სა.ქ.მ.ე.-ის უწყება ქართველ მამულიშვილებს

„ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით“!

„ფსალმუნნი“

qaquca-cholokashvili1

საქართველოს ეროვნული გმირის – ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ნასაფლავარი

დღეს, ლევილის ქართულ სასაფლაოზე (საფრანგეთი), ეროვნული გმირის _ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნასაფლავარზე, საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის (1918-21წწ..) წევრებისა და სხვა ემიგრანტების იქვე განსვენებულთა და ქართველ მამულიშვილთა სულების მოსახსენებლად გადახდილ იქნა პანაშვიდი, რომელიც აღასრულეს ღვთისმშობლის იბერიის მირონმდინარე ხატის (მონრეალის, კანადა) სახ., პარიზის ქართული სამრევლოს მოძღვარმა _ მღვდელმა გიორგი სხილაძემ და მგალობელთა გუნდმა. გალობითა და კმევით მოვლილ იქნა ყველა ქართული საფლავი: პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის (შემდგომში, შინაგან საქმეთა მინისტრის) ნ. რამიშვილისა, შემდგომი თავმჯდომარის ნ. ჟორდანიასი (დამოუკიდებლობის გამომცხადებლისა), მინისტრების _ ე. გეგეჭკორის, ა. ჩხენკელისა და ამავე მთავრობის სხვა წევრთა; ასევე, გრ. რობაქიძის მ. წერეთლისა და სხვათა…

ლოცვას ესწრებოდნენ აღნიშნული მრევლის წევრნი: დევნილი ეროვნული მთავრობის წარმომადგენელნი და მხარდამჭერნი და სხვა მამულიშვილები. პანაშვიდის შემდეგ, ფრანგული და ქართული (მეწამულ-შვინდისფერი), სამფეროვანი დროშების თანხლებით შესრულდა ეროვნული ჰიმნი (,,დიდება”), ქართული საგალობლები და მრავალჟამიერი.

ამის შემდეგ, გადაინაცვლეს რა ლევილის ქართულ Château -ში (სადაც, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ცხოვრობდა და სამშობლოს განთავისუფლებისათვის იბრძოდა ნ. ჟორდანია), იმ ოთახში, სადაც ცხოვრობდა ნ. რამიშვილი, მღვდელ გიორგი სხილაძის (მასაც, 10 წელია, აქ უწევს ცხოვრება) სულიერი ხელმძღვანელობითა და ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ,,საქართველოს ქრისტეს მხედართა ერთობა” (სა. ქ. მ. ე.). შეკრება იკურთხა ლოცვა-გალობით და გაიხსნა მამა გიორგის ქადაგებით. ასევე, სიტყვები წარმოსთქვეს სხვებმაც. შეკრებილებმა აირჩიეს: გამგეობა, შემდეგი შემადგენლობით: ი. ღუდუშაური (პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების მთავრობის წევრი-პრეფექტი, ,,ჰელსინკის კავშირის” რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფინეთი), მ. ვაჩაძე (პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ,,მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს” წევრის _ ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის ყოფ. წარმომადგენელი, საფრანგეთი), დ. ხარებაშვილი (,,ავღანელთა კავშირის” ყოფ. მებრძოლი, პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას სამთავრობო დაცვის წევრი, საფრანგეთი), გ. გოზიტაშვილი (,,ქართველ შევარდენთა ლეგიონის” ყოფ. წევრი და კ. გამსახურდიას საზოგადოების ყოფ. წარმომადგენელი ევროპაში, საფრანგეთი), ო. ზიბზიბაძე (,,წმ. ილია მართლის საზოგადოების” [,,მრგვალი მაგიდა”] ყოფ. წევრი, საფრანგეთი), ზ. ჭანტურია (საფრანგეთი) და გ. ჯიშკარიანი (საფრანგეთი); ახალგაზრდული ,,ერთობის” გამგეობა: პ. ელიაური, გ. ჩიქოვანი. დ. პილპილაშვილი, ტ. ვაჩაძე, ა. ადამაშვილი, ზ. დათიაშვილი და ა. შეროზია (ყველანი _ საფრანგეთი); ასევე, ,,სა. ქ. მ. ე.”-ში გაერთიანდნენ აღნიშნული მრევლის სხვა წევრები…

,,საქართველოს ქრისტეს მხედართა ერთობის” დამფუძნებელ შეკრებაზე სუფევდა ქრისტესმიერი ძმური სიყვარული და დასრულდა იგი ტრადიციული ქართული ტრაპეზით, რომელზეც გაისმოდა ქართული საგალობლები და სიმღერები: ,,ნურცა იხაროს მტერმან ჩვენზედა, _ არც არა გაუხარია!”…

სა. ქ. მ. ე.-ის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი  _ ა. შეროზია, მდივანი _ თ. ერაძე

პარიზი, საფრანგეთი, 27.12.08/9.01.09წ.:

ხსენება წმ. მოციქ. პირველმოწ. და მთავარდიაკ. სტეფანესი (38წ.) და ახალმღვდელმოწ. ტიქონისა _ ვორონეჟელ მთავარეპ.

და 160 მღვდ. მასთან ერთად მოკლულთა (1919წ.).

saqme_wesdeba_1

saqme_wesdeba_24

სა. ქ. მ. ე.-ის წესდებას იხილავთ შემდეგ ბმულზე:

12 Responses to “სა.ქ.მ.ე.-ის უწყება ქართველ მამულიშვილებს”

  1. ლომისა Says:

    ღმერთო

    ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
    უფალო, ძეო ღვთისაო.
    ხელი ამართე, დამიცევ,
    ძალი არა მაქვს ცდისაო.
    შემუსრე ძალი უღვთოთა,
    დედაო მაცხოვრისაო.
    ძნელია ნემსის ყუნწშია
    გაძრომა აქლემისაო…
    მიცხონე სული ცოდვილი,
    უფალო, ძეო ღვთისაო…
    აღმოსავლით და დასავლით
    მოგვმადლე შუქი მზისაო.

    ქაქაუცას რაზმის შეფიცული – მიხა ხელაშვილი

  2. daviti_23 Says:

    იქნებ ამან მაინც;ამ ერთობამ ჩაუყაროს საქართველოში სამართლის თქმას საფუძველი,არა ლაქიაობით და კუდის ქიცინით, როგორც დღეს ბევრი აკეთებს, არამედ მთელი გულითა და რწმენით,სიყვარულით და უშიშრად. უფალმა აკურთხოს ეს მამულიშვილური წამოწყება!

  3. ბესარიონი Says:

    ფორუმ.გე-ზე, „თემაში ზნეობრივი გმირი საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, ქართული ფენომენი — საქართველოს სულიერი მისსია“ — მომხმარებელი jbakur გვწერს:

    «მე ერთს ვთხოვდი უფალ იესო ქრისტეს რომლის მიმდევრადაც მე ჩემს თავს ვთვლი, (თვენი ახალი ხელწერიდანაც ავატარზე იგივეს ვხედავ), რომ ერთ დღეს თქვენც გაგიმჟღავნოთ ის ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კერპად დასახვა არის ქართველის ყველაზე დიდი აქილევსის ქუსლი,რომელსაც სატანა ასე ეფექტურად იყენებს და გესლავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში.ვინატრებდი იმას რომ უფალს ისე მოემზადებინოს თქვენი გული და რწმენა,რომ დაგემარცხებინოთ აქვე დედამიწაზე ყოველგვარი შურისძიების გრძნობა(რამეთუ ძალიან სოლიდური ასაკის ბრძანდებით), რომელიც მართლაც რომ სამართლიანია პუტჩისტების მიმართ. და როდესაც სამოთხეში მოხვდებით არ გაგიკვირდებათ, თუ კი მოსიყვარულე და გამოუცნობი ღმერთი ისეთ ხალხს დაგახვედრებთ იქ თქვენ, რომლებიც ასე დაუძინებლად გებრძოდნენ აქ მიწიერი ძალაუფლებისათვის.»

    http://forum.ge/?showtopic=33916560&view=findpost&p=12631200

    თუ შესაძლებლობა იქნა — იქნებ გაეცეს პასუხი?

  4. ბესარიონი Says:

    ფორუმ.გე-ზე, „თემაში ზნეობრივი გმირი საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, ქართული ფენომენი — საქართველოს სულიერი მისსია“ — იგივე მომხმარებელი jbakur (თეოფილე მალაქია?) — მიუთითებს ვებ საითებს:

    http://pilgrimspursuit.com/ge/
    და
    http://www.youtube.com/user/TMalakia?gl=CA&hl=en

  5. daviti_23 Says:

    daviTi ძმაო,ეს წამოწყება სწორედ რომ არ უნდა შეჩერდეს,არამედ გაიზარდოს,მაგრამ მისი ზრდა დამოკიდებულია თუ რამდენად გაითავისებს ხალხი მათ ნათქვამს,ამას ჭირდება გვერდში დგომა,ენთუზიაზმი და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა,რწმენა,იმედი და უშიშარობა,შენ როგორც ჩანს მოწადინებული მამულიშვილი ხარ,ღმერთმა გაგაძლიეროს და გაგახაროს, ბატონო ბაკურ, თქვნზეც და კიდევ სხვა დეპუტატებზე ბევრია დამოკიდებული,საქართველოს მომავლისთვის

    “ნურც გაიხაროს მტერმა ჩვენზედა”
    “გარე მომადგნენ მტერნი ჩემნი და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ” ფსალუნნი.

  6. ბესარიონი Says:

    ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები

    ანუ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

    დედანი: http://bpg.sytes.net/bpg/blogs/sample_weblog/archive/2009/02/18/3071.aspx

    1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.

    ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრებელია მიუთითებს იმასაც თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა – ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.

    მთავარი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ისაა, რომ ეროვნული ხელისუფლება ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი იყო ეროვნული მოძრაობის იმდროინდელი უმთავრესი მიზნის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.

    ეროვნული მოძრაობის უპირობოდ და საყოველთაოდ აღიარებული ლიდრების (ახლა რომ ქარიზმატიულებს უძახიან) – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ შესაძლებელ გზად გამოძებნილი იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არსებული სამართლებრივი ბზარის გამოყენება – რომელიც აღიარებდა და შესაძლებლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა რესპუბლიკის გასვლის შესაძლებლობას. საბჭოთა კონსტიტუციაში არსებული ამ ბზარის გამოყენება შესაძლებელს ხდიდა ომისა და დიდი სისხლისღვრის გარეშე მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

    მაგრამ, ამისათვის საჭირო იყო ყველაფერი საბჭოთა კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო. და, მართლაც, საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მოახერხა ქართველი ხალხის ისეთი დარაზმვა და ამ დარაზმულობს ისეთი მასშტაბოვანი დემონსტრირება უზარმაზარი მანიფესტაციებითა და დემონსტრაციებით, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობის ზოგად ფარგლებში და შეძლებისდაგვარად გაუმჯებესებული საბჭოთა კანონებით შესაძლებელი გახდა ეროვნულ მოძრაობას დამორჩილებული და ეროვნული მოძრაობის მიზნების განმახორციელებელი ინსტრუმენტის, ინსტიტუციის და ამავე დროს საბჭოთა კანონებითაც აღიარებული ორგანოს – უზენაესი საბჭოს ჩამოყალიბება არჩევნების გზით.

    ამდენად – ლეგიტიმური უზენაესი საბჭო ეროვნული მოძრაობის ორგანო იყო და ასრულებდა ეროვნული მოძრაობის მიზნებს. ამ მიზნებს კი უშუალოდ და პრაქტიკულად საქართველოს ამ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში ახორციელებდნენ ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების („წმინდა ილია მართლის საზოგადოების“, „ჰელსინკის კავშირის“ და სხვა ასეთების) წამომადგენლები უზენაეს საბჭოში – უზენაესი საბჭოს დეპუტატები. მაგრამ, რამდენადაც ეროვნული მოძრაობის დიდი თუ პატარა ლიდერების უმეტესობა უზენაესი საბჭოს დეპუტატები და უზენაესი საბჭოს მაღალი თანამდებობის პირები გახდნენ – უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ჩათვლით – იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს უზენაესი საბჭო გადაიქცა ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელად. სინამდვილეში და პრაქტიკულად კი სრულიად საპირისპირო იყო – უზენაესი საბჭო იყო და დარჩა კიდეც ეროვნული მოძრაობის მთავარი იმდროინდელი მიზნების შემსრულებელ ინსტიტუციად.

    ეროვნული მოძრაობის გავლენისა და კონტროლის ქვეშ მყოფმა უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით შეძლო ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარება და მოგება; ხოლო შემდგომ — ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია – საქართველო ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამითი უზენაესმა საბჭომ სავსებით და სრულად შეასრულა ეროვნული მოძრაობის მიზანი-დაკვეთა ამ ეტაპისათვის – უმცირესი სისხლით (სისხლი დაიღვარა 9 აპრილსა და შემდგომ სამაჩაბლოში) მოიპოვა დე-იურე დამოუკიდებლობა. ეს ფაქტები გასახსენებელია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ეროვნული ხელისუფლებდა დიდ წილად კანონიერი იყო თვით საბჭოთა კანონების თვალსაზრისითაც კი!

    მას შემდეგ, შემდგომ ეტაპზე, იმისათვის, რომ განხორციელებულიყო ეროვნული მოძრაობის შემდგომი მიზანი – საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის გადაქცევა დე-ფაქტო დამოუკიდებლობად — ეროვნულ მოძრაობას (და არა ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციას უზენაესი საბჭოს სახით) დასჭირდა სრული ზომით დაპატრონებოდა სახელმწიფოს ფაქტობრივ მართვას ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას — უკვე ფრიად გართულებულ პირობებში. ამისათვის ჩატარდა ჯერ პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო ამის შემდგომ — არსებითად და პრინციპულად შეიცვალა მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა — მთავრობის ფორმალური მეთაური გახდა პრეზიდენტი (მანამდე, ჯერ კიდევ საბჭოთა კანონების შესაბამისად მთავრობის მეთაური იყო მინისრტთა საბჭოს თავმჯდომარე), ხოლო მინისტრთა საბჭოს მაგივრად შეიქმნა მინისტრთა კაბინეტი და დაარსდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა – რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ემორჩილებოდნენ მთავრობის მეთაურს ანუ პრეზიდენტს. ამით ეროვნული ხელისუფლება ცალსახად დაეპატრონა სახელმწიფო ეკონომიკურსა და სოციალურ რესურსებს და მყარი სოციალურ-ეკონომიკური საფუძველი შეიქმნა საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღსადგენად. სწორედ ეს გახდა სიგუა-კიტოვანის განდგომისა და პუტჩისტებად გადაქცევის საბაბი.

    ეროვნული მოძრაობის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გავლენის გასაძლიერებლად პრემიერ მინისტრად ეროვნულმა მოძრაობამ წარადგინა „წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ გამგეობის წევრი – თქვენი მონა მორჩილი. აღმასრულებელი ხელისუფლების ორივე საკვანძო თანამდებობაზე — პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა — ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების წარმომადგენლების დაფუძნებამ მთელი აღმასრულებელი ხელუსუფლება მტკიცედ გადააქცია ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციად (უზენაეს საბჭოსთან ერთად) – ინსტრუმენტად. შესაძლებელი გახდა ეროვნული ინტერესების დამცველი კანონების რეალურად აღსრულების შესაძლებლობა და შეიქმნა ამისი მატერიალური გარანტია.

    თუ რატომ გახდა მაინც და მაინც ეროვნული მოძრაობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების სრული დამორჩილება პუტჩის ერთ-ერთი უშუალო საბაბი ახლა ალბათ ყველსათვის გასაგებია (მაშინ ეს ძალზე ბევრისათვის ფრიად ბუნდოვანი იყო) — ახლა ყველამ იცის, რომ პარლამენტები კი არ მართავენ უშუალოდ ქვეყნებს არამედ მთავრობები მართავენ (პარლამენტების მიღებული კანონებით).

    ამას დავამატებთ მხოლოდ იმას, რომ პუტჩისშემდგომ პერიოდში (მას შემდეგ რაც პრეზიდენტი, პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი იძულებულნი გახდნენ დროებით ემიგრაციაში გასილიყვნენ) – წინააღმდეგობის უპრეცენდენტო მასშტაბების თავგანწირულ და გმირულ მოძრაობას თბილისსა და რეგიონებში კვლავ და ცალსახად ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ და უშუალოდ ახორციელებდნენ და არა ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების ორგანოები (პარლამენტი ან მთავრობა).

    სწორედ ეს იყო მთავარი და ეს წარმოადგენდა ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ძალას. სწორედ ამიტომ იყო ხუნტისათვის წინააღმდეგობის მოძრაობასთან ბრძოლა ასეთი რთული და უშედეგო. გარკვეული ბუნდოვანება ამ საკითხში ზოგჯერ იმას შექვს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია იმავდროულად რესპუბლიკის პრეზიდენტიც იყო და ბევრი განწყობილი იყო მხედველობაში ყოველთვის ჰყოლოდა პრეზიდენტი გამსახურდია და არა ეროვნული მოძრაობის ლიდერი გამსახურდია (იმ დროს ქართული პოლიტიკური აზროვნება ფრიად მარტივი და გულუბყვილო იყო).

    ზემოთქმულის შემდეგ უნდა დავსძინოთ, რომ ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა პირველ რიგში და საფუძველში გულისხმობს მის აღდგენას როგორც ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციისას, ინსტრუმენტისას და არა რაღაც განყენებული აბსტრაქციისას (თუმცა ჩვენს მტრებს სწორედ ასე აწყობთ). დავსძენთ, რომ ლეგიტიმურობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს ეროვნული მოძრაობის, ზოგადად ქართველი ერის მიზნების განმახორციელებელი ხელისუფლების აღდგენას. ლეგიტიმურობა და კანონიერება ჩვენი თვალსაზრისით და ჩვენი სიმათლით ეროვნულობაზეა აგებული და არა დასავლეთის მიერ შემონერგილ რაღაც ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალურ აბსტრაქტულობებზე – მათ რომ აწყობთ ისეთებზე.

    ამდენად მთელი ამ ჩვენი მსჯელობების მიზანია დავასაბუთოთ და განვმარტოთ, რომ პირველადია ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები, — ხოლო ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები – პარლამენტი იქნება ეს თუ მთავრობა კი მეორეულია, დაქვემდებარებულია, ინსტრუმენტია და მეტი არაფერი. და თუ ეს ასეა, მაშინ, ეროვნული ხელისუფლებისა და ზოგადად ჩვენი კანონიერებისა და ჩვენი სამართალ-სიმართლის აღდგენა შეუძლებელია მთლიანად ეროვნული მოძრაობის, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ხელახალი და მძლავრი აღმავლობისა და მომძლავრების გარეშე.

    შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდია არასოდეს არ უწოდებდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებს და არც ცდილობდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები გადაექცია დასავლური ტიპის პოლიტიკურ პარტიებად. ეს შეხსენება აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ახლა საქართველოში ინერგება იზრი, რომ შესაძლებელია დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიულობის საფუძველზე აგებული ორგანიზაციებით ლეგიტიმურობისა და ზოგადად კანონიერების აღდგენა. ყველაფერ აქედან გამომდინარეოს ის დასკვნა, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ლეგიტიმური იყო და არის პირველ რიგში როგორც ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამავე დროს, მეორე რიგში – როგორც კანონიერი ხელისუფლება. საქართველოში მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება შეიძლება იყოს კანონიერი, ლეგიტიმური და ვერავითარი ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალური ხელისუფლება ლეგიტიმური ვერ იქნება და ქართველი ერის ინტერესებს ვერ ემსახურება.

    ბოლოს უნდა დავამატოთ ორიოდ სიტყვას ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების სტრუქტურა-მოწყობის შესახებ. მთელმა წარსულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ უძლეველია არაცენტრალიზებული, მრავალგვაროვანი, მრავალსახოვანი, მრავალწახნაგოვანი — მაგრამ, კოორდინებადი და კოორდინირებული ეროვნული ორგანიზაციების ერთობლიობა — და ეს საკითხი საგანგებო, ძალზე სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა იყოს.

    ვერავინ უარყოფს იმ საყოველთაოდ ცნობილ ფაქრტს, რომ თავის დროზე არსებითად იატაკქვეშა მდგომარეობაში მყოფმა არაფორმალურმა ეროვნულმა ორგანიზაციებმა (ანუ ორგანიზაციებმა, რომლებიც არ იყვნენ და ვერც იქნებოდნენ ოფიციალურად სახელმწიფო დონეზე რეგისტრირებულნი) მეტი შესძლეს – ვიდრე, შემდგომი პერიოდის გაფომალურებულმა ორგანიზაციებმა. ამაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო…

    ბესარიონ გუგუშვილი

  7. stalker Says:

    ბატონო ბესარიონ თქვენ კანონიერ და პატიოსან პრემიერ მინისტრს რომ არ გინდომებთ ხელისუფლებაში კაცი და იმ პუტჩისტ ნაძირლებს თანაც ნაირნაირებს ირჩევენ და გაუთავებლად ირჩევენ, შევარცხვინე მე ყველა იმ პოლიტიკოსის სინდის-ნამუსი, ქართველობა და კაცობა!

  8. daviT Says:

    სტალკერ დღევანდელ პოლიტიკოსთა ეროვნულობა მაგათი მუცელია, ევროპა და ამერიკა მაგათი მუცლის ამოვსების ბეღელი, ხოლო მაგათი სულიერება ეკლესიის სახელს ამოფარებული მრუშობა და გარყვნილება!აი, სულ ეს არიან! ბ-ნი ბესარიონი-ანუ კანონიერება და პატიოსნება და დევნილი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდლები კი მაგათი უმთავრესი “მტრები”! ვნახოთ ერთი ბატონი კახა კუკავა რომელსაც “დიდგორმა” ჭეშმარიტ ეროვნულ პოზიციებზე დგომა შესთავაზა რას იზამს და საბოლოოდ გამოჩნდება მისი ეროვნულობაც!

  9. mariami Says:

    ბნმა ბესარიონმაც და ბნ-მა ი. ბურკაძემაც უნდა განაცხადონ თავიანთი კანონიერი პრეტენზიები! სულ რომ სხვა არავინ იყოს, ეგ ორნი უკვე აღადგენენ ლეგიტიმურობას! სადამდე უნდა ვითმინოთ! ირჩევენ და ირჩევენ საკუთარ თავებს ეს ანტიქრისტეს მსახური პოლიტიკოსები!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: