აღდგომის დიდი მარხვის წესები

მარხვები და აღდგომის დიდი მარხვის წესები

qriste-da-pilate

     მარხვა არის ისეთი დღეები, როდესაც აკრძალულია არა მარტო სახსნილოს (ხორცის, ყველის, რძის, კვერცხის) ჭამა, არამედ საზოგადოდ მომეტებული ჭამა-სმა. მარხვები დაწესებულია წმიდა მამებისგან მისაბაძად მაცხოვრისა, ღვთისმშობლისა და მოციქულებისა. აგრეთვე  საღმრთო ისტორიაში რომელიმე სამწუხარო წმიდა შემთხვევის აღსანიშნავად. მარხვა არის ერთდღიანი და მრავალდღიანი. ერთდღიანი მარხვებია: ოთხშაბათი – მოსახსენებლად იესო ქრისტეს გაცემისა იუდა ისკარიოტელისაგან; პარასკევი – მოსახსენებლად იესო ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილისა.   5/18 იანვარი – ნათლისღების წინა დღე. (მძიმე მარხვა)   29/11 სექტემბერი – მოსახსენებლად იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა. (მძიმე მარხვა)  14/27   სექტემბერი – ჯვართამაღლება, მოსახსენებლად იესო ქრისტეს ჯვარცმისა. (მძიმე მარხვა)

მრავალდღიანი მარხვები

      ქრისტეშობის მარხვა – ნიშნად კაცობრიობის უსჯულო წყვდიადში ყოფნის და მხსნელის ქრისტეს განკაცებამდე; დიდი მარხვა (აღდგომის) – მისაბაძად იესო ქრისტეს ყოფნისა უდაბნოში; პეტრე-პავლობის მარხვა – მისაბაძად წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლესი; მარიამობის მარხვა – მოსახსენებლად ღვთისმშობელ მარიამის ნეტარი მიცვალებისა.

     ზოგიერთ დღესასწაულს მსგეფსი ახლავს, ე. ი. მსგეფსი ისეთი კვირაა, რომელშიც ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია: ასეთია ქრისტეს შობის, აღდგომისა და სულთმოფენობის დღესასწაულთა მომდევნო კვირა.

დიდი მარხვა (აღდგომის მარხვა)

     ორი მსგეფსი წინ უძღვის დიდმარხვას: პირველია –  უძღები შვილის კვირა, მეორეა – ყველიერის კვირა – უშუალოდ მარხვის დაწყებამდე (ხსნილია რძის ნაწარმითა და კვერცხით).

     ხანგრძლივი და ძალზედ საპასუხისმგებლოა დიდი წმიდა მარხვა, რომელიც აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება. დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაულია ხარება და ბზობა; ხარება – მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ქალწულ მარიამისადმი უწყება იმისა, რომ მისგან კაცობრიობას მოევლინებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ბზობა – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის „ლაზარეს შაბათი”, ეკლესია ამ დღეს დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას. ბზობის დღესასწაული ხსნილია თევზით. მორწმუნეთ ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები, ნიშნად იმისა, თუ როგორ უფენდნენ მწვანე რტოებს ებრაელები იესო ქრისტეს, როცა ის დიდებით შედიოდა იერუსალიმში პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე. წინა წელს ნაკურთხი ბზის ტოტები დაუშვებელია უდიერად გადაიყაროს, არამედ უნდა დაიწვას, ან ტაძრის ეზოში, ან სადმე წმიდა ადგილას.

      წმიდა ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში იხსენიებს მიცვალებულებს, რომელსაც ეწოდება ორმოცდღიანი მოსახსენიებელი; ყოველ შაბთს დიდ მარხვაში კეთდება მიცვალებულთა სახელზე საკურთხი, გარდა დიდმარხვის პირველი კვირის შაბათისა.

     ვნების შვიდეული დიდ მარხვის მომდევნო კვირაა. ამ შვიდეულში მოხდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა ვნება ჯვარზე. ამ კვირაშიც, დიდ მარხვის პირველი კვირის მსგავსად მკაცრად ვმარხულობთ (უზეთოდ, ვისაც ეს ძალუძს), გარდა ხუთშაბათისა. ხუთშაბათი ზეთით ხსნილია. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი 12 მოწაფის საიდუმლო სერობა მოიწვია და დააწესა ზიარების საიდუმლო. ყოველი მართლმადიდებელი უნდა ეცადოს ამ დღეს ზიარებას.

     დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო” აღარ იკითხება, ე.ი. ამ ლოცვის კანონი წყდება.

     ვნების შვიდეულში მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღე „წითელი პარასკევია”. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს სრულდება „გარდამოხსნის გადმოსვენება”. დილით კი, იკითხება „თორმეტი ვნების სახარება”.

     დიდ შაბათს, დილით, სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. ყოველივე ამის შემდეგ, ხდება მზადება უფლის ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

     დიდ მარხვაში იკითხება წმიდა ეფრემ ასურის ლოცვის კანონი ყოველდღიურად 16 მეტანიით (კვირის გარდა)

1.უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობასა, მთავრობისმოყვარებასა და ცუდად მეტყველებასა ნუ მიმცემ მე.

                                                                                        (დიდი მეტანია 1-ჯერ)

2. ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა.

                                                                                        (დიდი მეტანია 1-ჯერ)

3.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ, შენ, უკუნითი უკუნისანდე. ამინ.

                                                                                         (დიდი მეტანია 1-ჯერ)

4.ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამასა და შემიწყალე. 

                                                                                         (მცირე მეტანიით 12-ჯერ)

5.შემდეგ ეს ლოცვა ისევ უნდა გავიმეოროთ თავიდან ბოლომდე და აღვასრულოთ კიდევ 1 დიდი მეტანია.

  • მეტანიის განმარტება

     მეტანია – ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს სინანულს, საკუთარი უღირსების შეგრძნებით ღვთის წინაშე თაყვანისცემას – მუხლდრეკას.

ა) დიდი მეტანია ნიშნავს – მუხლებისა და თავის მოდრეკას.

ბ) მცირე მეტანია ნიშნავს პირჯვრის გამოსახვის შემდეგ თავის დადრეკას უფლის წინაშე და ხელით იატაკზე შეხებას.

     აღდგომის დღესასწაული მოძრავია და წელს 2009_ში შემდეგ რიცხვებში უწევს:

     ძველი სტილით 6 აპრილი/ახალი სტილით 19 აპრილიბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

     აღდგომის მარხვაში, ისევე, როგორც ტაძრებში წმიდა ხატები, საკურთხეველი და ანალოგიები იმოსება დიდი მარხვის მწუხარე ჟამის აღსანიშნავად, შავი წმიდა ქსოვილით, ასევე მორწმუნეებმა, სახლებში, საკუთარი ხატების კუთხეც, შავი ქსოვილის ნაჭრით უნდა შემოსონ წმიდა ხატები და მაგიდა სადაც სახარება, კანდელი, სასანთლე და სიწმინდეები არის დაბრძანებული. შავი ქსოვილის გარდამოხსნა ხდება შაბათ საღამოდან და ასეა მთელი კვირა დღის განმავლობაში, და კვლავ შეიმოსება ორშაბათიდან.

12 Responses to “აღდგომის დიდი მარხვის წესები”

  1. ლომისა Says:

    ძვირფასო „დიდგორის“ მკითხველო.

    რადგან დღეს არის საყოველთაო შენდობის კვირიაკე, ყველას გთხოვთ, მომიტევოთ ყველაფერი ის, რაც თქვენს მიმართ შემიცოდავს, უსიყვარულობით, უყურადღებობით სიტყვით, საქმით თუ გაფიქრებით.

  2. კანონისტი Says:

    შენდობას გთხოვთ ყველას მეც.

    ეს შეცდომით წერია და გაასწორეთ:
    “ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს სრულდება „გარდამოხსნის გადმოსვენება”. საღამოს კი, იკითხება „თორმეტი ვნების სახარება”.”

    პარასკევ საღამოს თორმეტი ვნების სახარება არ იკითხება. იგი ნაწილია პარასკევის ცისკრისა, ანუ წაიკითხება ან ხუთშაბათ საღამოს ან პარასკევს გამთენიას.

    ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვნების საკითხავთა ციკლი ასეთია:
    ხუთშაბათი:
    მცირე სერობა
    პარასკევი:
    ცისკარი და 12 ვნების სახარება
    სამეუფეო ჟამნობა (1, 3, 6 და 9)

    პარასკევი შუადღე:
    მწუხრი და გარდამოხსნის გადმოსვენება
    მცირე სერობა

    შაბათი:
    ცისკარი და გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო
    ჟამნები
    ბასილი დიდის ლიტურგია მწუხრთან შეერთებული – 13 საწინასწარმეტყველო

    შაბათი ღამე:
    შუაღამიანის ჟამნი

  3. ლომისა Says:

    დიდი მადლობა „კანონისტს“ შეცდომის შესწორებისათვის. დიახ, დილით იკითხება „თორმეტი ვნების სახარება” და არა საღამოს, როგორც ჩვენ გვეწერა ადრე.

  4. კანონისტი Says:

    “ლომისა”

    გაიხარე🙂

  5. ცეზარი Says:

    ცალიან მომეცონა ცალიან კარგია ასეთი საიტები უნდა იღოს ცან ბევრი ხალხმა რო ნახოს და ღველამ დაიწღოს ეკლესიაში სიარული ლოცვა მაგას რა ჩობია

  6. Irakli Says:

    შეიძლება შვიდგზის ლოცვა ვიკითხო
    აღდგომის დიდმარხვაში?

    • გიორგი Says:

      აღდგომის მარხვაში ჯობია ილოცოთ იმ კანონით, რაც დადგენილია ეკლესიის მიერ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: