ტკივილიანი სინამდვილე – კომენტარების კომენტარები(ნაწ. V)

კივილიანი სინამდვილე
(კომენტარების კომენტარები-V)

ჭეშმარიტებაზე დადუმება იგივეა, რაც მისი უარყოფა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი (VIIს.)

 

monazvnebtan-ertad

  მონაზვნებთან ერთად

   წინამდებარე წერილი, რომელსაც აქ იხილავთ, უკვე, გამზადებული გვქონდა გამოსაქვეყნებლად, როცა პატრიარქ ილია მეორეს ავად გახდომა შევიტყვეთ. მაგრამ ამისაგან (გამოქვეყნებისაგან), ძირითადად, სწორედ ამან შეგვაკავებინა თავი, რადგან იმ დროს ეს არაკორექტული იქნებოდა. ამასწინათ, ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე” დაიწერა, როცა პატრიარქმა სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა, მამა გიორგიმ მრევლში ლოცვა-კურთხევა გასცა, მის გამოსაჯანმრთელებლად ილოცეთო; და ეს ერთ-ერთმა მკითხველმა ვერ დაიჯერა (როგორც ჩანს, ვერ წარმოუდგენია, თვითონ კეთილი უსურვოს თავის არათანამოაზრეს). ვადასტურებთ, რომ ეს ნამდვილად ვთხოვეთ ჩვენს სულიერ შვილებს შემდეგი სიტყვებით: ღმერთმა გამოაჯანმრთელოს და დაე, ეს ავადმყოფობა მაინც ქცეულიყოს მისთვის ღრმა სინანულისა და იმ დიდი სულიერ-ზნეობრივი დარღვევების გამოსწორების ბიძგად, რომლებიც ქართულ ეკლესიაში ხდება! რა თქმა უნდა, ეს გამოვაცხადეთ საკუთარი სურვილით, რადგან არანაირი გარემოება ამას არ გვაიძულებდა. რა არის აქ გასაკვირი და დაუჯერებელი?! ნუთუ, ქრისტეანებმა, რომლებსაც უფლისგან ნამცნები გვაქვს თვით პირადი მტრებისთვისაც კი ლოცვა და ჩვენი მაწყევრებისთვის _ კეთილისყოფა, სიკეთე არ უნდა ვუსურვოთ ადამიანს, რომელიც ჩვენი ერის უწმინდეს და უნეტარეს საკათალიკოსო ტახტზე ზის?! განა, ეს ქრისტეანობის ,,ანი-ბანი” არ არის?! ან რა გასაკვირი იყო ეს ჩვენგან, როცა ჩვენს 2004წ. გამოცემულ ნარკვევში ამას ვწერთ (როგორც ჩანს, ჩვენი მოპაექრენი ჩვენს ნაწერებს ან არ კითხულობენ, ან _ ზერელედ)?:

   უზნეობაა, ძმამ ძმას დააყვედროს, შენზე მეტად მიყვარს მამა ან მამას მე ვუყვარვარო და მით უფრო, ეს მამას გააგონოს. სიყვარული პირადი განცდაა და მხოლოდ ღმერთია გულთამხილავი, ვის როგორ უყვარს მოყვარე თუ მტერი. ჩვენი მხრივ, ერთსღა ვიტყოდით მხოლოდ: უბედნიერესად ჩავთვლიდით თავს, თუ უფალი ღირსს გაგვხდიდა, მამამთავრისთვის მოსახვედრი მახვილი ჩვენ მოგვხვედროდა; ანდა, შესაძლოა, უფალს კათალიკოს-პატრიარქის მოღვაწეობა არ სათნო-ეყოს და ჯოჯოხეთში განიმწესოს (ღმერთი ვისაც მეტს აძლევს, მისგან მეტსაც ითხოვს), ხოლო მოხდა სასწაული და ჩემი უღირსობა სთნავდეს და სასუფეველი გვიწყალობოს. _ უფალს შევევედრებით, მის მაგივრადაც ჩვენ შთაგვაგდოს სატანჯველში, ოღონდ, ის ცხოვნდეს… (გვ. 12).

   ნუთუ, ვინმეს ჰგონია, რომ ეს სიტყვები უგულოდ და ყალბადაა დაწერილი? განა, ეს, უბრალოდ, შესაძლებელია? სხვათაშორის, იმ ნარკვევს ,,შესავალშივე” წარვუმძღვარეთ ი. ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები, რომლებითაც იგივეს თქმა გვსურდა, რაც მას:

        ჩემზედ ამბობენ: ის ქართვლისას სიავეს ამბობს;
ჩვენს ძვირს არ მალავს. ეს ხომ ცხადლივ სიძულვილია?!
_ ბრიყვნი ამბობენ! კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ „სიძულვილში“ რაოდენი სიყვარულია.          

   ახლა კი, სანამ ზემონახსენებ წერილზე გადავიდოდეთ, იძულებული ვართ, მას გარკვეული, ზოგჯერ, დაწვრილებითი, წანამძღვრები გავუკეთოთ, რადგან როგორც ვაკვირდებით, პატრიარქის პიროვნებისადმი პირდაპირ მხილებითი დამოკიდებულება ზოგში ბადებს გაბოროტებული წინააღმდეგობის ვნებას, რაც, სხვათაშორის, აშკარად ბოროტისგანაა, რადგან გაიხსენეთ, თუნდაც, რა საბაბით სცემდნენ მაცხოვარს, _ ჩვენს მღვდელმთავარზე აუგს როგორ ამბობო! ხოლო როცა სიმონ-პეტრემ თავისი, მართლაც, უსაყვარლესი და უცდომელი მოძღვრის _ უფლის დასაცავად ჯარისკაც მალქოზს ყური ჩამოათალა, მაცხოვარმა მას საქციელი დაუწუნა. ყველა შემთხვევაში, გულს გვიკლავს ის, რომ ამ ტკივილიანი სინამდვილის, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, გაშიშვლების აუცილებლობა და ამაში ჩვენი პირადი ვალდებულება ზოგში ვერგაგებასა და უარყოფით გრძნობას იწვევს. დიახ, ადამიანურად კარგად გვესმის მისი, ვისაც საკუთარი მოძღვარი ან მამამთავარი მართლა უყვარს და მის დაცვას ანგარება არ კარნახობს… ერთმა ,,ფორუმელმა” პირდაპირ აღიარა, _ მამა, როგორიც არ უნდა იყოს, მაინც ჩემი მამაა და მის გალანძღვას არავის ვაპატიებო… ჯერ ერთი, მამას არავინ ლანძღავს (ყველას თავისი საქმე ლანძღავს ან აქებს), _ ამხელს; მეორეც და რაც მთავარია, კარგია, რომ მამა გვიყვარს (აქ რაა განსაკუთრებული?!), მაგრამ არ დაგვავიწყდეს უფლის შეგონება: ,,რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს” (მ. 10,37). ვისაც თავისი მამა სიმართლეზე მეტად უყვარს, გამოდის, რომ უფალზე მეტადაც ჰყვარებია, რადგან სიცრუის მამა თუ ეშმაკია, სიმართლისა _ უფალი.

   ამავე დროს, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ,,ფორუმზე”, ჩვენს მოწინააღმდეგეთა შორის, ძირითადად, ორი ჯგუფია: ჭეშმარიტების მაძიებლების და წინასწარგანწყობილების. მოპაექრეების ძლევა ნამდვილად გაგვეხარდებოდა, ეს მოპაექრე, ვთქვათ, რუსეთის ჯარს რომ წარმოადგენდეს. მაგრამ მიკერძოებულნიც (დაინტერესებულნი) და გულწრფელნიც _ ღვთის მადლით, ორივე მხარე გვიყვარს, როგორც მტერ-მოყვარე.

   ,,მართლმადიდებლური ფორუმის” ზოგი ,,სტუმარი” ჩვენზე გაგულისებულა, _ რატომ პასუხს არ გვცემსო; ,,კაიროსი” იქამდეც კი მიდის, რომ ბრალდებას გვიყენებს, ჩემს კითხვებს თავს არიდებსო… _ ჩემო ძამიკო, ჩვენს ცხოვრებაში ჯერ ისეთი კითხვა არ არსებობს, ერთისთვის მაინც, თავი აგვერიდებინოს. უბრალოდ, ყველა კითხვის წაკითხვის, გასიგრძეგანების (გაანალიზების) და პასუხის დაწერის დრო ნაკლებადა გვაქვს სამწყემსო-ლიტურგიული და სხვა უამრავი საქმის გამო. თანაც, მოძღვრის ყოველი აზრი და სიტყვა ყოველმხრივ აწონილ-დაწონილი და გაწონასწორებული უნდა იყოს უკიდურესობათა შორის. ერისკაცნი თუ ხელის ერთი მოსმით აცხობთ სახელდახელო ,,ოპუსებს”, ჩვენ ამ ,,კომენტარებზე” მუშაობისას გვიწევს ღამეების თევა (ისევ, თქვენი სიყვარულიდან გამომდინარე), რადგან სასულიერო პირის ნაწერებს, გასაგებ მიზეზთა გამო, მეტი პასუხისმგებლობითი და სამერმისო მნიშვნელობაც აქვს. კი, მაგრამ რაც უკვე დავწერეთ, განა, ის საკმარისი არ იყო?! რამდენჯერ შეიძლება, ერთი და იგივე საკითსს ვუტრიალოთ?! განა, უფალი არ გვეუბნება, შემცოდეს ერთი-ორჯერ შეაგონეო?! ზოგს, სამწუხაროდ, მიწისა ვერ გავაგებინეთ და ზეცისას როგორ გაიგებს?! ბევრმა ჩვენს გაწვდილ ხელს უგულოდ, ცილისწამებით და უზრდელადაც კი უპასუხა. რომ გამოგიტყდეთ, ეს ყველაფერი ჩვენზე ძალზე მოქმედებს, ,,რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი; შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი” (ფსალმ.: 54,13-14). დიახ, ჩვენს მოპასუხეებს გულგრილად რომ ვუყურებდეთ, ზოგიერთი მათგანის ნაღველივით მწარე სიტყვა არ დაანაღვლიანებდა ჩვენს, ისედაც, ნოსტალგიის სიმწრით დალტობილ გულს, რომელმაც, ამასწინათ, ესეც აღმოთქვა:

                     ზოგს მკვდარი დედა ენატრება, მე კი _ ცოცხალი.  

   ,,ცხოვრებით დევნილები ხართ…” _ ერთი ,,ფორუმელი”, ,,Subterranean“-ი ნიშნისმოგებით მიმართავს მეორეს _ ,,დევნილს”.

   _ დიახ, მართლალს ბრძანებთ ერთი შესწორებით: ოღონდ, არა _ უფლის მიერ შექმნილი მშვენიერი ცხოვრებით, არამედ ,,დიდი ნათლია-ნათლულის” მიერ ერთობლივად მოტანილი იმ ცხოვრებით, რომელიც, ბოლო ათწლეულებია, გადასაკარგავში დევნის არა მხოლოდ ჩვენისთანა, არამედ მილიონნახევარ ჩვენს თანამემამულეს: ჩემისთანა მცირეს _ სულიერი, ხოლო უმრავლესობას _ არსობის (საარსებო) პურის მოსაპოვებლად…

   სულ არ გვიკვირს, _ რაც ახლა ვთქვით, ეს რომ ვერ დაიჯეროთ ახალგაზრდა თაობამ, რომელთა რიგს მიეკუთვნებით, ძირითადად, ამ ,,ფორუმის” წამყვანებიც და მკითხველებიც. ამიტომ, იძულებულნი ვართ, მცირეოდენი განმარტება დავურთოთ ჩვენს ნათქვამსა და სათქმელს, რათა თუ თქვენ ჩვენზე ხართ დაბრკოლებულნი, _ ჩვენს პატრიარქს ყველაფერში რატომ არ ემორჩილებითო, ჩვენ მასზე ვართ დაბრკოლებულნი საეკლესიო და ეროვნულ საკითხებში და მაგალითად, ამ უკანასკნელში, აი, რატომ:

   ჩვენ იმ თაობას მივეკუთვნებით, რომლის ყრმობაში ნაოცნებარ სამშობლოს ,,რუსის ჩექმისგან” დამოუკიდებლობის გამოცხადებას სიჭაბუკეშივე მოესწრო. თავისუფლად ავირჩიეთ ეროვნული მთავრობაც, მაგრამ კრემლის (,,თეთრი სახლის” დასტურით) მოწყობილმა რევანშმა ჩაგვამწარა ღმერთმებრძოლი კომუნისტური მთავრობის დამარცხებით გამოწვეული დროებითი აღფრთოვანება. ხალხის მხარდაჭერა რომ ვერ მოიპოვა, ეროვნული მთავრობის ,,ოპოზიცია” კაენის ხერხზე გადავიდა და სამხედრო-სისხლიანი გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში (22.12.91/6.01.92).

   რა მოიმოქმედა, ამ დროს, სრულიდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა? რა ღვაწლი იდო თავს? _ მხოლოდ მომრიგებლის და არა მოსამართლის. სიმართლის სამართლითა და სამართლის სიმართლით არ ჰსაჯა და გვერდით დაუდგა არა ხალხს, არამედ მკვლელებს… ეროვნული ხელისუფლების იარაღით განდევნას მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით დედაქალაქში რამდენიმეგზის გაიმართა ათეულათასობით შეკრებილი ხალხის მშვიდობიანი გამოსვლა, რომლებიც რბევასა და სისხლში ჩაახშო სამხედრო ,,ხუნტამ” დიდუბეში (3.01, მოკლეს 2 ადამიანი), რკინიგზის სადგურთან, ,,თამარის ხიდთან” (2.02, მოკლეს 9 ადამიანი: ყველაზე ახალგაზრდა 15 წლისა და ყველაზე ხნიერი 70 წლისა) თუ სხვაგან _ იხ.: http://www.youtube.com/watch?v=W2HUO0TLlHg _ მათ შორის, პირდაპირ ქუჩებში დაიხვრიტნენ თქვენი ასაკისანიც: 17წლ. მამუკა ტერიშვილი და 21წლ. გივი რეხვიაშვილი)… მაგრამ ამ ყველაფერზე არათუ დუმდა ერის მამა, არამედ ,,ხუნტის” ყველა მნიშვნელოვან შეკრებას ხალისითა და კმაყოფილებით ესწრებოდა (ეს მას სახესა და ქცევაზეც ეტყობოდა) და სახელმწიფო დამნაშავეებისათვის _ მხილებას ვინღა ჩივის! _ ლოცვა-კურთხევასა და ტაშს არ იშურებდა*.

______________  

   *მაგ., ,,პუტჩიდან” 6-7 კვირის შემდეგ (21.02), თბილისის სპორტის სასახლეში შედგა მოჯანყეთა ყრილობა, რომელიც საზეიმოდ აკურთხა ილია მეორემ და მას დაესწრო, კიდეც. ამ შეკრების მიზანი იყო, მოქმედი ეროვნული კონსტიტუციის გაუქმება და აღდგენა 1921წ. 21 თებერვლის ,,მენშევიკური” კონსტიტუციისა, რომელშიც, სხვა ხარვეზებს რომ თავი დავანებოთ, სტატუსი აფხაზეთისა, როგორც ავტონომიური ერთეულისა, განსაზღვრული არ ყოფილა. ეს იყო მოსკოვის კრემლიდან მომდინარე დაკვეთა, რომელსაც მისი წინასწარი გათვლითა და გეგმით, უნდა მოჰყოლოდა აფხაზეთის მხარის აფსუა-ადიღეური მოსახლეობის წინააღმდეგობა (აქაო და საქართველოს ახალ _ სინამდვილეში, მოძველებულ _ კონსტიტუციაში ჩვენი ადგილი აღარ არისო…), რაც ეთნიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო და ხანგრძლივი სისხლიანი კონფლიქტის შედეგად, ეს უძველესი ქართული კუთხე, საბოლოოდ, უნდა ჩამოგვჭროდა… _ ცოდვათა ჩვენთა გამო, განგებამ დაუშვა ამ ბოროტი განზრახვის სისრულეში მოყვანა სწორედ ბოროტზე და სიკვდილზე კეთილის გამარჯვების დღესასწაულზე _ ჯვართამაღლების დღეს. 

   შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობამ სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლა და მარტო სამეგრელოს მხარე ცეცხლითა და მახვილით ხუთგზის დალაშქრა ,,ნაკურთხმა” ხელისუფლებამ (ეს ძალზე მოკლედ; ვრცლად მალე იტყვიან…). გვახსოვს, ქ. ზუგდიდის მორიგი ,,ეგზეკუციისას” ილია II ტელევიზიით გამოვიდა (თუ გამოიყვანეს _ რა მნიშვნელობა აქვს?), მეგრელებს კერპთაყვანისმცემლობის ცოდვა შეახსენა (ამაში ამ კუთხის შვილთა ზ. გამსახურდიასადმი აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობდა) და თქვა, რომ კაცის, ვინც უნდა იყოს ის, კერპად გახდომა არ შეიძლება. რატომღაც, იგივე არ შეუგონებია მათთვის, ვინც მის თვალწინ საკუთარ ,,ნათლულ” ედუარდ-გიორგის, მოგვიანებით, პირდაპირ ქუჩაში დაუჩოქეს (სხვათაშორის, კარგი იქნება, იგივეს დღეს მაინც თუ შეაგონებს, უკვე, საკუთარ თაყვანისმცემლებს…).

   ამ მოვლენებიდან რამდენიმე წელი იყო გასული, როცა, საქ. საპატრიარქოს შენობასთან მოგვიწია შეჩერებამ და ვხედავთ, რომ _ პატრიარქის დაბადების დღეაო და _ ყოველი მხრიდან მოემართებიან მღვდელმთავრები მისალოცად. ირგვლივ სახლები ჩაბნელებულან, ბევრგან, უკვე, სიცივე და შიმშილი მეფობს და მხოლოდ ეს შენობა გაჩირაღდნებულა და გაფუფუნებულა სადღესასწაულოდ. ჩვენმა ყოფილმა სულიერმა და-ძმებმა გვითხრეს, ზემოთ წვეულებაა, მონაზვნები შენც გეპატიჟებიან, რომ როიალზე დაკვრით, რაც პატრიარქს უყვარს, ეს დღე შენც მიულოცოო. უცებ, ჩვენს თვალწინ წარმოსდგა ყველაფერი ის, რაც ახლახანს მოგითხრეთ; ასევე, ისიც, რომ ამ ყველაფრისა და ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ბომბებით განდევნის შემდეგ, როცა ,,დემოკრატ” რევოლუციონერთაგან მოკლულთა გვამები ჯერ არ გაცივებულიყო, ეს, ამ შენობაში, კათალიკოსმა დიდი საზეიმო წვეულება (,,ბანკეტი”) გადაიხადა, რომელზეც სისხლიანი სახელმწიფო დამნაშავეები და მათი მხარდამჭერები მოიწვია დევიზით: ,,სატანა განვდევნეთ!” (გულისხმობდნენ საქართველოს განთავისუფლებისათვის და ეკლესია-მონასტერთა გახსნისათვის ბავშვობიდანვე მეოცნებე და მოღვაწე, მორწმუნე და პატიოსან პრეზიდენტს*, რომლის ადგილზეც უნდა მოეწვია მისი სრული ანტიპოდი _ ე. შევარდნაძე, რომელიც ,,თეთრ გიორგად” უნდა ,,გარდაქმნილიყო”…). და მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორესადმი, როგორც ადამიანისადმი, სიძულვილის გრძნობა, ღვთის მადლით, არასდროს გვქონია, მაინც არ გაგვიშვა სინდისმა სადღესასწაულო სუფრაზე საჯარო ,,ვირტუოზობით” თავის წარმოსაჩენად… ჩვენს ამ უარს ჩვენს ახლობელთაგან ჩვენთვის ძალზე მტკივნეული სკანდალი მოჰყვა ბრალდებით: შენ პატრიარქი არ გიყვარს, თანაც, ამპარტავანი ხარ და ამიტომ არ იკადრე მის დაბადების დღეზე დაკვრაო… ისინი რომ დაგვერწმუნებინა იმაში, რომ ადამიანურად პატრიარქისადმი ბოროტგანწყობა ნამდვილად არ გვქონია, დავთანხმდით, _ თუ იგი ამას ისევ ისურვებდა, რამდენიმე დღეში, ოღონდ მხოლოდ მისი თანდასწრებით, ვეწვეოდით და მხოლოდ კლასიკურ მუსიკას შევუსრულებდით (თანაც, ეს თუ ჩემს თავმდაბლობასაც წაადგებოდა _ როგორც ისინი მეუბნებოდნენ). მართლაც, მიწვევა მივიღეთ და დანაპირები შევასრულეთ საპატრიარქოს ცნობილ თეთრ როიალზე (მაშინ, ჯერ მღვდელი არ ვიყავი)… ეს მაგალითი პირადი ცხოვრებიდან იმისთვის მოვიყვანეთ (რისთვისაც მკითხველს ვუბოდიშებთ), ჩვენი ოპონენტები დარწმუნებულიყვნენ, რომ ილია მეორეს მიმართ არანაირი პირადი წყენა და ქვენა გრძნობა არ გვამოძრავებს, რადგან ვფიქრობთ, შეუძლებელია, გძულდეს ადამიანი და მისთვის ამაღლებული ჰარმონიის შესრულება შეძლო…   

______________

   *მისი ანტროპოსოფიულ-ერისკაცული ცოდვები, რომლებიც ვერასგზით გადასწონიდნენ ეკუმენისტი მღვდელმთავრისას, საუბრის სხვა თემაა, რომლებზეც ჩვენ, ადრეც _ ზეპირად თუ წერილობით _ არაერთხელ, მის პრეზიდენტობამდეც და პრეზიდენტობის დროსაც კი, გაგვიმახვილებია ყურადღება (განსხვავებით კათალიკოსისაგან, რომელსაც ეს პირდაპირ ევალებოდა)…

   არაფერი ისე არ ახარებს ჩემს გულს, როგორც ჩემს სულიერ შვილთა (ამაში იგულისხმება მომავალი თაობაც) წარმატებაო, _ წერდა მათ წმ. მოციქული იოანე ქალწულ-მახარებელი. ეს სიტყვები ნებისმიერმა მოძღვარმაც, მათ შორის, ჩემისთანა უღირსმაც კი, სიხარულით უნდა გაიმეოროს. ამ გრძნობითა და მოვალეობის შეგნებით, მშობლიურ-ემიგრანტული სულისკვეთებითა და სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ: არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში დღეს ისევ ,,ნათლია-ნათლულის” რეჟიმის ნაშთი მძვინვარებს! ხალხის დიდი ნაწილი მოქცეულია სიმართლისა და სინამდვილისგან სრულ ჩაკეტილობაში, რადგან საინფორმაციო სივრცე, ძირითადად, ტელეხედვა, ისევ იმ ძალებს უპყრიათ და იქ ისევ ისეთებსა და მათ შთამომავლებს იწვევენ თქვენს (განსაკუთრებით, ახალი თაობის) ,,დასამოძღვრად” და თავგზაასაბნევად, რომლებმაც მოახდინეს, საზოგადოდ, მთელს მსოფლიოში იურიდიულ-კრიმინალური გაგებით ყველაზე მძიმე დანაშაულად მიჩნეული რამ _ სახელმწიფო გადატრიალება. მით უფრო: დაამხვეს ეროვნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი და ამისკენ მავალი პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა ჯერ ძმათამკვლელი ომითა და შემდეგ, ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინათ, _ სისხლიანი ტერორითა და ძარცვა-გლეჯვით, ანუ სწორედ იმ მეთოდებით, ჩაკირულ კომუნისტებს* ადრეთაც კარგად რომ ეხერხებოდათ… მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თქვენთვის (და ჩემთვისაც), _ ბაბილა დიდობასა** და ამბროსი ხელაიობას ვინ სთხოვდა, _ ამ ყველაფერს ხან ლოცვა-კურთხევით, ხან ტაშითა და ხან დუმილით საცდურად აკანონებდა ერის სულიერი მამა, რომელსაც ამისთვის ანუ დანაშაულთა და ბოროტებათა თანამონაწილეობისთვის, ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე, სასამართლოში დაიბარებდნენ (თუმცა, ჩვენ, პირადად, პიროვნულად, კი არ გვწადია ამ ბერიკაცის _ ორივე გაგებით: ბერის და ასაკოვნის _ დასჯა; ჩვენი წილი საპატიებელი ანუ მისი ნაკურთხი რეჟიმისგან სულში ჩანერწყვება ყველა გამოვლინებით, დიდი ხანია, მივუტევეთ)… უბრალოდ, იქნებ, იქ მაინც აეხსნა ჩვენთვის, ვინც მასზე დაბრკოლებულნი ვართ (და ასეთი, ბევრია), _ რა როგორ იყო, რომ ეგებ, ამით მაინც განგვბრკოლოს! უნდა აგვიხსნას, მაგალითად, რატომ ,,ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით” (მისი სიტყვებია ედუარდ-გიორგი შევარდნაძის მიმართ 1993წ. 27. 09.) დღე სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის ანუ ქართული კუთხის დაკარგვისა? საერთოდ, რატომ სდუმდა და ამით, ხელს აფარებდა იმ ურიცხვ მძიმე დანაშაულს (ძირითადად, ხელისუფლების ძალადობრივ ცვლას), რომლებმაც, ჩვენს ქვეყანაში მაშინათვე გამოიწვიეს შესაბამისი უბედურებანი: ძალადობა, უწესრიგობა (ანარქია), უკანონობა, ქართველთა სამშობლოდან განთესვა და საბოლოოდ, დღევანდელ სავალალო დღემდე მოიყვანეს ჩვენი ქვეყანა?***

______________

   *აი, სიტყვები ამ ყველაფრის ერთ-ერთი დამგეგმავის და უშუალო ორგანიზატორის, საბჭოთა კავშირის უშიშროების გენერალ (,,შეთავსებით” _ მასონ) ე. შევარდნაძისა, მისივე თანაავტორობით დადგმული ,,პერესტროიკის” გარიჟრაჟზე წარმოთქმული: კომუნისტური პარტია ყველამ რომ დატოვოს, მე მაინც მისი უკანასკნელი წევრი ვიქნები…

   **წმ. მღვდელმოწამე, ანტიოქიის პატრიარქი (+251წ.), რომელმაც სისხლით მოსული მეფე დეკიუსი ტაძარში არ შეუშვა, რასაც შეეწირა, კიდეც.

   ***საქართველოს დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის ციხეში ჩასვა ჩვენი რამოდენიმე თანამოქალაქე (მათ შორის, მრავალშვილიანი დედა); ეს _ მცდელობისათვის (ისიც, ვითომ მცდელობისათვის…). ხოლო ვინც ხელისუფლება ძალადობით, უკვე, დაამხო (ზოგმა _ ორჯერაც), მათ ანუ სახელმწიფო დამნაშავეებს ილია II გვერდით ედგა (ორივეჯერ) და უდგას…

   იურისტ-,,კანონისტს” მივმართავთ: როცა თქვენ ,,ფორუმზე” სამართალმცოდნეობის ერთ-ერთ თანრიგზე, კერძოდ, ,,უდანაშაულობის პრეზუმპციაზე” საუბრობთ და აღნიშნავთ, რომ საერო სამართალში ეს კატეგორია საეკლესიო სამართლიდანაა აღებული (რასაც, სხვათაშორის, საეკლ. სივრცეში, კონტექსტურად, არაზუსტი აქცენტებით აკეთებთ), კარგი იქნებოდა, იქვე მიგენიშნებინათ, რომ საერო, კერძოდ, სისხლის სამართლის, კოდექსმა საეკლესიოდანვე ისესხა ისეთი იურისპუდენციული განსაზღვრებაც, როგორიცაა ,,დანაშაულის დაფარვა”, რაც დანაშაულადვე კვალიფიცირდება, როგორც თანამონაწილეობა* (ეს არ უნდა აგვერიოს მოძღვრის მიერ პირადული აღსარების დაფარვაში).

______________

   *ეს კლასიკურადაა ჩამოყალიბებული წმ. ბასილი დიდის 71-ე განწესებაში, რომელიც მსოფლ. საეკლ. სამართალში კანონადაა შეტანილი. 

   მცირე ისტორიული წიაღსვლა, აღწერილი ღირსი შიო მღვიმელის XII სასწაულში:

   VIIIს. ქართლის კათალიკოს სარმეანეს მწვალებელი იაკობიტები ეახლნენ შიომღვიმელობის დღესასწაულის მწუხრზე, მიართვეს მას ოქრო და სთხოვეს, წირვაზე ეზიარებინათ. სარმეანე დათანხმდა და აზიარა ისინი ისე, რომ არც გამოკითხა, თუ რა სარწმუნოებისანი იყვნენ. აი, ამის შემდეგ, ძილში გამოეცხადებიან მას წმინდა მამები _ კირილე ალექსანდრიელი (IVს.) და შიო მღვიმელი (VIს.), რომლებიც ,,მივიდეს და მოსძარცვეს ზეწარნი მისნი”; ხოლო წმ. შიო ეტყვის: ,,იგინი, რომელთაგან ძღვენი მიიღე და ამან დააბრმო გული შენი, არღარა გამოკითხვად, თუ ვინ არიან იგინი და ესრეთ შეურაცხყავ სჯული ღვთისა მწვალებელთა მათ ბილწთა მიერ და აჰა, ესერა, შიშველ ხარ მადლისაგან ღვთისა შენცა”. როდესაც სარმეანე შეეკითხება წმ. შიოს, თუ ვინ იყო მასთან ერთად ის მეორე ადამიანი ეპისკოპოსის სამოსელში, წმინდანი ასე პასუხობს: ,,ეპისკოპოსი იგი კვირილე, მამათ მთავარი ალექსანდრიისა, რომელმან მრავალი ღვაწლი თავს იდვა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათვის მართლმადიდებელთასა, რომელი დღეს შენ დასთრგუნე არაწმინდად”. სარმეანემ ეს ამბავი სასწრაფოდ შეატყობინა სხვა ეპისკოპოსებს. საქართველოს ეკლესიის იმჟამინდელ ეპისკოპოსთა კრებამ კი კათალიკოსი სინანულისათვის მამა შიოს მღვიმეში შეაყენა (ე. ი. დროებით, ყოველნაირ მღდელმასახურებას განაშორა) და თვითონაც მარხვასა და ლოცვას მიეცა. ტირილითა და ლოცვით გათანგულ სარმეანეს ისევ გამოეცხადება ორივე წმინდანი, უკვე, თვით მაცხოვართან ერთად და აი, რას ამბობს უფალი: ,,მტერნი ჩემნი შეიყვანნა ჭამად ხორცისა და სმად მისცა მათ სისხლი ჩემი და არა არს ღირს შენდობისა სარმეანე და განა სიყვარულისა თქუენისა და ვედრებისა მიმიცემიეს შენდობა და არქუთ, რამეთუ ამიერიდან ეკრძალოს”. ცალკე, ხუთ ეპისკოპოსს აუწყა ღირსი შიოს სულმა გამოცხადებით, რომ  სარმეანეს ეპატია დანაშაული და ეპისკოპოსთა კრებამ დაადგინა მისი დაბრუნება კათალიკოსად (+779წ).

   მრავალგზის აღუნიშნავთ, რომ დღევანდელ კათალიკოს-პატრიარქს არაერთხელ, საკუთარი ხელით უზიარებია არამართლმადიდებლები (იხ., მაგ., საქ. საპატრ. ოფიც. ორგ. ,,ჯვარი ვაზისა”, ##2,1980; 2,1984წწ..). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის საეკლესიო სასამართლოზე დასასმელი კითხვა: ამისათვის ვინ დაადო ეპიტიმია ილია მეორეს, ან სად, როდის, რა ვითარებაში მოინანია ეს უმძიმესი ცოდვები და რაც მთავარია, რომელი წმინდანი გამოეცხადა მას ან სხვა მღვდელმთავრებს ამის დასტურად? _ რამდენადაც, ასეთი რამ არათუ არ მომხდარა, ამისი წარმოდგენაც კი შეუძლებელია საქ. სინოდის პაპისტურ წყობაში, _ სინამდვილე, სამწუხაროდ, მეტად ტკივილიანი და სავალალოა.

   ,,მთელი ძალით უნდა ვეცადოთ იმას, რომ არ მივიღოთ ზიარება მწვალებელთაგან და არც ჩვენ მივცეთ მათ ჭეშმარიტი ზიარების მიღების საშუალება. აკი, თვით უფალიც ასე გვიბრძანებს: ,,ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ” (მ.: 7,6), ანუ რათა არა შევიქმნათ თანაზიარნი და თანამონაწილენი მათი გარდაქცეული სწავლებისა და ამით, მათ ხვედრ გაკიცხვას არ ვეწიოთ. რამეთუ თუკი ზიარების მეშვეობით ნამდვილად აღსრულდება ერთიანობა ქრისტესი და ჩვენიც _ ერთმანეთთან, მაშინ, ჩვენ თავისუფალი კეთილგანწყობით ნამდვილადვე ვერთიანდებით ყველა იმ ადამიანთანაც, ვინც ჩვენთან ერთად ეზიარება; რადგანაც ეს გაერთიანება ხდება ჩვენი თავისუფალი ნების მიერ, სწორედ, ჩვენი თანხმობით” (წმ. იოანე დამასკოელი: ,,მართლმად. სარწმ. ზედმიწევნითი გადმოცემა”, წიგნი IV, თ. XIII).

   აქვე, უკვე, სინდისის სასამართლოზე დასასმელი უბრალო შეკითხვაც: როგორ შეუძლიათ ერის სულიერ მამებს მდიდრულად ცხოვრება და კერძოდ, კათალიკოსს _ 165 000-იანი (ას სამოცდახუთ ათასიანი) ჯუჯა-ხის ყურება საკუთარ ოთახში; მით უფრო, დღევანდელი სახალხო გაჭირვებისას, როცა წმ. მამები, შიმშილობისას, თვით საეკლესიო ნივთებს ჰყიდნენ (რაც, ჩვეულებრივ დროს, აკრძალულია), სამწყსო რომ დაეპურებინათ?!!

   განა, არაფერს გეუბნებათ ის ამბავი, რომ სულ ახლახანს, როცა ილია II რომში ,,პაპს” უნდა შეხვედროდა, განგებამ იგი იქამდე არ მიუშვა (ავად შეიქნა)?! ეს თქვენ თუ არაფერს გეუბნებათ, მაშინ, ჩვენ შეგახსენებთ ერთ ცნობილ ამბავს XXს. 70-იანი წლებიდან: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე _ მიტროპოლიტი ნიკოდიმ როტოვი, ცნობილია, როგორი წამყვანი ეკუმენისტ-მოდერნისტიც იყო და რომისგან _ რუსეთში საიდუმლო კარდინლად დადგენილი. თავისი ასეთი არამართლმადიდებლური მოღვაწეობის გამო ის, ერთხელ, მორწმუნე დედაკაცმა გააფრთხილა: შე ქოფაკო, იცოდე, რომის პაპის ფეხებში აღმოგხდება სული! გავიდა ხანი და როცა პოლონელი კარდინალი კაროლ ვოიტილა, მოულოდნელად, პაპად აირჩიეს, მიტროპოლ. ნიკოდიმე მისალოცად რომს გაეშურა და როცა ,,პაპის” ხელს ემთხვეოდა, უცებ, გული გაუსკდა და მის ფეხებთან უსულოდ დავარდა (ის მიტროპოლიტი თანამდებობრივად, სხვათაშორის, რუსეთის ახლანდელმა პატრიარქმა შეცვალა)… აქ არ შეგვიძლია, არ გავიხსენოთ, ილია მეორემ კარდინალ იოზეფ რატცინგერის, უკვე, მომდევნო, დღევანდელ, პაპად ,,არჩევის” მისალოცად როგორ გაგზავნა მორიგ ეკუმენისტურ თავშეყრაზე დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, რომელიც ხელზე ემთხვია მას ანუ ლოცვა-კურთხევა აიღო მისგან (ამის ამსახველი ვიდეომასალა იხ.: http://www.synodinresistance.org/Publications_en/VideoSeriesA.html _ Documentary entitled: ,,Papocentric Globalism and the Alienation of the Orthodox Ecumenists”, 23′ 08″, 47.4 MB, 11წ. და 42წმ-ზე, ან: http://www.youtube.com/watch?v=mXphOYp519o&feature=channel, 9′ 20′′ _  7წ. და 47წმ-ზე. ამის შემდეგ დაწინაურებული, აწ, უკვე, პროტოპრესვიტერი გ. ზვიადაძე პირად საუბრებში ამ ფაქტს უარყოფს ანუ ცრუობს). ასევე, წინამორბედი ,,პაპის” (ღმერთმა მიუტევოს ცოდვანი მისნი!) დაკრძალვაზე ილია მეორემ გაგზავნა მიტროპოლ. დანიელი, იობი და გერასიმე, რომლებიც სწორედ პაპიზმთან მებრძოლი წმ. გრიგორი პალამას ხსენების დღეს დაესწრნენ ,,წესის აგებას”, სადაც მართლმადიდებლებმა ბერძნულად იგალობეს კვერექსი გარდაცვლილისთვის, რომელსაც უწოდეს ,,მამაი ჩვენი და ეპისკოპოსი რომისა” (?!!).

   _ დიახ, თუ შეიძლება, ერის მამამ განგვიმარტოს, განგვბრკოლოს და განგვიქარვოს ეს, სარწმუნოებრივადაც და ეროვნულადაც, მწარე განცდა, აგერ, უკვე, ორი ათეული წელია, რომ გვიღრღნის გულს: ,,ობოლ ვიქმნენით, ვითარცა არმქონებელნი მამისა” (,,გოდება იერემიასი”: 5,3). 

   ქართველო ახალო თაობავ; ჩემო სისხლო და ხორცო; შვილნო ჩემნო!

   ესაა ტკივილიანი სინამდვილე და უნდა გეყოთ მხნეობა და ვაჟკაცობა, რომ მას თვალი გაუსწოროთ! ვიცით რა, რომ რჯულში ბევრი თქვენთაგანის მიმოტაცება უფრო საქ. საეკლ. ხელისუფლების გამოისობითაა, ვიდრე თქვენივე გამოუცდელობითა თუ გულგრილობით, _ ამიტომ, კარგად გვესმის თქვენი, რომ რასაც აქ ვწერთ, ამას ადვილად ვერ იჯერებთ, ამის წაკითხვამ ბევრნი, უკვე, აგაფორიაქათ და რისხვითაც და შესაძლოა, გაბოროტებითაც აღგავსოთ ამის დამწერის მიმართ (რადგან უმრავლეს არააპოკალიპსურ ეპოქაში _ და არა ,,ბოლო ჟამს” _ ეს, მართლაც, დაუჯერებელი იქნებოდა******), მაგრამ დაე, ჩემი უღირსი თავი სამსხვერპლოდ თქვენთვის მომირთმევია, ოღონდ, ამან ოდესღაც მაინც გამოგაფხიზლოთ, რათა ჯერ თქვენ გეშველოთ, მოწამეობრივი სულისკვეთებით აღგავსოთ, რომ მერე, ჩვენს საერთო სამშობლოს უშველოთ!..

   ბოლო ათწლეულებში, მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერზე რუსეთმა და დასავლეთმა (ჩვენი ზოგიერთი მეზობლის დახმარებით) ჩაატარეს გაუგონარი მასშტაბის ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა (და ისახავს) ჩვენი ჯიშის დასჯასა და გადაშენებას (,,საქართველო უქართველებოდ”)… და ამას, რასაც ბევრი, ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ნივთიერად მაღლა მდგომი ერი ვერ გაუძლებდა, ჩვენი ხალხის გარკვეულმა ნაწილმა, ასე თუ ისე, ღვთის მადლით, გაუძლო (და უძლებს)… 

   დღეს, ამ პოსტათეისტურ ეპოქაში, როგორც არასდროს, ისევ რელიგიური და ეროვნული დისიდენტობის ხანაა და ქართველი ერი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისევ ილიასეული ,,ბაზალეთის აკვნიდან” ელოდება ახალ ილიასა და ამბროსის, რომელთაც მათსავით ,,ღმერთისა და სამშობლოსათვის სიკვდილი ეწყურებათ!”****.

   უფალს ებარებოდეთ! იბერია გაბრწყინდება (თუ იგი ინებებს)!

______________

   ****ასე შეუთვალა ალავერდის ტაძრიდან კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ეროვნულ გმირ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილს, ასევე, სახელმწიფო გადატრიალებით მოსული რუს-ქართულ-კომუნისტური უკანონო მთავრობის წინააღმდეგ მიმართული, 1924წ. აგვისტოს, აჯანყების წინ: მამულიშვილებს შენ კი არა, მე უნდა წარვუძღვე, რამეთუ ღმერთისა და სამშობლოსათვის სიკვდილი მწყურია!; მისივე პასუხი, შეთვლილი წყეული სტალინისადმი (რომელმაც დახვრეტის მუქარით პატრიარქს მორჩილება მოსთხოვა): ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული _ სამშობლოს, ხოლო სხეულს, რაც გსურს, ის უყავი!

შექსპირისეულად

ყველაფრით დაღლილს სანატრელად“…
ბერობა მრჩება,
რომ განვერიდო უშორესში მსოფლიერებას,
რადგან ამ სოფლად სათნოება ქრება და ქრება
და ამა ქვეყნის სიბინძურით გული მერევა.
ო, აღარ მინდა გაოგნებულს ერში დარჩენა,
რომ ამით შევძლო ისევ მისი ოდნავი შველა.
სიყვარულის წილ სიძულვილი მომაგო ბევრმა.
ჩემს ფრთებქვეშ***** მინდა, შემოვკრიბო ერთობით ყველა.
ჩემზე უღირსი არ არსებობს არავინ ქვეყნად;
თან, ჩემს დაცემას, კაცობრიულს, ყველაში ვხედავ
და ცრემლებამდე შეძრწუნებულს წყურვილად მრჩება, _
ადამიანებს სათითაოდ გულში ჩავეკრა.
დიდი მუსიკა გულმკერდიდან ყელში მაწვება;
ძალა არ შემწევს მის შესაფერ აღმოსათქმელად…

(2003წ.)

____________

   *****იგულისხმება სამღვდლო შესამოსლის _ ანაფორის სახელოების კალთები, რომელნიც ანგელოზის ფრთებს განასახიერებენ.

   ******,,თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რამეს ქადაგებს, რაც სცილდება კანონების ზღვარს, უბიწოების დამცველიც რომ იყოს, კიდეც რომ წინასწარმეტყველებდეს და სასწაულებს აღასრულებდეს, _ ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს;

   [ბოლო ჟამის ქრისტიანები] კეთილგონიერებით მიეფარებიან ადამიანთა თვალს და არ აღასრულებენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც ეს ხდება (ამჟამად). ისინი სიმდაბლით განზავებული მოღვაწეობის გზით ივლიან და ცათა სასუფეველში უფრო დიდნი იქნებიან, ვიდრე სასწაულებით სახელგანთქმული მამები” (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, მღვდელმოწამე, წმ. პავლე მოციქულის მოწაფე, წმ. პეტრე მოციქულის შემდეგ ასურეთის ანტიოქიის ეპისკოპოსი, IIს.). 

   «უმჯობესია, ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმ. ეკლესია ღვთის სიტყვითაა დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, როგორც თავად ქრისტე ბრძანებს: ,,ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარხდენ” (მარკ. 13,31)» _ წმ. კირილე, იერუსალიმელი, პატრიარქი, IVს.

   ,,საეკლესიო მმართველობის გადასვლა მღვდელმთავართა ხელიდან საერო მთავართა ხელში, ანტიქრისტეს უსათუო მოსვლის უტყუარ მაჩვენებლად იქცევა” (წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, +373წ.). 

   ,,მამა ღმერთი ვერ ითმენს მისი ძისადმი უპატივცემულობას, ზურგს აქცევს მათ, არ უყვარს მისი მგმობელნი და განურისხდება მათ, ვინც ამ მგმობელებთან ამყარებს კავშირს” (წმ. ამფილოქე იკონიელი, ეპისკოპოსი, IVს.). 

   ,,კათოლიკე (საყოველთაო, მსოფლიო) ეკლესია დიდი სამოთხეა და როდესაც ეკლესიაში იმყოფება გველის მწვალებლური ცდომილებებით დასნეულებული ვინმე, იგი უნდა განგდებულ-იქნეს ამ სამოთხიდან” (წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, IVს.). 

   ,,ეკლესიის დიდი ნაწილი აღარ იქნება ეკლესია, იგი ,,ცრუ ეკლესია” გახდება, მიიღებს ანტიქრისტეს, ვითარცა თავის ,,მესიას”, გარდა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ,,მცირე რჩეულთა” _ ამ ,,მცირე რჩეულთ” წუთისოფელი გიჟად შერაცხავს, რადგან არ ჰგვანან მას” (წმ. ნიფონტი).  

   ,,არცა ვის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთ-მოძღვარსა ახლისა რაისამე სჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ბეწვი არა შეიცვალების; ხიოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესე ვითარსა მას კათოლიკე ეკლესიაი შეაჩუენებს” (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ბერი, VIIს.). 

   ,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე, მათი ხვედრის ღირსი იყოს!” (წმ. თეოდორე სტოდიელი, იღუმენი, IXს.).

   ,,ისინი, ვინც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტებასთან არიან. ხოლო ისინი, ვინც ჭეშმარიტებიდან არ არიან, არც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, რამეთუ ქრისტეანობა საეკლესიო ხარისხის მქონე პირთა სახეების მიხედვით კი არ უნდა გავარჩიოთ, არამედ ჭეშმარიტებისა და სარწმუნოების სიწმინდისა და სიზუსტის მიხედვით” (წმ. გრიგორი პალამა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი, XIVს.).

   ,,[ბოლოჟამ,] თუმცა, ქრისტეანობის სახელი ყველგან მოისმინება და ყველგან მოიხილვება ტაძრები და საეკლესიო წესნი, მაგრამ ეს _ მხოლოდ გარეგნულად; შინაგანად კი იქნება განდგომილება ჭეშმარიტი. მოდის დრო, როცა უმოქმედო ტაძრებსაც განაახლებენ და აღადგენენ,…ოქროთი მოაპირკეთებენ გუმბათებსა და სამრეკლოებს; ხოლო როდესაც ყოველივეს დაამთავრებენ, ანტიქრისტეს გამეფების ჟამიც დადგება და ხედავთ, რა მზაკვრულად მზადდება ეს ყველაფერი?! _ ყველა ეკლესია ისეთი დიდებული და კეთილსახიერი იქნება, როგორც არასდროს. მაგრამ მართმადიდებელი ქრისტეანისთვის შეუძლებელი გახდება შიგ შესვლა, რადგან იქ არ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი იესუ ქრისტესი, _ არამედ ის იქნება ადგილი სატანური საკრებულოსი. ანტიქრისტე გამეფდება იერუსალიმის დიდებულ ტაძარში, სამღვდელოთა და პატრიარქთა თანდასწრებითა და მონაწილეობით” (წმ. თეოფანე დაყუდებული, ეპისკოპოსი, XIXს.).

   ,,ეკლესიის წინამძღვართა გულგრილობა… მწყემსთა გულგრილობა, მათი ნივთიერი (მატერიალური) უზრუნველყოფის არაჩვეულებრივ განვითარებასთან ერთად, _ ეს იქნება საეკლესიო ცხოვრების უკანასკნელი მოვლენა. დადგება ასეთი ჟამიც: ეკლესია _ სულიწმინდის მადლის გარეშე, მწყემსნი _ საკთარი თავის მწყემსავნი, ქადაგება _ ოდენ ხმის ბგერები” (წმ. იოანე კრონშტადტელი, პროტოპრესვიტერი, სასწაულთმოქმედი, XXს.). 

   ,,შვილნო ჩემნო, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დროში, როგორც ამას ამბობს მოციქული, დადგება მძიმე დღეები (II ტიმოთ. 3,1-6). კეთილმსახურების დაკნინების შედეგად, ეკლესიაში დაიწყება წვალებები (ერესები) და განხეთქილებები და აღარ იქნებიან _ როგორც ამას წმ. მამები წინასწარმეტყველებენ _ საეპისკოპოსო კათედრებზე და მონასტრებში სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული ადამიანები. ამის გამო, წვალებანი (ცრუსწავლებანი) დაიწყებენ გავრცელებას ყველგან და მოხიბლავენ უამრავ ხალხს. ადამიანთა მოდგმის მტერი იმოქმედებს დიდი ცბიერებით, რათა, თუკი იქნება შესაძლებელი, თვით რჩეულებიც კი გადაიბიროს წვალებისკენ. ის არ დაიწყებს ყოვლადწმიდა სამების, ქრისტეს ღვთაებრობის, ღვთისმშობლის შესახებ დოგმატების უხეშ უარყოფას, არამედ შეუმჩნევლად დაიწყებს წმ. მამებისა და სულიწმიდის მიერ გადმოცემული ეკლესიის სწავლების დამახინჯებას, მისი სულისა და განწესებების შერყვნას და მტრის ამ მცდელობებს შეამჩნევენ მხოლოდ ცოტანი… მწვალებლები დაიპყრობენ ეკლესიაში ძალაუფლებას, ყველგან თავიანთ მსახურებს დააყენებენ, ხოლო კეთილმსახურება კი იქნება უგულვებელყოფილი. მაგრამ ღმერთი არ დასტოვებს თავის მონებს მფარველობისა და გარკვეულობის გარეშე. მან თქვა: ,,ნაყოფით შეიცანით ისინი”! ჰოდა, შენც ამ ნაყოფთა მიხედვით, _ რაც იგივეა _ მწვალებელთა მოქმედებების მიხედვით, შეეცადე, განასხვავო ისინი ჭეშმარიტი მოძღვრებისაგან. ისინი არიან სულიერი ქურდები, რომლებიც მიიტაცებენ სულიერ სამწყსოს და შევლენ ცხოვართა ეზოში _ ეკლესიაში, გადაძვრებიან რა იქ არა კარიდან, ანუ შევლენ არაკანონიერი გზით, გამოიყენებენ რა ძალადობას და დასთრგუნავენ საღმრთო განწესებებს. უფალი უწოდებს მათ ავაზაკებს (იოანე: 10,1). მართლაც, მათი პირველი საქმე იქნება ჭეშმარიტი მოძღვრების დევნა, მათი დაჭერა, გადასახლება, რამეთუ ამის გარეშე შეუძლებელია ცხვრების დატაცება. ამიტომაც, შვილო ჩემო, როდესაც დაინახავ ეკლესიაში საღმრთო განწესების, მამათა გადმოცემისა და ღმერთის მიერ დაწესებული წესრიგის  დარღვევას, _ იცოდე, რომ მწვალებლები უკვე გამოჩნდნენ; თუმცაღა, შეიძლება, მათ ხანდახან შესძლონ თავიანთი ბიწიერების დამალვა, ან  კი დაიწყონ სარწმუნოების შერყვნა შეუმჩნევლად, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ გამოუცდელების ცთუნებასა და მათი ბადით გახლართვაში. დევნა იქნება არა მარტო მოძღვრებზე, არამედ უფლის ყველა მონაზე, რამეთუ ეშმაკი, რომელიც ხელმძღვანელობს წვალებას (ერესს), ვერ იტანს კეთილმსახურებას. ამ, ცხვრის ქურქში გადაცმულ, მგლებს იცნობ მათი ამპარტავნული ნირით, გემოთმოყვარეობითა და მთავრობისმოყვარეობით: ესენი იქნებიან ცილისმწამებელი მოღალატეები, რომლებიც თესავენ მტრობასა და ბოროტებას. ამიტომაც, თქვა უფალმა, ,,ნაყოფით  შეიცანით ისინი”! ღვთის ჭეშმარიტი მონები მდაბლები, ძმათმოყვარეები და ეკლესიის მორჩილები არიან. მწვალებლებისაგან დიდი შევიწროვება შეხვდებათ ბერებს და მაშინ, ბერული ცხოვრება იქნება დამცირებაში: დაიცლებიან სავანეები, შემცირდებიან ბერები; ხოლო ვინც დარჩებიან, განიცდიან ძალადობას. მაგრამ ისინი (მწვალებლები) ბერული ცხოვრების მომძულებელნი, რომელთაც ექნებათ მხოლოდ გარეგნული იერსახე კეთილმსახურებისა, _ შეეცდებიან ბერების თავის მხარეზე გადაბირებას, დაპირდებიან რა მათ მფარველობასა და ცხოვრებისეულ სიკეთეებს; ხოლო დაუმორჩილებლებს დაემუქრებიან განგდებით. ასეთი მუქარებისაგან სულმოკლეებს ექნებათ დიდი მოწყინება, მაგრამ შენ, შვილო ჩემო, გიხაროდეს, თუკი მიაღწევ ასეთ დრომდე, რამეთუ მაშინ მორწმუნეები, რომლებმაც ვერ გამოაჩინეს სხვა სათნოებები, მიიღებენ გვირგვინს მხოლოდ ერთი, _ სარწმუნოებაში დგომის გამო, უფლის სიტყვებისდა მიხედვით: ,,ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა” (მათე: 10,32). შვილო ჩემო, გეშინოდეს უფალი ღმერთის, გეშინოდეს განმზადებული გვირგვინის დაკარგვისა: გეშინოდეს, არ იქნე ქრისტესაგან განგდებული ბნელ გარესკნელსა და სამუდამო ტანჯვაში. ვაჟკაცურად იდექი რწმენაში და თუკი საჭირო იქნება, სიხარულით აიტანე განდევნილობა და სხვა მწუხარებები, რამეთუ შენთან იქნებიან უფალი, წმიდა მოწამენი და აღმსარებლები: ისინი სიხარულით შეხედავენ შენს ღვაწლს. მაგრამ ვაი იმ დღეებში ისეთ ბერებს, რომლებმაც შეიძინეს ქონება და სიმდიდრე, და სიმშვიდის სიყვარულის გამო, იქნებიან მზად, დაემორჩილონ მწვალებლებს. ისინი დაიწყებენ თავაინთი სინდისის მიძინებას და იტყვიან: ,,ჩვენ დავიცავთ და გადავარჩენთ სავანეს (მონასტერს) და ღმერთიც შეგვინდობს”. ეს უბედურები და დაბრმავებულები ვერ გულისხმაყოფენ, რომ წვალებასთან ერთად სავანეში შემოვა ეშმაკი და იქნება ეს არა წმიდა სავანე, არამედ დარჩება უბრალო კედლები, რომლისგანაც განვიდა მადლი. ხოლო ღმერთი კი ძლიერია მტერზე და ის არასდროს არ მიატოვებს თავის მონებს და ჭეშმარიტი მონასტრები იქნებიან სოფლის დასასრულამდე; ოღონდ, ეს ხალხი საცხოვრებლად გამოირჩევს მარტომყოფლურ და უდაბურ ადგილებს. ნუ გეშინია მწუხარებების, არამედ გეშინოდეს დამღუპველი წვალების, რამეთუ ის განაშიშვლებს ადამიანს მადლისაგან და განაშორებს ქრისტესგან. ამიტომაც, ბრძანა უფალმა, ჩაითვალოს მწვალებელი წარმართად და მეზვერედ (მათე: 16,17). ასე, რომ განმტკიცდი, შვილო ჩემო, იესუ ქრისტეს მადლში; სიხარულით ისწრაფე აღმსარებლობითი ღვაწლისაკენ და გადაიტანე ტანჯვები, როგორც კეთილმა მეომარმა იესუ ქრისტესი (II ტიმოთე: 2,2), რომელიც ბრძანებს: ,,იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკუდილამდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი” (გამოცხ. 2, 10) და რომლისა არს ძალი და დიდება, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ” (ანატოლი ოპტინელ-   მეუდაბნოე, უმცროსი, მღვდელ-მონაზონი, 1920წ. მის დასახვრეტად მისულ ,,ბოლშევიკებს” წინადღის გარდაცვლილი დახვდათ).

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე
ლევილი, 2009წ. 17/30.01
ხსენება ღირსი ანტონი დიდისა (+356წ.)

3 Responses to “ტკივილიანი სინამდვილე – კომენტარების კომენტარები(ნაწ. V)”

  1. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი Says:

    ,,დიდგორის“ მკითხველი: ძვირფასო მამა გიორგი, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და იმედია, რომ ამ შენიშვნას არ ჩამითვლით კადნიერებად. ბოლო წერილში რომ თქვენი შესანისშავი ლექსია ჩასმული და მას თავზე აწერია ,,შექსპირულად“, იქნებ, სხვა რამ მოუფიქროთ _ წმინდა მამათამიერი, ან მარტო ლექსიც შესანიშნავია, რადგან შექსპირი, ალბათ, არ იცით თქვენ, რომ პოეზიის მკვლევარ-ისტორიკოს-ექსპერტთა შორის სოდომიზმში იყო არა მხოლოდ ეჭვმიტანილი, არამედ აშკარა სოდომისტური ლექსების ავტორიც არის. სამი სონეტა აქვს შექსპირს აშკარა სოდომური, რომლებიც კაცის _ ახალგაზრდა ყმაწვილი ბიჭის ტრფიალისადმი აქვს მიძღვნილი; ალბათ, წაკითხული გექნებათ მწერალ თომას მანის რომანი ,,სიკვდილი ვენეციაში“… აი, იმდაგვარი. ამიტომ, გთხოვთ, ეს ერთი სიტყვა ამოვიღოთ თქვენი წერილიდან: ,,შექსპირულად“. მაპატიეთ, რომ შემომაქვს ეს შენიშვნა! ვისაც შექსპირი არ წაუკითხავს, ის ვერც მიხვდება, რატომ მოუხმეთ შექსპირს, რადგან მე წაკითხული მაქვს და ვერ მივხვდი. კიდევ ერთხელ მაპატიეთ, რომ ასე ზედმეტად გაწუხებთ! რაც შეეხება ამ ბოლო კომენტარს, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ეროვნული თუ სარწმუნოებრივი ასპექტით.
    პასუხი: სხვათა შორის, ჩვენს სონეტს დავარქვით არა ,,შექსპირულად“, არამედ ,,შექსპირისეულად“, რითაც ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საინტერესოა არა პოეტი, არამედ მისი ფრაზა და ისიც, პერიფრაზის შინაარსით; დიახ, ასე დავარქვით არა იმიტომ, რომ შექსპირის მეხოტბე ვართ, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ვიწყებთ პერიფრაზით მისი ცნობილი 66-ე სონეტიდან: ,,ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი მრჩება“. რახან მას აქვს ,,სანატრელად სიკვდილი მრჩება“, მის შესაპირისპირებლად შევცვალეთ: ,,სანატრელად ბერობა მრჩება“. ამით, პირიქით, ისიც ჩანს, რომ მის, როგორც არამართლმორწმუნე ადამიანის (და ადვილი დასაშვებია, იმ ცოდვით ძლეულის, რაზეც მომწერეთ) მსოფლმხედველობასა და აქედან გამომდინარე, ცხოვრების წესსაც არ ვეთანხმებით…

  2. daviti Says:

    პირველ რიგში ჭეშმარიტების მოქადაგე მოძღვარს მამა გიორგის დიდი მადლობა ამ წერილებისთვის! მინდა ვთქვა რომა როდესაც დიდგორის პრესსამსახური წერს ილიას ბოლშევიკ რევოლუციონერებთან თანამზრახველურ წარსულის ამბებზე, მაინც სკეპტიკურად უყურებენ ზოგნი, რადგან ერისკაცულ გაბოროტებას ხედავენ ვითომდაც მასში, მაგრამ მამა გიორგი ხომ ყველასადმი სიყვარულით გვაწვდის ამ უტყუარ ფაქტებს? მღვდელმთავრების მიერ სატანად წოდებული ღვთის კაცი ზვიადი რომ “შამანური კიჟინითა და შუბებით” დევნეს? თანაც აი რა გამკვირვებია, მარიამ მეგვიპტელი, ქალი გავარდა უდაბნოში, შიშველ-მწყურვალი თავში ცემით ინანიებდა ცოდვებს, წმინდა გიორგი დიოკლიტეანეს მხილებაში ათენ აღამებდა ციხეებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხოლო ამ ჩვენ ბერებს, ანუ ეპისკოპოსებს და პატრიარქსც იგივე მოვალებები არა აქვთ აღებული ღვთის წინაშე რომ დღედაღამ ეწამონ ქრისტესთვის სად უნდა ეცალოს ეპისკოპს და მითუმეტეს პატრიარქს კალასიკურ მუსიკით თეთრ როიალთან, ოპერაში, თეატრში, კონცერტებზე ილაღობოს? ეს კანონი არ ვიცოდი ჯერ კიდევ და მანამდე მივხვდი რომ ამას რომ სჩადიან ქრისტეს ჯვარი კი არა აქვთ აღებული, არამედ მამონას სიტკბოება უდევთ გულში! იმიტომ იყო გულნაკლულები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და დღესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თეატრალიზებული ორგია კონცერტებისკენ უჭირავთ თვალი!

  3. mariami Says:

    რა სხივმფენი მარგალიტებია მამა გიორგის წერილები! ძალიან გულგატეხილი ვიყავი რომ ვხედავდი ხალხით ავსებულ ტაძრებს, დიდი სამღვდელოებით და ამას ყველაფერს ტყუილის ხიბლში და უასამართლობაში! ვფიქრობი რომ ერიკაცები კი ვართ საქართველოში ვინც მართლად ვფიქრობთ სარწმუნოებაზე, მაგრამ მღვდლები არ არიან ჭეშმარიტი, ახლა კი ვნახე ჩემი ტაძარი – დიდგორის – სადაც მღვდლებიც არიან კეთილნი და მართალნი და მეც მათთანა ვარ (ბათუმი-მარიამი)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: