მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (VI)

კომენტარების კომენტარები VI

      

ვაგრძელებთ ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე (church.ge) და ,,თბილისის ფორუმზე“ (forum.ge) გამოსაქვეყნებელ (ორივეგან ამკრძალეს) თუ გამოქვეყნებულ მიმოწერას. ჩვენს მოპაექრეთა სტილი და პუნქტუაცია დაცულია.

      წინათქმა: წმ. მამათა სწავლებით, უფლისთვის საძაგელია, როცა გულით განუწმენდავი ერისკაცი საღვთისმეტყველო საგნებზე იწყებს მსჯელობას. აქ, საჯაროდ მოპაექრე ერისკაცთ ვურჩევთ, სანამ ამ საქმეს შეუდგებოდნენ, ჯერ წმინდა ცხოვრების გზას დაადგნენ და შემდეგ, ყოველი ,,პოსტის“ დაწერის წინ თავმდაბლურად და მშვიდად ილოცონ, რადგან იგივე მამათა სწავლებით, _ ყველაზე დიდი ფილოსოფია წმინდა ცხოვრებაა.

                                                                               *  *  *     

      ,,ლაშაბს“: ლაშა, მშვიდობა თქვენ თანა; უფალმა დაგლოცოთ!

   თვალს ვადევნებ ,,თბილისის ფორუმზე“ მიმდინარე სარწმუნოებრივ კამათს. კათოლიციზმად წოდებულ პაპიზმს მწვალებლობად მიიჩნევს ყველა წმინდა მამა, ვინც ამ ერესის საბოლოოდ ჩამოყალიბებისას (1054წ.) და შემდგომში მოღვაწეობდა. თქვენს ერთ-ერთ მოპაექრეს მაგალითად მოჰყავს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელსაც მიაწერს გამოთქმას: ,,ლათინებთან (კათოლიკებთან) ერესი არასოდეს არსებულა“. აქ ფრჩხილებში, თითქოსდა, განმარტების სახით მოთავსებული ,,კათოლიკებთან“ კომენტატორისეული და არა წმინდამამისეულია, რადგან VII საუკუნეში მოღვაწე წმ. მაქსიმე, ბუნებრივია, იგულისხმებდა მის ეპოქამდე არსებულ ერესებსა და მის დროს მძვინვარე მონოთელიტობას და არა ოთხი საუკუნის მერე ჩამოყალიბებულ კათოლიციზმს. რაც შეეხება იგივე კომენტატორის მიერ მოყვანილ გამონათქვამს არქიმანდრიტ გრ. ფერაძისა _ ,,კათოლიკური და მართლამდიდებლური ეკლესიები განუყოფელში არიან და უნდა გაერთიანდნენ“ _, თხოვეთ, ზედმიწევნით, დედნისეულად მოიყვანოს ეს ციტატა და ამაზეც გაგცემთ პასუხს.

      ღმერთმა დაგლოცოთ თქვენს მოპაექრეებთან ერთად! 

      უცნობის კითხვა: დამლოცეთ, მამაო! მამაო, მაინტერესებს, ეკლესიურად რამდენად მისაღებია, როცა ასაკით უფროს გოგოს შეუყვარდება  ბიჭი? მე ძალიან მომწონს ერთი  ბიჭი, რომელიც ჩემზე 4 წლით პატარაა. რჯულის კანონი რას ამბობს ასეთ ასაკობრივ სხვაობაზე? თუ ჩვენს შორის ჭეშმარიტი, ქრისტესმიერი სიყვარული იქნება, ასაკს აქვს რამე მნიშვნელობა?

      ჩვენი პასუხი: ღმერთმა დაგლოცოთ!

      საეკლესიო კანონებში ჯვარდასაწერი წყვილისათვის განსაზღვრული არ არის ასაკობრივი ზღვარი (უბრალოდ, ადამიანურად გასათვალისწინებელია, რომ ცოლ-ქმარი არ გამოიყურებოდეს, როგორც მშობელი და შვილი; მით უფრო, _ ბებია-ბაბუა და შვილიშვილი); მითითებულია, რომ მართლმადიდებელს უფლება არა აქვს, შეეუღლოს არამართლმადიდებელს. ასევე, განჩინებულია, რომ ქორწინება უნდა მოხდეს კანონიერად (შესაძლოა, ეს თქვენ არ გჭირდებოდეთ, მაგრამ შეგიძლიათ, სხვებს გადასცეთ): დაქვრივებულისაგან ან ღალატის მიზეზის გარეშე განშორებულისგან განსხვავებით, ღალატის მიზეზით გაშვებული ცოლის შერთვის უფლება სხვას არა აქვს; არც ამ მიზეზის გარეშე ცოლის გამშვებზე დაქორწინების უფლება აქვს ვინმეს.

      იგივე: ,,დამლოცეთ, მამაო! შეიძლება თუ არა, რომ ჩემს ძმას გავახსენო მისი ჩადენილი ცოდვა, რომელიც მან ჩემთან ერთად ჩაიდინა და შეიძლება, აღარ ახსოვდეს?“.

      პასუხი: დაგლოცოთ უფალმა!

      ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ მართლაც აღარ ახსოვს მას ეს ცოდვა, როგორც ქმედება. თუ ამაში დარწმუნდით, შემდეგ, ის უნდა გაირკვეს, ცოდვად თუ მიაჩნია ეს ქმედება. თუ ესეც გაირკვა, საჭირო აღარ იქნება მისი შეხსენება. ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშინ, არათუ შეიძლება, ვალდებულიც ხართ, მას ეს ცოდვა გაახსენოთ და მისი მნიშვნელობა განუმარტოთ, რომ ამით მის შენანებაში დაეხმაროთ. 

      ,, KAIROS “ (სხვათაშორის, ამ პიროვნების ვინაობაც ვუწყით და ადგილსამყოფელიც, მაგრამ ჯერ-კიდევ, თავს ვიკავებთ ამის საჯარო განცხადებისაგან _ ,,არა არს დაფარულ, რომელ არა განცხადნეს“ _ მ. 10,26; ლ.: 8,17; 12,2): ,,1. თუ ცეცხლი არ გადმოვიდა მწვალებელზე ( აქ მიაფიზიტი ) და გადმოდის დიოფიზიტ მართლმადიდებელზე, მაშინ ეს ხომ ნიშნავს, იმას რომ ცეცხლი გადმოდის იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ფლობს ეკლესია? ანუ რაღაც თავისით კი არ ხდება რაიმე, არამედ აჩვენებს იმას სადაა ჭეშმარიტება, ამას უარყოფთ? არის ჭეშმარიტება ჩვენს ეკლესიებში? 2. აქედან თხოვნაც და კითხვაც, იქნებ დაწეროთ გასარკვევად ( ორჯერ დაიწყეთ ამაზე საუბარი და არ დაამთავრეთ) აღიარებთ თუ არა მაცხოვნებელ მადლს ჩვენს ეკლესიაში? მოკლედ, კი თუ არა  “.

      პასუხი: რაც შეეხება თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს, ამჯერად, აღარ განვმეორდები და ამ თემის ჩვენეული განმარტება შეგიძლიათ, იხ. ,,დიდგორზევე“ ჩვენს ,,კომენტარების კომენტარებში“, ნაწ. I, თ. IV: ,,მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა“.

      საერთოდ, თითქმის, ყოველთვის, არასწორად სვამენ საკითხს მართლმადიდებლურ სამყაროში მადლმოსილების შესახებ როგორც ერთი უკიდურესობიდან, ისე, _ მეორედან; განსაკუთრებით, მაშინ, როცა საუბარი აშკარად მკრეხელი ეპისკოპოსის ანუ ცრუეპისკოპოსის მხილებას შეეხება: ,,_ რა გინდათ, მადლი ხომ გადმოდის ჩვენს ეკლესიაში და რატომ უნდა განვუდგე ჩემს მღვდელმთავარს?“. _ ეს იგივეა, მძიმედ მცოდველმა თქვას: ,,რას მერჩით, რატომ უნდა გამოვსწორდე, ჰაერს ხომ ვსუნთქავ და მზე მეც ხომ მათბობს?“ (,,…მზე მისი [მამისა თქუენისა ზეცათაისა] აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“ _ მთ.: 5, 45; შდრ.: ,,ვარდთა და ნეხვთა, ვინათგან, მზე სწორად მოეფინების“ _ შ. რუსთველი). რატომ მოვახდინეთ შედარება, მაგ., ჰაერსა და სითბოზე? _ თუნდაც, იმიტომ, რომ მადლის ქვეყნად მყოფობა ასეც განიმარტება: კაცობრიობა, მოყოლებული მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს აღსრულებული სულთმოფენობიდან, ეკლესიით, ვითარცა ფილტვებით, სუნთქავს სულიწმინდას (წმ. თეოფანე დაყუდებული) და იგი, ვითარცა სხეულებრივი სითბო, როგორც მივიღეთ, ისევე ხშირად და ადვილად განგვეშორება, თუკი სულიერ ჯანმრთელობას არ გავუფრთხილდებით (წმ. ბასილი დიდი). აკი, ყოველდღიურად ვიმეორებთ ,,ფსალმუნებიდან“: ,,[ღმერთო,] ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ (განმაშორებ, წამართმევ _ ავტ.) ჩემგან“ (50, 11)! მაგრამ ვინ განსაზღვრავს, უფალი რა შემთხვევაში ინებებს იკონომიითა (შერბილება) თუ აკრიბიით (გამკაცრება) მიდგომას? _ ,,მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყველებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მთ.: 7, 22-23). საღვთო მადლის გარეშე ადამიანი ისეთ სასწაულებს ხომ ვერ აღასრულებს, რაც აქაა ჩამოთვლილი?! მაგრამ უფალი მაინც არ მიგვიღებს ასეთთ თავის წიაღში. ასე, რომ ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია არა მხოლოდ მადლზე, არამედ ჩვენს საქმეებზეც; ანუ ცხონებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა მადლის მყოფობა იმ ეკლესიაში, რომელშიც დავდივართ (რომლის წევრიც ვართ)…

      ,,სჯულისკანონი“ მძიმე, სასიკვდინე ხორციელ ცოდვაში ჩავარდნილ სამღვდელოზე ამბობს, აღარ გაბედოს ტრაპეზთან მისვლა ანუ ღვთისმსახურების აღსრულებაო. ,,პატერიკიდანაც“ ვიცით მაგალითები, როცა რომელიმე სასულიერო პირი სიძვის ცოდვაში ვარდებოდა, როგორ უკრძალავდნენ იერარქები მღვდელმსახურების გაგრძელებას. რატომ? _ იმიტომ, რომ ასეთის ან ერესში ჩავარდნილის ხელიდან აღვლენილი უსისხლო მსხვერპლი აღარ შეიწირება და მადლიც არ გადმოვა. მადლი რომ ნებისმიერი მსახურებისას გადმოდიოდეს, მაშინ, საეკლესიო სამართალი, სამღვდელოთა ხარისხიდან განკვეთის განჩინებებით, საერთოდ არ იარსებებდა. მაშ, ჩვენს სინამდვილეში, რატომ მოიწვია წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა ,,რუის-ურბნისის“ კრება და რატომ განჰყარა ეკლესიიდან მამათმავალნი და სხვა უღირსნი? წმ. მაქსიმე აღმსარებელი თავის თანამედროვე, მწვალებლობაში ჩავარდნილ იერარქიას აფრთხილებდა: ,,ამ და სხვა მიზეზთა გამო, მწადია, გავიგო, რომელი წმიდა საიდუმლო შეიძლება, აღასრულოთ? ან კი, როგორ გადმოვა თქვენზე სულიწმიდა ასეთი წინააღმდეგობების გამო?“ 

      წმ. ბასილი დიდის ,,ცხოვრებაში…“ (მონრეალი, 1987) ვკითხულობთ, რომ იგი ,,ასეთ მადლმოსილ უნარსაც ფლობდა. როცა წირვისას წმიდა ძღვენს აღამაღლებდა, ის ოქროს მტრედი, რომელშიც საღმრთო ძრვენი ინახებოდა და წმიდა ტრაპეზზე ბრძანდებოდა, უფლის ძალით ამოძრავებული სამჯერ ირხეოდა. ერთხელ, როდესაც ბასილი მსახურობდა და წმინდა ძრვენი აღამაღლა, ჩვეული მინიშნება მტრედით, რომელიც თავისი რხევით სულიწმინდის გარდამოსვლას მოასწავებდა, არ მოხდა. როცა ბასილი ამის მიზეზზე ჩაფიქრდა, მაშინვე დაინახა, რომ ერთ-ერთი დიაკონთაგან, რომელთაც რიპიდები* ეჭირათ, ეკლესიაში მდგომ ერთ ქალს შესცქეროდა. ამ დიაკონს ბასილიმ უბრძანა, წმინდა საკურთხეველს განშორებოდა და მას ეპიტიმია დაადო _ შვიდი დღე ემარხა და ელოცა, მთელი ღამეები უძილოდ, ლოცვაში გაეთენებინა და თავისი ქონებიდან გლახაკთათვის მოწყალება გაეცა. იქედან მოყოლებული, წმინდა ბასილიმ განაწესა ეკლესიაში, საკურთხევლის წინ კრეტსაბმელისა და ტიხრის** ჩამოფარება იმისათვის, რათა საღმრთო მსახურების აღსრულებისას დედაკაცთაგან არავის შესძლებოდა საკურთხეველში თვალთვალი; ურჩთათვის კი ეკლესიიდან გაძევება და წმიდა ზიარებიდან განყენება ბრძანა“ (თარგმ. ავტ.).

________________________          

      *წრიული ლითონები, რომლებზეც ექვსფრთიანი სერაფიმებია გამოსახული.

      **მოგვიანებით _ ახლანდელი კანკელი. 

      მაცხოვნებელი მადლი (პნევმატოლოგიური ასპექტი) რომ არაეკლესიაში ანუ არამართლმადიდებელ რელიგიურ საკრებულოებში არ იმყოფება, ეს საყოველთაოდ ცნობილი ,,ორჯერ-ორია“ (თუმცა, ამ ,,ფორუმთა“ მესვეურთათვის ესეც კი სადავო გამხდარა). მაგრამDდოგმატურ-ოფიციალურად მართლმადიდებლური ეკლესიების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა…

      საერთოდ, მადლმოსილების საკითხზე ვრცელი გამოკვლევის დაწერას ვფიქრობთ…

 

                                                                                   *  *  *

      ,,მხევალი ნინო“: ,,თქვენ, მართლა ფიქრობთ, რომ ადამიანი ჯვარს როცა იწერს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭიპამდე ხელით ვერ ცამოაღწია, ამით ბოროტი გაახარა? ტქვენ, გჯერათ რომ ჯვრის გარდასახვა უხარია ბოროტს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანტიმეტრებშია სხვაობა? და რა იცით რომ როცა მღვდელი ჯვარს სახავს მრევლს, ორივე მხარე, მარჯვენა და მარცხენა სიმეტრულად გამოდის? თუ არ გამოდის, ანუ სატანისტურად* გადასახა ჯვარი??? გჯერათ ტქვენ ამის? ანუ, ხანდახან ტქვენ სატანისტურად სახავთ ჯვარს თქვენს მრევსლ და ბოროტს უხარია არა? თუ იმდენად გაქვთ ნავარჯიშევი, რომ მილიმეტრებში ჯდებით?; რა საწყენია, სასულიერო პირი… სანტიმეტრებით ზომავს გარდასახული ჯვრის სისწორეს. მდა….“.

________________________

      *,,ioana“: ,,ვერც სატანურობას ვხედავ მაგაში და ვერც ნაკლს და არც შეიიძლება ვხედავდე, რადგანაც მაგ ჯვრის გამოსახვაში მადლობა, ღმერთს მადლის, გადმოსვლა მაქვს ნანახი“ (შენიშვნ. ავტ. _ მ. გ. ს.).

      პასუხი: ამ შენიშვნას მივიღებდით, ისეთ მორწმუნეს რომ ვაკრიტიკებდეთ, ვინც პირჯვრის გამოსახვისას ხელს მხრებზე იდებს… მაგრამ როცა ხელს მხრის ნაცვლად მუცელზე იდებ (მაგ., პატრიარქი ილია II და მისი ბევრი სამღვდელო), მაშინ, სხვაობა სანტიმეტრები კი აღარა, _ თითქმის, ნახევარი მეტრია და რაც მთავარია, ჯვარს ჯვრის ფორმა ეკარგება და ამის გამო, _ ძალაც.

      ისე, საინტერესოა, თქვენ თვითონ და თქვენი სხვა თანამოაზრე ,,ფორუმელები“ პირჯვარს როგორ იწერთ?

      სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (ჯორდანვილი, ა.შ.შ., 1967წ.) მართლმადიდებელი მოძღვარი შენიშნავს: ვინც პირჯვარს შემდეგნაირად იწერს _ ჯერ შუბლზე, შემდეგ მკერდზე, მარჯვენა და მარცხენა მხარზე _ ჯვრის ქვედა ნაწილი მოკლე გამოდის, ვიდრე ზედა (იხ. ნახ. I), ე. ი. ამობრუნებული ჯვარი გამოისახება და ასე, ქრისტეს ჯვარს, ქრისტეს ეშმაკზე ძლევის ამ ნიშანს, პირქვე ისახავს* და ამით მხოლოდ ეშმაკები ხარობენ. «,,ფსალმუნნის“ წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული“ _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა“: პირველად შუბლზე, მასვე ეხება ჯვრის ზედა რქა; მეორედ მუცელზე, მასვე სწვდება ქვედა რქა ჯვრისა; მესამედ მარჯვენა მხარზე; მეოთხედ კი _ მარცხენაზე, მითვე გამოისახვის ჯვრის განივგაწვდილი ბოლოები (იხ. ნახ. II) და მასზედა ეცვა ჩვენთვის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე».

____________________________

      *ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (+გ. ს.)?!

                                    

                                                                         II

      ,,კანუდოსელი“ (ზაზა ოსმანოვი) მოგვმართავს: ,,მიჩმორებულს*, ფორუმში უმიზნოდ წერის შეტევა დაგემართა?  წადი ჯორდანვილში წიგნები იკითხე “;

      მოაქვს რა ,,კანონისტის“ ციტატა ჩვენზე _ «მთელ თქვენ პოსტში ერთადერთი მართალი წერია: ,,უღირსი მღვდელი“. ისიც მხოლოდ პირველი სიტყვა…..» _, დასძენს: ,,დაგლიჯა* “.

      მიმართავს ,,მხევალ ნინოს“ ჩვენზე: ,,მაგ უვიცმა არ იცის, წმინდა ანდრია მოციქული როგორ ჯვარზე ეწამა… კაკ რაზ*, მით უმეტეს წმ. პეტრე… ამათ ქრისტიანობა კუთხეებში და სანტიმეტრების დაცვაში ჰგონიათ…დაახვიონ* თავის ჯორდანვილში აბა ერთი თქვენმა გაზდამ ზუსტი ციტატა და კონკრეტული წყარო დადეთ! პ.ს. იმედია ახლაც არ ჩაისვრით*“.

სურათზე მარცხნიდან არტურ ჰაკობიანი და ზაზა ოსმანოვი – იგივე „კანუდოსელი“.

________________________

      *მკითხველს ვუბოდიშებ ჩვენი ზოგიერთი მოპაექრეს მიერ ხმარებული ამ და მსგავსი სიტყვების განმეორებისათვის (ავტ.).

      პასუხი: ვიმეორებთ ჩვენი ,,კომენტარების კომენტარები-IV“-დან: ყველგან, სადაც ჯვარს ისახავდნენ, შუბლი იქნებოდა, სახე თუ გულ-მკერდი, ჯვრის კვეთა იყო მაცხოვრის ისტორიული ჯვრის ფორმისა და არა ამობრუნებულისა (როგორზეც აცვეს წმ. მოც. პეტრე*) ან იქსისებურისა (როგორზეც გააკრეს წმ. მოც. ანდრია), რადგან გამოხსნა მოიტანა არა მოციქულის, არამედ მაცხოვრის ჯვარმა.

________________________            

      *მან ეს თვითონვე სთხოვა ჯალათებს სწორედ ამ აზრით: ღირსი არა ვარ, უფლის ჯვრის მსგავსზე მიმალურსმნოთ…

                                                                               *  *  *

      ღვთის მორჩილება არის ის მთავარი სათნოება, რომელიც კაცობრიობის პირველმამამ _ ადამმა დაარღვია, რისთვისაც მან უფალთან სიახლოვე დაჰკარგა. ამის დასაბრუნებლად ადამიანს მართებს ღვთის მორჩილებაში დაბრუნება, მაგრამ არ უნდა აგვერიოს  ღვთისმორჩილება კაცთმორჩილებაში. უღვთო საბჭოთა სახელმწიფომ მშვენივრად გამოიყენა ,,მორჩილების“ ცნება თავისთვის, როცა ჯერ თვითონ მღვდელმსახურნი დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, მათი პირით სრულ ,,მორჩილებას“ ქადაგებდა, რითაც მორწმუნე  მრევლიც მონურად დაიმორჩილა და მორჩილად დაიმონა. მათ მცნება ,,არა განიკითხო!“ ცალმხრივად, სათავისოდ განმარტეს და ამით მთლიანად ჩაჰკლეს მორწმუნეში ბოროტების მხილების სურვილი, ძალა  და უნარი. რა თქმა უნდა, განკითხვა და მხილება იგივე არაა, მათაც ,,შუა უზის დიდი ზღვარი“: პირველი _ ცოდვაა, ხოლო მეორე _ სათნოება. ,,ბნელის უნაყოფო საქმეებს ნუ თანაეზიარებით, არამედ უმეტესად ამხილეთ“ _ მოგვიწოდებს სულიწმიდა პავლე მოციქულის პირით. თუ როგორ უნდა ვამხილოთ, ამას საღვთო სჯული განგვიმარტავს, რის მაგალითებსაც უამრავჯერ ვხვდებით ,,საღვთო წერილსა“ თუ წმიდანთა ცხოვრებაში. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მაცხოვარი ურწმუნო მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს? _ მხილება. ,,ცხრა ნეტარებიდან“ ორი სწორედ მხილებით სიმართლეს შეეხება (მ.: 5,10-12): ,,ნეტარ არიან სიმართლისათვის (იგულისხმება: სიმართლის თქმისთვის _ +გ.ს.) დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“; ,,ნეტარ ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც“ (თითქმის ყველანი ამიტომ არ ,,დაისაჯნენ“ და წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემელსაც თავი, განა, სიძვის მხილებისთვის არ მოჰკვეთეს?!). რისთვის დევნიდნენ მათაც, მოციქულთაც, მოწამეებსაც და  წმიდანებსაც მაცხოვარივით? _ შეძენილი ნაკლის: სიცრუისა და საერთოდ, ცოდვა-ბოროტების მხილებისათვის. ეს რომ მხოლოდ საღვთო საკითხებს არ შეეხება და ადამიანურ ცოდვათა მხილებასაც მოიცავს, ამისი მაგალითები წწ. იოანე ოქროპირისა (IVს.) და თეოდორე სტოდიელის (VIII-IXსს..) დევნილი ცხოვრება და აღსასრულიცაა, როგორც სიმართლის მათსავით სხვა მრავალ მსახურთა. წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მართლმკვეთელობას მისი თანამედროვე ასე აღწერს: ,,მისი ქადაგება სარწმუნოებაზე, ზნეობაზე, ბატონ-ყმობის გაუქმებასთან მისი ბრძოლა გასაოცარი ენერგიით იყო წარმოებული; ხშირად, მის წინააღმდეგ ხმლით მიიწევდნენ, მაგრამ ის სიმართლის კვერთხით და ჯვრით ხელში უშიშრად ებრძოდა ადამიანის დამონების მომხრეებს, არცხვენდა, გაბედულად კიცხავდა“. ,,ნუ იქნებით ადამიანთა მონა; ადამიანებს რომ  ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი“, ამბობდა წმ. პავლე მოციქული, რომელსაც ამისათვის მრავალი დევნა აწიეს და ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წმ. ეპისკ. ეგნატე განმანათლებელი (XIXს.) კი ასე განმარტავს თავმდაბლობას: ,,ჭეშმარიტი მორჩილება ჭეშმარიტ  სიმდაბლეს ჰბადებს. ჭეშმარიტი სიმდაბლე კი ღვთის წყალობაა. არასწორი და კაცთმაამებლური მორჩილება ცრუსიმდაბლეს შობს, რომელიც ადამიანს ღმრთის წყალობათაგან განაგდებს და სატანის ჭურჭლად აქცევს; ჭეშმარიტი მორჩილება არის მორჩილება ღვთისა“. დღეს ,,მორჩილებას“ ,,მონობაში“ ვურევთ და არ გვახსოვს წმ. მოციქულ პავლეს მოწოდება: ,,იყავით ვაჟკაცურნი!“. ქრისტეანმა მორჩილებაც ვაჟკაცურად  უნდა აღასრულოს და ვაჟკაცურადვე უნდა ამხილოს ბოროტება. მარცხენა უკიდურესობაა თვითმორჩილება, რაზეც წმ. დოროთე ამბობს: ,,მე არ ვიცი სხვა რაიმე დაცემა, გარდა ერთისა _ ოდეს ადამიანი თავის თავს ემორჩილება“; ხოლო მარჯვენა უკიდურესობაა ყოვლადმორჩილება, რაზეც წმ. ისააკ ასური (VIს.) ამბობს: ,,ყველას მორჩილი იყავი კეთილ საქმეში.Mმხოლოდ სიამისმოყვარეთ, ფულისმოყვარეთ და ცრუმშვიდობისმოყვარეთ ნუ გაჰყვები, რამეთუ ეშმაკისაა ასეთი მორჩილება“. ჩვენ კი არც ერთი უკიდურესობისკენ არ უნდა გადავუხვიოთ, არამედ უნდა ვიაზროვნოთ და ვიაროთ მთავარი, სწორი მიმართულებით, რასაც ეკლესია ,,ოქროს შუალედს“ და ,,სამეუფო გზას“  უწოდებს (რაც არ უნდა აგვერიოს ნელ-თბილობასა და ტყუილ-მართლის ნარევში). თუ როგორ უნდა ემორჩილებოდეს მორწმუნე საკუთარ სულიერ მოძღვარს, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (X-XIსს..) გვაფრთხილებს: ,,შეისწავლე საღმრთო წერილი და წმ. მამათა სწავლანი, რათა შეუდარო იგი შენი მოძღვრის სწავლებასა და მოქმედებას. მაშინ, ვითარცა სარკეში, დაინახავ ყოველივეს და რაც ეთანხმება ,,საღმრთო წერილს“, შეითვისებ, ხოლო ყოველივე  ცრუსა და უვარგისს _ განაგდებ, რათა არ იქნე მოტყუებული. გახსოვდეს, დღეს ბევრი გამოჩნდა ცრუმოძღვარი და მატყუარა“ (რაღა ითქმის დღევანდელ, ღვთისგან საყოველთაო განდგომილების _ ,,აპოსტასიის“ _ ჟამს?!). ჩვენი მხრივ, იგივე ,,საღმრთო წერილის“ სიტყვებითვე დავასკვნიდით: ,,მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქმე: 5,29). რაც შეეხება ,,მხილების“ ცნებას, უფალი გვასწავლის: თუ შენი ძმა სცოდავს, მიდი, ამხილე პირისპირ, ცალკე; თუ გამოსწორდა, შეგიძენია ძმა შენი; თუ არ მიიღო, ამხილე ორი-სამი კაცის თანდასწრებით და თუ კიდევ არა _ საჯაროდ ამხილე და თუ  ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ, განეშორე მას, როგორც ურჯულოს. ხოლო ვის შეუძლია სხვისი მხილება, ამაზე ქრისტე შეგვაგონებს: ჯერ შენს თვალში ამოიღე დირე, რომ მერე უფრო ადვილად შეძლო სხვისი თვალიდან ბეწვის ამოღება; ანუ: მკურნალო, განიკურნე თავი შენი!.. საეკლესიო სამართლის კრებული _ ,,დიდი სჯულისკანონი“ _ არათუ უფლებას აძლევს ვინმეს სხვისი მხილებისა, არამედ გვავალდებულებს, კიდეც, ამას: თუ ერთმა იცის მეორეს ცოდვის შესახებ და არ ამხელს მას, ხოლო სხვამ, მესამემ, ამხილა მეორე და ასევე, გამომჟღავნდა ისიც, რომ პირველმა იცოდა და არ ამხილა მეორე, _ რა სასჯელიც კანონით ეკუთვნის მეორეს, იგივე სასჯელი ედება პირველს იმისათვის, რომ იცოდა და არ ამხილა მცოდველი (ნაწილი IX: თავი 33-ე: წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი). ნათქვამი რომ შევაჯამოთ, ვინმეს ცოდვა თუ კერძო ხასიათისაა, მაშინ, მხელა ხდება ჯერ პირადად და ა. შ., ხოლო ცოდვა თუ საჯარო, საზოგადებრივი ხასიათისაა, შესაძლებელია მისი საჯაროდვე მხილება.

                                                                               *  *  *

      ,,დიდგორის“ მკითხველი: ძვირფასო მამა გიორგი, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და იმედია, რომ ამ შენიშვნას არ ჩამითვლით კადნიერებად. ბოლო წერილში რომ თქვენი შესანისშავი ლექსია ჩასმული და მას თავზე აწერია ,,შექსპირულად“, იქნებ, სხვა რამ მოუფიქროთ _ წმინდა მამათამიერი, ან მარტო ლექსიც შესანიშნავია, რადგან შექსპირი, ალბათ, არ იცით თქვენ, რომ პოეზიის მკვლევარ-ისტორიკოს-ექსპერტთა შორის სოდომიზმში იყო არა მხოლოდ ეჭვმიტანილი, არამედ აშკარა სოდომისტური ლექსების ავტორიც არის. სამი სონეტა აქვს შექსპირს აშკარა სოდომური, რომლებიც კაცის _ ახალგაზრდა ყმაწვილი ბიჭის ტრფიალისადმი აქვს მიძღვნილი; ალბათ, წაკითხული გექნებათ მწერალ თომას მანის რომანი ,,სიკვდილი ვენეციაში“… აი, იმდაგვარი. ამიტომ, გთხოვთ, ეს ერთი სიტყვა ამოიღოთ თქვენი წერილიდან: ,,შექსპირულად“. მაპატიეთ, რომ შემომაქვს ეს შენიშვნა! ვისაც შექსპირი არ წაუკითხავს, ის ვერც მიხვდება, რატომ მოუხმეთ შექსპირს, რადგან მე წაკითხული მაქვს და ვერ მივხვდი. კიდევ ერთხელ მაპატიეთ, რომ ასე ზედმეტად გაწუხებთ! რაც შეეხება ამ ბოლო კომენტარს, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ეროვნული თუ სარწმუნოებრივი ასპექტით.

      პასუხი: სხვათა შორის, ჩვენს სონეტს დავარქვით არა ,,შექსპირულად“, არამედ ,,შექსპირისეულად“, რითაც ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საინტერესოა არა პოეტი, არამედ მისი ფრაზა და ისიც, პერიფრაზის შინაარსით; დიახ, ასე დავარქვით არა იმიტომ, რომ შექსპირის მეხოტბე ვართ, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ვიწყებთ პერიფრაზით მისი ცნობილი 66-ე სონეტიდან: ,,ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი მრჩება“. რახან მას აქვს ,,სანატრელად სიკვდილი მრჩება“, მის შესაპირისპირებლად შევცვალეთ: ,,სანატრელად ბერობა მრჩება“. ამით, პირიქით, ისიც ჩანს, რომ მის, როგორც არამართლმორწმუნე ადამიანის (და ადვილი დასაშვებია, იმ ცოდვით ძლეულის, რაზეც მომწერეთ) მსოფლმხედველობასა და აქედან გამომდინარე, ცხოვრების წესსაც არ ვეთანხმებით…

                                                                               *  *  *

       წმ. პავლე მოციქულის გამოთქმა, _ ეპისკოპოსი უნდა იყოს ,,ერთი ცოლის ქმარი“, ნიშნავს არა იმას, რომ ეპისკოპოსს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ცოლი, არამედ მის ერთნაცოლარობას. ,,მცირე სჯულისკანონი“, VI კრების კანონები, 83: «…რას ნიშნავს ,,ერთი ცოლის ქმარი“? ეს არის: ადრე თუ იქორწინა და შემდეგ, დაქვრივდა. ასეთს ნუ ეტყვიან უარს მღვდელმოძღვრად მოსვლაზე. ორჯერ ქორწინებული ვერ გახდება ეპისკოპოსი. ამიტომაა ნათქვამი ,,ერთი ცოლის ქმარი“…».

                                                                               *  *  *

      რამდენადაც, ქართველებს ძველთაგანვე გვქონდა კულტურული ურთიერთობა ბერძნებთან, როცა ისინი ხმარობდნენ ასო-ბგერა ,,ბ“-ს, ქართულშიც, შესაბამისად, შემოვიდა ,,იბერია“, ,,ბაბოლონი“, ,,ბასილი“, ,,ბარბარე“, ,,ბიქტორი“, ,,ბაბილა“, ,,ბიკენტი“, ,,ბენიამინი“, ,,ბენედიქტე“ და სხვ. და ასევე დამკვიდრდა. მოგვიანებით, როცა ახალბერძნულში ,,ბ“ იცვალა ,,ვ“-თი, იმ დროიდან დაამყარეს ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობა სლოვენურმა ერებმა და ამიტომაცაა მათთან ზემოხსენებულ და სხვა მსგავს სიტყვებში ,,ბ“-ს ნაცვლად ,,ვ“. ჩვენში კი, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდგომ მოიკიდა ფეხი სლოვენურმა ფორმებმა ბერძნულის ნაცვლად. აქ საქმე გვაქვს არა იმდენად სალიტერატურო ნორმის დარღვევასთან, რამდენადაც ისტორიულ და პირველწყაროსთან მიახლოვების საკითხთან, რაც ჩვენი აზრითა და გემოვნებით, ძველქართულის სასარგებლოდ იხრება…

                                                                                  *  *  *

      (ელგუჯა მარდალეიშვილს)

      მშვიდობა თქვენ თანა!

      რატომ გაქვთ გამოტანილი თქვენს ზედმეტსახელად ,,მამა ჯემალი“ (რისი უფლებაც, ზნეობრივად, როგორც ერისკაცს, არ გაქვთ), რომელსაც ქვემოთ მღვდლის გაშარჟებულ სურათს ურთავთ ათეისტური მხატვრული ფილმიდან? განა, ვერ ხვდებით, რომ ამით _ რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს ზედმეტად თამამ გამოთქმებზე _ სასულიერო პირთა წმინდა წოდებას შეურაცხყოფთ მორწმუნეთა და განსაკუთრებით, ურწმუნოთა თვალში?! თუ თქვენც ჯერ ურწმუნო ხართ, დასვით შესაბამისი კითხვები და გიპასუხებთ _ დასკვნები დროზე ადრე ნუ გამოგაქვთ და სამღვდლო ცეცხლს ნუ ეთამაშებით! თუ არც ის იცით, რას ეუბნება უფალი თავის მსახურთ _ თქვენი პატივისმცემელი პატივს მცემს მე და თქვენი შეურაცხმყოფელი მე შეურაცხმყოფსო, ეს, უკვე, მიგითითეთ. უფლის შეურაცხყოფას კი არავის ვუსურვებ! თან, ,,დიდგორის“ ერთ მკითხველს რომ ემუქრებით, ყელს გამოგჭრიო (უფალმა გაპატიოთ!), ისე არ მოხდეს, რომ შეუნანებლობის შემთხვევაში ანუ თუ მაგ მკრეხელურ ზედმეტსახელს, ,,ავატარს“ და აზრებს არ შეიცვლით, განგებამ თქვენზე სასჯელად განსაცდელი დაუშვას და ვიღაც საბრალო ეშმაკეულმა მართლა ყელი გამოგჭრათ, რასაც ნამდვილად არ გისურვებთ! ბევრი გვინახავს სამყაროს შემოქმედზე აყელყელავებული, როგორ ბოლოს იმკის ამქვეყნადვე…

   შვილო ელგუჯა, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, როგორც ღვთისმსახური,

შეინანეთ ,,ცოდვანი სიჭაბუკისანი“ და ღვთის პირიდან გავარდნილებს ნუ აჰყოლიხართ!

   ,,დასაბამი სიბრძნისაი _ შიში უფლისაი“.

   ღმერთმა დაგლოცოთ!

                                                                               *  *  *

      მოგესალმებით ყველას ქრისტესმიერ სიყვარულით; დაგლოცოთ შემოქმედმა!

      აქ ზოგი კომენტატორი ანვითარებს აზრს, რომ კათოლიკობად წოდებული პაპიზმის მიმართ წინააღმდეგობის სული საქართველოში რუსებმა შემოიტანეს… ეს რომ მთლად ასე არ არის, ამის დასამტკიცებლად შესაძლებელია მოყვანა ბევრი საბუთისა, რომელთაგან აქ აღვნიშნავთ ორს: 1. აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ბესარიონ ორბელიანს (ზოგგან ბარათაშვილ-ორბელიშვილადაც მოიხსენიებენ), ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე (1724-37წწ..), შედარებითი ღვთისმეტყველების დარგში დაწერილი აქვს წიგნი, სახელწოდებით ,,გრდემლი“, რომელშიც კათოლიციზმის ათეულობით ცდომილებაა განქიქებული როგორც დოგმატურ, ასევე, კანონიკურ დონეზე. 2. წარმოსადგენია, რამდენად მძლავრი იყო ქართველობაში ანტიპაპისტური განწყობა, რომ მეფე იესე ბაგრატიონის ძე _ კათალიკოს-პატრიარქი ანტონი I (1744-55, 64-88წწ..), ფილოსოფოს-მეცნიერად წოდებული, ტახტიდან დაამხო და გადაასახლა საეკლესიო კრებამ, რომელმაც განაჩინა, რომ იგი მწვალებლობისკენ ოდნავ მიდრკა, რაშიც მას დაჟინებით ამხილებდა მღვდელი ზაქარია გაბაშვილიც (შემდგომში, ეპისკოპოსი ტიმოთე, ცნობილი ,,მიმოსვლის“ ავტორი). ესეც საქართველოში რუსების შემოსვლამდე ხდებოდა… ისე, იმ ეპოქაში (XVII-XIXსს..) და შემდგომაც, პრო-კათოლიკურ-პროტესტანტული განწყობა არც რუსეთის სახელისუფლებო კარის ,,ევროპული ფანჯრიდან“ მასონურად მომზირალ წევრებს აკლდათ და ამავე დროს, რუსი წმინდანები, ისევე, როგორც რომაული სქიზმის (1054წ.) შემდგომი მსოფლიოს წმინდანნი, მართლმადიდებლობის სვეტები იყვნენ. ასეა დღესაც…

                                                                                  *  *  *

      დავით ჩიკვაიძე (,,კანონისტი“): ,,მამა გიორგისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად (განსაკუთრებით, გუშინდელი დღის შემდეგ. თუ რატომ, პირადად შეიტყობს), მისი ნათქვამი, ,,12 წელია აქ ვარ და კარგად ჩანს, სჭირდება თუ არა პაპიზმს კრებაო“, არ არის კანონიკური სამართლისთვის არგუმენტი, რადგან კრებას საჭიროებს ყველა ახალი ერესი და ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ერთ საუკუნეში ორ კრებას (I, II) არ მოიწვევდნენ“.

      პასუხი: გმადლობთ ჩემდამი კეთილგანწყობის გამოხატვისათვის; უფალმა გაგახაროთ (თუმცა, ვერ ვხვდები, ,,გუშინდელი დღის“ ანუ 26 მაისის რა ,,დამსახურებას“ გულისხმობთ; გთხოვთ, განმიმარტოთ!)!

      როცა ,,დიდგორზე“ წავიკითხე, რომ იქ თქვენი კომენტარები აღარ გამოქვეყნდებოდა, მართალიçგითხრათ, მაშინათვე სურვილი გამიჩნდა, ამ ელ-გვერდის რელიგიური განყოფილების ხელმძღვანელისათვის მეთხოვა, ეს არ გაეკეთებინა. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისაგან თავს მაკავებინებს შემდეგი: მხოლოდ ზემომოტანილ ჩვენს ნათქვამს (ციტატას) რომ უხმობთ, ახალბედა მკითხველს უნებურად აფიქრებინებთ, საკითხში გასარკვევად, თითქოს, მხოლოდ ეს პირადული (სუბიექტური) დასკვნა მოგვქონდეს, როგორც საკმარისი პირობა. არადა ეს, უბრალოდ, დავსძინეთ, ხოლო იგივე აბზაცში, ვრცელ ახსნა-განმარტებასთან ერთად, მოტანილი გვაქვს რამდენიმე საღვთისმეტყველო-კანონიკური მტკიცებულება (არგუმენტი), რომლის გაცნობის საშუალებითაც მიუკერძოებელი (ობიექტური) მკითხველი იგივე დასკვნას გამოიტანდა, რაშიც ჩვენც დაგვარწმუნა იმან, რაც მხოლოდ დავსძინეთ (ანუ კათოლიკურ გარემოში ტორმეტწლიანი ყოფნა…)… დიახ, პაპისტური კათოლიკობა ნამდვილად არ იყო ახალი ერესი, რომელიც მსოფლიო საეკლ. კრებას დაიჭირვებდა, რადგან ყველა ის ცრუსწავლება, რომლებსაც ის, სამწუხაროდ, დაეფუძნა, პროექციულად იყო, უკვე, განკანონებული საყოველთაო თუ ადგილობრივი საკრებო სისავსით: ,,ანათემა ყოველგვარ სიახლეს!“ (იხ. მსოფლ. VI-VII წმ. კრებათა I კანონები).

      თქვენ შენიშნავთ, რომ წმ. მამათა ყველა სიტყვა უცდომელი არ არის და რიტორიკულად კითხულობთ კათოლიციზმისადმი დამოკიდებულების კონტექსტში: ,,უცდომელია წმ. მარკოზ ეფესელი?“. აქ, ალბათ, გულისხმობთ მაცხოვრის სწავლებას: ,,არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს“. მაგრამ უფლის ამ სიტყვებში იგულისხმება ადამიანის ცოდვისკენ მიდრეკილება გონებით, გულისთქმით და გულისწყრომით ნაწილებში, რაც, რა საკვირველია, ვრცელდება წმინდანებზეც და ეს, მათ შემთხვევაში, ძირითადად, ვლინდება, ფიქრითა და საქმით, რადგან ჯერ ერთი, წმინდანი გაორმაგებული ყურადღებითა და სიფრთხილით ეკიდება სიტყვათა სწავლების სახით ჩამოყალიბებას; მეორეც, _ ეკლესიას თავის ქრესტომათიაში შეაქვს წმ. მამათა თანხმიერი აზრი (,,Consensus patrum“), როგორც კრებითი ცნობიერება. მიუხედავად ამისა, პატროლოგიაში მაინც ვხვდებით მამათა შორის იდეის, მიდგომისა თუ ტერმინოლოგიის ინტერპრეტაციათა სახესხვაობას, მაგრამ ეს ეხება ეკლესიის მოწყობის კანონიკურ-საწესჩვეულებო მხარეს და არა დოგმატურ-მოძღვრებითს. თანაც, წმ. მარკოზ ეფესელის შემთხვევაში საქმე მარტივადაა, რადგან ეს მოღვაწე წმინდანად შერაცხულ-იქნა სწორედ ცრუკათოლიკური ერესის მხილებისათვის და არა სხვა, უფრო დიდი ღვაწლისთვის (ეს ჩვენ ადრეც დაგიწერეთ ,,Church-ge“-ზე). ასე, რომ ტრივიალური ლოგიკაა: თუ თქვენ ხსენებულ მამას წმინდანად აღიარებთ (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაშინ მისი ეს მთავარი აზრიც უნდა მიიღოთ… ხოლო თუ ადამიანი, მით უფრო _ მღვდელმთავარი, წმ. ეკლესიას მწვალებლურად მოიხსენიებს, ამის გამო საკუთარ პატრიარქსა და სინოდს განუდგება და ამას სიცოცხლის ბოლომდე არ შეინანებს, ვინ შერაცხავს მას წმინდანად ან რანაირი წმინდანი იქნება იგი?

      წერთ: ,,რატომ არ განკვეთა ან განკვეთს იგი (მისი უწმიდესობა) ზოგიერთ სასულიერო პირს, ამაზე სანამ იფიქრებდეთ, ჯერ აბა იმაზე იფიქრეთ, იუდა რატომ არ განაძევა უფალმა მოციქულთაგან…“.

      ამაზე სიამოვნებით გიპასუხებთ, მაგრამ სანამ ამას ვიზამდე, მანამ გთხოვთ, ეს ჯერ თქვენს სულიერ მამას ჰკითხეთ! _ შესაძლოა, მან ჩემზე კარგად აგიხსნათ ამის პასუხი. თანაც, ისიც ჰკითხეთ, უნდა განიკვეთოს თუ არა აშკარად მძიმედ მცოდველი სასულიერო პირი? საერთოდ, თქვენ, როგორც მედავითნემ, სანამ თქვენს აზრებს სააშკარაოზე გამოიტანდეთ, მოძღვართან უნდა გაარკვიოთ მათი სისწორე!.. ვთქვათ, იმის მერე, რაც ზემოხსენებულ ელ-გვერდზე წერდით, ეკლესია მის მიღმა აღსრულებულ ნათლობას ცნობსო (წამოძახების ჟინით არ გახსენებთ!), ჩვენი შენიშვნის შემდეგ ეს საკითხი სულიერ მამასთან გაარკვიეთ თუ ისევ ისე ფიქრობთ? _ წესით, ეს შეცდომა უნდა შეგენანებინათ და იგივე გვერდზე გამოგესწორებინათ, ისედაც დაბნეული მკითხველი რომ უფრო არ დაგებნიათ… თუ ასეა, მაშინ, ეს მხოლოდ გაგვეხარდება; ხოლო თუ ეკლესიოლოგიის ამ უძირითადეს საკითხზე მართლმადიდებელი მართლმადიდებლურად არ აზროვნებთ და ,,ცოდვათა სიჭაბუკისათა“ აღიარება გიჭირთ, მაშინ, უბრალოდ, აზრი ეკარგება ჩვენგან იმის თხოვნას, რომ ცდომილი აზრების გავრცელებაში დაგეხმაროთ _ სხვებისთვისაც და თქვენთვისაც ცუდი სამსახური გამოგვივა, რისი არც უფლება გვაქვს და არც სურვილი, რადგან თქვენს მიმართ, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდისადმი, ჩვენც კეთილგანწყობა გვაქვს და ნეტავ, ახალი ,,რუის-ურბნისის“ კრებაზე მთავარ მერჩულედ მოგვვლენოდეთ!..

      შენდობას გთხოვთ, თუ ადრე ან ახლა უნებურად გული გატკინეთ; ღმერთმა გაკურთხოთ! 

                                                                                  *  *  *

      ,,guja“ (ელგუჯა მარდალეიშვილი): ,,ისმის კითხვა: მართლმადიდებელი მსოფლიო პატრიარქი და კათოლიკე პაპი ცდილობენ, შეუერთდეს ეს ორი გახლეჩილი ეკლესია ერთმანეთს, მაგრამ არსად სჩანს, რომ მსოფლიო პატრიარქი ან ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქები ცდილობდნენ განსხვავებული აზრის მქონე ე. წ. სქიზმატების შემოერთებას და განდგომილებთან ერთად გაერთიანებას“.

      (პასუხის მაგივრად)  

      ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდს: მის თავმჯდომარეს _ სრულიად საქ. კათალიკოს-პატრიარქს; მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს.

      უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო; მაღალყოვლადუსამღვდელოესო და ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

      როგორც მოგეხსენებათ, XXს-ში ,,ძველი გველი“ _ სატანა განსაკუთრებული ცბიერებით ეკვეთა ქრისტეს ეკლესიას და მის ამქვეყნიურ ნაწილში _ ,,მებრძოლ ეკლესიაში“ დიდი არევ-დარევა შემოიტანა. საეკლესიო კალენდრის, ეკლესიოლოგიისა და სხვა საკითხებში სიახლეების შემოღებამ 20-30-იან წლებში ბერძნულ და რუსულენოვან, ხოლო დღეისათვის თითქმის ყველა ადგილობრივ ეკლესიაში მორწმუნე  ხალხი _ სამღვდელონიც და საერონიც რამდენიმე  დაჯგუფებად დაჰყო. ბევრი კლერიკოსი და ერისკაცი გულწრფელადაა დაბრკოლებული ასეთ ,,კანონიკურ ქაოსში“.

      საერთო მართლმადიდებლური ერთობის ადგენის მცდელობად, ჩვენი აზრით, გამოვლინდება ,,ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრება“, რომელზეც წარმოდგენილ-იქნება მსოფლიოში არსებული, უკლებლივ, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისა (,,ოფიციალური“ თუ ,,არაოფიციალური“) და ყველა მართლმადიდებლური დაჯგუფების პირველიერარქი (თავიანთი თანმხლები სულიერი და ღვთისმეტყველი კაცებით), რომლებმაც უნდა იმსჯელონ არსებული განხეთქილებების  შესახებ საღვთისმეტყველო-კანონიკური და ისტორიული ანალიზის დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მსგავსი დონისა და მნიშვნელობის შეხვედრა არასდროს განხორციელებულა; რომ ისტორიულად საქ. ეკლესიას მწვალებლობანი ყველაზე ნაკლებად შეეხო; რომ ადგილობრივ ეკლესიათაგან საქართველო პირველია, ვინც თანამედროვე ერესთა ერესი _ ,,ეკუმენიზმი“ სინოდურ დონეზე მიუღებლად მიიჩნია; რომ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ,,იურისდიქციული პარალელიზმები“ საქ. ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით მცირე გაქანებით (,,მასშტაბი“) არსებობს და ბოლოს, გამომდინარე იქიდანაც, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიაში განისვენებს ,,სიმბოლო“ და ძალა ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობისა _ კვართი მაცხოვრისა, ამიტომ, ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებით, მართლმადიდებლობაში გამაერთიანებელი ასეთი შეკრების მოწყობა, სასურველი იქნებოდა, იბერიის ეკლესიას ეთავა და საქართველოშივე განხორციელებულიყო. ბოლოს და ბოლოს, ასეთი შეხვედრა (თუ ის ღვთისმოსაწონად წარიმართა) გაურკვევლობაში მყოფ მრავალ მორწმუნეს თავის სწორ გადაწყვეტილებაში განამტკიცებს.

      ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, ასეთი, ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრების საკითხი წმ. სინოდის უახლოეს სხდომაზე განხილულიყო; მანამდე კი საქ. საპატრიარქოს პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებულიყო. წინასწარ გწირავთ მადლიერებას და მოტევებას ვითხოვ ჩემი უღირსობით თქვენი შეწუხებისათვის.

 დიაკონი გიორგი სხილაძე
პარიზი, 18/31.V. 2000წ.
(7 მსოფლ. კრებ. წმ. მამათა ხს. დღე)

*  *  *

         იგივე: ,,რატომ არის საიტი ,,დიდგორი“ და მისი მომხმარებელი ,,შეშლილი ფართხალი“ და რატომ არიან ამ ფორუმის მართლმადიდებელი ქრისტიანები და საქ. ეკლესიის მრევლი ერეტიკოსები????“.

         პასუხი: ყოველი კარგის მიზეზი _ მადლი, ხოლო ცუდისა _ ცოდვაა. კაცობრიობის მთელი წარსულიც, სწორედ, ცოდვა-მადლის ისტორიაა. ერთადერთი რამ, რაც ადამიანს თავის შემოქმედსა და აქედან გამომდინარე, სწორ გზას აშორებს ყველაფერში, ცოდვაა, რომელიც, თავის მხრივ, განიტოტება და გამოვლინდება, ძირითადად, კერპთაყვანისმცემლობაში, გემოთმოყვარეობასა და დიდებისმოყვარეობაში (ღმერთი ამპარტავანს ეწინააღმდეგება, ხოლო მდაბალს მოსცეს მადლი _ წერილ-არს). დღეს რომ ვინმეს ჰკითხო, უკვე, იშვიათად გეტყვის, ურწმუნო ვარო, მაგრამ სინამდვილეში, მცირე გამონაკლისის გარდა, საქმე გვაქვს არა მორწმუნეობასთან, არამედ მცირედმორწმუნეობასთან. ხოლო აქედან თუ როგორ მიიღწევა ნამდვილ რწმენამდე ღვთისა, რასაც იგი ჩვენგან ითხოვს, ამას, წმ. მამებთან ერთად, შესანიშნავად ხსნის XXს-ის გამოჩენილი სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, განმარტავს რა ერთ ადგილს ,,სახარებიდან“ (მარკოზი: 9, 24): «ყრმის მამა ატირდა და ცრემლმორეულმა შესძახა: ,,მრწამს, უფალო! შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. ისე არაფერი განალღობს ურწმუნოების ყინულს, როგორც ცრემლები. იმავდროულად, როცა უფლის წინაშე ატირდა, ამ კაცმა შეინანა თავისი ურწმუნოება და ღვთის იქ მყოფობისას მას რწმენა მოასკდა, სწორედ ისე, ვითარცა მდინარის წყალი წყალდიდობისას. მან მხოლოდ მაშინ წარმოსთქვა სიტყვები, რაც ადამიანთა ყოველი მოდგმისთვის ხმამაღალ დამოძღვრად შთენილა: მწამს, უფალო! შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. ეს სიტყვები მიგვანიშნებენ, რომ ღვთის შემწეობის გარეშე ადამიანს რწმენის მოპოვებაც კი არ ძალუძს. საკუთარი ძალებით ადამიანს შეუძლია, მოიპოვოს მხოლოდ მცირედმორწმუნეობა, ე. ი. რწმენა სიკეთისაც და ბოროტებისაც, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაეჭვება სიკეთეშიცა და ბოროტებაშიც. მაგრამ მცირედმორწმუნეობიდან ჭეშმარიტ რწმენამდე _ დიდი გზაა და ამ გზის გავლა ადამიანს არ შეუძლია, თუკი იგი ღვთის მარჯვენას არ მოეჭიდა. შემეწიე, უფალო, შენს რწმენაში! შემეწიე ბოროტებისადმი ურწმუნოებაში! შემეწიე, რათა სრულიად განვეწებო ბოროტებას და შენ შეგივრდე! აი, რას ნიშნავს სიტყვები: შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა» (თარგმ. ჩვ. _ მ. გ. ს.).

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე
ლევილი, საფრანგეთი

6 Responses to “მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (VI)”

  1. ალექსანდრე Says:

    ქართველი ერისა და მართლმადიდებელი რწმენის მტრებს, არტურ ჰაკობიანს და ზაზა ოსმანოვს – იგივე „კანუდოსელი“. როგორ შეიქმნა ბაგრამიანის სომხური ბატალიონი:

    27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 15 წელი გავიდა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ ბევრი რამე ითქვა და დაიწერა. ამის მიუხედავად ეს ისეთი თემაა, რომელზეც ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. სასაუბრო კი მართლა ბევრია.

    ბაგრამიანის სახელობის სომხურმა ბატალიონმა ამ საომარ მოქმედებებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. სომხებით დაკომპლექტებული ბატალიონი ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. ბატალიონის მებრძოლები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

    არმენოლოგი ბონდო არველაძე ამ ბატალიონის მოღვაწეობით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. ბაგრამიანელთა საქმიანობის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოაგვროვა და წიგნად გამოსცა.

    სომხებს ბაგრამიანის ბატალიონზე საუბარი არ უყვართ. ეს თემა განსაკუთრებით აღიზიანებთ სომხეთში. ისინი თავიანთი თანამოძმეების ნამოქმედარს მთლიანად ვერ ამართლებენ, მაგრამ არც აკრიტიკებენ.

    რამდენიმე სომეხი მოღვაწე იმასაც ამტკიცებს აფხაზეთში მცხოვრები სომხები ამ ბატალიონში სულ ძალის გამოყენებით შეიყვანესო. ბონდო არველაძე ამ არგუმენტს სასაცილოდ მიიჩნევს და მაგალითად ბატალიონის მეთაურის სიტყვები მოჰყავს, რომელიც დიდი სიამაყით იხსენებს, როგორ შეიქმნა სომხური ბატალიონი.

    ბონდო არველაძის თქმით, ამ ბატალიონის წევრები საომარ მოქმედებებში დიდად არ მონაწილეობდნენ. ისინი ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

    ამ ნამოქმედარის გამო რამდენიმე მათგანი ვლადისლავ არძინბამ გმირის წოდებითაც დააჯილდოვა.

    ბაგრამიანის ბატალიონის ნამოქმედარზე ბონდო არველაძე “ახალ თაობას” ესაუბრება.

    – რატომ დაინტერესდით ბაგრამიანის სახელობის ბატალიონით?

    – ბაგრამიანის ბატალიონმა რაც აფხაზეთში ჩაიდინა, ეს ომის პერიოდშივე ვიცოდი. მათ ამოქმედარზე უამრავი საშინელება მქონდა გაგონილი. ამ საკითხის შესწავლა და მასზე წიგნის დაწერა მოგვიანებით გადავწყვიტე. რამდენიმე წლის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა ერევანში გამართული ერთ-ერთი შეკრების თაობაზე, სადაც მავანნი სომეხ ახალგაზრდობას მაგალითად უსახავდნენ ბაგრამიანის ბატალიონის ნამოქმედარს. ეს ხალხი თავის ახადგაზრდობას მოუწოდებს, რომ ისევე იმოქმედონ, როგორც ბაგრამიანის ბატალიონის წევრები მოქმედებდნენ აფხაზეთში. ამ ბატალიონმა აფხაზეთში მცხოვრები მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდა მოაწყო. მინდოდა საზოგადოებისთვის დოკუმენტურად წარგვედგინა თუ რა საშინელებები ჩაიდინა ამ ბატალიონმა ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

    – გაგიჭირდათ მასალების მოძიება?

    – გაჭირვებით არ გაგვჭირვებია. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეეძლოთ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. მაგრამ მათი გამოკითხვა, რომ დაგვეწყო ძალიან დიდი დრო დაგვეკარგებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, არქივი მოგვეძებნა. გვითხრეს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის არქივში ამ საკითხზე ძალიან სერიოზული მასალები ინახებოდა. პროკურატურამ ეს მასალები გადმოგვცა. პროკურატურის გამომძიებლების მიერ დაკითხული დევნილების მონაყოლი ორას ტომად არის აკინძული. ამ ზღვა მასალაში ამოვკრიბეთ ცნობები ბაგრამიანის ბატალიონის ნამოქმედარის შესახებ. შემზარავი ცნობები წავიკითხეთ. ამ ბატალიონის მებრძოლები ემტერებოდნენ ორსულ ქალებს. მათ მუცლებს უფარავდნენ, ამოჰყავდათ იქიდან ბავშვები და ღორებს უგდებდნენ საჯიჯგნად. ასევე მათი მოგონილი იყო მორბენალი მაშხალები. ისინი ქართველებს საბურავს აცვამდნენ, შემდეგ ამ საბურავს ცეცხლს უკიდებდნენ. უამრავი საშინელება წავიკითხე ამ დოკუმენტებში. ამის შესახებ ყველა ამ ამბების თვითმხილველია. და ამ ჩვენებას იურიდიული ძალა აქვს. მე და მიბჩუანმა კარგა დიდხანს ვიმუშავეთ. ასე დაიწერა წიგნი ბაგრამიანის სომხურ ბატალიონზე.

    – როდის შეიქმნა ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი?

    – ბაგრამიანის სომხური ბატალიონი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის აშბას ბრძანებით გაფორმდა. ეს 1993 წლის 9 თებერვალს მოხდა.

    – ამ ბატალონის შექმნა ვისი იდეა იყო – სომხების თუ აფხაზების?

    – ინიციატივა სომხებიდან მოდიოდა. ამაში მათ ცხადია სეპარატისტებმაც შეუწყვეს ხელი. როგორც ჩანს, აფხაზ სეპარატისტებს და სომხებს შორის ომის დაწყებამდეც იყო რაღაც ფარული შეთანხმება. 2005 წელს რუსულ ენაზე გამოიცა ვინმე ხოჯას წიგნი, რომელიც ომში ბაგრამიანის ბატალიონის მოღვაწეობას ასახავს. ხოჯას წიგნში ჩამოწერილია ამ ბატალიონის წევრთა ვინაობა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ბატალიონს პირობითად ერქვა ბატალიონი. ბატალიონში სულ 450 ადამიანი ირიცხება. ბაგრამიანის ბატალიონის წევრთა რაოდენობა კი 2000 აღწევდა. ხოჯას წიგნი ძალიან საინტერესოა. აქ მოცემულია, ვინ სად და როგორ დაიღუპა. ასევე მითითებულია თუ ვინ და რისთვის აიღო ეს ჯილდო.

    პატივცემულო დიდგორის რედაქციავ, ქართველო ერო , ყველას ქრისტეშობას გილოცავთ!!!
    ამ დღის მადლი გფარავდეთ ყველას …დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოსნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს:,,უფალო ძლიერო,ბეთლემს შობილო,აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი;მოგვმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა;მოგვეც სიბრძნე,სიმშვიდე ,ერთგულება,ერთსულოვნება,გულის სიწრფელე,რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთლიანობა ქვეყნისა,შვილთა სიმრავლე,ნაყოფთა სიუხვე,ამაღლებული სიყვარული,სასოება შეურყვნელი, რათა ვიხაროთ ორთავე სოფელსა შინა.,,
    ჯანმრთელობას და ბედნიერეებას გისურვებთ… მრავალს დაესწარით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი უკუნისამდე!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: