ეკლესია და ხელისუფლება

ეკლესია და ხელისუფლება

(წმინდა იუსტინე პოპოვიჩი)

wm-iustine-popovichi

მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი” (საქმე 5, 29). აი, სწორედ ეს სიტყვებია მართლმადიდებელი ეკლესიის სული და გული! ესაა მისი სახარება! სწორედ ეს არის ის, რითაც ცხოვრობს და რისთვისაც ცხოვრობს ქრისტეს ეკლესია! ამაშია მისი უკვდავება და მარადიულობა. სწორედ ამაშია მისი წარუვალი და ყოვლისმომცველი ღირებულება. ღმერთის მორჩილება უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებისა – ეს ეკლესიის უაღმატებულესი პრინციპია, წმიდათა წმიდა მცნება, მისი საზომთა საზომი.

ესაა მის ყოვლისმომცველი ხარება – მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წმიდა დოგმატის, და კანონის არსი, აქ ყოვლად დაუშვებელია რაიმეს ფასად თუნდაც სულ უმნიშვნელო დათმობა ეკლესიის მხრივ პოლიტიკური რეჟიმისადმი. ყოვლად დაუშვებელია რაიმე კომპრომისი კაცთა თუ დემონთა წინაშე, და მეტადრე – ეკლესიის წინააღმდეგ აშკარა მებრძოლთა, მის მდევნელთა და მტერთა წინაშე.

„დავემორჩილოთ ღმერთს უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებს” – ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებულება, მისი მარადიული და უცვლელი წესი, მისი წესთა წესი, მისი საუკუნო და უცვალებელი დამკვიდრება. ეს სიტყვებია პირველი პასუხი ეკლესიის პირველ მდევართათვის და ეს ეკლესიის პასუხია მისი ყველა მდევნელთათვისაც საუკუნეთა განმავლობაში, განკითხვის საშინელ დღემდე.

ეკლესიისთვის ღმერთი ყოველთვის პირველ ადგილზეა, ადამიანი კი – ყოველთვის მეორეზე. თუკი ადამიანები ღმერთისა და მისი კანონების წინააღმდეგ აღდგებიან, ეკლესია უნდა დაუპირისპირდეს და შეეწინააღმდეგოს მათ. და თუკი ის ამგვარად არ იქცევა, განა ეკლესიაა? და თუ ეკლესიის წარმომადგენლებიც ასე არ იქცევიან, განა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები არიან? – არა და არა! რამეთუ საკუთარი თავის გამართლება ამ შემთხვევაში ე. წ. საეკლესიო იკონომიით – შემწყნარებლობით სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის და ეკლესიის შეფარული ღალატი. ამგვარი იკონომია ქრისტეს ეკლესიის გაცემაა.

ეკლესია მარადიულობაა დროში, დროისმიერ სამყაროში. სამყარო იცვლება, ეკლესია კი უცვალებელია მარადის. უცვალებელია მისი საუკუნო ღვთაებრივი სახარება, მისი მარადიული საღმრთო საიდუმლონი. ეკლესია უცვლელია, რამეთუ უცვალებელია უფალი იესო ქრისტე; ასეთია სახარებისეული ჭეშმარიტება და სინამდვილე; „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე” (ებრ. 13,8). მარადიულობა ეკლესიის მიერ დროისმიერ სამყაროში იმყოფება, რათა თვით დრო იკურთხოს მისით, განახლდეს მისით, გამარადიულდეს მისით და მას უსწორებდეს თავს. მარადიული ეკლესია კი არ უნდა უსწორებდეს თავს დროს ან დროის სულისკვეთებას და მოთხოვნას, არამედ დრო უნდა გაუსწორდეს მას და დროის სულისკვეთება უნდა დაემორჩილოს მას, როგორც საუკუნოს, მარადის უცვალებელს; დიახ, დროის სულისკვეთება უნდა გაუსწორდეს ეკლესიას – ღმერთკაცობრივი სულის მატარებელს. რამეთუ ეკლესია მარადის წმიდაა, მარადის სამოციქულოა, იგი მარადის საყოველთაოა, მარადის ღვთაებრივია და ამიტომ არასოდეს არ შესწირავს მარადიულს – დროისმიერს, ღვთაებრივს – კაცობრივს. ამის გამო ეკლესია არასდროს არ ეცდება მიესადაგოს, შეუთანხმიერდეს დროის სულისკვეთებას. პირიქით, დრო უნდა მიესადაგოს ეკლესიის მარადიულობას, დროისმიერი და წარმავალი – საუკუნოსა და წარუვალს, კაცობრივი – ღმერთკაცობრივს.

ხელისუფლება ღმერთისგანაა (რომ. 13, 1-6); ღირებულებათა იერარქიაც და წესრიგის იერარქიაც ღმერთისგანაა. ამიტომ ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ, როგორც მომწესრიგებელ ძალას, ვისაც ამ ქვეყნად ეს ღვთივმოცემული და ღვთაებრივი წესრიგი უპყრია, ვინც იცავს და ინარჩუნებს ამ წესრიგს. სხვაგვარად დაცემა იქნება და შთავარდნა უხელისუფლობაში, ანარქიაში, საყოველთაო ბოროტებაში.

ხელისუფალთ უნდა დავემორჩილოთ, რამდენადაც ისინი ღვთებრივ წესრიგს იცავენ ამქვეყნად და რამდენადაც ისინი ღვთისმსახურნი არიან. მორჩილება ხელისუფლებისადმი აუცილებელია, რადგან მათ, ვითარცა ღმერთის მსახურებს, მახვილი უპყრიათ ხელთ, რომლითაც სჯიან ბოროტებას და იცავენ სიკეთეს. ხელისუფალთა მორჩილება საჭიროა იმიტომ, რომ ისინი, ვითარცა ღმერთის მსახურნი „არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთათვის” (რომ. 13, 3). მაგრამ როდესაც ხელისუფალნი კეთილის მომქმედთათვის ხდებიან საშიშნი, როცა ხელისუფალნი საღმრთო სიკეთეს სდევნიან, ხოლო ყველაზე მეტად ამა ქვეყნის უდიდეს სიკეთეს – უფალ იესო ქრისტეს, მის წმინდა ეკლესიას სდევნიან, მაშინ ესევითარ ხელისუფალთ არ უნდა დავემორჩილოთ და მათი არ უნდა ვისმინოთ! ასეთ ხელისუფალთ ქრისტიანი სულიერად უნდა ებრძოლოს – კერძოდ კი ებრძოლოს წმიდა სახარებისმიერი საშუალებებით. ჭეშმარიტი ქრისტიანი არასდროს გაკადნიერდება იმად, რომ უფრო მეტად ადამიანებს დაემორჩილოს, ვიდრე – ღმერთს. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომელნიც ჭეშმარიტ ღმერთსა და მის სახარებას ეწინააღმდეგებიან.

ხელისუფლება იმთავითვე არის ღმერთისგან, მაგრამ როცა რომელიმე ხელისუფლება განუდგება ღმერთს და ღმერთის წინააღმდეგაც აღდგება, მაშინ იგი ძალადობად იქცევა და უკვე ღმერთისგან კი არა, ეშმაკისგან არის. ასე რომ, ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით საიდუმლო ხელისუფლებისა და საიდუმლო ძალადობისა. ხელისუფლება კურთხეულია ღვთისაგან, ეკლესიის წინააღმდეგ ძალადობა კი შეჩვენებულია ღმერთის მიერ! ყოველივე რაც  ღმრთისაგანაა – სიკეთეა, ხოლო თუკი ამ სიკეთეს ბოროტად იყენებენ, აი, ეს არის ეშმაკი, ყველა სამყაროთა და მათ შორის ადამიანური სამყაროს ბოროტეშმაკეულება. ხელისუფლება ღმერთისგანაა, და სანამ იგი ღმერთში, ღმერთის მორჩილებაში და ღმერთთან ჰგიებს, იგი კურთხეულია, ხოლო თუკი რომელიმე ხელისუფლება მიატოვებს ღმერთს, იგი ძალადობად იქცევა და ამით ღმერთის მოწინააღმდეგის – ეშმაკის ხელისუფლებას უქვემდებარებს თავს.

ამგვარია სახარებისეული, სამოციქულო, წმიდა მამათა მართლმადიდებელური სწავლება ხელისუფლების ბუნებისა და ღირებულების შესახებ. ასეთია ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და უცდომელი სწავლება ამის შესახებ; ასეთია იგი დასაბამიდან დღემდე, ასეთია იგი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ვინ მოწმობს ამას? – ყოველნი წმიდა მოციქულნი, ყოველნი წმიდა მამანი, ყოველნი წმიდა მოწამენი, დაწყებული წმიდა პირველმოწამე სტეფანედან და დამთავრებული ჩვენი დროის ახალმოწამეებით და სხვა წმიდა მოწამეებით. ყველა ისინი უფალ იესო ქრისტესთვის ევნენ. ყოველნი ერთბაშად მეფეთაგან, ხელმწიფეთაგან და მთავართაგან ეწამნენ – ამაქვეყნის ღვთისმბრძოლ ხელისუფალთაგან და ქრისტეს ასეთ აღმსარებელთა რიცხვი არა თუ ათასები, მილიონებია! ყველა ისინი წმიდანნი და უკვდავნი არიან ვითარცა ამ საღმრთო ჭეშმარიტების მოწმეები; ქრისტიანები უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ამა ქვეყნის მეფეთა, ხელმწიფეთა და მთავართა ღმერთის საწინააღმდეგო მითითებებს, ბრძანებებს, სადაც არ უნდა იყვნენ და ვინაც არ უნდა იყვნენ ისინი. ყოველი წმიდა მოწამე, ქრისტეს სარწმუნოების ყოველი წმიდა აღმსარებელი ცოცხალი და უკვდავი განსახიერებაა მართლმადიდებელი ეკლესიის ამ ყოვლადწმიდა ხარებისა: „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი”. ყოველი მათგანი მთელი სულითა და გულით, სრული ძალითა და გონებით ადგა ამ ღვთაებრივ მცნებას და სწორედ ამისთვის აწამებდნენ, ამისთვის შეამთხვევდნენ ბოროტს, ამისთვის კლავდნენ მათ ღვთისმბრძოლი ხელისუფალნი საუკუნეთა განმავლობაში.

აი, მხოლოდ მცირეოდენნი ამ უთვალავ და უკვდავ მოწამეთაგან:

წმიდა მოწამე გლიკერიოს ხუცესი (+303, ხს. 28 დეკემბერს): ქრისტიანთა მდევნელმა იმპერატორმა მაქსიმიანემ უამრავი ქრისტიანი შეყარა ნიკომიდიის დიდ ტაძარში და დაემუქრა – ყველას ტაძართან ერთად დაგწვავთ, თუკი ქრისტეს არ უარყოფთო. მაშინ გლიკერიოს ხუცესმა ასე მიმართა ხელმწიფეს: „შენს მიერ დაპირებული საჩუქრები და სიკეთენი არ გვიზიდავს ჩვენ, ჰოი, მეუფეო, ხოლო შენი მუქარისა არ გვეშინის. ყოველივე ამქვეყნად ჩვენთვის სიზმარივითაა და ჩვენ მწუხარებად და საღმრთო სასჯელად შევრაცხავდით იმას, თუკი უსასტიკეს ტანჯვა-წამებას არ დავითმენდით ქრისტესთვის. ჩვენ არ გვეშინის მდევნელებისა, რამეთუ მეუფემ ყოველთამან ის იარაღი მოგვმადლა ზეგარდმო, რომლითაც ჩვენ ისევე აღვიჭურვებით ახლა და იმგვარადავე ვიცავთ თავს, როგორადაც შენ გიცავენ შენი საჭურველმტვირთავნი. შენ რომ გეწინააღმდეგებით, ამით ჩვენ მტკიცედ ვიმედოვნებთ, საკვირველი ძლევა მოვიპოვოთ, რამეთუ როცა გვხოცავენ, სწორედ მაშინ ვიმარჯვებთ და როცა დაგვცემენ, სწორედ მაშინ ვძლევთ ჩვენს მდევნელთ”. უკეთური ხელმწიფის ბრძანებით გლიკერიოს ხუცესი და ოცი ათასამდე ნიკომიდიელი ქრისტიანი ტაძარში დაწვეს!

პირველი ნაწილის დასასრული

6 Responses to “ეკლესია და ხელისუფლება”

  1. mariami Says:

    წმ. მამა იუსტინესთან წერია-აქ ყოვლად დაუშვებელია რაიმეს ფასად თუნდაც სულ უმნიშვნელო დათმობა ეკლესიის მხრივ პოლიტიკური რეჟიმისადმი.
    ჩვენი პატრიარქი კი არამც უმნიშვნელოს უთმობდა პოლიტიკურ რეჟიმებს არამედ მთლიანად და ყოველთვის ემორჩილებოდა მათ. მაგრამ, რადგან არც წმინდა მამების ესმით მე ვერ გავბედავ ვინმეს რამე შევაგონო! მიტევების დღეა, მომიტევოს მეც და ყველას ქრისტემ ჩვენი ცოდვები!

    • ლადო Says:

      ეს წერილი ძალიან მიყვარს და ამიტომ ვტკბები ამ ადამიანის ამ წერილის ავტორის მამა იუსტინეს ყურებით

  2. Archil Geguchadze Says:

    “ქრისტიანები უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ამა ქვეყნის მეფეთა, ხელმწიფეთა და მთავართა ღმერთის საწინააღმდეგო მითითებებს”, რამეთუ „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი”… ამას რა უნდა დავუმატო? ვეთანხმები და ასეც უნდა მოვიქცეთ ყოველთვის! ქრისტიანები უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთის საწინააღმდეგო მითითებებს იმ ფორმით, რომ არ აღასრულებდნენ მათ და სხევებსაც ამისაკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას წაქეზებული ანარქია და უწესრიგობა, რამეთუ არ უნდა აღესრულოს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის საწინააღმდეგო მითითებები და ამ დროს სხვა ყველაფერი თავის გზით უნდა მიდიოდეს, ანუ არც კი უნდა ჩავერიოთ ისეთ საერო საქმეებში, რაც ჩვენს კომპეტენციას სცილდება… ეს ხომ ჩვენმა წინაპრებმა საუკეთესოდ იცოდნენ?

    • ლომისა Says:

      მართალი კაცი ხარ ბ-ნო არჩილ!

      დღეს სანახაობა და კარგი ცხოვრებაა თანამედროვე საზოგადოების ორიენტირი. დილემა, რომლის შესახებაც ბ-ნი ზვიად გამსახურდია წერდა არ გამქრალა და ადამიანთა მოდგმა კვლავ ამ დილემის წინაშე დგას.

  3. ბესარიონი Says:

    “Всякая душа властем предержащим да покоряется; несть бо власть аще не от Бога, сущии власти от Бога учинены суть”. Определенность власти выражена словом “предержащим”, т.е. удерживающей, держащей, державной, самодержавной. Единодержавное, самодержавное лицо осуществляет Власть Бога, а не некие таинственные “высшие” лица. Буквально, на современном русском языке “несть бо власть, аще не от Бога ” звучит как “ибо нет власти, если не от Бога” и “сущие” истинные власти происходят только от Бога. Таким образом, если истинные власти происходят от Бога, то если не от Бога, то это и не власть. В таком именно смысле и открывается существо власти. То есть, она, власть или есть, и тогда она Божия и от Бога, или ее нет, а есть действие человеческого своеволия и дьявольского насилия.

    ანუ — ჭეშმარიტი და ღვთიურია მხოლოდ ის ხელისუფლება — რომელიც უფლისმიერია… — და არა — ნებისმიერი ხელისუფლება…

    * * *
    “Всякая душа властем предержащим да покоряется; несть бо власть аще не от Бога, сущии власти от Бога учинены суть”.

    დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.

    საეკლესიო-სლავიანური: „сущии власти“ (ჭეშმარიტი ხელისუფლებები !!!) — ქართულში თარგმნილია როგორც: „ყოველი ხელმწიფება“

    მაგ.: Сущая правда — ჭეშმარიტი სიმართლე

  4. a.sanduxaZe Says:

    erTi ram mainteresebs, romlis Sesaxebac jer arvis dausvams kiTxva:

    1990 wels saqarTvelos ssr-s umaRlesma sabWom erovnuli moZraobis ZalisxmeviT aRiara 1921 wlis 25 Tebervals saqarTvelos demokratiuli respublikis sabWoTa ruseTis jarebis mier aneqsia da okupacia, saqarTveloSi sabWoTa xelisufleba gamoacxada ukanonod da a.S faqtiurad komunisturi xelisufleba gamoacxada ukanonod, daniSna mravalpartiuli arCevneb…

    1926 wlis dekemberSi saqarTveloSi moxda kidev erTi gadatrialeba, kerZod, bolSevikebis mxareze gadasulma sasuliero pirebma moiwvies ukanono kreba, romliTac sakaTalikoso taxts CamoaSores kaTalikos patriarqi netarxsenebuli ambrosi xelaia da sapatriarqo sabWo. eklesiis saTaveSi moeqcnen e. w. ganmanaxleblebi wiTeli samRvdeloeba. am aqtiT bolSevikebma Tavisi sacecebis qveS moaqcies saqarTvelos samociqulo eklesia…

    rogorc viciT gasuli saukunis bolos aRdga saqarTvelos eklesiis avtokefalia. am xnis manZilze misca Tua ara Sefaseba saqarTvelos eklesiis sinodma 1926 wlis dekemberSi ganxorcielebul ukanono aqts da rogoria misi damokidebuleba am sakiTxis mimarT, dagmo Tu ara es yovladSeuwynarebeli qmedeba?
    visi samarTalmemkvidres dRvandeli sinodi, e.w. ganmanaxlebölebis Tu 1926 wlamdisarsebuli saekesio sabWosi?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: