იოსებ მუნიოსი ღვთისმშობლის ხატის სასწაულებზე და ეკუმენიზმის შესახებ

ინტერვიუ

ძმა იოსებთან საუბარი მამა პავლე ივაშევიჩმა (რუსეთის საზღვარგარეთული მართლ-მადიდებელი ეკლესიის მღვდელი) ესპანურ ენაზე წარმართა. იგი შედგა სან-ფრანცისკოში 1996 წლის 6 ნოემბერს შანჰაისა და სან-ფრანცისკოს განმანათლებლის იოანეს კელიაში, რომელიც ვორონეჟის ეპისკოპოსის (ზადონელი საკვირველთმოქმედის) ტიხონის სახლში მდებარეობს. ამ დღეს ხსენება იყო ღვთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთათვის სიხარულის მიმნიჭებელი“.

– ძმაო იოსებ, მთელი 15 წელია, მირონდენის სასწაულის მოწმე ხართ. ხომ არ „შეეჩვიეთ“ ამ სასწაულს?

არა, ამასთან შეჩვევა შეუძლებელია, და საერთოდ, სასწაულთან შეჩვევა არ შეიძლება. ეს იმას ჰგავს, მღვდლისათვის ევქარისტიის კანონის შესრულება ჩვევად, რუტინულ მოქმედებად რომ იქცეს. ვფიქრობ, ნებისმიერი მღვდელი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს მღვდლობა და ის ძალაუფლება, რომელიც ღმერთისაგან ებოძა, რათა პური ხორცად აქციოს, ღვინო კი – სისხლად, ვერ შეეჩვევა ამ საიდუმლოს.

“невозможно передать, что я почувствовал, увидев Её. Сердце моё перевернулось в груди”. (Хранитель Иконы Иосиф Муньос Кортес)

ჩემთვის მირონდენის სასწაული ყოველთვის ახალია. მას არასოდეს შევეჩვევი. ხატს ცნობისმოყვარეობით არასოდეს ვუახლოვდები, რათა შევამოწმო საიდან მოდის მიორნი ან რამდენი მოდის. ბევრი მეკითხება, რამდენი მირონი იღვრება დღეში. ამით არასოდეს დავინტერესებულვარ.

სასწაულებს არ უნდა შევეჩვიოთ. ეს თუ მოხდა, სასწაული აღარ იქნება სასწაული. ადამიანი, რომელსაც ესმის, რა არის სიწმიდე, ვერასოდეს შესძლებს, შეეჩვიოს სასწაულს. საიდუმლოსთან მას ისეთი დამოკიდებულება კი არ ექნება, როგორც მეფოკუსის ყუთთან, არამედ როგორც რაღაც მიუწვდომელთან, შემოქმედისადმი შიშსა და სიყვარულს რომ იწვევს.

– ვფიქრობ, ბევრი თვლის, რომ ხატი თქვენი საკუთრებაა და როგორც გსურთ, ისე მოეპყრობით. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და რას უპასუხებდით ასეთ მოკითხარებს?

– ეს ასე არ არის. მე ხატის მხოლოდ მფარველი ვარ. ხატი რომ მხოლოდ მე მეკუთვნოდეს, ვიჯდებოდი ჩემთვის წყნარად სახლში და თავს არ დავიღლიდი მთელ დედამიწაზე გაუთავებელი მოგზაურობებით, და არ დავთანხმდებოდი ღვთის ერთან შეხვედრებზე.

სასწაული რომ მოხდა, ბევრი თვლიდა, რომ ხატის გატანა მონრეალიდან არ შეიძლებოდა, რადგან ყველაფერი მონრეალში დაიწყო. ჩემი აზრით, თანამედროვე მსოფლიოში ჩვენ ხალხს უნდა შევხვდეთ.

უარს არცერთ მრევლთან შეხვედრაზე არ ვამბობდი, თუ ეს ჩემზე იყო დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩვენი საზღვარგარეთის ეკლესიის თითქმის ყველა მრევლი შემოვიარე. ხალხი ყოველთვის ვერ ხვდება, რომ ეს სასწაულთმოქმედი ხატია და რომ მას ვერ ვმართავთ.

მაგალითად, ერთხელ მონრეალიდან ნიუ-იორკში მივფრინავდი, სადაც მრევლი მელოდებოდა. მაგრამ ნიუ-იორკის თავზე თვითმფრინავმა რამოდენიმე წრე დაარტყა და ისევ მონრეალში დაბრუნდა.

ეს რას ნიშნავს? ჩემთვის პასუხი ნათელია. იქ არ უნდა წავსულიყავი.

იყო მეორე შემთხვევა: ჩავჯექი ტაქსში და აი, უცებ ჩვენს წინ მანქანა გაჩნდა. მძღოლი იძულებული გახდა, მკვეთრად დაემუხრუჭებინა. სახატის მინა გაიბზარა. ჩვენ არაფერი დაგვშავებია, მაგრამ იძულებული გავხდი, შინ მივბრუნებულიყავი და გატეხილი მინა მომეცილებინა. ამასობაში კი თვითმფრინავი უჩემოდ გაფრინდა. ვერ შევძელი იქ წასვლა, სადაც მელოდნენ.

ვიცი, ხალხი ამბობს, რომ ჭირვეული, გაუგონარი ვარ და მხოლოდ იქ მივდივარ, სადაც მინდა.

1995 წლის ივლისში, როცა ათონის სავანეში ვიყავი (სადაც ხატი მოიხატა), სავანის იღუმენმა ასეთი ეპიტიმია მომცა: ყოველი გამგზავრების წინ მეტანია გამეკეთებინა და წარმომეთქვა ლოცვა: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაკურთხე“. ამის შემდეგ, – მითხრა იღუმენმა, – ღმერთი წარგიმართავს გზას.

მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ამ კურთხევას ვასრულებ, ზოგჯერ განსაკუთრებით მოითხოვს სული ამა თუ იმ ადგილებში გამგზავრებას.

ჩვენს დროში, ხალხი ძალიან გაჭირვებულია, ამიტომ დიდ ოჯახებს არა აქვთ ხატის თაყვანსაცემად მონრეალში ჩამოსვლის საშუალება. ბევრისათვის ეს სრულიად შეუძლებელია.

ხატი რომ სულ მონრეალში იყოს, პრივილიგირებული ადამიანების მეტი ვერავინ შესძლებდა მის პატივსაცემად თვითმფრინავში 6-12 საათის გატარებას.

ბულგარეთში რომ ვიყავი, დღის განმავლობაში ხატთან დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მოდიოდა. ცხადია, იმ 60 ათას კაცს ბულგარეთიდან მონრეალში ჩამოსვლის საშუალება არ ექნებოდა.

ვფიქრობ, ჩვენს დროში, ისევე, როგორც ქრისტეს დროს, სიწმიდეები თვითონ უნდა მიეახლებოდნენ ხალხს, როგორც ღმერთი მიდიოდა ხალხთან.

ეს ტრადიცია მე არ დამიწესებია. უფალმა იცის, როგორ მიჭირს მგზავრობა. ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი სიხარულით ვასრულებ მორჩილებას ღმრთისმშობლისა და ღმერთის ერის წინაშე, რომელიც ყოველთვის უდიდესი გულმოდგინებით ელოდება ზეციურ დედოფალს.

როდესაც ხატი ჩვენს ეკლესიებშია დასვენებული, მასთან ყველა მართლმადიდებლური იურისდიქციიდან მოდიან. ასევე სხვა აღმსარებლობისანიც.

– რა არის ყველაზე რთული თქვენთვის, როგორც ამგვარი სიწმიდის მფარველისათვის?

– ყველაზე რთული მოგზაურობაა, გადაადგილებაა: ძნელია აეროდრომამდე მიღწევა, სადაც თანამედროვე, გარყვნილ ცხოვრებასთან გიწევს შეჯახება.

იძულებული ვარ თვითმფრინავით ვიმგზავრო საქმიან და მდიდარ ხალხთან ერთად, რომელთაც სულიერება საერთოდ არ გააჩნიათ.

თუმცა ღვთისმოსავ ადამიანებს ღმრთისმშობელი თვითმფრინავებშიც პოულობს. ყოველთვის მოიძებნებიან ადანიამები, რომლებიც კითხულობენ, საიდან იფრქვევა კეთილსურნელება, ზოგი ღმრთისმშობლის სიახლოვესაც გრძნობს.

მახსოვს, დიდი ხნის წინ მონრეალიდან სან-ლუისში, მიზურში მივფრინავდი. ჩემს გვერდით მჯდომმა ქალბატონმა მკითხა, რისი სურნელება იფრქვევაო. როდესაც ვუპასუხე, რომ ხელთ სასწაულთმოქმედი ხატი მქონდა, ატირდა და მითხრა, რომ მძიმე ოპერაციის გასაკეთებლად მიფირნავდა ნიუ-იორკში. თვალცრემლიანმა თქვა, დედა ღმრთისმშობელმა მომძებნა და ჩემი შველა სურსო. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოგვიანებით იმ ქალბატონისგან წერილი მივიღე, რომელშიც მატყობინებდა, რომ ოპერაციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ასე რომ, არსებობს პატარა და დიდი სასწაულები. პატარა სასწულებს მხოლოდ სუფთა გულის ხალხი ჭვრეტს.

აი, რა შემემთხვა არგენტინაში. ჩავედით მისიონესის პროვინციაში: სუბტროპიკები, თიხიანი მიწა, უგზოობა და წვიმიანი სეზონი. სიარული ტრანსპორტითაც და ფეხითაც თითქმის შეუძლებელი იყო. დიდი გაჭირვებით მივაღწიეთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშბოლის საფარველის ტაძარს, რომელიც ტრესკაპონესში მდებარეობდა. ამ დროს ერთმა მონაზონმა შენიშნა, რომ როდესაც ტაძარს ხატი მიუახლოვდა, ტაძრის გარშემო ულამაზესი ყვავილები გაიფურჩქნა, ჩვენს მისვლამდე ერთი დღით ადრე იქ მსგავსი არაფერი იყო. ხატის მიბრძანების შემდეგ მარტო ყვავილები კი არ გაიშალნენ, მთელი ტაძარი მზის სხივებით განათდა. და ამ სასწაულს მხოლოდ იმ მონაზონმა მიაქცია ყურადღება. სულიერი ცხოვრება ადამიანს ამგვარი სასწაულებით ეხსნება.

– თქვენ ხშირად გიწევთ ადამინებთან ურთიერთობა. რას გრძნობთ ამ დროს?

– ადამინებთან ურთიერთობა ზოგჯერ ადვილია, ზოგჯერ კი – ძნელი. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ტკივილებსა და განცდებს მიზიარებენ.

ათონელი იღუმენი, რომელმაც ხატი გადმომცა, მეუბნებოდა: „ეკლესია, სადაც სიყვარული, თანაგრძნობა და მოწყალება არაა, არ არის ეკლესია“. ეს სწავლება ჩემს გულში ღრმად ჩაიბეჭდა. იმედი მაქვს, იმ წუთიდან, ვერავინ იტყვის, რომ უხეშად მოვექეცი ან საუბარზე უარი ვუთხარი.

მე ყველას მოთმინებით ვუსმენ, თუმცა მიჭირს, რადგან ინგლისური კარგად არ მესმის. მთელი ყურადღების კონცენტრირება მჭირდება, საქმის ვითარებაში რომ გავერკვე. ხშირად პასუხის გაცემა მიძნელდება, რადგან ისეთ კითხვებს მისვამენ, რომლებზეც მთელი მათი მომავალია დამოკიდებული. ამ დროს უდიდესი სიფრთხილეა საჭირო.

ხალხს ხშირად ავიწყდება, რომ მღვდელი არა ვარ. შეკვრა-გახსნის მადლი მხოლოდ სამღვდელოებას აქვს – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, უფალმა და მისმა ყოვლადწმიდა დედამ მოთმინებით დამაჯილდოვეს, თუმცა ხანდახან, განსაკუთრებით, როცა ისედაც დაღლილი ვარ, უაზრო კითხვების გამო, მდგომარეობა უფრო აუტანელი ხდება.

ზოგჯერ ადამიანები ულტიმატუმს მიყენებენ: მოითხოვენ, ღამე ხატის წინაშე ლოცვაში გავატარო და დილით პასუხი ვუთხრა. არის კითხვები, რომლებზეც პასუხები უცებ არ არის. ვთხოვ, მომცენ დრო, რომ ღმრთისმშობლის მიმართ ვილოცო – პასუხს დროთა განმავლობაში მივიღებ. მათ კი არ ესმით, რომ მე ღმრთისმშობელს არ ვესაუბრები და არც მაქვს ამის პრეტენზია. ვპირდები ხოლმე, რომ აუცილებლად ვილოცებ, ამას კი ყოველთვის ვასრულებ და ღმრთისმშობელს ვთხოვ, წარმოათქმევინოს ჩემს ბაგეებს პასუხი.

– ამ თხუთმეტი წლის მანძილზე სასწაულთმოქმედი ხატით მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხე შემოიარეთ. თქვენ საშუალება გქონდათ, სხვადასხვა ღმრთისმსახურებს შეხვედროდით. ვისთან შეხვედრა იყო ყველაზე შთამბეჭდავი? მოკლედ გვიამბეთ, სახელდობრ, რამ მოახდინა შთაბეჭდილება.

– ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ათონის მონასტრის იღუმენთან იყო, ვინც ხატი გადმომცა. ის ახლა 101 წლისაა (1997 წლის დასაწყისში იღუმენმა კლიმენტიმ სული მიაბარა უფალს. – რედ.). ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ცხოვრების წესმა, მისმა ცოცსალმა გონებამ. ასაკის მიუხედავად, ღმერთმა არ წაართვა მას მეხსიერება, მონაზვნების სულიერი ცხოვრების ხელმძღვანელობის საშუალება. ესაა ადამიანი, რომელიც დღემდე შრომობს ფიზიკურად. ესაა ადმიანი, რომელმაც ყველაფერი ღმერთს ჩააბარა და მატერიალურ კეთილდღეობაზე არასოდეს უზრუნია. იგი გამდიდრებას არასოდეს ეძებდა, ამიტომ უფალმა წმიდა სულიერებითა და ნათელი გონებით დააჯილდოვა.

მეორე ადამიანი, რომელთან შეხვედრასაც გავიხსენებდი, საფრანგეთში მდებარე ლესნენსკის მონასტრის იღუმენი მაგდალინაა (გრაბე). იგი ღრმა სულიერების ადამიანი იყო.

მახსენდება, ასევე, ბულგარეთის მონასტრის იღუმენი – დედა სერაფიმა (ლივენი), ეს იყო მაღალი ცხოვრების ადამიანი, რომელიც რეალურ, თანამედროვე ცხოვრებას მოწყვეტილი არ იყო.

იგი უნივერსალურ ენას ფლობს, რომლის საშუალებითაც მიმართავს, როგორც ძალიან განსწავლულ, ისე ყველაზე უბრალო ბულგარელ ხალხს. მის სულიერებას ყველა გრძნობს. მისი მაგალითი გვიჩვენებს, რომ სულიერება ინტელექტზე მაღლა დგას. ეს არის ძლიან ჭკვიანი, განათლებული და სულიერი ადამიანი. მისი მონასტერი სანიმუშოა – მსგავსი ევროპაში არ შემხვედრია. ამ მონასტერში პირველი ადგილი ლოცვას უჭირავს, მეორე – შრომას.

ეს მონაზონი ყოველთვის ჭეშმატირებისათვის იბრძოდა, ესაა აღმსარებელი. მან დიდი ძალისხმევის შედეგად, შესძლო ძველი სტილის შენარჩუნება. უკვე მოხუცებული დედა სერაფიმა ბულგარელი ძველმესტილეების სიმბოლოა. მან არ უღალატა მართლამდიდებლურ სარწმუნოებას. ჩემთვის დედა სერაფიმა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ხატის წინ ანთებული კანდელია.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავდა ჩემს სულიერ ცხოვრებაზე, ერთადერთი, ვინც ყოველთვის მეკითხებოდა, როგორ ვლოცულობდი და რითი ვსუნთქავდი, – ჟენევის არქიეპისკოპოსი ანტონი იყო. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება. იგი დიდ თაყვანს სცემდა ღმრთის დედას. 86 წლის მოხუცებული თვითონ ჩამოდიოდა მანქანით ჟენევიდან ლესნაში (15 საათზე მეტი სჭირდება), ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატისათვის რომ ეცა თაყვანი. როდესაც ღმრთისმშობლის ხატი ჟენვის საკათედრო ტაძარში მივაბრძანეთ, ძალიან უხაროდა და ამბობდა, ღმრთისმშობელთან შეხვედრის ღირსი არა ვარო.

ეს შესანიშნავი ადამიანი ღრმად იყო განსწავლული ეკლესიის ისტორიაში. იგი პირადად იცნობდა მოტროპოლიტ ანტონ ხრაპოვიცკის, ათონის მონაზონს – კირიკ-აღმსარებელსა და ლესნენსკის მონასტრის დამაარსებელს – დედა თეოდორას. ჟენევის არქიელი ანტონი დედა თეოდორას ნათესავი იყო. ცხოვრების ბოლო წუთებში არქიელ ანტონს დედა ღმრთისა გამოეცხადა და დაეხმარა თავისი ძის სამეუფოს დამკვიდრებაში.

– ყველაზე მეტად რომელი სასწაული დაგამახსოვრდათ?

– ძნელია, დაივიწყო ხალხის ფიზიკური განკურნება. მაგრამ მე მათი სულიერი გარდაქმნა უფრო მახსოვს, რაც სასწაულთმოქმედი ხატის წინ ხდებოდა. ბევრი ხატს უახლოვდება და ტირილი უვარდება. ხატი ისეთ ზეგავლენას ახდენს, რომ ადამიანები შეიგრძნობენ ზიარების აუცილებლობას (ადამიანებს ზიარების სურვილი უჩნდებათ). ესაა სწორედ ყველაზე დიდი სასწაული ჩემთვის. ჩვენს დროში მრავალი ექიმია, ფიზიკურ დაავადებებს რომ კურნავს, სულების მკურნალნი კი ცოტანი არიან! ცოტაა ისეთი სულიერი მოძღვრები, როგორებიც ადრე იყვნენ. ამ საუკუნეში მღვდლებს ძალიან უჭირთ სულიერი მოძღვრობა. ხალხს უჭირს. ბევრი სულიერად უფროა დაავადებული, ვიდრე ფიზიკურად. მაგრამ, როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი, როცა ხორცი იტანჯება, მას სული მართავს, ხოლო როცა სული იტანჯება, ვინ მართავს მას?

არიან ადამიანები, რომლებიც ხატთან იმისთვის მიდიან, რომ ფოკუსი დაინახონ, ამის მაგივრად კი სასწაულს ხედავენ. ხატს არც ისე სულიერი ადამიანებიც კი მოწიწებით ეპყრობიან, და ღმრთისმსახურების დროს, რომელსაც ხატი ესწრება, ყოველთვის იგრძნობა განსაკუთრებული სიწმიდე. ამას მარტო მე არ ვამბობ, ბევრმა მღვდელმა დაამოწმა, რომ ხატიდან უხვად იღვრება მადლი.

ვფიქრობ, ასე არ უნდა იყოს, რადგან ყველა ლიტურღია მადლიანია. მაგრამ მაინც ღმრთისმშობლის თანდასწრებით ხალხი უფრო ადვილად იტანს უბედურებას. დედა ღმრთისა ყოველთვის თან ახლდა თავის ძეს, მასთან ახლოს იდგა. ამიტომ როცა ტაძარში სასწაულთმოქმედი ხატი ასვენია, უფრო ადვილად ავდივართ ზეციური დედოფლის ძესთან.

ჩვენ ეს მოგვეცა იმისათვის, რომ არ გვაქვს მისი უბიწოდ ჩასახვის დოგმა, როგორც ეს აქვთ კათოლკებს. დედა ღმრთისა ახლოა ჩვენთვის თავისი ადამიანური ბუნებით, იგი ადამიანი იყო, დედაკაცი და ყველაზე წმიდა. მას უკვე ორი ათასი წელია ადიდებენ ლიტურღიებისა და მსახურებების დროს მის საპატივცემულოდ შექმნილი ასობით საგალობლით. დედა ღმრთისა ჩვენს ლოცვებს ღმერთს გადასცემს. იგი ჩვენი გულმოდგინე ქომაგია.

– რატომ აქამდე არ იქნა ხატი ჩამოსვენებული რუსეთში? განა ეს მართლ-მადიდებლობისთვის სასიკეთო შედეგს არ მოიტანდა?

– ვფიქრობ, როდესაც მირონმდინარე ხატი რუსეთში ჩაბრძანდება, ეს იქნება აღდგომა ზაფხულში. მაგრამ, როგორც ადრეც მოგახსენეთ, მირონმდინარე ხატი სასწაულებს ეკლესიის ფარგლებში ახდენს. ამიტომ, სანამ ჩემი ეკლესიის პირველი იერარქისგან კურთხევა არა მაქვს, ეკლესიისა, სადაც ეს სასწაული მას შემდეგ გამოვლინდა, რაც იქ რუსი ახალმოწამენი შერაცხეს წმინდანებად, პირველიერარქის წინააღმდეგ ვერ მოვიქცევი და ამდენად ვერ ჩამოვდივარ რუსეთში. ეს ურჩობა იქნებოდა. ეკლესიაში კი ურჩობა დაუშვებელია. რუსეთში მალულად ვერ ჩამოვალთ, რათა ქურდსა და ავაზაკს არ მოვემსგავსოთ, რომელიც ფანჯრიდან იპარება ოთახში. რუსეთში სამეუფო კარიდან უნდა შევიდეთ, რომელსაც ღირსეული ადამიანები გაგვიღებენ.

– სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად უამრავი მოგზურობისას გამუდმებით მორწმუნეებით ხართ გარემოცული. ყველაზე ხშირად რაზე გესაუბრებიან?

– თანამედროვე ადამიანები ძალიან შფოთიანები არიან. მათ კონფლიქტი აქვთ მართლმადიდებლურ სულიერებასა და თანამედროვე მატერიალურ ცხოვრებას შორის. ჩვენს დროში ადამიანების სულებში ძლიერაა ფესვგადგმული ვნებები. როგორც დავასკვენი, მათი ვნებები ერთმანეთს ჰგავს: ეგოიზმი, უსიყვარულობა. ეს მნიშვნელოვნად ართულებს მათ ცხოვრებას. მათ არა აქვთ მიმართულება; მათთვის აუცილებელია ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი. ვფიქრობ, პასუხი ცხოვრების წესის შეცვლაში იმალება. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოსწორდება ადამიანი და პრობლემებიც გაქრება.

ასევე არიან სნეულნი და ავადმყოფობით დატანჯულნი. ბევრი კითხულობს, ღმერთი რატომ მსჯისო. მე ვპასუხობ: უფალი არა გსჯით, იგი გეწვიათ თქვენ. ახლა, საავადმყოფოში რომ წევხართ, გაქვთ დრო, გადახედოთ წარსულ ცხოვრებას. შეინანეთ, უსმინეთ თქვენს სინდისს და იგრძნობთ, რომ უფალი ყოველთვის გელოდათ. თვალი მიაპყარით წარსულს და შესძლებთ მომავლის გამოსწორებას. ამ სტუმრობისათვის უფალს მადლობა შესწირეთ.

ბევრს მღვდლები მიუდგომელი ჰგონია, მე კი თავიანთ კაცად მთვლიან. ადამიანები გრძნობენ, რომ ვცდილობ, ყოველთვის მოთმინებითა და სიყვარულით მოვეპყრა. ამიტომ მოდიან ჩემთან და ხანდახან სრულიად წარმოუდგენელ კითხვებს მისვამენ, ან თავიანთ საიდუმლოებებს მანდობენ. ყოველთვის შევიგრძნობ იმ თანამედროვე ადამიანის ტრაგედიას, რომელიც ღმერთს არ იცნობს, თუმცა სულის სიღრმეში ეძებს მას. ხალხი პასუხებს ითხოვს. ვურჩევ, სახარება იკითხონ – ყველაფრის პასუხი იქ არის.

– ამ 15 წლის მანძილზე ბევრ მრევლთან იყავით. ჩვენს მკითხველებს (მოძღვრებს), ალბათ, დააინტერესებთ, რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევიან ის მრევლნი, სადაც ხშირი ლოცვა, უფრო სულიერი ატმოსფეროა. რა უწყობს ამას ხელს?

– ყველაზე მეტად წმიდა მართლმორწმუნე ბატონის ალექსანდრე ნეველის მრევლი დამამახსოვრდა (ლეივკუდში). ხატის ყოველი მიბრძანებისას, წინამძღვარი სინანულს ქადაგებდა. იგი ამბობდა, თუ დღეს დედა ღვთისა გვესტუმრა, ცნობისმოყვარეობით კი არა, განწმენდილი გულებით უნდა შევხვდეთო. ამისთვის კი აღსარება, სინანულია საჭიროო.

მიყვარს იქ ყოფნა, რადგან მსახურება აღდგომის მსახურებას ემსგავსება: ყველა ეზიარება, ყველა ხარობს. ამის შემხედვარეს, სურვილი მიჩნდება, წამოვიყვირო: ქრისტე აღსდგა! სინანულისაკენ მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბევრ მრევლში არ ახსოვთ; ამაყობენ, რომ ხატი მათთან მიბრძანდა, პატიჟებენ მეზობლებს.

– რას გეუბნებათ გული რუსეთის ეკლესიის დაყოფასთან დაკავშირებით?

– პირადად მე სხვებს არ განვიკითხავ. თავადაც ბევრი ნაკლი მაქვს. ვლოცულობ, რომ ეკლესია გაერთიანდეს და ღმრთისმშობელს შევთხოვ, ეს ყოველგვარი კომპრომისის, ერესის, ეკუმენიზმის და პოლიტიკური კონტროლის გარეშე მოხდეს. ეს რომ მოხდება, მთელი ეკლესიისათვის დიდებული დღე დადგება. ჩვენ ჩვენს წმინდანებს უნდა მივბაძოთ: შანჰაისა და სან-ფრანცისკოს განმანათლებელ იოანეს, რუს ახალმოწამეებს, ღირს მოწამე დიდ კნეინა ელიზაბეტას – ისევ უნდა მივუბრუნდეთ სარწმუნოებას, ხელმეორედ უნდა ვიშვათ.

– რა აზრისა ხართ ეკუმენიზმსა და იმ ხალხის აპათიაზე, რომელთაც ეკუმენისტური მოძრაობიდან გამოსვლა არ სურთ?

– ეკუმენიზმი ყველაზე დიდი ერესია. ისინი (ეკუმენისტები) ცდილობენ, ეკლესია გახადონ ისეთი, როგორიც ხალხს უნდა და არა პირიქით, როგორც უნდა იყოს. ასე დაემართათ კათოლიკეებს. ხალხისათვის ხელსაყრელი რომ გამხდარიყო, ლიტურგია 10 წუთამდე შეამცირეს. ჩვენს ეკლესიაში ლიტურგია წმიდადაა შენარჩუნებული.

აპათია კი საშინელი რამაა. მღვდლები და მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ ჭეშმარიტებისათვის სიცოცხლის გასაწირად, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტების დაცვით თუ აქ მტრებს შევიძენთ, იქ ზეციურ მეგობარს ვიძენთ.

– გაწუხებთ თუ არა ე.წ. ოფიციალური მართლმადიდებლობისა და რომის კათოლიკური ეკლესიის დაახლოების თანამედროვე მოძრაობა?

– არა, ვინაიდან უფალმა თქვა: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა“.

– თქვენი აზრით, მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის თანამედროვეობის რა მოვლენაა ყველაზე საშიში?

– უპირველეს ყოვლისა, ამერიკული მატერიალიზმი. ფიქრობენ, რომ ძალა ფულშია და კერპად აქცევენ. ტრაგედია ამაში მდგომარეობს. რაც მეტი აქვთ, მეტი უნდათ; რაც მეტი ფული გვაქვს, მით მეტად ვშორდებით ეკლესიას. მატერიალიზმი ანგრევს ეკლესიას. იგი ჩვენს სულებში არ უნდა შემოვუშვათ.

ასევე, არ უნდა შემოვუშვათ ჩვენს ცხოვრებაში ტელევიზია, არდგან იგი ვერაფერ კარგსა და სასარგებლოს ვერ მოგვცემს. უნდა ვეცადოთ, ჩვენი შვილები მოვარიდოთ ტელევიზორს. ტელევიზორი მაგიურ სამყაროს გვთავაზობს, მაგია კი ყოველთვის უარყოფითად ითვლებოდა. ტელევიზორიდან უსაშინლეს ცოდვებს ვსწავლობთ.

ჩვენს საუკუნეში სამი რამ გაბატონდა: ფული, გარყვნილება და მხედველობითი გართობანი. ისინი გამუდმებით ანგრევენ ადამიანს.

ჩვენ, მართლმადიდებლები ყველაფერ ამას უნდა მოვერიდოთ. საშინელი სანახავია, როგორ რეცხავს ტელე-კერპი ადამიანის ტვინს და უცვლის მსოფლმხედველობას. ეს დემონური აპარატი, ცოდვებს რომ გვაჩვევს, აშკარად არ გვიჩვენებს შედეგის მომაკვდინებელ ძალას.

მოციქული ამბობს, რომ ცოდვის საფასური – სულიერი სიკვდილია. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ხორციელი სიკვდილისათვის, განსაკუთრებით კი უნდა გვეშინოდეს სულიერი სიკვდილის. ძვირფას დროს ტელევიზორთან ვფლანგავთ, მაშინ როცა შეგვიძლია სასარგებლო საქმე ვაკეთოთ, ვადიდოთ ღმერთი.

მწუხარებით შევცქერი, როგორ ტოვებს ბევრი დედა ბავშვს ტელევიზორთან საკუთარი სიმშვიდის მოსაპოვებლად, შემდეგ კი ეს ბავშვები ხდებიან მკვლელები, ქურდები. და ვინ იყო მათი წინამძღვარი? ტელევიზორი.

– ჩვენი ძირითადი საზრუნავი – ოჯახი და შვილებია. თქვენ ბევრ განსხვავებულ ოჯახს იცნობთ, გიყვართ ბავშვები. როგორ დავიცვათ ბავშვების სულები?

– შვილები საკუთარი მაგალითით უნდა აღვზარდოთ. არასოდეს არ უნდა მოვატყუოთ, რომ ჩვენი ნდობა არ დაკარგონ. ბავშვების მართლამადიდებლური აღზრდა დაბადებიდან იწყება. რაღაც გარკვეულ ასაკს არ უნდა დაველოდოთ.

– ჩვენი ეკლესია რთულ პერიოდს გადის. როგორ შევძლოთ სამღვდელოებამ და სამწყსომ სულიერი სიმაღლის შენარჩუნება? რა უნდა გავაკეთოთ ასეთ რთულ დროში, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ?

– მართლმადიდებელი ქრისტიანი მხოლოდ სახელი არ არის, ეს ცხოვრების წესია. ჩვენ ხელახლა უნდა ვიშვათ. მღვდლები უნდა ეცადნონ, სახლებში დააბრუნონ ლოცვა ცხოვრებისადმი. ყოველი სახლი საშინაო ეკლესიად უნდა იქცეს, მშობლები შვილებთან ერთად უნდა ლოცულობდნენ, უნდა კითხულობდნენ წმიდათა ცხოვრებებს, წმიდა წერილს და ამით იმდიდრებდნენ ცხოვრებას. ფეხბურთის მატჩების ყურების ნაცვლად, მამა შვილებთან ერთად უნდა ლოცულობდეს და წმიდა წერილს კითხულობდეს, მნიშვნელობა არა აქვს ბავშვების ასაკს. არიან ადამიანები, დადიან ეკლესიაში, მთელ შეკვრა სანთლებს ყიდულობენ, მაგრამ სინამდვილეში ტაძარში არ არიან, ვერ ხვდებიან, იქ რა ხდება. საშინაო ეკლესიის შექმნა ამას გამოასწორებს. მოძღვრები საკუთარი მაგალითით უნდა ქადაგებდნენ. მორწმუნეები უნდა ესწრებოდნენ შაბათის ლოცვებს, რადგან მოძღვრებისაგან ბევრს ითხოვენ, თვითონ კი არაფერს აკეთებენ. ეკლესიაში მხოლოდ დღესასწაულებში კი არა, ყოველთვის უნდა ვიაროთ.

– თქვენი პირადი აზრი: უნდა ველოდოთ თუ არა მდგომარეობის გამოსწორებას მომავალში? მოხდება თუ არა გაერთიანება, მართლმადიდებლური ძალების დაახლოება, თუ მოხდება უარესი? შემცირდება თუ არა ისედაც „მცირე სამწყსო“?

– მცირე სამწყსოს შემცირების არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ქრისტე ყოველთვის ჩვენთან არის. დადგა დრო, გავხდეთ აღმსარებელნი და გვახსოვდეს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას. უკვე ყველაფერი ანტიქრისტეს გამეფებისაკენ მიდის: ევროპის გაერთიანება, გლობალური ეკონომიკა …

არ უნდა შეგვრცხვეს პირჯვრის გადაწერა ან ლოცვა, როცა სხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის აღმოვჩნდებით, ვინაიდან ვინც აქ, ქვეყანაზე აღიარებს ქრისტეს, მას ქრისტე აღიარებს თავისი ზეციური მამის წინაშე. ვინც ირწმუნებს მცირედ, დიდს მიიღებს, როცა საჭირო იქნება. ხელიდან არ უნდა გავუშვათ იმის შანსი, რომ აღმსარებელნი გავხდეთ. მიწიერი ცხოვრების დაკარგვით, შევიძენთ ზეციურს. ქრისტესთვის სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს.

– რას ეტყოდით ჟურნალ „რუსი მოძღვარი“-ს მკითხველს?

– როგორც უბრალო ერისკაცი, მოძღვრებს ვერაფერს ვურჩევ, მაგრამ გთხოვთ, ძმებივით გაუმართეთ ერთმანეთს ხელი, ქრისტეში. იცხოვრეთ ერთობაში: ყველაზე მნიშვნელოვანი ძმური სიყვარულია. ნუ იეჭვიანებთ ერთმანეთზე. მიუხედავად ასაკისა და ღვაწლისა – თქვენ ყველანი ძვირფასი თვლები ხართ უფლის წინაშე: თქვენ შეგიძლიათ ცოდვათა მიტევება, ევქარისტიის კანონის შესრულება, თქვენ ყველანი მაღალი ღმერთის მღვდლები ხართ.

ყველა მღვდელს გულწრფელად უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, უნდა ჰქონდეთ თავიანთი იერარქების თანხმობა და მორჩილება. წმიდა ეგნატე ანტიოქიელი ამბობს: „მღვდლები ეპისკოპოსებთან ერთად ლირის სიმებს უნდა ჰგავდნენ, რომლებიც ხმაშეწყობილ მელოდიას გამოსცემენ ღმერთის სადიდებლად“.

როდესაც მასალა გამოსაცემად მზადდებოდა, მივიღეთ ინფორმაცია სიწმიდის მცველის გარდაცვალების შესახებ. 30 ოქტომბრის ღამეს ისოებ (ხოზე) მუნიოს კორტესი ქალაქ ათენის გრანდ-ოტელში მოკლეს. უდიდესი სიწმიდის მფარველის ტრაგიკული სიკვდილის ცნობამ მართლმადიდებლური სამყარო შეძრა. ვლოცულობთ რა ახლადშესვენებულ ძმა იოსებზე, გვწამს, კეთილმა მეკარემ მისი სული თავისი ძის სამეფოში მიიღო.

9 Responses to “იოსებ მუნიოსი ღვთისმშობლის ხატის სასწაულებზე და ეკუმენიზმის შესახებ”

  1. ნიკა Says:

    Маријо Славна

    • ნიკა Says:

      Воскресение Христово видевше

      • ნიკა Says:

        Икона и молитва Богородице Умягчение злых сердец

  2. ნიკა Says:

    ЧИСТАЯ ДЕВО

  3. ნიკა Says:

    ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა ი. მუნიოსის ამ სიტყვებმა: ეს ტრადიცია მე არ დამიწესებია. უფალმა იცის, როგორ მიჭირს მგზავრობა. ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი სიხარულით ვასრულებ მორჩილებას ღმრთისმშობლისა და ღმერთის ერის წინაშე, რომელიც ყოველთვის უდიდესი გულმოდგინებით ელოდება ზეციურ დედოფალს.

    • ნიკა Says:

      p.s. რაც ამ ვებ-გვერდზე მუშაობა დაიწყო, უფალმა იცის როგორ მიჭირს ხანდახან, მაგრამ…

  4. გიორგი Says:

    ძვირფასო დიდგორის მკითხველო, დიდი მწუხარებით მოგახსენებთ, რომ უდიდესი შრომა, რაც კი ეს ბოლო ჟამი სოციალურ ქსელ facebook – ზე გავწიე, ერთ წამში გამინადგურეს: ეკუმენიზმის მამხილებელი ფოტო-ალბომები, ვიდეოები, ინფორმაციები, უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ოფიციალური საპატრიარქოს უმთავრესი კომპრომატები განვათავსე, მამხილებელი კანონები, განწესებები, ჩანაწერები, სხვადასხვა ენაზე სჯულის უმთავრესი კანონები, და პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, როდესაც გავხსენი ფოსტა, ვეღარ შევედი ფეისბუკზე, გაანადგურეს ერთი ხელის მოსმით ყველაფერი ანუ გამიუქმეს ფეისბუკი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: