ალ. სანდუხაძე – ნოველა

ტეხურის პირზე დაცემული უფლისციხელი მედროშე და პატარა ბიჭი მახარია

ეს ნოველა სამშობლოს ჭეშმარიტ თავისუფლებას შეწირული ვარაზ ვარაზიშვილის, არჩილ რამიშვილის და აფხაზეთში დაღუპული გმირების -კაკო ხარაბაიძის, რეზო სესკურიას, კირილე რევიშვილის სხვათა მრავალთა ნათელ ხსოვნას ეძღვნება.

„ვაჟკაცს ცრემლსა რად უზრახვენ, რკინაც ტყდება, როს სცემს გრდემლი, კაცთა პირუტყვთ გასარჩევლად ღმერთმა შეჰქმნა მხოლოდ ცრემლი“ (ილია)

   ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავფურცლე გურამ რჩეულიშვილის „უსახელო უფლისციხელი“. მაშინდელი ტკივილი სულსა და გულში ჩაკირული, მთელი ცხოვრების მანძილზე მომყვება. მაშინ დამდინდა ცრემლი პირველად სვედამწვარ ქართლის ბედზე. ლანდადქცეული საქართველოს დღევანდელობამ კვლავ შემიხსნა ყრმობისდროინდელი იარა. დღეს კი გავბედე და კალამს ხელი შევახე…. მაპატიე გურამ, თუ შემოგეცილე იმ გაუსაძლის უკურნებელ სენში მამულის სიყვარული რომ ჰქვია სახელად, მაგრამ ღირსეულად რომ ატარებდი შენი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე და თან რომ წარიტანე იმ ქვეყნად შენი სპეტაკი სულის მოგიზგიზე კანდელად… მომიტევე, რომ დაგესესხე შენს სათაყვანებელ გმირს, წარსულიდან გამოგტაცე, ეგრისში, ტეხურისპირას წარგტაცე და ავამეტყველე. სატანისგან ნაწამები, ჩვენი ჯვარცმული „დემოკრატიის“ უფსკრულში გადაჩეხილი საქართველოს საგოდებელი ხმამაღლა ვათქმევინე. დღესაც ჰყავს, ძმაო, შენს სათაყვანო მამულს შენეული უსახელო უფლისციხელები საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ…რას იზამ ასეთია აწინდელი საქართველოს მწარე სინამდვილე და ბედი მუხთალი ნიადაგ თანმდევი.

დღე ილეოდა… მწუხრის პირს ეთხოვებოდა გათანგული, ნამტირალევი მზე….ნაომარ, სისხლით მორწყულ ჭალაში ათიოდე წლის ფეხშიშველა, თვალებხატულა ყმაწვილი დააბოტებდა ცხედრებს შუა. გაფითრებულ სახეზე დამშრალი ცრემლის კვალი დასტყობოდა. სევდით ავსილ დაწითლებულ თვალებს შეძრწუნებული აქეთ-იქით აცეცებდა. ნაჭურვალი ადგილიდან მომაკვდავის კვნესა შემოესმა, მოხედა… სისხლით მოსვრილ გულმკერდზე დაფლეთილი დროშა წაეფარა დაჭრილს. შეშინდა ყმაწვილი, არ ენახა აროდეს მომაკვდავი. მიმოიხედა… დაყვირება სცადა… მშველელს ეძებდა… ვერ გაბედა ხმის ამოღება. გადაღმა ჯავშანმანქანის თუხთუხი ისმოდა. მივიდა, ისინი ჯერ ისევ არ გასცლოდნენ ბრძოლის ველს

— ვაი თუ ჩემს დაძახილზე მოცვივდნენ, მთლად დაცხრილავენო მხეცები დაჭრილს – მსწრაფლ გაიფიქრა. მომაკვდავმა თვალები გაახილა, თვალისჩინი ელეოდა… ლიბრი გადაჰკროდა ბაიაზე, ბურუსი ეძალებოდა სახედველს…ყმაწვილი ახლო ჩაუცუცქდა… მათარა შეახსნა…შიგ ჩარჩენილი წყალი პირთან მიუტანა.. მოასმევინა… ხელი დაისველა, შუბლი მოუწმინდა…იგრძნო დაჭრილმა; ვიღაც მშველელი მოვლენოდა…ძალი მოიკრიბა, ბურუსს დასძლია…პატარა ანგელოზი დასდგომოდა თავს…გაიხარა… გაუღიმა… მადლიერმა პაწაწა ხელი დაუკოცნა… გეშინია ბიჭიკო? მიმართა დარანული ხმით. პატარამ უსიტყვოდ იუარა შიში, თავი გააქნია.

— გიკვირს, თოლიგე გიკვირს? მეც მიკვირს ყოველივე, რა ბოროტებაც ხდება ჩვენს თავს. შენოდენა რომ ვიყავი ასპინძა და შამქორი მესიზმრებოდა, ბასიანსა და დიდგორს ვნახულობდი მძინარე. კოჯორი და ტაბახმელა გულს მიკლავდა. ბაზალეთი მზარავდა და მეშინოდა მისი. თავისუფლების განთიადსაც შევესწარ, მაგრამ ცისკარი დაგვიღამეს…ტეხურის პირს წამოგვეწია ის წყეული ბაზალეთი…დღეს აქ, ამ ჭალაში, ავტომატი კაკანებდა, ქვემეხები ჰქუხდნენ, მიწა გადაბუგეს, ხედავ ამ ხეებს შუაზე გაჩეხილთ?

— თავის წამოწევა სცადა სულთმბრძოლავმა…პატარა შეეშველა… იქვე ჩამოუჯდა… მუხლზედ გადაიდო დაჭრილი თავი…

— შეხე, აი იქ, ბუჩქის კიდეს შაშვი გდია დაფლეთილი, ისიც მოუკლავთ, არც ის დაინდო ბრმა ტყვიამ… არადა მისი სიმღერის გარეშე რა ხიბლი აქვს ამ ჭალას. თუმც რაღა ელხინებოდა, აწ აღარ იგალობებენ აქ შაშვები და მაფშალიები. ეს ადგილი ცოდვიან, საგოდებელ ჭალად იქცა. აქ ომი იყო, თოლიგე ომი, სამარცხვინო, ძმათამკვლელი ომი…ტეხურის გაღმა „ისინი“, გამოღმა ჩვენ… რაო, რისთვის იომეს? აქეთურნი სამშობლოსათვის… თავისუფლებისათვის… პირნათლად, ალალად იბრძოდნენ, იქეთურნი — სკამისთვის და ფულისთვის, მოტყუებულნი და შეცდომილნი. თუმც იმათ რომ ჰკითხოთ, ისინი მამულის ჯარისკაცები არიან, „პროვინციულ ფაშიზმს“ აუმხედრდნენ, „თავისუფლებისა“ და „დემოკრატიისთვის“ იბრძვიან, ოღონდ უცხო თესლის მხარდამხარ, მაგრამ მომხვდურთან, გადამთიელთან ერთად არ ეგების მამულისთვის წვა და დაგვა, არა! ის ოტროველა, ფლიდია და ვაზაკი. არ გაბრძოლებს დედულ-მამულის სასიკეთოდ. იმ სხვას თავისი მუცლის გვრემა აწუხებს, სულ სხვისი მიწა-წყლისკენ უჭირავს მოწკურული თვალი. ამ ჭალაში ძმებმა დადაღეს ერთმანეთი, ჭირიმე… ამ ჭალაში სამშობლო წაგვართვეს… მიწა გამოგვაცალეს ფეხქვეშ… მახარია…. ფესვებს მოგვწყვიტეს… ერისმთავარი დაგვიმარცხეს მამულზე დაგვით გათანგული…მარცხი მისი კი ჩვენივე გაუტანლობა და ბედოვლათოობაა…უფლისციხედან წამოველ, მახარია, ქართველების შერიგება მინდოდა, ტაბახმელასთან დაცხრილული დროშა ვიახლე თან. მეგონა შევძლებდი შერიგებას, მაგრამ აქ გადამთიელნიც დამხვდნენ თავისი განუყრელი ტანკებით. არყით გამომთვრალ ავაზაკთ თავისი გაეტანათ…ვერ შევძელ… გონდაბინდულმა ყურად არ იღეს ჩემი ვედრება… არც ფიცმა გასჭრა…მერე აქეთ გადმოვლახე ხევი… იქ ყოფნას, აქ მამულიშვილებთან სიკვდილი ვარჩიე…არ ვნანობ, მახარია, ესეც ჩვენი ქვეყნის უიღბლო ბედისწერა ყოფილა…

0000272584-002 

ეროვნული ხელისუფლების განდევნა (უზენაესი საბჭოს შენობა, 1992 წლის 7 იანვრის დილა)

ჩვენი სიცოცხლე მიიღო ზეციერმა მამულის საკურთხეველზე რარიგად შესაწირი… მოღალატეთაგან შებილწული საკურთხეველი საქართველოსი ჩვენივე სისხლით უნდა განწმენდილიყო ალბათ…იქ, უფლისციხეში დედა დავტოვე მარტოსული, ხმა მიაწვდინო ეგების… კოლხეთისკენ მამულად წამოველ… დედას ვერ გავენდე, შემებრალა… ვიცი დამეძებს და მელოდება, ჩემს ცხედარს ნუ დაუკარგავთ უბედურს…ამ ჭალაში მამული მოგვისრეს, ღირსება შეგვიგინეს, სულში ჩაგვაფურთხეს, აბუჩად აგვიგდეს…დაიხსომე! წაგლეჯილ მამულს დაბრუნება და გაფრთხილება უნდა მახარია! თუ მკვიდრად არ დადექ შენს მიწაზე, თუ არ ჩაეძირკვე შენს ფესვებს, იცოდე გადაჯიშდებით!…სულსაც ამოგვართმევენ… თავის ბილწ სულს ჩაგჩრიან მაგ ლამაზ ჯიშიან სხეულში, ჩვენეული ღვთივ კურთხეული სული ხომ აცისკროვნებს და აკისკასებს. უკეთურნი ჯილაგსაც წაგგვრიან, წაგართმევენ გვარსაც და კოლტის ღორივით ყურს დაგინომრავენ! ასე სჭირდება „ახალ მსოფლიო წესრიგს“ სატანურს! დაგამონებენ სამუდამოდ! ოოო, რა უბედურია უსულო მონა!…დახე და დაიხსომე ესენი, აქ რომ მიმოფანტულან, აქეთურნიც და იქეთურნიც, შენი ძმანი არიან, სისხლი სისხლათაგანი და ხორცი ხორცთაგანი… ილოცე მათთვის… ადიდე შენს ოდაბადეს უანგაროდ შეწირულნი, მამულის მეციხოვნენი და შეავედრე უფალს იქეთური ძენი ცდომილნი…ყრმის ლოცვა ალალია, წმიდაა, უანგაროა…შეისმენს უფალი…გაპობილი გულისპირი ხრიალებდა, დაკელტილი სისხლი გადმოინთხა იარიდან… დროშის კიდით გადაიფარა ჭრილობა მომაკვდავმა, მოერიდა, პატარა შეძრწუნდებაო, ასე გაიფიქრა..გადაივლის ეს ბურუსი, ეს კვამლიც გადაეცლება ცის თავანს… მოუშუშდება ყოველი ნაიარევი ჩემს ჯვარცმულ მიწა-წყალს… ცრემლიც შეაშრება ქვეყანას… წართმეულ გონსაც დაიბრუნებს ჩემი ხალხი…მაგრამ, აწი, მომავალში, არ ჰქნათ ამგვარი…შენს ტოლებთან მხარდამხარ, თანადგომით უნდა იბრძოლო ბედნიერი მერმისისათვის…გულისძირამდის შეიყვარეთ ერთურთი…სიძულვილი არ გაივლოთ გულში, არ გაიკაროთ სიახლოვეს…თვინიერ სიყვარულისა ვერ დაიბრუნებთ წარტაცულ მამულს… სიყვარული თვით არს ღვთისგან ბოძებული დაუშრეტელი საუნჯე!…სიძულვილი ეშმასეულია…სიძულვილმა დაგვამარცხა ამ ჭალაში და გაგვაცამტვერა…დღენიადაგ იღვაწეთ თავისუფლებისათვის! სხვისგან ძღვნად მორთმეული თავისუფლება ფუჭია და უნაყოფო. დიდხანს არ გაგყვებათ, ყინულის ლოლოსებრ შემოგალღვებათ, თვალისჩინივით გაუფრთხილდით მას. სამშობლოს მოუარეთ, უჭირისუფლეთ, ჩვენსავით ნუ მოურღვევთ ღობე-ჭიშკარს, ნუ მოაფრიალებთ, არ დააგდოთ და არ მოიძულოთ, თორემ ჩვენი ჯილაგი არ ჰხარობს უცხო მიწაზე, ვერ ხეირობს, კნინდება, სნეულდება და კვდება…ნურც უცხო თესლს აპარპაშებთ და ათარეშებთ სამტროდ და სამამაძაღლოდ ამ ჩვენს მამულში!…არ დაანებოთ მახარია ეს მიწა – წყალი არვის! იგი ჩვენი სისხლი და ძვალია მიწად ქცეული…ჩვენსავე თესლმა უნდა იხაროს მის წიაღში…ოდითგანვე ოცნებობდნენ უქართველო საქართველოზე, მოყვარე არ გვყავს, ჭირიმია, არსაით, ავის მდომნი და მუხთალნი დაგვსევიან თავსზეით ყოველი, მოყვრულად არცვინ მოსულა აროდეს…ნუ გამიხარებთ იმათ გულს, მახარია! „ჩელას“ და „ლილეოს“, „წინწყაროსა“ და „შენ ხარ ვენახს“ ნუ დამიდუმებთ!

მრავალჟამიერს ნუ ჩამიკლავთ! არ ჩააქროთ კერია!….ჩვილთა ღნავილი და აკვნის თალა არ მოშალოთ, მახარია, თვალხატულა გოგო-ბიჭების სიცილ-კისკასს გააყრუებინეთ არემარე… მოძლიერდით, მოღონიერდით, შვილთა სიმრავლემ არ შეგაშინოთ, გამრავლდით! ას მილიონსაც დაგიტევთ დედა საქართველო, ის უსაზღვრო და უსასრულოა საკუთარ შვილთათვის….ვაზს გაუფრთხილდით, ის უკვდავების თილისმაა ჩვენი მოდგმისა, უფლის ძარღვებია წმიდა სისხლმჩქეფარე…ხმალი არ ჩააჟანგოთ ლაჩრულად ქარქაშში, სევდამ და წუხილმა არ ჩაისუდროს მის ბუდეში…ნურც სხვის ომში იბრძოლებთ სხვისი დროშის ქვეშ, არ დაგიმადლებენ, თოლიგე, არ დაგიფასებენ დანთხეულ სისხლსა და ოფლს, სხვის მიწაში ძვლებსაც არ გაგიჩერებენ, ასეთია მათი ჩვევა და ადათი ოდითგან…შუბლი და საულვაშე ცივმა ოფლმა დაუნამა. ყოველს სიტყვას ძალას ატანდა, უნდოდა ყველაფერი მოესწრო, უთქმელი არ დარჩენოდა, თან არ ჩაეტანა სამარტვილეს. 

— მაცდურმა არ გაცდუნოთ! სჯული არ დააგდოთ ჩვენეული, თორემ ზეციდან შეგაჩვენებთ წმინდანთა საუფლო ჩვენი! იცოდე საქართველო ორია — ერთი — აქ, მიწაზე დღეს დაცემული, დაბეჩავებული და ნირწამხდარი, უძღებ შვილთაგან ჯვარცმული. მეორე — იქ ზეცაში ამაღლებული და განსპეტაკებული, განწმენდილი, მართალთა სავანე და დევგმირთა სამზეო. დედის, დის და ცოლის მანდილს გაუფრთხილდით! მის ღირსებას ანაცვალეთ  ყოველივე…ქართველი ქალი ყოფილა ჩვენი მოდგმის  მესაძირკვლე და სარანგი ყოველჟამს! ცოდნას დაეწაფეთ უშურველად, სიბრძნის კელაპტრით გაიკაშკაშეთ გონება. სული გაირანდეთ და ზადი არ მიაკაროთ და თქვენი მომრევი არვინ დაშთება დუნიაზე! დაჩეხილია ჩვენი მამული, მახარია, დღეს…მას გამრთელება, სულის შთაბერვა, გაცოცხლება უნდა…მის წყლულებსა და ნაჭდევთ სალბუნად თქვენი გაზრდილი მგლის ლეკვები და ლომის ბოკვრები უნდა დაუდოთ, თორემ სხვაგვარად არ ეგების. ქვეყანას მართალი ჭირისუფალი თუ გამოუჩნდეს, ჩვენსავით არ გაუმწაროთ სიცოცხლე, ჯვარს არ აცვათ, ხიზნად არ აქციოთ, ბიჭო, ძვალთ შესალაგი არ დაუკარგოთ, მტერი არ გამიხაროთ მახარია, თორემ აღარ შეგვინდობს ღვთისმშობელი, შემოგვწყრება უფალი და მოგვსრავს ამ მიწიდან…ცოდვად და სირცხვილად ბაზალეთი, წიწამური და ხიბულაც გვეყოფა. ღვთის შიში და სიყვარული დაიბრუნეთ და შეისისხლხორცეთ, მოყვასის ერთგულება, სამშობლოსთვის თავგანწირვა წარიმძღვაერთ შორეთში. ძმას და მოკეთეს  ხიდად გაუდექით, ლხინში ულხინეთ, ჭირსა და გაუსაძლისში მხარს შეუდექით…ნურც სხვის სამშობლოსკენ გაგექცევათ თვალი, ქართველს არ სჩვევია სხვისი კუთვნილის დაჩემება და მისაკუთრება, არაა ქართველკაცური ეს საქმე, მარადჟამს ჩვენეულს გვეცილებოდნენ და გვტაცებდნენ. გულისფიცარზე სამიოდე სიტყვა ამოიტვიფრეთ: “ენა, მამული, სარწმუნოება”! ეს სამი სიტყვა უწმიდესი თილისმაა ჩვენი ერის უკვდავებისა, ილიასეულია, ამას ანაცვალა ყოველივე მისმა მემკვიდრემ და წამებულმა, ჩვენმა სინდის – ნამუსმა. ღმერთმა ნუ ჰქნას, თუ რომელიმე დაჰკარგეთ, თვალი ჩაიშლება, ლიბო მოერღვევა ჩვენს ტაძარს, მარადისობა რომ ჰქვია სახელად…აბა, შენ იცი მახარია, ნუღარ სტირი, ცრემლი შეიშრე, თავი ასწიე, გაჰყევ იმ გზას, რომელზედაც მართალნი ვლიდნენ ყოველს ჟამს, აღმა იარე, დაღმა არ ჩაჰყვე, აღმა მიდიოდა ისიც, მის გზას გაჰყევ…დაიხსომე, აქეთ არ გადმოუხვიოთ აროდეს, უკან არ მოიხედო, ეს ცოდვის კალოა, ნაძრახი, ბარაბას გზის ბოლოა! ის კი მაცხოვრისაა-იმ გზას ბოლო არ უჩანს, უსასრულოა, იმ გზით უნდა იაროს ჩვენმა ჯიშმა და თესლმა, მარადჟამს, უკუნითი უკუნისამდის! ჩემზე ნუ იდარდებ, ჩვენი იღბალი ბრძოლის ველზედ სიკვდილი ყოფილა, საამოა ეს სიკვდილიც!  მივდივარ, მაგრამ ტყვია არ მისვრია ქართველისთვის! დანაბარები ამისრულე, უფალს შეავედრე ჩემი სული, აი, ამ სამფეროვან დროშას გაუფრთხილდი, ნაომარია კოჯორსა და ტაბახმელაზე, პაპაჩემს ეპყრა ხელთ, იქაც და აქაც უგვანო ქართველმა დაფლითა და დაცხრილა, ვერც მე მივიტანე ტაძრამდის. შენ გაბარებ მახარია, რაც გადაგვრჩა, ბრძოლის ქარცეცხლში არ დახარო, გამარჯვებისას ცაში ამიტყორცნე, გადმოგხედავ, იქ მაინც გავიხარებ, მახარია! მივდივარ, ცოტა გულიც მწყდება, სიყვარული ვერ მოვასწარ, ჩემი ცირა არ მყოლია, მახარია, მხოლოდ დედის ცრემლი მიმყვება თან და შენიც… მართალი და კაცური…დაჭრილმა აკანკალებული ხელი მხარზე შემოსდო, უნდოდა მკერდში ჩაეკონა, დაუცურდა, ერთი ამოიგმინა და სულიც ამოჰყვა უკანასკნელი…დედის ცრემლივით წმიდა იყო სულისთქმა მისი…მახარიას მკერდზედ შეაცივდა მარჯვენა მედროშისა…აზლუქუნებულმა პატარამ მკერდში ჩაიკრა ქოჩორჩამოშლილი მედროშის თავი…დასტიროდა პატარა მახარია უცნობ მედროშეს…ჩაესვენა ქვემეხით გაპობილი მზე დასალიერს…ეთხოვებოდა გმირის ცხედარს, ეთხოვებოდა ხვალამდის, რათა გაემრთელებინა გაპობილი მკერდი და ხვალე ისევ გაეცისკროვნებინა კოლხ-ივერთა მიწა  და ზეცა …სიო უგრილებდა პატარა მახარიას მარგალიტებად დადენილ მდუღარე ცრემლს…ბინდი ეძალებოდა ტეხურისპირს დადაგულ ჭალებს…იქით მთებს გადაღმა, ტყეში ჩამალული ძველი მონასტრის ჩამონგრეული სამრეკლოდან ძალუმად რეკდა დარანული დედოზარი…

ალექსანდრე სანდუხაძე

2001 წელი, კოლხეთი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: