წმიდა თეოდორა საზვერეების შესახებ

წმიდა თეოდორა კონსტანტინეპოლელის ნაამბოობი საზვერეების შესახებ

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე, მე ცოდვილი!

ამ მონათხრობში საზვერეები არის მიმოხილული, რომლებსაც გარდაცვლილის სული გადის სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის საშინელი დღე, როდესაც მარტონი დავრჩებით ჩვენს მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეების პირისპირ. ეკლესია საკმაოდ ბევრს და დაწვრილებით გვიამბობს საზვერეების შესახებ. ბევრი რამ ჩვენთვის ცნობილია გარდაცვლილთა გამოცხადებებიდან და იმ ადამიანების ნაამბობიდან, ვინც მოკვდა და რამდენიმე დღის ან რამდენიმე საათის შემდეგ გაცოცხლდაისინი ძრწოლით იხსენებენ ამ საშინელ შთაბეჭდილებებს, ბევრი მათგანი დარჩენილ ცხოვრებას სინანულისა და სიკვდილისთვის მზადებაში ატარებს, რათა ხელცარიელნი არ შეხვდნენ ეშმაკთა თავდასხმას. ერთერთი ასეთი ნაამბობი საზვერეების შესახებ ეკუთვნის ღირს თეოდორა კონსტანტინოპოლელს, ეს ნაამბობი წმიდანის ცხოვრებაშია გადმოცემული (ხსენება 30 დეკემბერს) და ჩვენც მოკლედ გავიმეორებთ მას.

წმ. თეოდორა კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვილი იყო, შემდეგ დაქვრივდა და ღმრთისმოშიშ ცხოვრებას ეწეოდა – გლახაკებსა და მოგზაურებს ემსახურებოდა. ბოლოს მონაზვნობა მიიღო და ღირსი ბასილი ახლის (ხსენება 26 მარტს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა. როდესაც თეოდორა გარდაიცვალა, წმ. ბასილი ახლის მოწაფე, გრიგოლი ევედრა მოძღვარს, წმიდა მონაზვნის იმსოფლიური ხვედრი ეუწყებინა მისთვის. მისი ვედრებით და ბასილი ახლის ლოცვით გრიგოლს ძილში საოცარი ხილვა ეჩვენა: იგი აღმოჩნდა საოცარ, მშვენიერ ბაღში, სადაც თეოდორას შეხვდა და გამოჰკითხა ყველაფერი, რაც აინტერესებდა. წმიდანმა უთხრა: „საყვარელო შვილო, არ ძალმიძს მოგიყვე ყოველივე, რაც თავს გადამხდა. იმგვარ შიშსა და ძრწოლას განვიცდი, ბევრი რამ დამავიწყდა, მით უფრო, რომ ისეთი სახეები ვნახე და ისეთი ხმები მოვისმინე, აქამდე არც არსად მინახავს და არც არსად მსმენია. ერთი კი შემიძლია გითხრა: წარწყმედა მელოდა ჩემი საქმეებისათვის.

შემდეგ ღირსმა თეოდორამ უამბო, თუ როგორ აშინებდნენ სიკვდილის ჟამს უეცრად გაჩენილი ბოროტი სულები. მათ თან დიდი წიგნები მოიტანეს, რომლებშიც მისი ცოდვები იყო ჩაწერილი, და მოუთმენლად ელოდნენ მსაჯულს, რომელიც საცაა უნდა გამოჩენილიყო. ღირსი თეოდორა ისეთმა ძრწოლამ შეიპყრო, რომ სასოწარკვეთილების პირას მივიდა და აქეთ-იქით ყურება დაიწყო, იქნებ ვინმემ მომაცილოს ეშმაკებიო. ამ დროს მის გვერდით ორი ანგელოზი გაჩნდა და ბოროტი სულები მყისვე მოშორებით დადგნენ. “კაცთა მოდგმის შავბნელო მტრებო, რატომ აწუხებთ მომაკვდავის სულს? ამაოდ ხარობთ, თქვენ აქ არაფერი გერგებათ”, – უთხრა მათ ერთ-ერთმა ანგელოზმა. მაშინ ეშმაკებმა დაიწყეს ყველაფრის ჩამოთვლა, რაც კი ოდესმე შეუცოდავს ღირს თეოდორას სიტყვით, საქმით თუ გულისსიტყვით, თანაც ბევრ რამეს ამატებდნენ და ცილს სწამებდნენ წმიდანს.

ბოლოს სიკვდილიც მოვიდა, მან რაღაც ჩაასხა თასში და წმიდანს დაალევინა, მერე კი დანა აიღო და თავი მოკვეთა. „იმ წუთას საშინელი სიმწარე ვიგრძენი, შვილო”, – განაგრძო წმ. თეოდორამ – „სიკვდილმა სული ამომართვა და ისიც ისე სწრაფად გაეყარა სხეულს, როგორც ჩიტი წყდება ადგილს“. ღირსი თეოდორას სული ნათლით მოსილმა ანგელოზებმა აიტაცეს და მასთან ერთად ზეცისკენ გაფრინდნენ, სხეული კი მიწაზე დარჩა გახდილი სამოსელივით. მაშინ ბოროტი სულები კვლავ მიუახლოვდნენ მათ და უთხრეს ანგელოზებს: “ჩვენ ბევრი მისი ცოდვა ვიცით, პასუხი აგეთ მათზე”. ანგელოზებმა გაიხსენეს წმიდანის ყველა კეთილი საქმე: მოწყალება, მოთმინება, მშვიდობისმოყვარეობა, სიმდაბლე, მარხვა და მრავალი სხვა. ამ დროს ღირსი ბასილი ახალიც გამოჩნდა და უთხრა ანგელოზებს: ” მფარველნო ჩემნო, ეს სული მე მემსახურებოდა, ჩემს სიბერესა და უძლურებას შეეწეოდა. ღმერთს ვევედრე მისთვის და ისმინა ჩემი”. მერე პატარა ზანდუკი მისცა ანგელოზებს და უთხრა: “როდესაც ჰაერის საზვერეების გავლა დაგჭირდებათ, გამოისყიდეთ იგი, ამოიღეთ ამ ზანდუკიდან განძი და მიეცით ბოროტ სულებს”.

ანგელოზებმა ხელი მოჰკიდეს ღირს თეოდორას და ზეცისკენ წაიყვანეს.


უეცრად გზაში პირველი საზვერე შემოხვდათ, რომელსაც უქმისმეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის საზვერე ჰქვია. მტარვალები წმიდანს ყველაფრის პასუხს სთხოვდნენ, რაც კი ოდესმე უთქვამს ცუდი, ვინმესთვის დაუცინია ან უწესო სიმღერები უმღერია. ყოველივე ეს წმიდანს დავიწყებული ჰქონდა, რადგან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ღმრთის სათნო ცხოვრება დაიწყო, ანგელოზებმა დაიცვეს იგი.

შემდეგი საზვერე სიცრუისა იყო. ამ საზვერის სასტიკი მცველნი გამძვინვარებით ეძგერნენ წმიდანს, მაგრამ ანგელოზებმა მისცეს განძი და მშვიდობით გასცდნენ მათ.

როდესაც მესამე საზვერესგანკითხვისა და ცილისწამების საზვერეს მიადგნენ, წინ უხუცესი ეშმაკი წარსდგა და დაიწყო მოყოლა, თუ ვის, სად და როგორ დასწამა ცილი ღირსმა თეოდორამ. ბევრი ტყუილი თქვეს, მაგრამ საკვირველი ის იყო, რა ზუსტად ახსოვდათ ეშმაკებს ყველაფერი, რაც თვითონ წმიდანს დავიწყებული ჰქონდა.

მეოთხე საზვერისნაყროვანებისა და მემთვრალეობის მსახურნი მგლებივით გამოცვივდნენ და მზად იყვნენ დაეგლიჯათ წმიდანი, ახსენებდნენ, როგორ ჭამდა ხოლმე იგი დილაობით ულოცველად, ან თუ ოდესმე უზომოდ უჭამია და მარხვა გაუტეხავს. ერთ-ერთმა ეშმაკმა სცადა ანგელოზებისთვის ხელიდან გამოეგლიჯა წმიდანი და თან ეუბნებოდა: “შენ ხომ აღუთქვი უფალს წმიდა ნათლისღების დროს, რომ განეშორებოდი სატანას და ყველა მის საქმეს? ასეთი აღთქმის დადების მერე როგორღა სცოდე ამდენი?”. ეშმაკებს წმიდანის მიერ დალეული ღვინის ყველა ჭიქაც კი დათვლილი ჰქონდათ. როდესაც ღირსმა თეოდორამ თქვა: “მართლაც ასე იყო, მე მახსოვს” – ანგელოზებმა კიდევ მისცეს განძი ეშმაკებს ზანდუკიდან და ამ საზვერესაც გასცდნენ.

“იციან თუ არა მიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა, რა ელით აქ სიკვდილის შემდეგ?” – ჰკითხა ღირსმა თეოდორამ ანგელოზებს. “დიახ, იციან, მაგრამ ამა სოფლის სიამენი იმდენად იპყრობს მთელ მათ ყურადღებას, რომ უნებლიედ ავიწყდებათ, რა ელით კუბოს ფიცარს იქით. ნეტავი მათ, ვისაც ახსოვს წმიდა წერილი, ვინც მოწყალებას გასცემს და აგროვებს სხვა სათნოებებს, რომლებიც შემდეგ სამუდამო სატანჯველისაგან იხსნის. და ვაი მას, ვინც უზრუნველად ცხოვრობს, თითქოს უკვდავი იყოს, და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა ჭამოს და როგორ დაიკმაყოფილოს ამპარტავნების ჭია. თუ უცაბედმა სიკვდილმა უწია, საუკუნო წარწყმედა ელის, რადგან არავითარი კეთილი საქმე არ გაჰყვება შემწედ. ამ ადამიანთა სულებს სასტიკად ჰგვემენ ეშმაკები საზვერეებში და მერე ჯოჯოხეთში ჩააგდებენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. შენც ეს მოგელოდა თეოდორა, ღირსი ბასილი რომ არ შეგწეოდა”. ამ საუბარში მიაღწიეს მეხუთე საზვერეს, სადაც ცოდვილნი უქმად გატარებული ყოველი დღისა და საათისათვის აგებენ პასუხს. აქვე განიკითხება საერო თუ სასულიერო პირთა მოწყინება და საკუთარი ხელის ცხონებისათვის უზრუნველობა. აქედან ბევრი უფსკრულში ცვივა. ანგელოზებმა წმ. ბასილის ზანდუკიდან შეავსეს ღირსი თეოდორას ნაკლოვანებები და გზა განაგრძეს.

მეექვსე, ქურდობის საზვერე მათ თავისუფლად განვლეს. ასევე დაუბრკოლებლად გასცდნენ მეშვიდე, სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარების საზვერეს, რადგან, ღმერთის წყალობით, ღირსი თეოდორა ყოველთვის იმას სჯერდებოდა, რასაც ღმერთი აძლევდა და რაც ჰქონდა, იმასაც გლახაკებს უნაწილებდა.

მერვე საზვერისანგარების მცველები, რომლებიც მექრთამეობასა და მლიქვნელობას სჯიან, სიმწრისაგან კბილების ღრჭენას მოჰყვნენ, რადგან ღირს თეოდორას ვერაფერში გამოედავებოდნენ.

მშვიდობით მოიტოვეს უკან მეცხრე საზვერეცტყუილისა და ცუდმედიდობისა, მეათეშურისა და მეთერთმეტეამპარტავნებისა.

მალე გზაზე მეთორმეტე საზვერე შემოხვდათმრისხანებისა. უხუცესმა ჰაერის მცველმა, მრისხანებითა და ამპარტავნებით აღვსილმა, ბრძანა ეტანჯათ ღირსი თეოდორა. ეშმაკებმა წმიდანს ყველა სიტყვა გაუმეორეს, რაც კი მრისხანების ჟამს დასცდენოდა, ისიც კი გაახსენეს, თუ ოდესმე თავესი შვილებისათვის რისხვით შეუხედავს ან მკაცრად დაუსჯია. ანგელოზებმა ისევ ზანდუკიდან მისცეს განძი ბოროტ სულებს.

ავაზაკებივით გადაუდგნენ გზაზე წმიდანს მეცამეტე საზვერისძვირისხსენების ეშმაკები, მაგრამ მწარედ ატირდნენ, რადგან ვერაფერი ნახეს თავიანთ ნუსხებში. მაშინ ღირსმა თეოდორამ გაბედა და ჰკითხა ერთ-ერთ ანგელოზს: საიდან იციან ეშმაკებმა, ვინ რა ჩაიდინა ცუდი ცხოვრების მანძილზე? ანგელოზმა უთხრა “ყოველი ქრისტიანი წმ. ნათლისღებისას ღებულობს მფარველ ანგელოზს, რომელიც უხილავად იცავს მას ყოველი ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის, იგი იწერს ადამიანის კეთილ საქმეებს, მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც თვალს ადევნებს ადამიანის ბოროტ საქმეებს და თავის წიგნში იწერს. ამ ცოდვებმა სულს შეიძლება სამოთხეში შესვლა აუკრძალონ და იმ უფსკრულში ჩააგდონ, სადაც თვითონ ბოროტი სულები ცხოვრობენ, და იქ იქნებიან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, თუკი არავითარი კეთილი საქმე არ გააჩნიათ ისეთი, ეშმაკის ხელიდან რომ იხსნას. ვისაც სწამს წმ. სამება და ხშირად ეზიარება ქრისტეს წმ. საიდუმლოებებს, ის პირდაპირ ცად ადის დაუბრკოლებლივ – წმ. ანგელოზები იფარავენ და ღმერთის წმიდა სათნომყოფელნი მათი ცხოვრებისთვის ლოცულობენ. ამაოდმორწმუნე მწვალებლებისათვის კი, ვისაც თავის სიცოცხლეში არავითარი სარგებლობა არ მოუტანია, არავინ ზრუნავს და ვერც ანგელოზები შეაწევენ სიტყვას”.

მეთოთხმეტე, ავაზაკობის საზვერეში ტანჯავენ ყველას, ვინც ვინმეს ოდესმე გაბრაზებულმა ხელი ჰკრა, სილა გაარტყა ან იარაღი იხმარა – ამ საზვერესაც მშვიდობით გასცდნენ. უეცრად მეთხუთმეტე საზვერესთან აღმოჩნდნენ, რომელშიც ჯადოქრობა, მკითხაობა, გრძნეულება და ეშმაკის გამოძახება განიკითხება. იქაურ სულებს გველის სახე აქვთ, მათი მიზანი ადამიანის ცდუნება და გარყვნაა. ღმერთის მადლით, ღირსმა თეოდორამ ამ საზვერესაც მალე დააღწია თავი. შემდეგ მან ჰკითხა ანგელოზებს, ყოველი ცოდვისთვის ასე გამოიცდება კაცი, რაც კი სიცოცხლეში ჩაუდენია, თუ შესაძლებელია მიწაზე სრული გაწმენდა ცოდვებისაგან, რათა საზვერეებში აღარ იტანჯოსო. ანგელოზებმა უპასუხეს, რომ ყველა ასე როდი იტანჯება საზვერეებში, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც, წმ. თეოდორას მსგავსად, სიკვდილის წინ გულწრფელი არ იყო აღსარებაში.

“მე რომ შიშისა და სირცხვილის გარეშე მეღიარებინა ჩემი ცოდვები სულიერი მამის წინაშე და შენდობა მიმეღო, დაუბრკოლებლად გავივლიდი ამ საზვერეებს, მაგრამ რაკიღა შემრცხვა ყველაფრის თქმისა, ამიტომ ვერც საზვერეებში ტანჯვას გადავურჩი. რა თქმა უნდა, დიდად მიშველა იმან, რომ ყოველთვის ვერიდებოდი ცოდვას. ვინც მთელი გულით ცდილობს სინანულს, ის ღებულობს კიდეც ღმერთისაგან მიტევებას და თავისუფლად გადადის ამ სოფლიდან ნეტარ მარადისობაში. ბოროტი ჰაერის მცველნი ვერაფერს პოულობენ თავიანთ წიგნებში, რადგან სული წმიდა აღხოცს დაწერილს. მაშინ კი სასტიკად მწარდებიან ეშმაკები და, თუ კაცი ცოცხალია, ცდილობენ მოასწრონ რაიმე ცოდვა ჩაწერონ წაშლილის ნაცვლად. ჭეშმარიტად, მაცხოვნებელი ძალა აქვს აღსარებას, მრავალი ჭირისაგან იხსნის კაცს, აძლევს ძალას, დაუბრკოლებლივ გაიაროს საზვერეები და ღმერთს მიეახლოს. ზოგიერთი ადამიანი გადადებს ხოლმე აღსარების თქმას – კიდევ მექნება ამის დროო, ზოგს რცხვენია თავისი ცოდვების გულახდილად აღიარებისა – ასეთები სასტიკად გამოიცდებიან საზვერეებში. ზოგი ერთ მოძღვარს ვერ უმხელს ყველა ცოდვას, ამიტომ ერთ ცოდვას ერთ მოძღვარს ეუბნება, მეორეს – სხვას და ა.შ. ასეთი აღსარება მათ მკაცრი სასჯელის მიზეზად ექცევათ და საზვერიდან საზვერეში გადასვლა ძალიან გაუჭირდებათ”.

შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ მეთექვსმეტე საზვერესსიძვისას. მის მცველებს დიდად გაუკვირდათ, რომ წმიდანმა დაუბრკოლებლივ მიაღწია იქამდე. ღირსი თეოდორას ცოდვების ჩამოთვლისას მათ ბევრი ტყუილი ბრალდებაც მოიგონეს, თან სახელებსა და ადგილებსაც იმოწმებდნენ. ასევე მოიქცნენ მეჩვიდმეტე საზვერისმრუშობის მსახურნი.

მეთვრამეტე საზვერესსოდომის ცოდვისას, სადაც სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ, მოციქულთა თქმით, ლაპარაკიც კი სამარცხვინოა, წმიდანი სწრაფად გასცდა. ანგელოზებმა უთხრეს: “შენ ახლა საშინელი და საძაგელი სიძვის საზვერეები განვლე – იცოდე, იშვიათია სული, მათ რომ გადაურჩეს. მთელი სოფელი ცთუნებისა და არაწმიდების ჭაობშია ჩაფლული, თითქმის ყველა ადამიანი სიძვას ჰყავს დამონებული: “შეყოფად არს მომგონებლობაი კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა სიჭაბუკითგან მისით” (დაბ. 8,21). ცოტანი სძლევენ ხორციელ ვნებებს და ცოტანი გადიან თავისუფლად ამ საზვერეებს, მათი მსახურნი კი იქადიან, რომ ისინი უფრო მეტ ხალხს ყრიან ჯოჯოხეთის ჯურღმულში, ვიდრე ყველა სხვა საზვერე – ერთად. მადლობა შესწირე ღმერთს, თეოდორა, რომ შენი მამის ლოცვით გასცდი მათ, აწ უკვე აღარაფრის გეშინოდეს”.

მეცხრამეტე საზვერეში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა და ყოველგვარი მწვალებლობა ისჯება, წმიდანს ვერაფერი დასწამეს. ბოლო, მეოცე საზვერე ულმობელობისა და სისასტიკისა იყო, სადაც ყველა უმოწყალო, სასტიკი და კაცთმოძულე იტანჯებოდა. იმ ადამიანის სულს, ვინც არ იმარხავს ღმერთის მცნებას – მოწყალე იქვენითო, აქედან ჯოჯოხეთში აგდებენ და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იქ ტოვებენ. აბეზარი ფუტკრებივით შეესივნენ ეშმაკები წმიდანს, მაგრამ მაშინვე უკუიქცნენ. სიხარულით სავსე ანგელოზებმა წმიდანი ზეციურ კარიბჭეში შეიყვანეს. ანგელოზთა მოზეიმე დასი შეეგება მას და ღმერთის საყდართან მიაცილა. ამ დროს მათზე ორი ღრუბელი დაეშვა. თვალშეუდგამ სიმაღლეზე ღმერთის საყდარი ჩანდა, ისეთი თეთრი, რომ ყველას, ვინც მის წინაშე იდგა, ნათელს ჰფენდა. “იქაურობის გაგება ან გადმოცემა შეუძლებელია, გონება გიბნელდება და მეხსიერება გერთმევა – მეც დამავიწყდა, სად ვიყავი”, – ყვებოდა ღირსი თეოდორა. მან თაყვანი სცა უხილავ ღმერთს და ესმა ხმა, რომელმაც ბრძანა, ეჩვენებინათ მისთვის მართალთა და ცოდვილთა სულები, მერე კი მოესვენებინათ.

თხრობა რომ დაასრულა, ღირსმა თეოდორამ გრიგოლი ზეციურ სავანეში შეიყვანა, ბაღი და სასახლე უჩვენა, ხოლო როცა გრიგოლმა, იქაურობის მშვენებით გაოცებულმა, მოისურვა უფრო დაწვრილებით გამოეკითხა ყველაფერი, ღირსმა თეოდორამ მხოლოდ ის უთხრა, ამ სიკეთეებს ისინი დაიმკვიდრებენ, ვინც სოფელში მრავალ ჭირსა და მწუხარებას დაითმენს და ქრისტეს მცნებებს დაიმარხავსო. გრიგოლი შინ დაბრუნდა. ამ დროს გაეღვიძა კიდეც და შეშფოთდა, ვაითუ ეს ხილვა ეშმაკისაგან იყოო, მაშინვე თავის მოძღვრისაკენ გაეშურა, მაგრამ ღირსმა ბასილიმ დაასწრო: თვითონვე უამბო, რაც იმ ღამეს ნახა და სთხოვა ჩაეწერა ყველაფერი, რათა სხვებისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო.

ალბათ ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ჰპოვებს ამ ამბავში საზრდოს სულისთვის, შიშით დაფიქრდება, თუ რა მოელის სიკვდილის შემდგომ და, სანამ დროა, გადახედავს თავის ცხოვრებას, საქმეებს, სიტყვებს, აზრებს, განაგდებს ყოველგვარ ყოყმანს და დაუფარავად აღიარებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე შეუცოდავს.

მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურმა

01.03.2010

8 Responses to “წმიდა თეოდორა საზვერეების შესახებ”

  1. ნიკა Says:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: