მღვდელი გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (ნაწ. I)

კომენტარების კომენტარები (ნაწ. I)

მღვდელი გიორგი სხილაძე

1) „დიდგორის“ მკითხველმა გვთხოვა, წაგვეკითხა ერთი, გაურკვეველი რელიგიის მქონე ჯგუფის, ელ-გამოცემა და ჩვენი აზრი გამოგვეთქვა, სიმართლეს შეეფერება თუ არა იქ მოყვანილი მტკიცებულებები.

წავიკითხეთ, შევისწავლეთ და გთავაზობთ ჩვენეულ დასკვნას:

ეს უავტორო თხზულება, „მალე დამყარდება მსოფლიოს ახალი წესრიგი: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“, როგორც წაკითხულიდან ჩანს, არის ერთ-ერთი სექტის ნაცოდვილარი, რადგან არსად არ იმოწმებენ და არც ახსენებენ ეკლესიის წმინდა მამებსა და მასწავლებლებს; კერძოდ, ეს უნდა იყოს ე. წ. მეშაბათეების ანუ „მეშვიდე დღის ადვენტისტების“ წევრთა შედგენილი, რასაც ცხადყოფს შემდეგი ადგილიც*:

„შაბათი დღის, როგორც წმინდა დღისადმი პატივმიგებით შეგვიძლია, თაყვანი ვცეთ ღმერთს, როგორც ჩვენს შემოქმედს. ვიცავთ რა წმინდა დღეს, რომელიც უფალმა აირჩია, ამით მთელს მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ ქვეყნიერების შემქმნელი _ ჩვენი ღმერთია. ეშმაკი, „ლუციფერი“ წმინდა შაბათს თავს ესხმის იმიტომ, რომ მას უნდა იყოს ”მსგავსი უზენაესისა“ (ესაია: 14, 14) და რომ პატივს ცემდნენ მას, ვითარცა ღმერთს. შემოქმედი შაბათის წმ. დღის თაყვანცემას ითხოვს; სატანას კი, შემოქმედის მიმბაძველს, უნდა, რომ მას კვირადღეს მიაგონ პატივი. თქვენ რას აირჩევთ?“.

შაბათის ნაცვლად კვირადღის მიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად დაკავშირებულია იმასთან, რომ მაცხოვარი სწორედ კვირა დღეს აღსდგა მკვდრეთით. ამიტომ, ლიტურღიკულად ყოველი კვირა დღე არის აღდგომის დღესასწაულის ”მცირე“ განახლება (დიდი განახლება არის აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის თავზე, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ სხვაგვარად, თომას კვირიაკე _ მაცხოვრის გვერდის განხილვა _ ეწოდება), რისი აღნიშვნაც ჯერ კიდევ მოციქულებიდან იღებს სათავეს და არა სატანისაგან, როგორც ამას ამ თხზულებაში წერენ. ასე გადმოგვეცა ეს წეს-ჩვეულება (ტრადიცია) ქრისტეანულ ეკლესიას. კვირა ბერძნულად ”საუფლოს“ ნიშნავს, რასაც ეს სექტა სატანურად ”მხეცის ნიშანს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ნიშნის მისაღებად ემზადება კვირადღის პატივისმცემელიო. უქმობას კვირა დღეს და არა შაბათს (როგორც ეს ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო) გვავალდებულებს ”დიდი სჯულუსკანონი“; ამ დღის ღვთისმსახურებაში განლევასა და წმინდად დაცვას გვასწავლიან მსოფლიოს I, VI და ლაოდიკიისა და კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრებები, წწ.. ბასილი დიდი, პეტრე და თეოფილე ალექსანდრიელები. ხოლო ე. წ. ადვენტისტები კვირას ”ყალბ დღეს“ უწოდებენ. მათი აზრით, ამ დღის პატივისმცემელნი წარწყმდებიან, ხოლო მეშაბათეები (ღვთისმკვლელი იუდეველებიც?) ცხოვნდებიან.

როგორც უფალი ამბობს, ”შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის“ (მარკოზი: 2, 27).

აპოკალიფსური განმარტებანი და წინასწარმეტყველებანი უნდა ვიკითხოთ წმინდა მამებთან (მაგ., წმ. მღვდელმოწამე პაპი რომისა იპოლიტე (IIIს.), წმ. დიაკონი ეფრემ ასური (IVს.), წმ. ანდრია კესარიელი (VIს.), წმ. იოანე დამასკოელი (VIIIს.), წმ. ნილოს ათონელი _ მირონმდინარე (XVIს.), წმ. მღვდელმონაზონი სერაფიმე საროველი (XIXს.), წმ. იოანე კრონშტადტელი (XIX-XXსს..) და სხვ.), რადგან ისინი ”ბიბლიას“ სულიწმინდით განმარტავდნენ, ხოლო ასეთი სექტების წევრთა განმარტებები დაფუძნებულია ადამიანური გონების მშვინვიერ ბრძნობაზე, რომელშიც გულისამრევადაა შეზავებული ამპარტავნება და უმეცრება, როგორც სათავე ყოველგვარი მწვალებლობისა (ერესი), განხეთქილებისა (სქიზმა) და თვითნებური თავშეყრისა ანუ კიდეშესაკრებლობისა (პარა-სინაგოგა), როგორც ამას წმ. ბასილი დიდი გვასწავლის თავის ”პირველ კანონიკურ ეპისტოლეში“. თანაც, ”გამოცხადების“ XIII თავის განმარტების სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგალითად, პროტესტანტულ მიმდინარეობებში (ძირითადად, ე. წ. ბაპტისტებში). ვთქვათ, ერთ-ერთია: _ ”წყლიდან ამომავალ წითელ მხეცში“ გულისხმობენ არა რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, არამედ ლენინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს მდინარე (წყალი) ლენადან და მოგვევლინა ხალხიდან („და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ _ ”გამოცხ. იოანესი“: 17, 15) გამომავალ რევოლუციურ გმირად. ხოლო როგორც ამავე, XIII, თავშია აღწერილი, მან მართლაც: შექმნა წითელი სახელმწიფო, დაახლოვებით სამწელიწადნახევარი ეპყრა ძალაუფლება, დაჭრეს და გადარჩა, იყო დიდი ორატორი ღვთის გმობაში _ ”მიეცა მას პირი დიდად მეტყველი და მგმობარი, და მიეცა მას ხელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე“ (5), დახოცა წმინდანები _ ”მიეცა მას ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა“ (7) და ა. შ.. ხოლო ”მიწიდან ამომავალ მხეცში“ გულისხმობენ სტალინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს ფოლადიდან (რომელიც მიწიდან მოიპოვება) და მართლაც: მოქმედებდა ლენინის სახელითა და ძალაუფლებით მის სიცოცხლეშივე _ ”ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა“ (12); აიძულებდა ხალხს, თაყვანი ეცათ ლენინისთვის _ ”რაჲთა თაყვანის-სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა“ (იქვე); ხალხი მოხიბლა საბრძოლო გამარჯვებებითა და სწრაფი მიღწევებით (ატომური იარაღის ჩათვლით) _ ”იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა და აცდუნრებს მკვიდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (13); ლენინისაგან შექმნა კერპი, რომელსაც უნდა ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი მისი მოწინააღმდეგე (”ხალხის მტერი“) _ ”ყოველნი, რომალთა არა თაყვანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ“ (15).

მაგრამ აქ მთავარია ის, რომ წმინდა მამათა სწავლებისამებრ, ანტიქრისტეს ანუ ”ანტეს“ (როგორც ისინი უწოდებენ) ორგვარი გაგება არსებობს _ საზოგადო და კერძო. ზოგადი გაგებით, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ანტიქრისტეა ყოველი სული, ვინც ქრისტე-მაცხოვარს ღმერთად არ აღიარებს და მის მცნებებს არ ასრულებს; ხოლო კერძო გაგებით, ანტიქრისტე ასპარეზზე უნდა გამოჩნდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის ანუ ქვეყნიერების ნივთიერი (მატერიალური) აღსასრულის წინ შვიდი წლით ადრე. თანაც, რახან სატანა მახინჯად ბაძავს ღმერთს, _ როგორც მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას წინ უძღვოდა მის წინასწარმეტყველთა და უშუალო წინამორბედის _ იოანე ნათლისმცემლის _ მოსვლა, ეშმაკმაც თავისი სრულყოფილი მსახურის ანუ ანტეს მოსვლამდე მისი წინამორბედები მოავლინა და ამ აზრით, პაპო-კათოლიციზმიცა და კომუნიზმიც, მართლაც, ანტიქრისტეს წინამორბედობაა და ”თეთრი“ ა.შ.შ-ცა და ”წითელი“ რუსეთიც მისი წინამორბედნი არიან.

ჩვენს მიერ წაკითხული ეს თხზულება (”მსოფლიოს ახალი წესრიგი მალე დამყარდება: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“), რომელიც საკმაოდ ვრცელია და ორმოცდაშვიდ ენაზეა გავრცელებული, წარმოადგენს ტყუილ-მართლის ნაზავს და აღბეჭდილია სექტანტებისათვის დამახასიათებელი აზროვნების დაბალი დონითა და აბდაუბდით…

მაგალითები:

1. ხალხს მოუწოდებენ ყველანაირი, მათ შორის, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ეკლესიის დატოვებისაკენ.

2. გვთავაზობენ ლათინურ-კათოლიკური გამოთქმის „VICARIUS FILII DEI“ („ძე-ღვთისას მოადგილე“) _ გულისხმობენ რომის პაპს _ ასო-რიცხობრივ ჯამს _ 666, რაც ნუმეროლოგიურად, შესაძლოა, მრავალი კომბინაციური სახესხვაობითაც მივიღოთ.

3. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, ერთი მხრივ, ”აპოკალიფსურ მხეცს“ უწოდებენ და მეორე მხრივ, უშვებენ, რომ ამ და სხვა ერეტიკულ საკრებულოებში დღეს ”ჭეშმარიტი ქრისტეანენი არიან“.

4. ამბობენ, რომ ა.შ.შ. გამოსცემს ისეთ კანონს, რომ ყველამ პატივი სცეს კვირას და დაიცვას ეს დღე; ხოლო ამის მოწინააღმდეგეებს დევნას დაუწყებენ და მოკლავენ (გაუგონარი უაზრობაა).

ეს სექტანტები, ასევე, წერენ:

1. ”…იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას, ორმოცი წელი იქნებით დასჯილნი თქვენი ცოდვების გამო (თითო წელიწადი თითო დღეზე); ”თითო წელზე თითო დღეს, თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ“ (რიცხვთა: 14, 34; ეზეკიელი: 4, 6).

აქ მოყვანილი სიტყვები რა კავშირშია ან შაბათთან ან კვირასთან?

2. ”რომის კათოლიკურმა ეკლესიამ… გაბედა და მთლიანად უგულებელჰყო მეორე მცნება, რომელიც მის პრაქტიკასა და წეს-ჩვეულებებს მსჯავრს სდებდა“.

მოგეხსენებათ, მეორე მცნება ეხება იმას, რომ არ უნდა შევიქნმნათ კერპი და თაყვანი არ უნდა ვცეთ მას. ადვენტისტობა აქ თუ იმას გულისხმობს, რომ კათოლიკობამ რომის პაპისგან კერპი შეიქმნა და მას ემსახურება, ამაში, სამწუხაროდ, მართალია, მაგრამ ზემოთქმული მაინც დიდი გადაჭარბებაა (მამხილებლობა არ უნდა მივიდეს ცილისწამებამდე, რომ თუნდაც კერპთაყვანისმცემლებს რაიმე დავაბრალოთ).

3. ”რომის კათოლიკურმა ეკლესიამ… მეოთხე მცნებაში მითითებული საღვთო დღე _ შაბათი _ კვირით შეცვალა;

კათოლიკურ ეკლესიას სირცხვილი არ აწუხებს იმის გამო, რომ თაყვანსაცემი დღე შეცვალა;

ამ მოწმობათა (იგულისხმება ზემომოყვანილი და სხვა მსგავსი ციტატები _ ავტ.) სიცხადე უფლებას გვაძლევს, გადაჭრით გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ”გამოცხადების“ (თთ.. 13 და 14) მხეცი _ ეს რომაულ-კათოლიკური ეკლესიაა და მისი ნიშანი (მხეცის ნიშანი) _ კვირადღის დაცვა“.

მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული არაა, ანტიქრისტე რომის პაპის (ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარის, ან ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის) ან სხვა სახით მოევლინოს კაცობრიობას,  ზემოთქმული, უფრო _ ბოლო ფრაზა, მაინც რელიგიურ-პოლიტიკური ბოდვაა.

4. ”ნათელია, რომ შემოქმედის ბეჭედი, მისი კანონით, შაბათის წმინდა დღის მცნებაში გამოიხატება. ესაა მისი, როგორც ჩევენი შემქმნელის, ძალაუფლების აღიარება. დავიცავთ რა მის წმ. შაბათ-დღეს, ამით ვაჩვენებთ, რომ ვცნობთ მას, როგორც ჩვენს შემოქმედს“.

საიდანაა ნათელი ის, რასაც აქ ამტკიცებენ, ნათელიაო?

ერთი რამ კი, მართლაც, ნათელია: შაბათის გაფეტიშებაში ეს სექტა ჩამოჰგავს სხვა მეშაბათე სექტას _ იუდეველობას, რომელთა შთაგონებითაცაა შექმნილი, ცნობილია, მსოფლიოში არსებულ რელიგიურ, მეცნიერულ თუ პოლიტიკურ ერესთა, სქიზმათა და პარა-სინაგოგათა უმრავლესობა.

_____________

*თარგმანი ავტორისეულია.

____________________________________________________________________________

2) ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე

შემაძრწუნებელია შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ მ. სააკაშვილმა იმდენი ხმა ვერ მიიღო, რამდენიც გამოაცხადა (და ეს ყველამ იცის), მას დაახლოვებით მესამედმა მაინც დაუჭირა მხარი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყოფილმა თითქმის მეორე პირმა მას საჯაროდ დასდო ბრალი მძიმე დანაშაულებში და მათ, შორის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. მართალია, ასეთი ბრალდება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის ნამდვილობას, მაგრამùმთელს მოსახლეობას (და მათ შორის, იმ მესამედ ნაწილსაც) ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს ბრალდება გამოერკვია და დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებული (უკვე დამნაშავე) პასუხისგებაში მიეცა (ხელმეორედ მაინც აღარ აერჩია პრეზიდენტად).

მ. სააკაშვილი ებრძვის არა სახელმწიფო გადამტრიალებლებს, არამედ თავის გადამტრიალებლებს (აქედან, დასკვნა: მისთვის მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო, არამედ საკუთარი თავი). ეს რომ ასეა, მტკიცდება იმით, რომ მან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავა რამდენიმე ადამიანი, ხოლო ისინი, ვინც ეს დანაშაული უკვე ჩაიდინა (თ. სიგუა და თ. კიტოვანი) და ამის მისაღწევად ბევრის სისხლიც დაღვარა, შუა ქალაქში დაუბრკოლებლად დადიან, ხოლო მათი ხელმძღვანელი (ე. შევარდნაძე) სამთავრობო აგარაკზე ისვენებს…

*  *  *

ჩვენ პირადად ვიცნობთ ბ-ნ რობერტ პეტრიაშვილს, როგორც პატიოსან კაცს, მაგრამ მისი, როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელის, წინადადება, უკანონო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სურვილზე, არასწორია; ეტყობა, გადაიღალნენ ჩვენი პატრიოტები…

ვეთანხმებით ბ-ნ დიმიტრი ჩუბინიძის წერილში გამოთქმულ აზრს, რომ არჩევნები კანონიერმა ხელისუფლებამ ანუ 1990-91წწ. უზენაესმა საბჭომ უნდა დანიშნოს, რომ მომავალი ხელისუფლება ლეგიტიმური იყოს, რაც საქართველოს კარგის მეტს არაფერს მოუტანს როგორც ზნეობრივად, ისე ნივთიერად.

ღმერთმა დაგლოცოთ ძმაო დიმიტრი!

11/7/2007

მინაწერი (P. S.): აქვე, გთავაზობთ ჩვენს ადრეულ, ”დიდგორზე“ ”კომენტარებში“ გამოქვეყნებულ, კომენტარებსაც:

3) საეკლესიო ახალი წელი

ქრისტეს შობამდე ცოტა ხნით ადრე რომაელებმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან დაიწყეს — ეს იყო დიდი სახალხო დღესასწაული რომისათვის დამახასიათებელი წარმართული გართობა-თამაშობებითა და ორგიებით. 1594 წელს საფრანგეთის მეფე კარლოს IX-ის ბრძანებით საფრანგეთში ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო 1 იანვრიდან, რაც შემდგომ თანდათან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებშიც. მორწმუნე ერი ნამდვილ ახალ წელსაც (1/14 სექტემბერს) კი არ დღესასწაულობს და ცაში ისვრის (აქ რა არის სასიხარულო?!), არამედ მადლობს უფალს განვლილისთვის და წყალობას სთხოვს შემდეგი წლისათვის:

  • ტროპარი ინდიკტიონისა

”ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, _ აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა. უფალო, დაიცვენ მეფე და სამწყსოი შენი, რომელნი გევედრებიან ღმრთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა!“.

  • კონდაკი ინდიკტიონისა

”რომელი მკვიდრხარ მაღალთა შინა, ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო; რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, _ აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეი და ქალაქი და ერი შენი, მრავალ მოწყალე!“.

_____________________________________________________________________________

4) მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა

მოგეხსენებათ, სასწაული არის არაბუნებრივი მოვლენა, რომელსაც თვით ბუნების შემოქმედი აღასრულებს საღვთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად თუ ურწმუნოთა და მცირედმორწმუნეთა განსამტკიცებლად.

დღეს, ხშირად, ამა თუ იმ სასწაულს იყენებენ უსჯულოებაზე ხელის დასაფარებლად, ამის მამხილებელთა პირზე ასაფარებლად და სურთ რა გაამართლონ მოდერნისტულ-ეკუმენისტური ქმედებები, ამ ასპექტში სვამენ კითხვას: ე. წ. ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიებში მადლი არის თუ არ არის? ამ კონტექსტში, უკვე, საკითხის თვით ასე დასმაა არასწორი, რადგან ჯერ ის კი არ უნდა ვიკითხოთ, სადმე მადლი არის თუ არა, არამედ ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ: მადლიანად ვიქცევით თუ არა? რადგან წმ. ბასილი დიდი თავის კანონთა პირველ თავში, რომელიც ”დიდ სჯულისკანონშია“ შეტანილი, საუბრობს რა განხეთქილების (სქიზმა) მოქმედთა შესახებ, დასძენს: ”განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად*. პირველ განგდომილთ მამებისგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ, სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებითვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს“.

…მორწმუნეებს ახსოვთ, რომ ორი წლის წინ დაიწყო და სულ ახლახანს დასრულდა იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები: პატრიარქი ირინე (ირინეოსი) I სინოდმა და სხვა ბერძნულმა საპატრიარქოებმა ტახტიდან გადააყენეს საეჭვო ბრალდებით** და მის მაგივრად აღასაყდრეს თეოფილე III. ცეცხლი კი მაცხოვრის ყოფილ საფლავზე ორივეს დროს გარდამოხდა, მაგრამ ამ ორიდან, სინამდვილეში, რომელიღაც ხომ იყო დამნაშავე? მაშ, რა უნდა ვიფიქროთ? _ ესე წერილ-არს, ”ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს“ (მათე: 12, 39; 16, 4), ხოლო არსად წერია, სანამ იერუსალიმში ცეცხლი გადმოვა, მანამ არ გაბედოთ ეკუმენისტების მხილებაო…

აღდგომის ტაძარში ცეცხლი გარდამოდის მაცხოვრის და არა სხვა ვინმეს გამო. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა XIXს. სომხებმა მოსყიდვით მიაღწიეს იმას, რომ თავიანთი წინამძღვარი ანუ მწვალებელი-მონოფიზიტი შეაგზავნეს საფლავთან და მართლმადიდებელი პატრიარქი გარეთ გამოაძევეს, ცეცხლი არამართლმადიდებელზე რომ არ გადმოვიდა, უფალმა, როგორც ჩანს, ამით მიანიშნა არა ის, რომ იმდროინდელი მართლმადიდებელი პატრიარქი პიროვნულად იმსახურებდა მის ხელებზე ცეცხლის გადმოსვლას (მაშინ, ცეცხლი მართლა მის ხელში დაჭერილ სანთლებზე გადმოვიდოდა და მის გვერდით ქვის სვეტს არ გახეთქავდა და ისე არ გარდამოსკდებოდა), არამედ ის, რომ მონოფიზიტობა, როგორც ასეთი, არის მცდარი აღმსარებლობა, _ პიროვნულად რაც უნდა უკეთესი ადამიანი ყოფილიყო ის მონოფიზიტი ”პატრიარქი“ იმ მართლმადიდებელ პატრიარქზე.

გავიხსენოთ ძველი აღთქმის დროინდელი ისტორიიდან იერუსალიმში ხდენილი სხვა სასწაულიც: ე. წ. ცხოვართა საბანელთან მდებარე ტბაზე, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა (ბეთ-ხასდა) ერქვა, ”ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღვის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღვევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა“ (იოანე: 5, 4). ხოლო კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა სნეულებისგან, თავისთავად კი ვერ ეწია სიკეთეს ამ სასწაულიდან, არამედ უფალმა მოიღო მოწყალება და ჰრქუა მას: ”აღდეგ, აღიღე ცხედარი (სარეცელი) შენი და ვიდოდე!“ (8). ჯერ ერთი, მაცხოვარი ცოტა მოგვიანებით ეტყვის უკვე განკურნებულს: ”აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძვირესი რაჲმე გეყოს შენ“ (14); მეორე: იერუსალიმში იმჟამად სასწაულის ხდენილობა თავისთავად ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ სამხელნი არ იყვნენ იმდროინდელი იმ ღვთისმკვლელი სინედრიონის წევრები, რომლებიც უშუალოდ ეხებოდნენ ანგელოზისგან შეხებულ წყალს და მათთვის ყველაფერში უნდა დაეჯერებინათ?! ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო, მართალია, არა მაცხოვნებელი, თუმცა, მაინც საღვთო მადლი, მაგრამ განა ის მექანიკურად ამართლებდა და აბრაამის წიაღში ახვედრებდა ყველას?! მსგავსადვე, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც არის მადლი, მაგრამ ქრისტე განმარტავს, ვისზე როგორ იმოქმედებს იგი: ”მოვიდეს იგი [სული ჭეშმარიტებისაჲ]*** და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე; ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ**** დასჯილ არს“ (16, 8-11). შესაბამისად, ვერც ჩვენ გვიშველის, თავისთავად, აღდგომის ტაძარში გარდამოსული ცეცხლი, თუ იმ ყოფილი სნეულივით ცოდვის სარეცელზე დავრჩით და ხორციელი თუ სულიერი ”საწოლი ჩვენი შეუგინებლად არ დავიცავით“ (როგორც გვირგვინობის ანუ ჯვრისწერის ლოცვებშია ნათქვამი) და ამავე დროს, მადლი არ შევიტკბეთ და ცოდვა არ ვამხილეთ, რამეთუ ”გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (5: 29).

_________________________

*განხეთქილებაში გადის ის, ვინც სწორედ ”კანონიერი წესების მიყოლას აღკვეთს“;

**რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მან გრძელვადიანი იჯარით არაბერძნებზე გასცა ბერძნული საპატრიარქოს კუთვნილი მიწები. პატრიარქი დღემდე არ აღიარებს ამ ბრალდებას, რომელიც თავიდან თვით საქართველოს საპატრიარქომაც კი არ გაიზიარა; თუმცა, სიმართლე ბოლომდე არ დაიცვა და ბოლოს, მაინც აღიარა მისი აზრითაც უკანონოდ არჩეული ახალი პატრიარქი.

როცა ჯერ კიდევ მოქმედმა პატრიარქმა ირინემ ერთ-ერთ ანტიეკუმენისტურ შეკრებაზე სალონიკში თავისი არქიმანდრიტი გააგზავნა მათ მხარდასაჭერად და თვითონ კი მამხილებელი სიტყვებით ეკუმენისტებად მოიხსენია სხვა პატრიარქები, მაშინ, წინასწარმეტყველების უნარი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რასაც ეს უკანასკნელნი ამის გამო მას დამართებდნენ და გვახსოვს, ჩვენს სულიერ შვილებს გავუზიარეთ, კიდეც, ეს ვარაუდი. _ ისე ყველაფერი კეთილად აგიხდეთ! _ რაიმე სულიერი და დოგმატურ-კანონიკური დარღვევა ”ვერ“ მოუძებნეს, რადგან თვითონ, ამ მხრივ, უარესს სჩადიან და უცებ, გამოუძებნეს პირდაპირი გაგებით მიწიური საკითხი _ მიწის გაცემა; თვითონ მართლმადიდებლობას გასცემენ და სხვას მიწის გაცემას არ პატიობენ;

***სულიწმიდა;

****სატანა (ავტ. შენიშვ.).

5) კათოლიკურ კალენდარზე

ადამიანური საზომის გარდა არსებობს ანგელოზური საზომი, რომელსაც ”აპოკალიფსში“  ”ლერწამი ოქროისაი“ ეწოდება (”გამოცხადება იოანესი“: 21, 15). აქედან გამომდინარე, ბუნებაში ზედმიწევნით სწორი (აბსოლუტურად ზუსტი) კალენდარი ვერ იარსებებდა და არც არსებობს. მაგრამ ე. წ. იულიუსის კალენდარი, რასაც სამოციქულო მართლმადიდებლობა მიჰყვება, მსოფლიოს პირველმა წმინდა საეკლესიო კრებამ აკურთხა და მსოფლიოს ყველაზე დიდ მეცნიერთა (ასტრონომთა და სხვ.) აზრითაც, სწორედ ისაა არსებულ კალენდრულ წყობებს (სისტემებს) შორის შედარებით ნაკლებად ცდომილი. ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო დიდი მტკიცებითი საბუთი (არგუმენტი) და პასუხი ამ საკითხზე არის შემდეგი: თავად მაცხოვარი როცა დედამიწაზე მობრძანდა, იმ დროს, ბუნებრივია, კალენდარული ცდომილებიდან გამომდინარე, ძველებრაული კალენდრისთვისაც ”დაგროვილი“ იქნებოდა გარკვეული დრო, რაც მისთვისაც უნდა მიემატებინათ (ან უნდა მოეკლოთ). მაგრამ ქრისტე პასექის დღეს უკვე არსებული კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა. ხოლო კალენდრის რეფორმის მომხრეთა აზრით, მაშინ, ვის, თუ არა მას, უნდა შეეცვალა (შეესწორებინა) არსებული კალენდარი და პასექი ისე უნდა ედღესასწაულა (რაც უფალს არ გაუკეთებია).

1583წ. დიდი კრების განჩინება პასქალიის* დამრღვევთა
და ახალი კალენდრის მიმდევართა განკვეთის შესახებ

რამდენადაც, ისევ ძველი რომის ეკლესია, თითქოსდა, უხარისო საკუთარ ასტრონომთა დიდებისმოყვარეობა, წინდაუხედავად შეცვალა რა მშვენიერი დადგენილებანი წმინდა აღდგომაზე, რომელიც მთელი ქვეყნის ქრისტეანების მიერ განსაზღვრებისამებრ აღესრულებოდა და იდღესასწაულებოდა _ ამის გამო ხდება ცდუნებათა მიზეზი, რამეთუ დღესასწაულობის პრაქტიკასთან დაკავშირებული კითხვით ჩვენი საწყავის წინაშე წარდგნენ სომეხი კაცები, რადგან მათაც კი აიძულებენ სიახლეთა მიღებას. ამისათვის, ჩვენ უნდა გვეთქვა, თუ რა არის ამაზე დადგენილი წმინდა მამაების მიერ. ჩვენი თანახმიერება, იმსჯელა რა ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქთან, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქთან და სინოდის სხვა წევრებთან ერთად სულიწმინდის მოხმობით, განსაზღვრავს და განმარტავს ამის თაობაზე წმ. მამათა გადაწყვეტილებას: ვინც არ მისდევს ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და იმას, რაც მსოფლიოს შვიდმა წმინდა კრებამ გვიბრძანა წმინდა აღდგომასა და თუენზე** და კეთილად განაგო, მივყვებოდეთ მას, _ არამედ სურს, მისდიოს გრიგორიანულ*** პასქალიასა და თუენს, რითაც უღმერთო ასტრონომებითურთ ეწინააღმდეგება წმ. კრებათა განჩინებებს და სურს, შეცვალოს და დაასუსტოს ისინი, _ შეჩვენებულ იყოს (ანათემა) და ქრისტეს ეკლესიიდან და მორწმუნეთა კრებულიდან _ განკვეთილ! თქვენ კი, მართლმადიდებელო და კეთილმორწმუნე ქრისტეანენო, გეპყრათ ის, რაც გისწავლიათ, რაშიც იშვენით და აღიზარდენით და როცა გარდუვალობა მოგიხმობთ, საკუთარი სისხლიც კი დათხიეთ, რათა შეინარჩუნოთ მამათამიერი რწმენა და აღმსარებლობა! იფხიზლებდით და შემოიზღუდენით მათგან, რათა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე შეგეწიოთ და ჩვენი სისავსის ლოცვები იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ჭეშმარიტად (ამინ)!

კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია II
ალექსანდრიის პატრიარქი სილიბისტრო
იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი და
1583წ. 20 ნოემბრის კრების სხვა მღვდელმთავრები

______________________

*პასქალია _ აღდგომისა და მის გარშემო მოძრავ დღესასწაულთა კალენდარული მონაცემების ცხრილი;

**თუენი (თვენი) _ საეკლესიო კალენდრით განლაგებულ დღესასწაულთა და წმინდანთა განსადიდებელი (ჰიმნოგრაფიული) ლოცვების კრებული, რომელიც თვეების მიხედვითაა გაწყობილი (იწყება სექტემბრის თვიდან და მთავრდება აგვისტოს თვით);

***გრიგორიანული _ ასე ეწოდება ”შესწორებულ“ კალენდარს, რომლის შემოტანაც 1583წ. კათოლიკობაში უკავშირდება რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სახელს _ მთარგმნელის (მღვდ. გ. სხილაძე) შენიშვნები.

__________________________________________________________________________________________

6)  უნათლავ ყრმებზე

გმადლობთ წმ. ნინოს დღის მოლოცვისათვის; შეგეწიოთ მისი ლოცვის მადლი თქვენს ოჯახთან ერთად!

არქ. რაფაელის რომელ სწავლებას გულისხმობთ უნათლავ ბავშვებზე, ცხონება-არცხონების თუ სხვას?

წყარო: ”საერთაშორისო შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ“.

ცხონდებიან თუ არა მოუნათლავი ბავშვები?

”ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებკლად.

ასევე, განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისგან განწმენდას; რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი, _ შეჩვენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება, გავიგოთ მოციქულის მიერ ნათქვამი, _ ”როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ _ სიკვდილი, ასევე, სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში იმიტომ, რომ ამით ყველამ შესცოდა“ (რომ. 5, 12). [ეს უნდა გავიგოთ ისე], როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით, ცოდვათა მისატევებლად, ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნი _ თუმცა, მათ არ შეუძლიათ, თვითონ, ცოდვის ჩადენა _, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისგან [ადამისგან]“ _ კართაგენის კრების 110-ე კანონი.

როგორც ვნახეთ, წმინდა მამათა სწავლებით, ბავშვთა ნათლობის გადადება არ შეიძლება და საჭირო არაა, ბავშვის ცუდად გახდომას დაველოდოთ. ამასთან, ფილიპე დიაკვანმა მონათლა მთელი სამარია და არ დაელოდა მოციქულებს, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ძალზე შორს. რადგანაც, სანამ მოციქულები მოვიოდოდნენ, იქნებ, ვინმე უეცრად გარდაცვლილიყო?! ამიტომაც, წმ. ფილიპემ არცერთი არ დატოვა _ ყველა მონათლა. მოციქულები კი შემდეგ მოვიდნენ და მთელ სამარიას ჩაუატარეს ხელისდადება, რაც მოგვიანებით იქცა მირონცხებად. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ”განმარტებაში“ ამბობს: ფილიპე დიაკვანმა იმიტომ მონათლა ამდენი ხალხი, რომ მღვდლები ცოტანი იყვნენ და როცა არ არის მღველი, საეკლესიო წესით, დიაკვანს შეუძლია, მონათლოს, როცა საჭიროება მოითხოვს. საფუძველი მონათვლისა კი არის შემდეგი გამონათქვამი (ისევ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა, რომელიც მათეს სახარების განმარტებაში წერს): ”ასე, რომ ყველა უნდა ფიქრობდეს სიცოცხლის დასასრულზე. ჩვილი ბავშვიც რომ იყოს, მასზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ არ გარდაიცვალოს მოუნათლავად“.

საერთოდ, რატომ ვინათლებით? _ იმიტომ, რომ პირველ რიგში სინანულითა და ნათლობის წყლით ჩამოვიშოროთ ჭუჭყი ცოდვისა, რომელიც ორგვარია: საკუთარი და წინაპრისა (პირველმამა ადამისა და საგვარეულო წინაპრებისა). ბუნებრივია, ახალშობილს გარკვეულ ასაკამდე საკუთარი ცოდვა არ გააჩნია, მაგრამ თუ ასეთი მოუნათლავად მაინც ცხონდება, მაშ, რატომღა ნათლავს მათ ეკლესია? ”ძველი აღთქმის“ დროს სასუფეველში ვერცერთი ვერ ხვდებოდა _ მართალნი ”აბრაამის წიაღში“ განისვენებდნენ მხოლოდ. როცა მამამთავარ იაკობს იოსების სიკვდილის ამბავს მიუტანენ, ის გოდებას იწყებს და ამბობს, ჩემს შვილთან ერთად ჩავალ შავეთშიო…

ამ საკითხზე უმრავლეს წმ. მამათა თანხმიერი აზრიც (”ჩონსენსუს Pატრუმ“) ისეთივეა, როგორიც მათ მიერვე შედგენილი განმარტებაც: ”უწყოდეთ, რამეთუ რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკვდინედ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლისცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ აყოვნებთ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და ნუ დააყოვნებენ ექვსსა და ანუ რვასა დღესა და შეამთხვიოს სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად. უკეთუ რვა დღემდე იცოცხლოს, დააცადონ და დღესა მერვესა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის. უკეთუ უდებ იქმნეთ, ხელთაგან თქვენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა“ (”მცირე კურთხევანი“, წესი და განგება ნათლობისა).

ისევ მოუნათლავ ბავშვებზე

დიახ, ცხონება-წარწყმედის საკითხი, სწორედაც, უფლის საიდუმლოა და ამიტომაც, გამომდინარე იქედან, რომ განგება ადამიანს აძლევს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ჩვენ ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, რატომ ცხონდება ერთი (დიდი თუ პატარა) და რატომ ვერა _ მეორე; ღმერთი რატომ უშვებს (ხელს ბოლომდე არ უშლის) ერთზე, მოევლინოს ამ ქვეყანას და მოინათლოს და სხვაზე _ არა თუ ვერა. აქ გვახსენდება ცნობილ დეკაბრისტ რილეევის შემთხვევა: როცა პატარაობაში მძიმედ ავადმყოფი კვდებოდა, დედამისი ეკლესიაში წავიდა და დაჟინებით სთხოვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მისთვის შვილი გადაერჩინა, რაზეც დედა-ღვთისამ მიუგო, რომ უმჯობესი იყო ამ პატარასათთვის, დროზე ადრე გასულიყო ამ სოფლიდან. ქალმა არ დაუჯერა და თხოვნა გააგრძელა, რომლის დროსაც ღონემიხდილს ჩაეძინა. ღვთისმშობელმა მარიამმა მას ჩვენებაში ანახა მისი შვილის მომავალი ზრდა და საქმიანობა, რაც ჩამოხრჩობით დასრულდებოდა, რადგან დიდობაში მასონურ რევოლუციაში (დეკაბრისტთა 1825წ. აჯანყება) მოუწევდა მონაწილეობის მიღება. დედამ მაინც შვილის ხორციელი ცხობრება არჩია და დედა-ღვთისამაც მისცა სათხოვარი _ შინ დაბრუნებულს პატარა სრულიად გამოჯანმრთელებული დაუხვდა. შემდეგ, როცა შვილი ეზრდებოდა, თვალწინ სულ ის კადრები უდგებოდა და ისეთი თანმიმდევრობით, რაც სიზმრეულ ჩვენებაში ნახა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დედამ თავისი შვილი, მართლაც, სახრჩობელაზე ჩამოკიდებული არ იხილა…

მართალს მწერთ, რომ უფალმა გამოგვისყიდა პირველქმნილი ცოდვისგან, მაგრამ გამოგვისყიდა სწორედ ნათლობით, როგორც სამწყემსო ბეჭდით, რომლის გარეშეც ვერცერთი, დიდი თუ პატარა, სულიერი ცხოვარი ვერ შევა ზეციურ ფარაში.

თქვენ თუ წიგნის ”კურთხევანი” ზოგიერთ რედაქციაში ეჭვი გეპარებათ, წმინდა მამათა მიმართ თქვენი იმ მოკრძალებიდან გამომდინარე, რაც თქვენს წერილებში ჩანს, ვფიქრობ, სრულიად ენდობით ქართული ეკლესიის მნათობ წმ. ექვთიმე ათონელს (IX-Xსს..), რომლის მიერ შედგენილ ”საეკლესიო კანონთა კრებულში” ვკითხულობთ: ”ყმაწვილს ნუ მოჰქრისტიანავ (მოაქრისტიანებ _ მღვდ. გ. ს.), პირდაპირ მონათლე. როცა მოგიწოდონ, რასაც გინდა აკეთებდე, თავი დაანებე და მონათლე; თუ კვდებოდეს შობის (იგულისხმება ბავშვის შობა _ მ. გ. ს.) დღეს, მაინც მონათლე სწრაფად. შუადღემდე შენ ნუ აიძულებ _ თუ მოგგვარონ, მონათლე. შუადღის შემდეგ შენ აიძულე, რომ მონათლონ. თუ მოუნათლავი მოკვდეს, წაიყვანე და მკვდრებთან დამარხე (იგულისხმება: ეკლესიის სასაფლაოზე დამარხვის უფლება მიეცი _ მ. გ. ს.), და ჟამი არა სწირო (ლიტურღია არ აღავლინო; შესაბამისად, არაქრისტეანზე არც პანაშვიდი სრულდება და არც ”წესის აგება“ _ მ. გ. ს.). თუ შენ იყო მიზეზი (ყრმის უნათლავად გასვლისა _ მ. გ. ს.), მიდი და უთხარი ეპისკოპოსს; თუ მიზეზი დედ-მამა იყოს, ისინი მიგზავნე. თუ ყმაწვილი ნათვლის პროცესში მოკვდეს ისე, რომ ემბაზში ჯერ არ ჩაგესვას, მოუნათლავია და შეწყვიტე მონათვლა; თუ მოასწარი ემბაზში ჩასმა და ისე მოკვდა _ ქრისტიანია და ნათვლა დაასრულე” (”მცირე სჯულისკანონი”, ”თეთრი სამღვდელოების დარიგება”, თავი VIII, ”საღვთისმეტყველო კრებული” 11, სრ. საქ. საპატრიარქო, თბ. 1983).

ისევ გეკითხებით: თუ გაუნათლავი ბავშვი მაინც ცხოვნდება, მაშ, რატომღა ენიჭება მის ემბაზში ჩასმა-არჩასმას ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა? თან, აბორტით მოკლული ბავშვი რომ ისედაც ცხოვნდებოდეს, ღრმად მორწმუნე დედა ყველა ბავშვს მუცლიდანვე მოიშორებდა, რომ მათ ცხონებაში დარწმუნებულიყო. შვილთაკვლა არამარტო იმის გამოა მძიმე ცოდვა, რომ ადამიანი ბუნებითად (ფიზიკურად) კვდება, არამედ იმისთვისაც, რომ _ სულიერად კვდება.

უახლოეს წარსულში, თითქოსდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სატკივრები მოეგვარებინოთ, საქ. ეკლესიაში სადავოდ შექმნეს საკითხი, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში უკვე დადგენილია. ესაა მკვდრადშობილ, დაბადებამდე მოკლულ (”აბორტი“) და გარდაცვლილ უნათლავ ჩვილთა სულების ცხონება-არცხონების საკითხი, რომელიც დოგმატური ღვთისმეტყველების დონეს განეკუთვნება და მისი გადაწყვეტა მსოფლიო წმ. საეკლესიო აზრის ძალაუფლებაა (”პრეროგატივა“) და არა რომელიმე ადგილობრივი სინოდისა. საქართველოში მამათმცოდნეობის (”პატროლოგია“) ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორმა, მისმა თანაშემწეებმა და საქ. საპატრიარქოს ”საღვთისმეტყველო კომისიის“ წევრებმა, რომლებიც ერთ-ერთ მოდავე მხარეს წარმოადგენდნენ, ისიც კი განაცხადეს, ამ საკითხს საქ. ეკლესიის სინოდი როგორც გადაწყვეტს, ჩვენც იმ აზრზე დავდგებითო (რა თქმა უნდა, ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავრებს შეუძლიათ და კიდევაც უნდა იმსჯელონ ნებისმიერ დოგმატურ საკითხზე, მაგრამ არა გადაწყვეტის კუთხით,  არამედ მხოლოდ მსოფლიო ეკლესიისა და წმ. მამების აზრის მოძიების, გამორკვევის, განმარტებისა და ხაზგასმის თვალსაზრისით. ხოლო ”ის, ვინც განცხადებული ჭეშმარიტების შემდეგ კიდევ რაღაცის ძიებას განაგრძობს, სიცრუისაკენ მიდის“* _ VI მსოფ.  წმ. საეკლ. კრების განჩინება). საკითხის ასე არაკანონიკურად, ჩამორჩენილად, ”პროვინციულად“ დასმას, რაც მხოლოდ დამწყები ”სემინარისტისათვის“ არაა სამარცხვინო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ”სინოდური პაპიზმი“ ვუწოდოთ. ამის უარეს გამოვლინებას წარმოადგენს ”პატრიარქისტული პაპიზმი“, რომლის ჩვენს ეკლესიაში არსებობას სხვა წერილში შევეხებით, როცა კათოლიკურ ”პაპიზს“ და მართლმადიდებლურ _ ”აღმოსავლურ პაპიზმს“, _ ასე დავარქვით, წარმოვაჩენთ.

________________________________

*აქვე გვახსენდება მსგავსი შემთხვევა, როცა 1994წ. მცხეთა-თბილისის საეპარქიო კრებაზე პატრიარქმა დააყენა კითხვა, აღდგომიდან მერამდენე დღეს უნდა აღსრულდეს მიცვალებულთა მოხსენებაო, და მსჯელობის შემდეგ დაადგინეს _ II დღეს. ამ დროს, მართლმადიდებელი ეკლსიის მიერ უკვე, დიდი ხანია, დადგენილია, რომAაღდგომიდან II დღე არის არა მიცვალებულთა ხსენების, არამედ საფლავთა კურთხევის, ხოლო IX დღეა მიცვალებულთა ხსენებისა.

რაც შეეხება ახალნამშობიარები ქალის განუწმენდელ მდგომარეობასთან მიმართებას, ეს არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას და სისულელეს ნამდვილად არ წარმოადგენს, როგორც თქვენ აცხადებთ (ღმერთმა მოგიტევოთ!). ეს რომც იყოს წარმართობიდან გადმოსული (როგორც მიგაჩნიათ), წარმართობიდან ბევრი ისეთი რამეა გადმოსული _ მაგ., პირადი და საზოგადო სისუფთავე (ჰიგიენა) და ბევრი სხვა _, რაც ყოველთვის ღირებულია. ასე, ძველი აღთქმის ეკლესიიდანაც გადმოვიდა ახალი აღთქმის ეკლესიაში ბევრი რამ, რაც ქრისტეანობასა და საღ აზრს არ ეწინააღმდეგებოდა. აი, რას წერს მსოფლიო ეკლესიის დიდი მამა _ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი წმ. ტიმოთე, რომელიც 381წ. წმ. II მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა და რომლის აზრებს წმინდა მამებმა ”კანონიკური პასუხები” უწოდეს და შეიტანეს საეკლესიო სამართლის საყოველთაო კოდექსში ”დიდი სჯულისკანონი”:

”6. კ ი თ ხ ვ ა: თუ კათაკმეველი დედაკაცი თავის სახელს ჩასწერს, რომ ნათელი მიიღოს, ხოლო მისი ნათლისღების დღეს დაემართება მას დედათა წესი, შეიძლება თუ არა მისი ნათლისღება იმ დღეს, თუ დრო უნდა მიეცეს და რამდენიმე ხნით უნდა გადაიდოს ნათლისღება?

პ ა ს უ ხ ი: ნათლისღების გადადება საჭიროა, სანამ დედაკაცი არ განიწმინდება.

7. კ ი თ ხ ვ ა: თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?

პ ა ს უ ხ ი: საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება”.

ხოლო განსხვავება ამ და აქ განსახილველ მდგომარეობას შორის ისაა, რომ თუ ”დედათა წესი” ერთ კვირამდე გრძელდება, მშობიარობისშემდგომი დროის მონაკვეთი (პერიოდი) _ 40 დღე.

ღმერთმა განგწმინდოთ ხორციელადაც და სულიერადაც!

”ღმერთმა დაგლოცოთ!“

არქიმ. რაფაელის ამ შესანიშნავი წერილის გამოქვეყნებისათვის ღმერთმა დალოცოს ”დიდგორის“ რედაქტორიცა და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელიც!

”მოწონება“

ვეთანხმებით ბ-ნ დიმიტრი ჩუბინიძის მიერ ამ წერილში გამოთქმულ აზრს, რომ არჩევნები კანონიერმა ხელისუფლებამ ანუ 1990-91წწ.. უზენაესმა საბჭომ უნდა დანიშნოს, რომ მომავალი ხელისუფლება ლეგიტიმური იყოს, რაც საქართველოს კარგის მეტს არაფერს მოუტანს როგორც ზნეობრივად, ისე ნივთიერად.

ღმერთმა დაგლოცოთ ძმაო დიმიტრი!

__________________________________________________________________________________________

7) სამწუხარო სიმართლე

ბატონო იოსებ, თქვენი ”საითის“ მართლმადიდებლობის განყოფილების პრეს-სამსახურისეული შეფასება ათონის მთის ”კინოტის“ განცხადებისა, სამწუხაროდ, სიმართლეა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევათაგანია, როცა ადამიანს სიმართლე ამწუხრებს. წესიერ დროში წესიერ ადამიანს სიმართლე უნდა ახარებდეს, მაგრამ _ სიმართლე ბერთა მტრების მხილებისა და არა ბერთა მხილებისა.

წყარო: ”მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!“.

————————————————————————-

8.) გაზეთ ”ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტ _ ბ-ნ გიორგი მამაცაშვილს

ძმაო გიორგი, მამოძრავებს რა თქვენთვისა და ბ-ნი იოსებ ღუდუშაურისათვის _ ორივესთვის  თანაბარი კეთილმოსურნეობა, გულნატკენი ვარ თქვენი მისდამი დაპირისპირების გამო. მისგან განსხვავებით თქვენ პირადად არ გიცნობთ, მაგრამ თქვენი ნაწერებიდან ჩანს, რომ მამულიშვილი ადამიანი ბრძანდებით. ასეთივე კაცად ვიცნობ ”დიდგორის“ რედაქტორსაც. საფიქრებელია, რომ მისი გაცნობის შემდეგ მასზე დღეს შექმნილი წარმოდგენა საპირისპიროდ შეგეცვლებათ და შენდობას ითხოვთ მისგანაც და თქვენი გაზეთის მკითხველისგანაც იმ ბრალდებებისა და დაბრალებებისგან, სამწუხაროდ, ასე უხვად რომ გასდევენ თქვენს ამ წერილს.

არავინ და არაფერი მიბიძგებს რა მიკერძოებისაკენ, გთხოვთ, არ გეწყინოთ შემდეგი შედარება: თქვენს წერილში არ ჩანს (ან იქნებ, მე ვერ დავინახე, რადგან თქვენზე უარესი ვარ) ლოცვით გამთბარი გულისთვის დამახასიათებელი მოყვასის სიყვარული და დავით მეფსალმუნისეული შეგრძნება: ”მატლ ვარ და არა _ კაც“. თქვენგან ლაჩრად მონათლულმა კაცმა კი, როცა ”ვილჰელმს“ მიწერა, გმირობა ვერ შევძელი და გამოვიქეციო, ამით, ჩემი აზრით, თავმდაბლობის გამოხატვა სცადა; აბა, რომელი ლაჩარი გინახავთ, ამას რომ ასე ”მოხალისედ“ აღიარებდეს?! ჯერ ერთი, თქვენს მიერ აღწერილი მოვლენების დროს, რა იცით, რომ ეს ადამიანი მართლაც მხდლურად გაიქცა და არა მხედრულად? მეორეც, ”საცა არა სჯობს _ გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“-ო, ამას ვინ ამბობს, ჩემგან არ გესწავლებათ. თქვენივე მამულიშვილური სულისკვეთებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ქაქუცა და ზვიადი ლაჩრებად არ მიგაჩნიათ; თუმცა, ბრძოლის ველიდან ერთიც ”გაიქცა“ და მეორეც. ახლა, შესაძლოა, იფიქროთ, ვის ადარებს ვიღაც ”სოსოსო“ (სხვათაშორის, კიდევ ერთი სხვაობა _ მას თქვენ გიად ან გიოდ არ უხსენებიხართ), მაგრამ სწორედ ვადარებ და არ ვუტოლებ. ღმერთმა ორივეზე მეტი ეროვნული გმირი გაგხადოთ ერთიც და მეორეც!

პირველ რიგში, ჩემს თავს შევახსენებ, რომ მხოლოდ ამკობს ადამიანს მოკრძალება და თავმდაბლობა, ხოლო სხვისი დაცინვა და შეურაცხყოფა _ პირიქით, ”რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (ლუკა: 18, 14).

ღმერთმა დაგვლოცოს და აღგვამაღლოს სულიერ-გონიერად!

ძმური და მამაშვილური სიყვარულით _
უღირსი მღვდ. გ. ს.

მინაწერი: აქვე, ვისარგებლებდი შემთხვევით და გთხოვდით, გადაგეცათ თქვენი გაზეთის რედაქტორ _ ბ-ნი ლაშა ნადარეიშვილისადმი, რომ გაზეთი და საერთოდ, ნებისმიერი გამოცემა გარკვეული (სასურველია _ სწორი) მსოფლმხედველობის მთესველ-გამავრცელებელი იარაღი უნდა იყოს და არა ”სარეკლამო დაფა“, სადაც გვერდიგვერდ (უკომენტაროდ) იბეჭდება საღვთო ლიტერატურაც და უღვთო და ღვთისმტერი ი. ჯუღაშვილის განდიდებაც; პატიოსან მეცნიერთა ნააზრევიც და გამრყვნელი ფროიდის ფსიქოლოგიაც; წმინდა ხატებიც და უხამსი ფოტოებიც.

თქვენს ადგილზე, ჩემს საპატივცემულოდ იმათი და იმათგან აფრიალებული დროშა, ვისაც ჩემი ქვეყნის დაქცევაში ლომის წილი უძევს, მხოლოდ დამამწუხრებდა და დამაფიქრებდა…

———————————————————————————————

თხოვნა

მშვიდობა თქვენდა!

თუ შეიძლება, მიმითითეთ, საეკლესიო სამართლის რომელი კანონი გაქვთ მხედველობაში და სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ ერთხელ. წინასწარ გიხდით მადლობას; ღმერთმა გაკურთხოთ! თქვენი სულის ცხონების მსურველი უღირსი მღვდელი _ გ. ს., ლევილი, საფრანგეთი.

წყარო : მ. გიორგი სხილაძე – საეკლესიო ახალი წელი.

9) მწიგნობრობასა და სამართლიანობაზე

თქვენს ვებ-გვერდზე ერთ-ერთი პატივცემული პიროვნება საქ. საპატრიარქოს წარმომადგენელთა ნაწერებზე ”კომენტარებში“ შენიშნავს, ნუთუ, უფრო წიგნიერი არავინ ჰყავთო?!. ჩვენი მხრივ კი ვიტყვით: როგორ არა ჰყავთ, მატრო წიგნიერება რომ შველოდეს საქმეს!.. მაგალითად, საქ. ეკლესიას წარმოადგენს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), რომლის დარი მწიგნობარი სასულიეროთა შორის არათუ საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოშიც ძნელად მოიძებნოს; რომელიც, როგორც იტყვიან, ცოცხალ ენციკლოპედიას წარმოადგენს, მაგრამ მისი სულისკვეთების სიმართლესთან მიმართების წარმოსაჩენად მოვიყვანთ ერთ პირად შემთხვევას, რომელიც მას უკავშირდება: 1996 თუ 97 წელი იყო, როცა ის თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში მღვდელმსახურობდა და ერთხელ, წირვის შემდეგ, ამბიონზე გამოსულს ვკითხე, რა წარმოდგენა ჰქონდა საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სცნობდა თუ არა, საერთოდ, მას ეკლესიად. მან მომიგო, რომ ისინი განხეთქილებაში (ბერძნ. ”სქიზმა”; რუს. ”რასკოლ”) არიან დედაეკლესიასთან. როცა ვუთხარით, რომ ბოლშევიკურ დევნას გაცლილი ხალხისგან დამორჩილება ისევ იმ საპატრიარქოსადმი, რომელიც თავად ემორჩილებოდა მდევნელებს, საბოლოო ჯამში, იქნებოდა შორიდან დამორჩილება იმ ძალისადმი, რომელსაც აქედან გაექცნენ-თქო, დაბნეულმა მიპასუხა, შესაძლოა, ასეც იყოს, ღმერთმა უწყისო… ამ საკითხზე საუბრის გაგრძელებას თავი აარიდა, უცებ უხერხულად შებრუნდა და საკურთხეველში შევიდა.

არაგულმართალი მწიგნობარი უფრო ძნელად მოიქცევა, ვიდრე გულმართალი ავაზაკი, რომელიც შევიდა, კიდეც, პირველი ცათა სასუფეველში.

მინაწერი (P. S.): რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გალობაზე, რახან უცხოეთში გვიწევს ყოფნა, ვასრულებთ როგორც სამხმიან ქართულ უმშვენიერესსა და მსოფლიოში შეუდარებელ საგალობლებს, ასევე, სერბულ, ფრანგულ, რუსულ და ბერძნულ ერთხმიან თუ პოლიფონიურ საგალობლებსაც (”რვა ხმათას” მწყობრით), რადგან ჩვენს მრევლში ქართველთა გარდა სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებლებიც დადიან.

კიდევ, ერთი: ისევ თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის გთხოვთ, ზედსახელად ”ეკუმენისტს” ნუღარ დაირქმევთ, რადგან ეკუმენიზმი თანამედროვე პრაქტიკული  გაგებით ძალზე ცუდ რამეს ნიშნავს.

_____________________

10) კომენტარი ქართულ-პოლონურ ელ-გვერდზე (რედაქტორი რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკა) გამოქვეყნებულ მღვდ. ზაზა თევზაძის წერილზე: ”ტოლერანტობა _ უმთავრესი რელიგიური ღირებულება თუ თავსმოხვეული იდეოლოგია?“.

ამ წერილის ავტორთან თბილისის სასულიერო სემინარიაში ერთ ჯგუფში ვსწავლობდი და სასიამოვნო იქნებოდა, მასზე დადებითად მესაუბრა (მით უფრო, მასთან და მის ძმასთან, მათი წესიერებიდან გამომდინარე, ახლო არა, მაგრამ მაინც კარგი დამოკიდებულება მქონდა). მაგრამ თვალს ვადევნებ რა მის ეკუმენისტურ საქმიანობასა და ნაწერებს, ისევ მისი და მისი მრევლის სიყვარულიდან გამომდინარე, ვალდებული ვარ, როგორც მისმა ყოფილმა სულიერმა ძმამ, ვთქვა შემდეგი:

ავტორი დასაწყისშივე წერს, რომ ”რელიგიებს შორის… განსხვავება და წინააღმდეგობა არა მტრობის, არამედ მეგობრობის მიზეზი უნდა გახდეს“. იქნებ, აგვიხსნას, როგორ იქცევა მეგობრობისა და სულიერი ძმობის მიზეზად მაგ., ის, რაც ერთისთვის წმიდათაწმიდაა, ხოლო მეორესთვის _ უწმინდურობა: ერთისთვის _ წმინდანი, მეორესთვის _ უწმინდური; ერთისთვის _ ხატი, მეორესთვის _ კერპი, ერთისთვის _ მარადქალწული ღვთისმშობელი, მეორესთვის _ ჩვეულებრივი შვილებიანი ქალი; ერთისთვის _ ღმერთი და მეორესთვის _ ეშმაკი? ასეთი მეგობრები ჰყავს მას ცხოვრებაში?

დიახ, სარწმუნოება დაძალებით არ უნდა გავრცელდეს და ადამიანმა სწორედაც რომ თავისუფალი მოწადინებით უნდა აირჩიოს მამა ან მამის მტერი, სამოთხე ან ჯოჯოხეთი, სარწმუნოება ან ურწმუნოება და ღვთის რჯულსა და ეშმაკის რჯულებს შორის ჯერ სხვაობა და შემდეგ, არჩევანიც უნდა გააკეთოს (ამიტომაც, მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებლებში არამართლმადიდებლური და არაქრისტეანული რელიგიებიც ყოველთვის ისწავლებოდა და ისწავლება ”რელიგიის ისტორიისა“ და ”შედარებითი ღვთისმეტყველების“ საგნად). მაგრამ ”ტოლერანტობა“ არ უნდა ნიშნავდეს გულგრილობასა და განურჩევლობას და სწორი არჩევანი რომ მოვახდინოთ, ამის შემეცნებაში, თავიდან, ვიღაცამ უნდა შეგვიწყოს ხელი და სხვამაც რომ სწორი არჩევანი გააკეთოს, ჩვენც ხელი კი არ უნდა შევუშალოთ ჩვენი ე. წ. ”ტოლერანტობით“, არამედ უნდა შევეწიოთ. ამაშია ქადაგების ძალა და მნიშვნელობა, რასაც დღეს ”პროზელიტიზმს“ უწოდებენ და კრძალავენ კიდეც.

მართლმადიდებელი მოძღვარი შეჰხარის ”სხვა რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, სხვაგვარი შეხედულებებისა და სხვა განსხვავებათა მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას“ და ავიწყდება, რომ შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ არა სხვადასხვა რელიგიის, აზრისა და ზნის, არამედ სხვადასხვა რელიგიის, აზრისა და ზნის მატარებელ ადამიანთა მიმართ (ეს ერთი და იგივე ნამდვილად არაა), რაც უნდა გამოიხატოს მათდამი კაცთმოყვარული მოპყრობით (რაშიც, რა თქმა უნდა, ავტორს ვეთანხმებით), მაგრამ არა უსულგულო ”ტოლერანტულობით“, არამედ ლოცვით, შეგონებით, თანაგრძნობითა და თავმდაბლური მხილებით.

ქრისტეს მსახური წუხს, რომ წმინდა ამბროსი მედიოლანელი ”ამართლებდა წარმართული ქანდაკებების ნგრევასა და მოშლას“. ეს რომ ათეისტ ხელოვნებათმცოდნეს ეთქვა, საკვირველი არ იქნებოდა; მაგრამ მას, განა, ერთხელ მაინც არ წაუკითხავს ან არ სმენია ”ფსალმუნებიდან“ მაინც, რაც ეკლესიაში თუ სხვაგან გამუდმებით იკითხება?: ”ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ (95, 5). _ ალბათ, ქვეყანას დიდი დრო აღარ უწერია, რადგან მართლმადიდებელი მღვდელიც კი ესთეთიკას შემოქმედზე მაღლა აყენებს; რასაც ის ”წარმართულ ქანდაკებებად“ მოიხსენიებს, იმას წმინდა ნინო და წმ. მამები კერპებს უძახდნენ და ლოცვით ამსხვრევდნენ; არ ესმის რა წარმართულ კულტთა ქანდაკებების დემონური აზრი და მნიშვნელობა, სინამდვილეში ეშმაკის კერპებს მისტირის…

ჭეშმარიტებას ”ტოლერანტული“ ფარდობითობით უყურებენ დაბნეული ფილოსოფოსნი (და ისინიც კი თავიანთ შეხედულებებს იცავენ) და არა მართლმადიდებელი ღვთისმსახურნი ანუ ჭეშმარიტი ფილოსოფოსნი. მარიამ ღვთისმშობლის ”დაუჯდომელ“ ლოცვა-საგალობელში წმინდა მამა ყოვლადწმიდა დედას ”ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელს“ უწოდებს, რადგან ყველაზე დიდი ფილოსოფია წმინდად ცხოვრებაა.

რადგან სოდომელებზეც შემწყნარებლურადაა განწყობილი, ერთი, ჰკითხეთ მას, _ მისი ვაჟიშვილი კაცზე რომ ”გათხოვდეს“ ან სახლში ”რძლად“ ბიჭუნა მოუყვანოს და მისმა ქალიშვილმა გოგონა ”შეირთოს“ ან ”სიძედ“ ეკლესიაში ქალი მიუყვანოს, მათ ჯვარს დაწერს ან ამასაც ”ტოლერანტულად“ შეხვდება?

შემწყნარებლობის კლასიკური მაგალითი მოგვცა დიდმა ქრისტეანმა მეფემ და წმინდანმა დავით IV-აღმაშენებელმა, რომელმაც მაჰმადიანთა უბნებში მათგან უწმინდურად მიჩნეული ცხოველების დაკვლა აკრძალა და თან, საქართველო და კავკასია მაჰმადიანობისაგან გაანთავისუფლა.

ქართული გენის კაცთმოყვარეობის, მართლაც, დიდებული და მსოფლიოში განუმეორებელი მაგალითია ”ბალადა ვეფხისა და მოყმისა“, რომელიც კარგადა აქვს ავტორს მოყვანილი წერილის ბოლოს, რაც სწორად პასუხობს დასმულ თემას. მაგრამ რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ”ალუდა ქეთელაურიდან“ ცნობილ სტრიქონებს, რითაც ამთავრებს და ასკვნის, ეს შეგვიძლია, გავიგოთ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით: პოეტი აქ გულისხმობს, რომ მართლმორწმუნე მხოლოდ თავისი რჯულის გამო თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს და ურჯულოზე მაღლა თავი პიროვნულად არ უნდა დააყენოს (ეს გახლავთ, თუ გნებავთ, გალექსვა ”პატერიკულ“ თხრობათა, კერძოდ, წმ. მაკარი დიდის ცხოვრებიდან ცნობილი შემთხვევის შინაარსისა, როცა ის ეგვიპტის უდაბნოში თავის ქალას ჯვარს გადასახავს და ჰკითხავს, ”ამქვეყნად ვინ იყავი?“, რაზეც მკვდრის სული მიუგებს, რომ იყო წარმართი ქურუმი, რის გამოც სატანჯველში იმყოფება; ხოლო მეორე კითხვაზე, ”არის ვინმე შენზე ქვემოთ, ვინც მეტად იგვემება?“, ასე პასუხობს: ჩვენს ქვემოთ ის ქრისტეანე მღვდელმსახურნი და მორწმუნენი არიან, ვინც თავისი საღვთო მოვალეობა არ აღასრულეს…); ხოლო ავტორს თუ იმის თქმა სურს, რომ საერო პოეტი, ასე ვთქვათ, ეკუმენისტი იყო, ეს მღვდელმსახურისთვის საღვთისმეტყველო მტკიცებულება არ უნდა იყოს… თუმცა, მისტირის რა ეკუმენისტთა მთავარ საკრებულოს, მისი აზრით, ”ეკუმენიზმი გამოცხადდა ერესად ყოველგვარი არგუმენტისა და ლოგიკური დასაბუთების გარეშე“ (დღეს, უკვე, ეკუმენიზმის _ ამ, ერესის კი არა, ერესთა ერესის და ამავე დროს, ათასგზის დასაბუთებული, ყველაზე პრიმიტიული და სულისწარმწყმედი, ერესის _ ამოცნობა რომ ღვთისმსახურს ეძნელება, ”ტოლერანტულად“ რომ ვთქვათ, სახიფათოდ სამწუხაროა).

მკითხველს ვთხოვთ, ყურადღება შეაჩეროს ავტორის მიერ მოყვანილი ”ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციის“ (”იუნესკო“, პარიზი, 1995წ.) ერთ მუხლზე: ”ტოლერანტობა… არა მხოლოდ მორალური მოვალეობა, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა“. _ ანუ მოქმედებს დევიზი: ტოლერანტულობა ყველას მიმართ, გარდა არატოლერანტულებისა! აი, ასეთი, ცრუდემოკრატიის კუპრში ამოსვრილი, ”ტოლერანტობის“ დროშით დაიპყრო დასავლეთმა და განსაკუთრებით, ა.შ.შ-მა ბევრი ქვეყანა (მათ შორის, ჩვენი სამშობლოც) და დაარბია და ააწიოკა დაუმორჩილებელი ერი თუ ბერი.

რადგანაც ტოლერანტობის თემას, ხშირად, ებრაელთა დევნის ისტორიას უკავშირებენ, არაჯანსაღი აზრების განსაფანტავად მოვიტანთ ნაწყვეტს ჩვენივე ნარკვევიდან (”საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ”გარდაქმნიდან“ ”გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ.), გამოცემა ”სა. ქ. მ. ე.“, №1, პარიზი, 2004წ.; იხ. ელ-ვერსია: http://saqme.fr/saqme%20N1_fichiers/PDF_64.png ან http://didgori/userfiles/file/Documents/21_saqme_n1.pdf):

ვინმემ რომ ”ანტისემიტად“ არ ჩაგვთვალოს, აქვე, შევეხებით ”ებრაულ საკითხს“, რომელსაც დღეს ძირითადად, ”ანტისემიტიზმის“ ნიშნით განიხილავენ. შევნიშნავთ, რომ ეს არ არის სწორად განსაზღვრული ცნება, რადგან სემიტები, ებრაელებთან ერთად, არაბული ხალხებიც არიან და ”ანტისემიტი“, პირველთან ერთად, მეორეს მოწინააღმდეგესაც ნიშნავს, რაც ერთდროულად ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, მხოლოდ ებრაელთმოძულეობას ”ანტისემიტიზმი“ კი არა, ”ანტიიუდევლობა“ უნდა ეწოდოს. მაგრამ რაში მდგომარეობს ისრაელი ერის სიყვარული თუ სიძულვილი? იგი საყვარელი იყო ღვთისთვის და საძულველი სატანასთვის, როცა რჩეულ ერს წარმოადგენდა. განა, შეიძლება, მართლმადიდებელთ ებრაელნი არ გვიყვარდეს, როცა ჩვენ ზიარების საიდუმლოში მონაწილეობით მათი ხორციელი ნათესავები ვხდებით?! სამყაროს შემქმნელმა ქრისტემ ებრაელი ქალწულის _ ყოვლადწმიდა მარიამისგან შობით სულიწმიდისა და დედისაგან შეისხა ხორცი და სისხლი, რომელთაც ვჭამთ და ვსვამთ, კიდეც, ბარძიმიდან და შედეგად ჩვენში, ზიარებულებში, ეროვნულთან ერთად, არსებითად _ ”ონტოლოგიურად“ და ბუნებითად _ ”ფიზიოლოგიურად“, ებრაული სისხლიცაა (ამას, შეიძლება, ეწოდოს ქრისტეანთაგან ებრაელთა ღვთაებრივი სისხლისმსმელობა, რაც სრულიად საპირისპიროა იუდაურ-ფანატიკური სექტის _ ხასიდობისა, _ ებრაელთაგან ქრისტეანთა სატანური სისხლისმსმელობისა; პოეტურად გამოთქმული აზრი, რომელიც ბევრს შეგვიძლია, საკუთარ თავზე გავიმეოროთ: ”წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული“ (გალაკტიონი), წარმომავლობითად _  ”გენეტიკურად“ არის სწორი და არა ”ევქარისტიულად“); მით უფრო, წარმოუდგენელია, ეს ბიბლიური ერი არ გვიყვარდეს ქართველობას, რომელთა სამშობლოც მაცხოვარმა სამფარველოდ წილად არგო ებრაელ მარადქალწულ ქალბატონს _ საკუთარ და იგივე დედას ჩვენსას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში გავამეფეთ და ათასი წელი ვამეფეთ იმავე წარმოშობის ბაგრატოვანთა მოდგმა (”დინასტია“, რომელიც ჩვენივე სურვილით არ დაგვიმხია); საქართველო გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც ჰურიათა დევნა არ მომხდარა და ”ქართველ ებრაელებს“ იგი თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან შედარებით ბევრად ნაკლებად არ უყვართ; ბევრ ჩვენთაგანს ხომ ბავშვობისდროინდელი ებრაელი მეგობრებიც გვიყვარს, მაგრამ ამის გამოხატულებაა არაქრისტეან ებრაელთა მოქცევა ღმერთმკვლელობიდან ღვთისმადიდებლობაში და არა _ ”ანტიპროზელიტური“ გარიგებანი, რაც ორივე მხრისთვის საზიანოა. ”ანტიიუდევლობასაც“ თავისი საფუძველი გააჩნია, რადგან ამ ერს, ისევე, როგორც ყველა ხალხს, დიდ ადამიანთა გვერდით ბოროტმოქმედნიც მოეძებნება. მაგრამ არ შეიძლება ვგმობდეთ მთლიანად ერს, მასში ერთი ღირსეულიც კი რომ დაბადებულიყო, რადგან ეს მისი გმობაც გამოვიდოდა. უნდა ვებრძოდეთ ბოროტმოქმედებას და არა ”სისხლსა და ხორცს“, როგორც ამას ადამიანურად უდიდესი ებრაელი _ განკაცებული ღმერთი დიდი ებრაელის – წმ. პავლე მოციქულის ბაგეთაგან განგვიმარტავს. ეს ერი _ რახანაც უფალმა გამოირჩია და განსაკუთრებული ნიჭიერება მიჰმადლა _ განსხვავებულ გონიერებასა და აქედან გამომდინარე, მოხერხებულობას ინარჩუნებს, მაგრამ ნიჭიერება ადამიანის ხელში ჰგავს მეტი სიმძლავრისა და სიჩქარის ძრავას, რომელსაც შეუძლია, სარგებელიც მეტად და სწრაფად მოიტანოს და ზიანიც. ებრაელი ერისვე წიაღში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთი მხრივ, ქრისტე და მისი წარმოგზავნილნი: წინასწარმეტყველნი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მოციქულნი, პირველი წმინდანნი, მეცნიერების, მწერლობისა და ხელოვნების დადებითი წარმომადგენელნი; მეორე მხრივ: ამ დარგთა უარყოფითი მიმდევრები, სიონისტ-მასონები, რევოლუციონრები და ბოლოს _ ანტიქრისტე (საფიქრებელია, ისიც ტომით ებრაელი იქნება) და მისი წინამორბედები…

ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი სიტყვები, რომელიც ავტორს საყოველთაო ტოლერანტობის გამომხატველადა აქვს მოტანილი _ ”არსებითში ერთობა, არაარსებითში თავისუფლება და ყველაფერში სიყვარული“* _ მასვე ეწინააღმდეგება, რადგან თუ არსებითში ერთობა არ გექნება ვინმესთან, _ ვიმეორებთ თავში დასმულ კითხვას, _ როგორღა იქნება, რომ როგორც თვითონ წერს, ”ეს გახდეს მეგობრობის მიზეზი“?

…ან იქნებ, დღეს, უკვე, ღმერთის მსახურისთვისაც აღარაა არსებითი და მთავარი ღმერთი?!

ქალბატონო რუსუდან, თუ შეიძლება, აქ დასმული კითხვები ან მთლიანად ეს ”კომენტარი“ გადაუგზავნეთ განხილული წერილის ავტორს და ველოდები მის პასუხს თქვენგან.

წინასწარ გიხდით მადლობას და გლოცავთ!

_____________________

*ეს აფორიზმი, რომელიც ჩვენს ზემოდასახელებულ გამოცემას (”სა. ქ. მ. ე.“) გარეკანზე ერთ-ერთ დევიზად უძღვის, ჩვენთვის სხვაგვარი თარგმანითაა ცნობილი: ”მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული“.

მღვდელი გიორგი სხილაძე, პარიზი
27. 06. 2008წ.

________________________________________________________________________________

კომენტარი ელ-გვერდზე: ”სადისკუსიო კლუბი _ თავისუფალი ქართული ფორუმი“ (31. O8. 2008, ლევილი, საფრანგეთი)

ბატონ გიორგი ალანიასთან კეთილი ურთიერთობა გვაქვს და რამდენადაც მას ვიცნობთ, ძნელი დასაჯერებელია, არ ეთანხმებოდეს ”დიდგორის“ პრეს-სამსახურის მიერ შესანიშნავად ჩამოყალიბებულ სამოქმედო გეგმას: ”აღდგეს სამხედრო პუტჩით განდევნილი კანონიერი ხელისუფლება საქართველოში და მის მიერ დაინიშნოს არჩევნები; მერე, ამ არჩევნების შედეგად არჩეულმა ხელისუფლებამ მოაგვაროს დაკარგული ტერიტორიების საკითხი და ასევე, მოიწვიოს საეკლესიო კრება _ ახალი ”რუის-ურბნისი“ და დაემხოს დღევანდელი ერეტიკოსი საეკლესიო ხელისუფლება იმ კრების ვერდიქტით!“.

მკითხველს კი ვთხოვთ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ახლა გაეცნოს; ხოლო უკვე წამკითხველმა კიდევ ერთხელ გაიხსენოს ებრაელი ხალხის მაგალითზე მოცემული და ყოველი ერის ყოფნა-არყოფნის განმსაზღვრელი შემდეგი გეგმა:

”თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე. გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე. ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე. მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას. შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს. ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ.

თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას, მაშინ, ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ. და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის. გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად _ თქვენს მიწას, ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები _ თავის ნაყოფებს. თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის. მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები. თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის. მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით. როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით. თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ. გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული. გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას. დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები. მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს. იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება. წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ. დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა. დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამა-პაპის ცოდვების გამოც დაილევით“ (”ძველი აღთქმა“, ”ლევიანნი“: 26, 3-39).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: