამომავალ წითელ მხეცში“ გულისხმობენ არა რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, არამედ ლენინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს მდინარე (წყალი) ლენადან და მოგვევლინა ხალხიდან („და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ — „გამოცხ. იოანესი“: 17, 15) გამომავალ რევოლუციურ გმირად. ხოლო როგორც ამავე, XIII, თავშია აღწერილი, მან მართლაც: შექმნა წითელი სახელმწიფო, დაახლოვებით სამწელიწადნახევარი ეპყრა ძალაუფლება, დაჭრეს და გადარჩა, იყო დიდი ორატორი ღვთის გმობაში — „მიეცა მას პირი დიდად მეტყველი და მგმობარი, და მიეცა მას ხელმწიფება ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე“ (5), დახოცა წმინდანები — „მიეცა მას ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა“ (7) და ა. შ.. ხოლო „მიწიდან ამომავალ მხეცში“ გულისხმობენ სტალინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს ფოლადიდან (რომელიც მიწიდან მოიპოვება) და მართლაც: მოქმედებდა ლენინის სახელითა და ძალაუფლებით მის სიცოცხლეშივე — „ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა“ (12); აიძულებდა ხალხს, თაყვანი ეცათ ლენინისთვის — „რათა თაყვანის-სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულება სიკუდილისა მისისა განიკურნა“ (იქვე); ხალხი მოხიბლა საბრძოლო გამარჯვებებითა და სწრაფი მიღწევებით (ატომური იარაღის ჩათვლით) — „იქმნ სასწაულთა დიდთა, და რათა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა და აცდუნრებს მკვიდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (13); ლენინისაგან შექმნა კერპი, რომელსაც უნდა ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი მისი მოწინააღმდეგე („ხალხის მტერი“) — „ყოველნი, რომალთა არა თაყვანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ“ (15).

მაგრამ აქ მთავარია ის, რომ წმინდა მამათა სწავლებისამებრ, ანტიქრისტეს ანუ „ანტეს“ (როგორც ისინი უწოდებენ) ორგვარი გაგება არსებობს — საზოგადო და კერძო. ზოგადი გაგებით, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ანტიქრისტეა ყოველი სული, ვინც ქრისტე-მაცხოვარს ღმერთად არ აღიარებს და მის მცნებებს არ ასრულებს; ხოლო კერძო გაგებით, ანტიქრისტე ასპარეზზე უნდა გამოჩნდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის ანუ ქვეყნიერების ნივთიერი (მატერიალური) აღსასრულის წინ შვიდი წლით ადრე. თანაც, რახან სატანა მახინჯად ბაძავს ღმერთს, — როგორც მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას წინ უძღვოდა მისი წინასწარმეტყველებისა და უშუალო წინამორბედის — იოანე ნათლისმცემლის — მოსვლა, ეშმაკმაც თავისი სრულყოფილი მსახურის ანუ ანტეს მოსვლამდე მისი წინამორბედები მოავლინა და ამ აზრით, პაპო-კათოლიციზმიცა და კომუნიზმიც, მართლაც, ანტიქრისტეს წინამორბედობაა და „თეთრი“ ა.შ.შ-ცა და „წითელი“ რუსეთიც მისი წინამორბედნი არიან.

ჩვენს მიერ წაკითხული ეს თხზულება („მსოფლიოს ახალი წესრიგი მალე დამყარდება: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“), რომელიც საკმაოდ ვრცელია და ორმოცდაშვიდ ენაზეა გავრცელებული, წარმოადგენს ტყუილ-მართლის ნაზავს და აღბეჭდილია სექტანტებისათვის დამახასიათებელი აზროვნების დაბალი დონითა და აბდაუბდით…

მაგალითები:

1. ადვენტისტების მთავარი მკრეხელობაა ის, რომ ისინი ე. წ. იეღოველებივით მაცხოვარს სრულყოფილ ღმერთად არ აღიარებენ.

2. ხალხს მოუწოდებენ ყველანაირი, მათ შორის, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ეკლესიის დატოვებისაკენ.

3. გვთავაზობენ ლათინურ-კათოლიკური გამოთქმის „VICARIUS FILII DE“ („ძე-ღვთისას მოადგილე“) — გულისხმობენ რომის პაპს — ასო-რიცხობრივ ჯამს — 666, რაც ნუმეროლოგიურად, შესაძლოა, მრავალი კომბინაციური სახესხვაობითაც მივიღოთ.

4. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, ერთი მხრივ, „აპოკალიფსურ მხეცს“ უწოდებენ და მეორე მხრივ, უშვებენ, რომ ამ და სხვა ერეტიკულ საკრებულოებში დღეს „ჭეშმარიტი ქრისტეანენი არიან“.

5. ამბობენ, რომ ა.შ.შ. გამოსცემს ისეთ კანონს, რომ ყველამ პატივი სცეს კვირას და დაიცვას ეს დღე; ხოლო ამის მოწინააღმდეგეებს დევნას დაუწყებენ და მოკლავენ (გაუგონარი უაზრობაა).

ეს სექტანტები, ასევე, წერენ:

1. „…იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას, ორმოცი წელი იქნებით დასჯილნი თქვენი ცოდვების გამო (თითო წელიწადი თითო დღეზე); „თითო წელზე თითო დღეს, თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ“ (რიცხვთა: 14, 34; ეზეკიელი: 4, 6).

აქ მოყვანილი სიტყვები რა კავშირშია ან შაბათთან ან კვირასთან?

2. „რომის კათოლიკურმა ეკლესიამ… გაბედა და მთლიანად უგულებელჰყო მეორე მცნება, რომელიც მის პრაქტიკასა და წეს-ჩვეულებებს მსჯავრს სდებდა“.

მოგეხსენებათ, მეორე მცნება ეხება იმას, რომ არ უნდა შევიქნმნათ კერპი და თაყვანი არ უნდა ვცეთ მას. ადვენტისტობა აქ თუ იმას გულისხმობს, რომ კათოლიკობამ რომის პაპისგან კერპი შეიქმნა და მას ემსახურება, ამაში, სამწუხაროდ, მართალია, მაგრამ ზემოთქმული მაინც დიდი გადაჭარბებაა (მამხილებლობა არ უნდა მივიდეს ცილისწამებამდე, რომ თუნდაც კერპთაყვანისმცემლებს რაიმე დავაბრალოთ).

3. „რომის კათოლიკურმა ეკლესიამ… მეოთხე მცნებაში მითითებული საღვთო დღე — შაბათი — კვირით შეცვალა;

კათოლიკურ ეკლესიას სირცხვილი არ აწუხებს იმის გამო, რომ თაყვანსაცემი დღე შეცვალა;

ამ მოწმობათა (იგულისხმება ზემომოყვანილი და სხვა მსგავსი ციტატები — ავტ.) სიცხადე უფლებას გვაძლევს, გადაჭრით გამოვიტანოთ დასკვნა, რომ „გამოცხადების“ (თთ.. 13 და 14) მხეცი — ეს რომაულ-კათოლიკური ეკლესიაა და მისი ნიშანი (მხეცის ნიშანი) — კვირადღის დაცვა“.

მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული არაა, ანტიქრისტე რომის პაპის (ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარის, ან ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის) ან სხვა სახით მოევლინოს კაცობრიობას, ზემოთქმული, უფრო — ბოლო ფრაზა, მაინც რელიგიურ-პოლიტიკური ბოდვაა.

4. „ნათელია, რომ შემოქმედის ბეჭედი, მისი კანონით, შაბათის წმინდა დღის მცნებაში გამოიხატება. ესაა მისი, როგორც ჩევენი შემქმნელის, ძალაუფლების აღიარება. დავიცავთ რა მის წმ. შაბათ-დღეს, ამით ვაჩვენებთ, რომ ვცნობთ მას, როგორც ჩვენს შემოქმედს“.

საიდანაა ნათელი ის, რასაც აქ ამტკიცებენ, ნათელიაო?

ერთი რამ კი, მართლაც, ნათელია: შაბათის გაფეტიშებაში ეს სექტა ჩამოჰგავს სხვა მეშაბათე სექტას — იუდეველობას, რომელთა შთაგონებითაცაა შექმნილი, ცნობილია, მსოფლიოში არსებულ რელიგიურ, მეცნიერულ თუ პოლიტიკურ ერესთა, სქიზმათა და პარა-სინაგოგათა უმრავლესობა.

_____________

*თარგმანი ავტორისეულია.

____________________________________________________________________________
2. „ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე“

შემაძრწუნებელია შემდეგი: მიუხედავა იმისა, რომ მ. სააკაშვილმა იმდენი ხმა ვერ მიიღო, რამდენიც გამოაცხადა (და ეს ყველამ იცის), მას დაახლოვებით მესამედმა მაინც დაუჭირა მხარი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყოფილმა თითქმის მეორე პირმა მას საჯაროდ დასდო ბრალი მძიმე დანაშაულებში და მათ, შორის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. მართალია, ასეთი ბრალდება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის ნამდვილობას, მაგრამ მთელს მოსახლეობას (და მათ შორის, იმ მესამედ ნაწილსაც) ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს ბრალდება გამოერკვია და დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებული (უკვე დამნაშავე) პასუხისგებაში მიეცა (ხელმეორედ მაინც აღარ აერჩია პრეზიდენტად).

მ. სააკაშვილი ებრძვის არა სახელმწიფო გადამტრიალებლებს, არამედ თავის გადამტრიალებლებს (აქედან, დასკვნა: მისთვის მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო, არამედ საკუთარი თავი). ეს რომ ასეა, მტკიცდება იმით, რომ მან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავა რამდენიმე ადამიანი, ხოლო ისინი, ვინც ეს დანაშაული უკვე ჩაიდინა (თ. სიგუა და თ. კიტოვანი) და ამის მისაღწევად ბევრის სისხლიც დაღვარა, შუა ქალაქში დაუბრკოლებლად დადიან, ხოლო მათი ხელმძღვანელი (ე. შევარდნაძე) სამთავრობო აგარაკზე ისვენებს…

* * *

ჩვენ პირადად ვიცნობთ ბ-ნ რობერტ პეტრიაშვილს, როგორც პატიოსან კაცს, მაგრამ მისი, როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელის, წინადადება, უკანონო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სურვილზე, არასწორია; ეტყობა, გადაიღალნენ ჩვენი პატრიოტები…

მინაწერი (P. S.): აქვე, გთავაზობთ ჩვენს ადრეულ, „დიდგორზე“ „კომენტარებში“ გამოქვეყნებულ, კომენტარებსაც:

„მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა“

მოგეხსენებათ, სასწაული არის არაბუნებრივი მოვლენა, რომელსაც თვით ბუნების შემოქმედი აღასრულებს საღვთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად თუ ურწმუნოთა და მცირედმორწმუნეთა განსამტკიცებლად.

დღეს, ხშირად, ამა თუ იმ სასწაულს იყენებენ უსჯულოებაზე ხელის დასაფარებლად, ამის მამხილებელთა პირზე ასაფარებლად და სურთ რა გაამართლონ მოდერნისტულ-ეკუმენისტური ქმედებები, ამ ასპექტში სვამენ კითხვას: ე. წ. ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიებში მადლი არის თუ არ არის? ამ კონტექსტში, უკვე, საკითხის თვით ასე დასმაა არასწორი, რადგან ჯერ ის კი არ უნდა ვიკითხოთ, სადმე მადლი არის თუ არა, არამედ ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ: მადლიანად ვიქცევით თუ არა? რადგან წმ. ბასილი დიდი თავის კანონთა პირველ თავში, რომელიც „დიდ სჯულისკანონშია“ შეტანილი, საუბრობს რა განხეთქილების (სქიზმა) მოქმედთა შესახებ, დასძენს: „განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად*. პირველ განგდომილთ მამებისგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ, სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებითვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს“.

…მორწმუნეებს ახსოვთ, რომ ორი წლის წინ დაიწყო და სულ ახლახანს დასრულდა იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები: პატრიარქი ირინე (ირინეოსი) I სინოდმა და სხვა ბერძნულმა საპატრიარქოებმა ტახტიდან გადააყენეს საეჭვო ბრალდებით** და მის მაგივრად აღასაყდრეს თეოფილე III. ცეცხლი კი მაცხოვრის ყოფილ საფლავზე ორივეს დროს გარდამოხდა, მაგრამ ამ ორიდან, სინამდვილეში, რომელიღაც ხომ იყო დამნაშავე? მაშ, რა უნდა ვიფიქროთ? — ესე წერილ-არს, „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს“ (მათე: 12, 39; 16, 4), ხოლო არსად წერია, სანამ იერუსალიმში ცეცხლი გადმოვა, მანამ არ გაბედოთ ეკუმენისტების მხილებაო…

აღდგომის ტაძარში ცეცხლი გარდამოდის მაცხოვრის და არა სხვა ვინმეს გამო. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა XIXს. სომხებმა მოსყიდვით მიაღწიეს იმას, რომ თავიანთი წინამძღვარი ანუ მწვალებელი-მონოფიზიტი შეაგზავნეს საფლავთან და მართლმადიდებელი პატრიარქი გარეთ გამოაძევეს, ცეცხლი არამართლმადიდებელზე რომ არ გადმოვიდა, უფალმა, როგორც ჩანს, ამით მიანიშნა არა ის, რომ იმდროინდელი მართლმადიდებელი პატრიარქი პიროვნულად იმსახურებდა მის ხელებზე ცეცხლის გადმოსვლას (მაშინ, ცეცხლი მართლა მის ხელში დაჭერილ სანთლებზე გადმოვიდოდა და მის გვერდით ქვის სვეტს არ გახეთქავდა და ისე არ გარდამოსკდებოდა), არამედ ის, რომ მონოფიზიტობა, როგორც ასეთი, არის მცდარი აღმსარებლობა, — პიროვნულად რაც უნდა უკეთესი ადამიანი ყოფილიყო ის მონოფიზიტი „პატრიარქი“ იმ მართლმადიდებელ პატრიარქზე.

გავიხსენოთ ძველი აღთქმის დროინდელი ისტორიიდან იერუსალიმში ხდენილი სხვა სასწაულიც: ე. წ. ცხოვართა საბანელთან მდებარე ტბაზე, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა (ბეთ-ხასდა) ერქვა, „ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღვის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღვევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა“ (იოანე: 5, 4). ხოლო კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა სნეულებისგან, თავისთავად კი ვერ ეწია სიკეთეს ამ სასწაულიდან, არამედ უფალმა მოიღო მოწყალება და ჰრქუა მას: „აღდეგ, აღიღე ცხედარი (სარეცელი) შენი და ვიდოდე!“ (8). ჯერ ერთი, მაცხოვარი ცოტა მოგვიანებით ეტყვის უკვე განკურნებულს: „აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რამე გეყოს შენ“ (14); მეორე: იერუსალიმში იმჟამად სასწაულის ხდენილობა თავისთავად ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ სამხელნი არ იყვნენ იმდროინდელი იმ ღვთისმკვლელი სინედრიონის წევრები, რომლებიც უშუალოდ ეხებოდნენ ანგელოზისგან შეხებულ წყალს და მათთვის ყველაფერში უნდა დაეჯერებინათ?! ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო, მართალია, არა მაცხოვნებელი, თუმცა, მაინც საღვთო მადლი, მაგრამ განა ის მექანიკურად ამართლებდა და აბრაამის წიაღში ახვედრებდა ყველას?! მსგავსადვე, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც არის მადლი, მაგრამ ქრისტე განმარტავს, ვისზე როგორ იმოქმედებს იგი: „მოვიდეს იგი [სული ჭეშმარიტებისა]*** და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე; ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისა**** დასჯილ არს“ (16, 8-11). შესაბამისად, ვერც ჩვენ გვიშველის, თავისთავად, აღდგომის ტაძარში გარდამოსული ცეცხლი, თუ იმ ყოფილი სნეულივით ცოდვის სარეცელზე დავრჩით და ხორციელი თუ სულიერი „საწოლი ჩვენი შეუგინებლად არ დავიცავით“ (როგორც გვირგვინობის ანუ ჯვრისწერის ლოცვებშია ნათქვამი) და ამავე დროს, მადლი არ შევიტკბეთ და ცოდვა არ ვამხილეთ, რამეთუ „გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (5: 29).

__________________________

*განხეთქილებაში გადის ის, ვინც სწორედ „კანონიერი წესების მიყოლას აღკვეთს“;

**რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მან გრძელვადიანი იჯარით არაბერძნებზე გასცა ბერძნული საპატრიარქოს კუთვნილი მიწები. პატრიარქი დღემდე არ აღიარებს ამ ბრალდებას, რომელიც თავიდან თვით საქართველოს საპატრიარქომაც კი არ გაიზიარა; თუმცა, სიმართლე ბოლომდე არ დაიცვა და ბოლოს, მაინც აღიარა მათი აზრითაც უკანონოდ არჩეული ახალი პატრიარქი.

როცა ჯერ კიდევ მოქმედმა პატრიარქმა ირინემ ერთ-ერთ ანტიეკუმენისტურ შეკრებაზე სალონიკში თავისი არქიმანდრიტი გააგზავნა მათ მხარდასაჭერად და თვითონ კი მამხილებელი სიტყვებით ეკუმენისტებად მოიხსენია სხვა პატრიარქები, მაშინ, წინასწარმეტყველების უნარი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რასაც ეს უკანასკნელნი ამის გამო მას დამართებდნენ და გვახსოვს, ჩვენს სულიერ შვილებს გავუზიარეთ, კიდეც, ეს ვარაუდი. — ისე ყველაფერი კეთილად აგიხდეთ! — რაიმე სულიერი და დოგმატურ-კანონიკური დარღვევა „ვერ“ მოუძებნეს, რადგან თვითონ, ამ მხრივ, უარესს სჩადიან და უცებ, გამოუძებნეს პირდაპირი გაგებით მიწიური საკითხი — მიწის გაცემა; თვითონ მართლმადიდებლობას გასცემენ და სხვას მიწის გაცემას არ პატიობენ;

***სულიწმიდა;
****სატანა (ავტ. შენიშვ.).

  • „კათოლიკურ კალენდარზე“

ადამიანური საზომის გარდა არსებობს ანგელოზური საზომი, რომელსაც „აპოკალიფსში“ „ლერწამი ოქროისაი“ ეწოდება („გამოცხადება იოანესი“: 21, 15). აქედან გამომდინარე, ბუნებაში ზედმიწევნით სწორი (აბსოლუტურად ზუსტი) კალენდარი ვერ იარსებებდა და არც არსებობს. მაგრამ ე. წ. იულიუსის კალენდარი, რასაც სამოციქულო მართლმადიდებლობა მიჰყვება, მსოფლიოს პირველმა წმინდა საეკლესიო კრებამ აკურთხა და მსოფლიოს ყველაზე დიდ მეცნიერთა (ასტრონომთა და სხვ.) აზრითაც, სწორედ ისაა არსებულ კალენდრულ წყობებს (სისტემებს) შორის შედარებით ნაკლებად ცდომილი. ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო დიდი მტკიცებითი საბუთი (არგუმენტი) და პასუხი ამ საკითხზე არის შემდეგი: თავად მაცხოვარი როცა დედამიწაზე მობრძანდა, იმ დროს, ბუნებრივია, კალენდარული ცდომილებიდან გამომდინარე, ძველებრაული კალენდრისთვისაც  „დაგროვილი“ იქნებოდა გარკვეული დრო, რაც მისთვისაც უნდა მიემატებინათ (ან უნდა მოეკლოთ). მაგრამ ქრისტე პასექის დღეს უკვე არსებული კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა. ხოლო კალენდრის რეფორმის მომხრეთა აზრით, მაშინ, ვის, თუ არა მას, უნდა შეეცვალა (შეესწორებინა) არსებული კალენდარი და პასექი ისე უნდა ედღესასწაულა (რაც უფალს არ გაუკეთებია).

  • 1583წ. დიდი კრების განჩინება პასქალიის* დამრღვევთა და ახალი კალენდრის მიმდევართა განკვეთის შესახებ

რამდენადაც, ისევ ძველი რომის ეკლესია, თითქოსდა, უხარისო საკუთარ ასტრონომთა დიდებისმოყვარეობა, წინდაუხედავად შეცვალა რა მშვენიერი დადგენილებანი წმინდა აღდგომაზე, რომელიც მთელი ქვეყნის ქრისტეანების მიერ განსაზღვრებისამებრ აღესრულებოდა და იდღესასწაულებოდა — ამის გამო ხდება ცდუნებათა მიზეზი, რამეთუ დღესასწაულობის პრაქტიკასთან დაკავშირებული კითხვით ჩვენი საწყავის წინაშე წარდგნენ სომეხი კაცები, რადგან მათაც კი აიძულებენ სიახლეთა მიღებას. ამისათვის, ჩვენ უნდა გვეთქვა, თუ რა არის ამაზე დადგენილი წმინდა მამაების მიერ. ჩვენი თანახმიერება, იმსჯელა რა ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქთან, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქთან და სინოდის სხვა წევრებთან ერთად სულიწმინდის მოხმობით, განსაზღვრავს და განმარტავს ამის თაობაზე წმ. მამათა გადაწყვეტილებას: ვინც არ მისდევს ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და იმას, რაც მსოფლიოს შვიდმა წმინდა კრებამ გვიბრძანა წმინდა აღდგომასა და თუენზე** და კეთილად განაგო, მივყვებოდეთ მას, — არამედ სურს, მისდიოს გრიგორიანულ*** პასქალიასა და თუენს, რითაც უღმერთო ასტრონომებითურთ ეწინააღმდეგება წმ. კრებათა განჩინებებს და სურს, შეცვალოს და დაასუსტოს ისინი, — შეჩვენებულ იყოს (ანათემა) და ქრისტეს ეკლესიიდან და მორწმუნეთა კრებულიდან — განკვეთილ! თქვენ კი, მართლმადიდებელო და კეთილმორწმუნე ქრისტეანენო, გეპყრათ ის, რაც გისწავლიათ, რაშიც იშვენით და აღიზარდენით და როცა გარდუვალობა მოგიხმობთ, საკუთარი სისხლიც კი დათხიეთ, რათა შეინარჩუნოთ მამათამიერი რწმენა და აღმსარებლობა! იფხიზლებდით და შემოიზღუდენით მათგან, რათა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე შეგეწიოთ და ჩვენი სისავსის ლოცვები იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ჭეშმარიტად (ამინ)!

კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია II
ალექსანდრიის პატრიარქი სილიბისტრო
იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი და

1583წ. 20 ნოემბრის კრების სხვა მღვდელმთავრები

______________________

*პასქალია — აღდგომისა და მის გარშემო მოძრავ დღესასწაულთა კალენდარული მონაცემების ცხრილი;

**თუენი (თვენი) — საეკლესიო კალენდრით განლაგებულ დღესასწაულთა და წმინდანთა განსადიდებელი (ჰიმნოგრაფიული) ლოცვების კრებული, რომელიც თვეების მიხედვითაა გაწყობილი (იწყება სექტემბრის თვიდან და მთავრდება აგვისტოს თვით);

***გრიგორიანული — ასე ეწოდება „შესწორებულ“ კალენდარს, რომლის შემოტანაც 1583წ. კათოლიკობაში უკავშირდება რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სახელს — მთარგმნელის (მღვდ. გ. სხილაძე) შენიშვნები.

  • „უნათლავ ყრმებზე“

გმადლობთ წმ. ნინოს დღის მოლოცვისათვის; შეგეწიოთ მისი ლოცვის მადლი თქვენს ოჯახთან ერთად!
არქ. რაფაელის რომელ სწავლებას გულისხმობთ უნათლავ ბავშვებზე, ცხონება-არცხონების თუ სხვას?
წყარო : საერთაშორისო შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ.

  • „ცხონდებიან თუ არა მოუნათლავი ბავშვები?“

საერთოდ, რატომ ვინათლებით? — იმიტომ, რომ პირველ რიგში სინანულითა და ნათლობის წყლით ჩამოვიშოროთ ჭუჭყი ცოდვისა, რომელიც ორგვარია: საკუთარი და წინაპრისა (პირველმამა ადამისა და საგვარეულო წინაპრებისა). ბუნებრივია, ახალშობილს გარკვეულ ასაკამდე საკუთარი ცოდვა არ გააჩნია, მაგრამ თუ ასეთი მოუნათლავად მაინც ცხონდება, მაშ, რატომღა ნათლავს მათ ეკლესია? „ძველი აღთქმის“ დროს სასუფეველში ვერცერთი ვერ ხვდებოდა — მართალნი „აბრაამის წიაღში“ განისვენებდნენ მხოლოდ. როცა მამამთავარ იაკობს იოსების სიკვდილის ამბავს მიუტანენ, ის გოდებას იწყებს და ამბობს, ჩემს შვილთან ერთად ჩავალ შავეთშიო…

უახლოეს წარსულში, თითქოსდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სატკივრები მოეგვარებინოთ, საქ. ეკლესიაში სადავოდ შექმნეს საკითხი, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში უკვე დადგენილია. ესაა მკვდრადშობილ, დაბადებამდე მოკლულ („აბორტი“) და გარდაცვლილ უნათლავ ჩვილთა სულების ცხონება-არცხონების საკითხი, რომელიც დოგმატური ღვთისმეტყველების დონეს განეკუთვნება და მისი გადაწყვეტა მსოფლიო წმ. საეკლესიო აზრის ძალაუფლებაა („პრეროგატივა“) და არა რომელიმე ადგილობრივი სინოდისა. საქართველოში მამათმცოდნეობის („პატროლოგია“) ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორმა, მისმა თანაშემწეებმა და საქ. საპატრიარქოს „საღვთისმეტყველო კომისიის“ წევრებმა, რომლებიც ერთ-ერთ მოდავე მხარეს წარმოადგენდნენ, ისიც კი განაცხადეს, ამ საკითხს საქ. ეკლესიის სინოდი როგორც გადაწყვეტს, ჩვენც იმ აზრზე დავდგებითო (რა თქმა უნდა, ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავრებს შეუძლიათ და კიდევაც უნდა იმსჯელონ ნებისმიერ დოგმატურ საკითხზე, მაგრამ არა გადაწყვეტის კუთხით, არამედ მხოლოდ მსოფლიო ეკლესიისა და წმ. მამების აზრის მოძიების, გამორკვევის, განმარტებისა და ხაზგასმის თვალსაზრისით. ხოლო „ის, ვინც განცხადებული ჭეშმარიტების შემდეგ კიდევ რაღაცის ძიებას განაგრძობს, სიცრუისაკენ მიდის“* — VI მსოფ. წმ. საეკლ. კრების განჩინება). საკითხის ასე არაკანონიკურად, ჩამორჩენილად, „პროვინციულად“ დასმას, რაც მხოლოდ დამწყები „სემინარისტისათვის“ არაა სამარცხვინო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია „სინოდური პაპიზმი“ ვუწოდოთ. ამის უარეს გამოვლინებას წარმოადგენს „პატრიარქისტული პაპიზმი“, რომლის ჩვენს ეკლესიაში არსებობას ამ წერილის დასაწყისში შევეხეთ, როცა კათოლიკური „პაპიზმი“ და მართლმადიდებლური — „აღმოსავლური პაპიზმი“, — ასე დავარქვით, წარმოვაჩინეთ.

___________________________________

*აქვე გვახსენდება მსგავსი შემთხვევა, როცა 1994წ. მცხეთა-თბილისის საეპარქიო კრებაზე პატრიარქმა დააყენა კითხვა, აღდგომიდან მერამდენე დღეს უნდა აღსრულდეს მიცვალებულთა მოხსენებაო, და მსჯელობის შემდეგ დაადგინეს — II დღეს. ამ დროს, მართლმადიდებელი ეკლსიის მიერ უკვე, დიდი ხანია, დადგენილია, რომ აღდგომიდან  II დღე არის არა მიცვალებულთა ხსენების, არამედ საფლავთა კურთხევის, ხოლო IX დღეა მიცვალებულთა ხსენებისა (იხ. ჩვენი ნარკვევიდან: „საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრიც-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ.., პარიზი, 2004წ.) http://saqme.fr an http://bpg.sytes.net/didgori/files/saqme_N1.pdf.

ამ საკითხზე უმრავლეს წმ. მამათა თანხმიერი აზრიც („Consensus Patrum“) ისეთივეა, როგორიც მათ მიერვე შედგენილი განმარტებაც: „უწყოდეთ, რამეთუ რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკვდინედ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლისცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ აყოვნებთ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და ნუ დააყოვნებენ ექვსსა და ანუ რვასა დღესა და შეამთხვიოს სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად. უკეთუ რვა დღემდე იცოცხლოს, დააცადონ და დღესა მერვესა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის. უკეთუ უდებ იქმნეთ, ხელთაგან თქვენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა“ („მცირე კურთხევანი“, წესი და განგება ნათლობისა).

  • „ისევ მოუნათლავ ბავშვებზე“

დიახ, ცხონება-წარწყმედის საკითხი, სწორედაც, უფლის საიდუმლოა და ამიტომაც, გამომდინარე იქედან, რომ განგება ადამიანს აძლევს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ჩვენ ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, რატომ ცხონდება ერთი (დიდი თუ პატარა) და რატომ ვერა — მეორე; ღმერთი რატომ უშვებს (ხელს ბოლომდე არ უშლის) ერთზე, მოევლინოს ამ ქვეყანას და მოინათლოს და სხვაზე — არა თუ ვერა. აქ გვახსენდება ცნობილ დეკაბრისტ რილეევის შემთხვევა: როცა პატარაობაში მძიმედ ავადმყოფი კვდებოდა, დედამისი ეკლესიაში წავიდა და დაჟინებით სთხოვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მისთვის შვილი გადაერჩინა, რაზეც დედა-ღვთისამ მიუგო, რომ უმჯობესი იყო ამ პატარასათთვის, დროზე ადრე გასულიყო ამ სოფლიდან. ქალმა არ დაუჯერა და თხოვნა გააგრძელა, რომლის დროსაც ღონემიხდილს ჩაეძინა. ღვთისმშობელმა მარიამმა მას ჩვენებაში ანახა მისი შვილის მომავალი ზრდა და საქმიანობა, რაც ჩამოხრჩობით დასრულდებოდა, რადგან დიდობაში მასონურ რევოლუციაში (დეკაბრისტთა 1825წ. აჯანყება) მოუწევდა მონაწილეობის მიღება. დედამ მაინც შვილის ხორციელი ცხოვრება არჩია და დედა-ღვთისამაც მისცა სათხოვარი — შინ დაბრუნებულს პატარა სრულიად გამოჯანმრთელებული დაუხვდა. შემდეგ, როცა შვილი ეზრდებოდა, თვალწინ სულ ის კადრები უდგებოდა და ისეთი თანმიმდევრობით, რაც სიზმრეულ ჩვენებაში ნახა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დედამ თავისი შვილი, მართლაც, სახრჩობელაზე ჩამოკიდებული არ იხილა…

მართალს მწერთ, რომ უფალმა გამოგვისყიდა პირველქმნილი ცოდვისგან, მაგრამ გამოგვისყიდა სწორედ ნათლობით, როგორც სამწყემსო ბეჭდით, რომლის გარეშეც ვერცერთი, დიდი თუ პატარა, სულიერი ცხოვარი ვერ შევა ზეციურ ფარაში.

თქვენ თუ წიგნის „კურთხევანი” ზოგიერთ რედაქციაში ეჭვი გეპარებათ, წმინდა მამათა მიმართ თქვენი იმ მოკრძალებიდან გამომდინარე, რაც თქვენს წერილებში ჩანს, ვფიქრობ, სრულიად ენდობით ქართული ეკლესიის მნათობ წმ. ექვთიმე ათონელს (IX-Xსს..), რომლის მიერ შედგენილ „საეკლესიო კანონთა კრებულში” ვკითხულობთ: „ყმაწვილს ნუ მოჰქრისტიანავ (მოაქრისტიანებ — მღვდ. გ. ს.), პირდაპირ მონათლე. როცა მოგიწოდონ, რასაც გინდა აკეთებდე, თავი დაანებე და მონათლე; თუ კვდებოდეს შობის (იგულისხმება ბავშვის შობა — მ. გ. ს.) დღეს, მაინც მონათლე სწრაფად. შუადღემდე შენ ნუ აიძულებ — თუ მოგგვარონ, მონათლე. შუადღის შემდეგ შენ აიძულე, რომ მონათლონ. თუ მოუნათლავი მოკვდეს, წაიყვანე და მკვდრებთან დამარხე (იგულისხმება: ეკლესიის სასაფლაოზე დამარხვის უფლება მიეცი — მ. გ. ს.), და ჟამი არა სწირო (ლიტურღია არ აღავლინო; შესაბამისად, არაქრისტეანზე არც პანაშვიდი სრულდება და არც „წესის აგება“ — მ. გ. ს.). თუ შენ იყო მიზეზი (ყრმის უნათლავად გასვლისა — მ. გ. ს.), მიდი და უთხარი ეპისკოპოსს; თუ მიზეზი დედ-მამა იყოს, ისინი მიგზავნე. თუ ყმაწვილი ნათვლის პროცესში მოკვდეს ისე, რომ ემბაზში ჯერ არ ჩაგესვას, მოუნათლავია და შეწყვიტე მონათვლა; თუ მოასწარი ემბაზში ჩასმა და ისე მოკვდა — ქრისტიანია და ნათვლა დაასრულე” („მცირე სჯულისკანონი”, „თეთრი სამღვდელოების დარიგება”, თავი VIII, „საღვთისმეტყველო კრებული” 11, სრ. საქ. საპატრიარქო, თბ. 1983).

ისევ გეკითხებით: თუ გაუნათლავი ბავშვი მაინც ცხოვნდება, მაშ, რატომღა ენიჭება მის ემბაზში ჩასმა-არჩასმას ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა? თან, აბორტით მოკლული ბავშვი რომ ისედაც ცხოვნდებოდეს, ღრმად მორწმუნე დედა ყველა ბავშვს მუცლიდანვე მოიშორებდა, რომ მათ ცხონებაში დარწმუნებულიყო. შვილთაკვლა არამარტო იმის გამოა მძიმე ცოდვა, რომ ადამიანი ბუნებითად (ფიზიკურად) კვდება, არამედ იმისთვისაც, რომ — სულიერად კვდება.

რაც შეეხება ახალნამშობიარები ქალის განუწმენდელ მდგომარეობასთან მიმართებას, ეს არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას და სისულელეს ნამდვილად არ წარმოადგენს, როგორც თქვენ აცხადებთ (ღმერთმა მოგიტევოთ!). ეს რომც იყოს წარმართობიდან გადმოსული (როგორც მიგაჩნიათ), წარმართობიდან ბევრი ისეთი რამეა გადმოსული — მაგ., პირადი და საზოგადო სისუფთავე (ჰიგიენა) და ბევრი სხვა _, რაც ყოველთვის ღირებულია. ასე, ძველი აღთქმის ეკლესიიდანაც გადმოვიდა ახალი აღთქმის ეკლესიაში ბევრი რამ, რაც ქრისტეანობასა და საღ აზრს არ ეწინააღმდეგებოდა. აი, რას წერს მსოფლიო ეკლესიის დიდი მამა — ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი წმ. ტიმოთე, რომელიც 381წ. წმ. II მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა და რომლის აზრებს წმინდა მამებმა „კანონიკური პასუხები” უწოდეს და შეიტანეს საეკლესიო სამართლის საყოველთაო კოდექსში „დიდი სჯულისკანონი”:

6. კ ი თ ხ ვ ა: თუ კათაკმეველი დედაკაცი თავის სახელს ჩასწერს, რომ ნათელი მიიღოს, ხოლო მისი ნათლისღების დღეს დაემართება მას დედათა წესი, შეიძლება თუ არა მისი ნათლისღება იმ დღეს, თუ დრო უნდა მიეცეს და რამდენიმე ხნით უნდა გადაიდოს ნათლისღება?
პ ა ს უ ხ ი: ნათლისღების გადადება საჭიროა, სანამ დედაკაცი არ განიწმინდება.

7. კ ი თ ხ ვ ა: თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?
პ ა ს უ ხ ი: საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება”.

ხოლო განსხვავება ამ და აქ განსახილველ მდგომარეობას შორის ისაა, რომ თუ „დედათა წესი” ერთ კვირამდე გრძელდება, მშობიარობის შემდგომი დროის მონაკვეთი (პერიოდი) — 40 დღე.

ღმერთმა განგწმინდოთ ხორციელადაც და სულიერადაც!

მამა გიორგის კომენტარები „დიდგორზე“

„ღმერთმა დაგლოცოთ!“

არქიმ. რაფაელის ამ შესანიშნავი წერილის გამოქვეყნებისათვის ღმერთმა დალოცოს „დიდგორის“ რედაქტორიცა და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელიც!

  • „მოწონება“

ვეთანხმებით ბ-ნ დიმიტრი ჩუბინიძის მიერ ამ წერილში გამოთქმულ აზრს, რომ არჩევნები კანონიერმა ხელისუფლებამ ანუ 1990-91წწ.. უზენაესმა საბჭომ უნდა დანიშნოს, რომ მომავალი ხელისუფლება ლეგიტიმური იყოს, რაც საქართველოს კარგის მეტს არაფერს მოუტანს როგორც ზნეობრივად, ისე ნივთიერად.

ღმერთმა დაგლოცოთ ძმაო დიმიტრი!

———————-

  • „სამწუხარო სიმართლე“

ბატონო იოსებ, თქვენი „საითის“ მართლმადიდებლობის განყოფილების პრეს-სამსახურისეული შეფასება ათონის მთის „კინოტის“ განცხადებისა, სამწუხაროდ, სიმართლეა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევათაგანია, როცა ადამიანს სიმართლე ამწუხრებს. წესიერ დროში წესიერ ადამიანს სიმართლე უნდა ახარებდეს, მაგრამ — სიმართლე ბერთა მტრების მხილებისა და არა ბერთა მხილებისა.

წყარო: მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!

————————————————————————-

  • „გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტ — ბ-ნ გიორგი მამაცაშვილს“

ძმაო გიორგი, მამოძრავებს რა თქვენთვისა და ბ-ნი იოსებ ღუდუშაურისათვის — ორივესთვის თანაბარი კეთილმოსურნეობა, გულნატკენი ვარ თქვენი მისდამი დაპირისპირების გამო. მისგან განსხვავებით თქვენ პირადად არ გიცნობთ, მაგრამ თქვენი ნაწერებიდან ჩანს, რომ მამულიშვილი ადამიანი ბრძანდებით. ასეთივე კაცად ვიცნობ „დიდგორის“ რედაქტორსაც. საფიქრებელია, რომ მისი გაცნობის შემდეგ მასზე დღეს შექმნილი წარმოდგენა საპირისპიროდ შეგეცვლებათ და შენდობას ითხოვთ მისგანაც და თქვენი გაზეთის მკითხველისგანაც იმ ბრალდებებისა და დაბრალებებისგან, სამწუხაროდ, ასე უხვად რომ გასდევენ თქვენს ამ წერილს.

არავინ და არაფერი მიბიძგებს რა მიკერძოებისაკენ, გთხოვთ, არ გეწყინოთ შემდეგი შედარება: თქვენს წერილში არ ჩანს (ან იქნებ, მე ვერ დავინახე, რადგან თქვენზე უარესი ვარ) ლოცვით გამთბარი გულისთვის დამახასიათებელი მოყვასის სიყვარული და დავით მეფსალმუნისეული შეგრძნება: „მატლ ვარ და არა — კაც“. თქვენგან ლაჩრად მონათლულმა კაცმა კი, როცა „ვილჰელმს“ მიწერა, გმირობა ვერ შევძელი და გამოვიქეციო, ამით, ჩემი აზრით, თავმდაბლობის გამოხატვა სცადა; აბა, რომელი ლაჩარი გინახავთ, ამას რომ ასე „მოხალისედ“ აღიარებდეს?! ჯერ ერთი, თქვენს მიერ აღწერილი მოვლენების დროს, რა იცით, რომ ეს ადამიანი მართლაც მხდლურად გაიქცა და არა მხედრულად? მეორეც, „საცა არა სჯობს — გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“-ო, ამას ვინ ამბობს, ჩემგან არ გესწავლებათ. თქვენივე მამულიშვილური სულისკვეთებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ქაქუცა და ზვიადი ლაჩრებად არ მიგაჩნიათ; თუმცა, ბრძოლის ველიდან ერთიც „გაიქცა“ და მეორეც. ახლა, შესაძლოა, იფიქროთ, ვის ადარებს ვიღაც „სოსოსო“ (სხვათაშორის, კიდევ ერთი სხვაობა — მას თქვენ გიად ან გიოდ არ უხსენებიხართ), მაგრამ სწორედ ვადარებ და არ ვუტოლებ. ღმერთმა ორივეზე მეტი ეროვნული გმირი გაგხადოთ ერთიც და მეორეც!

პირველ რიგში, ჩემს თავს შევახსენებ, რომ მხოლოდ ამკობს ადამიანს მოკრძალება და თავმდაბლობა, ხოლო სხვისი დაცინვა და შეურაცხყოფა — პირიქით, „რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (ლუკა: 18, 14).

ღმერთმა დაგვლოცოს და აღგვამაღლოს სულიერ-გონიერად!

ძმური და მამაშვილური სიყვარულით — უღირსი მღვდ. გ. ს.

მინაწერი: აქვე, ვისარგებლებდი შემთხვევით და გთხოვდით, გადაგეცათ თქვენი გაზეთის რედაქტორ — ბ-ნი ლაშა ნადარეიშვილისადმი, რომ გაზეთი და საერთოდ, ნებისმიერი გამოცემა გარკვეული (სასურველია — სწორი) მსოფლმხედველობის მთესველ-გამავრცელებელი იარაღი უნდა იყოს და არა „სარეკლამო დაფა“, სადაც გვერდიგვერდ (უკომენტაროდ) იბეჭდება საღვთო ლიტერატურაც და უღვთო და ღვთისმტერი ი. ჯუღაშვილის განდიდებაც; პატიოსან მეცნიერთა ნააზრევიც და გამრყვნელი ფროიდის ფსიქოლოგიაც; წმინდა ხატებიც და უხამსი ფოტოებიც.

თქვენს ადგილზე, ჩემს საპატივცემულოდ იმათი და იმათგან აფრიალებული დროშა, ვისაც ჩემი ქვეყნის დაქცევაში ლომის წილი უძევს, მხოლოდ დამამწუხრებდა და დამაფიქრებდა…

———————————————————————————————

  • „თხოვნა“

მშვიდობა თქვენდა!

თუ შეიძლება, მიმითითეთ, საეკლესიო სამართლის რომელი კანონი გაქვთ მხედველობაში და სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ ერთხელ. წინასწარ გიხდით მადლობას; ღმერთმა გაკურთხოთ! თქვენი სულის ცხონების მსურველი უღირსი მღვდელი — გ. ს., ლევილი, საფრანგეთი.

წყარო : მ. გიორგი სხილაძე – საეკლესიო ახალი წელი.

  • „მწიგნობრობასა და სამართლიანობაზე“

თქვენს ვებ-გვერდზე ერთ-ერთი პატივცემული პიროვნება საქ. საპატრიარქოს წარმომადგენელთა ნაწერებზე „კომენტარებში“ შენიშნავს, ნუთუ, უფრო წიგნიერი არავინ ჰყავთო?!. ჩვენი მხრივ კი ვიტყვით: როგორ არა ჰყავთ, მარტო წიგნიერება რომ შველოდეს საქმეს!.. მაგალითად, საქ. ეკლესიას წარმოადგენს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), რომლის დარი მწიგნობარი სასულიეროთა შორის არათუ საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოშიც ძნელად მოიძებნოს; რომელიც, როგორც იტყვიან, ცოცხალ ენციკლოპედიას წარმოადგენს, მაგრამ მისი სულისკვეთების სიმართლესთან მიმართების წარმოსაჩენად მოვიყვანთ ერთ პირად შემთხვევას, რომელიც მას უკავშირდება: 1996 თუ 97 წელი იყო, როცა ის თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში მღვდელმსახურობდა და ერთხელ, წირვის შემდეგ, ამბიონზე გამოსულს ვკითხე, რა წარმოდგენა ჰქონდა საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სცნობდა თუ არა, საერთოდ, მას ეკლესიად. მან მომიგო, რომ ისინი განხეთქილებაში (ბერძნ. „სქიზმა”; რუს. „რასკოლ”) არიან დედაეკლესიასთან. როცა ვუთხარით, რომ ბოლშევიკურ დევნას გაცლილი ხალხისგან დამორჩილება ისევ იმ საპატრიარქოსადმი, რომელიც თავად ემორჩილებოდა მდევნელებს, საბოლოო ჯამში, იქნებოდა შორიდან დამორჩილება იმ ძალისადმი, რომელსაც აქედან გაექცნენ-თქო, დაბნეულმა მიპასუხა, შესაძლოა, ასეც იყოს, ღმერთმა უწყისო… ამ საკითხზე საუბრის გაგრძელებას თავი აარიდა, უცებ უხერხულად შებრუნდა და საკურთხეველში შევიდა.

არაგულმართალი მწიგნობარი უფრო ძნელად მოიქცევა, ვიდრე გულმართალი ავაზაკი, რომელიც შევიდა, კიდეც, პირველი ცათა სასუფეველში.

მინაწერი (P. S.): რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გალობაზე, რახან უცხოეთში გვიწევს ყოფნა, ვასრულებთ როგორც სამხმიან ქართულ უმშვენიერესსა და მსოფლიოში შეუდარებელ საგალობლებს, ასევე, სერბულ, ფრანგულ, რუსულ და ბერძნულ ერთხმიან თუ პოლიფონიურ საგალობლებსაც  („რვა ხმათას” მწყობრით), რადგან ჩვენს მრევლში ქართველთა გარდა სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებლებიც დადიან.

კიდევ, ერთი: ისევ თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის გთხოვთ, ზედსახელად „ეკუმენისტს” ნუღარ დაირქმევთ, რადგან ეკუმენიზმი თანამედროვე პრაქტიკული გაგებით ძალზე ცუდ რამეს ნიშნავს.

2 Responses to “მღვდ. გ. სხილაძის პასუხები მკითხველს”

  1. valeri Says:

    saxead mqvia valeri da vin iqneba chemi wmindani ,??? madloba

    • ნიკა Says:

      პასუხი ვალერის:
      ———————
      ნახეთ, საეკლესიო კალენდარში, ბნ-ო ვალერი, და როდესაც ხართ დაბადებული (თვე და რიცხვი), რომელ წმინდანთა მოსახსენიებელიც არის ამ დღეს, ის წმინდანები (რა თქმა უნდა მფარველ ანგელოზთან ერთად) ითვლებიან უფლის წინაშე თქვენი სულის ხსნისათვის მეოხად და შემწედ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: