ქებაი და დიდება ქართულისა ენისაი (ნაწ. I)

იოანე ზოსიმე-„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“

აღსდექ ლაზარე!

იოანე-ზოსიმე, X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან – სინის მთაზე. იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი “საგალობელნი იადგარნი” (შინ-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია ცხოველი რწმნენით გამსჭვალული საგალობლები “ქებაჲ ქართულისა ენისაჲ” და “ქართულისა ენისათჳს” (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი “კავკასიონი”, №1-2).

იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა “განმაცხოველებელი”, “შემმოსელი”, “მომგებელი”.

ზვიად გამსახურდია – „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“

უკანასკნელ წლებში მრავალი მოსაზრება გამოითქვა ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი„-ს შესახებ. მკვლევარნი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილავენ ძეგლს, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი სიძნელეთა წინაშე დგანან. მრავალი საკითხი, ძეგლთან დაკავშირებული, კვლავაც ბუნდოვანია და გაურკვეველი. არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია ძეგლთან დაკავშირებული ყველა საჭირბოროტო საკითხისათვის შუქის მოფენისა. ჩვენი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმა ზოგიერთ პრობლემაზე.

დავიწყოთ იმით, რომ თვით ტრადიციული წაკითხვა ძეგლის ტექსტისა გვაყენებს დიდი სიძნელის წინაშე. გავიხსენოთ პირველივე წინადადება: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ამ სიტყვებს და, კერძოდ, სიტყვა „ენას“ იგებენ მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით. სინამდვილეში საკმრისია ღრმად ჩავუკვირდეთ წინადადების შინაარსს და ნათელი გახდება ამგვარი ინტარპრეტაციის ცალმხრივობა, ვინაიდან „ენა“ ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას. ასე მაგალითად, იოანეს „აპოკალიპსის“-ის ტექსტში: „შემდგომად ვიხილე და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხვად ვერავინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე კრავისა“ (გამოცხ. 7. 9). აქ ბერძნულ ტექსტში „ენას“ შეესაბამება „გლოსსა“. ვგონებ სადავო არ უნდა იყოს, რომ აქ ცოცხალ ადამიანთა კრებულზეა საუბარი, რომელნიც არიან „ყოველთაგან ენათა და ტომთა“, ე. ი. ყველა ხალხების, ყველა ეროვნების წარმომადგენლებზე. ასევეა „გამოცხადების“ მეთოთხმეტე თავშიც: „ანგელოსსა აქუნდა სახარებაი ხარებაი ხარებად მკვიდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა და ენათა“ (14. 7). ვგონებ ნათელია, რომ ანგელოსი, ვერაფერს ახარებდა „ენას“ (გინდ სალიტერატუროს, გინდ სასაუბროს), ვინაიდან ენა ცოცხალი არსება არ არის. ცოცხალი არსებანი არიან ადამიანები, რომელნიც ამ ენათა, ანუ ეროვნებათა წარმოათდგენლები არიან და მათ ახარებდა ანგელოსი. ასევე იხმარება ეს „ენა“ ძველ აღთქმაშიც: „ესე ძენი სემისნი – ენათა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა, და ნათესავთა შინა მათთა“ (დაბად. 10.31 დან. 3,4-7, 5.19, 29-31). სხვათა შორის, ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერში აქ „ენის“ ადგილზე ნახმარია „ტომი“. „ენის“ მსგავსი მნიშვნელობით ხმარებას ვხვდებით „ქართლის ცხოვრებაშიც“: „სკვითნი, ხაზარნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი“ (ქ.ც.ტ. II, 1959, გვ. 562). ს. ყაუხჩიშვილის მიერ ამ ტომისათვის დართულ ლექსიკონშიც ორგვარი განმარტებაა „ენისა“: 1) ენა – („ენა“) „ენა ვერ მიძრავს“. 2) ენა – (ტომი, ნათესავი) – „ყოველნი ენანი და ნათესავნი“. „ყოველმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის გცეს“ და ა. შ.

ამრიგად, იოანე-ზოსიმეს „ქებაი“ ეხება არა მხოლოდ ქართულ ენას, როგორც ასეთს, არამედ ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისსიას, როგორც ეს ესმოდათ საქართველოს ეზოტერულ-ქრისტიანულ წრეებში (რომელნიც ეკლესიისაგან განცალკევებით როდი არსებობდნენ).

ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს „საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ზოგი მკვლევარი აქაც თანამედროვე მნიშვნელობით იგებს სიტყვას „საწამებლად“, როგორც „წამებას“, „ტანჯვას“. სინამდვილეში „საწამებლად“ აქ ძველი ქართული მნიშვნელობით არის ნახმარი, ისევე როგორც სახარებაში: „და სწამა იოანე და თქუა“ (იოანე, 1,32). ე.ი. „დაამოწმა“, „სვიდეტელსტვოვალ“. თუ ჩვენ „ენას“ ვიგულისხმებთ მხოლოდ მისი თანამედროვე მნიშვნელობით, მაშინ გამოდის აბსურდი, თითქოს ენამ, როგორც ასეთმა, უნდა სწამოს ქრისტესათვის. ენა თავისთავად ვერავისთვის ვერაფერს სწამებს, ვინაიდან იგი არ არის ცოცხალი არსება, პიროვნება. სიტყვა „საწამებლად“, „სწამა“ და მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები საღვთო წერილშიც და ქრისტიანულ ლიტერატურაშიც მუდამ იხმარებიან ადამიანთან, პიროვნებასთან ან ადამიანთა ჯგუფთან (თუნდაც ერთან) დაკავშირებით.

შემდეგი და კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა იბადება იმ შემთხვევაში, თუ „ენას“ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი მნიშვნელობით წარმოვიდგენთ, როგორც მამხილებელს სხვა ენებისას: „რაითა ყოველთა ენათა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ე.ი. გამოდის, რომ ქართული ენა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესათვის, არამედ ამხელს სხვა ენებს, ვინაიდან სხვა ენები ცოდვილნი არიან, ქართული ენა კი უცოდველია და ამხელს მათ. რაში უნდა გამოიხატებოდეს ენის ცოდვიანობა თუ უცოდველობა? ვით შეუძლია ენას, განყენებულ გაგებას, იმოქმედოს ისე, რომ სცოდოს ან არ სცოდოს, ამხილოს ვინმე ცოდვაში ან არ ამხილოს? „მხილება“ აქ „გამხელას“ რომ ნიშნავდეს, როგორც ზოგიერთ ავტორს მიაჩნია , მაშინ იქნებოდა „უმხილოს“, როგორც ამას ვხვდებით მოციქულთა საქმეში: „ესე უმხილა ვინმე სავლეს“–სხვა ვარიანტია „ეუწყა სავლეს“ (იხ. ი. აბულაძის ლექსიკონი). „მხილება“ იოანე-ზოსიმესთან ნახმარია სახარებისეული მნიშვნელობით: „რომელმან თქვენთაგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ ეუბნება ქრისტე ფარისევლებს. ენა შესაძლოა მეტნაკლები ადექვატურობით გადმოსცემდეს გარკვეულ ცნებებს, გარკვეულ სულიერ გაგებებს, მეტნაკლებად ღვთაებრივ–სულიერი იყოს ან მეტნაკლებად მდიდარი, მაგრამ მისი „ცოდვიანობა“ ან „მამხილებლობა“ გაუგებარია. შეუძლებელია იოანე–ზოსიმეს ასეთი ამბები არ სცოდნოდა.

ეს ორივე წინააღმდეგობა მოიხსნება, თუ სიტყვა „ენას“ გავიგებთ ისე, როგორც იგი იხმარებოდა იმ ეპოქაში, როდესაც შეიქმნა სახარებები და აპოკალიპსისი, ან როდესაც აღმოცენდა ქრისტიანობა და ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ლიტერატურა. საკმარისია დაშვება ყოველივე ამისა, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა მოიხსნება ძეგლის პირველივე წინადადების გაგებაში. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იოანე-ზოსიმე ქართულ ეროვნებას არ იგულისხმებდა ქართული ენის გარეშე, ვინაიდან ქართული ენისა და ქართული კულტურის გარეშე მხოლოდ ერის მიღწევას მეორედ მოსვლამდე არ ექნებოდა არავითარი მნიშვნელობა. ასე რომ, ეს წინადადება დღევანდელ ქართულ ენაზე შემდეგნაირად უნდა გადმოითარგმნოს: „ქართული ეროვნება და მისი ენა (ქართველი ერი) შენარჩუნებულ იქნება მისი (ქრისტეს) მეორედ მოსვლის დღედმდე, რათა მან სწამოს (ქრისტესთვის), რათა ყოველი ერი ღმერთმა ამხილოს ამ ერის მეშვეობით“.

ახლა უკვე გასაგები ხდება ყოველივე: ერთი ერი, შესაძლოა იყოს უფრო მეტად ცოდვილი, მეორე – ნაკლებად, ერთი ერი შესაძლოა უფრო ახლოს იდგეს ღმერთთან, მეორე – ნაკლებად. მამხილებელიც შესაძლოა იყოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ერი და არამც და არამც მხოლოდ მისი ენა.

გარდა ამისა, ნუთუ შესაძლებელია, რომ მეათე საუკუნის (ან თუნდაც უფრო ადრინდელ) ქართველ მწიგნობარს, თავისი ეპოქისათვის განათლებულ ადამიანს არ სცოდნოდა ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ ყველა ენა, ყველა დამწერლობა შენარჩუნებულ იქნება („დამარხულ იქნება“) ქვეყნის დასასრულამდე, ე. ი. ქრისტეს მეორედ მოსვლამდე? რა აღმოჩენა, რა წინასწარმეტყველება უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, რომელსაც იგი ესოდენ საზეიმოდ ამცნობს თავის თანამემამულეებს? განა არ იქნება ასევე შენარჩუნებული ძველბერძნული, ლათინური ან რომელიც გნებავთ ის მკვდარი ენა, რომელსაც გააჩნია დამწერლობა? რა სიბრძნე უნდა ყოფილიყო ამის აღნიშვნაში?

რაც შეეხება ერს, ეროვნებას, აქ სხვაგვარად უნდა ყოფილიყო საქმე. ენა შეიძლება დარჩეს, ერი კი განადგურდეს. ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით მომავლის კატაკლიზმების დროს ზოგი ერი დაიღუპება, აღიგვება პირისაგან მიწისა, ზოგი კი გადარჩება. აი, აქ კი საჭირო იყო პროფეტული ოპტიმიზმი, რომელსაც ამჟღავნებს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამხნევებს თავის თანამემამულეებს: ქართველი ერი გადარჩება, იარსებებსო მეორედ მოსვლამდე. იოანე-ზოსიმე ამ შემთხვევაში ვერ იხმარდა ტერმინ „ეროვნებას“, ვინაიდან ეს ტერმინი იმ ეპოქაში ჯერაც არ არსებობდა, იგი უფრო გვიანდელი ხანის პროდუქტია. ამიტომ იხმარა მან „ენა“, რომელიც მის ეპოქაში ნიშნავდა „ერს“, „ეროვნებას“, „მოდგმას“.

იოანეს აპოკალიპსისში ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ერი, ყოველი ქვეყანა როდი მიაღწევს უფლის მეორედ მოსვლამდე. მაგალითად, ღვთის რისხვის მეშვიდე ლანკნის დანთხევისას (გამოცხ. 16, 17), რომელიც მეორედ მოსვლასა და მკვდართა აღდგომაზე გაცილებით ადრე ხდება, აღწერილია ბაბილონისა და სხვა წარმართთა და ენათა (ერთა) განადგურება. ბაბილონი იქ სიმბოლურ-კრებითი სახეა ყველა იმპერიისა, რომელზედაც შეგვიძლია ვთქვათ აპოკალიპსისისა და „ქებაი“ გაგებით, რომ ეს „ენა“ არ არის დამარხულ დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა: „დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკვიდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა“ (გამოცხ. 18. 2). ეს ყოველივე კი მოხდა მეორედ მოსვლაზე ადრე.

ასე რომ, იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს: ქართველი ეროვნება, ქართული მოდგმა მიაღწევს მეორედ მოსვლამდე. მხოლოდ ენის მიღწევას კი არ დასჭირდებოდა არავითარი წინასწარმეტყველება.

აპოკალიპსისის ფინალში ჩვენ ვხედავთ, რომ ერები, ანუ ენანი ორად არიან განყოფილნი. ერთნი არიან ვითარცა წყალნი, რომელზედაც დგას ბაბილონი, ე. ი. წარმოადგენენ ბაბილონის იმპერიის დასაყრდენს: „წყალნი იგი რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ (გამოცხ. 17. 15). ისინი დაინთქმიან ქვესკნელში ბაბილონთან ერთად. ხოლო მეორენი იშვებენ ცათა შინა, კრავის ქორწილზე: „შემდგომად მესმა, ვითარცა ხმაი დიდი ერისა მრავლისაი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუია, მაცხოვრებაი და ძალი და დიდებაი ღმრთისა ჩუენისაი“ (გამოცხ. 19. 1). ვინ არის ამ დროს იგი, ვინც სწამებს იესოსათვის? ამის პასუხად ანგელოზი ეუბნება იოანეს: „და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყვანისცემად მისა, და მრქუა მე: „იხილე ნუ, შენ თანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაი იესოისი; ღმერთსა თაყუანის ეც, რამეთუ წამებაი იესოსი არს სული იგი წინასწარმეტყველებისაი“ (გამოცხ. 19. 10).

ესე იგი, ისინი, ვინც სწამებენ იესოსათვის, არიან ძმანი იოანე მოციქულისა, რომელიც სწამებს აგრეთვე მათთან ერთად და მათაც აქვთ სული წინასწარმეტყველებისაი, ანუ სულიწმიდა. აი, როგორ ჭვრეტს იოანე-ზოსიმე ქართული მოდგმის მომავალს, რომელიც „დამარხულ არს საწამებლად მისა“: მას ექნება სული წინასწარმეტყველებისაი, სულიწმიდა, ისევე როგორც იოანეს და მის ძმებს, ანუ მართალთ, რომელნიც იშვებენ კრავის ქორწილზე ღვთის სასუფეველში ისრაელის 12 მუხლის რჩეულებთან ერთად. თუმც ეჭვგარეშეა, რომ იოანე-ზოსიმე ამგვარ ქართველებში ჭეშმარიტ ქრისტიან ქართველებს გულისხმობს, რომელთაც უნდა „სწამონ“ ქრისტესათვის. მხოლოდ ასეთნი შეიძლება გაუთანაბრდნენ აპოკალიპსურ „ძმებს“ იოანესას. იოანეს ეს ძმები, ამავე დროს, მამხილებელნი არიან ყველა ენათა და წარმართთა, რასაც აპოკალიპსისში სიმბოლური ზეციური თეთრტაიჭოსანი მხედრის სახით ვხედავთ: „და ვიხილენ ცანი განხუმულნი და აჰა ცხენი სპეტაკი და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოი და ჭეშმარიტი და სიმართლით სჯის და იბრძვის. და თუალნი მისნი იყვნეს, ვითარცა ალი ცეცხლისაი, და თავსა ზედა მისსა გვირგვინნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან. და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაი ღმრთისაი და მხედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახვილი ორპირი აღლესული, რაითა მით მოსრნეს წარმართნი და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაითა“ (გამოცხ. 19. 11–15).


„ორპირი მახვილი აღლესული“ არის სიმბოლურად „მახვილი მხილებისა“, საღმრთო მხილება კაცობრიობის ცოდვათა, „რკინის კვერთხით მწყემსვა“ კი არის გასამართლება ცოდვილ წარმართთა (კვერთხი სიმართლის სიმბოლოა). აი, რომელ ესქატოლოგიურ სახეს უკავშირდება იოანე-ზოსიმესეული გაგება ქართული მოდგმის, ქართული ეთნოსის მომავალი მამხილებელი მისსიისა!

თეთრ ცხენზე მჯდარი ზეციური მხედარი არის არხისტრატეგოსი ზეციური მხედრობისა, მთავარანგელოზი მიქაელ, ძალი ღვთისა, ანუ პირი ღვთისა, აგრეთვე, პროფეტული განჭვრეტა მიქაელის მიწიერი რაინდის, წმინდა გიორგის მსახურებისა, რომელსაც უკავშირებს იოანე-ზოსიმე ქართველ ერს, როგორც ჭეშმარიტი ქართველი ქრისტიან-გეორგიანი. საქართველოს სახეს იგი სჭვრეტს ზეციურ ძლევამოსილ მხედარში, რომელიც ასრულებს საღვთო მისსიას წარმართთა ერთა და ენათა მხილებისას და მათი მწყემსვისას რკინის კვერთხით, ანუ გასამართლებისას. აი, სიტყვა „მხილების“ ნამდვილი მნიშვნელობა (აპოკალიპსური მამხილებელი სულიწმიდაა და მისი თეთრტაიჭოსანი რაინდი).

ახლა გადავიდეთ შემდეგ წინადადებაზე: „და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამა ენასა ლაზარე ჰქვიან“.

ზემოა უკვე დავინახეთ იდუმალი კავშირი ქართული ენისა, ანუ ეროვნებისა იოანე მოციქულთან, რომელსაც მეორედ მოსვლისას აქვს „წამებაი ქრისტესი“, ისევე როგორც ქართულ ენას (ეროვნებას). ახლა კი ვხედავთ, რომ ქართული ენა იდენტიფიცირებულია ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარე კი, ზოგი თეოლოგის თვალსაზრისით, არის იგივე იოანე მოციქული . ახალ დროში არა მხოლოდ თეოსოფოსებმა, არამედ სახარების ტექსტის მკვლევარმა ფილოლოგებმაც მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ როდესაც იოანეს სახარებაში საუბარია იოანე მოციქულზე, როგორც მაცხოვრის საყვარელ მოწაფეზე, ნახმარია ზმნა „ფილეო“, სულიერი სიყვარული, იგივე ზმნა ნახმარია აგრეთვე მხოლოდ და მხოლოდ ლაზარესთან დაკავშირებით (იოანე 11. 3), რაც სიყვარულის გარდა, სახარებისეული გაგებით, ნიშნავს უმაღლეს სულიერ მეგობრობასაც (იხ. ფ. ვ. ფარრარ, იესო ქრისტეს ცხოვრება, ლონდონი, 1880, ინგ. ენაზე), ვინაიდან ცნობილია, რომ სახარება განასხვავებს სიყვარულის სამ სახეობას: ეროსს, აგაპეს და ფილიას. სხვა მოწაფეებთან დაკავშირებით სიტყვა „ფილეო“ არ იხმარება. სხვა შემთხვევაში და სხვა მოწაფეებზე ნახმარია ზმნა „ეგაპა“, ნაწარმოები „აგაპედან“. ამ იდენტიფიკაციის საკითხებზე აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში ორი პიროვნების გაიგივება როდია მთავარი, არამედ ის, რომ იოანე მახარობელს თავის სახარებაში ქრისტესეული (და არა იოანესეული) ნათლისღების, ანუ ინიციაციის პარადიგმად მოჰყავს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ლაზარესთან ქართული ენის იდენტიფიკაციის შემდეგ ხომ იოანე-ზოსიმეც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული ენა არის „მისთანავე (ქრისტესთანვე) დაფლული სიკვდილითა ნათლისღებისა მისისაითა“, ე. ი. ღებულობს ქრისტესეულ ნათლისღებას. რას ნიშნავს ქრისტეს ნათლისღება და რით განსხვავდება იგი იოანესეული ნათლისღებისაგან (წყლით ნათლისღებისაგან)? ამაზე პასუხს გვაძლევს თავად იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მასთან მოსულ ხალხს ეუბნება: „მე უკვე ნათელგცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (მათე 3. 4). ამაზე პასუხს გვაძლევს აგრეთვე თავად მაცხოვარი, როდესაც იგი, უკვე იოანესაგან ნათელღებული, ეუბნება თავის მოწაფეებს: „ხოლო ნათლისღებაი მაქუს ნათლის ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!“ (ლუკა 12. 50) ე. ი. იოანეს ნათლისღების გარდა სხვა ნათლისღება უნდა გაიაროს ჯერ თავად იესო ქრისტემ. ამ ნათლისღებაში იგულისხმება ჯვარცმა, სიკვდილი და დაფლვა იესო ქრისტესი, რომელსაც მოსდევს გარდაუვალი აღდგომა. ამავე ნათლისღების წინასახეა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. იგივე ნათლისღებაზე ესაუბრება იესო ქრისტე იაკობს და იოანეს, რომელნიც მოვიდნენ მასთან და სთხოვეს ნება მიეცა მათთვის, რათა ერთი მის მარჯვნივ დამჯდარიყო, ხოლო მეორე მარცხნივ. იესომ ჰკითხა მათ: „არა იცით, რასა ითხოვთ. ძალგიცა სასუმელისა, რომელსაც მე შევსვამ, შესუმად, და მათლისღებისა, რომელსა მე ნათელვიღებ, ნათლის ღებად?“ (მარკ. 10. 38) მოციქულნი ეუბნებიან ქრისტეს, რომ მათ ძალუძთ ეს ყოველივე. ამას მოსდევს პროფეტული სიტყვები, რომელნიც ცხადყოფენ, რომ ეს ორი მოციქული მართლაც მიიღებს მომავალში ქრისტესეულ ნათლისღებას: „სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, ჰსუათ, და ნათლისღებაი რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ იღოთ“ (მარკ. 10. 39). ეს სიტყვები გამართლდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომაზე, რომელმაც მიიღო ქრისტესეული ნათლისღება სიკვდილითა და აღდგომით, აგრეთვე სულიწმიდის მომადლებით. ასევე განმარტავს ამ ნათლისღების არსს პავლე მოციქული: „ ანუ არა უწყოითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვიქმნენით მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ“ (რომ. 6.3-5). აი, ამგვარი ქრისტესეული მათლისღება პირველად განხორციელდა ლაზარეზე, რომელიც მოკვდა და აღდგა, ე. ი. ლაზარე პირველი მოინათლა სულიწმიდითა და ცეცხლით, ანუ ქრისტესეული ნათლისღებით. მაგრამ მის სნეულებაზე ხომ მაცხოვარი თავიდანვე ამბობს, რომ ეს არ არის ნამდვილი, სასიკვდინე სნეულება: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისა მისგან“ (იოანე 11.4). ძე ღმრთისა იდიდა იოანე მოციქულისაგან, მისი სახარებითა და აპოკალიპსისით. ქრისტესეულ ნათლისღებას ქართული ენა ღებულობს, რათა მომავალში აღასრულოს ქრისტეს მისსია. რაში მდგომარეობს ეს მისსია? გავიხსენოთ, თუ ვით ახასიათებს თავის მისსიას იესო-ქრისტე პილატეს სამსჯავროს წინაშე: „ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი“ (იოანე 18.37). ხოლო ქართულ ენაზე იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში ნათქვამია: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად“. რის საწამებლად? ცხადია, ჭეშმარიტების საწამებლად. ქართულმა ენამ, ქართულმა მოდგმამ უნდა სწამოს ჭეშმარიტი, ისევე როგორც იესო ქრისტემ. მან უნდა ადიდოს ქრისტე, ისევე როგორც იოანე-ლაზარემ. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.

იოანე-ზოსიმეს ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მიჩნია ქართული ენის სიმბოლოდ, რომელიც არს „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული“. თანაც იგი იქვე იმოწმებს დავით წმიდა წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“. „ოთხი ათასის“ შესახებ ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ქვემოთ, ახლა კი ვნახოთ, რას გულისხმობს ავტორი, როდესაც ამბობს: „და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი“.

წარმოვიდგინოთ კვლავ, რომ სიტყვა „ენა“ ძეგლში ნახმარია მარტოოდენ მისი დღევანდელი მნიშვნელობით. გამოდის, რომ ქართული ენა მოაქცია ნინოს გარდა ჰელენე დედოფამაც. დავუშვათ, რომ წმ. ნინო საქართველოში მოსვლის შემდეგ დაეუფლა ქართულ ენას, როგორც წარმოშობით მოსხი კაპადოკიელი და ქრისტიანული გაგებებით გაამდიდრა იგი, რითაც „მოაქცია“, მაგრამ აბა ჰელენე დედოფალი როგორ მოაქცევდა ქართულ ენას? ან ნუთუ ქართული ენა ნინოს მიერ ქართლის მონათვლისთანავე წარმართული ენიდან ქრისტიანულ ენად იქცეოდა უმალვე? ნინოს ხომ არ შეუქმნია რაიმე ნაწარმოებები ქართულ ენაზე? ან რა გარსხვავებაა წარმართულ ენასა და ქრისტიანულ ენას შორის? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ აქ კვლავ საქმე ეხება ერის, ეროვნების მოქცევას. მარტოდენ „ენის მოქცევა“ აშკარად ნაძალადევი წარმოდგენაა, ერის მოქცევა კი ბუნებრივია. ჰელენე დედოფლის წვლილიც გასაგებია: მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას რომში, რის შედეგადაც მომზადდა ნიადაგი საქართველოს გაქრისტიანებისათვისაც, გარდა ამისა, ჰელენე დედოფლის ზრუნვა ქართლის მოქცევისათვის და ნინოსთან მეგობრობა ისტორიული ფაქტია.

რატომ არის ნინო მარიამი, ხოლო ჰელენე მართა? ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ მარიამთან და მართასთან დაკავშირებული ეპიზოდი ლუკას სახარებიდან: „და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა და შეიყვანა თავადი სახიდ თვისა და იყო დაი მისი რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოისთა და ისმენდა სიტყვათა მისთა. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე. მიუგო იესო და ჰრქუა მას: მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის; აქა ერთისა არს სახმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“ (ლუკა 10. 38-42). მარიამი, რომელიც ნიადაგ მაცხოვარს უსმენდა და საოჯახო საქმეს არ აკეთებდა, არის სიმბოლო სულის შინაგანი მედიტაციური აქტივობისა, მარადის ღვთის ჭვრეტისა, მისტიკისა, ხოლო მართა, რომელიც ნიადაგ საოჯახო საქმეს აკეთებს, სიმბოლოა სულის გარეგანი აქტივობისა სოციალური ყოფისა და ქველმოქმედების სფეროში. ერთი მისტიური ჭვრეტის გზაა, მეორე სოციალური განვითარებისა, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისა და პოზიტიური თეოლოგიის ამ ორ გზას შორის პრიორიტეტს თავად მაცხოვარი ანიჭებს პირველს, ე. ი. მარიამს. ამის გამო ნინო, მისტიკოსი ქალი, ნათელმხილველი, მარადის მლოცველი და მმარხველი და მით სულიწმიდის მადლის მომპოვებელი, შედარებულია მარიამთან, ხოლო ჰელენე დედოფალი, იმპერატრისსა რომისა, სოციალურ სფეროში მოღვაწე, შედარებულია მართასთან. ამით ავტორი მიგვანიშნებს აგრეთვე იმ ორი იმპულსის თავისებურებაზე, რომელიც შემოვიდა საქართველოში მათი მეშვეობით. ერთთან დაკავშირებულია ღვთის მისტიური ჭვრეტა, მიტიური თეოლოგია, მეორესთან – ქველმოქმედება და სამართლიანობა სოციალურ სფეროში, აგრეთვე ოფიციალური დოგმატური თეოლოგია, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო იდეოლოგიას. ამითვეა განმარტებული იმ ორი მოდგმის მისსიის თავისებურება, რომლის წარმომადგენლებიც არიან ნინო და ჰელენე დედოფალი.

რას ნიშნავს გამოთქმა „ახალმან ნინო“? გულისხმობს თუ არა ეს გამოთქმა რომელიღაც სხვა, უფრო გვიანდელ ნინოს? არამც და არამც. საქმე ის არის, რომ სიტყვა „ახალი“ ძველ ქართულში ნიშნავს რიგით პირველსაც. ასე მაგალითად, ბიბლიაში ახალი, „ახალთაი“ ეწოდება ებრაელთა პირველ თვეს, ნისანს: „დღეს გამოხუალთ თქუენ თუესა ახალსა“ (გამოსვლ. 13. 4). „თთუესა შინა ახალთასა გამოხვედ ეგვიპტით“ G 11. შჯ. 16. 1. „ახალკვირიაკე“, „ახალკვირა“ ნიშნავს აღდგომის შემდეგ პირველ კვირას: „მოვიდეს კაცხსა… დღესა ახალკვირიაკესა“ A – 484. ე. ი. „ახალ ნინოში“ იგულისხმება თავდაპირველი ნინო, წმიდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი. ეს გამოთქმა ნინოსთან დაკავშირებით იხმარება იმის გამო, რათა იგი არ დავუკავშიროთ სხვა, შემდეგდროინდელ პიროვნებებს ამ სახელის მატარებელთ. გარდა ამისა, ნინო მეათე საუკუნისათვისაც ახალია, ვინაიდან ახალი სჯულის შემომტანია .

თუ ჩვენ კვლავაც იმ თვალსაზრისზე დავრჩებით, რომ ძეგლში სიტყვა „ენა“ ნახმარია მხოლოდ მისი პირველადი მნიშვნელობით, მაშინ სავსებით ზედმეტად მოგვეჩვენება შემდეგი ფრაზაც: „და მეგობრობაი ამისთვის თქვა, ვითარმედ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს„. ვინ თქუა „მეგობრობაი“ ან რისთვის თქვა? („ამისათვის“). ვის ეხება ეს სიტყვა „მეგობრობაი?“ კონტექსტიდან ირკვევა, რომ იგი ეხება როგორც ლაზარეს, ასევე ქართულ ენას. მაგრამ განა ენა შეიძლება იყოს ვინმეს მეგობარი? ეს წინააღმდეგობაც მოიხსნება, თუ „ენას“ მისი ნამდვილი მნიშვნელობით გავიგებთ. ე. ი. ქართული მოდგმა, ქართველი ერი არის მეგობარი ქრისტესი, ისევე როგორც ლაზარე, ისევე როგორც იოანე, რომლის შესახებაც ნათქვამია სახარებაში, რომ იგი უყვარდა იესოს „ფილიას“ გაგებით, რაც სხვა მოციქულებზე არ არის ნათქვამი, თუმც მათაც მეგობრები ეწოდებათ (ლუკა 12. 4). აი, რა იგულისხმება გამონათქვამში „და მეგობრობაი ამისთვის თქუა“. წინადადების გაგრძელება ნათელს ჰფენს ამ მეგობრობის არსსაც: „ყოველივე საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ ერს“. როგორც ლაზარე-იოანე იყო მფლობელი კაცობრიობის ყოველი ეზოტერული საიდუმლოსი, ანუ საიდუმლო სიბრძნისა, ასევეა დამარხული, ე. ი. შემონახული ყველა ეს საიდუმლო საქართველოში, ქართველ ერში და არეკლილია მის ენასა და კულტურაში. მაგრამ გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა, რომ ლაზარე და საქართველო იყვნენ მფლობელნი იესო ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, როგორც ამას ამტკიცებს ზოგი მკვლევარი , ვინაიდან იოანეს სახარების თვალსაზრისით, ვერც ლაზარე და ვერც რომელიმე მოციქული ვერ იქნებოდა მფლობელი ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, რამეთუ თავად მაცხოვარი ეუბნება თავის რჩეულ მოწაფეთა წრეს იოანეს სახარების ფინალში: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღა ძალგიც ტვირთუად“ (იოანე 16. 12), რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ შესძლო გადაცემა თავის მოწაფეთათვის თავისი ეზოტერული სიბრძნის მხოლოდ ნაწილისა. მას სურდა მეტის გადაცემა, მაგრამ ისინი ჯერ არ იყვნენ ამისთვის მომწიფებულნი (ეს ლაზარესაც ეხება). გარდა ამისა, იოანესეული თვალსაზრისით, ქრისტეს ყველა საიდუმლოს არა თუ მისი მოწაფენი, მთელი სამყაროც ვერ დაიტევს: „და არიან სხუანიცა მრავალ, რომელი იქმნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ“ (იოანე 12. 25).

ასე რომ, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ სიმდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შეძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის საერთოდ. მართალია, ძეგლში ნახსენები ნათლისღება ქრისტიანული ინიციაციაა, საიდუმლო სიბრძნესთან ზიარებაა, მაგრამ აშკარად ნაძალადევად გვეჩვენება ცდა „ქებაის“ გნოსტიკური ხასიათის ძეგლად გამოცხადებისა და მისი IV საუკუნით დათარიღება. სხვა რომ არ იყოს რა, გნოსტიკური ძეგლი წმ. ნინოსა და წმ. ელენე დედოფალს, ორთოდოქსული ეკლესიის ბურჯებს, ავტორიტეტებად არ მოიხსენიებდა, არამედ დაიმოწმებდა ბასილიდეს, ვალენტინუსს ან სხვა გნოსტიკოსებს და არა ეკლესიის შვილებს. გნოსტიციზმი მართალია, სწვდებოდა სახარების სულიერ სიღრმეებს და საიდუმლოებებს, მაგრამ ვერ იაზრებდა სწორად იესო ნაზარეველის მიწიერი ცხოვრების ფაქტებს, განსაკუთრებით კი მის ფიზიკურ სიკვდილს ჯვარზე. გნოსტიკოსნი ხედავდნენ ქრისტეს ღვთაებრივ მხარეს, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ მის ადამიანურ მხარეს. ამის შედეგად, მათი აზრით, ჯვარს ეცვა არა რეალური სხეული ქრისტესი, არამედ ე. წ. „მოჩვენებითი სხეული“, ხოლო ზოგი გნოსტიკოსის აზრით, ჯვარს ეცვა სვიმონ კვირინელი და არა ქრისტე. ასე ასწავლიდა, მაგ., გნოსტიკოსი ბასილიდეს (იხ. ე. ბოკი, სახარების კომენტარები, ტ. II, შტუტგარტი, 1971, გერმ. ენაზე). ყოველივე ამის გამო გნოსტიციზმში ვერ იარსებებდა ქრისტესეული ნათლისღების, სიკვდილით ნათლისღების იმგვარი გაგება, როგორიც გვხვდება იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში. გარდა ამისა, ძეგლში გვხვდება კიდევ ერთი ნიუანსი, რომლისთვისაც დღემდე არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება და რომელიც გამორიცხავს მის მიკუთვნებას რომელიმე არაორთოდოქსული მიმდინარეობისადმი. ეს არის ძეგლის ყველა ხელნაწარში დავით წინასწარმეტყველის მოხსენიება „წ. წინასწარმეტყველად“, ე. ი. წმინდანად, რაც პირწმინდა ეკლესიური სპეციფიკაა და გნოსტიკოსთა ნომენკლატურისათვის უცხოა. გარდა ამისა, თუ „ქებაი“ ერეტიკული მოძღვრების შემცველია, მაშ რა საწაულით გადარჩენილა და შემონახულა საუკუნეთა მანძილზე ეს ნაწარმოები, ისიც სინას მთის მონასტერში ღიად, აშკარად, ნუთუ იქ არ აღმოჩნდა არც ერთი მცნობი ერეტიკული მოძღვრებისა? ვით „შეეპარა“ „ყოვლისგამანადგურებელ“ ეკლესიას ერეტიკული თხზულება?

ხსენებული გამოკვლევის ავტორი „ქებაის“ უწოდებს ესქატოლოგიური მისტიკის ნიმუშს. ეს გამოთქმა უნდა დაზუსტდეს. კერძოდ, „ქებაი“ არის იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის კომენტარი, ეგზეგეზა ესქატოლოგიური მისტიკის თვალსაზრისით. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს ორთოდოქსია ებრძოდა ყოველგვარ ეზოტერიზმს და ინიცინაციურ სიბრძნეს. ამგვარი მტკიცებისას საჭიროა მეტი სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აღმოსავლეთის ეკლესიაზე . უწინარეს ყოვლისა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არეოპაგიტული ტრაქტატები შეიქმნა აღმოსავლური ეკლესიის წიაღშივე, ხოლო „საიდუმლო ღვთისმეტყველება“, რომელზედაც საუბრობს დიონისე არეოპაგელი, არის იგივე ეზოტერული მოძღვრება, ანუ საიდუმლო სიბრძნე, რომელიც ყოველთვის დაწერილი სახით როდი არსებობდა, არამედ ზეპირი გადმოცემის, ე. წ. „ლოგიას“ სახით, აგრეთვე წიგნების სახით, რომელთაც ეწოდებათ „დაფარული“ წიგნები, ე.წ. „აპოკრიფები“.

აღსანიშნავია, რომ სიტყვა დოგმატიც თავდაპირველად ეკლესიურ ენაზე აღნიშნავდა საიდუმლო მოძღვრებას. მაგალითად, ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი ბასილი დიდი აბობდა: „ეკლესიაში არსებული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან ზოგიერთი გვაქვს საღვთო წერილის მოძღვრებაში, ხოლო ზოგიერთი გადმოცემული გვაქვს საიდუმლოდ, მოციქულთა ტრადიციით… დოგმატის შესახებ ვდუმვართ, ქადაგებას კი ხალხს ვამცნობთ“ (სულიწმინდის შესახებ, გვ. 322). მეორე მამა ეკლესიისა, წმ. კირილე იერუსალიმელი აღნიშნავს: „წარმართებს არ ვუქადაგებთ სიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, თვით კათაკმევლებსაც კი საიდუმლოთა შესახებ ვესაუბრებით ბუნდოვნად, ბევრ რამეზე გადატანით მივანიშნებთ, რათა მცოდნენი და მორწმუნენი ჩასწვდნენ, ხოლო უცოდინარნი არ დაზიანდნენ (თხზულებანი, XXV, § 29, გვ. 103). მსგავსი თვალსაზრისი აქვს აგრეთვე გამოთქმული იოანე ოქროპირს ზიარების შესახებ, გრიგოლ ღვთისმეტყველს ნათლისღების შესახებ თავის მეორმოცე ჰომილიაში, ასევე სხვა მამებს ეკლესიისას. გერმანელი მეცნიერი ავგუსტი ჩამოთვლის ბერძნულ ტერმინებს, რომელთაც ხმარობდნენ ეკლესიის მამები ეზოტერული წესის აღსანიშნავად: ეპიკრიფის, სიოპე, გნოზის, მისტერიოკრიფია, დოგმა, ტროპოს, პაიდეას და სხვა. ასევე ლათინი მამების ტერმინებს: ოკულტაციო, რეტიცენცია საკრორუმ, სილენციუმ საკრუმ, არკანუმ და სხვა. არსებობს აგრეთვე შუა საუკუნეობრივი საეკლესიო ტერმინი ეზოტერიზმის აღსანიშნავად „დისციპლინა არკანი“, ე. ი. საიდუმლო დისციპლინა. ყოველივე ამის საუკეთესო დადასტურებაა „ქებაი“-ს დარი ძეგლის არსებობა ეკლესიის წიაღშივე.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, „გნოზისი“ ეკლესიის მამების ერთ-ერთი ტერმინია მათი ეზოტერიზმის აღმნიშვნელი, თუ ამგვარ გნოზისს დავუკავშირებთ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“, მაშინ ეს მისაღები იქნება, ეკლესიასთან დაპირისპირებულ გნოსტიკოსთა მოძღვრებას კი ვერ გავაიგივებთ ამ ძეგლთან. მაგალითად, თვით ანტონ პირველიც კი ხმარობდა ტერმინ „გნოზისს“ ანალოგიური მნიშვნელობით თავის „ღვთისმეტყველებაში“, სადაც ამბობს, რომ „გონება-მზე“ პეტრიწმა შემოიღო – „გნოსისინი აზნაურთა და თავისუფალთა ცნობათანი“. ასე რომ, ამ სიტყვას თვით ანტონ კათალიკოსიც არ თვლიდა ეკლესიისათვის უცხოდ. ხსენებული გამოკვლევის ავტორის (ე. ჭელიძის) თქმით, III-IV საუკუნის ორთოდოქსიმ მთლად მოსპო გაგება ნათლისღებისა ვითარცა საიდუმლოსი და რომ მას შემდეგ ქრისტიანულმა ნათლისღებამ ეკლესიაში მიიღო მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა (გვ. 12-128). სინამდვილეში მეოთხე საუკუნის ეკლესიის მამა კირილე იერუსალიმელი თავის „მისტაგოგიურ კათეხიზმოში“ წერს, რომ, მართალია, ნათლისღებისას სამგზის წყალში ჩაძირვა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას, მაგრამ ეს მიბაძვა ქრისტესი არ არის მხოლოდ ხატი, სახე, „ეიკონ ჰე მიმეზის“, ვინაიდან თავად ნათლისღება არის რეალობა, რომლითაც ჩვენ რეალურად ვღებულობთ ხსნას (კირილე იერუსალიმელი, მისტაგოგიური კათეხიზმო, პარიზი, 1966. ფრანგ. ენაზე, გვ. 114). შემდეგ კირილე იერუსალიმელი განაგრძობს, რომ ნათლისღება არის ცოდვათა მიტევება რეალურად და განწმენდა რეალურად და ა. შ. ასე რომ, ნათლისღება მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ერთ-ერთი საიდუმლოა, მისტერიონია. ნათლისღება სიმბოლურ ხასიათს ატარებს მხოლოდ პროტესტანტულ ეკლესიაში, ისევე როგორც სხვა საიდუმლონი, ხოლო პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიების პრაქტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

ავტორი ადამიანის არსების სამწევროვნების შესახებ მოძღვრებას, ანუ ტრიქოტომიას (რომელსაც იგი შეცდომით ადამიანის პიროვნების სამნაწილოვნებას უწოდებს) გნოსტიკოსტა საკუთრებად თვლის. სინამდვილეში ეს მოძღვრება უფრო ადრე ჩამოყალიბებულია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (1 კორ. 2. 14, 5. 44-17) და მას იზიარებს აღმოსავლეთის ეკლესიაც, ხოლო კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო იგი მხოლოდ მერვე საეკლესიო კრებაზე მეცხრე საუკუნეში და დატოვა დიქოტომია, ანუ ორწევროვნება (სამშვინველისა და სხეულისა). უცნაურად ისმის, აგრეთვე, ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ თურმე „ქრისტიანობის მიღებით ქართული ენა მოკვდა“ (გვ. 138), მაშინ როდესაც სწორედ ქრისტიანობის მიღების შემდეგ დაიწყო ქართული ენისა და მწერლობის არნახული აღორძინება. ხოლო ქართული ენის ქრისტიანობამდელი სიცოცხლისა და აყვავების რაიმე დოკუმენტი თუ ეგულება ავტორს სადმე, ეს უდიდესი აღმოჩენა იქნებოდა. ასეთი შეხედულება არც იოანე-ზოსიმეს უნდა მივაწეროთ, ვინაიდან შეუძლებელია მას არ სცოდნოდა, თუ რა მოუტანა ქართველ ერს, ქართულ ენასა და მწერლობას ქრისტიანობამ.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ გამოთქმას „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. როგორც ითქვა, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შესძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოციქულნი, ასევე ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლო სიბრძნესა და ანტიკურ მისტერიალურ სიბრძნეს შორის – რომელიც აგრეთვე ღვთისაგან მომადლებულად მიაჩნდათ. ამ სიბრძნის არსს ასე განმარტავდა პავლე მოციქული: „არამედ ვიტყვი სიბრძნესა ღმრთისას საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სიდიდებლად ჩუენდა“(1კორ.2. 7). ასევე ესმოდათ ეს ერთიანობა იუსტინე ფილოსოფოსს, ბასილი დიდს, ნეტარ ავგუსტინეს და სხვათა. სიმბოლიკა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ხელოვნებისა ნათელყოფს. თუ რაოდენ ღრმა კავშირს ხედავდნენ პირველქრისტიანები ანტიკურ მისტერიებსა და ქრისტიანობას შორის. ასე მაგალითად, კატაკომბების ფერწერაში გავრცელებულია მოტივი, სადაც ქრისტე ფიგურირებს როგორც მისტერიათა იეროფანტი კვერთხით ხელში, რომელითაც იგი აცოცხლებს მიცვალებულ ლაზარეს, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ ანტიკური ინიციაციის კერების პრაქტიკა ინიციატის სამდღიანი სატაძრო სიკვდილისმაგვარი ძილისა, რომლისგანაც მას აცოცხლებდა იეროფანტი (რაც ხდებოდა მისტერიებში დაფარულად), ქრისტემ სახალხოდ განახორციელა ლაზარეს აღდგინებით . ასე რომ, ლაზარეს ინიციაცია ანტიური ინიციაციის გზის ახალი ეტაპი იყო. ასეთივე ღრმა კავშირი არსებობდა მზის („სოლ ინვიქტუსის“) ანტიკურ კულტსა და ქრისტიანულ კულტს შორის. არსებობს ადრექრისტიანული გამოსახულებები, სადაც „სოლ ინვიქტუს“ ფიგურირებს როგორც ქრისტე, სააღდგომო ლიტურგიის შემსრულებელი (იხ. ე. ზაუსერი, ადრექრისტიანული ხელოვნება, მიუნხენი, 1966 წ. გვ. 393, გერმ. ენაზე).

პროტო-ქართული მოდგმა და კულტურა პრეისტორიული ხანიდან უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისტერიათა კულტურასთან. უფრო მეტიც, იგი იყო შემქმნელი ამ მისტერიათა, იყო მათი კულტურტრეგერი, რაც მოსჩანს არგონავტების მითიდან, აგრეთვე ანტიურობის მწერალთა და ისტორიკოსთა სხვა წყაროებიდან, აგრეთვე „ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მოთხრობილია ფარნავაზის ინიციაცია სულიერი მზის მიერ, აგრეთვე ქვაბში საუნჯის პოვნა, რაც საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა. შემდგომში საქართველო ეზიარა ახალ, ქრისტიანულ სიბრძნეს, ქრისტიანულ ინიციაციას „ახალი ნინოს“ მეშვეობით.

აი, რას გულისხმობს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამბობს, რომ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. საქართველო გადმოცემით ღვთისმშობლის წილხვდომილია. ღვთისმშობელი, სოფია, ანუ ზეციური დედა ეზოტერული თვალსაზრისით არის დედა მისტერიებისა, იზიდა, „მაგნა მატერ“ ყველა ანტიური რელიგიებისა და კულტებისა. ხოლო პირველქრისტიანთა და ეკლესიის მამათა გაგებით იგი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება , სულიწმიდისა, რომელიც არის მომცემელი ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნისა (სოფიასი) და ამავე დროს ცოდვათაგან განწმენდის მადლისა. სახარებაში მას ეწოდება აგრეთვე პარაკლეტი, ანუ ნუგეშინისმცემელი (იხ. მ.პარმენტიერი, წმ.გრიგოლ ნოსელისეული დოქტრინა სულიწმიდისა. „ეკლეზიასტიკოს ფაროს“, ალექსანდრიის საპატრიარქოს ჟურნალი, 1976, ტ. 60, გვ. 697)

იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამცნობს თავის მოწაფეებს, რომ მომავალში სულიწმიდამ უნდა ამხილოს სოფელი ცოდვისათვის და ამავე დროს უნდა მოჰმადლოს რჩეულებს ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნე: „არამედ ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე ნუგეშისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ, ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე. ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაი დასჯილ არს“ (იოანე 16. 7-11).

ამრიგად, სახარების მიხედვით, სულიწმიდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მოსავალში იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმიდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ გადმოცემით ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, ანუ მარტვილიას.

ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრისტემ თავისი მიწიერი მსახურების მანძილზე გადასცა საღვთო სიბრძნე თავის მოწაფეებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ჯერაც მომწიფებულნი საამისოდ, არ ძალედვათ „ტვირთვა“ ამ სიბრძნისა. მაგრამ იგი ამცნობს მათ, რომ მომავალში სულიწმიდა, ანუ სული ჭეშმარიტებისა გადასცემს მათ ამ სიბრძნეს: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთვად, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაი ესმის, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ“ (იოანე 16.12–13). ამრიგად, სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისსია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე. ი. სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ მოსვლისას ქართველ ერსა და მის ენას ეკისრება იმ მისსიის აღსრულება, რომელიც გააჩნიათ, იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის გაგებით, ერთი მხრივ, ქრისტესა და მიქაელ მთავარანგელოზს, ხოლო მეორე მხრივ, სულიწმიდას და გაბრიელ მთავარანგელოზს, ვინაიდან სულიწმიდის ნების განმცხადებელი, მისი „პირი“ არის გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელმაც ახარა ღვთისმშობელს სულიწმიდით ჩასახვა და რომელიც დაკავშირებულია აგრეთვე სულიწმიდის მომავალ მისსიასთან. ასევე ითვლება მიქაელი ძის, ანუ ქრისტეს „პირად“. აი, რატომ არიან დავითის IV საუკუნის სტელებზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით! სხვათა შორის, ხსენებული აღმოჩენის შესახებ გ. აბრამიშვილი და ზ. ალექსიძე გაკვრით აღნიშნავდნენ, რომ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში „ენა“ ხალხსაც ნიშნავს, თუმცა ამ დებულებას აღარ უკავშირებენ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“.

ბრდაძორის მეექვსე საუკუნის სტელაზე, როგორც ავტორები აღნიშნავენ, ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას: სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ იმ ეპოქის საქართველოში იცოდნენ ეზოტერული საიდუმლო ლაზარესა და იოანეს იგივეობისა, ვინაიდან აპოკალიპსისში მეორედ მოსვლის მოვლენების აღწერისას ლაზარე სავსაბით არ არის ნახსენები, ხოლო იოანე ესქატოლოგიური ხილვით ჭვრეტს თავისთავს მიქაელ მთავარანგელოზის გვერდით მეორედ მოსვლის დადგომის ჟამს (გამოცხ. 19, 9-21). ასე რომ, ბრდაძორის სტელაზე გამოსახული ლაზარე იგივე იოანეა.

ზვიად გამსახურდია

გაგრძელება–> ნაწილი მეორე

___________

შენიშვნა: ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეს კვლევა იოანე ზოსიმეს ძეგლისწერისა შეიძლება ითქვას, რომ არის საუკეთესო ეკლესიური თუ სამეცნიერო თვალსაზრისით. რატომ? იმიტომ რომ მორწმუნე მართლმადიდებელი პრეზიდენტის ნაშრომია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ, პრეზიდენტი, როგორც ერისკაცი შეიძლება ღვთისმეტყველი წმინდანივით ან სასულიერო პირის ზედმიწევნითი “ზილოტური” მიდგომით ვერ გასწვდეს საეკლესიო ღვთისმეტველების საკითხებს და ბევრი მოსაზრება საკამათო იყოს ეკლესიოლოგიის თვალსაზრისით, მაგრამ იმდენად საინტერესო განხილვაა ამ ძეგლისწერის, რომ ბევრ ცილისმწამებლურ აბსურდულ მდარე კვლევებიდან გამომდინარე თავდასხმებს იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველებაზე საფუძვლიანად ანადგურებს

მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურმა

26 Responses to “ქებაი და დიდება ქართულისა ენისაი (ნაწ. I)”

  1. stalker Says:

    ამ პრეზიდენტს აბა როგორ აიტანდა კაციჭამია გლობალისტები. სულ შევარდნაძეს, სააკაშვილს, სარკოზს და ობამასა არა ჰგავს?…ეჰ, ეს კაცი ყოფილიყო საქართველოში ქრისტიანული ზნეობის რელსებზე იდგებოდა ქვეყანა. ამ პრეზიდენტს რამეც რომ შეშლოდა დაელაპარაკებოდა ვთქვათ მამა გიორგი სხილაძე და თან გადაყვებოდა მას არამც თუ მოუსმენდა, ნახეთ რა რწმენა აქვს ამ ნაშრომში ღმერთის…

  2. ზვიად გამსახურდია-„ქებაი და დიდებაი ქართულის ენისაი“ (ნაწ. II) « დიდგორი Says:

    […] ზვიად გამსახურდია-„ქებაი და დიდებაი ქართულის ენისაი“ (ნაწ. II) მარტი 15, 2010 — ლომისა დასაწყისი (ნაწ.პირველი) […]

    • ნიკა Says:

      Православия митрополита Виталия уже становился голосом вопиющего в пустыне. Слово Владыки об исцелении русского сердца, возможно, сохранил только фильм “Русская тайна”.
      Фильм, в котором раскрывается тайна Царева о России. В фильме запечатлены: Мироточивая Иверская Монреальская икона Божией Матери, безследно покинувшая Зарубежную Церковь, а также Мамврийский дуб, еще зеленевший своей листвою.

      • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

      • dato(lenon) Says:

        ბოდიში თქვენ მოიხადეთ ასეთ მეზღაპრეობას რომ აქვეყნებტ ზვიადუის მეცნიერებას. მე თქვენ უფრო სერიოზული ხალხი მეგონეთ და ასეთი სინკრეტისტები თუ იყავით მოულედნელობაა ჩემთვის. კალი იუგა და მაქსი იუგა. ვიღაც გადამწერის ეშმაკეულ ზმანებებს აქვეყნებტ და მეცნიერებას უწოდებთ.ზვიადიზმი გიშლით ხელს თორემ უფრო განვითარდებოდით დროში.

      • ლომისა Says:

        ვერ გავიგეთ dato(lenon) რატომ იბოღმებით და რა იწვევს თქვენ ასეთ სიძულვილს ზვიად გამსახურდიას მიმართ! თქვენ, ზვიად გამსახურდიას მეცნიერული კვლევა კი არ „გაღელვებთ“, არამედ თავად ზვიად გამსახურდია გძულთ. ვისაც ზვიად გამსახურდია სძულს, მას ქართველი ერიც სძულს, სხვას ვერაფერს ვერ მივაწერე, თქვენ მიერ, ესოდენ დიდი ღვარძლითა და ცინიზმით აღსავსე პასკვილის გამოქვეყნება.

        ალექსანდრე

      • ელენა Says:

        მუსიკანტ დათიკოს, ივერას, დათო-ლენონს და მათნაირ გლობალისტური ანტიქრისტეს ეკლესიის მდიდარი ლაბორატორიის მუშაკებს ზვიად გამსახურდია და მისი კანონიერი მთავრობა ისე სძულთ როგორც ეშმაკს ღმერთი. კანონიერი მთავრობა ფეხებზე ჰკიდიათ იმიტომ რომ ეშმაკს უყვარს უკანონობა და მისგან გამომდინარე ყოველი საშინელება. რატომ სძულთ იცით და ცოფებს აფრქვევენ ივერიის გაბრწყინების წინასწარმეტყველებაზე გლობალისტები, იმიტომ რომ ის ნათელი იმედი რომ იქნებ ქართველი ერი ქრისტეში გადარჩეს ესეც უნდათ რომ ამოშანთონ ჩვენი სულიდან. ჩვენ ხომ მეტი აღარაფერი დაგვრჩენია, არც ზესახლმწიფო ვართ, ირგვლივ მტრები გვახვევიან, გაჩანაგებული და ტერიტორიბ წაგლეჯილი ქვეყანა ვართ, ყველა ჩვენ გვმტრობდა საუკუნების განმავლობაში და ამ იმედით მოვედით რომ გადავრჩებით ქრისტეში და ამ იმედს ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები! ეს იდეა იწვევს მაგათში გაცოფებას. იმედიც უნდა წაგვართვან რომ სასო წარვიკვეთოთ და გადავგვარდ-გადავშენდეთ. აი ამაშია საქმე, სწორედ ამიტომ გაიჩინა იოანე ზოსიმემ და მისმმა განმარტებელმა კანონიერმა პრეზიდენტმა გლობალისტები მტრად. თორემ რა მესიანიზმიც ჩვენა გვაქვს გასაცოდავებულ გაუბედურებული ერი ვართ, ერთი პაწაწინა ქვეყანა რომელიც რუქასაც არ ატყვია, სამაგიეროდ ქრისტეს მტრებისთვის ეს ჩვენი იმედი ღმერთში ჩვენი გადარჩნისა დიდი დაბრკოლების ლოდად იქცა ანტიქრისტეს მსახურთათვის!

      • davit Says:

        ოლალოოლ ელენა რა კარგად ჩამოაყალიბე დათის უბედურებაი, ევროა-ევრო მაგის ღმერთი, დოლარები კიდევ ფუძის ანგელოჩკები!!!სამშობლო დასავორნი ფანატიზმი! ქრისტე საანეგდოტო ამბავი, მაგის ზნეობა კი ივერა და მნათეუსი

      • davit Says:

        ლადოო გამოგვრჩა ერთი ჰიბრიდიუსი პადრე ჯემალაი, სამი ვირუსია მაგ ფორუმის მშვენებაი: ივერა, მნათეუსი და პადრე ჯემალა, მაგ სამს კიდევ მფარველ ანგელოჩიკად ნუ ანუ ჯიღა რქებად მუზიკანტი დათი ადგას. პადრე ჯემალსა მოუხსნია გიტარით მოცეკვავე პადრე ვასიკო კაბახიძის ავატარი და ახლა გატიტვლებული ბანჯგვლიან მკერდზე ჯვრითა ზაზა თევზაძე გამოუკიდია. ეტყობა თევზაძემ ბაპტისტური ჩაჩა-ჩაჩა რომ იბუქნავა მაგ დროს განიმოსა მძიმე ტვირთი ანაფორა და დასვენებისას გადაუღეს. ნუ რა იერარქია ჰყავს მუზიკანტსა ფუძის ანგელოზებად!

      • davit Says:

        ვასიკო-რუსიკო კობახიძის გვერდი რატომ აქვთ საიტ ჯვაროსნებსა? აკი ქალ მღვდლებსა არა ვცნობთო. გაერთიანდნენ კათოლიკები და ბაპტისტები? აბა ერთი საიტი რატომ აქვთ? ჰა? ვიმეორებ კაცო ქალებსაო მღვდლებადა არ ვაღიარებთო და რუსიკო ეპისკოპოსისა თანამწირველი ვასიკო კობახიძეს საპატიო გვერდი რად გაუხსნეს? შენ ხომ არაფერი იცი ლადო. ნუ რამდენი რქებია ობამას ვიდეოში…ბრავო რა ლადო, ამდენი რქიანი დათის კერპები სად მოიპოვე, მააშ სამშობლოს ბედი ფეხებზე ეკიდება აბა არა ამდენი რქების მონასა

      • davit Says:

        ვიღაც გადამწერის ეშმაკეულ ზმანებებს აქვეყნებტ და მეცნიერებას უწოდებთ-ო სწერს ლენონად გადაკეთებული ქართველი დათო, ეტყობა ქართული სახელი დაბალ მენტალიტეტში აგრძნობინებდა თავს და უცხოურად ლენონურად ამაღლდა. ამას კიდევ რა უჭირს ზოგ ფორუმელსა გველის წიწილობა ეამაყება. მონასტერში მცხოვრები ბერი და წმინდა წერილებისა გადამწერიც ეგოიმებათ ამათა და საპატრიარქოს დოქტორანტს სვარჩიკობა რომ გააგიჟებდა ეს არ უნდა გაგვკვირებოდა. გადამწერიო ხედავ შენა?! ვაიმე რა ეშველებათ ამ ბედშავებსაა. ესე იგი გადამწერ ბერსა სულიწმინდა თურმე არ მიეკარება მაგათი ჰაზრითა და ჰგონიათ ღმერთი მდიდრებს და ჯიპებიან მღვდლებს უცხადებს მომავლის განჭვრეტის მადლსა! ეჰ ამ ბედშავთ რქები ეტყობა ტვინის ხარჯზე ეზრდებათ.

      • davit Says:

        წარმომიდგენია ახლა ეს ლენონები, მუზიკანტები, დოქტორანტები, ივერ-ამერა იუდები უფალი რომ კოჭლების, ბრმების, ბადეთა მკემსავი მებადურების, კეთროვნების, დაკონკილ-დაგლახაკავებულ, უბედურ, სნეულ-დაუბანელ ხალხში რომ ჩადგებოდა საქადაგებლად და განსაკურნებლად, რა ამრეზილ-დამრეზილები დაუწყებდნენ უბრალო ჯვალოში გამოწყობილ ქრიტე ღმერთს ყურებასა, ახლა ბზობისას ვირზე მჯდომს და ასე შემსვლელს რომ ნახავდნენ იერუსალიმში, მთლად აიმრიზებოდნენ ფარისეველ მღვდელმთავრბივით. მაგათ ხომ ჯიპებზე ელევათ სული და ოქროს ტახტზე სასახლეში ბუმბულებზე მისვენებულ ანტიქრიტეს მიიჩნევენ ღმერთად და ელოდებიან-ემსახურებიან მუსიკანტი დათის თამადობით ახლაცა

      • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

  3. a.sanduxaZe Says:

    დაანებეთ თავი თვით გამოუტანენ განაჩენს თავიანთ თავს ამ სიძულვილით.
    საინტერესოა თვით რა მეცნიერული შრომა შეუქმნია ამ დ. ლ-ს.
    ეს ხალხი სიკეთის, ჭეშმარიტების, სამშობლოს სიძულვილის მიკრობებით არის შექნმილი და ვერავითარი გენტექნიკა ვერ გააკეთილშობილებს მათ.

    „დავით ლენონის“ დარი განმანათლებელი-ილუმინატი რომ ჰყოლოდა ქალბატონ ნადეინოვიჩს ალბათ ის ამ სიტყვებს აღარ დაწერდა:
    დილის ლოცვისას მუდამ შევსთხოვ ღვთისმშობელს, რათა სულიერი სიმხნევე არ მოაკლოს ბოროტ ძალთა მიერ თავით ფეხებამდე ცილნაწამებ ჩემს ტანჯულ მეგობარს, მონას ღვთისას ზვიადს, რომელსაც 28 წელია ვიცნობ. მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა. ჩემთვის საქართველო, როგორც ქვეყანა არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“.
    ადელა ნადეინოვიჩი

    თვით ტერმინიც “ზვიადიზმიც” თახსირი ილუმინატების მოგონილია, ფუჰ, ფარისეველი მწიგნობრები!

  4. tamari Says:

    gamsaxurdias titoeuliu ese magali profesionalizmit,grma codnit da erovnuli sulitaa nakarnaxevi,visac ar moswons tviton shemogvtavazos uketesi da daamtkicos rom gamsaxurdiaze ganswavluli da eris kacia.tqveni ubedureba is aris rom sakutari siwminde ar gagachniat,sakutar gvarzlshi ixarshebit da sxvis siwmindesac epotinebit shesabgalad

    • ნიკა Says:

      რედაქტორს ვთხოვ, ეს ვიდეო, განათავსოს ამ წერილის დასაწყისში.

      • mariami Says:

        გმადლობთ ნიკა, მიყვარს ეს გალობა ღვთისმშობელზე! მიყვარხარ ღვთისმშობელო უკუნისამდე!!!

      • ნიკა Says:

        საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. ქრისტიანობამ საქართველოში I საუკუნიდან დაიწყო შემოსვლა. ლეგენდის თანახმად, როდესაც მოციქულები ინაწილებდნენ ქვეყნებს, სადაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა, საქართველო წილად ხვდა მარიამ ღვთისმშობელს. ამიტომ “ითვლება” საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, ლეგენდის თანახმად, თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს იესო ქრისტეს უქსოვ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.

        ქრისტიანული გადმოცემის მიხედვით მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.

        დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა და დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.
        ΑΓΝΗ ΠΑΡΘΕΝΕ ΔΕΣΠΟΙΝΑ

      • ნიკა Says:

        Rejoice O Bethany (in English) افرحي يا بيت عنيا

  5. ლალი ჯოლბორდი Says:

    ღმერთი შეეწიოს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს და დღეგრძელობა ღვთისმშობლის წილხვედრილ საქართველოს


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: