ვნების შვიდეული

ქართული მართლმადიდებლური საგალობელი

ვ ნ ე ბ ი ს   შ ვ ი დ ე უ ლ ი

ნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მძიმე მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც როგორც მთელი მარხვის განმავლობაში ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

+++

ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.

+++

რუსული მართლმადიდებლური საგალობელი

____________________________________________________________

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ ჰპოვა – იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან გამდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყენაზე გავრცელებისა და რჩეულთა გულისთვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს (მთ. 24,14-22).

დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებიკენ, განსაკუთრებით კი – მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25,40).

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო…“ – დროს ვასრულებთ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.

დიდი ხუთშაბათი

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე „რომელთა ქერუბიმთას“ ნაცვლად იგალობება: „სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე“… სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც  „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. „თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

  • აი, რომელი „სახარებები“ იკითხება ამ მსახურების დროს:

პირველი – იოანეს სახარება 13:31 – 18:1
მეორე – იოანეს სახარება 18:1-28
მესამე – მათეს სახარება 26:57-75
მეოთხე – იოანეს სახარება 18:28 – 19:16
მეხუთე – მათეს სახარება 27:3-32
მეექვსე – მარკოზის სახარება 15:16-32
მეშვიდე – მათეს სახარება 27:33-54
მერვე – ლუკას სახარება 23:32-49
მეცხრე – იოანეს სახარება 19:25-37
მეათე – მარკოზის სახარება 15:43-47
მეთერთმეტე – იოანეს სახარება 19:39-42
მეთორმეტე – მათეს სახარება 27:62-66

მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და იგალობება საგალობელი, რომელშიც ასახულია ის ეპიზოდი, როდესაც იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება.

თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიის გაკეთებით ეამბორებიან და ტაძარს ტოვებენ.

დიდი პარასკევი

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღისას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ გარდამოხსნას.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსხური აკმევს გარდამოხსნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, „მამაო ჩვენოს“ გალობის შემდეგ კი ტროპარის „მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი…“ გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ და „საფლავში“ დაასვენებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება – მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. „ღვთისმშობლის გოდებაც“ აღევლინოს.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა.

ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ნებისმიერ სხვა ფრად შეღებილ კვერცხს ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო.

დიდი შაბათი

უფლის გარდამოხსნა

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. ცისკარზე მღვდელმსახურები „წმინდაო ღმერთოს“ გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლად იმყოფება მამა ღმერთთან და რომ თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი. ამ დროს იგალობება „მშვენიერმან იოსებ…“

იმ დროს, როცა გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ, ითქმება ეკტენია და იკითხება საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ; სამოციქულო, რომელიც გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი აღდგომაა ყოველი ჩვენგანის სულისთვის; სახარება, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დააყენეს მცველები პილატეს თანხმობით მაცხოვრის საფლავთან, შესასვლელი ლოდით ჩარაზეს და ზედ ბეჭედი დაასვეს.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.

ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.

მცირე შესავლისა და „ნათელი მხიარულის“ გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწინასწარმეტყველევია ღვთის მიერ სამყაროს ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა.

სამყაროს შექმნისა (შესაქმეთა წიგნიდან) და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ (გამოსვლათა წიგნიდან) საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ.

საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. ასევე იცვლება მთელ ტაძარში შავი ფერები ნათელით. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა ადრიანი დილით, ჯერ კიდევ სიბნელეში, მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარება იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.

სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ, და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივ გრძელდება, ოღონდ „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება „ნუ მტირ მე, დედაო…“.

წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას „მოციქულთა საქმეების“ კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.

ღამის თორმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაჰყო ამქვეყნად.

ბერძნული მართლმადიდებლური საგალობელი

ამის შემდეგ მორწმუნენი სასოებით ელიან შუაღამის დადგომას, როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება. აღდგომის სიხარული უდიდესი სიხარულისა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არც არის და არც შეიძლება იყოს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა: „უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან“ (იოანე 16,12).

„დიდგორის“ პრეს-სამსახური 2010

 

29 Responses to “ვნების შვიდეული”

  1. ნიკა Says:

    Иерусалим-Гефсиманский сад

    • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

      • ლადო Says:

        საით მიხვალ, მხართა ზედა ასვენებულო, იესუ ტკბილო! საით მიხვალ ჩვენგან, სასოებაო და თავშესაფარო ჩვენო! სად მიეფარვი თვალთაგან ჩვენთა, ნათელო ჩვენო! ვითარ შევიცნობ შენს ჩასვენებას, მზეო დაუვალო!

        შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰჴსნა უხრწნელნი ჴორცნი შენნი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

        შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა რა სამოსელი გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან ნიკოდიმოსისთანა, და გიხილა რა შენ მკვდრად უსულოდ განშიშვლებული, გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა და ესრეთ იტყოდა: ჵ იესუ ტკბილო, ყოველთა მეუფეო, რომელი ეგე მზის თვალმან გიხილა რა ჯვარსა ზედა ვნებულად, წყუდიადი შეიმოსა, ხოლო ქვეყანა ჰგოდებდა, და განიპო კრეტ-საბმელი ტაძრისა ორად, არამედ აწ გხედავ ჩემთვის მომკვდარსა, და ვითარ შეგმურო, ჵ ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ დაგმარხო შენ, ანუ რომლითა ხელითა შევეხო უხრწნელთა ხორცთა შენთა, და წარვგრაგნო იგი ტილოჲთა, ანუ ვითარი შესხმა და გალობა უღაღადო განსლვასა შენსა, ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა, უგალობ ჯვარ-ცმასა და დაფლვასა შენსა, ვაქებ აღდგომასა შენსა, ცხოველს-მყოფელო ყოველთაო, და გიღაღადებ, უფალო დიდება შენდა.

        ნუ მტირ მე დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე თვინიერ თესლისა, რამეთუ აღვჰსდგე და ვიდიდო მე ღვთაებრ, და მაღალ-ვჰყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

      • ნიკა Says:

        Lamentation 1st Stasis (H Zwh en tafw) In English

      • ლადო Says:

      • ლადო Says:

      • ლადო Says:

      • ლომისა Says:

        ლადო, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ვიდე-კლიპი. არ მიტირია მაგრამ არც არაფერი მაკლდა. ვინ გალობს და რა ენაზე იქნებ გვითხრა? იქნებ გალობის ტექსტიც მოგვაწოდო?

        ქრისტე აღსდგა!

        ლადო, აღდგომას გილოცავ!

        ალექსანდრე

      • ნიკა Says:

        მარტოობა ქრისტეში

      • ლადო Says:

        ბატონო ლომისა, რუმინული საგალობელია ღვთისმშობლის, ეს საგალობლები სხვადასხვა ენაზე მთხოვა პრესსამსახურმა რუსული ვერსიისთვის, რადგან რუსულ ვერსიაში შემოვა მომავალში მრავალი უცხოელი: რუმინელი, ბულგარელი, ინგლისელი, არაბი და ყველა ენაზე იქნება დიდება მართლმადიდებლობის და არა მარტო რუსულად! მე ვარჩევ და პრესსამსახური თანდათან გამოარჩევს და ატვირთავს ვიდეო-პორტალზე, რაც არ იქნება საჭირო მოხსნის. მეც გილოცავთ აღდგომას!

      • ლადო Says:

        p.s.უკაცრავდ ჯვარცმის საგალობელია მგონი მასზედ მეუბნებით, რადგან ბევრი ვიდეო მაქვს გამოქვეყნებული

      • ლადო Says:

        სამწუხაროდ ქართული საგალობლები საერთაშორისო ვიდეო-პორტალებზე ძალიან მცირეა, და თუ არის ვერ გამოარჩევ ყველგან ქართველი ეკუმენისტები ილია მეორით არიან, ილიას დიდება უფროა ვიდრე ღმერთის. ამ მხრივ სხვა ქვეყნის ვიდეოებში პრობლემა არ არსებობს. ძალიან კარგი ვიდეოები არის შესანიშნავი ხატებით და ეკლესიური საგალობლებით. რამდენადაც მე ვიცი დიდგორის პრესსამსახური იწყებს ქართული ვიდეოების შექმნას და მეც რაც შემიძლია მივიღებ მონაწილეობს, დაგეხმარებით!

      • ლადო Says:

        ასევე მინდა აღვნიშნო ერთ რამე: როგორც მართლმადიდებლური ეკლესიური ღვთისმსახურება წარმოუდგენელია ხატებისა და საგალობლების გარეშე, ისევე უნდა იყოს მართლმადიდებლური საიტი, რათა მკითხველამდე მიიტანოს როგორც ქადაგებით ისე ხატებით და გალობებით ჭეშმარიტი რწმენა. ამ მხრივ ძალიან დამაინტერესა იმ საქმემ რასაც დიდგორი აკეთებს და ძალ-ღონეს არ დავიშურებ…

      • mariami Says:

        ისე თუ ვინმე დაჰკვირვებიხართ, რომ კვერცხს ცრემლის ფორმა აქვს! დიახ ცრემლის ფორმა! და წითელი კვერცხი ეს სისხლის ცრემლია! აღდგომის კვერცხები ეს სისხლის ცრემლებია!

      • ნიკა Says:

      • ნიკა Says:

        მარიამ გეცოდინებათ ალბათ საიდან მოდის კვერცხის წითლად შეღებვის მართლმადიდებლური ტრადიცია. ვინც არ იცის, მათთვის მოკლედ:

        ———————-

        წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა.

        კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

        წითელი კვერცხი – აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა. წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმიდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით განწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა. ამიტომ წითლის გარდა სხვადასხვა ფერით კვერცხის შეღებვა არ შეიძლება და ეს მწვალებელთა მორიგი მკრეხელობაა.

  2. aleksandre bokuchava Says:

    სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი
    აღდგომა

    ჩვენ ვუგალობთ ქრისტეს აღდგომას და იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება გამოვაცხადეთ: სადაა, ჯოჯოხეთო, საწერტელი შენი, სადაა, სიკვდილო, ძლევაი შენი? ამავე დროს საკუთარი თვალით ვხედავთ და გვესმის საშინელი ამბები, რომ სიკვდილი ჯერ კიდევ დაძრწის თავისი ცელით ჩვენს გარშემო, ვიგებთ, რომ იხოცებიან ჩვენი ახლობლები, ახალგაზრდები და ძვირფასი ადამიანები. მაშ, რატომ არ აღესრულება ეს სასიხარულო ცნობა სიცოცხლის გამარჯვების შესახებ?

    სიკვდილი სხვადასხვაგვარია: არსებობს სხეულის სიკვდილი, მაგრამ უფრო საშინელი სიკვდილიც არის – ესაა საბოლოო, სამარადისო, გადაულახავი განშორება ღმერთთან. ეს სიკვდილი ქრისტეს მოსვლამდე ათასწლეულების მანძილზე მთელი კაცობრიობის განსაცდელი იყო, რადგან მოწყდნენ უფალს, დაკარგეს უფალი, როგორც საკუთარი სიცოცხლის წყარო. კაცობრიობამ არა მარტო სხეულით იგემა სიკვდილი, არამედ საბოლოოდ დაიწყო დაცილება, განშორება, ურთიერთობის გაწყვეტა ღმერთთან. მის გარეშე გარდაცვლილი ადამიანები სამარადისოდ მკვდრებად რჩებოდნენ.

    და აი, იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ღმერთი ცხოველი მოვიდა ამქვეყნად. თუმცა ცოცხალი ღმერთი იყო, ანუ თავად იყო სიცოცხლე, კაცთა ცხოვრებით იცხოვრა. გაიზიარა ყოველივე ის, რაც ადამიანის ცხოვრებას შეადგენდა. სწყუროდა, შიოდა, ეწამებოდა და საბოლოოდ გარდაცვალება და სიკვდილიც კი მიიღო. როგორც უფალი, ვერ მოკვდებოდა, მაგრამ ჩვენი სიყვარულის გამო, ჩვენი ხვედრი გაიზიარა. ღმერთთან დარჩა და ადამიანები განუდგნენ მას. ადამიანებს არ განეშორა და ჯვარზე ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები წარმოსთქვა: „უფალო, უფალო, რაისათვის დამიტევე მე“. თავად სიცოცხლე მოკვდა, ჩაქრა ნათელი, რომელიც თავისი არსით იყო ნათელი.

    და აი, სულით ჩავიდა მაცხოვარი ღვთისაგან მიტოვებულთა იმ ჯურღმულში, სადაც არ იყო უფალი. მან თავად, თავისი ღვთაებრივობით, მარადიული სიცოცხლით, უკვდავი ნათლით აღავსო ყოველივე და სიკვდილი სამარადისოდ გააუქმა. ჩვენ ახლა სიკვდილს განსვენებას, დროებით ძილს ვუწოდებთ და როდესაც გარდავიცვლებით, არა სასოწარკვეთილებისა და ღვთისაგან მიტოვებულთა ჯურღმულში ჩავდივართ, არამედ ავდივართ უფალთან, რომელმაც ისე შეგვიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი, საყვარელი ძე მოგვცა, რათა გვერწმუნე მისი სიყვარული!

    განა ძალგვიძს ამ სიყვარულში ეჭვი გაგვიჩნდეს, როცა ვხედავთ, ვიცით, თუ რად უღირდა უფალს ეს სიყვარული: ეს იყო იესო ქრისტეს სიცოცხლე, მისი სიკვდილი, ადამიანთა მიერ მისი გარიყვა, გეთსიმანიის ბაღის საშინელება, როცა სიკვდილს ელოდა და იცოდა, რომ თავისმა უახლოესმა მოწაფემ გასცა, იცოდა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ პეტრე უარყოფდა და ყველანი შეატოვებდნენ სიკვდილს მარტოს. ამით იგი გვეუბნება: იხილეთ, ეს ყოველივე ხომ საკუთარ თავზე ავიღე… მოვკვდი, რათა თქვენ გერწმუნათ, რომ ღვთისგან ხართ შეყვარებულნი, გადარჩენილნი ხართ…

    ჩვენ კი – რით ვუპასუხოთ ამგვარ სიყვარულს? ეს სიყვარული მოწიწებით, მთრთოლვარე გულით უნდა მივიღოთ და აღტაცებით წარვსდგეთ ამ უძლეველი სასწაულის – ღვთაებრივი სიყვარულის წინაშე. და თუ ჩვენ ეს შევიგნეთ, მაშ, შეგვიძლია მარად ვმადლობდეთ უფალს და მთელი ცხოვრება მადლიერებად გადავაქციოთ: არა მოვალეობის მოხდის გამო ვეთაყვანოთ უფალს, არა აუცილებლობის გამო აღვასრულოთ მისი მცნებანი, არამედ ვთქვათ: უფალო! თუ ასე გიყვარვართ, მაშ, თაყვანს გცემთ, გვიყვარხარ და გემორჩილებით, რადგან შენი გზა – სიცოცხლის გზაა.

    მთელი სიცოცხლე მხოლოდ მადლიერების სიტყვად ან გალობად კი არ ვაქციოთ, არამედ ცოცხალ მადლიერებად, ანუ ისე გვიყვარდეს ყოველი ადამიანი, როგორც შეიყვარა ისინი უფალმა: უსაზღვროდ და სამარადისოდ.

    და თუ ჩვენ ასეთ სიყვარულს ვისწავლით, ეს ქვეყანა სრულიად სხვა სამყაროდ გადაიქცევა. მაშინ მოვა ჩვენთან ღვთის სასუფეველი, აღდგომა, აღდგომა, ახალი ცხოვრება. მაგრამ ამისათვის ყოველი ჩვენგანი უნდა მოკვდეს, მაგრამ არა სხეულის მოკვდინებით, არა განშორების საშინელი სიკვდილით, არამედ საკუთარი თავის უარყოფით; ადამიანმა უნდა მოაკვდინოს საკუთარი თავისთვის სიამოვნების ძიება, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, ეს იმიტომ, რომ მარადიული სიცოცხლით აღდგომა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც, როგორც ძველი და ჭუჭყიანი სამოსი, ყოველივე დროებითი და ხრწნადი განიძარცვა. თუ ასე ვიცხოვრებთ და ასეთ სამყაროს შევქმნით გარშემო, მაშინ იხარებს უფალი ჩვენით და ჩვენც სიხარულით შევხედავთ ადამიანებს თვალებში.

    ქრისტე აღსდგა.

    • ნიკა Says:

      Εγκώμια Good friday Greek orthodox hymns Μεγαλη Παρασκευη

      • ნიკა Says:

        – Rejoice O Bethany – Byzantine Chant for St. Lazarus – Chanted in English

      • mariami Says:

        გილოცავთ წმინდა გიორგობას! ამ 19 წლის რუს ბიჭს, ისლამის მიღებაზე უარი უთქვია და ასე საშინლად უწამებიათ.
        ΝΕΟΜΑΡΤΥΣ ΕΥΓΕΝΙΟΣ ΜΕΡΟΣ 2/4

      • ელენა Says:

        მარიამ, ეს რა საშინელება გამოაქვეყნე! საშინელ ხასიათზე დავდექი ადამიანთა მოდგმა შემძულდა! როცა კითხულობ, როგორ აწამებდნენ სჯულისთვის ადამიანებს, თუნდაც წმინდა გიორგის მაინც სხვაა, მაგრამ ამის ხილვამ თავზარი დამცა! ადამიანმა ადამიანი ასე როგორ უნდა გაიმეტოს! ღმერთო ომზე საშინელება არაფერია მაგრამ არც მშვიდობის დროს ინდობენ ეშმაკეული ადამიანები ადამიანს!

      • ელენა Says:

        ეს ერთი ვნახე მე და წარმომიდგენია ასიათას მოწამეს ასე რომ დააჭრეს მხეცთა ურდომ თავები, მისი მნახველს რა დაემართებოდა!

      • ელენა Says:

        ეს თვალებიდან არასოდეს ამომივა, ნეტა არ მენახა!

      • გიორგი Says:

        ელენე! სამწუხაროდ, მეც აღარასოდეს ამომივა ამ ვიდეოს კადრები ჩემს თვალთაგან!

      • ნიკა Says:

        ΑΞΙΟΝ ΕΣΤΙ – ΑΙ ΓΕΝΕΑΙ ΠΑΣΑΙ [Great Friday (3d part)] Kabarnos


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: