მრწამსი-სარწმუნოების სიმბოლო

მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმბოლოს ეწოდება
“მრწამსი”.
იგი თორმეტი მუხლისგან შედგება.

მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩვენთა
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ
___________

Πάτερ ἡμῶν ὁ ἐν τοῖς οὐρανοῖς
ἁγιασθήτω τὸ ὄνομά σου·
ἐλθέτω ἡ βασιλεία σου·
γενηθήτω τὸ θέλημά σου,
ὡς ἐν οὐρανῷ καὶ ἐπὶ τῆς γῆς·
τὸν ἄρτον ἡμῶν τὸν ἐπιούσιον δὸς ἡμῖν σήμερον·
καὶ ἄφες ἡμῖν τὰ ὀφελήματα ἡμῶν,
ὡς καὶ ἡμεῖς ἀφίεμεν τοῖς ὀφειλέταις ἡμῶν·
καὶ μὴ εἰσενέγκῃς ἡμᾶς εἰς πειρασμόν,
ἀλλὰ ῥῦσαι ἡμᾶς ἀπὸ τοῦ πονηροῦ.
Ὅτι σοῦ ἐστιν ἡ βασιλεία καὶ ἡ δύναμις καὶ ἡ δόξα εἰς τοὺς αἰῶνας· ἀμήν.

__________________________________________________________________

მ   რ   წ   ა   მ   ს   ი

1. მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

2. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

3. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

4. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

5. და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

6. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

7. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

8. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

9. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

10. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

11. მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

12. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

“მე ვარ შენთანა და ვერავინ არს შემძლებელ ვნებად შენდა!”

მრწამსის განმარტება

1 – მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.

მე მწამს, რომ არსებით ღმერთი არის ერთი, მაგრამ სამსახოვანი: პირველი სახე არის მამა ღმერთი, მეორე – ძე ღმერთი, მესამე – სულიწმიდა ღმერთი. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლადწმიდა სამებას, ერთარსებას და განუყოფელს. ყოვლადწმიდა სამების სამივე სახე თანასწორი ღირსებისაა, ამიტომ შეეფერება მათ ერთნაირი დიდება, პატივი და თაყვანისცემა.

ღმერთი არის მარადიული სული, ყოვლადკეთილი, ყოვლისმცოდნე, ყოვლადმართალი, ყოვლადძლიერი, ყოველგან მყოფი, უცვალებელი, ყოვლად ნეტარი.

ყოვლადწმიდა წამების სახენი განირჩევიან იმით, რომ მამა ღმერთი არც იშობა და არც გამოდის სხვა პირისაგან; ძე ღმრთისა იშობა მამა ღმერთისაგან; სულისწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან.

ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისმპყრობელსა და შემოქმედს, რადგან მან შექმნა ცა და ქვეყანა, ყოველივე ხილული და უხილავი და მას ემორჩილება ყოველივე, რაც კი არის.

უხილავში იგულისხმებიან ანგელოზები, რომელთაც მინიჭებული აქვთ გონება, ნება და ძალა. სიტყვა ანგელოზი ნიშნავს მაუწყებელს, მოამბეს. ასე მათ იმიტომ ეწოდებათ, რომ ღმერთი აგზანვის მათ თავისი ნების მაუწყებლად. ნათლისღების დროს ღმერთი ყოველ ქრისტიანს უგზავნის მფარველ ანგელოზს, რომ დაიფაროს მისი სული და ხორცი ყოველგვარი ბოროტებისა და ეშნაკისაგან.

ეშმაკი ცოდვილი და ღმრთისაგან შერისხული ანგელოზია, რომელსაც შურს კაცის და ცდილობს აცდუნოს და ჩაადენინოს ცოდვა. ეშმაკისაგან და ყოველივე ბოროტისაგან თავი უნდა დავიცვათ ქრისტე ღმერთის სახელის სხენებით, ლოცვითა და მარხვით.

ღმრთის განგება არის ღმერთის მოქმედება, რომლითაც ის იფარავს ქმნილებათა მყოფობას. ყოველ კეთილ საქმეს ჩადის, ხოლო ბოროტს სპობს, ან ასწორებს და მიმართავს კეთილი შედეგისაკენ.

2 – და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

მეორე მუხლში ლაპარაკია სამების მეორე სახის, ღმრთის ძის, იესო ქრისტეს შესახებ. “იესო” ნიშნავს მაცხოვარს; “ქრისტე” კი ნიშნავს ცხებულს. რატომ ეწოდება ღმრთის ძეს მაცხოვარი? – იმიტომ, რომ ის იშვა კაცთა საცხოვნებლად (გადასარჩენად). იესო ქრისტეს, ძეს ღმრთისას ვუწოდებთ მხოლოდშობილს, რადგან ის შობილია ყოველ დროზე ადრე, ე.ი. ის არის ისეთივე მარადიული ძე ღმრთისა, როგორც მარადიულია მამა ღმერთი.

“ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნილი” ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტე არის ნათელი, და შობილია ასევე ნათლისაგან, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და შობილია ასევე ჭეშმარიტი ღმერთისაგან. იგი არის შობილი მამა ღმერთისაგან და არა შექმნილი, როგორც სხვა ქმნილებები. ამასთან, თანაარსია მამისა, ანუ აქვს ერთიდაიგივე არსება მამა ღმერთთან.

“რომლისაგან ყოველი შეიქმნა” ნიშნავს იმას, რომ ძე ღმერთისაგან შექმნილია ყოველივე ისევე, როგორც მამა ღმერთისაგან, ე.ი. ის არის ისეთივე შემოქმედი, როგორიცაა მამა ღმერთი.

3 – რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

მრწამსის მესამე მუხლში საუბარია ღმრთის ძის, იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ. სიტყვები – “ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით” ნიშნავს, რომ ძე ღმრთისა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, და ჩვენი ხსნისთვის გადმოვიდა ზეციდან ქვეყნად. სახელდობრ, რისგან უნდა გამოვეხსენით მას? – ცოდვის, წყევისა და სიკვდილისაგან. ცოდვა არის სჯულის დარღვევა, რის გამოც ადამიანი დაისაჯა წყევით. ცოდვამ გამოიწვია სიკვდილი. არის სიკვდილი ხორციელი და არის სიკვდილი სულიერი. ხორციელი სიკვდილი ხორცისა და სულის გაყრაა, სულიერი სიკვდილი არის ღმერთის მადლის მოკლება.

სიტყვები – “და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა” ნიშნავს, რომ ძე ღმრთისამ მარიამ ქალწულისაგან სულიწმიდის გადმოსვლით მიიღო კაცის სხეული. ღმრთის განკაცება ნიშნავს იმას, რომ იგი შეიქმნა სრული კაცი, მიიღო არა მარტო კაცის სხეული, არამედ კაცის სულიც.

ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს უწოდებს ღმრთისმშობელს და, როგორც ღმრთის დედას, ქერაბინებსა და სერაბინებზე მეტ პატივს სცემს.

4 – და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

მეოთხე მუხლში ლაპარაკია იესო ქრისტეს ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ, როგორ იტანჯა და მოკვდა სხეულით, ე.ი. კაცობრივი ბუნებით და არა ღმრთაებრივით.

ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს, რომელიც იყო იუდეის რომაელი მმართველი.

სიტყვები – “ივნო და დაეფლა” ნიშნავს, რომ მან დაითმინა წამება, მოკვდა ჯვარზე და დაასაფლავეს.

  • 5 – და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

მეხუთე მუხლში საუბარია იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. “მსგავსად წერილისა” ნიშნავს, რომ ძე ღმრთისა, იესო ქრისტე, აღდგა თავისი ღმრთაებრივი ძლიერებით, გაცოცხლდა სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს, როგორც წინასწარმეტყველთა მიერ იყო წინათვე თქმული და დაწერილი საღმრთო წერილში.

6 – და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

მეექვსე მუხლი ლაპარაკობს იესო ქრისტეს ზეცაში ამაღლების შესახებ. რომელი ბუნებით ამაღლდა იესო ქრისტე ზეცაში, ღმრთაებრივით თუ კაცობრივით? – ის კაცობრივი ბუნებით ამაღლდა. ხოლო ღმრთაებრივი ბუნებით ის ყოველთვის იმყოფებოდა ზეცაშიც და ქვეყანაზეც.

ამაღლების შემდეგ ის დაჯდა მამა ღმერთის მარჯვენით, ე.ი. მას აქვს ისეთივე ძალა, დიდება და პატივი, როგორც მამა ღმერთს.

7 – და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

მეშვიდე მუხლში საუბარია ქვეყნად იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროსა და საუკუნო სუფევის შესახებ. ანუ იესო ქრისტე კიდევ (მეორედ) მოვა ქვეყნად თავისი დიდებით. ის მოვა, რათა განსაჯოს ყოველი ადამიანი, ცოცხლები (რომლებიც ცოცხლები იქნებიან მისი მეორედ მოსვლის დროს) და მკვდრები (რომელნიც აღდგებიან მეორედ მოსვლის წინ). ამ სამსჯავროზე ყოველი კაცის სინდისი გამოაშკარავდება და გამოჩნდება ყოველი მათი საქმე, სიტყვა და გულისთქმა.

არავინ იცის, როდის მოვა ქრისტე განსასჯელად. ამიტომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მისი მოსვლისთვის.

საყოველთაო განსჯის შემდგომ დადგება ქრისტეს სასუფეველი, რომელსაც არ ექნება დასასრული.

8 – და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

მერვე მუხლი გვესაუბრება სულიწმიდის შესახებ. სულიწმიდას უფალი ეწოდება იმის გამო, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. ის არის ცხოველსმყოფელი, რადგან მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან ერთად, სიცოცხლეს ანიჭებს ყოველ ქმნილებას, განსაკუთრებით სულიერ სიცოცხლეს ანიჭებს ადამიანებს. მაშასადამე, ის არის ყოვლის შემოქმედი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი.

სულიწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან და ამით განირჩევა ყოვლადწმიდა სამების მეორე სახისაგან, ძე ღმერთისაგან, რომელიც მამისაგანაა შობილი. სულიწმიდა რომ მამა ღმერთისაგან გამოდის, ეს იესო ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს: სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვალს (იოანე 15, 26).

სულიწმიდას თაყვანი უნდა ვსცეთ და ვადიდოთ ისე, როგორც ვადიდებთ და თაყვანს ვსცემთ მამასა და ძეს.

სიტყვები – “რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ” ნიშნავს იმას, რომ სულიწმიდა ლაპარაკობდა წინასწარმეტყველთა მიერ, ე.ი. წინასწარმეტყველნი ლაპარაკობდნენ და წერდნენ სულიწმიდის შთაგონებით.

ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო “მრწამსი”.

9 – ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

მეცხრე მუხლი გვესაუბრება ეკლესიის შესახებ.

რა არის ეკლესია?

ეკლესია არის კრება, ანუ საზოგადოება ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისა, ხოლო თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ეკლესიის წევრი. ამ საზოგადოებაში მუდამ იმყოფება და მოქმედებს ქრისტე თავისი მადლით. ეკლესია ერთია, რადგან მას ჰყავს ერთი თავი – ქრისტე, მასში მოქმედებს ერთი სულიწმიდა, ეკლესიის ყველა წევრს აქვს ერთი სარწმუნოება და სულიერად შეადგენენ ერთ მთლიანობას.

ეკლესია წმინდაა, რადგან ის განწმენდილია იესო ქრისტესაგან მისი ტანჯვით, მოძღვრებით, ლოცვით და საიდუმლოებებით. მართალია, ეკლესიაში არიან ცოდვილნიც, მაგრამ ის მაინც წმინდაა, რადგან ცოდვილნი ინანიებენ თავიანთ ცოდვებს და ღმრთის მადლის ძალით მოიქცევიან; ხოლო შეუნანებელი ცოდვილები, როგორც ხისაგან ხმელი ტოტები, განიკვეთებიან ეკლესიისაგან.

ეკლესიას უწოდებენ კათოლიკეს, რაც ნიშნავს საყოველთაოს. ასე იმიტომ ეწოდება, რომ მას ეკუთვნიან ყოველი ადგილის, დროისა და ხალხის მორწმუნეები.

ჩვენს ეკლესიას სამოციქულო ეწოდება იმიტომ, რომ ის შეუცვლელად იცავს მოციქულთაგან მიღებულ მოძღვრებას და მოციქულთაგანვე აქვს მიღებული თავისი იერარქია. იერარქია არის მღვდელმთავრობა, ანუ საყოველთაო მთავრობა, რომელიც მართავს და განაგებს ეკლესიურ საქმეებს.

საღმრთო იერარქიაში მოციქულთაგან მადლი გადაეცემა საღმრთო ხელდასხმის მეშვეობით მღვდლად კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას.

კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიას განაგებს მსოფლიო კრება.

მსოფლიო ეკლესიის უმთავრესი ნაწილები ემორჩილებიან საეკლესიო მთავრობას, რომელსაც წარმოადგენენ უწმინდესი პატრიარქები და უწმინდესი სინოდი

10 – აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მეათე მუხლში ლაპარაკია ნათლისღებისა და სხვა საიდუმლოთა შესახებ.

საიდუმლო არის ისეთი მღვდელმოქმედება, რომელშიც უხილავად (საიდუმლოდ) მიეცემათ მორწმუნეებს მადლი, ანუ ძალა სულიწმიდისა. წმინდა ეკლესიაში არსებობს შვიდი საიდუმლოება: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა.

ნათლისღების საიდუმლო:

ადამიანი ინათლება იმისათვის, რომ განიწმინდოს ცოდვებისაგან და მიიღოს მადლით შემოსილი ახალი ცხოვრება. ბავშვებს არ აქვთ პირადი ცოდვები, მაგრამ მათ დაჰყვებათ ადამის ცოდვა, რომელიც აღიხოცება ნათლისღების ჟამს. ნათლობისას მოსანათლს ჰყავს მიმრქმელნი, ანუ ნათლიები, რომელნიც თავმდებნი არიან ეკლესიის წინაშე მონათლულის სარწმუნოებაზე და შემდგომში ზრუნავენ ნათლულის სარწმუნოების განმტკიცებისათვის.

სარწმუნოების სიმბოლოში წერია: აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა. ასე იმიტომაა დაწერილი, რომ ნათლისღება არ განმეორდება, ანუ არ შეიძლება ადამიანი ორჯერ ან მეტჯერ მოინათლოს.

მონათლულს გულზე ჯვარს ჰკიდებენ იმის ნიშნად, რომ მუდამ ახსოვდეს: შეუძლებელია ცხონება (ხსნა) ჯვარცმულ ქრისტეში რწმენის გარეშე. ამასთან, ჯვარი იფარავს კაცს ყოველი ბოროტისაგან.

მირონცხების საიდუმლო:

ნათლისღებისას ადამიანს ეცხება მირონი, რითაც მას ენიჭება მადლი სულიწმიდისა, რომლის შემწეობით კაცი იზრდება და ძლიერდება სულიერ ცხოვრებაში.

ზიარების საიდუმლო:

ზიარების საიდუმლოში მორწმუნე პურისა და ღვინის სახით იღებს ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ის უხილავად უერთდება ქრისტეს და საუკუნო ცხოვრების მოზიარე ხდება. წმინდა ზიარების მისაღებად აუცილებელია მომზადება, რაშიც იგულისხმება მარხვა, ლოცვაი, სინანული და აღსარების თქმა.

სინანულის საიდუმლო:

სინანულის საიდუმლო გულისხმობს, რომ მონანულმა აღიაროს მღვდლის წინაშე ის ცოდვები, რაც მონათვლის შემდგომ ჩაუდენია. მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ აღიარება. მონანული ადამიანი უნდა წუხდეს თავის ცოდვებზე, სურდეს თავისი ცხოვრების გამოსწორება, განმტკიცდებოდეს ქრისტეს სარწმუნოებაში და ჰქონდეს უფლის მოწყალების იმედი. ასეთი ადამიანი მღვდლის დახმარებით მიიღებს შენდობას თვით იესო ქრისტესაგან.

მღვდლობის საიდუმლო:

მღვდლობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გამოარჩევენ ღირსეულ პირს და ეპისკოპოსის ლოცვით დაასხამენ ხელს, რითაც მას გადაეცემა მადლი მღვდლობისა, რათა შეასრულოს საიდუმლონი და უპატრონოს ქრისტეს სამწყსოს დედამიწაზე.

ქორწინების საიდუმლო:

ქორწინების საიდუმლო სრულდება სასიძოსა და სასძლოზე, რომლებიც თავიანთი ნებით ქმნიან ოჯახს. ქორწინების საიდუმლოში ხდება მათი მეუღლეობრივი კავშირის კურთხევა. მეუღლეებს მოეთხოვებათ ერთმანეთის სიყვარული, ერთგულება და შვილების აღზრდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.

ზეთის კურთხევის საიდუმლო:

ზეთის კურთხევის საიდუმლოებაში მორწმუნეს სცხებენ ნაკურთ ზეთს და მოუწოდებენ მასზე სულიწმიდის მადლს, რომელიც კურნავს მის სულიერ და ხორციელ უძლურებებს.

11 – მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

მეთერთმეტე მუხლში საუბარია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.

ყოველი გარდაცვლილი ადამიანის სული ხელახლა შეისხამს ხორცს და ადამიანი გაცოცხლდება, აღდგება მკვდრეთით და ამის შემდეგ უხრწნელი და უკვდავი იქნება. უკვე გახრწნილი და გაბნეული სხეულის აღდგინება მოხდება ღმრთის ძალით, ადამიანის სხეული ღმერთის შექმნილია, ამიტომ მისთვის არც გახრწნილი სხეულის აღდგინება წარმოადგენს სირთულეს.

აღდგომა შეეხება ყველა გარდაცვლილ ადამიანს, ხოლო ისინი, ვინც მეორედ მოსვლას ცოცხალი შეხვდება, წამიერად შეიცვლებიან და უხრწნელ სხეულს მიიღებენ. მკვდრეთით აღდგომა მოხდება ქვეყნის დასასრულს. ამ დროს განხრწნადი ქვეყანა დაიწვება და შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა, რომელიც იქნება უხრწნელი.

მკვდართა საყოველთაო აღდგომამდე კი გარდაცვლილთა სულები მიდიან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში. მართალთა სულები ნეტარებენ სამოთხეში, მაგრამ არასრულად; ცოდვილთა სულები კი იტანჯებიან ჯოჯოხეთში, თუმცა ასევე არასრულია მათი ტანჯვა. სრული მისაგებელი ადამიანებს საშინელი განსჯის შემდგომ მიეცემათ. საშინელი განსჯის დროს ცოდვილთა სულებს დიდად დაეხმარებათ მათთვის ეკლესიასა და სახლში აღვლენილი ლოცვები.

12 – და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

მეთორმეტე მუხლში ლაპარაკია მომავალ საუკუნო ცხოვრებაზე, რომელიც დადგება მკვდრების აღდგომისა და საშინელი განსჯის შემდეგ. ეს ცხოვრება მართალთათვის იქნება ისეთი ნეტარი, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ შეგვიძლია, ხოლო ცოდვილთათვის – მეტად სატანჯველი.

სარწმუნოების სიმბოლო სრულდება სიტყვით “ამინ”, რაც ნიშნავს: “ჭეშმარიტად, ასეა”. როდესაც ამ სიტყვით სარწმუნოების სიმბოლოს ვამთავრებთ, ამით ვადასტურებთ, რომ გვწამს ისე, როგორც წარმოვთქვით.

კითხვა-მიგება მარკოზ ეფესელისა, რომლის ზედწერილია “ლატინოს,” ანუ “მრწამსის” დანამატის შესახებ

ლათინელი: მიკვირს, რომ გვკიცხავთ ჩვენ “მრწამსის” შევსების გამო, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო კრებამ პირველი კრების მთელი მრწამსი შეცვალა, როდესაც დამატებები შესძინა მას და როდესაც მეტი სიცხადისათვის გაზარდა კიდეც და განავრცო იგი. ასე რომ, სიტყვიერი ცვლილება არაფერს ავნებს მათ, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ დოგმატებს.

ბერძენი: ვაღიარებთ, რომ ასეა და ვიცით, რომ მეორე კრების “მრწამსი” წარმოადგენს პირველის სიტყვიერ ცვლილებას, თუმცა ამით იმას როდი ვამბობთ, რომ ხსენებულ მამათა მსგავსად, თქვენც გაქვთ უფლება შეცვალოთ “მრწამსი”.

ლათინელი: რატომ?

ბერძენი: უპირველსად, იმიტომ, რომ ის კრებები მსოფლიო კრებები იყო, ხოლო შენი შემატება ამგვარი არ არის, თუმცა დიდად იქადი პაპით და მისი პირველობით. გარდა ამისა, მაშინ შეიძლებოდა შემატება, რადგანაც ჯერ კიდევ არ იყო ეს აკრძალული, ხოლო შენ, რომელიც აკრძალვის შემდეგ ბედავ სიტყვის დართვას, თანამდები ხარ მამათა მიერ აღმოთქმული წყევლისა.

ლათინელი: როდის და რა მიზეზით მოხდა აკრძალვა?

ბერძენი: დაწვრილებით გეტყვი: პირველი კრების მიერ გადმოცემული ”მრწამსის” შემდეგ სხვადასხვა კრებებზე ჩამოაყალიბეს ბევრი სხვადასხვა ”მრწამსი”, სადაც უარყოფილ იყო ”ერთარსება”. ყველა მათგანი გაუქმდა, ხოლო მეორე კრებამ, რომელი მსოფლიო იყო და ზედმიწევნით იცავდა პირველი მრწამსის შინაარსს, თვითვე ჩამოაყალიბა იგი, რასაც ამჟამად ჩვენ ვფლობთ შემატების გარეშე, თქვენ კი – შემატებითურთ. ამ კრებათაგან არც ერთს არ დაუწესებია აკრძალვა შეცვლაზე. შემდეგ, მესამე მსოფლიო კრების დროს, ნესტორის თანამოაზრეებმა წაიკითხეს მათ მიერ შედგენილი ”მრწამსი”, რაც შეიცავდა ერეტიკულ აზრს, და რითაც ლიდიაში ვიღაცის მონათვლაც გაებედათ მათ; როდესაც მამებმა მოისმინეს წაკითხული, შეუწყნარებლად მიიჩნიეს ”მრწამსის” ნებისამებრ შეცვლა და მყისვე განაჩინეს კანონი, რომ არასოდეს არავის გაებედა შეცვლა მამათა მიერ გადმოცემული ”მრწამსისა”, (ანუ, რაც იგივეა, ”სარწმუნოების სიმბოლოსი”). ამიტომ, ნეტარმა კირილემ, რომელიც თვით თავმჯდომარეობდა ხსენებულ დიდ კრებას და, რომელმაც, ცხადია, კარგად უწყოდა თავისივე განჩინება, იოანე ანტიოქიელისადმი მიწერილ ეპისტოლეში ეს გვამცნო: ”არანაირად არ შევიწყნარებთ მამათა ჩვენთა მიერ გადმოცემული მრწამსის, ანუ სარწმუნოების სიმბოლოს შერყევას, არცთუ ნებას მივცემთ საკუთარ თავს თუ ვინმე სხვას, სიტყვა შეცვალოს იქ დადგენილ ტექსტში ანდა გადაუხვიოს თუნდაც ერთ მარცვალს, რადგანაც გვახსოვს იგი, ვინც გვამცნებდა: ”ნუ ცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა” (იგავ. 22, 28). რამეთუ არათუ თვით ისინი იყვნენ მეტყველნი, არამედ სული მამისა, რომელიც მისგან გამოდის და რომელიც არსობრივად უცხო არ არის ძისა”.

გესმის? არათუ აზრის, არამედ სიტყვისა და მარცვლის შეცვლასა და გარდასვლასაც კი კრძალავს წმ. კირილე, რადგანაც ამბობს: ”არცთუ ნებას მივცემთ საკუთარ თავს თუ ვინმე სხვას…”; ამას ამბობს მთელი კრების პირით და თუმცა ეს კრებაც მსოფლიო იყო, მან მხოლოდ აკრძალვის კანონი განაწესა…1

ლათინელი: ეს განჩინება ეხება ”სხვა მრწამსს”, ანუ ისეთ მრწამსს, რომელიც ”საწინააღმდეგოა” საეკლესიო დოგმატებისა და განსხვავდება მათგან, ხოლო ის ”მრწამსი”, რომელიც გავრცობილია სიცხადის მიზნით, სრულიად არ არის ”სხვა”, თუნდაც, რომ სხვაობდეს პირველი ”მრწამსისაგან” ერთი ან მრავალი სიტყვით.

ბერძენი: მიკვირს, რატომ ვერ წვდები სიტყვების აზრს, და რატომ განმარტავ მათ შენი სურვილის მიხედვით, რადგანაც სიტყვა ”სხვას” მხოლოდ ისეთი უგუნური კაცი გაიგებს ”საწინააღმდეგოს” შინაარსით, რომელმაც არ იცის, თუ როგორ შეუფარდოს საქმეთა ბუნებას შესაბამისი სიტყვა. ცხადია, დიდად განსხვავდება სიტყვა ”სხვა” სიტყვისაგან ”საწინააღმდეგო”, რადგანაც ყველაფერი ის, რაც ”სხვაა” რაიმესაგან, მისი ”საწინააღმდეგო” როდია! მაგალითად, ადამიანი სახით სხვაობს ცხენისაგან, მაგრამ არ არის საწინააღმდეგო მისი, რადგანაც არსების მიხედვით არაფრით ეწინააღმდეგება მას. ასე რომ, ზემორე კრების განჩინებას ”სხვა მრწამსი” ”საწინააღმდეგო მრწამსის” აზრით არ უთქვამს, როგორც მაგალითად ”ცხოველი” არ ითქმის ”ადამიანის” აზრით…2

ლათინელი: აქამდე არასოდეს მისწავლია ეს ყველაფერი, ან კი მიკვირს, რომ ამდენი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც არ შერცხვათ და ძველთაგანვე იკადრეს შემატება ”მრწამსისა”, აგრეთვე, ამ შემატების აღიარება და შთამომავლობისათვის მისი გადაცემა.

შენიშვნები:

1. ტექსტის გამომცემლის შენიშვნით, წმ. მარკოზ ეფესელი შემდეგ ეხება ქალკედონის კრების განჩინებას, სადაც აკრძალულია სხვა სარწმუნოების შემოტანა.

2. აქ ტექსტის გამოცემაში გამოტოვებულია ციტატა VII საეკლესიო კრებიდან, აგრეთვე სხვა ციტატები.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. II.

http://studieli.blogspot.com/2010/06/blog-post.html

27 Responses to “მრწამსი-სარწმუნოების სიმბოლო”

  1. mariami Says:

    თქვენებრ არვის ძალუძს ასე ღვთისშვენიერად წარმოადგინოს დოგმატთა წერილები! ამინ!

    • davit Says:

      მართლაც მარიამ, გეთანხმები! საერთოდ დიდგორი სულიერი შუქურაა საქართველოს ცაზე ჩამოწოლილ დიდ წკვარამში!

      • ნიკა Says:

        Moшти Светог Александра Свирског – Александр Свирский

      • ნიკა Says:

        Свято-Успенская Киево-Печерская Лавра

      • ნიკა Says:

        Херувимская песнь

      • ლადო Says:

        φωτο αγιου ορους

      • ლადო Says:

        ORTHODOXY AROUND THE WORLD. THE ORTHODOX CHURCH

      • ლადო Says:

        Гласом моим ко Господу воззвах – Архангельский

      • ლადო Says:

        NIKA, ეს ვიდეო არ დაკარგო ადრე გამოქვეყნებული აქეთაც გადმომაქვს!
        ΑΞΙΟΝ ΕΣΤΙ – ΑΙ ΓΕΝΕΑΙ ΠΑΣΑΙ [Great Friday (2d part)]

      • ლადო Says:

        წმინდაო ღმერთო(საგალობელი)-Tsmindao Gmerto

      • გიორგი Says:

        ძვირფასო მეგობრებო, ნახეთ ჩვენს წინაპართა სისხლით და ოფლით აღშენებული ტაძრები, რომელთა კედლებმაც წმინდა მართლაღმსარებლობის ისეთი მადლი შემოინახეს, რომ მხოლოდ მათი ხილვითაც კი ცრემლები დაგედინება სახეზე! ხოლო დღეს ამ ტაძრებში იუდა ისკარიოტელი იერარქები მსახურებენ, ვერცხლს იხვეჭენ და იხვეჭენ და ასე გაუმაძღრად ვითომდაც ემსახურებიან უვერცხლო საეკლესიო მსახურებათა მცნების დამწესებელ ღმერთს! ხოლო ქრისტეს ერთგული მღვდლები თუ იქ შევიდნენ უმალ სპეც-დანიშნულების რაზმს გამოიძახებენ ვიდრე მათ იქ უბრალოდ ფეხს დაადგმევინებენ! ჰოი წყეულო ვერცხლით გაუმაძღარო ცრუ-პატრიარქო ილია მეორე და მასზე უარესად ვერცხლით გაუმაძღარო წყეულო და უწმინდურო მისო სინოდო, დიდი დღე აღარ გიწერიათ მოდის თქვენს წინააღმდეგ განრისხებული წმინდა გიორგი და მთელი ზეციური მხედრობა!
        Georgian Churches \ ქართული ეკლესიები

      • ნიკა Says:

        Wonderworking Marian Icons of Ukraine II – with Agni Parthene Orthodox chant in Ukrainian

  2. ევსები Says:

    ნიკეის მრწამსი(გინდა კონსტანტინოპოლის მრწამსთან ერთად აღებული) არ გამოხატავს იმ აზრს რაც არის განმარტებაში…

    საერთოდ, ნიკეის მრწამსი გაკეთდა და აიგო 1 კორინთელთა 8:6-ზე და ნათლად ჩანს რომ მრწამსში საუბარია ამაზე:

    “მრწამს ერთი ღმერთი – მამა”

    და “ერთი უფალი – იესო ქრისტე”

    ამიტომაც ვთვლი, რომ ე.წ. ათანასიანური კრედო ბევრად უკეთ გადმოსცემს მრწამსს ვიდრე ნიკეა-კონსტანტინოპოლის… რისი დასტურიცაა ისიც, რომ არიანელებმაც მოაწერეს ხელი ნიკეის კრების განჩინებას თავიანთი აზრის შეუცვლელად, მერე კი მომდევნო კრებებზე თავიანთი გაიტანეს…

    • ნიკა Says:

      “ბევრად უკეთ”, არ არის სწორი, ბატონო ევსები, რადგან სულიწმინდა უფლით შთაგონებულმა კრებებმა, რაც დაამტკიცეს, მას ყოყმანი აღარ სჭირდება, ანუ ღვთის სიტყვა უყოყმანოდ უნდა მივიღოთ და “ბევრად უკეთ” – ით გარშემოუწერელი ღმერთის განჩინება ვეღარ განიზომება!

      • ევსები Says:

        კარგით ბატონო ნიკა, უბრალოდ ჩემი აზრით მრწამსი ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოხატავდეს ჭეშმარიტებას და არ უნდა იყოს მასში ფრაზები, რომელიც ნაწილობრივ მისსავე საწინააღმდეგოდ განიმარტება…

        ერთი რამ მაინტერესებს – რატომღაც მრწამსი არ გადმოსცემს დოგმატს სულის უკვდავებაზე(მეორედ მოსვლამდე) და არ საუბრობს ჯოჯოხეთის არსებობაზე… მაგ დროს არ იყო ჯერ ეს დოგმატი ჩამოყალიბებული ეკლესიაში? იყვნენ წმინდანები ვინც უარყოფდნენ ჯოჯოხეთის და საერთოდ სულის უკვდავების(თავისივე ბუნებით და არა მადლით) იდეას… (ანუ ანიჰილაციონისტები, ეზეკიელის 18 თავზე დაყრდნობით თუნდაც)

        მრწამსში მხოლოდ წერია ის რომ “ადამიანი აღდგება მკვდრეთით და არის მოლოდინი საუკუნო სიცოცხლისა”, შეგიძლიათ ამაზე გამცეთ პასუხი?

      • davit Says:

        ვაიმე რა ევსები რა ძალიან უგზო-უკვლოდ ხარ განათლებული! კაცო რა დაგემართა კირილე პატრიარქის მუფტმა ხომ არ მოგაჯადოვა! ამას რომ წერ: ერთი რამ მაინტერესებსო – რატომღაც მრწამსი არ გადმოსცემს დოგმატს სულის უკვდავებაზე(მეორედ მოსვლამდე)–ოო! კაცოოო ტრაპიზონში ხარ? აბა დოგმატში არა სწერია რომა მოველი აღდგომასა მკვდრეთით მერმისსა მის საუკუნესსასაო, ეს ქრისტეს დოგმატიდან განა არ იცი კაცო? აბა რა არის ეს სიტყვები თუ არა დოგმატი სულის უკვდავებაზე?

      • ნიკა Says:

        1) ბატონო “ევსები”, მრწამსიდან თქვენ რომელ ფრაზებზე ბრძანებთ, რომელიც ნაწილობრივ მისსავე საწინააღმდეგოდ განიმარტება? გთხოვთ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ.

        2) მრწამსი როგორ არ განმარტავს სულის უკვდავებას, აი ესეც: “მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ”.

        3) ჯოჯოხეთის არსებობას წმინდა სახარება განმარტავს და თქვენთვის წმინდა სახარების განმარტებანი ჭეშმარიტება არ არის? საერთოდ დოგმატები სახარებიდან გამომდინარე ჭეშმარიტებანი არიან.

        4) არც ერთი წმინდანი არასოდეს არ უარყოფდა ჯოჯოხეთს და სულის უკვდავებას. დაასახელეთ, თქვენ რომელ წმინდანებზე საუბრობთ.

        5) “მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ” – ეს არის სახარებიდან უფლის აღთქმის თანახმად მოკლედ გამოსახული დოგმატში, რომ მოვა ქრისტე მეორედ, განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, და დაამკვიდრებს ღირსეულთ თავის სასუფევლად.

        საერთოდ დოგმატები იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ არსებით საკითხებზე არავინ გაბედოს თვითნებური განმარტებანი.

      • ევსები Says:

        ბატონო დავით, “მოველი ცხოვრებას მერმისა საუკუნოსა” – ეს რა თქმა უნდა, ამაზე არც მქონია საუბარი, მე ვსაუბრობდი მეორედ მოსვლამდელ უკვდავებაზე და ჯოჯოხეთის არსებობაზე, თორემ საუკუნო სიცოცხლეზე ნამდვილად წერია მრწამსში…

        ბატონო ნიკა:

        ამ წამს მახსენდებიან წმინდა იუსტინე წამებული და წმინდა ირანეუს ლიონელი, ანიჰილაციონიზმის მიმდევრები, ვინც თვლიდნენ რომ სულის უკვდავება იყო გასამრჯელო… ანუ ორი ტიპის ხვედრი არსებობსო: “საუკუნო სიცოცხლე და საუკუნო სიკვდილი(განადგურება)…-ო.

        რაც შეეხება მრწამსიდან საპირისპიროდ განმარტებულ ფრაზებს, ესაა:

        “მწამს ერთი ღმერთი – მამა… და ერთი უფალი – იესო ქრისტე, და სულიწმინდა – უფალი და ცხოველმყოფელი…”

        ანუ თავიდან წერია რომ არსებობს ერთი ღმერთი და ეს არის მამა, შემდეგ წერია რომ უფალიც არის ერთი და ეს არის იესო(თუმცა მერე წერია რომ იესოც ღმერთია) და შემდე წერია რომ სულიწმინდაც უფალია და ღმერთი…

        ნიკეის მრწამსში უფრო მეტად იყო ეს(სრული მონოთეიზმი) გამოხატული, რადგან სულიწმინდის ღვთაებრივობაზე იქ არ ეწერა(თუმცა ამის აუცილებლობა მაშინაც არსებობდა, მაკედონიანიზმი მაშინაც იყო)…

        ისე, არ მინდა აქ სხვა თემებსაც შევეხო, მაგრამ თუ წმინდანთა უცდომელობაზე აპელირებთ, მაშინ შეგიძლიათ გადახედოთ

        1. წმ. ათანასეს “4 დისკორსი არიანელთა წინააღმდეგ”, მესამე თავი, 43 აბზაცი.

        2. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის “ორაცია N30”, 15 აბზაცი…

        და ამის მერე – ეფესოს კრების ანათემას(ნესტორიანელთა წინააღმდეგ), რომელიც წმინდა კირილე ალექსანდრიელმა შეადგინა…

      • davit Says:

        კაცო ევსები რას ამბობ რას! მრწამსის დოგმატში მოველი აღდგომასა მკვდრეთით მერმისა საუკუნესა მარადო, უკვდავი ვიქნებიო რომ უნდა თქვას ადამიანმა, როგორ მეორედ მოსვლამდე თუ მოვკვდები დავუშვათ ჯვარი მწერია ხომ არა ვქრები სულით არა, არამედ დროებით სამყოფელშია მეორედ მოსვლამდის ადამიანის სული ან ჯოჯოხეთად ან სამოთხედ მაშასადამე უკვდავია მეორედ მოსვლამდის და მემრეცა!

      • davit Says:

        ეგრე რომაა იმადაც ვიხდით ხოლმესა ეკლესიებში მიცვალებულთა მოსახსენიებელს პანაშვიდებსა, მაშასადამე იმქვეყნად უკვდავ სულებსა შევუმსუბუქოთ ხვედრი! კაცო ეკუმენისტურ ტაძარში მაინც არ დადიხარ მაგდენსა კემულარია მღვდელიც აგიხსნის. თავის თავის უბედურებას ეკუმენიზმისას ვერაფერს იგებს თორემა მაგდენი კი იცის.

      • ნიკა Says:

        Sf Serafim de la Sarov

      • ნიკა Says:

      • გიორგი Says:

        ზვიად გამსახურდია: მთვარის ნიშნობა : ციკლიდან “ტერენტი გრანელი” : სამება

        ***

        თვით უზენაეს ანგელოსთა აალებული მზერა
        ბრმავდება წინაშე პირისა შენისა.
        სამყაროს მთელი უსასრულობა
        შავი ლაქაა
        შენი უსაზღვრო ნათლის წინაშე.
        რაც უფრო მოგელტვიან ანგელოსნი,
        მით უფრო გშორდებიან,
        რაც უფრო ნათლდებიან შენით,
        მით უფრო ინთქმებიან
        შენს მარადიულ ბნელში.

        ჩვენ კი, შენს უკვდავ ზრახვათა ჩრდილნი
        საღამოს პირად აღმოვცენდებით
        ვცახცახებთ და ურთიერთს ვფარავთ,
        ვიდრე საბოლოოდ არ შევერწყმით
        სხვა, უფრო დიდ ჩრდილთა სიმრავლეს.

        ჰქრება ჩვენი დიდების სიზმარი,
        ქარწყლდება ჩვენი განწირული ცდა
        შენამდე მოსვლისა
        და ოდენ შთება
        შენი ნაპერწკალი,
        რომელიც შესაქმის გარიჟრაჟზე
        დაგვეცა შენგან
        და დაგვანთო უქრობ კელაპტრად
        არარაობის უფსკრულთან.

      • ნიკა Says:

        Aliluia

      • ნიკა Says:

        Valaam Monastery – Psalm 103

      • გიორგი Says:

        325 წ., კრების მსვლელობისას წმინდა სპირიდონმა დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა ერეტიკოსებისათვის, თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც – სამი პირი და ერთი ბუნება”, – განუცხადა მოწინააღმდეგეებს წმ. სპირიდონმა.

      • გიორგი Says:

        Вознесение Господне. Слово на православные праздники.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: