„დიდგორის“ მკითხველის ღია წერილი ბ-ნ ლაშა ნადარეიშვილს

„დიდგორის“ მკითხველის ღია წერილი გაზეთის „ასავალ-დასავალი“ რედაქტორს ბ-ნ ლაშა ნადარეიშვილს!

ბატონო ლაშა, რამდენჯერმე გადავწყვიტე, რომ თქვენთვის ორიოდე სიტყვით მომემართა. სათქმელს საგულდაგულოდ ვაწყობდი, ვალაგებდი, მაგრამ საწერ პულტთან მისვლისას ვერ ვახერხებდი, გონებიდან გამირბოდა, რაღაც მაკავებდა, ორიოდე დღის წინაც ასე დამემართა. ახლა კი ძალ-ღონეს ვიკრებ და ვცდილობ განზრახული შევასრულო. ერთი სიტყვით, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ნავსი გავტეხო და შეგეხმიანოთ. მე თქვენ ვერც სწავლა განათლებით, ვერც კალმის მოხმარით ვერ გაგაკვირვებთ. აბა, სად მე და სად თქვენ, ამხელა პოპულარული გაზეთის, პოპულარული რედაქტორი და სად მე, სადღაც დასაკარგავში „გაქცეული„, ერთი უბირი ვიღაც, რა ამოაღწევს თქვენამდის? მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა შემოგკადროთ, და იმედია ზოგიერთი, თქვენს გაზეთს თავშეფარებული თუ დაქვემდებარებული ჟურნალისტ კორესპონდენტივით სამშობლოდან ლაფის სროლას არ დამიწყებთ. რასაც დავწერ ეს ჩემეული შეფასება, აზრი თუ მოსაზრება იქნება. აკი, თქვენი გაზეთი ხომ პლურალიზმის მქადაგებელ-მღაღადებელია! თუ ესეც მხოლოდ ზოგ-ზოგიერთებზე ვრცელდება და არა სამშობლოდან „გაქცეულებზე“?

ბატონო ლაშა, რის შესახებაც გწერთ, იმედია, ეს თემა თქვენთვის უცნობი არ იქნება, მაგრამ სანამ პირდაპირ სათქმელზედ გადავიდოდე, მანამ მსურს მეხსიერებიდან მოვიძიო გასულ წლებში თქვენი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატიების არსი და შინაარსი. მცირედი მხოლოდ, აბა, ყველას აქ რა მოიტანს.

ბატონო რედაქტორო, პრესის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს თქვენი გაზეთის მრავალი თანამშრომელი შეგნებულად თუ შეუგნებლად ტარს იქ უკეთებს სადაც მას აწყობს.წლების წინ თქვენი გაზეთის ფურცლები ეთმობოდა ვიღაც სუკის ნაგენერალ ი. ბარამიძეს, მისი ინტერვიუს სერიალები პატიოსან ქართველ მკითხველს გონებას ურევდა. გუშინდელ მომხდარს, რომელსაც მე და თქვენ ერთად შევესწარით გვიმრუდებდა, გვიყალბებდა. კერძოდ, სერიალის ერთერთ ნაწილში ის წერდა, რომ სუკის შენობაში მომიტინგეების შეჭრის დროს, ის ცისფერ გალერეასთან მდგარა, სადაც, მის გვერდით თურმე მერაბ კოსტავაც ყოფილა მისთვის უცნობ მხატვართან ერთად. მერაბს მისთვის უთქვამს, რომ მასაც არ მოსწონდა ის, რაც იმ საღამოს ხდებოდა.

ბატონო ლაშა, იქნებ ვცდები, გადახედეთ მომხდარის თარიღსა და სულნათელი მერაბის დაღუპვის თარიღს, იქნებ დაინახშეუსაბამობა: სუკის შენობაში შეჭრა მოხდა 1990 წლის ივნისის თვის შუა რიცხვებში, ხოლო ბატონი მერაბი დაღუპეს 1989 წლის 13 ნოემბერს. მგონი არის სხვაობა და შეუსაბამობა სუკის შენობაში შეჭრასა და იმ ავად მოსაგონარ, შავ დღეს შორის.

ბატონო ლაშა, ხალხის მოტყუება, პრესის თავისუფლების პრინციპების კრედო და ამოსავალი წერტილია? თქვენ, როგორ ფიქრობთ, როდესაც თქვენი გაზეთის „რესპოდენტი“ რაღაცას ჩმახავს(წერს), მას გადამოწმება არ უნდა? ამგვარი სისაძაგლე თქვენი გაზეთის ფურცლებზე თქვენი გაზეთის საპატიო სტუმარმა, საქართველოს პირველ მამულიშვილად და პირველ პოეტად რომ რაცხავს საკუთარ პერსონას, მანაც დაახეთქა, მაგრამ მან უფრო გადმოსწია თარიღი, ის თურმე მერაბ კოსტავას 1992 წლის შუა გაზაფხულზე, მეგობრის ბინაში გამართულ წვეულებაზე გასაუბრებია! აქაც არაფერი, ესეც პრესის თავისუფლების პრინციპების განხორციელებაა! ბატონო რედაქტორო, თქვენი გაზეთის ფურცლები მარადიულ ბოლშევიკებსაც ეთმობა, ყოველ შემთხვევისთვის ეს ლენინელ- სტალინელები ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ასე გაჰყვიროდნენ: სამი კომუნისტი რომ დარჩეს ამქვეყნად ერთერთი მე ვიქნებიო; იცით, როგორ სძულდა ეროვნული მოძრაობა? იმედია, თქვენ არ გძულდათ ეროვნული მოძრაობა და მისი ლიდერები; ეს ისე, დღეს ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ასე ამბობს: თავის დროზე დღევანდელი პოულარული გაზეთების ბევრ რედაქტორსაც სძულდა ეროვნული მოძრაობა და მისი ლიდერებიო. უფალი ჯურნალისტი, სანებლიძე კი არ გვავიწყებს ამბროსევიჩს, მისი ყოველი ინტერვიუ სულში ჩაფურთხებაა, ყოველი ქართველი მიმართ, სანამდის უფალო რედაქტორო, ნუთუ ესეც პრესის თავისუფლების პრინციპია?

სულ ახლახანს თქვენი გაზეთის ახალგაზრდა ჟურნალისტი გვამცნობდა: გუგუშვილი დიდგორობის წინ „ცრუ დიდგორელებს“ ემიჯნებაო, მაგრამ მეორე დღეს საპირისპირო წავიკითხე: ბესარიონ გუგუშვილი დიდგორელებს კალამს, კაცობას და მამულიშვილობას უქებს და მათ გა-მიჯვნის მაგივრად შე-ემიჯნა, თქვენი გაზეთის კორესპონდენტს კი, მისთვის მოულოდნელად შე-ამიჯნა (მკითხველს პატიებას ვთხოვ, ასეთი კალამბეურები „ასავალ-დასავალსაც“ მრავლად აქვს მარგალიტებ-სამკაულებად, და იმათეულია).

აგვიხსენით, ვინ არის “ცრუ”? რატომ გვატყუებთ? რატომ შეიყვანა თქვენს „ბავშმა“ ქართული საზოგადოება შეცდომაში? იქნება ესეც ბოროტო ხუმრობაა მისი მხრიდან? ან კიდევ შეცდომა, როგორც ეს ხშირად მოსდით თქვენს ჟურნალისტებს, აქაც „ჭრიჭინას“ ვარიანტი ხომ არ ყოფილა ისეთი, ამას წინათ რომ დაემართა თქვენს ჯურნალისტს? ყოველივე ამეების ფონზედ ძალიან ძნელი დასაჯერებელი და აღსაქმელია ის ინტერვიუ, რომელიც მამა ბასილს მიაწერეთ. ბატონო ლაშა, გაზეთს გამოშვების წინ არ კითხულობთ, ხელს არ აწერთ? თუ კითხულობთ და აწერთ, რაზე? პრესის თავისუფლების პრინციპების უხეშ დარღვევაზე? ისევ და ისევ პრესის თავისუფლების პრინციპებით თქვენი გაზეთი ცდილობს სიცოცხლის ნიშანწყალი შთაბეროს კარგა ხნის წინ ლეშად ქცეულ არსებებს. განსაკუთრებით, ვინც თვალს გადაავლებს ბოლოდროინდელ პუბლიკაციებს, მას გმირი ეგონება კანონიერი ხელისუფლებისა და კანონიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ მთავარი ყალბი ბრალმდებელი! კანონიერების სადარაჯოზე იდგა ყოველთვისო, ვგულისხმობთ თქვენი გაზეთიდან.

ბატონო ლაშა, ჩვენ ერთი თაობის ვიქნებით ალბათ და გავიხსენოთ, ოციოდე წლის წინ სულნათელი ირინა ენუქიძის დარი შვილმკვდარი დედები უსამართლობაში ვის სდებდნენ ბრალს? იქნებ მანჯურიის მაშინდელ გენპროკს? კიდევ ვიღაც-ვიღაცეები, ჩვენი ჯვარცმული პრეზიდენტის ერთგულებას  გვეფიცებიან.

აბა გავიხსენოთ, ვინ გაჰყვიროდა ფილარმონიაში: ამობუგეთ სამეგრელო გველების ბუდეაო! ან ის ვინ იყო 1993 წელს მუხრანთან რომ უპირებდა დადგომას დასავლეთიდან მომავალ საქართველოს კანონიერ ლაშქრობას? შესაძლოა, ეს თქვენს “ბავშ” ჟურნალისტს, მიუხედავად იმისა, როგორც თვითონ გვეუბნება, ცამეტი წლისას არცერთი მიტინგი არ გამომიტოვებიაო, არ ახსოვდეს, მაგრამ ჩვენ?

მე მგონი, ჩვენ ზოგ_ ზოგიერთებივით არც ისე მიხრწნილები ვართ, თუ მოვინდომებთ, და თუ უზრუნველად დაგვსვეს ჩვენ-ჩვენს რეზიდენციებში, მემუარებსაც ჩინებულს დავწერთ, სადაც არაფერი აგვერევა და არაფერი შეგვეშლება. არც ის შეგვეშლება ჯვარი რომელმა პრეზიდენტმა იტვირთა! ბატონო რედაქტორო, ხანდისხან ხომ არ აჯობებდა, რომ პრესის თავისუფლების პრინციპებზედ მაღლა ქართული კაცობა დავაყენოთ? აი, იმას კი დანაცვლებია, რაც კი პრესის პრინციპებია ამ ქვეყანაზე! ჩვენ ეს რომ დაგვავიწყეს, ამის ამოშანთვას რომ ცდილობენ, მიტომ შემოგვიგორეს ეს ათასნაირი უზნეო პრინციპები თუ უპრინციპობა!

თქვენი გაზეთის ფურცლებზე ბევრი სასიქადულო მამულიშვილის წერილი თუ ინტერვიუ დაბეჭდილა, მაგრამ … ვიცით რატომ და რისთვის… და ჩემზედ უკეთესად, ბუნებრივია, თქვენც იცით! გადავდივარ სათქმელზე…

„უფალო“ რედაქტორო, ბოლო რამდენიმე თვეა თქვენს გაზეთსა და „დიდგორის“ ვებ-გვერდს შორის დაპირისპირებაა. ამ დაპირისპირებაში მთავარ როლს ერთ-ერთი თქვენი ნამიტინგოსანი და თქვენს გაზეთში გაჯურნალისტებული “ბაშვი” ასრულებს.მეც ხშირად ვერთვები ამ დისკუსიებში ამ ბოლო დროს. ისიც მშვენივრად მოგეხსენებათ, ეს დაპირისპირება თუ პოლემიკა რამ გამოიწვია. გულმოდგინედ ვადევნებ თვალყურს თქვენი გაზეთის ყოველ ნომერსა და “დიდგორის” ვებ-გვერდზე გამოჩენილ პუბლიკაციებს. სხვაობა და განსხვავება მეტად დიდია, “დიდგორელები” თავიანთ პოზიციას, თავიანთ მრწამსს მართლმადიდებლი სჯულის კანონზე და დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზედ გამოხატავენ. განა სიცრუეა ის, რასაც ისინი წერენ? განა ყალბია ის ფოტო, ვიდეო თუ წერილობითი მასალა, რომელთაც ამ გვერდებზე ვხვდებით? თუ ყალბია, თუ სიცრუეა აგვიხსენით ყოველივე, გაგვიბათილეთ.

გვითხარით, ვინ სჩანან სინამდვილეში ამ ფოტოებზე, ამ ვიდეო -კადრებში? ვის ეკუთვნის სხვადასხვა პერიოდულ გაზეთებში თუ ჟურნალებში გამოქვეყნებული ციტატები? იქნებ არ ვიცით, იქნებ შევარდნაძის ორი რუსეთობისა არ იყოს, ჩვენც ორი პატრიარქი გვყავს – ორი ილია II, ერთი, რომელიც ფეხებს უკოცნიდა, ლოცავდა, მხარში ედგა შევარდნაძეს და მეორე, რომელიც მხოლოდ მისი სამწყოსთვის იღწვის? განა მარტო შევარდნაძეს? მთელმა დუნიამ იცის რა დამოკიდებულებაშია თქვენი გაზეთი საქართველოს გუბერნატორ შადრევან I-თან (ესეც თქვენი გაზეთის ფურცლებზე წამიკითხავს ხშირ- ხშირად).თუ, თქვენი და ჩემიც არ იყოს, ამ გუბერნატორს მამულიშვილობის არაფერი არ აცხია, მაშ, რატომ დალოცა ის თქვენმა კუმირმა ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაურმა?

ჯვარი იტვირთაო მიშამო – ასე გვაუწყა თქვენმა მოხუცმა ირაკლიმ (შიოლაშვილმა) ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე სრულიად საქართველოს, ხოლო თქვენს გაზეთში კი ვკითხულობთ: არიქა მიშა ეკლესიებს ყიდის, ანგრევს, შაგრენის ტყავივით ქცეულ ქართულ მიწაზე თუ სადმე აღმართულ ჯვარს წაეწია, ყველას ძირკვავს და აქრობსო! აქაოდა ნაეკლესიარზე ეშმაკის ბორბლებს და გასართობ ატრაქციონებს აშენებსო! აკადემიას, უნივერსიტეტებს, მუზეუმებს ანგრევს და შადრევნებს ამონტაჟებსო!  ბატონო რედაქტორო, ყოველივე ამას ხომ თქვენი გაზეთიდან ეცნობა უბედური ქართველი? ის კი გაიძახის ჯვარი იტვირთაო, ჩაეხუტა და ეამბორა მიშას.

გაგვაგებინეთ, რომელი ხართ მართალი, თქვენი გაზეთი, თქვენი ჟურნალისტები, მიშა თუ ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაური?! აკი ფეხს მიწაზე არ ადგმევინებთ პატრიარქად წოდებულ ირაკლი შიოლაშვილ ღუდუშაურს, ს.უ.კ.-ის დოკუმენტაციით – „ივერიელი“ (რა შესაშური ზედწოდებაა!). აქაოდა არ შეიძლება მთავარ იერარქზე რამის თქმაო, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიიდან ზარბაზნებს ისროდნენ და ტყვიებით ცელავდნენ მართლმადიდებლებს.
რატომ დაადგმევინეს ეკლესიაში საბრძოლო ტექნიკა? შეეწინააღმდეგა ბარბაროსებს ვინმე საპატრიარქოდან?

ბატონო რედაქტორო, კი მაგრამ, მართლა აღარაფერია ამქვეყანაზე უწმინდესი და უჭეშმარიტესი?! ჯვარი იტვირთაო, ამას რომ ვინმე მიშაზე იტყვის ხომ შემოგვწყრა უფალი და ღვთისმშობელი! ეჰ, თქვენ ქართველებო, სთქვით ხმამაღლა, საქართველოს რომელმა პრეზიდენტმა იტვირთა ჯვარი! თქვით, რამეთუ ხმა ერისა და ხმა ღვთისაო! გვატყუებს ის, ვინც, ჩვენ, ცოდვილ ქართველებსა და ღმერთს შორის მოციქულად რაცხს თავის თავს!

ბატონო რედაქტორო, ავაზაკებს კანონიერი ხელისუფლების დამხობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას “საკადრო პოლიტიკა” “მიაჩნდათ”. ერთ-ორ, თუნდაც უღირს მინისტრსა და პრეფექტს გადააყოლეს კანონიერი ხელისუფლება და პრეზიდენტის სიცოცხლე! თუ ეს დემკრატიაა, მაშინ, რასაც თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვგებულობთ საპატრიარქოში არსებულზე, ყველა ეგენი ძელზე გასასმელი ყოფილან! იქნებ მითხრათ, პატრიარქი აქ არაფერ შუაშიაო? აბა, ჩემი მეზობელი 1937 წელს გაკულაკებული ამბაკოა შუაში? თუ იმ “უღირსი” მინისტრების არსებობაზე პრეზიდენტს აზღვევინეს, პატრიარქმა მის ანაფორიანებზე პასუხი არ უნდა აგოს? იქნებ, ვერ ბედავს, რაღაც აბრკოლებს, რაღაცის ეშინია?

აქ კი ქართული ანდაზა მახსენდება: თევზი თავიდან ყარსო! ბატონო რედაქტორო, თქვენი გაზეთის თანამშრომლები, საქართველოდან “გაქცეულებზე” უკეთეს მეხსიერებას იჩემებენ. გთხოვთ, გაიღეთ მოწყალება და დამეხმარეთ გუშინდელის გახსენებაში; ალბათ, გახსოვთ ის ავადმოსაგონარი დღე, საქართველოს აეროპორტში მოსკოვიდან  რკინის ფასკუნჯი რომ დაჯდა და როცა ჭეშმარიტი დემონთ-კრატია ჩამოთახსირდა ქართულ მიწაზე. მაშინ, მას მგონი, ვიღაც ვიღაცეები დახვდნენ თვითმფრინავთა ნავთსაყუდელში. და იმ დღიდან , ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, ედვარდ-გიორგის ლოცვა- კურთხევაში ვინ ათენ- აღამებდა? ვინ იყო ის ბატონო ლაშა? იქნება ისევ ჩემი, 1937 წელს გაკულაკებული მეორე მეზობელი ამბროსია, საწყალს ორი კოვზის, სამი ჩანგლისა და ერთი ახალგოჭებდაყრილი ღორის მეტი, რომ არ გააჩნდა და კულაკად შერაცხეს?

მაშინდელი შტერაქტებიც გემახსოვრებათ, თითოეული მათგანის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ, ზონარებიანი პერანგისამარა დარჩენილ ბებერს ვინ ლოავდა?: „დღეს ქართველი ხალხი ბედნიერია, ედვარდ-გიორგი შევარდნაძე რომ ცოცხალი გადაურჩაო!”. ვისი სიტყვებია, ბატონო ლაშა ეს? გაფიცებ ოჯახში მყოფელს, თქვი ალალად, არის ქართველი კაცი იმ დღეებიდან ბედნიერი კი? დარწმუნებული ვარ, ჩვენ თუ არაფრად მიგაჩნივართ, ოჯახის წევრებს მაინც დაინდობთ და პასუხიც ცალსახა იქნება – არა! არა! არა და არა! ხედავ, რამდენს გვატყუებენ ისინი, რომელთა სასულიერო ღირსების ბაგეთაგან მხოლოდ ჭეშმარიტება უნდა იფრქვეოდეს?! რა ჰქვია ასეთ კაცს? ვერ ამბობთ? ისევ მე ვიტყვი: არაკაცი, ავაზაკი, მოღალატე, ცრუ ორპირი და ანტიქრისტე! შეშფოთდით? რატომ? განა, ვთქვი რაიმე ისეთი, რაც სიმართლეს არ შეეფერება? თუ ვთქვი, ამ ანაფორაში გახვეულმა მგლებმა კი არა, უფალმან შემრისხოს! თუ არა და შერისხულ იყოს უკუნითი უკუნისამდე ის, ვინც, ქართველი ხალხი ამ დღეში ჩააგდო, წყეულ იყოს, ის, ვინც დღესაც ატყუებს ქართველ ხალხს! ამინ!

იქნებ, ზოგ-ზოგიერთებივით მითხრათ, წესია ასეთი, პატრიარქმა ყოველი მთავრობა უნდა დალოცოსო.მაშინ 1991-1992 წლების გასაყარზე ეს წესი იმ კანონიერი მთავრობის დაცვა – დალოცვაზე არ ვრცელდებოდა? ეს წესი, ათასობით ქართველმა მის “სულიერ მწყემსს“ ძმათამკველი ომის შეჩერებისთვის რომ მიაკითხა, ანუ  პატრიარქსა და სინოდს, არც მაშინ ვრცელდებოდა?

ბატონო რედაქტორო, თქვენ ჩემზე მეტი ნაკითხი და განათლებული ბრძანდებით და შემახსენეთ: 1921 წელს, წითელი ჭირი რომ შემოგვიტანეს საქართველოში, მაშინდელმა სულნათელმა კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ მიატოვა განა კოჯრისაკენ მიმავალი იუნკრები და სტუდენტები? განუდგა მათ ბრძოლის ველიდან?  მიატოვა განსაცდელში ჩავარდნილი საქართველო სულკურთხეულმა ამბროსი ხელაიამ? ქნება, მანაც დალოცა თეთრ ცხენზე ამხედრებული გიორგი ორჯონიკიძე?!!??

ცხრა აპრილის გამთენიისას, რატომ დარჩა ეულად და უპატრონოდ უბედური საქართველო? სულნათელი უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაიას სიტყვები, ჩემზე უკეთესად, თქვენ გემახსოვრებათ. განა, ალხინა მან ხორცი სულს ზეით? დალოცა მან ეკლესიების მაოხარი, დღევანდელი გუბერნატორის წინაპარი ბორია ძნელაძე??!! მაშ, დღეს, ყველაფერი უკუღმა რატომ ხდება ბატონო რედაქტორო? თუ ჭეშმარიტი სიმართლის თქმა არ შეიძლება, ვისაც არ უნდა ებოდეს ეს, პირველი იერარქს თუ მნათეს, რაღა სხვაობააა ათეისტურ ბოლშევიზმსა და ამათ შორის? იტყოდი რამეს ბოლშევიკებზე და ლენინის ტყვია მოგხვდებოდა შუბლში! ახლა იტყვი და ანათემა არ აგცდება! პაპისტური დოქტრინაა: პაპი ყოველთვის მართალია, პაპი არასოდეს ცდება! ხედავთ რამე სხვაობას ქრისტიანობის ამ ორ მიმდინარეობას შორის? თუ ვერა, მაშ რაღაისთვის შვრებიან ამაოდ თქვენი ჟურნალისტები? ბატონო რედაქტორო, აკი მოგახსენეთ, თქვენს გაზეთასაც და „დიდგორის“ ვებ-გვერდს ერთნაირად ვკითხულობ მეთქი, “დიდგორის” ფურცლებზედ მოთავსებული პუბლიკაციები სჯულის კანონს, წმინდა მამათა და საეკლესიო კრებების განჩინებებს ეფუძნება, ხოლო თქვენი გაზეთის ფურცლებზე მოთავსებული ჯურნალისტის „სტოლბიკები“ რას და ვის ეფუძნება? გადაგივლიათ კი „დიდგორის“ ფურცლებისთვის თვალი? დაგინახავთ განსხვავება მათ შორის? თუ კი, მაშ უხერხულად არ გიგრძვნიათ თავი? იგრძენით მაშინ, როდესაც თქვენი გაზეთის მიერ იოსებ ღუდუშაურის “დოქსოპულოდ” შერაცხული გიორგი წულაძის წერილი წაიკითხეთ? საქმე ისე მიდის, თითქოს უხერხულობა არ გეგრძნოთ, თორემ მათი წერილების წამკითხველი, ხელში კალმის აღებას დაუშლიდით თქვენს ჯურნალისტს. ისინი ლოცავენ ახალგაზრდას, ეს კი სოფლის დედაბერივით იკრულება, გვერდს უვლის, ჩქმალავს ყოველივე სიმართლეს და საზოგადოებას, როგორც ქრისტიანობის მტრებს, ისე აჩეჩებს თვალში „დიდგორელებს„. პრესის თავისუფლების პრინციპია ესეც? გიორგი წულაძისა და იოსებ ღუდუშაურის სულისთქმასა და თქვენი “ბაშვი” ჯურნალისტის ნაბოდვარს შორის დიდი სხვაობაა! მათს შუა დიდი ზღვარია, „დიდგორელებთან“ მართალი ქრისტიანული ზნეობაა, რაც დამეთანხმებით, აკლია თქვენს “ბავშ” ჯურნალისტს. მე არაფერს ვამბობ, იმ სასულიერო პირების წერილებსა თუ ინტერვიუებზე, რომლებიც “დიდგორის” ვებ-გვერდზე არის განთავსებული, იქნებ ისინიც სტყუიან, (ღმერთო მაპატიე) იქნებ მათაც გადააკეთ-გადმოაკეთეს საუკუნეთა ქარცეცხლში გამოვლილი ჭეშმარიტი ქრისტიანული სჯულის კანონი თუ საეკლესიო განჩინებები? მაშ, ყური თუ გაქვთ, რატომ არ ისმენთ, თვალი თუ გაქვთ, რატომ არ კითხულობთ?!

ბატონო ლაშა, მივუბრუნდეთ ისევ გუშინწინდელს; მე მგონი, თქვენც ნახავდით ალბათ კადრებს სიონის საკათედრო ტაძრიდან. ალალად მიპასუხეთ – რა იგრძენით? იქნებ, სულაც იმ ტაძარში იყავით, და რა მოიმოქმედეთ? ბოლომდის დარჩით ქადაგების მოსასმენად? ესალბუნა თქვენს ყურთ, რაც გაიგონეთ? არ აგტკივდათ გული, სული და სინდისი? იქნებ დასტოვეთ და წამოხვედით გულმდუღარი. მე იქ რომ ვყოილიყავ, მივატოვებდი, პირჯვარს გადავიწერდი და ესე ვიტყოდი: უფალო გვიხსენ ამ ეშმაკეულთაგან-თქო!

ბატონო რედაქტორო, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ადრეც ნათქვამი, თქვენი “ბაშვი” ჟურნალისტი ხშირად სახეში გვაფარებდა, აქაოდა ჩვენი გაზეთის საპატივცემულოდ ამერიკის კონგრესში დროშა აფრიალდაო! ბრიყვია ოხერი, ვუთხარი, ნუ იკვეხნი, საქართველოს იქ აფრიალებული დროშა, ავად აქვს დაცდილი-თქო! არ დამიჯერა, იმეორა და იმეორა! აკი ამიხდეს ყოველივე სასიკეთო გულისნადები, როგორც ეს შეგონება ამიხდა!

როგორ შებედეს ამერიკის კონგრესის კაპიტოლიუმის თავზე დროშაანაფრიალებ გაზეთს, ის რაც თქვენ დაგმართეს?! ისე, ბატონო ლაშა, წყალს და მეწყერს წაუღია ყველა გაზეთი თქვენს გაზეთთან ერთად, ეს იმ უბედურებასთან რა მოსატანია, კაპიტოლიუმის თავზე დროშის პირველად აფრიალების მერე, რაც საქართველოს თავს დაატეხეს ოკეანის გაღმელმა დემონ-კრატიის პაპებმა!? ამაში არ ვსტყუივარ, ფაქტი ჯიუტია! ხო, მართლა, თქვენი გაზეთის ფურცლები, არრას იუწყებიან, გადაღმა კონტინენტიდან და ევროპის კონტინენტის დასალიერიდან. დაიყარეს თავზე ნაცარი თქვენი წერილების ადრესატებმა? რატომ არ გამოექომაგნენ მასმედიის შენობაწაღლეტილ საქართველოს? ისე, ჩვენში დარჩეს და დიდი უპასუხისმგებლოები კი ყოფილან, აი! სამი კვირის მანძილზე ორი მანუგეშებელი სიტყვის დასაწერად ვერ მოიცალეს? კონვერტისთვის მარკა და მისი ღირებულება მათთვის რა მოსატანია? აფერუმ ამ უფასო ელფოსტებს, ეს მაინც ვერ გამოიყენეს? ხომ ვარ მართალი, ბატონო ლაშა, იმ ცუცურაკებს, ფეხზე ვკიდივართ, ყველა, სამშობლოდან „გაქცეულებიც“, მანდ დარჩენილი გაზეთჩიკებიც, მათი რედაქტორებიც და რედაქციების შენობებიც! რა, ისევ ჩვენში დარჩეს, აკი გვეუბნებით, ყოველ ცისმარე ორშაბათს, ეს ოკეანის გაღმელთა, თუ კონტინენტის დასალიერელთა დავალებას ასრულებსო და საჩივრის წერილები ვის მისწერეთ, თუ ეს შადრევნის გუბერნატორი მათ დავალებებს ასრულებს, მგონი ეს ქმედებაც მათი დავალებული იქნება და დავალების წარმატებით შესრულებისთვის ტაკუნებზე წკეპლას შემოარტყამდნენ, რა გეგონათ? ესაო და ისაო, ჩვენ ვართ, რაც ვართო, გვეუბნება თქვენი ბავში ჟურნალისტი! დემკრატიის მამებს წერილები რომ მისწერეთ ქართული სიმღერა მაინც არ გაგახსენდათ, „სამართალი სად ვეძებო, რუსთაველი მკვდარიაო“?!

ეჰ, ბატონო ლაშა, ხუმრობა იქით იყოს, სამშობლო დაგვიქციეს, ახლა წერტილს უსვამენ, ჩვენ კი ყოველივე ამის მქნელთ ვლოცავთ და მადლობას ვეუბნებით. ვილოცოთ ჭეშმარიტი ლოცვით, იქნებ აგვიხილოს უფალმა თვალი ყველას დედაწულიანად – ჟურნალისტებიანად, მინისტრებიანად, მეზვრე და მევენახეებიანად, მწერლიან, მღვდლიან, პატრიარქიანად! და თუ თვალი აგვეხილა, მერე ჩვენი მომრევი არვინ იქნება დედამიწის ზურგზე! დაგვიანებული გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერი გამყოფოს სრულიად საქართველოსთან ერთად, „სამშობლოს“ შენობაც მალე დაგებრუნებინოთ და ეს ჩვენი ოდაბადე სამშობლოც, სულ მალე ჩვენი გამხდარიყოს!

„დიდგორის“ რედაქციას ბოდიშს ვუხდი დაშვებული გრამატიკული შეცდომებისთვის.

„დიდგორის“ მკითხველი თარაშ გულადაშვილი

რედაქტორის ზოგიერთი დამატება ამ წერილთან დაკავშირებით

  • ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. წირვა-ლოცვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა
  • ლიტურგიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს მიმართა.
    „აღმშენებლობით უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. სახელმწიფოს, ეკლესიების, ჯარის, გზების, ცათამბჯენების, სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობით ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის აშენება. დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება მფარველობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა,“- აღნიშნა პრეზიდენტმა

 

  • მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოს თავდაცვის სისტემას თანამდეროვე რაკეტის გამოყენებით აფეთქებდნენ, მაგრამ იგი ბოლო წუთს არ აფეთქდა. ეს ადასტურებს იმ სასწაულმოქმედი ძალის არსებობას, რომელიც საქართველოს იცავს.
  • როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავი მასშტაბურად უნდა აღინიშნოს. მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკოს-პარტიარქს მხნეობა უსურვა.
  • წყარო: „რუასთავი2“-ის ტელევივიზია

    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: