ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი

ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი (+522)

1 (14) აპრილი, დიდმარხვის მე-5 კვირა

ცხოვრება და მოღვაწეობა

პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა. მაგრამ აი, მაცთურმა გულის სიტყვამ აღამღვრია იგი და აღზრზინებით იტყოდა თავისთვის: „მოიძებნება კი სადმე, თუნდაც უშორეს უდაბნოში, წმიდა კაცი ვინმე, აღმატებული ჩემზედ სიფრთხილე-სიფხიზლესა და შრომა-მოღვაწეობაში?!“

და ვითარცა განიზრავხიდა იგი ასე, აჰა ანგელოზი უფლისა ეჩვენა მას და უთხრა: „ჰოი, ზოსიმეო, კაცთა კვალობაზე ცუდად როდი მოსაგრეობდი შენ, გარნა წერილს არს: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, არავინ არს გულისხმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღვთისა (რომ. 3, 10-11), იმისთვის, რომ გულისხმა-ჰყო, თუ რამდენია კიდევ სხვა და ასევე მაღალი მაგალითი სულის მხსნელი მოღვაწეობისა, განვედ ამ სავანიდან, ვითარცა აბრაამი განვიდა სახლისაგან მამისა თვისისა (შექმნ. 12, 1) და მივედ იორდანეს ნაპირთან მდებარე მონასტერში“.

მამა ზოსიმემ უმალვე დასტოვა თავისი მონასტერი და ანგელოზს მიჰყვა ოპრდანეს მონასტერში, სადაც დასახლდა კიდეც.

აქ ნახა მან ბერები, რომელთაც ჭეშმარიტებით გამოებრწყინათ თავიანთ მოღვაწეობაში. მამა ზოსიმეც ამ წმიდა მონაზვნებს მიჰბაძავდა სულიერ საქმიანობაში.

ასე გავიდა ხანი და მოახლოვდა წმიდა პასექის დიდ მარხვა. მონასტერში არსებობდა ერთი ჩვეულება, რისთვისაც მოიყვანა კიდეც აქ ღვთის ანგელოზმა ღირსი ზოსიმე. იგი შემდეგში მდგომარეობდა: დიდმარხვის პირველ კვირადღეს, მას შემდეგ, რაც იღუმენი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა და ყველანი ეზიარებოდნენ ყოვლადწმიდა ხორცსა და სისხლს ქრისტესას მცირე საერთო ტრაპეზის გაზიარების შემდეგ ბერები კვლავ ეკლესიაში იკრიბებოდნენ; კვლავაც ხანგრძლივი, მუხლმოყრით ლოცვის შემდეგ, ბერები შენდობას სთხოვდნენ ერთმანეთს, ლოცვა-კურთხევას იღებდნენ იღუმენისაგან და ყველანი, ერთად, ფსალმუნთ-გალობით მიემართებოდნენ მონასტრის კარიბჭისაკენ: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?“ (ფს. 26, 1). შემდეგ გააღებდნენ მონასტრის კარებს და უდაბნოში გადიოდნენ.


თითოეულ მათგანს თავისთვის სამყოფი მცირეოდენი საზრდო და სხვა რამ აუცილებელი მიჰქონდა, ზოგიერთს კი სულაც არაფერი არ მიჰქონდა თან მონასტრიდან და მთელი დიდმარხვის განმავლობაში მცენარეულობითა და ფესვებით იკვებებოდა. ბერები ერთად გადიოდნენ მდინარე იორდანეზე და იქ სხვადასხვა მხარეს იფანტებოდნენ, რაც შეიძლება შორს ერთმანეთისაგან, რათა არავის დაენახა, თუ ვით მარხულობდა და მოსაგრეობდა მეორე.

დიდმარხვის გასულს, ბზობის კვირადღეს, ბერები მონასტერში ბურნდებოდნენ, შეძლებისდაგვარად „აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა იესუ ქრისტეს მიერ სადედებლად და საქებელად ღმრთისა“ (ფილიპ. 1, 2) და განმკითხველნი თავისა თვისისა „გონებითა კეთილითა“ (1 პეტ. 3, 6). ამასთან არავინ არ ეკითხებოდა სხვას მისი საქმის შესახებ – თუ ვით იღვაწა და ვით კეთილკრძალულად განლია დიდმარხვა.

ამ წელიწადს, სამონასტრო ჩვეულებისამებრ, მამა ზოსიმეც გადავიდა იორდანეს მეორე მხარეს და იქ, უდაბნოში განმარტოვდა. მას უნდოდა რაც შეიძლება შორს წასულიყო უდაბნოში, რათა იქნებ შეხვედროდა რომელიმეს წმიდათაგან თუ დიდ მონაზონთაგან, რომელნიც იქ იღვწოდნენ სულის ხსნისათვის და ლოცულობდნენ მშვიდობისათვის.

იგი ოცი დღე მიდიოდა უდაბნოს სიღრმეში და ერთხელაც, როცა მეექვსე ჟამის ფსალმუნთ გალობდა და საყოველდღეო ლოცვად იყოფვოდა, თავისგან მარჯვენა მხარეს ადამიანის მსგავსი მოლანდება შენიშნა. თავდაპირველად ზოსიმე შეშინდა, რადგა ეგონა, რომ ეშმაკეული მოჩვენება იყო ეს, მაგრამ შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და განაგდო თავისაგან შიში. როცა დაასრულა ლოცვა, მიიხედა მარჯვნივ მოლანდებისაკენ და შორს, უდანოში მიმავალი შიშველი ადამიანი დაინახა, რომელიც სულმთლად ჩაშავებულიყო პაპანაქება მზის მცხუნვარებისაგან, ხოლო თმები კი გახუნებოდა და კრავის მატყლს მიუგავდა. მამა ზოსიმე სიხარულით აღივსო ამ ადამიანის დანახვაზე, რადგანაც მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთი სულიერი არ ენახა, და მაშინვე უცხოსაკენ გაეშურა.

მაგრამ როგორც კი მისკენ მომავალი ზოსიმე დაინახა, შიშველი მეუდაბნოე სასწრაფოდ გაიქცა მისგან შეშინებული. მამა ზოსიმემაც დაივიწყა თავისი წლები და დაღლილობა, და ასევე სირბილით გამოენთო უცხო მეუდაბნოეს. მაგრამ იგი მალე დაიღალა და გათანგული შეჩერდა ამომშრალი ნაკადულის კალაპოტთან, თან კი ცრემლიანი ვედრებით გასძახა ლტოლვილ მოსაგრეს: „ჰოი, ღვთისნიერო მოსაგრევ! რად გაურბიხარ ბერს, ვინაც თავისი სულის ხსნისათვის იღწვის ამ უდაბნოში? დამიცადე მე, უძლურსა და უღირსს, და წმიდა ლოცვა თვისი და კურთხევა შემაწიე უფლისათვის ჩვენისა, ვინაც მეზვერეთაც კი არ თაკილობდა!“

უცხო მოსაგრემ არც გამოხედა მას, ისე მიუგო: „შემინდე მამაო ზოსიმე, რომ არ შემიძლია შენდა მოვიქცე და ვეჩვენო პირსა შენსა, რამეთუ დედაკაცი ვარ მე, და როგორც თვით ხედავ არავითარი შესამოსელი არა მაქვს სიშიშვლის დასაფარავად. გარნა თუკი გნებავს ილოცო ჩემთვის, დიდი და წაწყმედული ცოდვილისთვის, გადმომიგდე შენი მოსასხამი. მაშინ შევიძლებ მოვიდე შენთან და ლოცვა-კურთხევა გევედრო.

ზოსიმე გააოცა მისმა ასეთმა წინამხედველობამ. „სახელი ჩემი და ეცოდინებოდა მას, თავისი დიდი სიწმიდითა და ჩემთვის უცნობი ღვაწლით რომ არ მოეპოვებინა უფლისაგან მადლი წინასწარმხედველობისა“ – გაიფიქრა მან და საჩქაროდ აღუსრულა თხოვნა უცხო დედაკაცს.

როცა მისი მოსასხამით დაიფარა სხეული მოღვაწე დედაკაცმა ასე მიმართა ზოსიმეს: „რისთვის გენება მამაო ზოსიმე, საუბარი ჩემთან – ცოდვილ და უგუნურ დედაკაცთან? განა რა უნდა ისწავლო ჩემგან, ასე თავდაუზოგავად რომ დაშვერ ჩემს დევნაში?“

ზოსიმემ მუხლი მოიყარა მის წინაშე და მხურვალედ ევედრებოდა ლოცვა-კურთხევას. მაშინ მოსაგრე დედაკაცმაც ასევე მუხლი მოიყარა მამა ზოსიმეს წინაშე, და ორივე დიდხანს ევედრებოდა ერთმანეთს ლოცვა-კურთხევა მომეციო. და ბოლოს უცხო დედაკაცმა უთხრა ზოსიმეს: „ჰოი, ღირსო მამაო, მე კი არა, შენ შეგგავს კურთხევა მიბოძო და ილოცო ჩემთვის, რამეთუ პატივცემულ ხარ სამღვდელო ღირსებით და მრავალი წლის განმავლობაში ქრისტეს წმიდა საკურთხევლის წინაშე საუფლო ძღვენს – წმიდა ნაწილით ზიარებას შესწირავ უფალს“.

ამ, წინასწარხედვით განმსჭვალულმა სიტყვებმა კიდევ უფრო შეაშინეს ზოსიმე. ღრმა სულთქმა აღმოხდა მას და ასე მიუგო: „ჰოი, დედაო სულიერო! ცხადია რომ ჩვენ ორთაგან შენ უფრო მიახლოებული ხარ ღმერთს და ამა სოფლისათვის კი მომკვდარხარ. შენ მე სახელით მიცანი და ხუცესიც მიწოდე, ისე, რომ არასდროს არ გინახივარ აქამდე. ამიტომაც შენ უფრო შეგგავს დამლოცო უფლისა მიერ ჩვენისა“.

ბოლოს და ბოლოს ღირსმა დედამ დაუთმო მამა ზოსიმეს დაჟინებულ თხოვნას და წარმოთქვა: „კურთხეულ არს მაღალთა შორის ღმერთი, მოსურნე ცხოვრებისა ყოველი ადამიანისათვის! „ამინ“ – მუგო ზოსიმემ და ორთავე წამოდგა. მოსაგრე დედამ კვლავ ჰკითხა ბერს: „რისთვის მოხველ, მამაო, ჩემთან – ცოდვილ დედაკაცთან ვინაც მოვკლებივარ ყოველივე ქველის საქმეს? თუმცაღა, როგორც ჩანს, სულიწმიდის მადლმა შეგაგონა სამსახური გაგეწია ჩემი საპყარი სულისათვის. მაგრამ უწინარეს ეს მითხარი მამაო, ვით ცხოვრობენ ამჟამად ქრისტიანები, ვით იზრდებიან დღეკეთილი წმიდა ეკლესიები ღვთისა?“

მამა ზოსიმემ მიუგო: „თქვენის წმიდა ლოცვების მეოხებით სრული სიმშვიდე მოჰმადლა ღმერთმა ეკლესიას, და ჩვენცა ყველას. გარნა შენც შეისმინე უღირსი ბერის ვედრებისა, დედაო ჩემო, – ღვთის გულისათვის, ილოცე ყოველი სოფლისათვის და ჩემთვისაც, ცოდვილისათვის რათამცა უნაყოფოდ არ მექმნეს მე ესე უდაბნოდ სიარული“.

წმიდა მოსაგრე დედამ კი უთხრა მას: შენ უფრო შეგგავს, მამაო ზოსიმე, სამღვდელო ხარისხის მქონეს, ილოცო ჩემთვის და ყველასთვისაც. სწორედ ამისთვის მოგენიჭა ეს ღირსება. თუმცაღა შენ ბრძანებასაც აღვასრულებ მორჩილებითა და წმიდა გულით.“

თქვა ეს და წმიდა დედა აღმოსავლეთისაკენ მიიქცა, თვალნი და ხელნი ზეცად აღიპყრო და ჩურჩულით დაიწყო ლოცვა. ბერმა დაინახა, რომ მლოცველი მოსცილდა მიწას და ერთი წყრთის სიმაღლეზე აიწია ჰაერში. ამ საკვირველი სახილველის წინაშე ზოსიმე ქვე დაემხო და გულმოდგინე ლოცვას მიეცა; იგი მხოლოდ „უფალო, შეგვიწყალე“-ს იმეორებდა.

და ამ დროს მის სულში იჭვის ზრახვა იშვა: მოჩვენება ხომ არ არისო ეს, რომელსაც ჩემი შეცდენა უნდა? ამის გაფიქრება იყო და, ღირსი მოსაგრე დედა მოუტრიალდა მას, წამოაყენა და უთხრა: „რად გაშფოთებენ ესრეთ, მამაო ზოსიმე, იჭვნეული გულისზრახვანი? არა, მოჩვენება როდი ვარ მე, არამედ დედაკაცი ცოდვილი და უღირსი, თუმცა კი წმიდა ნათლისღება მიფარავს“.

თქვა ეს და პირჯვარი გადაიწერა. ამის შემხედარე და გამგონე ბერი ცრემლებით დაეცა მის ფერხთით: „გვედრი, დედაო, სახელითა ქრისტესი, ღმრთისა ჩვენისა, ნუ დაჰფარავ ჩემგან შენს მოსაგრე ცხოვრებას, არამედ სრულად მამცნე იგი, რათამცა ყველასთვის განცხადდეს აქაც დიდებულება ღვთისა, რამეთუ მწამს მე უფალი ღმერთის მიერ ჩემისა, რომლისთვისაც შენც ცხოვრობ, და ყოველიცა ამ სოფლად, რომ სწორედ ამისთვის გამომაგზავნა მას უდაბნოდ – რათამცა ცხადი გახადოს სოფლისათვის ღმერთმან საქმენი შენი კრძალული და მარხული ცხოვრებისა“.

და მაშინ კი წმიდა დედამ მოუთხრო ზოსიმეს: „აღმაზრზინებს მე და მრცხვენის, მამაო, გამცნო შენ ჩემს ურიცხვ საქმეთა შესახებ. რამეთუ უმალვე უნდა გამერიდო, თვალდახუჭული და ყურებდაცული უმალვე უნდა გაიქცე ჩემგან, ისე, როგორადაც გესიანი გველისაგან გარბიან ხოლმე. გარნა მაინც ყოველთვის გეტყვი, მამაო, და ერთსად კი არ გამოვტოვებ ჩემს ცოდვათაგან. შენ კი გაფიცებ, განუწყვეტლივ ილოცე ჩემთვის, ცოდვილისათვის, რათამცა სასოება მოვიპოვო და ნუგეში განკითხვის დღეს…

მე დავიბადე მეგვიპტეში, მრავალი წლის წინათ და ჯერ კიდევ მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისამ, მივატოვე მშობლიური სახლი და ალექსანდრიაში გავიქეცი. იქ მოვაკლდი ჩემს უმანკოებას და თავშეუკავებელს და განუძღომელ მრუშობას მივეცი. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში უთმინოდ ვეძლეოდი ამ ცოდვას და ყოველივეს გასამრჯელოს გარეშე აღვასრულებდი. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, – პირიქით, სიღატაკეში ვცხოვრობდი და ყოველდღიურ ლუკმას ნართის რთვით ვშოულობდი, – არა, არამედ მთელ აზრს ცხოვრებისას და მიზანს მისას ამაში ვხედავდი, ხორციელი გულისთქმის დაცხრობა მეგონა ადამიანის უმაღლესი დანიშნულება ამქვეყნად.

აი, ასე ვცხოვრობდი მე, ბილწებასა და უკეთურებაში, როცა ერთხელ ხალხის დიდი სიმრავლე დავინახე, მეგვიპტელებისა და ლიბიელების, რომლებიც ნავსადგურისაკენ მიდიოდნენ. როგორც გავიგე, ისინი იერუსალიმში უნდა გამგზავრებულიყვნენ, რათა იქ მონაწილეობა მიეღოთ წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესასწაულში. მეც მომინდა მათთან ერთად გავმგზავრებულიყავ, ოღონდ განა იერუსალიმისთვის, ანთუ დიდებულ დღესასწაულისთვის, – არა! არამედ მე, – შემინდევ მამაო, – ის მიზიდავდა მათკენ, რომ გემზე, და მერეც, ბევრს ვნახავდი ისეთს, ვისთანაც გარყვნილებას მივეცემოდი. და მეც მათთან ერთად გემზე ავედი.

აი, ეხლა, მამაო, მერწმუნე, მე თვითონაც მიკვირს, თუ ვით აიტანა მაშინ ზღვამ ამდენი გარყვნილება და მრუშება, როგორ არ განახვნა მიწამ პირი და ქვესკნელად როგორ არ ჩამაგდო ცოცხლად, მე, ღირსი ჯოჯოხეთისა, ვინაც ამდენი სული ვაცთუნე და დავღუპე. გარნა, როგორც ჩანს, ჩემი მონანიება უნდოდა ღმერთს, „რომელსა არა ნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი“… და სულგრძელად მოელოდა ჩემს მოქცევას.

ასე ჩამოვედი იერუსალიმში და ისევე როგორც ზღვაზე გემით მგზავრობისას, მთელი იმ ხნის განმავლობაშიც, რაც დღესასწაულამდე იყო დარჩენილი, ბილწების საქმით ვიყავ დაკავებული.

როცა ეს დიდებული დღესასაწული დადგა უფლის პატიოსანი ჯვრის ამაღლებისა, მე კვლავინდებურად დავეხეტებოდი ქალაქის ფოლორცებში, რათა ცოდვის წარსაწყმედელ მახეში გამება ჭაბუკი სულები. მაგრამ მე ვხედავდი, რომ დილით, ძალიან ადრე, ყველანი იმ ეკლესიისკენ მიეშურებოდნენ, სადაც ცხოველმყოფელი ძელი იმყოფებოდა, და მეც სხვებთან ერთად იქით წავედი და ეკლესიის ეზოში შევედი. როცა დადგა ჟამი წმიდა ამაღლებისა, მეც მომესურვა ყველასთან ერთად ეკლესიაში შევსულიყავი. დიდის გაჭირვებით ძლივს მივაღწიე კარამდე და მე, უბადრუკმა, შიგნით შესვლა ვცადე. მაგრამ როგორც კი ზღურბლს მივადექი, რაღაც უხილავმა ღვთის ძალამ შემაკავა, შიგნით აღარ შემიშვა, და, მეტიც, შორს უკან მომისროლა კართაგან. სხვები კი, ამ დროს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შედიოდნენ ეკლესიაში. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს ალბათ ქალური სისუსტის გამო ვერ გავაღწიე ამ სივიწროვეში, და ხელმეორედ ვცადე გამერღვია ბრბო და კარამდე მივსულიყავი. და ისევ, ზღურბლთან მისულმა, რამდენი არ ვცადე, ვერაფრით შევედი ეკლესიაში. როგორც კი ზღურბლს შეეხებოდა ჩემი ფეხი, რაღაც ძალა მაჩერებდა. სხვებს ყველას იღებდა ეკლესია, არავის აღუკრძალავდა შესვლას, მე კი, წარწყმედულს, არ მიშვებდა. ასე განმეორდა სამ- თუ ოთხგზის. მე არაქათი გამიწყდა, გვერდზე გავდექი და კარიბჭის კუთხეში შევჩერდი უღონოდ.

აქ კი ცხადად ვიგრძენი, რომ ეს ჩემი ცოდვები მაბრკოლებდნენ და არ მაძლევდნენ საშუალებას წმიდა ცხოველმყოფელი ძელი მეხილა. გულს ჩემსას ღვთის მადლი და წყალობა შეეხო ოდნავ და მე ავტირდი. ქვითინით ვიცემდი მუშტებს მკერდში და მონანულს ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. და მაშინ, როცა ამგვარ სულთქმათ და ოხვრა-კვნესათ აღვუვლენდი უფალს გულის სიღრმიდან ჩემისა, მე ვიხილე ჩემს თვალწინ ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ლოცვა-ვედრებით მივმართე მას:

ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაბრწყინავდა, ვითარცა მზე,დიდებით და პატივით

„ჰოი, ქალწულო, დედუფალო, ვინაც შვი ხორცით ღმერთი – სიტყვა! ვუწყი, რომ ღირსი არა ვარ შენი წმიდა ხატების ხილვისაც კი, რამეთუ უფრო ის შემგავს მე, საძულველ გარყვნილს, უარყოფილ ვიქმნა შენი სიწმიდისაგან და საძაგელი ვიყო შენთვის, გარნა ვიცი ისიც, რომ იმისთვის იქმნა კიდეც ღმერთი კაცად, რომ სინანულად მოუწოდოს ცოდვილთ. შემეწიე მე, ყოვლადწმიდაო დედაო, რათა ნება მომეცეს ეკლესიაში შესვლისა. ნუ აღმიკრძალავ იმ წმიდა ძელის ხილვას, რომელზეც სხეულით ჯვარს ეცვა უფალი, ვინაც ჩემთვისაც, ცოდვილისათვის დაღვარა უმანკო სისხლი ცოდვათაგან ჩემი გამოხსნისათვის. უბრძანე, დედუფალო, მეც განმიღოს კარნი ჯვარის წმიდა თაყვანისცემისა. შენ იყავ ჩემდა შუამდგომელი და თავსმდები წინაშე შობილისა შენგანვე. და მე აღგითქვამ, რომ ამიერიდან არათუ აღარსოდეს არ შევიბილწავ თავს ხორციელი ბილწებით, არამედ როგორც კი ვიხილავ წმიდა ძელს შენი ძის ჯვარისა, უმალვე განვუდგები სოფელსა ამას და იქ წავალ, საითაც შენ მიბრძანებ – მხნე თავმსდები ჩემი“.

და როცა დავასრულე ეს ლოცვა, მე მთელის არსებით ვიგრძენი, რომ ლოცვა-ვედრება ჩემი შესმენილ იქნა. რწმენით აღძრული და მსასოებელი მოწყალე ღვთისმშობლის შეწევნისა, მე კვლავ შევუერთდი ტაძარში შემსვლელთ. და ეხლა უკვე აღარაფერს დავუბრკოლებივარ და არც არავის დაუშლია ჩემთვის იქ შესვლა. შიშით, გულისთრთოლვით მივიწევდი კარისაკენ და აი, ზღურბლსაც გადავაბიჯე და ღირს ვიქმენ უფლის წმიდა ცხოველმყოფელი ჯვარის ხილვისა.

ასე შევიცანი მე საიდუმლონი ღვთისა, ასე დავრწმუნდი იმაში, რომ მონანულთ შეიწყნარებს ღმერთი. ქვე დავემხე ლოცვად, ამბორის ყოფით მოვიარე სიწმიდენი და ტაძრიდან გამოვედი იმ ადგილას, სადაც მას აღთქმა მივეცი, მუხლი მოვიყარე მისი ხატის წინ და ასე ვევედრებოდი:

„ჰოი, კეთილისმოყვარეო დედუფალო ჩვენო, წმიდაო ღვთისმშობელო! შენ არ შეურაცხჰყავ უღირსი ვედრება ჩემი! დიდება ღმერთს, რომელი შენით შეიწყნარებს ცოდვილის სინანულს. დრო დადგა მეც აღვასრულო ჩემი აღთქმა, რომლისაც შენ იყავ თავსმდები. ეხლა კი, დედუფალო, სინანულის გზაზე დამაყენე მე!“

და აი, ბოლომდე არც კი მქონდა დამთავრებული სიტყვები ლოცვისა, რომ ხმა მესმა შორითაგან: „თუკი გარდახვალ იორდანეს, შენ მოიპოვებ ნეტარ სიმშვიდეს“.

მე უმალვე ვირწმუნე, რომ ეს სიტყვები ჩემდა იყო მომართული და ცრემლით მივმართე ღვთისმშობელს: „მეუფეო დედუფალო, ნუ მიმატოვებ მე, საზიზღარ ცოდვილს, არამედ მიშველე და შემეწიე მე“, – და უმალვე გამოვედი ეკლესიის ეზოდან. ერთმა კაცმა სპილენძის სამი გროში მიწყალობა. ამ ფულით სამი პური ვიყიდე და ხაბაზისგანვე შევიტყვე იორდანისკენ მიმავალი გზა.

მზის ჩასვლამდე მივაღწიე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, რომელიც იორდანის ნაპირას მდებარეობს. პირველ ყოვლისა, ეკლესიაში მოვიყარე ლოცვად მუხლნი, შემდეგ მდინარეზე ჩავედი და იორდანეს წმიდა წყლით განვიბანე სახე და ხელები. წმიდა იოანე წინამორბედის ტაძარში ვეზიარე ქრისტეს ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოთ, აქვე შევჭამე ნახევარი იმ სამ პურთაგან, იორდანეს წმიდა წყალი დავაყოლე მას და ის ღამე ტაძრის სიახლოვეს გავატარე, მიწაზე დაწოლილმა. დილით კი, ნაპირთან, პატარა ნავი ვნახე და მდინარის მეორე მხარეს გადავედი. იქ კიდევ ერთხელ მხურვალედ ვევედრე ჩემს მოძღვარს – ღვთისმშობელს, რათა იქით წარვემართე მას, საითაც ენებებოდა. და უმალვე, შემდგომად ლოცვისა, მე ამ უდაბნოში აღმოვჩნდი“.

მამა ზოსიმემ ჰკითხა ღირს დედას: „და რამდენი წელი გავიდა დედაო ჩემო, მას შემდეგ, რაც ამ უდაბნოში დამდგარხარ?“ „ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც მე წმიდა ქალაქიდან გამოვედი, ორმოცდაშვიდმა წელმა განვლო“. – იყო პასუხი.

მამა ზოსიმე კვლავ შეეკითხა: „ხოლო საკვებად რა გაქვს, ანდა რას მოიპოვებ ამ უდაბურ ადგილას, წმიდა დედაო?“ მან კი მიუგო: „როგორც გითხარი უკვე, როცა მდინარე იორდანეზე გადმოვედი, ორნახევარი პური მქონდა თან. დროთა განმავლობაში ისინი გახმა და გაქვავდა. მეც ცოტ-ცოტას მოვატეხდი მათ და მით ვსაზრდოობდი მრავალი წლის განმავლობაში“.

კვლავ ჰკითხა მამა ზოსიმემ: „ნუთუ ერთიც კი სნეულებათაგან არ შეგხებია ამ წლების განამვლობაში? და ნუთუ არავითარი განსაცდელი არ შეგხვედრია უეცარ საფრთხეთა და საცთურთა სახით?“

„მერწმუნე, მამაო ზოსიმე, – მიუგო ღირსმა დედამ, – 17 წელიწადი ამ უდაბნოში დიდ განსაცდელში გავატარე, როცა როგორც სასტიკ, მძვინვარე მხეცებს, ისე ვებრძოდი საკუთარ გულის ზრახვათ… როგორც კი ჭამად დავჯდებოდი და იმ გამხმარი პურის ლოღნას ვიწყებდი, უმალვე მიპყრობდა სურვილი ხორცისა და თევზისა, რომელთაც მეგვიპეში ვიყავი შეჩვეული. ღვინის სურვილიც მტანჯავდა ხოლმე. უფრო დიდ უბედურებათაც ვიტანდი: ზოგჯერ გარყვნილ, ბილწ სიმღერათა სურვილი მეუფლებოდა, თითქოს ვიღაც შორიახლოს მღეროდა მათ და აშფოთებდა ჩემს გულსაც და სმენასაც. მაშინ კი ცრემლები წამსკდებოდა ხოლმე და ვაებით ვიცემდი გულში მუშტებს… მე მახსენდებოდა ის აღთქმანი, რომელნიც წმიდა ღვთისმშობლის ხატი წინ დავდე, წინაშე შუამდგომელისა ჩემისა, სანამ უდაბნოში წამოვიდოდი. ასე ვტიროდი ხოლმე დიდხანს და ვევედრებოდი ღვთისმშობელს, განეგდო ჩემგან გულის მტანჯველი სურვილები. როცა ამ ცრემლიანი ლოცვა-ვედრების შესაბამისად სინანული აღესრულებოდა, მაშინ დიდ ნათელს ვხედავდი მე, ყოველი მხრიდან რომ მინათებდა. ჩემი აბობოქრებული სული ჩადგებოდა და დიდი მყუდროება მომიცავდა ხოლმე.

ბილწ გულისზრახვათ რაც შეეხება, შემინდევ, მამაო, და ვით ვაღიარო შენს წინაშე? – ძლიერი ცეცხლი გულისთქმისა აღიგზნებოდა ხოლმე ჩემში და თხემით-ფეხამდე მდაგავდა ვნებამორეულს. ამ დროს, ამ წარმწყმედ ზრახვათა მოსვლისას, ქვე დავემხობოდი ხოლმე და თითქოს ვხედავდი ჩემს წინ ყოვლადწმიდა შუამდგომელს, რომელიც განმსჯიდა მე აღთქმათა გარდასვლისათვის. ასე ვეგდე ხოლმე პირქვე ჩამხობილი მთელი დღისა და ღამის განმავლობაში, სანამ კვლავ სინანული არ აღესრულებოდა და მე ის ნეტარი ნათელი არ მომიცავდა, შფოთსა და გულის ზრახვათ რომ განაგდებდა ჩემგან.

ასე ვცხოვრობდი პირველ წლებში ჩემი უდაბნოდ ყოფნისა და ამგვარად განვლე აქ ჩვიდმეტი წელი. ბნელს ბნელი სცვლიდა და უბედურებას – განსაცდელი, გარს რომ მომადგებოდნენ ხოლმე მე – ცოდვილს. მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული და ვიდრე დღემდე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიფარავს და მმოძღვრავს ყოველივეში, შემწე ჩემი“.

მამა ზოსიმე კვლავ შეეკითხა: „ნუთუ, დედაო, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დაგჭირვებია არც საზრდო და არც შესამოსელი?“ წმიდანი კი პასუხობდა: „როგორც გითხარი უკვე, ორნახევარი პური ამ შვიდმეტ წელიწადში გამომელია. ამის შემდეგ მცენარეთა ძირებითა და ყოველივე იმით ვსაზრდოობდი, რისი მოპოვებაც კი არის შესაძლებელი უდაბნოში. ის ტანსაცმელი, იორდანეზე გადმოსვლისას რომ მეცვა, დიდი ხნის წინ შემომაცვდა და ჩემომეფლითა, ამის შემდეგ თითქმის სრულიად შიშველს მრავალი გაჭირვება შემხვდა; და ბევრიც ზაფხულის პაპანაქება სიცხისაგან ავიტანე, თუ ზამთრის სასტიკი ყინვებისაგან, როცა უღონოდ ვკანკალებდი და ვთრთოდი ხოლმე აუტანელი სიცივისაგან. რამდენჯერ უგრძნობლად დავგდებულვარ მიწაზე როგორც მკვდარი; რამდენგზის უსაზომო ბრძოლა შემხვედრია ათას სხვადასხვა უბედურებასთან, მანქანებასა და განსაცდელთან. გარნა იმ დროითგან და ვიდრე უხილავი ძალი ღვთისა ყოველივეში იფარავდა ჩემს ცოდვილ სულს და მდაბალ სხეულს. ვსაზრდოობდი და ვიფარავდი თავს სიტყვითა ღმრთისა, ყოველივეს რომ მოიცავს (მეორ. სჯ. 8, 3), ….. რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (მათე 4, 4; ლუკა 4, 4); რამეთუ წერილ არს: „შიშუელთა მრავალთა დაიძინეს თვინიერ სამოსლისა, ხოლო სამოსელი სულთა მიუღეს. წუეთითა მთათა დასველდნენ, ვინაითგან არა აქუნდათ საფარველი, ქვათა შინა შეიმოსდნენ (იობი 24, 7-8); რამეთუ გვითხრეს ჩვენ: „ … განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“ … (კოლას. 3, 9). გავიხსენებდი თუ არა რამდენი სიბოროტისა და ცოდვებისაგან მიხსნა უფალმა, მაშინვე სწორედ ამაში ვპოულობდი შვებას, ეს მანიჭებდა გამოულეველ საზრდოს“.

როცა გაიგონა მამა ზოსიმემ, რომ საღმრთო წერილიდანაც ზეპირად ახსოვს ამ წმიდა მოსაგრეს მრავალი ადგილი – მოსეს, იობის, ფსალმუნთა, აგრეთვე ახალი აღთქმის წიგნებიდან, – მაშინ ჰკითხა მას: „სად გისწავლია, დედაო ჩემო, ფსალმუნნი და სხვა წიგნებიც წმიდა წერილისა?“

უცხო დედაკაცს გაეღიმა ამ სიტყვების მოსმენაზე და ასე მიუგო: „მერწმუნე, ჰოი კაცო ღვთისნიერო, რომ არც ერთი ადამიანი არ მინახავს, შენს გარდა, მას შემდეგ, რაც იორდანეს გადმოვედი. წერა-კითხვა არასოდეს არ მისწავლია, არც სხვათაგან მსმენია რამე წმიდა წიგნების შესახებ და არც საეკლესიო კითხვა-გალობას შევსწრებივარ როდისმე. გარნა თვით სიტყა ღვთისა ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის კაცს გულისხმისყოფას, რამეთუ წერილ არს: „და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკვიდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა“ (კოლას. 3, 16), და „რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი“ (II პეტ. 1, 21), და მივიღეთ ჩუენ სიტყუაჲ იგი სმენისა ღმრთისაჲ“ … (I თესალ. 2, 13). მაგრამ კმა არს ჩემდა, უკვე მთელი ჩემი ცხოვრება ვაღიარე შენს წინაშე, მამაო, და რითაც დავიწყე, იმითვე დავამთავრებ: გაფიცებ განხორციელბას სიტყვა-ღმერთისა – ილოცო ჩემთვის, წმიდაო ზოსიმე, ილოცო დიდ ცოდვილისათვის!

და კიდევ გაფიცებ მაცხოვარს, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს: ყოველივე, რაც მოისმინე ჩემგან, არავის არ გაანდო მანამდე, სანამ ღმერთი არ წამიყვანს ამა ქვეყნიდან. და ისიც აღასრულე, რასაც ეხლა გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვაზე, შენ არ გამოხვიდე იორდანეზე, როგორც ამას ჩვენი მონასტრის ბერული მორჩილება გიბრძანებს“.

კვლავაც დიად გაოცდა მამა ზოსიმე იმის გამო, რომ ეს წესიც კი მათი სავანისა ცნობილი იყო ამ წმიდა მოსაგრე დედისათვის, თუმცა თვით მას სიტყვაც კი არ დასცდენია მასთან ამაზე.

„მონასტერში დარჩი მამაო, – განაგრძობდა ღირსი დედა, – თუმცა რომც მოინდომო კიდეც სავანიდან გასვლა, ვერ მოახერხებ ამას… ხოლო როცა წმიდა დიდი ხუშაბათი დადგება ჩვენი უფლის საიდუმლო სერობისა, მაშინ წმიდა ჭურჭელით მომიტანე მაცხოვნებელი ხორცი და სისხლი ქრისტესი, ღმრთისა ჩვენისა. იორდანის მეორე ნაპირზე დამელოდე, უდაბნოს ბოლოში, რათა მოვიდე და ვეზიარო წმიდა საიდუმლოთ. ხოლო მამა იოანეს კი, წინამძღვარს თქვენი სავანისა, ასე უთხარი: ეკრძალე თავსა თვისსა და სამწყსოსა შენსა (საქმ. მოც. 20, 28; I ტიმ. 4, 16). თუმცაღა, არ მსურს, რომ ეხლა უთხრა მას ეს, არამედ როცა უფალი გიბრძანებს“.

დაასრულა ეს სიტყვები და კიდევ ერთხელ მისთვის ლოცვა შესთხოვა მამა ზოსიმეს. ამის შემდეგ ღირსი დედა განშორდა მას და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა.

მთელი ის წელიწადი სრულ მდუმარებაში განლია ბერმა ზოსიმემ. მას არავისთვის გაუმხელია უფლის მიერ მოვლინებული საკვირველი ამბავი, გულმოდგინედ ლოცულობდა დღემუდამ. და იმას ევედრებოდა უფალს, რომ კვლავაც ღირსქმნილიყო წმიდა მოსაგრე დედის ხილვისა.

და აი, როცა კვლავ დადგა პირველი შვიდეული წმიდა დიდმარხვისა, ღირსი ზოსიმე იძულებული იყო ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩენილიყო. მაშინ კი გაახსენდა ღირსი დედის წინასწარმეტყველური სიტყვები, რომელმაც უთხრა მას: რომც გინდოდეს უდაბნოში გასვლა, ვერ შეიძლებო. რამდენიმე დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე განიკურნა სენისაგან, მაგრამ, აღთქმისამებრ, ისევ მონასტერში დარჩა ვნების კვირამდე.

და აი, მოახლოვდა საიდუმლო სერობის მოხსენების დღეც. მამა ზოსიმემაც აღასრულა დანაპირები: თან წაიღო წმიდა ჭურჭლით საუფლო ძღვენი – წმიდა ნაწილნი ზიარებისანი და გვიან საღამოთი გავიდა მონასტრიდან. იორდანესთან ჩავიდა იგი და აქ ელოდა ღირს დედას. მაგრამ წმიდანი აგვიანებდა გამოჩენას და მამა ზოსიმე ღმერთს ევედრებოდა, – ნუ მომაკლებო, უფალო, მოსაგრე დედასთან შეხვედრას.

ბოლოს იგიც გამოჩნდა და მდინარის მეორე ნაპირზე გაჩერდა. გახარებული ზოსიმე წამოდგა და თან ღმერთს ადიდებდა ამ წყალობისათვის. მაგრამ საფიქრალიც გაუჩნდა მას: როგორ გადმოვაო წმიდანი ნაპირზე ნავის გარეშე? მაგრამ წმიდა დედამ ჯვარი გადასახა იორდანეს და სწრაფად გადმოვიდა წყალზე, თითქოს ხმელეთზე დადისო. ხოლო როცა ბერს თაყვანი უნდოდა ეცა მისთვის, მან შუა მდინარიდან გამოსძახა: „რას სჩადი, მამაო! შენ ხომ მღვდელი ხარ, აღმასრულებელი ღვთის დიდ საიდუმლოთა“.

და როცა წმიდანი ამ ნაპირზე გადმოვიდა სასწაულებრივად, მან სთხოვა ბერს: „დამლოცე მამაო“. ზოსიმემ კი, შეძრწუნებულმა ამ საკვირველი სახილველით, თრთოლვით მიუგო: „ჭეშმარიტად მართალ და უტყუარ არს ღმერთი, ვინაც აღთქმისაებრ იმსგავსებს განწმენდილთ, იმდენად, რამდენადაც ეს მოკვდათათვისაა შესაძლებელი. დიდება შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, ვინაც ამა წმიდა მხევლის სახით შენისა მიჩვენე მე, თუ ვითარ შორს ვარ ჯერეთ სრულყოფილებისაგან“.

ამის შემდეგ ღირსმა დედამ სთხოვა ზოსიმეს „მრწამსი“ წარმოეთქვა და „მამაო ჩვენო“. ლოცვის დასრულებისას იგი ეზიარა ქრისტეს წმიდა საშინელ საიდუმლოთ, ცად აღაპყრო ხელნი და ცრემლითა და თრთოლვით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მხევალი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“ (ლუკა 2, 29).

შემდეგ ღირსმა დედამ ხელმეორედ მიმართა ბერს და უთხრა: „შემინდევ, მამაო, და კიდევ ერთი სხვა სურვილიც უნდა შემისრულო: ეხლა შენს მონასტერში დაბრუნდი და მომავალ წელს იმავე ამომშრალ ნაკადულთან მოდი, სადაც პირველად შევხვდით ჩვენ და ვისაუბრეთ“. „ნეტავი შემეძლოს მე მუდამ შენ გდევდე, დედაო, რათა პირისპირ ვჭვრეტდე სიწმიდესა შენსა!“ – მიუგო მამა ზოსიმემ. ღირსი დედა კი კვლავაც ევედრა ბერს: „ღვთის გულისათვის, ილოცე ჩემთვის მამაო და მოიხსენე უბადრუკება ჩემი“. და მან ჯვარი გადასახა იორდანეს და უწინდებურად დაუბრკოლებლად გაიარა წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი უდაბნოში გაუჩინარდა. ბერ ზოსიმე კი სულიერი განცხრომითა და თრთოლვით დაბრუნდა მონასტერში და სულ იმას უსაყვედურებდა თავს, რომ სახელი არ ჰკითხა წმიდანს. მაგრამ იმით დაიმშვიდა თავი, რომ მომავალ წელს, ახალი შეხვედრისას ბოლოსდაბოლოს შეიტყობდა მის ვინაობას.

ეს წელიც გავიდა და დათქმულ დროს მამა ზოსიმე უდაბნოში გავიდა. ლოცვით მივიდა იგი დათქმულ ადგილთან – ამომშრალ ხევამდე, რომლის მეორე, აღმოსავლეთის მხარესაც წმიდა მოსაგრე დედა დაინახა. იგი გარდაცვლილიყო და პირით აღმოსავლეთისაკენ იწვა გულზე ხელებგადაჯვარედინებული. მამა ზოსიმემ ცრემლებით დაულტო მას ფერხნი და დიდხანს დასტიროდა შესვენებულს ისე, რომ არ შეხებია მას. შემდეგ იმ ფსალმუნთა გალობა დაიწყო, რომლებიც მართალთა აღსასრულის მწუხარებას შეესაბამება და მიცვლებულისათვის წესის აგების ლოცვები წარმოთქვა. მაგრამ მას ვერ გადაეწყვიტა – დაეკრძალა თუ არა ღირსი დედა, და როგორც კი გაიფიქრა, ნეტავ როგორი იქნებოდაო წმიდანის ნება, მაშინვე დაინახა მის თავით მიწაზე დაწერილი: „ამ ადგილას დამკრძალე, მამაო ზოსიმე, სხეული მდაბალი მარიამისა. მიეც მიწას მიწისა. ევედრე უფალს ჩემთვის, რომელი აღვესრულე თვესა აპრილს, დღესა პირველს, ქრისტეს მხსნელ ვნებათა ღამეს, მას შემდეგ რაც ვეზიარე ღვთაებრივ საიდუმლოთ“.

როცა წაიკითხა ეს წარწერა, მამა ზოსიმე გაოცდა თუ ვის უნდა გაეკეთებინა იგი, იმიტომ რომ თვით წმიდა მარიამმა არ იცოდა წერა-კითხვა. მაგრამ იგი გახარებული იყო, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგო ამ მოსაგრე დედის სახელი. მიხვდა ბერი ზოსიმე, რომ იმ დღეს, ერთი წლის წინათ, როცა ღირსი მარიამი მისი ხელიდან ეზიარა ორდანესთან წმიდა საიდუმლოთ, მან ერთ წამზედ განვლო უდაბნოში ის დიდი მანძილი, რომლის განვლასაც ღირსმა მამამ ოცი დღე მოანდომა, და მაშინვე ჩაბარდა უფალს.

მას შემდეგ, რაც ღმერთი ადიდა და ცრემლით დაალტო მიწა და სხეული ღირსი მარიამისა, მამა ზოსიმემ წარმოთქვა: „ეხლა კი დროა, ბერო, ბრძანების აღსრულებას შეუდგე. მაგრამ ვით ამოვთხარო მე, ბედკრულმა, საფლავი, როცა არავითარი იარაღი არა მაქვს ხელთ?“ იქვე ახლოს მან წაქცეული ხე დაინახა, ტოტი მოტეხა მას და მიწის თხრას შეუდგა. მაგრამ ძალიან გამხმარი იყო მიწა და ქვასავით გამაგრებული, ამიტომ რამდენსაც არ ეცადა ბერი, ვერაფერი გააწყო. ბოლოს, არაქათგამოცლილი წამოიმართა და ღირსი მარიამის ნეშტთან უზარმაზარი ლომი დაინახა, რომელიც ტერფებს ულოკავდა წმიდანს. ბერი შიშმა შეიპყრო, მაგრამ მან პირჯვარი გადაისახა და ირწმუნა, რომ უვნებლად გადარჩებოდა წმიდა მოსაგრის ლოცვის მეოხებით. მაშინ ლომი ბერს მიუახლოვდა მორჩილად და ბერმა ზოსიმემ, აღგზნებულმა სულით, ლომს საფლავის ამოთხრა უბრძანა, რათა მიწისათვის მიებარებინა წმიდა მარიამის სხეული. მისი ბრძანებით ლომმა თათებით ამოთხარა საფლავი, სადაც დაკრძალა კიდეც ღირსმა ზოსიმემ წმიდანი. ამის შემდეგ ორივე თავთავისი გზით წავიდა: ლომი უდაბნოში, ბერი ზოსიმე კი დიდებითა და ქებით ქრისტესი ღმრთისა ჩვენისა – მონასტერში.

სავანეში დაბრუნებულმა მამა ზოსიმემ ყოველივე, რაც კი ნახა და მოისმინა ღირსი მარიამისაგან, ბერებსა და იღუმენს ამცნო. გაკვირვებამ მოიცვა ყველა, ღვთის დიდებულების ამ დადასტურებაზე. შიშით, რწმენითა და სიყვარულით დაადგინეს ბერებმა ღირსი მარიამის ხსენება დაეწესებინათ ად აღენიშნათ ხოლმე მისი გარდაცვალების დღე. მამა იოანემ, სავანის იღუმენმა, ღირსი დედის სიტყვისმებრ, ღვთის შეწევნით, ყოველივე აღასრულა სავანეში რაც ხამდა. მამა ზოსიმემ აქ, ამ მონასტერში დაასრულა თავისი ღვთისსათნო ცხოვრება და ამა წარმავალი ცხოვრებიდან, რომელშიც თითქმის ას წელს მიაღწია, იმ, საუკუნო ცხოვრებაში გადასახლდა.

ასე მოაღწია ჩვენამდე ღირსი მარიამ მეგვიპტელის საკვირველი ცხოვრების ამბავმა, რომელიც უფლის ყოვლადქებული წმიდა წინამორბედის იოანეს სახელობის სავანის ძველმა მოღვაწეებმა შემოგვინახეს, იმ სავანისა, იორდანეს ნაპირთან რომ მდებარეობს, თუმცა თავდაპირველად დიდი ხნის მანძილზე იგი ზეპირად გადადიოდა წმიდა ბერებისაგან მათს მოწაფეებზე, და მხოლოდ შემდეგში მოხდა მისი ჩაწერა.

„მეო, კი – ამბობს მღვდელმთავარი სოფრომი, მთავარეპისკოპოსი იერუსალიმისა (ხსენება 11 მარტს), პირველი აღმწერელი წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებისა, – რაც წმიდა მამებისაგან მივიღე გადმოცემით, ყოველივე ჩავწერე და წერილობით სიცოცხლე მივანიჭე ზეპირ გადმოცემებს.

ღმერთიმც მიაგებს ნაცვალს წამკითხველთაც, მსმენელთაც და გადმომცემთაც ჩვენდა ამა ამბისა, ის ღმერთი, რომელიც შემოქმედია დიდ საკვირველებათა და დიდ ნიჭთა მწყალობელი ყველასათვის, ვინც კი რწმენით მიმართავს მას. მისი წყალობითამც ღირს ვიქმნათ ნეტარი მარიამ მეგვიპტელის კეთილი ხვედრისა და ყველა იმ წმიდანისაც, ვინაც თავისი გონებით ზრახვით ღვთის დიდებულებისა და მოღვაწეობით სათნო ჰყოფია ღმერთს საუკუნითგან. ვადიდოთ ჩვენცა საუკუნო მეუფე ჩვენი, რათა ღირს ვიქმნათ ქრისტე იესუის წყალობის მოპოვებისა განკითხვის დღეს, უფლისა ჩვენისა, ვისიც ხამს დიდება და პატივი ყოველი, ხელმწიფება და თაყვანისცემა მამითურთ და ყოვლადწმიდა ცხოველმყოფელი სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.



One Response to “ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი”

  1. გიორგი Says:

    Дивна прича о Монаху и вуку


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: