წმინდა იოანე დამასკელი – აღდგომის შესახებ

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

საით მიხვალ, მხართა ზედა ასვენებულო, იესუ ტკბილო! საით მიხვალ ჩვენგან, სასოებაო და თავშესაფარო ჩვენო! სად მიეფარვი თვალთაგან ჩვენთა, ნათელო ჩვენო! ვითარ შევიცნობ შენს ჩასვენებას, მზეო დაუვალო!

აღდგომის შესახებ

ოლო გვწამს, აგრეთვე, მკვდართა აღდგომა, რადგან იქნება, ნამდვილად იქნება მკვდართა აღდგომა. ამასთან, ვამბობთ რა აღდგომას, სხეულთა აღდგომას ვამბობთ, რადგან აღდგომა ესაა დაცემულის მეორედ დგომა, ხოლო სულები, რომლებიც უკვდავნი არიან, როგორ უნდა აღდგნენ? მართლაც, თუ სიკვდილი განისაზღვრება, როგორც სულის გაყრა სხეულისგან, აღდგომა უთუოდ არის სულისა და სხეულის კვლავ შეკავშირება და დაშლილი და დაცემული ცოცხალი არსების მეორედ მდგომობა. ამიტომ, თვით გახრწნილი და დაშლილი სხეული, თვით იგი აღდგება უხრწნელი, რადგან ვინც დასაბამში მიწის მტვრისგან შეამყარა სხეული, ძალუძს მას აგრეთვე, რომ კვლავ აღადგინოს იგი, დაშლილი და იმ მიწისკენ მიქცეული, რისგანაც იყო აღებული შემოქმედის განჩინების შესაბამისად.

კონდაკი

„ჰოჲ პასექო დიდებულო და ყოვლადწმიდაო, ქრისტე იესუ, მაცხოვარო ჩუენო, მადლობით აღვიარებთ შენსა მაცხოვნებელსა დიდებულსა წყალობასა, რაჲთა მერმეცა ღირს-გვყუნე, უღირსნი ესე, აწ სიხარულით მგემებელნი ბრწყინვალისა აღდგომისა შენისანი. მომეც ჩუენ დაუღამებელსა ნათელსა შენისა სასუფეველისასა ნამდჳლ-ჭეშმარიტად და უსრულყოფილესად გეზიაროთ შენ, ტკბილსა მაგას, და ანგელოსთა და ყოველთა წმინდათა თანა სახარულევანად გიგალობდეთ შენ საუკუნოდ უკუნისამდე: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.“

მართლაც, თუ არ არსებობს აღდგომა, „ვჭამოთ და ვსვათ“, მივყვეთ სიამტკბილობით და განცხრომით ცხოვრებას.

თუ არ არის აღდგომა, რითღა განვირჩევით პირუტყვთაგან?

თუ არ არის აღდგომა, ნეტარვყოთ ველის მხეცები, რომლებსაც უზრუნველი ყოფა აქვთ.

გუმბათი კუვკულიის თავზე                

თუ არ არის აღდგომა, მაშინ არც ღმერთია და არც წინაგანგება, არამედ ყოველივე თვითნებურად განეგება და წარემართება, რადგან, აჰა, ვხედავთ, რომ მართალთა უმრავლესობა შეჭირვებულია და შეურაცხყოფილი, არ მიიღებს რა არანაირ შემწეობას ამჟამინდელ ყოფაში, ხოლო ცოდვილნი და უსამართლონი სიმდიდრეში და ყოველგვარ განცხრომაში განისვენებენ. ამიტომ, კეთილგონიერთაგან ვინ იქნება ისეთი, რომ ამგვარი რამ მართლმსაჯულებისა და ბრძნული წინაგანგების საქმედ ჩათვალოს?

ამიტომ, იქნება, დიახ იქნება აღდგომა, რადგან სამართლიანია ღმერთი და ვინც მას დაუთმობს, საზღაურსაც მიიღებს მისგან. ასე რომ, თუ მხოლოდ სული იღვაწებდა სათნოებათა ასპარეზზე, მხოლოდვე იგი მიიღებდა გვირგვინს. ასევე, თუ მხოლოდ სული ჩაეფლობოდა სიამტკბილობაში, სამართლიანად დაისჯებოდა მხოლოდ იგი, მაგრამ რადგან სულს არც სხეულისგან განცალკევებული არსებობა ჰქონდა და არც მის გარეშე ეშურებოდა იგი სათნოებას თუ ბოროტებას, საზღაურთაც სამართლიანად მიიღებს ერთობლივად ორივე მათგანი.

ამასთან, ადასტურებს საღვთო წერილიც, რომ იქნება სხეულთა აღდგომა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს წარღვნის შემდეგ: „როგორც ბალახის მწვანილი, მოგეცით თქვენ ყოველივე, მაგრამ ხორცი სულის სისხლით არ ჭამოთ, რადგან თქვენეულ სისხლსაც თქვენს სულთაგან გამოვიძიებ; ყველა მხეცის ხელისგან1 გამოვიძიებ მას და ყოველი ადამიანის, მისი ძმის, ხელისგან გამოვიძიებ მის სულს. ვინც დაღვრის ადამიანის სისხლს, მისი სისხლის სანაცვლოდ დაიღვრება, რადგან ღვთის ხატით შევქმენი ადამიანი“ (შესაქ. 9,3-6).

იესო ქრისტეს პატიმრობის ადგილი, სადაც მან მან ღამე გაათია ჯვარცმის წინ

როგორ გამოიძიებს იგი ადამიანის სისხლს ყველა მხეცის ხელისგან, თუ არ აღადგენს მომკვდარი ადამიანების სხეულებს? მართლაც, ადამიანთა სანაცვლოდ როდი კვდებიან ცხოველები.

ასევე, თქმულია მოსეს მიმართ. „მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. არ არის ღმერთი მკვდართა ღმერთი“ (გამოსვლ. 3,6), – ე. ი. არ არის იგი იმათი ღმერთი, რომლებიც მოკვდნენ და აღარ იარსებებენ, არამედ – ცოცხალთა, რომელთა სულებიც მის ცხოველ ხელშია, სხეულები კი კვლავ იცოცხლებენ აღდგომის მიერ.

ღვთისმამა დავითიც ამბობს ღვთის მიმართ: „სულს წაართმევ მათ და მოისპობიან და მათივე მტვრისკენ მიიქცევიან“ (ფს. 103,29). აჰა, სხეულთა შესახებაა ეს სიტყვა. შემდეგ ურთავს: „გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს“ (ფს. 103,30).

ესაიაც ამბობს: „აღდგებიან მკვდრები და აღიმართებიან საფლავებში მყოფნი“ (ეს. 26,29). ცხადია, რომ სხეულებია დადებული საფლავებში და არა სულები.

ნეტარ ეზეკიელსაც უთქვამს: „და მოხდა ისე, რომ ვწინასწარმეტყველებდი მე და, აჰა, იყო მიწისძვრა, და მოიტანა ძვლები, ძვალი – ძვლისადმი, თითოეული – თავისი ნაწევრისადმი. და ვიხილე, და, აჰა, შეექმნათ მათ ძარღვები და ხორცები აღმოუცენდათ და ამოუვიდათ მათზე, და ზემოდან გარემოეტმასნათ მათ ტყავი“ (ეზეკ. 37,7-8). შემდეგ იმას გვასწავლის, როგორ დაუბრუნდათ მათ ბრძანებამიცემული სულები.

კუვკულია-ქრისტეს აღდგომის ადგილი –  შიგნით

საღვთო დანიელიც ამბობს: „და იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც დადგენილია შენი ხალხის ძეებზე, და იქნება ჟამი შეჭირვებისა, შეჭირვება, როგორიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ხალხი გაჩნდა მიწაზე, ვიდრე იმ დრომდე. და იმ დროს ცხონდება შენი ხალხი, ყველა ის, ვინც წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. და მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღიმართებიან, ერთნი საუკუნო სიცოცხლისათვის, მეორენი – საუკუნო გაკიცხვისა და სირცხვილისათვის. და გონიერნი გამობრწყინდებიან, როგორც სამყაროს ბრწყინვალებაა და მრავალნი მართალთაგანნი, როგორც ვარსკვლავნი, საუკუნოდ და შემდეგაც გამობრწყინდებიან“ (დან. 12,1-3). როდესაც ამბობს იგი, რომ „მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღდგებიან“, ცხადია, სხეულთა აღდგომას წარმოაჩენს ამით, რადგან არავინ იტყვის, რომ სულებს სძინავთ მიწის ნაყარში.

თვით უფალმაც წმინდა სახარებებში სხეულთა აღდგომა ცხადად გადმოსცა, რადგან თქვა: „მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ კეთილთა მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურთა მოქმედნი – სასჯელის აღდგომაში“ (იოან. 5,28-29), საფლავებში მყოფებად კი განა ოდესმე სულებს იტყოდა ვინმე საღად მოაზროვნეთაგანი?

ამასთან, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც გააცხადა უფალმა სხეულთა აღდგომა. პირველად, აღადგინა მან ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, უკვე გახრწნილი და სუნგაშვებული, ხოლო აღადგინა მან არა სხეულს მოკლებული სული, არამედ სხეულიც სულითურთ, და არა სხვა, არამედ – თვით ის, გახრწნილი, რადგან როგორღა შეიცნობოდა ანდა სარწმუნო გახდებოდა მკვდრის აღდგომა, თუკი მისი პიროვნების2 გამომხატველი თვისებები არ დაამტკიცებდნენ ამას? მაგრამ მან აღადგინა ლაზარე (რომელსაც კვლავ სიკვდილისკენ მიქცევა ელოდა), იმისათვის, რომ გაეცხადებინა თავისი ღმრთეება და სარწმუნო გაეხადა თავისი და ჩვენი აღდგომა, თვით უფალი კი დასაბამი გახდა იმ სრული აღდგომისა, რაც უკვე აღარ ექვემდებარება სიკვდილს. ამიტომაც ამბობდა საღვთო მოციქული პავლე: „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღდგომილა. მაშ, ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა. მაშ, კვლავაც ჩვენს ცოდვებში ვყოფილვართ“ (1კორ. 15,16-17). და კიდევ: „ქრისტე აღდგომილია, დასაბამი დაძინებულთა“ (იქვე 20). კიდევ: „პირმშო მკვდართაგან“ (კოლას. 1,18). და კიდევ: „თუკი გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი იმათაც, რომლებიც დაძინებულნი არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4,14), თქვა კი მოციქულმა: „ასევე“. ესე იგი: „„ისე, როგორც აღდგა უფალი“.

ხოლო ცხადია, რომ უფლის აღდგომა მისი გაუხრწნელებული სხეულისა და სულის შეერთება იყო, რადგან ესენი იყვნენ გაყრილნი. მანვე თქვა: „დაარღვიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში ავაშენებ მას“ (იოან. 2,19). ღირსსარწმუნო მოწმეა წმინდა სახარება, რომ თავისი სხეულის შესახებ თქვა მან ეს. ამიტომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომლებსაც ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ: „ხელი შემახეთ მე და ნახეთ, რომ მე ვარ და არ შევცვლილვარ, რადგან სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, როგორც ხედავთ, რომ მე მაქვს“ (ლუკა 24,39). „და, თქვა რა ეს, უჩვენა მათ ხელები და გვერდი“ (იოანე 20,20), და თომასაც იწვევდა ხელის შესახებად. განა ყოველივე ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სარწმუნო იყოს სხეულთა აღდგომა?

კიდევ, საღვთო მოციქული ამბობს: „საჭიროა რომ ამ ხრწნადმა შეიმოსოს უხრწნელება და ამ მოკვდავმა შეიმოსოს უკვდავება“ (1კორ.15,53). და კიდევ: „ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში; ითესება მშვინვიერი სხეული“, ესე იგი – განხშოებული3 და მოკვდავი, „აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15,42-44), ესე იგი – უცვლელი, უვნებო, დაწლობილი4 (რადგან ამას ნიშნავს „სულიერი“), ანუ იმგვარი, როგორიც იყო უფლის სხეული აღდგომის შემდეგ, კერძოდ: დაკეტილ კართა შორის გამავალი, დაუღლელი, საკვების, ძილისა და სასმელის არმსაჭიროებელი. მართლაც, უფალი ამბობს, რომ „იქნებიან ისინი როგორც ღვთის ანგელოზები“ (მათე 22,30). აღარ იქნება არც ქორწინება, არც შვილიერება. საღვთო მოციქული ამბობს: „ჩვენი მოღვაწეობა ცათა შინა ჰგიეს, საიდანაც მოველით, აგრეთვე, მაცხოვარს, უფალ იესოს, ვინც გარდასახავს კიდეც ჩვენი სიმდაბლის სხეულს, რომ გახდეს იგი თანახატება მისი დიდების სხეულისა“ (ფილიპ. 3,20-21). ამით მოციქულმა სხეულის სხვა სახედ გარდაქმნა როდი თქვა (ნუ მოხდება ეს!), არამედ უმალ ხრწნილებისგან უხრწნელებისკენ მისი შეცვლა.

„მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები?“ (1კორ. 15,35). ჰოი, ურწმუნოებავ! ჰოი, უგუნურებავ!

განა ის, ვინც მარტოდენ განზრახვით გარდაქმნის მტვერს სხეულად, ის, ვინც უბრძანებს თესლისეული ნივთის მცირე წვეთს საშოში ზრდას და სხეულის ესოდენ მრავალსახოვან და მრავალგვარ აგებულებად განსრულებას, – განა ასეთი ვინმე უფრო მეტად არ შეძლებს იმას, რომ, განიზრახავს რა, კვლავ აღადგინოს უკვე ქმნილი და დარღვეული?

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს – დიდ შაბათს – მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა სასწაულებრივად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებას

„მაგრამ როგორი სხეულით მოვლენ ისინი?“ (1კორ. 15,35). „უგუნურო!“ (იქვე 36), თუკი სიბრმავე არ განებებს, რომ ირწმუნო ღვთის სიტყვები, საქმეთაგან მაინც ირწმუნე, რადგან „შენ რასაც თესავ, არ ცოცხლდება, ვიდრე არ კვდება, და როცა რაიმეს თესავ, არათუ იმ სხეულს თესავ, რაც უნდა შეიქმნეს, არამედ – შიშველ მარცვალს, ვთქვათ, ხორბლისას ანდა სხვა რამისას, ხოლო სხეულს ღმერთი აძლევს მას როგორც ინებებს, და თითოეულ თესლს თავისი სხეული ეძლევა“ (1კორ. 15,36-38). დაუკვირდი, რომ თესლები ისე დაიფლვის ხნულებში, როგორც – საფლავებში. ვინ არის იგი, ვინც შთაუნერგავს მათ ფესვებს, ღეროს, ფოთლებს, თავთავებს და უწვრილეს ფხებს? განა არა ყოველთა შემოქმედი? განა არა იმის ბრძანება, ვინც ყოველივეს აღაშენებს? ამიტომ, გწამდეს ასევე, რომ ღვთის განზრახვითა და ნიშანცემით იქნება მკვდართა აღდგომაც, რადგან განზრახვის თანამსრბოლად აქვს მას ძალაც.

ამრიგად, აღვდგებით, შეუერთდებიან რა სულები გაუხრწნელებულ და ხრწნილებისგან განძარცვულ სხეულებს და წარვუდგებით ქრისტეს საშინელ ტახტს, და გადაეცემიან ეშმაკი და მისი დემონები, აგრეთვე მისი ადამიანი ანუ ანტიქრისტე, ურჯულონი და ცოდვილნი საუკუნო ცეცხლს (არანივთიერს, როგორიც ჩვენთან არის, არამედ – იმგვარს, როგორიც ღმერთმა უწყის), სიკეთის მოქმედნი კი გამობრწყინდებიან როგორც მზე, ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან. მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ ისინი, ამინ!

_______________________________________________________________________

წმინდა იოსებ არიმათიელი

შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰჴსნა უხრწნელნი ჴორცნი შენნი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა რა სამოსელი გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან ნიკოდიმოსისთანა, და გიხილა რა შენ მკვდრად უსულოდ განშიშვლებული, გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა და ესრეთ იტყოდა: ჵ იესუ ტკბილო, ყოველთა მეუფეო, რომელი ეგე მზის თვალმან გიხილა რა ჯვარსა ზედა ვნებულად, წყუდიადი შეიმოსა, ხოლო ქვეყანა ჰგოდებდა, და განიპო კრეტ-საბმელი ტაძრისა ორად, არამედ აწ გხედავ ჩემთვის მომკვდარსა, და ვითარ შეგმურო, ჵ ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ დაგმარხო შენ, ანუ რომლითა ხელითა შევეხო უხრწნელთა ხორცთა შენთა, და წარვგრაგნო იგი ტილოჲთა, ანუ ვითარი შესხმა და გალობა უღაღადო განსლვასა შენსა, ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა, უგალობ ჯვარ-ცმასა და დაფლვასა შენსა, ვაქებ აღდგომასა შენსა, ცხოველს-მყოფელო ყოველთაო, და გიღაღადებ, უფალო დიდება შენდა.

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

___________________

  1. „ხელისაგან“ (έκ χειρός) ნიშნავს იმავეს, რასაც თანდებული „გან“.
  2. სიტყვ. „ჰიპოსტასის“.
  3. ბერძნ. πάχυς (სისქის, სისხოს, „სიჴშოს“ მქონე; შდრ. არსენი „ზრქელი“).
  4. ბერძ. λεπτός (დაწვრილებული, დამცრობილი, ნატიფი, თხელი, სიფრიფანა; შდრ. არსენი: „წულილი“).

18 Responses to “წმინდა იოანე დამასკელი – აღდგომის შესახებ”

  1. davit Says:

    დაგლოცოთ ღმერთმან, ჩემო მეგობრებო მადლიანო ხალხო დიდგორელებო!!! რა კარგია ეს წერილები ეს მილოცვები ეს ვიდეო-გალობანი თქვენს მიერ მოძიებული ძვირფასებო როგორ ზრუნავთ სიკეთით სულის აღსაღზრდელად! ქრისტე აღსდგა ძვირფასებო! გილოცავთ!ჭეშმარიტად მიყვარხართ!!!

  2. ნიკა Says:

    Ну вот сошел «Благодатный Огонь». Всех поздравляем Значит человечество проживет еще один год. Потому что, когда не саидет «Благодатный Огонь» на могиле Спасителя, наступает конец человеческои жизни.
    http://didgoriru.wordpress.com/2010/04/03/sv_ioan_damaskin_voskr/

    • ნიკა Says:

      ძვირფასო დავით! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

      ვულოცავთ, დავითთან ერთად, ყველას, ვინც ჩვენს მილოცვას თვლის დალოცვად!

      • ნიკა Says:

        ქრისტე აღსდგა – ყრმათა შესრულებით

      • ნიკა Says:

        დიდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს! მფარველს უფლის წილხვდომილობით ივერიისას! ქრისტე აღსდგა!ჭეშმარიტად!

      • ნიკა Says:

        Arabic Orthodox Chant الرب يرعاني

  3. იოსებ ღუდუშაური Says:

    ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!

    გილოცავთ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

    • გიორგი Says:

      ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და “დიდგორის” მკითხველნო, და საყვარელნო ქრისტეში! გილოცავთ, ამ დიდ და უდიდებულეს დღეს! დღესასწაულთა დღესასწაულს! სიხარულს და ბედნიერებას! ეს დღე არის მართლაც სრულყოფილი ბედნიერების შეგრძნების ჟამი, როდესაც სული გაბრწყინდება ხოლმე ღვთაებრივი სიხარულით! მადლობა ბატონო იოსებ! მადლობა ჩემო ძვირფასო დავით მოლოცვისათვის! ვულოცავთ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დევნილობაში და მის წინამძღვარს ბატონ ბესარიონ გუგუშვილს აღდგომას ბრწყინვალე დღესასწაულს! ყველაფერი ძალუძს მკვდრეთით აღდგომილ ღმერთს და მწამს, რომ იგი აღგვიდგენს დევილობაში მყოფ ლეგიტიმურ ხელისუფლებას! იბერია, წილხვდომილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და დედისა ჩვენისა მარიამისა, მწამს რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობით გაბრწყინდება! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, უკუნისამდე, ამინ!

      “დიდგორის” რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

      • გიორგი Says:

        მეგობრებო, მრავალჟამიერ- იდღესასწაულეთ აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

  4. ბესარიონი Says:

    „დიდგორის“ მკითხველებსა და რედაქციას ვულოცავ მაცხოვრის აღდგომას — ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად! აღდგომის მადლი მოგფენოდეთ კეთილო ადამიანებო! სიკვდილი დათრგუვნილია სიკვდილით! გაიხარეთ!

    • ლადო Says:

      • nana Says:

        ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! გილოცავთ! ჭეშმარიტად აღსდგა მხსნელი და მაცხოვარი კაცთა მოდგმისა! ამიტომ, გწამდეს ასევე, რომ ღვთის განზრახვითა და ნიშანცემით იქნება მკვდართა აღდგომაც, რადგან განზრახვის თანამსრბოლად აქვს მას ძალაც.

      • stalker Says:

        მეც გილოცავთ აღდგომას! დიდება უფალს!

    • ლომისა Says:

      დიდი მადლობა ბ-ნო ბესარიონ. ვუერთდები ბ-ნ გიორგი წულაძის მოლოცვას.
      პირადად გილოცავთ თქვენ და ბ-ნ იოსებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

      ალექსანდრე

  5. aleksandre bokuchava Says:

    ვემსგავსოთ ქრისტეს მოწაფეებს

    აღდგომას მართლმადიდებელ ქრისტიანთა ქცევისათვის

    ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განმავლობაში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ საზოგადო მსახურებისათვის. პირველ ქრისტიანთა ღვთისმოსაობის შესაბამისად VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მორწმუნეთათვის დაადგინეს: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღიდან კვირაცხოვლობამდე (თომას კვირამდე) მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში მორწმუნენი ყველა ტაძარში განუწყვეტლივ უნდა გალობდნენ, იხარებდნენ და ზეიმობდნენ ქრისტეში, საღვთო წერილს კითხულობდნენ და წმიდა საიდუმლოებებით ტკბებოდნენ. ამრიგად ქრისტესთან ერთად ჩვენც აღვდგებით და ავმაღლდებით. ამის გამო აღნიშნულ დღეებში არამც და არამც არ ტარდება დოღი და სხვა სახალხო სანახაობები“.

    ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განამშვენებდნენ ღვთივსათნო საქმეებით, მოწყალებითა და ქველმოქმედებით. უფლის მიბაძვით, რომელმაც თავისი აღდგომით ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებიდან გამოგვიხსნა, ღვთისმოშიში მეფეები აღდგომის დღეებში საპყრობილის კარებს ხსნიდნენ და ტყვეებს შეუნდობდნენ (მაგრამ არა სისხლის სამართლის დამნაშავეებს). უბრალო ქრისტიანები ამ დღეებში შეეწეოდნენ ღატაკებსა და უპოვართ. აღდგომის დღეს ნაკურთხ საჭმელს ღარიბებს ურიგებდნენ და ამით მათ ბრწყინვალე დღესასწაულის მონაწილეთ ხდიდნენ. ძველი წმიდა ჩვეულება, რომელიც ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა დღემდე შემოინახეს, იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში არცერთი საეკლესიო მსახურება არ გამოტოვონ. ჩვენც მივემსგავსოთ ძველ ქრისტიანებს! ვეცადოთ, რომ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საყოველთაო ზეიმად ვაქციოთ

  6. aleksandre bokuchava Says:

    აღდგომის დღეს მისალმებისა და ურთიერთმთხვევის შესახებ

    ცისკრის შემდეგ მღვდელმსახურები ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავენ საკურთხეველში. ტაძრის წინამძღვარი, დანარჩენი მღვდლები და დიაკვნები ერთმანეთს ეუბნებიან: „ქრისტე აღსდგა!“ და პასუხობენ: „ჭეშმარიტად აღსდგა!“ ასევე ესალმებიან ერთმანეთს ერისკაცებიც. შემდეგ ღვთისმსახურები გამოდიან საკურთხევლიდან, მორწმუნეთ ამბიონიდან ულოცავენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას და სამგზის მიმართავენ მათ: „ქრისტე აღსდგა!“ მრევლი კი პასუხობს: „ჭეშმარიტად აღსდგა!“ ამ სიტყვებით მისალმების ჩვეულება აღდგომის დღესასწაულზე ძალიან ძველია. ქრისტეს აღდგომის სიხარულით მისალმებისას ჩვენ ვემსგავსებით ქრისტეს მოწაფეებს, რომლებიც მისი აღდგომისას „იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდვილვე აღდგა უფალი და ეჩუენა სვიმონს“ (ლუკა 24, 34). მოკლე გამონათქვამში – „ქრისტე აღსდგა!“ თავმოყრილია მთელი ჩვენი რწმენა, ჩვენი სასოების სიმტკიცე და შეურყევლობა, მთელი სისავსე მარადიული სიხარულისა და ნეტარებისა. ამ სიტყვებს ყოველწლიურად მრავალგზის ვიმეორებთ და მაინც მუდამ ახალი და მნიშვნელოვანია. ამ სიტყვებით მორწმუნეთა გული ღვთაებრივი ცეცხლით ივსება, აღაფრთოვანებს მათ და გრძნობენ მკვდრეთით აღმდგარი უფლის მყოფობას. რასაკვირველია, ჩვენი მისასალმებელი სიტყვები: „ქრისტე აღსდგა!“ და „ჭეშმარიტად აღსდგა!“ შთაგონებული უნდა იყოს ქრისტესადმი ცოცხალი რწმენითა და სიყვარულით.

    ამ სააღდგომო მისალმებას უკავშირდება ურთიერთმთხვევაც. ეს ძველი, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან არსებული ნიშანია შერიგებისა და სიყვარულისა. ძველი დროიდან აღესრულებოდა და აღესრულება იგი აღდგომის დღეებში. აღდგომის დღეების ამ ამბორის შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „დაე, გვასხოვდეს ის წმიდა მთხვევა, რომელსაც ღვთისმოშიშ ხვევნასთან ერთად ვუძღვნით ერთმანეთს“.

    • ეკა Says:

      gilocavt! qriste agdga! mravals daeswarit!

      • გიორგი Says:

        ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით,
        ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით.
        ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს – უცნაური რამეა,
        ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა;
        დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
        იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
        მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
        ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!
        ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,
        ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩა და იუდა – რამდენი.
        ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
        ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია – დაცემა!
        მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
        და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი – ოცნებად,
        მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
        ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს?
        ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი – იმედებს.
        ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,
        ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს:
        თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
        ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.
        შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
        ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
        რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი – უფრო ადვილად,
        ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!

        ზვიად გამსახურდია


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: