მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (ნაწ. II)

კომენტარების კომენტარები (2)

m_g_sxiladze

     გასულ წელს ,,დიდგორზე” გამოქვეყნდა ჩვენს მიერ სხვადასხვა ელ-გვერდზე განთავსებული კომენტარების კრებული სათაურით ,,კომენტარების კომენტარები” (I). ვაგრძელებთ მომდევნო კომენტართა, როგორც მათი გაგრძელების, ნაწილებად გამოქვეყნებას…
ეს კომენტარები (ნაწილი II), ძირითადად, განთავსდა ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე” http://church.ge, რომელთან თანამშრომლის (ფსევდონიმით ,,კაიროსი”) კომენტარით, ასევე, მისი ,,სენატორის” (ფსევდონიმით ,,აბხაზი”) თხოვნითა და მათზე ჩვენი მიგებით ვიწყებთ წინათქმის მაგიერ (,,დიდგორზე” ქვეყნდება შევსებული ნუსხა. ავტ.):

     ,,კაიროსს” (მისი და სხვა ავტორების სტილი და პუნქტუაცია, აქ და ქვემოთაც, დაცულია) მოჰყავს პირჯვრის არასწორად გამოწერის განმარტებიდან ჩვენი ,,შენიშვნა” _ ,,ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ?!” _ და ასკვნის: ,,ეს მიმალული ცილისწამებაა ჩვენი პატრიარქისა* (ბევრჯერ მიგინიშნებიათ “არასწორად” იწერს ჯვარსო), არ გრცხვენიათ სნეულებაში მყოფი კაცი მაინც მოასვენეთ”.
______________
*ილია II (შენიშვნები, აქ და ყველგან, ჩვენია _ მღვდ. გ. ს.).

     ჩვენი პასუხი: ეკლესიის ,,პირველ პირებში” მაშინაც, როცა ეს სიტყვები დავწერეთ (2004წ.) და ახლაც, ვიგულისხმეთ, ზოგადად, სხვადასხვა ოფიც. მართლმ. ეკლესიის ზოგი მღვდელმთავარი და თუ ვინმე, ჩვენგან, ასეთთა რიცხვს განეკუთვნება, უბჯობესია, თვითონ ფაქტმა დაგაფიქროთ და ძალ-ღონე ამის გამოსწორებისკენ მიმართოთ, ვიდრე ამის მსურველს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენოთ (ღმერთმა გაპატიოთ!). თანაც, ეს ,,შენიშვნაც”, რომელიც თქვენ მოიტანეთ, მიბმულია იმავე სიტყვებს ანუ ისიც გამოქვეყნებულია 5 წლის წინათ (ამიტომ, უბრალოდ, ტექსტიდან აღარ ამოვიღეთ) და აქ პატრიარქის ახლანდელი სნეულება (ღმერთმა კარგად ამყოფოს!) არაფერ შუაშია. რახან სიტყვამ მოიტანა, იმასაც გეტყვით, რომ გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა ვრცელი და მნიშვნელოვანი მასალა, როცა მისი ავადმყოფობა შევიტყვეთ და ამის გამო, სწორედ იმ მიზეზით, რომლითაც თქვენ აქ მორალს გვიკითხავთ, ამისგან თავი შევიკავეთ; უკვე, 10 დღეა, თავს ვიკავებთ და ველოდებით საავადმყოფოდან მის გამობრძანებას (უფალმა მალე განკურნოს!). ასე, რომ აქ სრულიად ზედმეტია ჩვენი მორწმუნე ადამიანების ,,გულის აჩუყებისა” და მათი ჩვენს წინააღმდეგ მომართვის მცდელობა. ამაში, ისინი თვითონვე დარწმუნდებიან, როცა ჩვენი ზემოხსენებული წერილი გამოქვეყნდება. მანამდე რომც ვერ მივაღწიო, ჩვენი სულიერი შვილები მაინც გამოაქვეყნებენ, რადგან ჩვენი ყველა მასალა და ყველანაირი საიდუმლო, დიდი ხანია, გადაბარებული გვაქვს მათთვის, რომლებიც, ღვთის მადლით, საკმაოდ და ბევრ ქვეყანაში არიან და ყველას ვერ მოკლავენ… ხოლო თუ რატომ ვსაუბრობთ სიკვდილზე, ამას ჩვენი შემოდგომი პუბლიკაციებიდან შეიტყობთ… მანამდე კი გეტყვით, რომ თქვენს მფარველებს შეუძლიათ, სიმართლის საპასუხოდ მხოლოდ ,,არქიფოს ბრბო” მოგვისიონ ან ,,ქილერი” მოგვიჩინონ და დიდი-დიდი, მოგვკლან, რისთვისაც წინასწარ ვუძღვნით მათ შენდობასა და მადლობას, რადგან, იქნებ, ასე მაინც მწიონ ღმერთისგან ცოდვათა შენდობასა და მის ზეციურ მღვდლად ,,შვებასა სამოთხისასა” (,,გალობა უფლისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტესა; დასდებელნი სინანულისანი”)…
     შინიშვნა (იმედია, არ მიწყენთ): აქ ნაცვლად ფრაზისა ,,ცილისწამებაა ჩვენი პატრიარქისა” უნდა გქონდეთ ,,ცილისწამება ჩვენი პატრიარქისადმი”, თორემ, ასე, როგორც თქვენ გიწერიათ, გამოდის, რომ ცილი მას კი არ დასწამეს (ღმერთმა დაგვიფაროს!), არამედ მან დასწამა ვინმეს…
     ,,აბხაზი”: ,,ვატყობ მამა გიორგის არგუმენტებით საუბარი ძალიან უჭირს, ამიტომ ამ უარგუმენტობის გამო ვთხოვ მას რომ დიალოგში ნურა შემოვა ჩვენთან”.
     პასუხი: თხოვნა მისაღებია და ამიერიდან, თუ უფალი ინებებს, ,,დიდგორზე”, ,,სა. ქ. მ. ე.”-ზე და სხვაგან, თუ სურვილი გექნებათ, იხილავთ თქვენი და თქვენი ,,ფორუმის” ყველა კითხვის სწორედაც დასაბუთებულ (არგუმენტირებულ) პასუხებს.

ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი!

+ + +

მშვიდობა თქვენ თანა!

     წმ. იოანე ოქროპირს სიტყვები _ ,,თვით აღდგომის სხვადასხვა დროს აღნიშვნაც კი არაფერია იმასთან, ვიდრე ეკლესიის ერთიანობის დარღვევა” _ ნათქვამი აქვს მაშინ, როცა მსოფლიოს ადგილობრივი ეკლესიები აღდგომას სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ და _ იქამდე, სანამ, ანტიოქიის ადგილობრივი კრება პირველ კანონადვე განაჩინებდა შემდეგს:
     ,,ყველა, ვინც გაბედავს [და დაარღვევს] ნიკეაში შეკრებილი წმინდა და დიდი კრების* განსაზღვრებას (რომელიც შედგა კეთილმსახური და ღვთისმოყვარე მეფე კონსტანტინეს იქ ყოფნის დროს, საცხოვნებელი აღდგომის წმინდა დღესასწაულის გამო), უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოს ეკლესიიდან, თუ განაგრძობს კეთილად განსაზღვრულ საქმეთა წინააღმდეგობის გაწევას. ერისკაცების შესახებ ეს, უკვე, ნათქვამია. თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ განსაზღვრების შემდეგ, ერის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შესაშფოთებლად, გაბედავს განცალკევებითა და ურიებთან (იუდეველებთან) ერთად აღდგომის აღსრულებას, მას წმინდა კრება ამიერიდან ეკლესიისთვის უცხოდ ჩათვლის, როგორც არა მარტო თავისი ცოდვის, არამედ მრავალთა გახრწნისა და გზის გამრუდების საბაბს. და არა მხოლოდ მათნაირებს განკვეთს მღვდელმსახურებისგან, არამედ იმათაც, ვინც გაბედავს მათთან ურთიერთობას** მათი განკვეთის შემდგომ. განკვეთილები კარგავენ გარეგან პატივსაც, რომელიც წმინდა კანონმა და ღვთის საკურთხეველმა მიანიჭა მათ”.
______________
     *იგულისხმება მსოფლიოს I კრება;
     **,,რაც შეეხაბა იმათ, რომლებიც ამბობენ, რომ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას აღმსარებლობენ, მაგრამ ურთიერთობაში იმყოფებიან სხვაგვარ აზრთა მპყრობელ ადამიანებთან, თუკი ისინი გაფრთხილებულნი არიან და შეუპოვარნი რჩებიან, მათთან არ შეიძლება არამარტო ურთიერთობაში დარჩენა, არამედ მათი ძმებად წოდებაც კი” (Patrologia Orientalis, Vol. 17, с. 303); წმ. იოანე მოწყალის ცხოვრებიდან: ,,იმქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ გავექცევით სასჯელს მწვალებთებთან ერთად, თუკი მართლმადიდებლობასა და წმინდა სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ურთიერთობით შევბღალავთ”.
     მინაწერი: რაც შეეხება თქვენს მიერ საჯაროდ გავრცელებულ აზრს, თითქოსდა, მღვდლობიდან დაყენებული ვიყო, განგიმარტავთ: არც საქართველოს საპატრიარქოს (სადაც დიაკონი ვიყავი), არც სერბეთის საპატრიარქოს (სადაც მღვდლად მაკურთხეს) და არც ემიგრაციულ ეკლესიას (სადაც ამჟამად ვიმყოფები) ჩვენთვის მღვდელმოქმედების უფლება არასოდეს აუკრძალავს, _ რისი გადამოწმებაც შეგიძლიათ საქართველოს საპატრიარქოში, სერბეთის ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, ემიგრაციული ეკლესიის სინოდში და პარიზში მცხოვრებ ნებისმიერ მორწმუნე ქართველთან. ღმერთმა შეგინდოთ ეს, ვფიქრობ _ უნებური, ცილისწამება და სინანული მოგანიჭოთ!

+

     რახან ,,კაიროსის” მიერ ჩვენზე ნახმარი იყო სიტყვა ,,დაყენება” (მღვდლობიდან დაყენება), ამოტომ გავაკეთე განმარტება იგივე სიტყვით _ ,,დაყენება” (და არა ,,გადაყენება”). თქვენს (,,დიდგორის”) მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში კი ,,დაყენება” შეცვლილია ,,გადაყენებით”, რაც აზრსაც ცვლის, რადგან, ალბათ, გამოგრჩათ, რომ დაყენება ძველქართულად აკრძალვას, შეჩერებას ნიშნავს (როცა სასულიერო პირი ხარისხს ინარჩუნებს, მაგრამ მღვდელმოქმედების უფლება დროებით არა აქვს), ხოლო გადაყენება, მოცემულ შემთხვევაში _ განკვეთას ანუ სამღვდლო ძალა-უფლების ჩამორთმევას. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოპაექრეს გარეგნულად (ფორმალურად) შეეძლო, შემოგვდავებოდა, _ აქაო და მ. გიორგის გადაყენებულად კი არა, დაყენებულად ვთვლი და საკითხს გვერდს უვლის; ე. ი. მართლაც დაყენებული უნდა იყოს, თორემ, ბრალს რაშიც ვდებ, იმაზე მიპასუხებდა და არა სხვა რამეზეო…

+

     წინა კომენტარში ,,დიდი სჯულისკანონიდან” მოვიყვანეთ ანტიოქიის კრების I განჩინება, რომელიც მღვდელმსახურებიდან განკვეთს არა მარტო ყველა იმ სასულიეროს, ვინც აღდგომის დღესასწაულს ურიების პასექთან ერთად ან მასზე ადრე აღნიშნავს (რაც უწევს ხოლმე კათოლიკური ანუ ე. წ. გრიგორიანული კალენდრით) და საეროებს უზიარებელ-ჰყოფს და ეკლესიიდან განდევნის, არამედ იმათაც, ვინც ამის შემდეგ ურთიერთობს ასეთებთან. იმის მაგივრად, რომ ,,კაიროსი” წმ. მამათა ამ საშინელ რისხვას დაეფიქრებინა (რადგან ფინეთის ავტონომიური ეკლესია სწორედ ასე იქცევა, ხოლო მას და მის სათაყვანო ილია მეორეს ლოცვით-ზიარებითი კავშირი აქვთ მათთან), ისევ აგრძელებს მისი 2005წ. ,,საშობაო ეპისტოლედან” ჩვენს დამოძღვრას: „რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს, იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რაიმე რელიგიურ ზეიმთან მცდარი აზრია”. მაგრამ ორივეს ავიწყდება, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან კავშირში არმყოფი ნებისმიერი საერო დღესასწაული წარმართობაა და სხვა არაფერი. მაგ., ავიღოთ საერო დღესასწაული ,,დიდგორობა” (12.08) ან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე (9.04)). ჩვენ პირველს აღვნიშნავთ იმიტომ, რომ აღესრულა ,,ძლევაი საკვირველი” (და საკვირველი ეწოდა იმიტომ, რომ ,,ეშმაკის მიმდევრებზე” გავიმარჯვეთ ღვთის მიერ ბრძოლის ველზე მოვლენილი წმ. გიორგის დახმარებით), რითაც მოხდა ქრისტეანობის გადარჩენა ქართველ ერში (აქედან გამომდინარე, სხვა კავკასიელ ერებშიც) და გადარჩენა თვით ქართველი ერის; ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადება ანუ ხორციელი მტრისაგან გამოხსნა იმდენად და იმ შემთხვევაშია ღირებული ხალხისათვის, რამდენადაც ის ასეთ პირობებში, სხვათაგან თავისუფლად, მეტად თუ აღასრულებს თავისი შვილების სულიერი გამოხსნის საქმეს. ასე, რომ ჩვენს შემთხვევაში, ერთიც და მეორეც, სწორედ, სარწმუნოებრივ შინაარსს მოიცავს და მხოლოდ საერო ანუ წარმართული დღესასწაული არ გახლავთ.
     ზემოხსენებულ ეპისტოლეში შეუსაბამობაა: თუ 1 იანვარს ,,რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს”, მაშ, საიდან ,,არის ბუნებრივი, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია”? _ თუმცა, გვახსოვს, წარმართულ-სატანური დღესასწაული ,,ბერიკაობა” როგორ არის განდიდებული საქართველოს საპატრიარქოს ყოფილ ოფიციალურ გამოცემაში ,,მადლი” თვით მისი რედაქტორის მიერ…
     ,,კანონისტი” წერს: ,,თუკი მსოფლიო კრების კანონები ერეტიკულ საკრებულოთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ცნობენ და წყალში შთაფვლას აღარ აღასრულებენ, თქვენ ვინ აღგჭურვათ რომის პაპის ცრუ უფლებებით, რომ ერთპიროვნულად განსაზღვროთ, ვინ მადლიანია და ვინ უმადლო?”. _ შევნიშნავთ, რომ ფორუმზე ,,კანონისტის” ზედსახელით შემოსული ჩვენთვის უცნობი ძმა (თუ დაი) ცდება, რადგან კანონები არაეკლესიაში შესრულებულ ,,ნათლობას” (და ,,ხელდასხმას”) კი არ ცნობენ, არამედ მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაში გადმოსულზე ნათლობისა და ხელდასხმის ხილული მოქმედება (ხალხში რომ რიტუალს უწოდებენ), შესაძლოა, აღარ განმეორდეს, თუ ეს ქმედება, გარეგნულად მაინც, სწორად იყო შესრულებული; ასეთს ან წმ. მირონცხებით იღებს ეკლესია, ან _ მისი სინანულისა და აღმსარებლობის დადასტურების შედეგად (იხ. წმ. მოციქულთა 46-ე და 47-ე, I მსოფლ. კრებ. XIX, II მსოფლ. კრებ. VII, VI მსოფლ. კრებ. 95-ე და წმ. ბასილი დიდის 47-ე კანონი; ასევე, მისივე I კანონიკური ეპისტოლე).
     დაბოლოს, ,,კაიროსი”, ვთქვათ, ვინმემ შეცდომაში შეიყვანა, როცა დააჯერა, რომ ჩვენ მღვდლობიდან მართლაც დაყენებული ვიყოთ. მაგრამ როცა ეს სიცრუე მართლაც დამაჯერებლად უარვყავით ანუ    სინამდვილე გავარკვევინეთ და ამაში დარწმუნების გზაც ვუჩვენეთ, მის ადგილზე, წესით, წესიერი ადამიანი შენდობას ითხოვს…
ვლოცავ ორივე მათგანს!

+

     ,,კაიროსი”: ,,ჰმ! საოცარია, მღვდელი რომელიც საკუთარ მაკურთხებელ პატრიარქს აგინებს, მერე იგივე პატრიარქს უკან ეფარება არ დავუყენებივარო, სარკაზმია”.
     პასუხი: ჯერ ერთი, პატრიარქს (და არც არავის) კი არ ვაგინებთ, _ ვამხელთ; პირველი ცოდვაა, მეორე _ მოვალეობა (ამაზე ქვემოთაც გვექნება საუბარი). მეორეც: მღვდლად გვაკურთხა არა ილია მეორემ (სხვათა შორის, მას არც დიაკვნად ვუკურთხებივართ), არამედ სერბეთის საპატრიარქოს, პარიზისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის, ეპისკოპოსმა (რომელთანაც ციტატის ავტორს, ასევე, ,,კანონისტს” და მათ სხვა თანამოაზრეებს, ევქარისტიული კავშირი აქვთ) და რომელსაც არც განკვეთილად გამოვუცხადებივართ, არც დაყენებულად (მღვდლობაშეჩერებულად). გამოდის, რომ ისინი თვით მათ მიერ ცნობილი ეპისკოპოსის ხელდასხმას არ ცნობენ…

     ,,კაიროსი”: ,,დაბრუნდეს ჩვენს იურისდიქციაში და ნახავს დააყენებენ თუ არა”.
     პასუხი: ამას კი ორგზის მართალს წერთ: 1. აქ უნებურად წამოგცდათ სიმართლე, რომ სამღვდლო ხარისხიდან დაყენებული ჯერ არ ვყოფილვართ. რადგან თუ უკვე დაყენებული ვართ (როგორც, ეს-ესაა, წერდით), რატომღა და როგორღა დაგვაყენებს თქვენი იურისდიქცია (ორჯერ დაყენება ხომ უაზრობაა და არ არსებობს)? 2. ილია მეორემ თბილისის სასულიერო სემინარიიდან ერთხელ იმიტომ გამოგვრიცხა, რომ სამ ჯგუფელთან ერთად ვამხილეთ მის მიერ სემინარია-აკადემიის რექტორად და ლექტორად დანიშნული ეპისკოპოსი (დღესდღეობით _ მთავარეპისკოპოსი), რომელიც საკუთარ სტუდენტებს (მომავალ მღვდელმსახურებს) ესოდომურებოდა… ხოლო მეორედ, უკვე, დიაკვნობაში, როცა ილია მეორეს ერთ-ერთი სასულიერო სასწავლებლის რექტორმა (მღვდელმა) პირადად მოახსენა, რომ სემინარიის ინსპექტორობიდან გაგვანთავისუფლა (ორ მასწავლებელთან ერთად) იმის გამო, რომ მხარს ვუჭერდით არა სისხლიანი გადატრიალებით მოსულ ძმათამკვლელ ხუნტას, არამედ განდევნილ ეროვნულ ხელისუფლებას, _ მან სამართლიანობის დასაცავად და ჩვენს აღსადგენად არაფერი იღონა, გარდა ქათინაურისა: ,,დაანებე მაგათ თავი, ნიჭიერი ხალხია”, _ უთქვამს რექტორისთვის)…
     დიახ, თქვენ, სამწუხაროდ, მართალს ამბობთ, რადგან საქვეყნოდ ცნობილია, რომ ილია მეორე, მეტადრე, მღვდელმსახურობიდან აყენებს ან კვეთს მის დაქვემდებარებაში მყოფ სიმართლის მთქმელთ და საღვთო რჯულის დაცვის მოსურნეთ; ხოლო ეკუმენისტ, მწვალებელ, მრუშ, მამათმავალ, მღვდელმოქმედებით მოვაჭრე, აღსარების გამცემ, უვიც, თამბაქოს მწეველ, ნარკომან, ლოთ, მოჩხუბარ, იარაღით და უკაბო-უანაფოროდ მავალ, ორ (და მეტ) ნაცოლარ (ასევე, ბერობაში, მღვდლობასა და ეპისკოპოსობაში ქორწინებულ), მარხვის მტეხელ, სჯულისკანონის აბუჩად ამგდებ ანუ სულიწმიდის მგმობელ, ბილწმესიტყვე ან სხვაგვარად უზნეო თუ საიდუმლო პოლიციის (როგორც უცხოური, ასევე, ქართული უშიშროების სამსახურების) აგენტ მსახურებს კი, თუ ასეთნი პირადად მას არ შეეხებიან, _ აწინაურებს.
     ამის წამკითხველს ჩვენზე რომ არ ეგონოს, თურმე, მღვდლობის დაკარგვის შინებია და ამიტომ არ გადმოდის საქ. საპატრიარქოშიო, _ შევნიშნავთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით: მღვდლობის დაკარგვის მას ეშინია, ვინც მის მოპოვებას ცდილობდა და ერთადერთი, რასაც მომავალი სამღვდელო პირი არ უნდა ესწრაფვოდეს, ესაა მღვდლობა (აქ იგულისხმება მღვდლობის სიდიადისგან აღძრული შიში და კრძალვა და აქედან გამომდინარე, ამისთვის საკუთარი თავის უღირსად მიჩნევა _ ,,ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ”).
     ვინც ჩვენს უღირსობას მღვდლობამდე და დიაკვნობამდე იცნობდა, მათ შორის, მტერიც კი ვერ იტყვის, რომ ოდესმე სასულიერო პირობას ვესწრაფვოდით; პირიქით კი იყო: რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ 13 წლის მანძილზე მრავალგზისი შემოთავაზების მიუხედავად, სულ მცირე, უასაკობისა და უღირსობის მომიზეზებით, ყოველთვის თავს ვარიდებდით მღვდლობას*, რადგან ყურში გვედგა ,,პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის” (წმ. გრიგოლ ხანძთელის ,,ცხოვრებიდან”) და მაცხოვრის, მარტო, ხსენებაც კი, თვალს, სამწუხაროდ, არ გვიცრემლებდა**… მაგრამ ამ საღვთო ცეცხლის, ,,ხის” დამწველისა და ,,ოქროს” განმწმენდის, მიღებას ერთადერთი მიზნით დავთანხმდით _ პატიოსანი მსახურებით ხალხის თვალში ოდნავ მაინც აღგვედგინა ,,მებრძოლი” ეკლესიის ღირსება, რომელიც უღმერთო ხელისუფლებისა და მისი მორჩილი სამღვდელოების მიერ საშინლად შელახულიყო (რის გამოც გული გვეწვოდა და ,,საღვთო მოშურნეობა” აღგვეძვროდა) და იქნებ, ადამიანებს ღვთისკენ სავალი გზის გაკაფვაში შევშველებოდით… თანაც, თუ უკვე სასულიერო პირი ხარ და ამ ხარისხში კანონის უხეში დარღვევით არ დაუდგენიხართ, ნამდვილად არა გაქვს უფლება სურვილისა, რჯულგანდგომილებს თავი გამოაცხადებინო, თუნდაც, უკანონოდ განკვეთილად, რადგან ამას ძალმოსილება ღვთის წინაშე, მართალია, არ ექნება, მაგრამ ხალხში, მით უფრო _ საეკლესიო კანონებში გაუთვითცნობიერებელში, დაბნეულობისა და ზედმეტი დაბრკოლების შეტანა შეუძლია, რადგან მოგაწებებენ ,,განკვეთილი მღვდლის” იარლიყს და მერე თავი უნდა იმართლო… ეს კი საღვთო საქმეს ავნებს, რადგან უფალმა ეკლესიის უღვთოთათვის ჩაბარება კი არ გვასწავლა, არამედ იქედან ასეთნი გამოდევნა…
______________
     *უფრო სწორად, _ დიაკვნობას თითქმის 4 წლის მანძილზე, და მღვდლობას _ 9 წლის მანძილზე (უკვე დიაკონს ეს მსახურება ისე შეგვიყვარდა, რომ გვსურდა, სამუდამოდ დიაკვნად დავრჩენილიყავით წმ. ეფრემ ასურივითა და წმ. შიო მღვიმელივით), რადგან ბერად არ შემდგარს დიაკვნობაზე უარის თქმის უფლება კი აქვს _ ბერს ამის უფლებაც არა აქვს, თუ 25 წლის ასაკს მიღწეულია _, მაგრამ უკვე დიაკვანს, სჯულისკანონის თანახმად, მღვდლობაზე და არქიმანდრიტს ეპისკოპოსობაზე (თუ დადგენილ ზღვრულ ასაკს, შესაბამისად, 30 და 35 წელს მიაღწია) _ აღარ.
     **ერთი წმ. მამის რჩევით, მომავალ სასულიერო კანდიდატს ისე უნდა უყვარდეს უფალი, რომ მისი ხსენება თვალებზე ცრემლებს უყენებდეს…

     ,,კაიროსი”: ,,არის ჩვენი ეკლესიის არ მაღიარებელ რუსული ზარუბეჟნიკების ეკლესიაში და იქიდან ლანძღავს ჩვენს ეკლესიას და ჩვენს სინოდს, და კაიროსისაგან შენდობას ითხოვს?”.
     პასუხი: თუ რატომ გადავედით ემიგრაციულ ეკლესიაში, ამაზე ბოლოს იხილავთ…
როგორც ზემოთ განვმარტეთ, ვინმეს კი არ ვლანძღავთ, _ ვამხელთ; პირველი ცოდვაა, ხოლო მეორე, ვიმეორებთ _ მოვალეობა. თუმცა, სულ არ გაგვიკვირდებოდა, დამწყებმა მორწმუნემ ეს რომ არ იცოდეს, რადგან ,,ბიბლიაში” მხილებასა და მის მნიშვნელობაზე 54-ჯერ კი არის საუბარი, მაგრამ ჩვენში, საქართველოში, სანამ ვინმე წმ. წერილის შესწავლას შეუდგება (ან მიუხედავად ამისა), უფრო პირველიერარქის ქადაგებებს უსმენს და კითხულობს; ხოლო იქ არათუ მხილების სათნოებაზე სწავლება, _ სიტყვა ,,მხილება”, შესაძლოა, ვერც ნახოს (ყოველ შემთხვევაში, მის ოცდათერთმეტწლოვან მოღვაწეობაში, პირადად ჩვენ, ასეთი ერთი შემთხვევაც კი არ გვახსენდება)…
     ვინმესგან შენდობის თხოვნას კი არ ვითხოვთ (ღმერთმა ჩემს ყველა მაბრალობელს შეუნდოს!), ისევ მისი (,,კაიროსის”) სარგებლობისათვის აღვნიშნეთ, რომ წესიერი კაცი, წესით, მის ადგილზე შენდობას ითხოვს-თქო, _ რაშიც ვიგულისხმეთ, რომ ამით მღვდლისადმი ცილისწამებით ბევრის დაბრკოლების ცოდვა, შესაძლოა, გამოისყიდოს…
     მცირე წიაღსვლა საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის (სა. რ. მ. ე.) შესახებ:
     1917წ. სატანური რევოლუციის შემდეგ, რუსეთის ეკლესიის საუკეთესო ნაწილიდან ისინი, ვინც მოწამეობრივ სიკვდილს გადაურჩნენ, იძულებულნი გახდნენ, დევნულ სულიერ სამწყსოს უცხოობაში გაჰყოლოდნენენ და ემიგრანტობის ტვირთი ეზიდათ*. მათ თან გაიყოლეს წყურვილი ჭეშმარიტების ერთგულებისა, რითაც მოხიბლეს მაშინდელი მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია _ დაწყებული სერბულით, დამთავრებული ბერძნულით: ყველა ეკლესია, უკლებლივ (ბუნებრივია, კრემლის კლანჭებში მოქცეული მოსკოვის საპატრიარქოს გარდა), ყოველმხრივ აღიარებდა და პატივს მიაგებდა ემიგრაციულ ეკლესიას; ხოლო მის პირველ პირველიერარქს, მიტროპოლიტ ანტონის**, არარუსი მღვდელმთავრები ,,მართლმადიდებლობის სინდისს” უწოდებდნენ. მხოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლური ქვეყნები დაიპყრო და თან, აპოსტასია გეომეტრიული პროგრესიით შედიოდა ძალაში, კრემლმა დაზვერვითი და მოსყიდვითი ხერხებით ყველა ადგილობრივი ეკლესია შეატრიალა მათგან მოსკოვის საპატრიარქოსაკენ, მაგრამ ეს ვერ შეძლო მცირე აზიაში იერუსალიმისა და ,,გაწითლებულ” აღმოსავლეთ ევროპაში _ სერბეთის ეკლესიასთან. ეს უკანასკნელი _ ისტორიულად ხელი შეუწყო რა ემიგრაციული ეკლესიის დაარსებასა და გაძლიერებას _ ყოველთვის, ბოლომდე ცნობდა მას და მის აღმსარებელ მამებს დიდ პატივს სცემდა, რაც გამოიხატებოდა ევქარისტიულ ურთიერთობაშიც კი (ბოლომდე ასეთივე მიმართება ჰქონდა ემიგრაციულთან იერუსალიმის ეკლესიასაც). შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზღვარგარეთის ეკლესია იყო, პირველ ყივლისა, კონფესიურად ჭეშმარიტების და მხოლოდ ამის შემდეგ _ რუსი ერის (და არა სახელმწიფოს) ,,მოძრავი კიდობანი” (შდრ.: მოსე და ებრაელი ერი). ღრმად გავეცანით რა ემიგრაციული ეკლესიის ისტორიას, მისდამი თავიდანვე პატივისცემა გაგვიჩნდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ მის წიაღში დავინახეთ აღმსარებლური სულისკვეთება და შეგვიყვარდა მასში ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებაში იგი. დიახ, ამ ეკლესიაში გადასვლა ჩვენთვის იყო თავის დაზღვევის საშუალება და გამოსავალი, რომ ერთი მხრივ, გავრიდებოდით ოფიციალური საპატრიარქოების აპოსტატებს, ხოლო მეორე მხრივ, რომელიმე ბერძნულ სქიზმატურ დაჯგუფებაში არ მოვხვედრილიყავით… (აქვე, ჩვენი მოქილიკე მტრების ანუ ვაშა-მამულიშვილების მიმართ მერამდენეჯერ გვიწევს ხაზგასმა: ,,წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული” _ გალაკტიონი)…
______________
     *ამას ოფიციალური საპატრიარქოების ქვეშევრდომნი ემიგრაციაში წასულ სამღვდელოებას გაქცევად უთვლიან. ამის გასაქარწყლებლად მოგვაქვს მიტრ. დანიელ დათუაშვილის სამართლიანი კომენტარი თავის ეპარქიასთან მიმართებაში: ,,აფხაზეთის სამღვდელოებამ ორი მიზეზის გამო იძულებით დატოვა აფხაზეთის ტერიტორია: პირველი ის იყო, რომ სამღვდელოების ახალი მსხვერპლი გამოიწვევდა დაპირისპირების გამწვავებასა და აფხაზეთის მოსახლეობის მძიმე სასიკვდილო ცოდვაში ჩაყენებას; მეორე ის, რომ მრევლის უმეტესმა ნაწილმა დატოვა ეპარქია და მისი მარტოდმარტო მიტოვება, ასევე, დაუშვებელი იყო”. ხოლო საბჭოთა რეჟიმის პირობებში თუ რატომ ვეღარ დაემორჩილებოდა უცხოეთში მყოფი სამღვდელოება და მრევლი მოსკოვის საპატრიარქოს, ამის მიზეზები იქვე შეგვიძლია, გადატანითი მნიშვნელობით ამოვიკითხოთ: ,,იქ (აფხაზეთში) დარჩენილი სამღვდელოება ვერ ახერხებს არსებული ხელისუფლების ზეწოლის გამო საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობას. […] ასეთ პირობებში აფხაზეთის ეპარქიაში მყოფი მრევლის ეკლესიური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სამღვდელოების უდიდესი ნაწილი ეპარქიაში არ იმყოფება, ხოლო ვინც დარჩენილია, მას არა აქვს ეპარქიის მმართველთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ნორმალური კანონიკური ურთიერთობა” (ინტერვიუ, ,,საქ. რესპუბლიკა”, №333, 14. 12. 1999წ.).
     **ესაა ამ და მსგავსი ბერძნული საკუთარი სახელის მიცემითი ბრუნვა და არა _ ,,ანტონს”.

     ,,კაიროსი”: ,,ჯერ პატრიარქს თხოვოს შენდობა”…
     პასუხი: რაც ვინმეს, მით უფრო, კათალიკოს-პატრიარქის წოდებაში მყოფი პიროვნების, ასევე, ,,კაიროსის”, ,,კანონისტის”* და მათ თანამოაზრეთა, წინაშე შემიცოდავს გულით თუ გონებით, საქმით, სიტყვით თუ კალმით (თუ მხილება უნებურად განკითხვაში გადამსვლია), ამისთვის შენდობას საჯაროდ ჯერ მათ ვთხოვ და მერე _ უფალს! ამავე დროს, განვმარტავთ: თუ ,,პატრიარქისადმი შენდობის თხოვნაში” მისდამი ბრმა მორჩილება და უკანონობასა და უზნეობაზე თვალის დახუჭვა ანუ საბოლოო ჯამში, ღმერთზე მაღლა ადამიანის დაყენება იგულისხმება, მაშინ, უკაცრავად და რბილად რომ ვთქვათ, საკითხს არასწორად სვამთ.
     ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გვესმის და მისასალმებელიცაა, ადამიანს, მით უფრო, ახალგაზრდას, თავისი პატრიარქისადმი ნდობა, ერთგულება და სიყვარული რომ აქვს (თუ ეს, ჩვენს შემთხვევაში, მართლაც ასეა და გამოწვეული არ არის საკუთარი სინდისის უხეში მიძინებით, პირადი გამორჩენითა და კარიერიზმით); ეს ბუნებრივიცაა და ქრისტეანულ ეპოქაში ასეც უნდა იყოს. მაგრამ ბევრი _ მით უფრო, ახალგაზრდა _ ვერ აცნობიერებს, რომ დღევანდელი დროება, მოყოლებული I მსოფლიო ომიდან, შესულია ,,აპოკალიპსის” ანუ ,,ბოლო ჟამის” თანრიგში და აღბეჭდილია ანტიქრისტეს სულით, ,,აპოსტასიით” ანუ ღვთისგან საყოველთაო განდგომილებით, რაც გამოიხატება როგორც საერო, ასევე _ და უფრო მეტად _ საეკლესიო მდგომარეობაში, როგორც ამას წმ. წერილი და მრავალი წმ. მამა წინასწარმეტყველებდა… _ კარგი, მაგრამ ისეთ პატრიარქს მაინც ეთაყვანეთ, პირჯვარს რომ თავდაყირა ანუ სატანურად არ ისახავს და ასევე არ სახავს მრევლსაც (დააკვირდეს, ვისაც ეს ჯერ არ შეუმჩნევია)! ამას რომ ვწერთ, ვინმეს განქიქების ჟინი კი არ გვამოძრავებს, არამედ გული გვტკივა ჩვენს ერზე, რომ არა ჰყავს ,,მწყემსი კეთილი”, რომელიც ჯერ ნამდვილად იკურთხებს საკუთარ თავს, შემდეგ, ჭეშმარიტად დალოცავს და ყველაფერში სწორ გზას უჩვენებს ხალხს… რაც ახლა წაიკითხეთ, ესაა არა ლანძღვა-გინება, არამედ მწარე სიმართლე, რომელიც მძიმე მოსასმენია და რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალზე მტკივნეულია, თვალებში უნდა ჩავხედოთ, რომ ჩვენი პირადი და ერის სულიერი განკურნების გზას დავადგეთ…
______________
     *,,მართლმადიდებლური ფორუმის” ერთ-ერთი ,,სენატორი”.

     ,,კაიროსი”: …,,და მერე თუ უნდა კაიროსი ლევილში ეახლება და დაყენებული კი არა, განკვეთილიც რომ იყოს, თუკი სინანულში იპოვის, დიდად გაიხარებს მასთან ერთად, როგორც დაკარგული ძმის დაბრუნებისას…”.
     პასუხი: იმედია, ეს სიტყვები გამოწვეულია არა ჩვენი საოცნებო განკვეთის წყურვილითა და ამისი მიღწევის წარმოდგენით აღგზნებული სიხარულით, ან წყეული ჯ. სოროსის მიერ დაქირავებული ,,საიტის” ხელმძღვანელთა მიზნებით, არამედ პატიოსან, თუნდაც, შემცდარ, ძმათა კეთილსურვილით!.. _ ორივე შემთხვევაში, გულწრფელად გეპატიჟებით ლევილში, რათა როგორც ძმამ და მამამ გულში ჩაგიკრათ დასაკარგ ცხოვრად ვერგამეტებული შვილნი…
     ისე, ლევილის ხსენებაზე გაგვახსენდა ერთი ამბავი, რაც არასდროს გამოგვიქვეყნებია: ყოფილმა დეკანოზმა და საქ. საპატრიარქოს პრეს-ცენტრის უფროსმა, თავიდან ილია მეორეს მარჯვენა ხელმა, მის მიერ ეკუმენიზმის გზაზე დაყენებულმა და ბოლოს, დაბნეულმა ბასილი* კობახიძემ, რომელიც ჯერ კიდევ გააფთრებული პატრიარქისტი იყო და ამის გამო, პარიზში შეხვედრისას არათუ არ გვლოცავდა (მაშინ, დიაკონი გახლდით), არც კი გვესალმებოდა-ხოლმე, საფრანგეთში საქართველოს ელჩს ჩვენზე მისწერა, ეგ პატრიარქის მტერი ლევილის ქართული მამულიდან გამოაგდეთო (მერე, ალბათ, გახსოვთ, როგორი ღია წერილით მიმართავს პატრიარქს, რომელსაც მრავალ მძიმე ბრალდებას უყენებს და საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის აგენტსაც კი უწოდებს…)… ჩვენ, მაშინ, ჯერ კიდევ დეკანოზს, მივუტევეთ ეს უსამართლო დასმენა და პასუხი არ მოვთხოვეთ; არც მისი წერილის ასლი გამოგვიქვეყნებია. გავიდა მრავალი წელი, მაგრამ გგონიათ, რომ ჩვენს წინაშე ადამიანურად, კაცურად მაინც ითხოვა შენდობა?!. _ ღმერთმა მიუტევოს! სამწუხაროდ, საქ. საპატრიარქოს ადეპტთაგან ჩვენს მიმართ, დიდი ხანია, მიჩვეული ვართ დასმენასაც, ცილისწამებასაც, დაცინვასაც, ზოგადი და კერძოდ, ფიზიკური ანგარიშსორების მუქარასაც და ა. შ., რაც არც ,,კაიროსისგან”, არც ,,კანონისტისგან” და შინაურებიდანაც კი აღარ გაგვიკვირდება, მაგრამ ამას არც არავის ვუსურვებთ, რადგან უბრალოდ შევნიშნავთ, რომ რამდენიმე წლის წინათ საქ. საპატრიარქოს მღვდელი ემიგრაციულ ეკლესიასა და მის წმინდანებს ისე უტიფრად გმობდა, გავაფრთხილეთ, რაიმე სასჯელი არ შეიმთხვიო-მეთქი და მალე ისეთი რამ დაემართა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა; ასევე, ამასწინათ, საქ. საპატრიარქოს ერთ-ერთი მღვდელი საქართველოდან ტელეფონით ისე გვლანძღავდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და გვემუქრებოდა და რაც ყველაზე უფრო საშინელია, გმობდა ემიგრაციულ ეკლესიასა და მიტროპოლიტ ვიტალის, რომ გავაფრთხილეთ, უფალმა არ დაგსაჯოს-მეთქი და მეორე დღეს, როცა ერთ-ერთი საქვეყნოდ მრუში ეპისკოპოსის ეპარქიაში ბავშვის მოსანათლად მიდიოდა, რომლის დროსაც კვერექსში, ბუნებრივია, ეს განსაკვეთი ეპისკოპოსი უნდა მოეხსენიებინა, გზაში ისეთი რამ შეემთხვა, სული კინაღამ განუტევა… ამის მერე, თურმე, ჩვენი სახელის ხსენებასაც კი ერიდება…
______________
*ესაა ამ და მსგავსი ბერძნული საკუთარი სახელის სახელობითი ბრუნვა და არა _ ,,ბასილ”.

     ,,კაიროსი”: ,,დანარჩენზე პასუხს კანონისტი გასცემს, მისი კამათია…”.
     პასუხი: აქ მხედველობაში გაქვთ ის, რომ კანონიკურ საკითხებზე ,,კანონისტად” ზედწოდებული პიროვნება შეგვაგონებს. მაგრამ მან ჯერ როგორ უნდა დამოძღვროს ვინმე, როცა ეკლესიოლოგიის საფუძვლებში ვერ ერკვევა (არ დავცინით, ღმერთმანი, _ სტიმულს ვაძლევთ, რომ მომავალში გაერკვეს და მანამდე, სხვათა შეცდომაში შეყვანისათვის, თავს არ დაიტეხოს მოციქულის რისხვა: ნუ ყველაი ჰმოძღვრით, რაითა ამისათვის უმეტესი სასჯელი არ მოიღოთ!)?! მაგ., ჩვენს მიერ წინა კომენტარში განმარტების შემდეგ ის ისევ ჯიუტად იმეორებს, რომ ეკლესია არაეკლესიაში შესრულებულ რიტუალს საიდუმლოდ ცნობსო, რაც შეუძლია, გადაამოწმოს, ვთქვათ, საქ. საპატრიარქოში ერთ-ერთ წიგნიერ ღვთისმეტყველ _ გიორგი ანდრიაძესთან ან ნებისმიერ განათლებულ სასულიერო პირთან; ან წაიკითხოს ახალმოწამე მთავარეპისკოპოს ილარიონ ტროიცკის მონოგრაფია ,,ქრისტეანობა არ არსებობს უეკლესიოდ” (მონრეალი, 1986წ.), რომელიც მან ეკლესიაში ბოლოჟამს შემოპარული მსგავსი არასწორი განმარტების სამხილებლად დაწერა და რომელშიც მოხდენილია ბევრი წმინდა მამისა და საეკლესიო კანონის ციტირება (მის ქართულად თარგმნასა და გამოცემასაც ვაპირებთ, თუ უფალი გვაცოცხლებს).

     ,,კანონისტი”: ,,პატივცემულო “მღვდელო”, იქნებ წაგეკითხათ მაგ კანონთა განმარტებები?
ეტყობა თქვენთვისაა რიტუალი ნათლობა და ჩემთვის იგი უფლის ერთ-ერთი უწმიდესი და საშინელი საიდუმლოა, რომლითაც ხდება მეორედ შობა ადამიანისა, ხოლო მსოფლიო კრების კანონი კი მეუბნება, რომ მეორედ შობა აღარ არის საჭირო ზოგიერთ (ჩამოთვლილია) ერეტიკულ ეკლესიაში მონათლულ ადამიანთათვის. ფაქტია, რომ ამგვარი ადამიანი მრწამსით დაამოწმებს, რომ აღიარებს “ერთსა ნათლისღებასა” და ეს ნათლისღება შესრულებული იქნება ერეტიკულ საკრებულოში (და არა მართლმადიდებლურში), მაგრამ აღიარებული ჩვენს მიერ”.
     პასუხი: ნათლობის საიდუმლოს რიტუალს ჩვენ კი არ ვუწოდებთ, ,,ხალხში რომ უწედებენ”-თქო, ასე გვეწერა (ყურადღებით წაიკითხეთ!). ხოლო, სხვა კონტექსტში, რიტუალს ვუწოდებთ მწვალებელთა საკრებულოში შესრულებულ ნათლობის გარესახეს (სუროგატს) სწორედ იმის ხაზგასასმელად, რომ ის მართლაც რიტუალია და არა საიდუმლო. მკითხველს, შეუძლია, ჩვენს წინა კომენტარში მითითებულ წმიდამამათამიერ კანონთა გარდა გაეცნოს მაცხოვრის თვით წმ. მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონებს და დასკვნა თვითონ გამოიტანოს, _ ავრცელებს თუ არა ჩვენი მოპაექრე ერეტიკულ აზრს (ღმერთმა შეუნდოს!):
     ,,თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა მიიღოს ერეტიკოსის მონათვლა ნათლისღებად ან მის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის განკვეთას ვბრძანებთ, რადგან რა აქვს საერთო ქრისტეს ბელიართან (სატანასთან)? ან რა აქვს საერთო მორწმუნეს ურწმუნოსთან (შდრ. II კორინთ., 6: 15); თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათელღებული ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმერთოთაგან შემწიკვლულია [მათი ნათლისცემით], განიკვეთოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი და არგამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისაგან”.

     ,,კანონისტი”: ,,ცილისწამება ისაა მე რომ ღვთისმგმობი რასელის “რეინკარნაცია” მიწოდეს, მაგრამ არა უშავს. ღმერთმა შეუნდოთ”.
     პასუხი: ციტატა ისეთ კონტექსტშია მოყვანილი, რომ ამ ,,ფორუმზე” ახალშემოსულ მკითხველს შთაბეჭდილებას უტოვებს, ეს სიტყვები მისთვის, თითქოს, ჩვენ გვეწოდებინოს, _ რაც ასე არ არის, რადგან ჩვენი, როგორც მოძღვრის, მიზანი ვინმესთვის ცილის დაწამება კი არა, დამწყებისა თუ შემცდარის განსწავლა და მისთვის წმინდამამებისეული სამეუფეო გზის ჩვენებაა…

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე
ლევილი, 16/29.01.2009წ.

მღვდ. გიორგი სხილაძის „კომენტარების კომენტარები“-ის გაგრძელებას იხილავთ უახლოეს მომავალში. 

3 Responses to “მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (ნაწ. II)”

  1. guja Says:

    დამლოცეთ მამა გიორგი!
    წავიკითხე თქვენი პასუხები და კომენტარები, ბევრ რამეში გეთანხმებით, მაგრამ ბევრ რამეში კატეგორიულად არ გეთანხმებით, ნუ ეს ჩემი პირადი აზრია…
    თქვენ როგორც ამ საიტზე მოღვაწეს, გთხოვთ თქვენც ჩაერთოდ დებატებში აქ: https://didgori.wordpress.com/2009/01/22/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94/

    რადგან ზოგიერთი აქ მყოფი განსაკუთრებული გულქვა და გაბოროტებული გონებით გვლანძღავს, რაც ვფიქრობ რადიკალურად შორსაა ქრისტიანობიდან და ქრისტიანული ზნეობიდან მხილების ფორმებში…

    გმადლობთ

  2. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი Says:

    დაგლოცოთ უფალმა!
    უკაცრავად, რომ დროის უქონლობის გამო აქამდე ვერ შევძელი თქვენი თხოვნის შესრულება.
    ისე, თუ იმასაც დაწერთ, ,,რაში არ გვეთანხმებით კატეგორიულად”, თქვენს მიერ მითითებულ გვერდზე ჩვენი ჩართვა უფრო გაადვილდება…

    უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი

  3. გიორგი წულაძე Says:

    ბატონო ელგუჯა მარდალეიშვილო, მერე ვინ არის დასაბამი „გულქვა და გაბოროტებული გონებით“ ლანძღვის ცოდვაში, ბატონების – „daviTi“-ის და „stalker“-ის ჩავარდნისა? იქნებ ჯერ საკუთარ თავი და შენი ფორუმელი მეგობრები დაადანაშაულო ამაში და მერე კი სტალკერი და დავითი განიკითხო. ჯერ საკუთარი თვალიდან დირე ამოიღე და მერე ამოუღე ბეწვი დავითს და სტალკერს თვალებიდან! დიახ, მართალს ბრძანებ, მათაც შესცოდეს, რადგან ასე ქილიკით, ცინიზმით და „ღადაობითი“ მხილებით ისინი უკვე თქვენ გემსგავსებიან, ამიტომ ბრძანა წმიდა მამამ აბა ესაიამ: „გაექეცი საუბარს მწვალებელთან სარწმუნოების შესახებ, რათა შხამი მათი მკრეხელური სიტყვებიდან მომწამლავი არ გამოდგეს შენთვის“

    ვთხოვ, ბატონებს – დავითს და სტალკერს, ასევე ყველა მართლმადიდებელს, ვინც კომენტარებით შემოვა „დიდგორზე“ და თანაც ამას ვთხოვ მათ დიდი პატივისცემით დიდი სიყვარულით და უმორჩილესი თხოვნით, თავი შეიკავონ ელგუჯა მარდალეიშვილის და სხვა თბილისის და საპატრიარქოს ფორუმელ მგმობელებთან ქილიკურ-ლაზღანდარული ტონით მხილებებათა დისპუტებისგან, რადგან ამ ბოროტმსახურთ სწორედ ეს უნდათ რომ მათ დაემსგავსოთ, და თუ ვინმე თავს ვერ შეიკავებეს, ჯობია გაჩუმდეს და ერწმუნოს „დიდგორის“ რედაქციას, რომ სიტყვა არ შერჩებათ მართლმადიდებლობის მტრებს!

    ხოლო, შენ კი ელგუჯა, გაფრთხილებთ, „დიდგორის“ კომენტარებში გეკრძალება ერესების პროპაგანდა, შენთვის ნებადართულია მხოლოდ შეკითხვები მღვდლებთან, თუკი რაიმეს გაგება გსურს, ხოლო როცა მიიღებ პასუხს, შეგიძლია შემდეგი შეკითხვა დასვა. ასევე შემოდი კომენტარებში შენი სახელით და მოიხსენი ეგ მკრეხელური ფსევდონიმი „მამა ჯემალი“; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შენი წერილი წაიშლება და ვეღარ იხილავს „დიდგორის“ ნათელს.

    „დიდგორის“ რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: