ზვიად გამსახურდია-„ქებაი და დიდებაი ქართულის ენისაი“ (ნაწ. II)

დასაწყისი (ნაწ.პირველი)

იოანე ზოსიმე-„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“

საქართველოს დიდება

ზვიად გამსახურდია – „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“

  • „ოთხი დღისა მკვდარი“

რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა „ოთხისა დღისა მკუდარი“ ქართულ ენასთან, ქართულ მოდგმასთან დაკავშირებით? ამას ნაწილობრივ თავად ავტორი განგვიმარტავს დავით წინასწარმეტყველის ციტატით: „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“, თანაც ქრთული სახარების ასო წილი მას მიაჩნია ოთხი ათასს „მარაგის“ აღმნიშვნელად (სიტყვა „მარაგი“ ძველ ქართულად ნიშნავს „წინასწარმეტყველურ განჭვრეტას“). ე. ი. ავტორი საუბრობს ოთხ ათას წელზე ქართულ მოდგმასთან დაკავშირებით, ოთხი ათასი წლის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე ქართული მოდგმისთვის. ეს სავსებით ნათელია, მაგრამ ბუნდოვანია, თუ რომელი პერიოდი იგულისხმევა ქართული ენისათვის ოთხ ათასიან პერიოდად, როდის იწყება ათვლა ოთხი ათასისა და როდის მთავრდება. ჩვენს პრესაში გამოთქმულია სხვადასხვა, ერთურთის გამომრიცხველი მოსაზრებები ამის თაობაზე, რომელნიც, ჩვენის აზრით, ვერ იძლევიან დამაკმაყოფილებელ ახსნას ამ გამოთქმისას.

რამდენადაც „ქებაი“ შუასაუკუნეობრივ ქრისტიანულ თეოსოფიურ ლიტერატურას ეკუთვნის, მისი ახსნისათვის უნდა მოვიშველიოთ თეოსოფიური გაგებები კაცობრიობის განვითარების პერიოდების შესახებ, ვინაიდან მარტოოდენ თეოლოგიური და ეგზოტერულ-ეკლესიური მონაცემებით შეუძლებელია ზემოხსენებული ადგილის ახსნა.

თეოსოფიურ მოძღვრებაში არსებობს გაგება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა პერიოდებისა, ანუ კულტურული ეპოქებისა, რომელნიც მოსდევენ ურთიერთს. ტერმინი „ათასი“ თეოსოფიაში უფრო ფართო გაგებით იხმარება და სცილდება მარტოდენ რიცხვით მნიშვნელობას ამ ციფრისას. ასე მაგალითად, სახარებაში აღწერილია ქრისტეს მიერ დაპურება ჯერ ოთხი ათასი კაცისა შვიდი პურით და ორი თევზით. თეოსოფიური გაგებით „ათასი“ ნიშნავს დიდ რაოდენობას ადამიანებისას და არა მხოლოდ ათას კაცს (ამის ანალოგია გაგვაჩნია ქართულ ენაში, სადაც „ცხრა“ ნიშნავს არა მხოლოდ რიცხვ ცხრას, არამედ „ბევრს“, – ცხრაწყარო, ცხრამუხა და სხვა.). ხოლო, როდესაც იხმარებოდა მაგ., ტერმინი „ოთხი ათასი“, იგულისხმებოდა ადამიანები მეოთხე კულტურული ეპოქისა. რაც შეეხება „შვიდ პურს“, თეოსოფიური თვალსაზრისით, სახარებაში იგი არის სიმბოლო ზეციური საზრდოსი, რომელიც მომდინარეობს ღამის 7 ზოდიაქოდან, ხოლო 5 პური, რომელიც აპურებს “5 ათასს“, ანუ მეხუთე ეპოქის ადამიანებს, არის 5 ზოდიაქო დღისა (იქვე, გვ. 239).

„ათასების“ ამგვარი გაგება საერთოა ქრისტიანულ და ინდურ თეოსოფიაში. გარდა ამისა, თეოსოფიაში არსებობს გაგება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ბნელი და ნათელი პერიოდებისა: კრიტა იუგა, ტრეტა იუგა, დვაპარა იუგა, კალი იუგა (ინდური ტერმინები). თეოსოფიის თვალსაზრისით თითოეული მათგანი გრძელდება რამდენიმე ათას წელს და დაყოფილია ათასწლიან პერიოდებადაც. ასე მაგალითად, თეოსოფიის მიხედვით უკანასკნელი კალი იუგა, ანუ ბნელი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო ძვ. წ. 3121 წელს და გაგრძელდა 5 ათას წელს. „ბნელი პერიოდის“ გაგებაში იგულისხმება ისეთი პერიოდი, როდესაც კაცობრიობა თანდათან წყდება ღვთაებრივ-სულიერ ყოფას, მისთვის ბნელდება ზესთა სულიერი სამყარო, იგი უფრო და უფრო ეშვება მატერიაში და იმეცნებს მატერიალურ სამყაროს, მისი კავშირი ღვთაებრივ სულიერ სამყაროსთან და არსებებთან თანდათან სუსტდება, მაგრამ სანაცვლოდ ამისა ძლიერდება მისი მე-ცნობიერება, რომელიც კალი იუგას პირველ ათასწლეულში (ე. ი. ძვ. წ. მესამე ათასწლეულში), რომელსაც აბრაამის ეპოქასაც უწოდებენ, ღებულობს და აცნობიერებს ერთი ღმერთის, ვითარცა მსოფლიო მეობის გამოცხადებას.

შემდგომი ათასწლეული კალი იუგასი არის მეორე ათასწლეული ძველი წელთაღრიცხვისა, ან ეპოქა მოსესი, როდესაც კაცობრიობა კიდევ უფრო წყდება ღვთაებრივ სულიერ სამყაროს და სჭირდება კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა, რათა მიიღოს გამოცხადება ღვთისა, როგორიც მიიღო მოსემ შეუწველ მაყვალზე და სინას მთაზე. ამ ეპოქაში ერთი ღმერთი, ვითარცა მსოფლიო მეობა, უკვე ცხადდება ბუნებისმიერ ელემენტებში: ელვა-ქუხილში, შეუწველ მაყვალში და ა. შ. იგი ცხადდება როგორც წარმმართველი ბუნებისმიერი არსებობისა და ადამიანისათვის კანონის მომცემი. შესაბამისად ძლიერდება აგრეთვე ადამიანის უნარი გარე სამყაროსა და ნივთიერი ყოფის შემეცნებისა.

მესამე ათასწლეული კალი იუგასი (ძვ. წ. პირველი ათასწლეული) არის ეპოქა სოლომონისა, როდესაც ერთი ღმერთი, ვითარცა მსოფლიო მეობა, ცხადდება არა მხოლოდ ბუნებისმიერ ელემენტებში, არა მხოლოდ კანონსა და ღმერთმსახურებაში, არამედ კაცებრივ სიბრძნეში, სოლომონისეულ სიბრძნეში.

ეს სამასწლიანი პერიოდი მოსდევს იმ პერიოდს, როდესაც ბიბლიის მიხედვით მოხდა დაცემა ბაბილონის გოდლისა და დაიწყო ენათა აღრევა, ანუ დიფერენცირება (დაბად. 11). ბაბილონის გოდლის დაცემამდე კაცობრიობა საუბრობდა ერთ საყოველთაო ენაზე, წინარე-ენაზე, ხოლო ბაბილონის გოდლის დაცემის შემდეგ თანდათანობით აღმოცენდა ენათა და ენაკავთა სიმრავლე.

იოანე-ზოსიმეს გაგებით ქართული ენა ოთხი დღის, ანუ ოთხი ათასი წლის მკვდარია, მისი სიკვდილი, დამდაბლება-დაწუნება 4 ათას წელს გრძელდება. თუ დავუშვებთ, რომ ძეგლი დაახლოებით მეათე საუკუეშია შექმნილი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძეგლის ავტორი ამ ოთხი ათასწლიანი პერიოდის განსაზღვრისას ითვალისწინებდა თეოსოფიურ ტრადიციას კალი იუგას შესახებ, რომელმაც მის ეპოქაში უკვე 4 ათას წელს მიაღწია (ძვ. წ. პირველი სამი ათასწლეული პლიუს ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული უდრის ოთხ ათას წელს). მეათე საუკუნიდან კი იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის, სულიერი ცხოვრების, ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინება; იწყება საქართველოს გაერთიანება. აი, ეს არის აღდგომა ქართული მოდგმისა, რომელიც „ქებაის“ ავტორს წარმოუდგენია მეორედ მოსვლის წინა პერიოდში.

  • 3. „ქებაი“ და ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური მონაცემები

თეოსოფიურ მონაცემებთან ერთად იოანე-ზოსიმეს გამოთქმის „ოთხი ათასის“ გაგებაში გვეხმარება მოშველიება თანამედროვე ენათმეცნიერებისა და ეთნოლოგიის მონაცემებისა, რომელნიც არცთუ დიდად ეწინააღმდეგებიან თეოსოფიის მონაცემებს და აგრეთვე ავითარებენ თეორიას საყოველთაო წინარეენისა, ფუძეენის შესახებ, როგორც ამას ვხედავთ მაგ. თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის ახლახან გამოცემულ ორტომიან ნაშრომში „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“ (თბილისი, 1985. რუსულ ენაზე). მონოგრაფია მიზნად ისახავს წინარეენისა და წინარეკულტურის რეკონსტრუქციას და ისტორიულ-ტიპოლოგიურ ანალიზს. ამ ნაშრომის მიხედვით ზოგადქართველური ფუძე-ენის დიფერენციაცია, ანუ ცალკე ენაკავებად და ენებად განთვისება გლოტოქრონოლოგიური მონაცემების საფუძველზე შეიძლება დათარიღდეს ძვ. წ II ათასწლეულით ან, შესაძლოა, გაცილებით ადრინდელი ეპოქითაც (ე. ი. III ათასწლეულით (გვ. 904), რაც სავსებით შეესაბამება ჩვენს მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ იოანე-ზოსიმეს „4 ათასის“ პირველი სამათასწლიანი პერიოდი ძვ. წ. ბოლო სამ ათასწლეულს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც ხდება ქართული ენის, ქართული მოდგმის „დამდაბლება-დაწუნება“. რაც იოანე-ზოსიმეს გაგებით სიკვდილს უთანაბრდება. ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ „ქებაის“ შექმნის ეპოქაში საქართველოში არსებობდა რაღაც ცოდნა პრეისტორიული ხანის შესახებ, პროტოქართული მოდგმისა და ენის შესახებ, რაზედაც გვესაუბრება თანამედროვე მეცნიერება. ამასვე გვიდასტურებს ექვთიმე ათონელის მიერ ბასკების მოხსენიება როგორც „სპანიის ქართველთა“, რომელნიც არიან შთამომავალნი უძველესი იაფეტიდებისა, პირინეების იბერებისა. ამას გვაფიქრებინებს აგრეთვე ბასილი დიდის „ექუსთა დღეთაის“ თარგმანში ნახმარი ტერმინი „ქართველნი დასავლისა“, რაც შეესატყვისება ესპანეთის იბერებს („ექუსთა დღეთაი“, 57. 20).

ასე რომ, პროტოქართული (იაფეტური) მოდგმა და მისი ენა „დამდაბლებული“ და „დაწუნებული“ ხდება სწორედ ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან, ანუ, თეოსოფიური ტერმინოლოგიით, კალი-იუგას დასაწყისიდან, როდესაც ევრაზიაში იწყება ინდოევროპელთა ექსპანსია და გაბატონება, რაც ბერძნულ მითოლოგიაში სიმბოლიზებულია იაპეტის ძის ტიტან პრომეთეს („წინასწარმეტყველური აზრის“) მიჯაჭვით კავკასიონზე და დედამიწაზე ზევსისა და მისი პანთეონის დომინირებით (პრომეთე – იაფეტური კაცობრიობა, ზევსი – ინდოევროპული კაცობრიობა). აკად. ს. ყაუხჩიშვილის აზრით, აქ საქმე გვაქვს ორი სხვადასხვა კულტურის ბრძოლასთან და უკთიერთდაპირისპირებასთან. სახელდობრ, პრომეთე არ არის ბერძნული ღვთაება, იგი იმ ხალხის ღმერთია, რომელიც ბერძნების მოსვლამდე ცხოვრობდა და მაღალი კულტურის მატარებელი იყო. ხოლო ოლიმპიული ზევსი წმინდა ბერძნული ღვთაებაა, ზევსი იმ ბერძნების ღმერთია, რომელნისც კულტურის საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგნენ, როდესაც მოვიდნენ და დასახლდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის არქიპელაგზე და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროებზე. ახალმოსული ბერძნული მოსახლეობა (დაბალი კულტურის მატარებელი) ებრძოდა დიდი კულტურის მქონე ძველ მოსახლეობას, პროტოქართულს (იხ. ს. ყაუხჩიშვილი, რას გვიამბობდნენ ძველი ბერძნები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1964, გვ. 34). ასე რომ, კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციისა, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიობა არის პროტო-ქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული. უფრო ადრინდელ ხანაში ეს მოდგმა აღავსებდა არა მხოლოდ კავკასიას, არამედ ინდოეთს, ხმელთაშუაზღვის აუზს, ჩრდილო და სამხრეთ ევროპას, პირინეებს, ეგეოსის არქიპელაგს და მცირე აზიას. ამ მოდგმას ზოგი ევროპელი მეცნიერი უწოდებს ლიგურ-იბერიულ, ანუ ეუსკარო-ალაროდიულ მოდგმას, ხოლო ჩვენი მეცნიერება იაფეტურს, ან იბერიულ-კავკასიურს. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ძვ. წ. IV ათასწლეულში ინდოევროპულ ტომებს ეკავათ ტერიტორია შუა ევროპიდან ურალსა და არალის ზღვამდე, ხოლო III ათასწლეულის დასაწყისიდან ისინი იწყებენ ექსპანსიას სამხრეთისაკენ, კერძოდ, ხეთურ-ლუვიური ტომები იპყრობენ მცირე აზიას III ათასწლეულის მეორე ნახევარში, ხოლო II ათასწლეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან მოდის ახალი ტალღა ინდოევროპელებისა არიელების სახით, რასაც მოჰყვა საბოლოო დაშლა ერთიანი ხმელთაშუაზღვისა და ეგეოსური კულტურებისა და ეთნიკური კოლექტივებისა (პროტოქართველებისა), რომლებიც მანამდე ბატონობდნენ ხმელთაშუაზღვის აუზსა და მცირე აზიაში და ხელს უშლიდნენ ინდოევროპულ ექსპანსიას. გარდა ამისა, ისინი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე ინდოევროპელნი და თავად ახდენდნენ მათზე გავლენას (იხ. რ. გორდეზიანი, „ილიადა“ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზისის საკითხები, თბილისი, 1970, გვ. 194). ნ. მარრის გამოკვლევების მიხედვით თვით დღევანდელი არარატი, „ურარტუდან“ ნაწარმოები, გვიანდელი სახელწოდებაა ამ მთისა, უფრო ადრინდელ ხანაში კი ეს იყო მთა კარდუ (სუმერული ნასირი) იაფეტიდ პროტო-ქართველთა (ნ. მარრის დასკვნით, ქართული წმინდა იაფეტური ენაა, ხოლო სომხური ჰიბრიდული იაფეტურ-ინდოევროპული ენა).

პროტო-ქართველების ეთნიური სტრუქტურა იყო მატრიარქატი, მათ ახასიათებდათ პანთეონში ქალური ღვთაებების დომინირება, რაც განაპირობებდა ბუნების დიდი დედის ნანას, დედა უფლის კულტს (ბერძნული დემეტრაც აქედან იღებს სათავეს). აქედანვე მოდის ქალის კულტი ძველი იბერებისა: მამაკაცების მოხსენიება არა მამის სახელით, არამედ დედის სახელით, რაც შემორჩა შუასაუკუნეთა ლანგდოკში, პირინეებში, სადაც კელტიბერიული ტრადიციები ჯერაც ცოცხალი იყო (მამაკაცები აქ მოიხსენებოდნენ როგორც „ბელისენის ძე“, „ოლივერიას ძე“, (იხ. ო. რან, ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ. შტუტგარტი, 1964, გვ. 64). უთუოდ ამის მსგავსი მოვლენაა ჩვენში მაგ. ამირანის მოხსენიება „დარეჯანის ძედ“. ამგვარად ვლინდებოდა ქალის კულტი, რამაც ნიადაგი შეუმზადა მომავალში ღვთისმშობლის კულტს.

პროტო-ქართული ფუძე-ენათა აღრევით, ანუ დიფერენცირებით, მოჰყვა, ბიბლიური ენით, ბაბილონის გოდოლის დაცემას, თეოსოფიური ენით, კალი-იუგას (ბნელი პერიოდის) დასაწყისს, ხოლო ენათმეცნიერული და ეთნოგრაფიული ენით III ათასწლეულის ინდოევროპულ ექსპანსიას. ეს არის დასაწყისი პროტო-ქართული მოდგმის კრიზისისა, განცალკევება-დაქსაქსვისა, იაფეტიდების დეკადანსისა, რაც პერიის პერიოდში, როდესაც ინდოევროპეიზებული რომი აადგურებს კართაგენს, პონტოს, ცდილობს ანტიური იბერიის დაპყრობას, იმპერიაში პატრიციები ინდოევროპელები ხდებიან, ხოლო პლებეები – იაფეტიდები. ნ. მარრის მოსაზრებით, კართაგენი და რომი თავდაპირველად ერთი და იგივე ეთნიური (იაფეტური) წარმომავლობის ქალაქელი იყვნენ ხმელთაშუაზღვის ორსავე მხარეს, ვიდრე მოხდებოდა რომის ინდოევროპიზაცია და კართაგენის სემიტიზაცია (ფინიკიელი პუნები), რამაც გამოიწვია სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ამ ორ ქალაქს შორის. ნ. მარრი პელაზგებისა და ეტრუსკების ბედს იმ ლომის ბედს ადარებს, რომელსაც არ აღმოაჩნდა მაქებარი და დაიჩრდილა ადამიანის დიდებით. აი, ეს არის „დამდაბლება-დაწუნება“ ქართული (იაფეტური) ენისა, ან მოდგმისა, რომლის პარალელურად მიმდინარეობს სემიტურ და ინდოევროპულ მოდგმათა აღორძინება.

მატრიარქატის გარდა პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემები – ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები – ვეფხი და მგელი. ვეფხისტყაოსანი და ლომისტყაოსანი ღვთაებები და გმირები უძველეს მცირეაზიურ იაფეტურ პანთეონს ახასიათებს. მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ გამოძახილია უძველესი, პრეისტორიული პროტოქართული საგისა, რომელიც აირეკლა აგრეთვე „გილგამეშიანში“ და სხვა ლომისტყაოსან და ვეფხისტყაოსან ჰეროსებში (იხ. ტ. მარგველაშვილი, „გეორგიკა“. ლონდონი. 1936 წ.). ვეფხის უძველეს მცირეაზიულ კულტს უკავშირებენ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ აგრეთვე თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი ზემოთ დასახელებულ ნაშრომში (გვ. 506, 507).

მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ბასკი ხალხი არის ნაშთი ევროპის უძველესი იბერიული რასსისა და ცივილიზაციისა, რომელიც მოსპეს ინდოევროპელებმა თავიანთი ექსპანსიის პერიოდში, ისევე როგორც ხმელთაშუაზღვისა, ეგეოსული და მცირეაზიური კულტურები. ასე რომ, ამ ერთიანი ცივილიზაციის ნაშთები შემორჩა მხოლოდ პირინეებსა და კავკასიაში (საქართველოის სახით). თანამედროვე მეცნიერებაში ნ. მარრმა ჩაუყარა სოლიდური საფუძველი ბასკებისა და ქართველების პრეისტორიული ნათესაობის თეორიას. ჰ. გ. უელსის აზრით, ძველი იბერები, რომელთა ჩამომავლებიც არიან ბასკები, ეკუთვნოდნენ ნეოლითურ ხმელთაშუა ზღვის მოდგმას (ჰ. გ. უელსი, ისტორიის კურსი, ინგ. ენაზე, გვ. 91), ხოლო ვ. ჰუმბოლდტისა და ნ. მარრის გამოკვლევების მიხედვით, იაფეტიდი იბერები აღავსებდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზს. სუმერული, მინოსური, პელაზგური, ეტრუსკული და სხვ. კულტურები მათი შექმნილია. ნ. მარრის აზრით, პროტო-ქართული, ანუ იაფეტური ფუძე-ენა არის ერთიანი, გლოტოგონიური ფენომენი, საერთო საფუძველი ყველა ენებისა, რომელნიც წარმოიშვნენ მისგან დიფერენციაციის პროცესში. ამიტომაც საუბრობს აგრეთვე ცნობილი საბჭოთა მეცნიერი ა. ლოსევი „ქართული და სხვა ქართველური ენების მსოფლიო როლზე“ (იხ. ა. ლოსევი, ნიშანი, სიმბოლო, მითი, მოსკოვი, 1956). ნ. მარრი იმოწმებს ფრ. მიულერს, რომლის მიხედვითაც კავკასიური ენები წარმოადგენენ ნაშთს ერთი, ოდესღაც ძლიერი და მნიშვნელოვანი ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიაში და მის სამხრეთით, ვიდრე მოვიდოდნენ სემიტური, არიული და ურალო-ალტაური ტომები. ნ. მარრის დასკვნით, ქართული ენა წარმოიშვა კაცობრიობის საერთო წინარეენიდან, რომელიც ისევე ჰგავდა სემიტურ ენებს, როგორც ისინი ჰგვანან ურთიერთს (რჩეული ნაშრომები, ტ. I, 1933, რუსულ ენაზე). ამიტომაც მოიხსენიებიან ბიბლიაში მოსოხი და თუბალი იაფეტის (სემის ძმის ) შვილებად (დაბად. 10.2).

გვიანდელი იაფეტური ენები გადმონაშთებია ენათა უშველებელი შტოსი (იაფეტური ფუძეენისა), რომელიც ვრცელდებოდა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით, სემიტურ სამყარომდე. ხოლო ქართულ ენას, ნ. მარრის თქმით, იაფეტურ ენებში უკავია ისეთივე პოზიცია, როგორიც არაბულს სემიტურ ენებში. ნ. მარრი ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, რომ პრეისტორიულ ხანაში არსებობდა პირველადი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდული ენა სუმერულისა და ელამურის პარალელურად და რომ სუმერული, შესაძლოა, ყოფილიყო შემაერთებელი რგოლი პირველად ბასკურ-კავკასიურსა და პირველად მონგოლურ ჯგუფებს შორის, ვინაიდან არსებობდა პირველადი და უძველესი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდულ-სუმერულ-მონგოლური უადრესი წინაპარი ფუძე-ენა ქამიტურ ძირეულზე ძველი, ანუ „ეოლითური კულტურის“ ენა, ხოლო სუმერები, ტუბალები და ტიბარენები ეკუთვნოდნენ ძველ იბერთა ტომებს.

უფრო გვიან, ბრინჯაოს ხანის შემდგომ პერიოდში, იაფეტიდებმა (პროტოქართველებმა) დასაბამი მისცეს რკინის კულტურას მიკენის ეპოქის დასასრულს (ჰალიძონები, ანუ ხალიბები, ბიბლიაში: ტუბალ-კაენის მოდგმის ხალხები). იაფეტიდი პელაზგები იყვნენ აგრეთვე ცივილიზაციის ინიციატორები ძველ საბერძნეთშიც, რომელიც თავდაპირველად პელაზგური იყო, ხოლო შემდგომში მოხდა მისი ელინიზაცია. ჰომეროსის „ილიადაში“ ნაჩვენებია ინდოევროპული ხალხების ექსპანსია და იაფეტიდების დეკადანსი. ერთი მხრივ ურთიერთს უპირისპირდებიან ინდოევროპელი აქაველები და იაფეტური ტროა, ხოლო მეორე მხრივ, თვით აქაველთა ბანაკში მომხდარი განხეთქილება აგამემნონსა და პელაზგ აქილევსს შორის დაპირისპირებაა იმავე ნიადაგზე. იაფეტურ კოლხეთთან საბერძნეთის ურთიერთობა აირეკლა „არგონავტების მითში“.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბერძნულ მითოლოგიაში აირეკლა სხვადასხვა ეთნიური კოლექტივების როლი საბერძნეთის ცივილიზაციის განვითარებაში. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ – შემოსულ აქაველთა კულტურას (ო. ნეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე, ბაზელი, 1966, გვ. 24, გერმან. ენაზე). ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაპერწკალი. პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტატება მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა, ადამიანის სულის მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვა და გამკვრივებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა. მეობის შემდგომი განვითარებაა ტანტალოსი, სიზიფუსი და ჰერაკლე, ანუ ნებელობითი ინიციაციის შერწყმა სიყვარულთან (მედეასთან), რომლითაც ხდება მოპოვება ოქროს საწმისისა, ვერძის კოსმიური სიბრძნისა, რაც ანტიურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუასაუკუნეებში ფილოსოფიური ქვა და გრაალი (ოქროს საწმისს „კლასიკურ გრაალსაც“ უწოდებენ).


პრომეთეს მითში ანტიური მითოლოგიისა და მისტერიოსოფიის ენაზე მოთხრობილია იგივე, რასაც გვაუწყებს „ქებაი“-ს ავტორი ქრისტიანული თეოსოფიის ენაზე. იაპეტოსი ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული ტიტანი (იგივე, რაც ინდური მითოლოგიის პრამათუსა და მატარიშვა), ღმერთებისთვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაპერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებათა კულტურისა, შემოქმედი და წინასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეტური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაშ დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა (მეორე თვალსაზრისით, პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე. იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვინის აგრეთვე წინარე-ბერძნულ, პელაზგურ-იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს. ჰერაკლე – ძველ იბერთა უძველესი მზიური ღვთაება – გმირი, ძველ იბერთა ბელადი, მჭიდროდ არის დაკავშირებული პირინეებთან. მითი ჰერაკლესა და მისი სატრფოს პირენეს შესახებ, რომელიც დაიღუპა პირინეებზე, ასახავს მის კავშირს ამ არეალთან ისევე, როგორც მეათე და მეთერთმეტე გმირობის ისტორია (შემთხვევით როდი ეწოდება გიბრალტარს ჰერაკლეს კარიბჭე). გარდა ამისა, ჰერაკლე პელაზგური არგოსიდან არის გამოსული. შემთხვევითი როდია, რომ ფუძე „არგო“ უკავშირდება არა მხოლოდ იმ ხომალდს, რომელმაც არგონავტები მიიყვანა კოლხეთში, არამედ თვით კოლხეთის ტოპონიმებისა და ეთნიური ჯგუფების სახელწოდებებს: „არგუეთი, მარგუეთი, ეგრისი, მარგ“-ალი და სხვ. ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათელმხილველური პელაზგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელენურ კულტურაზე. ჰერაკლე ცხებულია ჰერასი (ჰაერასი), უძველესი პელაზგურ-იბერიულ ქალღმერთისა, რომელიც წინასახეა იზიდასი, სოფიასი, ქრისტიანული გაგებით – ღვთისმშობლისა. ამავე დროს ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე. ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც. ჰერაკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნად გამოსახავენ მცირეაზიური ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფურ ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი „დოდეკაილოს“ (12 საქმე) 12 საფეხურია ინიციაციისა (ჰერაკლეს დასახვა მარტოდენ ფიზიკური ღონის პატრონ გმირად უმეცრებაა).

ჰერაკლეს მიერ მიჯაჭვული პრომეთეს განთავისუფლება და ზევსის არწივის მოკვლა მისტერიათა ენაზე მიშნავს შემდეგს: იაფეტურ-პრომეთესეული, ანუ პროტო-ქართული, პროტოევროპული მოდგმა, რომელიც დათრგუნა და შეავიწროვა ინდოევროპულმა მოდგმამ (ზევსმა), ამჟამად მიჯაჭვულია კავკასიაზე, დამდაბლებული და დაწუნებული, მტრული მოდგმით გარშემორტყმული. მას გულ-ღვიძლს უღადრავს არწივი (ინდოევროპელთა იმპერიული ძლიერების სიმბოლო). მაგრამ მომავალში პრომეთე განთავისუფლდება, აღორძინდება და დაიბრუნებს თავის თავდაპირველ ძალასა და პოზიციას მსოფლიოში, როლს ცივილიზაციისა და კულტურის შემქმნელისას, მისტერიათა კულტურ-ტრეგერის და კაცობრიობის მსაჯულისას. მას გაათავისუფლებს ჰერაკლეს, ანუ ინიციაციის ახალი კულტურა, რომელსაც პრომეთემ თავადვე მისცა დასაბამი, რომელიც მომავალში მიაღწევს სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურს, სულიერ ყოვლისმძლეობას (ჰერაკლეს ყოვლისმძლეობა) და იქცევა უზენაეს თეურგიად. ეს უზენაესი თეურგია არის ქრისტიანული თეურგია, ქრისტესეული ინიციაცია, რომლითაც მან აღადგინა ლაზარე, რომელიც გაგრძელებაა ანტიური მისტერიებისა, ახალი და უმაღლესი ეტაპია თეურგიისა და ინიციაციისა. აი, რა იხსნის დამდაბლებულ და დაწუნებულ, მიჯაჭვულ პრომეთე-ამირანს, აი, რა გაანადგურებს იმ იმპერიულ ძლიერებას (ზევსის არწივს), რომელიც მას აწამებს.

მითები პრომეთეს, ჰერაკლესა და არგონავტების შესახებ პროფეტული განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისსიისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია, რომ დორიული ინიციაცია კოლხეთთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰერაკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა. ამ ექსპედიციის დროს ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტესაგან, როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ (1. კორ. 10. 4, იხ. ო. ნეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე, გვ. 274). ამაზე მეტყველებს აგრეთვე ისიც, რომ სახელი „იასონ“ შინაარსობრივად უკავშირდება „იესოს“ („იასის“ – წამალი, „იესო“ – მკურნალი). ასე რომ, პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრისტიანულ თეურგიას გულისხმობს.

შეთხვევითი როდია, რომ გერმანე პატრიარქის (წარმოშობით ლაზის) ნაშრომში „თხრობაი სასწაულთათვის მთავარანგელოზისა მიქაელისა“ არგონავტების ლაშქრობას მფარველობს მიქაელი, პირი ქრისტესი, „ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი“, რომელიც მათ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ე. ი. არა მხოლოდ ეზოტერიზმს, არამედ ეგზოლერულ ეკლესიასაც ჰქონდა ტრადიცია ანტიური კოლხური ინიციაციის, როგორც ქრისტიანობის წინამორბედის შესახებ.

ამრიგად, „ქებაის“ ავტორი იგივეს გვამცნობს ქრისტიანული ტერმინოლოგიით, რასაც ანტიური მისტერიებიდან გამოსული მითი: ოდესღაც აღზევებული და მძლავრი ქართული მოდგმა და მისი ენა ოთხი ათასი წლის განმავლობაში დამდაბლებულია და დაწუნებული, მაგრამ ეს დამდაბლება მისთვის ქრისტესეული ნათლისღებაა სიკვდილისა და დაფლვისა (ამით იგი არის „ოთხისა დღისა მკვდარი“), რასაც გარდუვალად მოსდევს აღდგომა და ამაღლება.

ქართული მოდგმაც აღდგება ამ ოთხდღიანი ნათლისღების შემდეგ, ხოლო მეორედ მოსვლისას კვლავ დაიბრუნებს უნივერსალური სულიერი ლიდერისა და კაცობრიობის მსაჯულის პოზიციას, როგორიც გააჩნდა მას წარსულში. ყოველივე ამას ქართულ მოდგმას დაუბრუნებს ის, ვინც აღადგინა და განადიდა ლაზარე. ამიტომაც არის ქართული მოდგმა ლაზარესთან შედარებული. თანაც ის როდია ნათქვამი, რომ ქართული მოდგმა მეორედ მოსვლამდე დამდაბლებული, დაწუნებული და მკვდარი იქნება, არამედ ის, რომ იგი ოთხდღიანი (ოთხათასწლიანი) სიკვდილისა და დაფლვის პერიოდის შემდეგ აღდგება ლაზარეს მსგავსად. გაცილებით ადრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იგი სწამებს ქრისტესთვის, მისი ისტორია იქნება ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, ხოლო მეორედ მოსვლისას იგი ამხელს ცოდვილ კაცობრიობას.

ასი ათასი მოწამე

აღსანიშნავია, რომ პროტოქართული (იაფეტური) მოდგმა ჯერ კიდევ ანტიური მითოლოგიური წარმოდგენების მიხედვით აღიარებულია მიღმა სამყაროში გარდასული კაცობრიობის მსაჯულად. ამას ნათელყოფენ მითები იაპეტოსის, რადამანთისისა და მინოსის შესახებ. იაფეტიდი პირველმეფე მინოსი (მინოსი „აზრის მატარებელს“ ნიშნავს), რომელსაც კოლხი აეტის დაი ჰყავდა ცოლად, ჰომეროსის „ოდისეაში“ ფიგურირებს, როგორც ჰადესში მკვდართა მსაჯული, რაც შემდეგ შუასაუკუნეობრივ ტრადიციაშიც გადავიდა (იხ. დანტეს „ჯოჯოხეთი“), ხოლო მინოსის ძმა, რადამანთისი ელისეს ნეტართა ველის მსაჯულია კრონოსთან და იაპეტოსთან ერთად (რადამანთისი არის აგრეთვე სისხის აღების წესის დამკანონებელი). თანამედროვე მეცნიერებაში გარკვეულია, რომ მინოსელნი ეკუთვნოდნენ ხმელთაშუაზღვის მოდგმას, ისევე როგორც პროტოქართველები. მათ შეჰქმნეს უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მიკენზე და ძველ საბერძნეთზე (აღსანიშნავია რომ „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ დღევანდელ ქართველებსაც ხმელთაშუაზღვის მოდგმას აკუთვნებს). ასე რომ, იოანე-ზოსიმეს კონცეფცია ქართული მოდგმის, როგორც კაცობრიობის მამხილებლის, მსაჯულის შესახებ ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდან იღებს სათავეს.

ახლა ისევ პირველთქმულს მივუბრუნდეთ. რა იგულისხმება ქართული მოდგმისა და ენის სიკვდილში, დამდაბლება-დაწუნებაში? რამდენადაც იაფეტური წინარეენა ქურუმთა, ანუ მოგვთა ენა იყო, რომლითაც ისინი სულიერ არსებებს და ტოტემებს უკავშირდებოდნენ, მას იმთავითვე საკრალური, მისტერიალური ხასიათი და დანიშნულება ჰქონდა, ხოლო იაფეტიდები, პროტო-ქართველები (იგივე პროტოევროპელები და პროტოარიელები) წარმოადგენდნენ რელიგიურ ელიტას კაცობრიობისას, სულიერი ცხოვრების ლიდერებს, უნივერსალურ კულტურტრეგერებს, რაც იოანე-ზოსიმესეული გაგებით უნდა ყოფილიყო ნამდვილი სიცოცხლე ამ მოდგმისა და მისი საკრალური ენისა, რაც გრძელდება უხსოვარი დროიდან ძვ. წ. III ათასწლეულის, ანუ კალი იუგას დასაწყისამდე. III ათასწლეულიდან კი იწყება ამ მოდგმისა და მისი საკრალური ენის პროფანირების, აღრევის, დამდაბლება-დაწუნების პერიოდი, რაც გამოიწვია კაცობრიობის მატერიაში ჩაძირვამ, ინდოევროპელთა მოძალებამ, ისტორიულმა ბედუკუღმართობამ. ამავე პერიოდში პროტო-ქართული მოდგმა იწყებს რიცხობრივად შემცირებას, რასაც სიმბოლურად განასახიერებს ნიობეს შვილების დახოცვა (ნიობე იაფეტური მოდგმის დედაა). იწყება იაფეტური მისტერიების დეკადანსი. რის გამოც ეს მისტერიები ალაგ-ალაგ არაკანონზომიერიც ხდება, ხოლო ერთიანი ფუძე-ენა განიცდის დიფერენცირებას ენებად და ენაკავებად, რაც გაგრძელებაა ბაბილონის გოდლის დაცემის შემდგომი ენათა აღრევის პროცესისა.

იოანე-ზოსიმეს გაგებით „ყოველი საიდუმლო“ ქართულ მოდგმაში და მის ენაში „დამარხულ არს“ ჯერ კიდევ იმ პრეისტორიული ხანიდან, როდესაც ქართული ენა იყო მოგვთა ენა, პირველადი მისტერიების ენა ღმერთებთან ურთიერთობისათვის შექმნილი. ამიტომაც არის შემონახული მისტერიების „ყოველი საიდუმლო“ ქართულ ენაში, ქართულ კულტურაში. ამიტომ ქართულ ენა ლაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა, მთავარი ენაა, ისევე როგორც ლაზარე-იოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფე „რომელი უყვარდა იესოს“ და რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი, იგი იყო ამავე დროს ძეობილი ღვთისმშობლისა, ისევე როგორც საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი.

როდესაც ქვეყნად მოვიდა იესო ქრისტე, დადგა ქრისტიანული ერა. აღორძინების სტიმული მიეცათ რასებს, ერებს, ადამიანებს. ყოველივე დამდაბლებულისა და დაწუნებულის აღდგომისა და ამაღლების საწინდარი გახდა ქრისტეს იმპულსი. იოანე ნათლისმცემლის სიტყვისამებრ: „ყოველი ხევნები ამოივსოს და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდნენ“ (ლუკა IV. 5). ყველაზე მეტად დამდაბლებულ და დაწუნებულ ქართულ მოდგმას, ქართულ ენას მიეცა სტიმული აღდგომისა ლაზარეს მსგავსად. ისევე როგორც ჯვართან მდგარ ლაზარე-იოანეს ჯვარცმულმა მაცხოვარმა ანიშნა ღვთისმშობელზე და უთხრა: „აჰა, დედაი შენი“, ხოლო ღვთისმშობელს უთხრა: „აჰა ძე შენი“ (იოანე 19. 26-27), ასევე გახდა საქართველო, იბერია, ღვთისმშობლის წილხვდომილი აღდგომიდან მეერგასისე დღეს, მარტვილიას. ასე რომ, ლაზარე-იოანე და საქართველო თითქმის ერთდროულად იშვილა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ნებისამებრ. აი კიდევ რატომ ჰქვია ქართულ ენას ლაზარე სახარებასა შინა!

„და ენაი ესე შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა“ კურთხეულია ჯერ კიდევ ბიბლიაში, დაბადების წიგნში, სადაც შექებულია სემისა და იაფეტის კეთილშობილება, მშობლის პატივისცემა, რომელთაც დაფარეს თავიანთი ნასმურევი მამის, ნოეს სირცხვილი, რისთვისაც შეჩვენებულია ქამის მოდგმა, ქანაანი (დაბად. 9. 32, 33). იაფეტის ძენი მოსოხი, თუბალი, იოავანი მოხსენიებულნი არიან მომავლის კურთხეულ ხალხთა შორის (ესაია, 66. 19). ხოლო სახელი „იოანე“, მოდის „იოავანიდან“, იაფეტური მოდგმის თავკაციდან.

რომელი მოდგმის ხალხები უნდა ჩაითვალონ წამყვანად ქრისტიანობის განვითარებაში? იოანე-ზოსიმეს კონცეფციით, ეს ხალხებია ქართველური და ინდოევროპული (ბერძნული) მოდგმის ხალხები, ვინაიდან სემიტურმა ხალხებმა პირველ საუკუნეშივე შეასრულეს თავიანთი როლი ქრისტიანობის აღმოცენებისა და დაფუძნებაში, მაგრამ შემდგომ საუკუნეებში მათი მისსია აღარ გაგრძელებულა ამ მიმართულებით. ქართველური მოდგმის ხალხებმა კი იტვირთეს ძირითადი როლი როგორც ეგზოტერული, ასევე ეზოტერული ქრისტიანობის, როგორც თეოლოგიის, ისე თეოსოფიის განვითარებაში. აღმოსავლეთის ეკლესიის უდიდესი ბურჯები წმ. გიორგი კაპადოკიელი, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიელი (ლიკიელი). კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და მრავალნი სხვანი იაფეტური, ქართველური მოდგმისანი იყვნენ. ხსენებული მამების ბერძნულენოვნება კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს ქართული ენის „დამდაბლება-დაწუნებაზე“ იმ ეპოქაში. ქრისტიანული თეოლოგიისა და თეოსოფიის უდიდესი ბურჯი იყო პეტრე იბერი, არეოპაგიტული ტრაქტატების ავტორი. ეს ტრაქტატები საფუძვლად დაედო როგორც აღმოსავლეთის, ისევე დასავლეთის ეკლესიების ღვთისმეტყველებას, მისტიკას, აგრეთვე ეზოტერულ ქრისტიანობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მისიონერული მოღვაწეობაც კაპადოკიელ და ქართველ ქრისტიანებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე ბერძნებს.

ეზოტერული ქრისტიანობის უმთავრესი მიმდინარეობაა გრაალის ქრისტიანობა, რომელიც აღმოცენდა კელტიბერული მოდგმის ხალხებში, პირინეებში, ლანგდოკსა და პროვანსში, ხოლო აქედან გავრცელდა მთელს ევროპაში.გრაალის ძიება იგივე ოქროს საწმისის ძიებაა, რომელსაც „კლასიკურ გრაალსაც “ უწოდებენ მეცნიერებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა, კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომებმა. შუასაუკუნეებში გრაალი დასავლეთ ევროპიდან საქართველოში იქნა ფარულად გადმოტანილი, რაც აღნიშნულია მეფე-ხუცეს იოანეს შესახებ ლეგენდაში, რომელსაც ჯვროსნული ქრონიკები დავით აღმაშენებელთან აიგივებენ. ქართულ, კერძოდ ფშავ-ხევსურულ ფოლკლორში აირეკლა გრაალის ინიციაციის მოტივები, წმ. გიორგის და მისი ძმადნაფიცი ღვთისშვილების მიერ ქაჯავეთიდან სამძივარის წამოყვანისა და თასის წამოღების მოტივში, რაც საფუძვლად დაედო რუსთაველის ვეფხისტყაოსანს, გრაალის პოემების მონათესავე ქართულ პოემას. გელათი გრაალისადმი მიძღვნილი ტაძარია, რომლის ფრესკული მოტივები ასახავენ გრაალის მისტერიებს. ყოველივე ეს სიმბოლურად აირეკლა აგრეთვე ბაგრატიონთა სამეფო გერბზე, რომელზედაც გამოსახულია დავითის ქნარი და შურდული (იესიან-დავითიანობის სიმბოლო), წმ. გიორგი, ქრისტეს საუფლო კვართი (შიდა სამოსი) და წმ. გრაალის სფერული ბარძიმი (ეზოტერული ქრისტიანობის სიმბოლოები).

როგორც აღინიშნა, იოანე-ზოსიმე წმ. ნინოს, ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს, ლაზარეს დას, მარიამს ადარებს, ვინაიდან მარიამის გზაა ქრისტიანობის სულიერ-ჭვრეტითი ხაზის განვითარება, თეოსოფია და ეზოტერიზმი. ასევეა შადარებული ნინო მარიამთან „მოქცევაი ქართლისაი“-ში, სადაც ზაბილონ ეუბნება მას: „ხოლო შენ მარიამ მაგდალინელისა შური აღიღე ქრისტეს სიყვარულისათვის და დათა მათ ლაზარესთა“ (ქართლის ცხოვრება, 1955. ტ.I . გვ. 76).

გარდა ამისა, ნინოსთვის ანგელოსის მიერ გადაცემულ წიგში ერთ-ერთი მუხლი ზ. ასეთია: „რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარად ისმენდა სიტყვასა მისსა ჭეშმარიტსა“ (გვ. 87). ასე რომ, წმ. ნინოს შედარება მარიამთან ზოგადი ტრადიცია ყოფილა ქართულ ეკლესიაში და მწერლობაში, ამის გამო „ქებაის“ „ახალ ნინოში“ რომელიღაც სხვა ნინოს ძიება გზააბნევაა. ბერძნული ქრისტიანობის მისსია კი, რომლის სიმბოლოც არის ჰელენე დედოფალი, ძეგლში მართასთან არის შედარებული, ვინაიდან ბერძნულმა მოდგმამ შექმნა სახელმწიფოებრივი ქრისტიანობა, სოციალური ქრისტიანობა და ეგზოტერული ღვთისმეტყველება. შემთხვევითი როდია აგრეთვე, რომ ქართული მოდგმა მოაქცია სწორედ იაფეტურ-მოსხურ-ზანური კაპადოკიიდან გამოსულმა ქალწულმა წმ. ნინომ, ხოლო წმ. გიორგი კაპადოკიელი უმთავრესი წმინდანია საქართველოს ეკლესიისა, იგი არის აგრეთვე ეროვნული ღვთაება ქართველი ხალხისა, ქრისტესა და სამების ატრიბუტების მატარებელი.

ქრისტიანობის ქველი მისსია იმაშიც გამოვლინდა, რომ მან შეარიგა სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ქართველური და ინდოევროპული მოდგმის ხალხები, დაამყარა მათ შორის ჰარმონია და აწ ისინი გვევლინებიან როგორც ორნი დანი, წმ. ნინო და ჰელენე დედოფალი, ერთი იდეალისა და ერთი მიზნის მსახურნი მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.ქართული მოდგმის, ქართული ენის კურთხეულობისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეა მარტოდენ ქართული მესსიანიზმის შედეგი არ გახლავთ, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია. ამ იდეას იზიარებდნენ ბერძნული და რუსული ეკლესიებიც, როგორც ამაში ქვემოთ დავრწმუნდით. მაგალითად, ბასილი ფილოსოფოსის „ილირიონ ქართველის ცხოვრებაში“ ვხვდებით ასეთ ადგილს: როდესაც წმ. ილარიონ ქართველი და მისი თანმხლებნი ულუმბოს მონასტრის მამასახლისმა (იკონომოსმა) გააძევა ეკვდერიდან ვითარცა არაბერძენნი, მან მასვე ღამეს იხილა ჩვენებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა: „რაისთვის საწყალობელო, დიდი იგი მოღუაწე ილარიონ და მისთანანი უპატიოდ განასხენ… ჰგონებ ვითარმედ ელინთა ენაი მარტოდ შეწყნარებულ არს, ვითარ არა უწყი ვითარმედ ყოველთაგან ნათესავთა, რომელიცა არს მოშიში უფლისა და მოქმედი მცნებათა მისითა, სათნო მისა არს იგი, არა ჰხედავ, რაოდენნი ნათესავისაგან მათისა სათნო ეუყუნეს ღმერთსა, ვითარ საწყალობელო უცხო ჰყავ თავი შენი, ლოცვისაგან მეგობრისა ჩემისა და კურთხევისაგან მისისა, რამეთუ რომელი ამათ არ შეიწყნარებს, იგი მტერი არს ჩემი“. ვგონებ ნათელია, რომ ამ სტრიქონების ავტორს, ეროვნებით ბერძენს, სწამდა ივერიის წილხვდომილობა. უფრო ადრინდელი ძეგლი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის არკადის მიერ აღწერილი „ცხოვრებაი სვიმეონ მესვეტისა“ მოგვითხრობს, რომ სვიმეონ მესვეტემ „განკვირვებასა შინა იხილა ერი დიდძალი ფრიად მამათა და დედათა და ყრმათაი და აქუნდა ხელთა მათთა ჯვრები და მოვიდოდეს იგინი აღმოსავლეთით მისსა და სული წმიდაი ჰფარვიდა მათ“, შემდეგ სულიწმიდამ უჩვენა მას, რომ „ესე არს ნათესავი ქართველთაი“. მეორე დღეს მართლაც მოვიდნენ მასთან ქართველები ჯვრებით ხელში (კ. კეკელიძე, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, I ტფილისი, 1918, გვ. 260). უთუოდ ამ ხილვამ განაპირობა ის, რომ სვიმეონ მესვეტე დაუმეგობრდა ქართველებს, ხოლო შემდგომში საქართველოში წარმოგზავნა ათსამმეტი „ასურელი“ მამა ქრისტიანობის საქადაგებლად და განსამტკიცებლად. ამრიგად, ამ ძეგლში სულიწმიდა გვევლინება საქართველოს მფარველად, სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება კი ღვთისმშობელია, როგორც დავინახეთ. ასე რომ, საქართველოს წილხვდომილობის იდეის გამოძახილს ჯერ კიდევ სვიმეონ მესვეტის „ცხოვრებაში“ ვხვდებით (ძეგლი მეშვიდე საუკუნეს ეკუთვნის).

ახლა ვნახოთ, როგორი ტრადიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით რუსულ ეკლესიას. ცნობილია ქართველი და რუსი ბერების მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა ათონის ივერთა მონასტერში, რომელთაგან მრავალნი ქართველობდნენ და ათონის მონასტრებში რჩებოდნენ სამოღვაწეოდ, როგორც მაგალითად იოანე რუსყოფილი (იხ. კირიონ კათალიკოსის „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“. რუს. ენაზე, ტფილისი, 1910 წ.).

ცნობილი ძველსლავიანური დაუჯდომელი (აკათისტი) ივერიის ღვთისმშობლისა, პორტაიტისასი, რომლის ბოლო რედაქცია XVII საუკუნეს ეკუთვნის, მოგვითხრობს ივერიის წილხვდომილობაზე, ათონის ივერთა მონასტრის დიდებაზე, წმ. ექვთიმეს ოქროპირობაზე, წმ. თორნიკეს უძლეველობაზე, წმ. გაბრიელ ხატის მიმრქმელზე და აგრეთვე ივერთა მოდგმის მომავალ დიდებაზე, ისევე როგორც იოანე-ზოსიმეს „ქებაი“. დაუჯდომელის პირველსავე იკოსში ნათქვამია: „ანგელოსი წინაშემდგომელი გაეგზავნა ღვთისმშობელს, როდესაც მას წილად ხვდა სამოციქულო მოღვაწეობა ივერიის მიწაზე: „ნუ განეშორები იერუსალიმს, შენი წილხვდომილი ქვეყანა განბრწყინდება უკანასკნელ დღეებში (ე. ი. მეორედ მოსვლის წინ), შენ კი უნდა იღვაწო სხვა ქვეყნებში, სადაც წარგგზავნის უფალი“. შემდეგ დაუჯდომელი მოგვითხრობს: „იმეია პრომიშლენიე ო ჟრებიი სვოემ, ლიუდიახ ივერსკიე ზემლი, უსტროილა ესი ვ მესტე, პრისტანიშჩე იშჩუშჩიმ სპასენიე, ხოტია დაროვატი ეი ვ შჩიტ ი ოგრაჟდენიე იკონუ სვოიუ… პროპოვედნიკა ტვორია გავრიილა ვოლი სვოეა, რეკლა ესი კ ნემუ ვლადიჩიცე: ნე პრიიდოხ ხრანიმა ბიტი ოტ ვას, ნო და ბუდუ აზ ხრანიტელნიცა ვაშა ნე ტოკმო ვ ნასტოიაშჩემ, ნო ი ვ ბუდუშჩემ ვეცე, სე დაიუ ვამ ზნამენიე: დონდეჟე ზრიტე ვ მონასტირე იკონუ მოუ, ნე ოსკუდეეტ ვამ ბლაგოდატ სინა მოეგო ი მილოსტ და ვოპიუტ ესი ალილულია“. იკოსი 3 კონდაკი ამავე ტრადიციიდან გამომდინარე ეხმაურება აგრეთვე იოანე-ზოსიმეს XVIII საუკუნის რუსი წმინდანი სერაფიმ საროველი, რომლის თქმითაც, მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე, ივერიის წილხვდომილობის იდეა გვხვდება აგრეთვე დავით გარეჯელის ძველ სლავურ დაუჯდომელში.

პატრიარქმა ნიკონმა (XVII)ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირი დიდი პატივით გადმოასვენებინა რუსეთში. შეუქმნა მას სპეციალური ტაძარი („ნოვაია ივერსკაია ობიტელ“), ხოლო ამჟამად იგი დასვენებულია მოსკოვში სოკოლნიკის აღდგომის ტაძარში და აქვს სპეციალური სადღესასწაულო დღე (12 თებერვალი). ამის გამო ივერიის ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდეა რუსული ეკლესიისა, იგი უდიდეს როლს ასრულებდა ოფიციალურ კულტშიც, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ოფიციალური საკულტო ცენტრის, მოსკოვის კრემლის ერთ-ერთ უმთავრეს კარიბჭეს მის პატივსაცემად ივერიის კარიბჭე ეწოდება (ივერსკიე ვრატა).

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს „ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“, რომელიც სასწაულად აქვს ქართულ ენას „უმეტეს სხვათა ენათა“. იყო ცდები „ოთხმოცდაათოთხმეტის“ გადამწერის შეცდომად გამოცხადებისა, მისი 104-შთ შეცვლისა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ რატომღაც მინცდამაინც მიაჩნდათ, რომ ამ რიცხვის ხსენება ნიშნავს ქართული კალენდრის მეტობას სხვა კალენდრებზე. ამ გზააბნევას კი იწვევდა სიტყვა „უმეტესის“ არასწორი, მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით გაგება. ძეგლში ნათლად წერია, რომ „ოთხმოცდათოთხმეტი“ სხვა ერების კალენდრებზე მეტნაკლებობას კი არ გულისხმობს, არამედ გარკვეულ თარიღს ქრისტეს მოსვლის შემდგომ. რაც შეეხება გამოთქმას „უმეტეს“ ძველ ქართულში მხოლოდ მომატებულობას, დამატებულობას როდი ნიშნავს, არამედ უპირატესობასაც (იხ. ი. აბულაძე, ძვ. ქართული ენის ლექსიკონი). ასე რომ, „უმეტეს სხვათა ენათა“ ნიშნავს სიტყვასიტყვით: „სხვა ენებზე უპირატესობით“. ახლა განვიხილოთ წინადადება მთლიანობაში: „და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა და საწაულად ესე აქუს: ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე“. ე. ი. ავტორს სურს გვამცნოს: ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან ის არის, რომ მას დღემდე სასწაულად აქვს ქრისტიანული წელთაღრიცხვის თარიღი 94 წელი. რა წელია ეს? ეს არის იოანეს აპოკალიპსისის შექმნის თარიღი, რომელიც დღევანდელი მეცნიერების მიხედვით 94-95 წლებში დაიწერა და შესაძლოა იოანეს სახარებისაც, რომელიც აგრეთვე 90-100 წლებს შორის უნდა იყოს შექმნილი. შესაძლოა იოანე-ზოსიმეს დროს არსებობდა უფრო ზუსტი ცოდნა ამ თარიღის შესახებ. ამიტომაც არის ეს თარიღი უაღრესად მნიშვნელოვანი ლაზარე-იოანესათვისაც და მაშასადამე ქართული ენისთვისაც, რამეთუ ამ წელს აღსრულდა ის, რაც იწინასწარმეტყველა იესო ქრისტემ ლაზარეს დაძინებისას: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისაი მისგან“ (იოანე 11. 4). ძე ღმრთისაი იდიდა იოანეს სახარებაში და აპოკალიპსისში ლაზარე-იოანეს მიერ, ამიტომ არის ეს წელი სასწაული მისთვისაც და ქართული ერისთვისაც. ამაშია ლაზარეს უპირატესობა სხვა მოციქულებთან და ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან შედარებით, ვინაიდან იოანეს სახარებასა და აპოკალიპსისში გახსნილია ლაზარე-იოანეს მისსია, რომელიც იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით უღრმესად არის დაკავშირებული ქართული მოდგმის, ქართული ენის მისსიასთან, გარდა ამისა თავად „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ სხვა არაფერია თუ არა და ეგზეგეზა იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისისა.

ამის გამო ბუნებრივია, რომ ავტორი ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ თარიღს. იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე იოანე-ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა შემკულია და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა, რითაც აღასრულებს ქრისტე-მიქაელის და სულიწმიდა-გაბრიელის მისსიას, რასაც სიმბოლურად ასახავს დავითის VI ს. სტელლებზე გამოსახული მიქაელისა და გაბრიელის მიერ ქართული ანბანის ამაღლება-განდიდება.

ზვიად გამსახურდია

დასაწყისი (ნაწ.პირველი)

_______________

შენიშვნა: ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეს კვლევა იოანე ზოსიმეს ძეგლისწერისა შეიძლება ითქვას, რომ არის საუკეთესო ეკლესიური თუ სამეცნიერო თვალსაზრისით. რატომ? იმიტომ რომ მორწმუნე მართლმადიდებელი პრეზიდენტის ნაშრომია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ, პრეზიდენტი, როგორც ერისკაცი შეიძლება ღვთისმეტყველი წმინდანივით ან სასულიერო პირის ზედმიწევნითი “ზილოტური” მიდგომით ვერ გასწვდეს საეკლესიო ღვთისმეტველების საკითხებს და ბევრი მოსაზრება საკამათო იყოს ეკლესიოლოგიის თვალსაზრისით, მაგრამ იმდენად საინტერესო განხილვაა ამ ძეგლისწერის, რომ ბევრ ცილისმწამებლურ აბსურდულ მდარე კვლევებიდან გამომდინარე თავდასხმებს იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველებაზე საფუძვლიანად ანადგურებს.

მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურმა

16 Responses to “ზვიად გამსახურდია-„ქებაი და დიდებაი ქართულის ენისაი“ (ნაწ. II)”

  1. a.sanduxaZe Says:

    გაურკვეველი წარმომავლობისა და დანიშნულების გაზეთმა “ასავალ-დასავალი” გამოაქვეყნა ჩვენი ტანჯული და ჯვარცმული პრეზიდენტის დაცვის წევრებთან ინტერვიუ.

    დაცვის წევრებიდან ორი მათგანი ზაზა ლიპარტელიანი და ბაჩუკი გვანცელაძე ჩემი თანაქალაქელები, ჩემს თვალწინ დავაჟკაცებული კაცები არიან, დიახ, კაცები! რადგან ეს სიტყვა დღეს მხოლოდ ბიოლოგიური არსების გამომხატველად ქცეულა და დაუკარგავს მისი ნამდვილი მნიშვნელობა. კარგა ხანია ამ გაზეთს ახლოსაც არ გავკარებივარ, მაგრამ მათ გამო მივუსაჯე ჩემს თავს სასჯელი და ინტერვიუ ბოლომდის ჩავიკითხე.

    ჩემს თვალწინ გაირბინა იმ ბედნიერმა წლებმა როდესაც ბაჩუკი და ზაზა ეროვნულ მოძრაობაში ჩაერთვნენ, მაშინ, მგონი, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოწაფეები იყვნენ. მომავალი წინ ჰქონდათ, ნიჭი არ აკლდათ და შესაძლებლობა. ყველაფერი იმ წლებს ანაცვალეს, რომელსაც ვერასდროს ვერ ვიბრუნებთ.
    მთელი სულით და არსებით ჩაეშვნენ სამშბლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, მოგიზგიზე სანთლები იყვნენ, იმ სანთლებივით და დედის ცრემლივით წმინდა სულის ბიჭები. ყველაფერი მიიტანეს მამულის სკურთხეველზე. უარი სთქვეს საკუთარი ცხოვრებისეული მომავლის შექმნაზე, მათი საზრუნავი და საფიქრალი საქართველო გახდა.

    ერთ დღესაც არ გამოჩენილან ბიჭები, მეორე დღეც გავიდა და ვიკითხე სად დაიკარგნენ მეთქი არა და თუ სადმე წასასველი იყო უჩემოდ ფეხს არ ადგამდნენ, ერთმა მიპასუხა კოლხურ კოშკში დარჩნენო, გამიკვრდა რატომთქო და მიპასუხეს დაცვაში ჩაირიცხნენო. რამაც შემაყოყმანა – მათი ასაკი იყო მხოლოდ, თორემ ერთგულებაში იმთავითვე დარწმუნებული ვიყავი.

    და საუბედუროდ ამ ერთგულების გამო დღესაც ეშაფოტზედ ჰყავთ ნაძირლებს აყვანილი.
    ბიჭებო, თქვენი ხვედრი ეს რომ იქნებოდა ამ გავერანებულ და გაუბედურებულ საქართველოში ეს ჩემზედ კარგად თქვენ იცოდით და გენაცვალეთ, რომ ამ მარტვილობას ბოლომდის რომ იდგამთ უღლად!

    დღეს ვინ ედავება ამ ბიჭებს, ვინ ესვირს ტალახს, ვინ აფურთხებს სულსა და გულში, აი ეს არის საკითხვავი!

    მესმის თქვენი, ჩემთვის უცხო არ არის სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულების გამო აბუჩად აგდება, დევნა, ღალატი, სიფლიდე და ორგულობა.

    როდესაც ესენი თბილისში დარჩნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ ბატონი ზვიადი მეუბნება, რა აზრის ხარ ამ ბიჭებზე, სანდონი ხომ არიანო.

    მე ვუთხარ, ბატონო ზვიად, ჩემთვის რომ გეკითხართ სანდო თუ ხარო – ასეთ პასუხს მოგცემდით არ ვიცი, რამდენს და როდემდის გავუძლებ მეთქი, მაგრამ მაგათ ერთგულებაში ეჭვი თუ შევიტანე მაშინ ყველაფერი უნდა დამთავრდეს მეთქი.

    ამ ბიჭებს საქართველო თავის სიციცხლეზე მეტად უყვართ და აქედან გამომდინარე მისთვის თავდადებული მამულიშვილები, იდეის ერთგულებამ ბატონი ზვიადიც უსაზღვროდ და უსაშველოდ შეაყვარათ, მე დარწმუნებული ვარ და ხმამაღლა ვაცხადებ: ბაჩუკი გვანცელაძეს რომ დაენახა ზვიადისკენ მიშვერილი ლულა, ის იმ ტყვიას უყოყმანოდ გააციებდა, ასე იზამდა ზაზაც, მე მათი გულები ხელისგულზე გადამიხსნია და ისე ჩამიხედავს შიგ სადაც ჩვენი დაფლეთილი და სისხლისგან დაცლილი საქართველო ბორგავდა.
    ხმამაღლა გავიძახი – ვისაც საქართველო ჭეშმარიტად, უნაგაროდ თვალის ჩინზედ მეტად უყვარს, მას ზვიადი და მერაბი, ილია და დავით აღმაშენებელი, შუშანიკი და მაია წყნეთელიც უყვარს და ეყვარება სამარის კარამდის!

    ჩვენ ერთად გვიმარტვილია სამშობლოს ბედისწერისა და მისი მომავლის გამო, იმ პერიოდში ერთი გულით და ერთი ფილტვებით ვსულმდგმულობდით. ზაზა დღეს ავად არის, და სერიოზულადაც და ისიც ვიცი რის გამოც – ჯერ კიდევ შეიარაღებული გადატრიალების გაჩაღებამდის რამოდენიმეჯერ შეეცადნენ ეშმაკის ნაშიერნი მთავრობის სახლზედ იერიში მიტანას, ერთერთი ასეთი იერიშისას ტროტუარებიდან აყრილი ქვის ფილები დაგვიშინეს, ზაზას უშველებელი ფილა მოხვდა თავში, გვიან ღამით ძალით წავიყვანეთ საავადმყოფოში, გასინჯეს და სერიოზული ჭრილობა და დაზიანება აღმოჩნდა, ექიმმა იმწუთში წოლითი რეიმი და სერიოზული მკურნალობა მოსთხოვა. ძლივს ავიყვანეთ პალატაში, დიდი მუდარისა და ფიცის ჩემდეგ დავიყოლიეთ, სურათებს გადაიღებდა და შესაბამისად იმკურნალებდა.

    დავშორდით, წამოვედით საზოგადოების ბინაში, გზად მეგობართან გავიარეთ ცოტა ხნით შევყოვნდით, საზოგადოებაში მისვლისას, შაუა ღამისას ის ოთახში დაგვხვდა, ჩვემი წამოსვლიდან რამოდენიმე წუთის შემდგ გამოპარულა საავადმყოფოდან. ბიჭებმა საყვედურებით აავსეს, დაემუქრნენ ზვიადს ვეტყვითო, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდი მისი სვანური სიკერპე და სიჯიუტე. გადიოდა წლლები და ყოველი შეხვედრისას თავის ამბავს ვკითხავდი ხოლმე – საქართელო გადაგვირჩეს და თავების მეტი რა არის ქვეყანაზეო.

    გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ სათქმელიც უამრავი მრჩება, 1992 წელს ბაჩუკი გროზნოდან კონსპირაციულად ჩამოვიდა პატარა შვილებისა და ოჯახის სანახავად. მივაკითხე სახლში, გამიყვანა ცალკე ოთახში და ჩანთიდან ტუფლები ამოიღო, ძირებზე აკოცა, ეს ზვიადმა მაჩუქა დაბადების დღეზე, ასე მითხრა – ბაჩუკი, ახლა არაფერი მაქვს, გარდა ერთხელ ნაცვამი ტუფლებისაო და თუ იკადრებო…
    კადრება კი არა იცით როგორ იკრავდა გულში თავცრემლიანი ვაჟკაცი იმ ტუფლებს?!
    ეჰ, ჩემო პატარა ძმებო, იცით რა დიდები და ბედნიერები ხართ? ბედნიერები და უზადოები -იმიტომ რომ გარეწართა გესლი და მახვილი ყოველთვის თქვენაირი ვაჟკაცებისკენაა მიმართული, მე შემოგნატრით, შორიდან გეხვევით, ამ თახსირ წუთისოფელს ბოლომდის კაცად შერჩით, აფერუმ თქვენ! მე ტქვენი ყოველი ბგერის მჯერა, მჯერა იმიტომ რომ იმ ბგერებს ყოველთვის ჩემი გული გრძნობდა და ჩემზედ უკეთ ვერვინ იცნობს მათ.

    განგებამ ეს ბედი გვარგუნა, გავუძლოთ ბიჭებო, დაე ფურთხით აგვავსონ, ქვებით ჩაგვქოლონ, მთავარია ღმერთთან, სამშობლოსთან და იმ კაცის უწმინდეს, ტანჯულ სულთან იყავით მართალი, თქვენ ხომ თავად შექმენით თქვენი ბედისწერა და ამაში “ბრალი” თქვენ თვით მიგიძღვით, ეს ბრალი სიყვარული, ერთგულება და ტავდადბაა და მაზე ნეტარი ბრალეულობა არის კი ამ ქვეყნად რაიმე?

    ერთი კი უნდა შეგახუროთ ჩემებურად, იმ გიორგი მამაცაშვილს როგორ მიეცით ინტერვიუ, ეს თავისუფალი ჟურნალისტი ყველაფრისგან თავისუფალია, არ წაგიკითხავთ მაგის და ქალბატონი მანანას ინტერვიუთა სერიალები, როგორ დაუთაფლაკვერდნენ ერთმანეთს? ამ კაცს უსაზღვროდ სძულს ბატონი ბესარიონი და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა, აქედან გამომდინარე მისი თავკაციც, მაგრამ ცდილობდ დამალოს ეს სიძულვილი. წლების განმავლობაში შხამსა და გესლს გვიგზავნიდა საქართველოდან. ეს ის მამაცაშვილია გროზნოდან ერთ დროს თვით ქალბატონმა მანანამ რომ გამოაძუნძულა, მაგრამ ასეთები, ერთმანეთის მოძულეები ხშირად ერთიანდებიან მართალი და მათზედ უკეთესი კაცის წინააღმდეგ, რატომ ხარ ასეთიო.
    ნახეთ, მთელი საკუდიანო აგიმხედრდათ სამ კაცს, ან იმ კომისიის წევრები ვინ არიან, აქვთ კი ზვიად გამსახურდიას სახელისა და გვარის ხსენების უფლება რომელიმეს?

    მე მჯერა და მახარებს, რომ თქვენნაირები, მართალია ძალზედ ცოტა, მაგრამ მაიინც არიან ამ ქვეყანაზე, გმირებიც ხომ ცოტაზე ბევრად ცოტა უნდა იყვნენ ამ ქვეყანაზე, თორემ გმირობას რაღა ფასი ექნება?!
    თქვენებრ მეც ბევრი რამ ტკივა, მტკივა და ბევრსაც ვერ ვამბობ, გულშიც ხომ უნდა ჩაიკლა რამე თორემ დაცარიელლდება და გამოიფიტება და ამ გარეწრებს დავემგვანებით.

    ვაჟკაცობა ჩემგან არ გესწვლებათ, მამულის სიყვარული და ერთგულება, შეხედულებები, სხვებისაგან განსხვავებით, თქვენზე ჩვენი ზვიადიდან გადმოვიდა, მან გასწავლათ ქართველკაცობა, მჯერა დარჩებით საქართველოს საკურთხეველზე.

    შორიდან გიკრავთ გულში.
    ა.ს.

    • გიორგი Says:

      ბატონო ალექსანდრე! თქვენმა წერილმა სულით ხორცამდე შემძრა და თვალთაგან ცრემლები დამადინა! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიერთოთ, რათა შესძლოთ დათმენა ამდენი უსამართლობის და ბოროტებისა!

  2. იოსებ ღუდუშაური Says:

    ჩემი საქართველოს გმირებს!

    ბ-ნო გიორგი, ასევე დამემართა ბ-ნი ალექსანდრეს ჩანაწერის კითხვისას. ცოტა გულზეც მომეშვა. დიდი მადლობა მას ამ ამაღლებული წუთებისათვის. ღმერთმა უმრავლოს ალექსანდრეს დარი გულიანი და მართალი კაცები. დიდება უფალს!

    წარსულში ზვიად გამსახურდიას დაცვის ბიჭები, ახლა უკვე დიდი კაცები არიან ჩემს გაგებაში. არც ადრე ყოფილა მცირედი მათი მამულიშვილური წვლილი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რაზეც უკეთესად თქვა ბნ-მა ალექსანდრემ. ჩემთვის, ისინი, არასოდეს არ ყოფილან მხოლოდ დაცვის ბიჭები. ეს ბიჭები და რა თქმა უნდა მათთან ერთად ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი, დღეს, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სვინდის-ნამუსის შემნახველები არიან და ამიტომაც ებრძვიან მათ ასეთი სისასტიკით.

    სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს, ეს ჯერ კიდევ ვერ გაუთვითცნობიერებია და აყოლილია ეროვნული მოძრაობის ჯალათების მიერ, კანონიერი ხელისუფლების ღირსებისა და სვინდის-ნამუსის შემნახველი გმირების მიმართ გაჩაღებულ ცილისწამებებს! ვისთვისაც ჩემი ქრისტესმიერი ძმები რობიზონ მარგველანი, ბაჩუკი გვანცელაძე და ბესარიონ გუგუშვილი ეჭვმიტანილები არიან, ისინი ჩემთვის არიან ეჭვმიტანილები ეროვნული მოძრაობის ერთგულებაში!

    ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს ვუსურვო ჩემი საქართველოს გმირებს ამ მძიმე და ტკბილი უღლის მედგრად ტარება. ღმერთმა დალოცოს ისინი და მათი ოჯახები; ღმერთმა შემაძლებინოს ჩემი მათდამი პატივისცემა მრავალგზის დამედასტურებინოს მომავალშიც.

    ისინი, დაცვის ბიჭებზე მეტი იყვნენ ყოველთვის საქართველოს პრეზიდენტისთვის და ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილისთვის. ხშირად მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ქართველ ერს ამ ბიჭების სახით ცოცხალი გმირები ჰყავს, მაგრამ უმეტესობა ჯიუტად ეწინააღმდეგება ამ ფაქტს. სამაგიეროდ ადვილად ეგუებიან ეროვნული მოძრაობის მტრების გმირებად გამოცხადებას.

    საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი, იოსებ ღუდუშაური

    ფინეთი/ჰელსინკი

  3. a.sanduxaZe Says:

    batono giorgi, batono ioseb samadlobeli yvela TqvenTagas Cemsgan.

    Cemi Canaweri veraferi Svilia. me mwams daudgeba dro Cvens ubedur mamuls da madlierieri yvelas gulSi Caikravs vinc ki amis Rirsi iqneba. poemebo daiwereba am xalxis saxelisukvdavsayofad.
    am interviuSi CemTvis axali araferi yofila, rodesac samegrelos ambebs hyvebian,im dros mec iq viyavi, gulanTebul mamuliSvilTa lasqari iyo Sekrebili, mxedvelobaSi maqvs mamulis mecixovne jariskacebi, ise ki… magram dRevandeli gadasaxedidan rom vuyureb, Cveulebriv movlenad mimaCnia, Zviads xom es gadagvarebuli samyaro amumxedrdaTavisi maRali qristianuli zneobis da RvTiTboZebuli mamuliSvilobis gamo da iq yvelaferi wesrigSi rom ar iqneboda cxadze ucxadesia.
    me namdvilad ar minda im uamrav qarTvels mivayeno Seuracyofa,romlebic mTeli eqvsi Tu rva Tvis ganmavlobaSi marTlac rom brZolis velze iyvnen, saswauli gadaitana im dros samegrelom, misma mosaxleobam – suliT, xorciT guliTa da ZvliT namdvil qarTvelebma. am manqurTebma samegrelo saqarTvelos vandead aqcies.prezidentis Camosasvlelad im periodSi namdvilad ar iyo Sesaferisi dro, im periodSi samegrelos Tavi unda gadaerCina, Tavi unda daecva SevardnaZis kacismkvlel narkomanTa da damnaSaveTa armiisgan, maSindel sardlobas swored es unda gaekeTebina, Seuval cixe-simagred unda eqcia samegrelo daSemdeg unda Camosuliy oprezidenti. mindoda xma mimewvdina joraryalamdis magram ver movaxerxe, werilic gavatane dres egzom “popularul”polizikoss, magram rogorc Semdeg aRmoCnda ar gadaucia, kaci prezidentis Camoyvanas amzadebda da Cems weril gadascemda, ar Camoxvide batono zviado?

    CemTvis SokSi Camgdebi SurRaias ambavia, azrovneba miClungdeba, es ra wavikiTxe. yovelTvis veridebodi da TanavugrZnobdi mas, patimrobis periodSi da Semdeg, nurvin gansjis, arvin ar icis Tavd ras moimoqmedebda jalaTebis xelSi Cavardnili.magram es ra uqnia, xalxo?
    neta am kviris mere rogor gamova saxlidan sainteresoa?!

    gasakviri arc araferia, macxovars Tormet mociqulSi erTi gamcemi aRmoaCnda.

    Cven, ubralo xalxs es avazakebi kerpTTayvanismcemlebs, fanatikosebs gveZaxdnen erTgulebis gamo.Tu qveynis patrons uerTgule es kerpTayvanimcemloba yofila, xolo satana leninis ordenebis da kompartiis mandatis mkerdiT tareba – politika.
    samSoblo da misi mefe rom ar hyvareboda ioTam zedgeniZes Cawveboda mefis sawolSi? man Tavisi msxverpliT upirvelesad samSoblo ixsna imiT, rom mefes anacvala sicocxle.
    am garewrebma saindan unda icodnen erTgulebis fasi, maT xom ori guli aqvT.da eric kide prezidentis pirmSoebze -amasac nu vaqcevT tragediad, aba gavixsenoT rogori Svilebi dastoves didma qarTvelema vaxtang kotetiSvilma da ivae javaxiSvilma?
    erTi kia, Cvens prezident siyvarulSi marTlac ar hqonia iRbali.
    amaswinaT uzenaesi sabWos deputats qalbaton lia kacaZes Svili daeRupa, sarecelze mijaWvulis, aRsasrulis wina dRiT gadacema unaxavs olRa guramiSvilze, mTeli dRe sul sixarulis cremliT tiroda, dedas ebneboda -dedi nu stiri, Cvenma erma olRa guramiSvili SOba da kidev dagvebadeba amgvari qarTveli qalebi, Cveni eri ar gadaSendeba, olRa guramiSvilis saxeli da saxe mimyveba Tan imedado.

    merabma da zviadma isEi kvali daamCnies Cvens Taobas, rom ase advilad ver gadaxnaven.
    kaTarzisia swored golgoTis gzaze Semdgari qarTvelebisa dRevandeli dRe dagaaRqvs am jojoxeTs Cveni eri, vin icis iqneb axla akvanSi aRvarRvaleben Tvalebs Cveni samSoboblos momavali Tavkacebi, iqneb maTac merabi da zviadi, daviTi da ilia, ioTami da akak, TAmari da qeTevani, mariamida nino hqviaT ha?!…
    maSvilocoT maTTvis qarTvelebo, bazaleTSi darwel akvnebSi oqros qoCora qalebisa da vaJebisaTvis, ufal vavedroT! amin!

    • ნიკა Says:

      9 April 1991 Georgia Announced Independence Zviad Gamsakhurdia

      • ნიკა Says:

        Αγνή Παρθένε – Βυζαντινών μουσική

      • mariami Says:

        საჩუქრების მირთმევა ძვირფასი ტრადიციაა და მე ამ ვიდეოს ვუძღვნი დიდგორის სამ-თანამშრომელს: ნიკა გვარამიას, გიორგი წულაძეს და იოსებ ღუდუშაურს!
        ΑΓΝΗ ΠΑΡΘΕΝΕ ΔΕΣΠΟΙΝΑ – AGNI PARTHENE DESPOINA – VIRGIN MARY

  4. zazatsikoridze Says:

    ქართული ენის შესახებ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაზე, ქართულ ენაზე, მეორედ მოსვლაზე, ქართველების წარმოშობასა და ქართულ გვარებზე საინტერესო საიტია
    http://zazatsikoridze.wordpress.com/
    დაბეჯითებით გირჩევთ ნახოთ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: