წმიდა ბასილი დიდი მარხვის შესახებ

სამოთხე მარხვის დარღვევის გამო დავკარგეთ და ახლა მაინც ვიმარხულოთ

წმინდა ბასილი დიდი

ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველმა დაგმო წესი ებრაელების მარხვისა და ჭეშმარიტი მარხვისაკენ მოგვიწოდა, როცა გვითხრა: „ნუ სასჯელად და ბრძოლად იმარხავთ, არამედ განხსენით ყოველი საკრველი ბოროტებისაჲ“ (ესაია 58, 4-6). ხოლო უფალი მოგვიწოდებს: „იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი“ (მათე 6, 17), რაც ასე უნდა გავიგოთ: სული შენი ცოდვებისაგან განიბანე და თავსა შენსა საცხებელი სიწმიდისა იცხე, რათა ქრისტეს ეზიარო და მარხვას ასე შეუდექი. მწუხარე სახეს ნუ მიიღებ, რათა ადამიანებს დაანახო, რომ შენ მარხულობ. მჭმუნვარების გამოფენით ძლევის გვირგვინსა და სამკაულს ვერავინ შეიმოსავს. ან რად უნდა იყოს კაცი სევდიანი მარხვის ანუ განკურნების ჟამს? პირიქით, მარხვის დადგომას სიხარულით უნდა შევეგებოთ, რადგან სახიერმა მკურნალმა მისი სახით ცოდვის განსაქარვებელი წამალი მოგვცა, მარხვა ხომ სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვებისაგან ათავისუფლებს სულს. ნუ შევეცდებით საკუთარ თავს დიდება თვალში საცემი მწუხარებით მოვუხვეჭოთ, იმიტომ, რომ ვერც განცხადებული მარხვა და ვერც სხვათა დასანახად ჩადენილი კეთილი საქმე სარგებელს ვერ მოგვცემს, რადგანაც ქებას აქვე დავიმსახურებთ და თანაც არა ზეციერი მამისაგან, რომელიც დაფარულსაც ხედავს.

მარხვა დასაბამიდან მოდის და რჯულზე უფრო ძველია. იგი უფალმა სამოთხეშივე დააწესა, რადგანაც პირველი მცნება, რომელიც ადამმა მოისმინა, იყო: ძელისა მისგან საცნაურისა კეთილისა და ბოროტისა, არა შჭამოთ (დაბ. 2,17). მაშინ რომ ევას ეს მცნება არ დაერღვია და ემარხულა, ჩვენ დღეს მარხვა არ დაგვჭირდებოდა, რადგანაც მკურნალი არა ჯანმრთელებს, არამედ სნეულებს სჭირდება (მათე 9,12). რამდენადაც ცოდვის სენი ჩვენივე ნებით შევიყვარეთ და დავუძლურდით, ახლა სინანულით უნდა განვიკურნოთ, სინანული კი წარმოუდგენელია მარხვის გარეშე. ადამს, რომელმაც მცნება დაარღვია, ებრძანა: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, ეკალი და კუროჲსთავი აღმოგიცენოს შენ“ (დაბ. 3,17-18). ე.ი. ჩვენზე ჭირის მოწევაა ნაბრძანები და არა შვებისა. სამოთხე მარხვის დარღვევის გამო დავკარგეთ და ახლა მაინც ვიმარხულოთ, თვალწინ გვქონდეს ლაზარეს მაგალითი, რომელიც სამოთხეში მარხვამ შეიყვანა (ლუკა 16,20-31). ნუ მიბაძავ ურჩობაში ევას და ნუ შეიწყნარებ მრჩევლად უხსენებელს, რომელიც იქითკენ გაქეზებს, რომ მუდმივად სხეულს სწყალობდე. ზოგჯერ, ვინც მარხვას არ ინახავს, თავის საქციელს სხეულის უძლურებითა და უსუსურობით ხსნის. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ ესეცა და სხვა მსგავსი მიზეზებიც, ერთმანეთის გარდა, პირველ რიგში იმას უნდა ვუთხრათ, რომელმაც ყოველივე იცის. დაფიქრდი, მარხვა არ შეგიძლია და ათასგვარი საჭმელით სხეულის დამძიმება კი შეგიძლია? მკურნალნი ხომ ავადმყოფებს ხშირად მარხვასა და მრავალფეროავანი სურსათ-სანოვაგისაგან თავის შეკავებას ურჩევენ? ვისაც გაძღომა და ნაირ-ნაირი კერძთა სიმძიმის ტვირთვა შეუძლია, მარხვა აღარ შეუძლია? სხეულისათვის რა უფრო ადვილი და სასარგებლო იქნება – მსუბუქი საზრდელის მიღების შემდეგ მსუბუქად გატარება ღამისა თუ საჭმლის სიმრავლისაგან დამძიმებული ძილი? განა შეიძლება თქმა იმისა, რომ მძიმედ დატვირთული ნავი უფრო გადაურჩება ზღვის ღელვას, ვიდრე მსუბუქად დატვირთული? ასევეა ადამიანის სხეულიც, ვინც საკვებს ზომიერად და მსუბუქად იღებს, ის უფრო დიდი წარმატებით მოიგერიებს ავადმყოფობას, ვიდრე ის, ვინც მრავალფეროვანი სანოვაგით ტვირთავს სხეულს.

მარხვის განმწმედ ძალაზე ძველი აღთქმის წიგნებიც ნათლად მეტყველებენ. წინასწარმეტყველი მოსე სწორედ მარხვის წყალობით მიეახლა წმიდა მთას (გამოსვლ. 24,18). მარხვა რომ არ ჰქონოდა საჭურველად ასხმული, როგორ გაბედავდა შესულიყო მთაზე ნისლში, რომლისაგან კვამლი ადიოდა? რომ არ ემარხულა, ღვთისაგან ვერც ფიცარზე დაწერილ მცნებებს მიიღებდა. სამაგიეროდ ნაყროვანებამ მისი ერი აქცია კერპთმსახურად: „დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად“ (გამოსვლ. 32,6). ერთი დღის სიმთვრალემ და ნაყროვანებამ ორმოცი დღის მარხვა და ვედრება წყალში ჩაყარა, ხოლო მარხვის წყალობით მიღებული ფიცარი სიმთვრალემ შემუსრა. შეადარე ერთმანეთს მოსესა და მისი მშობელი ერის საქციელი და დარწმუნდები, რომ მარხვას კაცი ღმერთთან მიჰყავს, მაშინ როცა შვება და სიმაძღრე შინაგანმცემია.


განა სამუელი მარხვამ და ლოცვამ არ შეძინა მის მშობლებს? (I მეფ. 1,13-20) და სამსონიც მარხვის წყალობით არ იქცა უძლეველად? მარხვამ შვა იგი, მარხვამ აღზარდა და მარხვამ განუმტკიცა ძალა, რადგან დედამისს ანგელოზის პირით ებრძანა: „ვენახისაგან რაც არს, არ შეჭამოს და ღვინო და თაფლუჭი არა სვას“ (მსაჯ.13,14). ორმოცი დღის მარხვის წყალობით წინასწარმეტყველი ილია ღირსი გახდა ქორების წმიდა მთაზე უფლის ხილვისა.

წინასწარმეტყველმა დანიელმა არც პური ჭამა და არც წყალი სვა სამი შვიდეულის მანძილზე; სამაგიეროდ მარხვა ლომებსაც ასწავლა. როცა იგი ლომებით სავსე ორმოში ჩააგდეს, მხეცებმა, როგორც ქვას ან რვალს, კბილი ვერ შეახეს. როგორც ვხედავთ, მარხვამ ლომებს პირი აუკრა, მარხვა ლოცვას ცად აამაღლებს, ფრთებს ასხამს. მარხვა წინამძღვარია განსვენებისა, დედა სიმრთელისა, განმსწავლელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანამგზავრი მოგზაურთა. არ იჭვნეულობს ქმარი, როცა მეუღლეს მმარხველს ხედავს, ხოლო სახლი მარხვით ვინ გააღარიბა? მარხვის გამო პირუტყვები სიკვდილზე არ გოდებენ, არ ჩანს ბრძანება მუცლის მიერ გამოცემული, დასვენებულია მახვილი მზარეულთა, სახლიც ისვენებს კვამლისა და ოხშივარისაგან, ქვაბებისა და ტაფების რახარუხისაგან.

მარხვა სიხარულის მიზეზიცაა, რაც უფრო ძლიერ მოსწყურდება კაცს, მით უფრო ტკბილი აღმოჩნდება მისთვის წყლის დალევა. ასევე მიმზიდველია მარხვის შემდეგ გახსნილება. დაუსრულებელი შვებითა და უზომო ჭამა-სმით ადამიანი კარგავს გემრიელი სასმელ-საჭმელის დაფასების უნარს. ხომ ვხედავთ, რომ მზე უფრო ბრწყინვალეა შემდგომად ღამისა, მღვიძარება უფრო ტკბილია ძილის შემდეგ, ხოლო სიმრთელე უფრო სასურველია მას შემდეგ, რაც სნეულებას გადავიტანთ. ასევე სასურველი ხდება ჭამა მარხვის შემდეგ როგორც მდიდრების, ასევე ღარიბებისთვისაც.

განა მარხვამ არ განუსვენა ლაზარეს აბრაამის წიაღსა შინა? დიდი იოვანეს ცხოვრებაც ხომ მარხვა იყო? (მათე 3,4). არც საწოლი ჰქონდა, არც ტაბლა, არც სათესი მიწა და ხარები, არც ხორბალი და მეპურე, მაგრამ იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი არავინ ყოფილა ქალის ნაშობთაგან. ნეტარ პავლესაც სხვა ჭირთან ერთად მარხვაც ჰქონდა სიქადულად, ამიტომაც გახდა იგი ღირსი მესამე ცის ხილვისა (II კორინ. 11,27;12,2).

თვითონ უფალმაც, როცა მან ჩვენთვის ხორცი შეიმოსა, მარხვით შეზღუდა იგი, რათა ესწავლებინა, რომ მარხვით უნდა განვწვრთნათ და დავმწყსოთ თავნი ჩვენნი (მათე 4,2). ხორცის საკვებზე ზრუნვას სჯობია იმაზე ვიფიქროთ, რომ საღმრთო სწავლა გონებას არ მოვაკლოთ; გავიხსენოთ, რას გვასწავლის პავლე მოციქული: რაზომ გარეშე კაცი ჩვენი განიხრწნების, უფროსად შინაგანი განახლდების (I კორინ. 12,10). მარხვა სასუფევლის ტაბლას განგვიმზადებს, ხოლო გემოთმოყვარება სხეულს გაასქელებს, რის გამოც მისი მტანჯველი მატლი კიდევ უფრო გალაღდება. ვის მიუღია ოდესმე შვებით და ფუფუნებით რაიმე საღმრთო მადლი?

მარხვა იარაღია ეშმაკის წინააღმდეგ; სახარებაში ვკითხულობთ: ესე ნათესავი სხვითა არარაითა განიდევნების, არამედ ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 12,10). ბევრი საჭმელი ნისლითა და კვამლით მოიცავს და აბნელებს გონებას.

წმ.ბასილი დიდის უხრწნელი ხელი

მე-16-ე საუკუნეში, პალეოლოგების საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ვენეციაში ცხოვრობდა, წმ. ბასილის უხრწნელი ხელი ერთ ტაძარს შესწირა, სადაც დღემდე ინახება იგი.

მაგრამ მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას როდი ნიშნავს, ჭეშმარიტი მარხვა ბოროტისაგან განშორებაა, რადგან შეიძლება ხორცი არ სჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო, ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გინება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნიც უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51,2), რადგან გულისწყრომაც, რომელიც გონებას ახშობს და უადგილოდ აღძრული შიშიც, სიმთვრალედ იწოდება. ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით დათრობა გვმართებს. სიმთვრალით ისევე ვერ შეინახავ მარხვას, როგორც ანგარებით ვერ მისწვდები სიმართლეს, შეგინებით – სიწმიდეს და უკეთურებით – სათნოებას. მონაც კი გაურბის ბატონს, რომელიც ურტყამს, ჩვენ კი ვერ განვშორებივართ ღვინოს, რომელიც თავში გვიტყამს და ეს მაშინ, როცა ჩვენში ის უნდა მივიღოთ, რომელმაც თქვა: მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ (იოანე 14,23). განა ჩვენში შემომავალ მეუფეს კარი უნდა დავუხშოთ სიმთვრალით? სიმთვრალე სული წმიდას ისევე განდევნის, როგორც კვამლი ფუტკრებს.

ვინც კაცობრივ მხედრობას სწავლობს, ის დაკარგულ ძალას საჭმლით ივსებს, რათა ბრძოლის ველზე მტკიცე იყოს. ხოლო „რომელთაჲ იგი ბრძოლაჲ არა არს სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა და სოფლისმპყრობელთა ბნელსა ამის სულთა მათ უკეთურთა“ (ეფეს. 6,12), მათ პირიქით, მარხვით უნდა გაიძლიერონ თავი, რადგანაც ხორცისათვის მოკლებით სული განბრწყინდება, ხოლო უხილავ მტერთა ძლევა სწორედ სულის მხნეობით და ჭირთათმენით ხდება.

ესეც გვახსოვდეს: ამ სოფლის მხედართ მათი შრომის მიხედვით ეზრდებათ გასამრჯელო, ხოლო სულიერ მხედრებს, რომელნიც დიდად ავიწროვებენ ხორცს, უმეტესი პატივი ექნებათ. ჩვენი ჩაფხუტი განსხვავდება მათი ჩაფხუტისაგან, რადგან მათი ჩაფხუტი რვალისაა და ჟანგი სჭამს, ხოლო ჩვენი მარადიული ცხოვრების სასოებითაა შემზადებული (I თესალ. 5,8). მათი ფარი განხრწნადია, ჩვენ კი სარწმუნოების ფარი გვაქვს მოცემული, ჩვენ სიმრთელის ჯაჭვით ვართ აღჭურვილნი, ხოლო ისარი რკინის პერანგით. ჩვენ სულის მახვილი მოგვეცა საბრძოლველად (ეფეს. 6,7), ხოლო მათ რკინის მახვილი უჭირავთ გაშიშვლებული. არც საზრდელი გვაქვს ერთნაირი, ჩვენ საღმრთო სწავლანი განგვამტკიცებენ, ხოლო მათ მუცლის აღვსება. ჩვენი ცხოვრების გვირგვინად მარხვა რომ გვექცია, მაშინ იგი არ იქნებოდა ასე მრავალი მწუხარებითა და ტანჯვით აღსავსე, იმიტომ, რომ მარხვა არა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას გვასწავლის, არამედ ყოველგვარი უკეთურობისაგან, ანგარება იქნება ეს თუ მრისხანება.

ვიყოთ მართალნი, რადგან როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება: არა ვიხილე მართალი დაგდებული, არც თესლი მისი მთხოელ პურისა (ფსალმ. 36,25). რა თქმა უნდა, იგი ხილულ პურს არ გულისხმობს, რადგან კარგად იცის, რომ მართალი იაკობის ძენი ეგვიპტეში წავიდნენ სათხოვნელად პურისა. არამედ მას მხედველობაში აქვს სულიერი საზრდო, რომლის წყალობითაც ჩვენი შინაგანი სამყარო სრულყოფის კიბეზე თანდათან მაღლდება.

დაე ჩვენი ცხოვრების წესით თავიდან ავიცილოთ ის შიმშილი, რომელიც წყლისა და პურის მოკლებაზე უარესია, შიმშილი – უფლის სიტყვის მოსმენისა (ამოს. 8,11).


17 Responses to “წმიდა ბასილი დიდი მარხვის შესახებ”

  1. ნიკა Says:

    • ლადო Says:

      • ნიკა Says:

        გთხოვთ, გაეცნოთ, ამ წერილს, “დიდგორი” – ის რუსულ ვერსიაში:
        “მართლმადიდებლობის ზეიმი”
        http://didgoriru.wordpress.com/2010/02/16/torjestva-pravoslavija/

      • ელენა Says:

        გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს

        ძალიან მომეწონა რუსულ ვერსიაში “მართლმადიდებლობის ანათემატიზმები”. ასე დაწვრილებით ამ დღესასწაულის ღვთისმსახურების შესახებ არაფერი ვიცოდი. წესით დღეს ეკუმენიზმის ერესის გამო საქართველოს საპატრიარქოს საკუთარ თავზე უნდა წარმოეთქვა ანათემატიზმები…

        მე ეს მოვიძიე ქართულად და იქნებ დაგჭირდეთ:

        VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი – ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

        როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი – ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური – ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმებიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ, ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც, რომელნიც ერთ შემთხვევასაც არ უშვედნენ ხელიდან, ქრისტიანებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ.

        შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის ჟამს ხატები, რომლებიც ძველთაგანვე ყოველი ქრისტიანისთვის მოკრძალებული თაყვანისცემის ობიექტები იყო, გაუნათლებელ ხალხში ზოგჯერ მართლაც გაუღმერთებიათ, მაგრამ ეკლესიის მამები ასეთ შემთხვევებს არასოდეს ტოვებდნენ მხილების გარეშე და ნებისმიერი ცრურწმენის წინააღმდეგ ხმას უთუოდ იმაღლებდნენ.

        იმპერატორ ლეონ ისავრიელს, რომელმაც სახელი მაჰმადიანებთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცით გაითქვა, იმედი ჰქონდა, რომ ხატების განადგურებით მხოლოდ ეკლესიას კი არ იხსნიდა ცრუ რწმენისაგან, არამედ მუსლიმებსა და იუდეველებსაც ქრისტიანობაზე მოაქცევდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ, რომელსაც იმპერატორმა თავისი განზრახვა გაუზიარა, მას ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი განუმარტა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მეფეს, რომელიც ჯიუტად ადგა თავის აზრს, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. მაშინ ის იძულებული გახდა, ხმამაღლა განეცხადებინა, რომ არც მეფესა და არც პატრიარქს ეკლესიის ადათ-წესების შეცვლის უფლება არ ჰქონდათ და რომ თვითონ უსჯულო საქმეში მონაწილეობას უმალ სიკვდილს ამჯობინებდა. ლეონზე არც პატრიარქის განხცადებას და არც რომის პაპის პროტესტს გავლენა არ მოუხდენია. 730 წლის 17 იანვარს, სვინკლიტის სხდომაზე, იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატიას შესთავაზა, ხელი მოეწერა ბრძანებისთვის, რომლითაც ხატთაყვანისცემა იკრძალებოდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი თქვა. მაშინ იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და მის ადგილას ხატმებრძოლი ანასტასი აღასაყდრეს, წმინდა გერმანე კი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს. იგი, ღრმად მოხუცებული, დევნილობაში აღესრულა.

        მთავარი, რასაც ხატმებრძოლნი ბრალად სდებდნენ ქრისტიანებს, კერპთაყვანისცემლობა იყო. ისინი ასეთ კითხვას სვამდნენ: რას გამოხატავს ხატები? თუ თავად ღმერთს, ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება, რადგან ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია; მაშასადამე, ხატი უფლის გამოსახულება კი არ არის, არამედ კერპი. თუ ხატები ქრისტეს, როგორც ღმერთსა და კაცს, ერთ ხატად გამოსახავს, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას ერთში აერთიანებს, ხოლო თუ ისინი განხორციელებულ მაცხოვარს მისი ერთი, ოდენ კაცობრივი ბუნებით აღბეჭდავს ეს ნესტორის ერესია, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღმერთეებრივი ლოგისისგან სრულიად აცალკევებს. ზემოთქმულის კვალობაზე, უფლის ყველა გამოსახულება ერესი და ღვთისგმობაა.

        ერეტიკული სწავლების საპირისპიროდ, იოანე დამასკელმა ხატსა და მის თაყვანისცემაზე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბა, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულებაა; თავად კაცი ხატი და მსგავსია ღმრთისა. ყოველი საგანი ხატია იდეისა. ხატსა და პროტოტიპს შორის, მატერიასა და სულს შორის, არსებობს კავშირი. თუკი ხატმებრძოლნი სულთან მატერიის ამ კავშირს სრულიად უარყოფენ, მაშინ ისინი მანიქეველები ყოფილან, რომელნიც ღმერთთან მატერიალური სამყაროს ყოველგვარ ზიარებას გამორიცხავდნენ.

        ხატმებრძოლების აზრით, ხატთაყვანისმცემელთა სწავლებიდან გამოდიოდა, რომ ხატებსა და პროტოტიპს ერთი არსი ჰქონდათ, რაზეც მართლმადიდებლები პასუხობდნენ, ხატსა და პროტოტიპს შორის შინაგანი ერთობააო. მაგალითად, მეფის გამოსახულება ამავე დროს ხატია სამეფო ხელისუფლების იდეისა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეფის გამოსახულებასა და მეფეს შინაგანი ერთობა აქვთ. ამგვარად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა – ღმრთისა, მატერიალური ასახვა ზეგრძნობადი სამყაროსი. ეს აზრია გამოხატული თეოდორე სტუდიელის დისტიქში: „ოდეს უმზერ ხატებს, სწვდები გამოუთქმელ სანახაობას ზეცისა“.

        741 წელს ლეონ III გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძე, ფანატიკოსი ხატმებრძოლი კონსტანტინე V. მტრულად განწყობილ წრეებში მას კოპრონიმს უწოდებდნენ – აქაოდა, მონათვლისას ემბაზში ჩაისვარაო, და მიუხედავად იმისა, რომ არაბებთან ბრძოლაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა, ბიზანტიური წყაროები მასზე უარესად არც ერთი იმპერატორს არ იხსენიებდნენ.

        კოპრონიმის ოცდათხუთმეტწლიანი მეფობა ქრისტეს აღმსარებელთათვის საშინელი გამოცდა იყო. განადგურდა ქრისტიანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, მრავალ ტაძარში კედლებიდან ჩამოფხიკეს ფრესკები, რომლებიც სახარებისულ მოვლენებს გადმოსცემდა, და ბუნების სურათებითა და ნადირობის სცენებით შეცვალეს.

        775 წელს კონსტანტინე კოპრონიმი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ლეონ IV ავიდა. ახალი იმპერატორი, მამის დარად, ხატმებრძოლობის ერესის მიმდევარი გახლდათ, თუმცა თავისი წინამორბედივით ფანატიკოსი არ ყოფილა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ცოლად ჰყავდა ათენელი ირინე, გონიერი და განათლებული ხატთაყვანისმცემელი ქალი.

        ლეონ IV-მ მხოლოდ ხუთი წელი იმეფა. 780 წელს მის ტახტზე მცირეწლოვან ვაჟთან კონსტანტინესთან ერთად მისი თანამეცხედრე აბრძანდა. დედოფალს ხატმებრძოლთა წინააღდეგ ძალადობა არ გამოუყენებია, მისი კეთილგონიერების წყალობით ჭეშმარიტებამ უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე. ირინეს უწინდელი პატივი დაუბრუნა წმინდა ნაწილებსაც, რომელთაც მწვალებლები დაუნდობლად შეურაცხყოფნენ. თუმცა ხატთაყვანისმცელობის საბოლოო აღდგენისთვის მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა იყო საჭირო.

        786 წლის ზაფხულში კრებისთვის ყველაფერი მზად გახლდათ. მაგრამ ხატმებრძოლებმა აამოქმედეს ახალი და ძლიერი იარაღი – ჯარი, რომლის წიაღშიც ერეტიკულ სწავლებას მძლავრად ჰქონდა გადგმული ფესვი. 31 ივნისს, სწორედ მსოფლიო კრების გახსნის წინ, ჯარში იფეთქა ამბოხებამ, რომელსაც ხატმებრძოლი ეპისკოპოსები მეთაურობდნენ. შინაომი რომ არ გაჩაღებულიყო, დედოფალი სიმკაცრის გამოჩენას მოერიდა, მაგრამ მიხვდა, რომ კრების მოწვევამდე ჯარი იქაურობისთვის უნდა გაერიდებინა. გამოაცხადა, თითქოს მაჰმადიანებზე გალაშქრებას აპირებდა და სპა სალაშქროდ მოამზადა, მაგრამ გავიდა თუ არა ჯარი კონსტანტინეპოლიდან, ირინემ ბრძანება გააუქმა და ჯარისკაცები დაითხოვა. მსოფლიო კრება გაიმართა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, როცა მღელვარება საბოლოოდ ჩაცხრა, მაგრამ უკვე არა კონსტანტინეპოლში, არამედ ნიკეაში.

        კრებამ, რომელიც 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა, ხატმებრძოლთა ცრუ სწავლება დაგმო და დაასკვნა, რომ ეს ერესი მანამდე არსებულ ყველა ცდომილებასა და მწვალობლობას იმეორებდა და ერთად აღებულს მოიცავდა.

        ხანმოკლე მშვიდობის შემდეგ ხატმებძოლობამ აღმოსავლეთში ისევ იჩინა თავი და კიდევ მრავალი წელიწადი აშფოთებდა ეკლესიას. ეს იყო დრო განუწყვეტელი მღელვარებისა. იმპერიას სათავეში ლეონ სომეხი ჩაუდგა, რომელმაც ხატმებრძოლობის ერესის აღსადგენად ყოველ ღონეს მიმართა. ლეონ V-ის მმართველობის წლებს (813-820) ბიზანტიის ისტორიაში ხატმებრძოლობის მეორე პერიოდად იხსენიებენ. მართლმადიდებლებს არ უსარგებლიათ 787 წელს მეშვიდე მსოფლიო კრებაზე მოპოვებული გამარჯვებით და ხატმებრძოლთათვის სამაგიერო არც დევნითა და არც შევიწროებით არ გადაუხდიათ, ამიტომ პროვინციებში ეს ერესი ისევ ძლიერი იყო, რის გამოც მისი აღორძინება იოლი ჩანდა.

        ლეონ სომეხის, მიხეილისა და თეოფილეს იმპერატოროების ოცდახუთი წლის მანძილზე განუწყვეტლივ ანგრევდნენ მონასტრებსა და უდაბნოს სენაკებს, შეურაცხყოფდნენ ხატებს.

        იმპერატორი თეოფილე რომ გარდაიცვალა, დედოფალმა თეოდორამ, რომელიც ხატებს ფარულად ქმრის სიცოცხლეშივე სცემდა თაყვანს, სამეფო კარის წარჩინებულ პირთა შეგონებით ხატთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა. დედოფალმა განდევნილი მართლმადიდებდლები გადასახლებიდან დააბრუნა. რაკი ხატების თაყვანისცემის თაობაზე მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებანი უკვე არსებობდა, თანაც მსოფლიო კრების მოსაწვევად ხანგრძლივი სამზადისი იყო საჭირო, გადაწყდა, რომ ადგილობრივი კრება ჩაეტარებინათ. კრება 842 წელს იქნა მოწვეული. მისი აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა. ადგილობრივმა კრებამ ხატმებრძოლთა ერესი დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა, რომელსაც, იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.

      • ნიკა Says:

        გმადლობთ, ელენე,

        თქვენც გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ ოფიციალურ ეკლესიებს (მართლმადიდებელად წოდებულებს) იმიტომ აქვთ “გაუქმებული” ეს დღესაწაული, რომ (თქვენ მართალი ბრძანეთ) საკუთარ თავზე ხომ არ წარმოსთქვავენ ანათემატიზმებს?

      • ნიკა Says:

      • ლადო Says:

        Божественная литургия. Закон Божий, ч. 55

  2. იოსებ Says:

    მამაო გიორგი (სხილაძე), მამაო გელასი (აროშვილი) და მამაო ზურაბ (აროშვილი) , გილოცავთ მარიამობის მარხვის დაწყებას!

    ძმაო გიორგი, ნიკა, დავით, ალექსანდერე და „დიდგორის“ გულშემატკივრებო, ყველას გილოცავთ!

    იოსებ ღუდუშაური

    • გიორგი Says:

      Koviljski monasi – 11. Blagoslovi duse moja Gospoda – ps

      • გიორგი Says:

        Koviljski monasi – 08. Bogorodice Djevo

      • გიორგი Says:

        Agni Parthene – O Pure Virgin – Pl. 1st – Valaam

      • ლადო Says:

        ბატონო გიორგი მაპატიეთ, ყველანაირად ვცდილობ რომ ეკუმენისტების ვიდეოები არ გამოვექვეყნო, ხანდახან თავგზა მებნევა ვინ ჭეშმარიტია და ვინ ეკუმენისტი…რა ვქნა ეს გალობა ძალიან მიყვარს და საცა წავაწყდები ვაქვეყნებ ეკუმენისტები არიან შიგ თუ არა ეკუმენისტები!!!
        Russia Valaam

      • mariami Says:

        St Anthony the Great

      • mariami Says:

        ნახეთ სამღვდელოება!
        the life of the orthodox monks

      • mariami Says:

        Слава Богу за все † Song by Orthodox monks from Ukraine †

      • გიორგი Says:

        მეგობრებო! გილოცავთ, შობის მარხვის დაწყებას!
        ΜΥΣΤΗΡΙΟΝ ΞΕΝΟΝ ΟΡΩ ΚΑΙ ΠΑΡΑΔΟΞΟΝ

  3. Irina Tsereteli Says:

    უფალო შეგვიწყალენ! დიდება უფალს!–ამინ!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: