ღია წერილი მსახიობ ო. კობერიძეს ანუ მიშას „ბაში-აჩუკი“

7_noemberi_5

ერის დარბევა

ერთ ქართულენოვან გაზეთში თვალი გადავავლე ცნობილი ქართველი მსახიობის ოთარ კობერიძის ინტერვიუს იმავე გაზეთის კორესპონდნტთან, რომლისთვისაც მხცოვან მსახიობს უთხოვია – პატივი ეცი ჩემს ოთარ კობერიძეობას და ჩემს ინტერვიუს არანაირი კომენტარები არ გაუკეთოო, დაუნამუსებია ჟურნალისტი და მასაც მეტი რა გზა ჰქონდა კომენტარის გარეშე დაუტოვებია მსახიობის ვრცელი ინტერვიუ.

თავს უფლება მივეცი და გადავწყვიტე კომენტარები მე გამეკეთებინა, იქნებ ისეთი ვერ იყოს, როგორიც იმ გაზეთის პროფესიონალ ჟურნალისტებს ხელეწიფებათ, მაგრამ გულისთქმამ თავისი ჰქნა და გავკადნიერდი, მაპატიე, ბატონო ოთარ! საკუთარი აზრისა და შეხედულების აკრძალვა სადაური დემოკრატიის პრინციპებია?! არა და როგორ შემჯავრდა ეს სიტყვა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, როცა დემოკრატიის მამებმა მეტად სამარცხვინო საქმე ჰქმნეს საქართველოში.

eklesiis_darbeva_2

გლდანის ტაძრის დარბევა

ბატონო ოთარ, თქვენ და თქვენმა სულნათელმა მეუღლემ, ქალბატონმა ლიამ ქართველ ხალხს მსახიობობით კი არ შეაყვარეთ თავი, არამედ იმ მართალი პოზიციის გამო, რომელსაც თქვენ ადექით იმ ავადმოსაგონარ ხანებში. არ გეგონოთ სააკაშვილის „მოწინააღმდეგეთა“ ბანაკში, არა მე ისევ ძველ ბანაკში ვარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!

ბატონო ოთარ, რაღაც-რაღაცეებში ჩვენ ერთ ნაპირზე ვდგავართ, თუნდაც ამ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერთა მიმართებაში, მაგრამ როდესაც ვახსენებ სააკაშვილს ვგულისხმობ მის ოპოზიციას და პირიქით. ისინი ხომ ყველა ერთად იმ უხსენებელი თეთრი მელიის საბუდარში დაიჩეკნენ, დაფრთიანდნენ და მისი ძუძუ უწოვიათ! აბა, როგორ შეიძლება მათი დაცალკავება და სხვადასხვა სიბრტყეზე დასმა? შენ კი ამბობ -კარგი გზა გაიარა ამ მელასთანო – მელასთან გვრიტები რომ არ და ვერ დაიზრდებიან 83 წლის კაცმა განა ჩემზე, 40 წლით ახალგაზრდაზე უკეთ არ უნდა იცოდეთ?

ბატონო ოთარ, კიდევ ვიმეორებ, არაფერი საერთო ამ ოპოზიციასთან არ მაკავშირებს მეთქი, და აქვე დავსძენ, თქვენგან განსხვავებით მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ არაკანონიერი არჩევნებით, თუნდაც ის ტოტალურად არ გაეყალბებინოთ, შენი მიშა ვერასდროს ვერ გახდება კანონიერი პრეზიდენტი, რამეთუ ის თვით არის არაკანონიერების მემკვიდრე, უკანონო შვილი შევარდნაძის დიქტატურისა!

ბატონო ოთარ, შენვე ამბობ – ზვიადის იდეების ერთგული ვიყავი და დღესაც მისი ერთგული ვარო, აკი ზვიად გამსახურდია საქართველოს მოსახლეობას ყოველი არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდებდა საქართველოს ამომრჩევლებს -სანამ ქვეყანაში კანონიერი ხელისაუფლება არ აღსდგება ყოველი არჩევნები უკანონო იქნებაო, იქნებ სცდებოდა საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი? თუ არა და როგორ რჩებით მისი იდეის ერთგული, ეს მოწოდება საქართველოს ტანჯული პრეზიდენტის ახირება რომ არ იყო ამაში დრო გვარწმუნებს. თვინიერ კანონიერების აღდგენისა ვერ ეღირსება შენსა და ჩემს მამულს მშვიდობა და დალაგებული ყოფა-ცხოვრება.

კიდევ ნეიტრალური მხარიდან მინდა მივუდგე, 1992 წლიდან დღემდე პირადად არასდროს მივსულვარ საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად, მაგრამ ჩემი ბიულეტინი სულ ჩაგდებული იყო საარჩევნო ყუთში, მაშინ სხვა დრო იყო, მაგრამ ნახავერდალი რევოლუციის შემდეგაც თუ იგივე განმეორდებოდა ამას კი ვეღარ წარმოვიდგენდი! შენმა ნაქებმა მიხოს ხელისუფლებამ ამჯერადაც გამოიყენა ჩემი ბიულეტენი მის სასარგებლოდ. დედ-მამის სულს გეფიცები მართლა ვნახე ინტერნეტის გვერდზე საარჩევნო სიაში ჩემი გვარი.

მეც შენსავით ალასანიას და სააკაშვილის ერთობლივი ნაწარმის მეხოტბე, რომ ვიყო, 5 იანვარს მაინც ვერ მივიდოდი საარჩევნო „იაშიკთან“ და იცით რატომ, მიზეზი უბრალოა, კარგა ხანია ქუდად უცხოეთის ცის თავანი მახურავს და რაც დრო გადის გული მაინც ჩვენეულად მიძგერს! მერე ისიც გავიგე, რომ ჩემი ქალაქის ჩემ საარჩევნო  უბანზე საარჩევნო კომისიის ნაცისტი წევრების წყალობით ასპროცენტიანი გამოცხადება დაფიქსირდა! იმ სხვა ასეულობით ადამიანს რომ თავი დავანებოთ, რომლებიც ჩემი უბნიდან ხალხი სულ მთლად მიმოიფანტა და უგზო-უკვლო ხეტიალში ატარებს დარჩენილ წუთისოფელს, მეათასედი პროცენტიც აღარ ვარ იმ უბნისათვის მარტო მე ერთი? შინ მხოლოდ მოხუცები და აქა-იქ ბავშვებიღა დარჩნენ. იმ საარჩევნო უბანს ძველი კომსომოლა, სოცშეჯიბრებისა და უზნეობის ვეტერანი მდედრი ხელმძღვანელობს უკვე აგერ 16 წელი იქნება, ეს მდედრი ასევე აყალბებდა კრწანისის რეზიდენციის შენსავით მოხუცი მკვიდრის „არჩევნებს“, როგორც ბევრი რამ და ვინ ეს მდედრიც მემკვიდრეობით გადაულოცა სისხლით შეღებილმა თეთრმა მელამ მის სკოლაგანავალ მიშას!

ცნობისათვის კი მოგახსენებთ, რომ იმ კეთილად და სანუკვრად მოსაგონარ არჩევნებში, რომლის ბადალი საქართველოში კი არა, არსად რომ არ ჩატარებულა, ჩემს უბანში 1100 მდე ამომრჩეველი იყო, ეს 1990 წლისთვის, ხოლო 2007 წლისთვის კი 1400 უჩვენებდა მიშკას სიები. არჩევნებზე კი 600-ზე ცოტა მეტი გამოცხადებულა თურმე.

ეს კი არა და ისიც კი მითხრეს ჩემი გარდაცვლილი მშობლებიც კი ყოფილან ნაცისტების საარჩევნო სიებში, ათიოდე წელია ვეღარ შევყურებ მშობელ ზეცას, მენატრება უსაშველოდ, მაგრამ ასეთი გულდაწყვეტილი არასოდეს არ ვყოფლივარ, მეც რომ მანდ ვყოფილიყავ, იქნებ შევხვედროდი ჩემს მონატრებულ დედ-მამას მაგ „დიადი არჩევნების“ დღეს? თუმცა მაინც არა, პრინციპებს ვერ ვუღალატებდი და მათ ნახვას კიდევ ერთი ასი წლით მაინც გადავდებდი, მონატრებაზედ ძლიერია საკუთარი ღირსება, რომელსაც ბევრი მოხუცი თუ ახალგაზრდა დრო და დრო ღალატობს! ისე ჩვენში დარჩეს ბატონო ოთარ და მაინც რა არ ძალუძს ედიკას მუხლებზედ ნახვარხვალებ და ოკეანე დალეულთ?!

მაშინ სამშობლოში, ჩემს კერაზე ვიყავი, ახლა ჯანდაბაში ვარ გადაკარგული და იმ დროს წამოვედი ამ მოუსავლეთში, როდესაც შენი მიხო სამართლის  თუ სიმართლის (იუსტიციის) – საქართველოს რეალობაში უსამართლობის მინისტრი ბრძანდებოდა და კანცელარიასა და პარლამენტს შორის კოჭებს აცილებული შარვლით მიჰქრი- მოჰქროდა.

მაშინ პროტესტის გრძნობასთან სიამაყის გრძნობაც ერთვოდა თან, ერთგული ვრჩებოდი ჩემი პრეზიდენტისა და ჩემი სამშობლოსი, წილს არ ვდებდი მათთან ერთად მამულის ამოძირკვაში! ახლაც დაახლოებით ასეცაა, მაგრამ სამართლიანმა აღშფოთებამ იმძლავრა, ვის მოვკითხო ჩემი ხმა დიდო მსახიობო, რომ ბრძანებთ არჩევნების ჩატარებას დავანებოთ თავიო?! ეს კაცობაა?! ვინ უდგას ამ ყველაფერს სათავეში, ვინ არის ამ ღმერთგამწყრალების უსტაბაში?!

ბატონო ოთარ, ნუთუ თქვენთვის ჩემნაირი უჩინმედლო ქართველები არაფერს წარმოადგენენ, ნუთუ ფიქრობთ რომ ჩვენ უბრალო ხალხს აღარც თავმოყვარეობა უნდა გვქონდეს და აღარც არაფერი? მაშ როგორ უწოდებთ მას პრეზიდენტს, რომელმაც მე ხმა ავაზაკურად მომპარა, თუნდაც ერთ ამომრჩეველს, თუ მე იმ სამ მილიონნახევრიან ელექტორატისთვის ზღვაში წვეთი ვარ?! აბა, ჩაიხედე ჩემს გულში რამდენი შხამი ჩამაწვეთეს 1992 წლიდან დღემდის?

თქვენ ამბობთ, რომ მიშაში ბევრი რამ ჰპოვეთ, რაც მას საერთოდ არ გააჩნია! ფაქტად ერთს მოგიყვანთ, თუნდაც განათლება – აბა, კაცურად მითხარ ქართველი კაცი, რომელიც რუსთაველსა და ორბელიანს ერთურთისაგან ვერ არჩევს ის განათლებულია? ქართვლმა კაცმა, რომელმაც არ იცის სულორი სადაა და ილორი სად ის განათლებულია?  ისმენთ თქვენ იმის „რეჩებს“? მოგწონთ კი მისი გამოსვლები? შინ ჯანდაბას, მაგრამ შინს გარეთაც რომ მოგვჭრა თავი ესაა უბედურება: რუსეთში, მეთვრამეტე საუკუნეში გამოცემული კანონი ეკატერინას რომ მიაწერა და თურმე ის კანონი ეკატერინას დაბადებამდე რომ გამოუციათ, შეიტყვეთ თქვენ ამის შესახებ?

ბატონო ოთარ, მისი შედარება ჩვენს სიბრძნის მეუფე პრეზიდენტთან მკრეხელობა არაა?! მე ხშირად შევსწრებივარ ზვიადის საუბრებს უცხოელებთან, რომლებიც მოხიბლულნი, აღფრთოვანებულები დარჩენილან მისი განსწავლულობით. ჩემს გასაწბილებლად, როცა მის მოსმენას დააპირებთ, გირჩევთ, ნაცნობებში დაწყებითი კლასების მასწავლებელი გამოძებნოთ და გვერდით მოისვით რვეულის ფურცლითა და საწერ-კალმით და ის აღნუსხავს სამწუთიან გამოსვლაში, თითოეულ წინადადებაში სამ-სამ შეცდომას მაინც. არა არც მე ვარ დიდი გენიოსი და უგზო – უკვლოდ განათლებული, მეც უამრავ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ნათქვამი თუ ნაწერი მსმენელმა და მკითხველმა გულის თვალით დაინახოს.

მიშამ ამ სამ წელიწადში საქართველოს ზურგი გაუმართაო – ბატონო ოთარ, საქართველოში რას და ვის გულიხმობ? მაშინ საქართველო ჩემი ქალაქი, ჩემი უბანი, ჩემი სოფლები არ ყოფილა! იქ ხალხს უკვე, ზურგის გამართვის რა მოგახსენოთ და ფენთხები არქვს ჩაცვენილი და სულს ღაფავს უსახსრობით, უწამლობით, უიმედობით და თქვენ კიდევ შადრევნებზე და კარუსელებზე მესუბრებით, ქართველი თუ აღარ დამრჩა სამშობლოში მაშინ ბენდუქიძის ოყნები მისმა ამგებებმა და მათმა გამგებ-მომხრეებმა მოიხმარონ მშვიდობაში!

ბატონი ოთარი აღფრთოვანებულია მიშასეული რეფორმებით ნებისმიერ დარგში. ბატონო ოთარ, ინტელიგენციის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც დღეს ამ ოპოზიციის მფარველი ანგელოზია, ამ საკითხშიც ერთადა ვართ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ათასობით მასწავლებელს, აღმზრდელს, პროფესორს, დოქტორს და აკადემიკოსს, ვინც პატიოსნად ემსახურა ქვეყანასა და ხალხს, ვისაც წლების განმავლობაში ქრთამი კი არა გასამრჯელოც რომ არ აუღია და მაინც არ მიუტოვებია საკლასო ოთახი, აუდიტორია თუ საბავშვო ბაღი? ბატონო მსახიობო, მეც მყავდა მასწავლებლები და პროფესორებიც, მათი უმრავლესობა კეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ და ჩემს სულში მათმა გუთანმა ხვავრიელი კვალი გაავლო, ამ ხალხს დღეს წოდებები გაუუქმეს, თქვენაო კომუნისტების დროსა გაქვთ მიღებული ეს სამეცნიერო ხარისხებიო, ქალბატონ გიული ალასანიას გიორგი ბრწყინავალეს დროს აქვს სამეცნიერო ხარისხი მოპოვებული თუ ნიკოლოზ II დროს? დედა უნივერსიტეტიო – რომ ბრძანებთ, დაგავიწყდათ როგორ უმწარებდა სულს უნივერსიტეტის დღევანდელი მესვეურები ბატონ გურამ შარაძეს, თუ არც ის არ იყო პროფესორი და აკადემიკოსი?

გახსოვს პროფესორ ხუბუას ორ თუ სამგვერდიან მოხსენებაში 40 შეცდომა რომ დაუფიქსირა “ბუნტისთავმა” გურამ შარაძემ (მომიტევოს მისმა სულმა)?ან კიდევ რისთვის დააპატიმრეს? გინდა შენ იმ სურათების ყურება ქართულ ბიბლიოთეკაში, რომლებიც მან ჩამოხია? ბატონო მსახიობო, ოთარ კობერიძევ, იქნებ მითხრათ, ლოტოტრონებით სკოლის დირექტორების დანიშვნაც რეფორმააო?!

ღრმად მოხუცებულო, 83 წელს მიტანებულო თუ აწ უკვე გადაშორებულო, ჩვენო ოდესღაც საყვარელო მსახიობო, წყალ-კანალტრესტის არშემდგარი სპეციალისტი რომ ქვეყანას განათლების მინისტრად ეყოლება, რომელიც უშეცდომოდ შენს და ჩვენს საყვარელ სიტყვა “ბავშვი” – ს რომ ვერ დაწერს, გინდა შენ ისეთ საქართველოში ცხოვრება? ქალები, სმა და მოლხენა უყვარსო, კი ბატონო, მაგრამ ჩვენი ტრადიციები, რომლის აღორძინების იდეაც ზვიად გამსახურდიასთან ერთად მოკლეს, ჯეობარელებმა შეგვირყვნას და წაგვიბილწოს? ეს არის ამ ხელისუფლების საქმე?

ბიჭები მოვიდნენო, იმ ბიჭებმა ქართლის დედა, რუსთაველი, ქართული სუფრა რომ შეგიბილწეს მოგწონს შენ ეს? დედა, ფეხს არ ადგმევინებთ მიწაზე, თუ რამე არ მოგწონს, საქართველოში მის არ ყოფნას აბრალებ, ეკლესიის დარბევა იქნება ეს თუ სხვა რამ. ისე, ბატონო ოთარ, მეც და თქვენც მაინც საბჭოთა ეპოქაში დაბადებულ – გაზრდილები ვართ, იმ სისასტიკემ მაინც დაგვასვა დაღი, თქვენი მსჯელობა ჩემთვის უცხო არ არის. განა ასე არ უწმენდნენ სტალინს ყოველივეს, ეს სხვამ ჰქნა და ეს სხვამო, ანდა გორბაჩოვს, ისე ერთი ბედის ყოფილან მაგენი ორთავე, როცა ის, მისი სეხნია გორბაჩოვი ჰაერში იყო, მაშინ ხდებოდა ყველაფერი უბედურება იმპერიაში და მის არყოფნას აბრალებდნენ ყოველივეს. ასე მოსდის ამასაც, მაგრამ პრეზიდენტებს შორის შენი მიშა კი ნამდვილად გინესის წიგნშია შესატანი, განა ექნება რომელიმე პრეზიდენტს ამდენი ნაფრენი, რაც მიშამ იფრინა თუ აფრინა? თითოეულს ცალ-ცალკე კი არა ყველას არ ექნება ერთად მისდენი ნაფრენი!

7_noemberi_7

დემოკრატიის „როდიონოვები“ რუსთაველის გამზირზე

ბატონო ოთარ, ჩვენო ბაშიაჩუკო, თუ პრეზიდენტს ისეთი ხალხი ჰყავს ირგვლივ ვინც არბევს მწერალთა კავშირს, გამომცემლობა სამშობლოს, ლტოლვილთა თავშესაფარს და ა. შ. მაშინ ასეთი კაცი პრეზიდნტად კი არა ფერმის გამგედ არ გამოდგება, რასა იქმნს მაშინ მწყემსებმა სულ ერთიანად რომ გაუწყვიტონ ნახირი?

ბატონო ოთარ მამა ბასილსაც ეხები, სულ მას აბრალებ იეღოველთა პარპაშს საქართველოს სოფელ -ქალაქს, ღმერთს შეხედე, ვინ გაატარა ეს ამომგდები სექტა რეგისტრაციაში? გეშინოდეს უფლის! განკვეთილიაო, აქ ერთ რამესაც მოგიყვან მაგალითად და ამის შემდეგ, ვიცი, არც მე დამადგება მავანთაგან კარგი დღე, მაგრამ რადგანაც მამა ბასილს შეეხე მოდით ცოტას გავაგრძელებ ჩემს წერილს და ვნახოთ ვინ ვინ არის, განკვეთილი ან განმკვეთელი.

patriarqi-ekumenistebtan-kol

ილია II საქართველოში ბაბტისტური სექტის ლიდერ მ.სონღულაშვილთან და კონსტანტინოპოლის ეკუმენისტ პატრიარქ ბართოლომეოსთან ეკუმენური ძმობისა და თანალოცვის წარწყმედაში!

უპირველესად კი ჩვენი პრეზიდენტის, რომლის იდეების ერთგულიც შენ ბრძანდები, მის სიტყვებს მოვიყვან და გავიგებთ ვისი ბრალიცაა სექტების პარპაში. მაშ ასე, წავიკითხოთ:

„სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით, სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიჰილიზმით, ინდიფერენტულობითა და უზნეობით“ (ზვიად გამსახურდიას პასუხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაზეთ „სამანის“ რედაქტორის ბ-ნ გიორგი ანდრიაძის შეკითხვებზე).

ბატონო ზვიადის იდეების ერთგულო მსახიობო კობერიძევ, ახლაც გჯერათ თქვენი ნათქვამის? თუმცა ეს ნათქვამი თქვენი არა არს, ეს მათი მონაჩმახია მართალი მღვდლის წინააღმედგ, რომელიც თქვენ 83 წელს გადაცილებულმა მხურვალედ აიტაცეთ!

რაო, რაო ვინ უწყობს ხელს სექტანტების პარპაშსო, იქნებ გული ჩაგწყვიტათ სულნათელი მართლმადიდებლის სიტყვებმა „ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი“-ო. როგორები ყოფილანო ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნიო? უზნეო, ანგარებიანნი, ქვაბავაზაკნი, აქ ჩვენი სულმნათი პრეზიდენტის იმ ლექსსაც მოვიყვანდი „ქვაბავაზაკი“ რომ ჰქვია, მაგრამ საგაზეთო სტატიის რეგლამენტი არ მაძლევს ამის საშუალებას, გირჩევთ წაიკითხეთ და გაიგებთ, რა ხდებოდა ჩვენს დედა ეკლესიაში თუნდაც ოცდაათი წლიდან მოყოლებული, მჯერა რომ გჯერათ და ენდობით ეკლისგვირგვინოსან საქართველოს ერთადერთ პრეზიდენტს!

ამ სიტყვების მერმედ უფრო გავკადნიერდები და სხვა რამესაც მოვიყვან ამ წერილში, რადგან მე ზვიადის იდეებისთვის მართლაც არ მიღალატნია!

ახლა მართლმადიდებლურ კანონ-სამართალსაც შევეხოთ:

მოციქულთა 45 კანონი ღაღადებს: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებლებთან ერთად ილოცებს აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდლო წესი, როგორც მღვდლმა განიკვეთოს; ამისათვის ფოტოები, რომლებიც, ღმერთია მოწამე მე არ დამიმონტაჟებია, უტყუარი საბუთებია!

ბატონო ოთარ, შენთვის მიშაა მაგარი, ჩემთვის ეს სურათებია მართალი!

„თუ ეპისკოპოსმა მწვალებელთან ერთად ილოცოს აეკრძალოს მღვდლობა და განიკვეთოს. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და უსჯულოებით ხართ აღვსილნი, იქედენთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენიის სასჯელს?“ (მათე. 23, 28, 33)

shechveneba11

რა ხდება მხცოვანო მსახიობო, ვინ ჰკვეთავს ვის?
 
ახლა განვაგრძოთ ისევ კითხვა: „პატრიარქმა ილია მეორემ ქ. ბერნში, ძველ კათოლიკურ ტაძარში; აღასრულა ლოცვა, რომლის შემდეგ უამრავი მრევლის წინაშე წარმოთქვა ქადაგება (“ჯვარი ვაზისა“ 19981, 1)

„ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენისტური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”, „ევროპის ეკლესიათა კონფერენცია” და „ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენცია“… ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა“ (ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა“, 1988, 2, გვ 72/*1).

806_ilia_papi_sveticx_dabla_iyureba_1

ბატონო ოთარ, როგორც თქვენ ბრძანებთ, თქვენთვის მართლმადიდებლისთვის ზემოთ მოყვანილი სჯული კანონებია კანონიკური და უმთავრესი თუ ამ სიტყვების ავტორის გამონათქვამები?

ვნახოთ რას ამბობს სხვა პატრიარქი – „მე ვგმობ ეკუმენიზმს იგი უბრალოდ წვალებად კი არა, საყოველთაო წვალებად – ყველა წვალებისა და ცრუმოძღვრების საცავად მიმაჩნია (ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ VI).

889_patriarqi-da-mwvaleblebi

ახლა წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ვუგდოთ ყური: „დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც სრულიად მარტო დავრჩე“.

რომელია შენთვის, მართლმადიდებელო, უმთავრესი საქართველოს ეკლესიის დღევანდელი ცრუ საჭეთმპყრობელი (ჩვენი, შენი და ჩემი პრეზიდენტის სიტყვებია) თუ წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?
 
ერეტიკოსი პატრიარქის და საერთოდ, ერეტიკოსი იერარქის მორჩილების უკანონო ეკლესიოლოგიის ბრალმდებელი ეფესოს III მსოფლიო კრების III კანონი: „ჩვენ ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელი მსოფლიო კრების თანამოზიარე წევრი სამღვდლოებისა არანაირი სახით არ იყვნენ დამორჩილებულნი მართლმადიდებლობისაგან უკვე განდგომილ ან განდგომად ეპისკოპოსებს“

patrirqi_ekum

  • ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკომიდოს (მილაში) და დალმატიელ – ისტრიელისეული განმარტება: „თუ კი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს, თუ პატრიარქს; თანაც ამისათვის არა თუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ იმსახურებენ, რამეთუ  ამით მათ განკითხეს არა ნამდვილი, კანონიერ მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუ ეპისკოპოსებსა და ცრუ მოძღვრებზე და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“. 
  • დიდი სჯულის კანონი, ნაწილი IX: „ეპისკოპოსთა და სხვათა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ …“ თავი XXXIII „სამღვდლო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს.…“
  • ბასილი დიდის კანონი 71: „ვინც მოწმე იყოს ყველა ჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი“„იქადაგე სიტყვა … ამხილე, შერისხე და შეაგონე“ (II ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ:4,2) 
     
    „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის ვიდრე კაცთაი” (სამოც: 5, 29). 

ბატონო ჩემო, ოდესღაც ჩვენთვის საყვარელო ოთარ კობერიძევ, რაიო? მკალავიშვილი არ არის პატრიარქისგან უფლება მოსილი, რომ მრევლი დალოცოსო და ის ეკლესიაც არ არის პატრიარქის მიერ დალოცვილიო? როგორია თქვენი აზრი ყოველივე ზემოთ მოტანილი კანონების წაკითხვის შემდეგ, ვინ ყოფილა ცრუ და განდგომილი, მწვალებელი და ერეტიკოსი ? იქნებ არ იცოდით ყოველივე ეს, ან სად უნდა გვცოდნოდა ჩვენ ხომ ათეისტურ იმპერიაში გავიზარდეთ, მეც ახლა ვსწავლობ, შენს შემთხვევაშიც არ იქნება ურიგო – სწავლა სიბერემდეო ხომ გაგიგია, რას იზამ, თურმე სულ სხვაგვარად ყოფილა საქმე. იქნებ ეს კანონები ჩემზე ადრე გქონდა წაკითხული? თუ ეს ასეა, მაშინ რასაა რომ ამბობ, მაღლა აიხედე!

ყოველივე სჯულის კანონების დარღვევის შემდეგ სხვა რა გზა რჩება პატიოსან მღვდელს? პატიოსან ქართველს? და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ, მაგრამ ძალიანაც კი გამიგრძელდა ეს ჩემი კომენტარები, შევეცდები მალე დავასრულო.

ერთგული ჯარისკაცობა შეგიფიცია, წაუკითხავს და გამოადგაო, რაში ბატონო ოთარ, სამიოდე წლის წინ ცხინვალიდან პანღურის კვრით რომ გამოყარეს მიშას ჯარისკაცები იმაში? თუ მასეა საქმე, შე კაი კაცო, იმ პირტიტველა ბიჭებს უგდებდით ქართველთა მტრებს და იმეტებდით სასიკვდილოდ?

ბატონო ოთარ, ვერც მერაბიშვილის ქებას მოგიწონებთ ხალხი, იცის ვინც არის მერაბიშვილი და მისი ოჯახი ხალხმა და ნამეტნავად ნუ გამოიდებთ თავს, ვის მეუღლეს უძღვის ნეტავ ბრალი უბედური ირინა ენუქიძის გაუბედურებაში, ჩემი ძმისას? ან კიდევ ზოგზოგიერთების ბათუმის ქაშბარებზე მაინც არ გსმენია რამე? ან კიდევ ვისი მეუღლის დიპლომის გამო დაიჭირეს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი? ბოდიში, ცხოვრობთ კი ამ ხნის მანძილზე საქართველოში, მერე, შე კაი ადამიანო, მართლა ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთებსა ამ დასაკარგავში და თქვენ მანდ რა მოგდით?

არა, ნამდვილად არ არის პატიოსანი კაცის საქმე მერაბიშვილის ქება! ამას ვერ მოგიწონებს პატიოსანი და მართალი ქართველი ვერა!
 
ბატონო ოთარ, მარტო თქვენ რომ იყოთ ამგვარად მოაზროვნე… ვინ მამაძაღლი შეიწუხებდა მთელი ღამის გადასათენებლად თავს, ის ჩვენი ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრი, ყოფილი განათლების მინისტრი ქალბატონი ლიაც შენსავით ფიქრობს, ფიქრობს კი არა თურმე ასეც მკრეხელობს – ზვიადის სული მიშაში განსხეულდაო, ღმერთო დამიფარე ამის გამეორების გამო და მაპატიე ჩემო ტანჯულო პრეზიდენტო ! ამ მოქეიფე, უწიგნურ, მართმადიდებლობის აშკარა მტერთან და სამშობლოს მისხალ-მისხალ გამყიდველთან რა აქვს საერთო მამულისთვის გვემულ სულთან!

იხ. ვიდეო მიშას „ბაში-აჩუკი“ კახეთში

ეჰ, რას იზამ, იქნებ მართლაც სიბერის ბრალია ამდაგვარი რაღაც-რაღაცეები ადამიანში? მაგრამ მე მაინც მთელი სულითა და გულით მინდა იმდენ ხანს იცოცხლოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს წავიკითხო ისეთი ინტერვიუ სადაც, ბატონ მუხრან მაჭავარიანივით, იტყვით – შევცდიო ! ერთს კი გეტყვი, არ ღირდა ამ მიშას გულისთვის თუნდაც ერთი-ორი ქართველის გულის მოკვლა, თუ არა და მალე იგრძნობ ამას! შენთან ერთად მეც შემასწროს ამ დღეს ღმერთმა.

სამშობლოწაღლეტილი უბრალო ქართველი თარაში

3 Responses to “ღია წერილი მსახიობ ო. კობერიძეს ანუ მიშას „ბაში-აჩუკი“”

  1. shoda Says:

    Zalian eWvi mepareba am werilis avtoris keTilsindisierebaSi. es xalxs Tavis Tavze didi warmodgena aqvT, sinamdvileSi binZurini arian!! kargad vicnob maT.

    • ლომისა Says:

      რადგანაც ბრძანებთ, რომ ძალიან გეპარებათ ეჭვი ამ წერილის ავტორის კეთილსინდისიერებაშიო, მაშინ, შეურაცხყოფაც აღარ უნდა მიგეყენებინათ. ჩვენც კარგად ვიცნობთ ამ წერილის ავტორს და ამიტომაც დარწმუნებულნი ვართ მის კეთილსინდისიერებაში.

      მართლმადიდებელი და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენც ბრძანდებით, არ უნდა უწოდებდეს ბინძურს იმ ადამიანს, რომლის კეთილსინდისიერებაში ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება. თქვენს სამსჯავროზე იყო გამოტანილი „თარაშის“ წერილი, რომელსაც თან ახლავს „განმარტებები დიდი სჯულის კანონიდან“ და შეგეძლოთ წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს ან სული წმიდით შთაგონებულ კანონებს შეკამათებოდით. სინამდვილეში, თქვენ ვერც მის წერილს შეეკამათეთ და მით უმეტეს „დიდი სჯულის კანონს “ როგორღა შეეკამათებოდით? ასეთი შეურაცხყოფა პირველად არ მიუყენებიათ მისთვის და თქვენც პირველი არ ბრძანდებით. რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა სიმართლის მთქმელთა ხვედრი! ამიტომაცაა ამ წერილის ავტორი უსამართლო ადამიანებისაგან დევნილი და სამშობლოწაღლეტილი.

      ვიცნობ რა ამ წერილის ავტორის და ვიცი მისი კეთილსინდიდიერებისა და დიდბუნებოვნების შესახებ, დარწმუნებული ვარ რომ სამაგიეროს არ მოგიზღავთ. ღმერთმა შეგინდოთ.

      კეთილი სურვილებით,

      დამდეგი შობის დღესასწაულის მოლოდინში!

  2. lazi Says:

    მართალია


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: