წმინდა დიდმოწამე მარინე

წმინდა დიდმოწამე მარინე (IVს.)

ხსენება 17(30) ივლისი

  • წმინდა დიდმოწამე მარინეს ტროპარი

ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

  • კონდაკი

ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი.

წმინდა დიდმოწამე მარინე პისიდიის ანტიოქიაში დაიბადა, წარმართი ქურუმის ოჯახში. დედა ადრევე გარდაეცვალა და მამამ მისი აღზრდა გამდელს მიანდო, რომელმაც წმინდა ქალწული ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულად აღზარდა.

იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო. ანტიოქიაში ქრისტიანების დასასჯელად მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა და შეიტყო, რომ ქალწული ქრისტეს აღმსარებელი იყო და მონათვლასაც აპირებდა. მაშინ ოლიმბრმა წმინდა მარინეს გადაბირება იწყო, რადგან მისი სილამაზით მოხიბლულს წმინდა მარინეს ცოლად შერთვა სურდა. მაგრამ რა ნახა, ქალწულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტეს ერთგულება, შეიპყრო და სამსჯავროს წინაშე წარადგინა, სადაც წმინდა მარინეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. მიუხედავად სასტიკი წამებისა, იგი ვერ გატეხეს. ბოლოს მმართველის ბრძანებით გაკოჭილი მარინე წყლით სავსე კოდში ჩააგდეს დასახრჩობად. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს შეერაცხა მისთვის ნათლისღებად. მართლაც, მოხდა სასწაული. მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. ამ სასწაულმა განაცვიფრა ხალხი, ბევრმა ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი გააფრთდა და ყველას ამოჟლეტა ბრძანა. წმინდა მარინეს კი თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისხვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის ერთი მკლავი; მეორე კი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დასვენებული.

_____________________________________________________________________

წმინდა მარინემ ბერძნების ოჯახს ბავშვი გადაურჩინა

ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, ვინც წმინდანების მეოხებით ღმერთს შეწევნას ევედრება, ჩვეულებრივი მიწიერი მოვლენაა მიწიერ და ზეციურ ეკლესიებს შორის უშუალო კავშირი. ამ ორიოდე წლის წინ, ვასილიუსების ოჯახი კვიპროსიდან, მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მათ ლეიკოზით დაავადებული მცირეწლოვანი ანდრიასათვის ზურგის ტვინის გადანერგვისათვის საჭირო დონორი ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცა, დონორი გამოჩნდა და ოჯახი აშშ-ში გასამგზავრებლად მოემზადა, რადგან სწორედ იქ უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია.


თუ როგორ ევედრებოდა უფალ იესო ქრისტეს შვილის გადარჩენას ვასილიუს ოჯახი, სატელევიზიო სიუჟეტშიც ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმიდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა აეღოთ. ისინი, კუნძულ ანდროსზე მდებარე, წმ. მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს – არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით ესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, რომ ოპერაციის დროს წმიდა მარინე ყოფილიყო მათი ბავშვის შემწე. მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმიდა მარინესადმი უსაზღვრო რწმენით მშობლები პატარა ანდრიასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ.

შესაბამისი წინასაოპერაციო გამოკვლევისა და მომზადების შემდეგ, პატარა ანდრია ურთულეს ოპერაციაზე შეიყვანეს. ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ქირურგთან ერთი ქალი მივიდა და განუცხადა, რომ იგი პატარა პაციენტის პირადი ექიმია და ოპერაციაზე დასწრება სურს. საუბარში ქალმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოამჟღავნა, რომ ქირურგს მასში ეჭვიც არ შეპარვია, თუმცა აუხსნა, რომ ასეთ რთულ ოპერაციაზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელია და მათი საოპერაციო ბრიგადის პრაქტიკაში მსგავსი რამ არც მომხდარა. თუმცა ქალის დაჟინებულმა თხოვნამ ქირურგს აზრი შეაცვლევინა. ოპერაციაზე შესვლამდე მან ქალი მდივანთან გაგზავნა, სადაც მას თავისი მონაცემები უნდა ჩაეწერა.


უცნობი ექიმი ქალი არა მარტო დაესწრო, არამედ ენერგიულად ჩაერთო პატარა ანდრიას ოპერაციის მსვლელობაში და მას რამდენჯერმე ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქირურგმა უცნობ ექიმ ქალს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა. პატარა ანდრიას მშობლებმა როგორც კი ქირურგი დაინახეს, ოპერაციის შედეგის გასაგებად მიეჭრნენ: „ყველაფერმა ძალზე კარგად ჩაიარა“, – უთხრა მათ ქირურგმა და დაამატა: „თუმცა ვერ გამიგია, რატომ მომმართეთ მე, თუკი ბავშვებისათვის ასეთი ექიმი გყავდათ?“. გაოცებულმა მშობლებმა თქვეს, რომ არავითარი ექიმი არ ჩამოჰყოლიათ და ასეთ ვინმეს არც კი იცნობენ. მაშინ, ქირურგმა ურჩია, რომ ცოტაც მოეთმინათ, ვიდრე უცნობი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვიდოდა… ამაოდ უცდიდნენ და ამაოდ ეძებდნენ ყველგან უცნობ ექიმ ქალს – იგი გაუჩინარდა. პატარა ანდრიას მშობლებმა ბოლოს ივარაუდეს, რომ რომელიმე ექიმს საბერძნეთიდან ან კვიპროსიდან, მათი თანადგომისათვის, ოპერაციაზე დასასწრებად აშშ-ში ჩამოვიდა. ისინი მდივანთან მივიდნენ, რათა ამ უცნობი ექიმის მისამართი მაინც გაეგოთ და მადლობა მოგვიანებით გადაეხადათ. ყველასათვის გასაოცრად უცნობ ექიმ ქალს ჟურნალში თავისი სახელი – მარინე ანდროსიდან ჩაეწერა. ბავშვის მშობლები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, კარგა ხანს გაოგნებულები იდგნენ. მათი თვალები სიხარულისა და წმიდა მარინესადმი მადლიერების ცრემლებით აივსო. მაშინ გაიხსენეს მონასტრის იღუმენის სიტყვები: „წადით ამერიკაში, დაე, წმიდა მარინე გყავდეთ შემწე საოპერაციოში“.

უსაზღვრო სიხარულითა და მადლიერებით აუწყა ვასილიუსთა ოჯახმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატარა ანდრიას გამოჯანმრთელებისა და ნამდვილი სასწაულის შესახებ. ამ ამბის შემდეგ ოჯახმა აღთქმა დადო, რომ კუნძულ ანდროსზე, წმიდა მარინეს მონასტერში, ყოველწლიურად დასწრებოდნენ ამ სასწაულმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.

ღვთის მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მრავლად აღესრულება წმინდანთა სასწაულები, რომელთა მეშვეობით, ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე, თითოეული ჩვენგანის რწმენაში განმტკიცებას ცდილობს.

გაზეთი „სტილოს ორთქოდოქსიას“
ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 6, 2006 წ

17 Responses to “წმინდა დიდმოწამე მარინე”

  1. ნიკა Says:

    მარიამ, ბოდიშით, დროულად რომ ვერ გამოგიქვეყნეთ თქვენს მიერ მოწოდებული წმინდანის წერილი. დაგვიანებით გილოცავთ ყველას მარინეობას და იყოს ეს დიდი წმინდანი მისადმი მვედრებელთა შემწე სნეულებასა და განსაცდელში, ისევე, როგორც სასწაულებრივად უხელმძღვანელა განსაცდელში ჩავარდნილი ბერძნული ოჯახის ყრმა ბავშვის ოპერაციას.

    • ნიკა Says:

      Sf Serafim de la Sarov

    • mariami Says:

      დიდი მადლობა, იმ დიდი სულიერი საზრდელისათვის, ბატონო გიორგი, რაც მხოლოდ ფსალმუნ-საგალობლების თუ საერთოდ საგალობლების მეშვეობით ვიღებთ თქვენი ვირტუალური ჟურნალ დიდგორიდან! მე ასე შეგაფასებდით: თქვენ, ბატონო გიორგი, ღვთისმშობლის კანდელის მსახურად დაგაყენათ უფალმა, რათა არ ჩაქრეს მისი ნათელი და მარად ანათებდეს ეს კანდელი ადამიანთა წინაშე! ასე რომ, გამხნევდით!
      Orthodox music 6 Divna Дивна Любоевич dostoino est

      • ლადო Says:

        ეს ცოტა ხალხურია მაგრამ ასე არაფერს არანაირ გალობას არ შეუძვრია ჩემი სული! ღმერთო შემიწყალე!
        Η ζωή εν τάφω – Εγκώμια του Επιτάφιου [Στάσις Πρώτη]

      • გიორგი Says:

        ქრისტესმიერ საყვარელო, ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ გიორგობას!
        ΤΑΦΟΣ ΤΟΥ ΑΓΙΟΥ ΓΕΩΡΓΙΟΥ ΛΥΔΑ ΑΓ. ΤΟΠΟΙ.

      • გიორგი Says:

        წმინდა გიორგის ტროპარი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: