წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) სულიერი მოძღვრის შესახებ

გულით გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე

გულით გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და შემდგომ შეიყვარე მოყვასი შენი. არ გქონდეს უფლის სიყვარული და მოყვასი გიყვარდეს – ეს საშიშია, რამეთუ „ნუ იქნები მონა კაცისა“, ბრძანებს მოციქული. მუდამ გულში ჩამწვდომი იყო წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წანამორბედის სიტყვები: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისა, რომელი ჰსდგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმითა სიძისათა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ-არს. მისა ჯერ არს აღორძინებად, ხოლო ჩემსა მოკლებად“ (იოანე III, 29-30). 

აქედან გამომდინარე, სულიერი მოძღვარი ჯერ ზეციურ სიძეს უნდა ჰმსახურობდეს, ადამიანთა სულები მას უნდა დაუახლოვოს და არა საკუთარ თავს, უნდა აუწყოს ყველას ქრისტეს უსაზღვრო, ენით აუწერელი სილამაზე, სახიერება და სიკეთე, რათა მათ შეიყვარონ იესო ქრისტე, ჭეშმარიტად ღირსი სიყვარულისა, ხოლო მოძღვარმა დიდი და მდაბალი იოანე ნათლისმცემლის მსგავსად გზა იესო ქრისტეს უნდა დაუთმოს, თავი დაიმდაბლოს მოწაფეთა წინაშე, რათა ამგვარი თავისდამცირებით სრულყოს ისინი სულიერად. რამეთუ, ვიდრე მოწაფეებში ხორციელი გრძნობა სჭარბობს მოძღვარს განადიდებენ. სულიერად ამაღლებულნი კი, უწინარეს ყოვლისა, განადიდებენ ქრისტეს, ხოლო მოძღვარში, მხოლოდ ღმრთის ერთგულ მსახურს ჭვრეტენ. 

მიკერძოებას ნუ გამოიჩენ მოძღვრის მიმართ, მრავალმა ეს გაფრთხილება ყურად არ იღო და მოძღვართან ერთად ეშმაკის მახეში გაება. მოძღვრის რჩევა-დარიგების აღსრულება და მორჩილება სათნოა ღვთისათვის, ვიდრე მიკერძოებაში არ გადაიზრდება. მიკერძოების გამო ზოგჯერ საყვარელ ადამიანს კერპად გაიხდიან, კერპისადმი შეწირული მსხვერპლი ღმერთს განარისხებს და ასე გადის ცხოვრების დღენი, წყალშია ჩაყრილი კეთილი საქმენი, მათი კეთილსურნელება ქარს მიაქვს და სიმყრალით ქარწყლდება. ამიტომ კერპს გულში ადგილს ნუ მიუჩენთ.

და შენც, მოძღვარო, ეცადე ცოდვაში არ ჩადგა ფეხი, ნუ ეცდები ღმრთის ადგილი დაიკავო ახლადმოქცეულთა სულებში. წმიდა იოანე ნათლისმცემელს მიბაძე – ეცადე ქრისტე განადიდონ შენმა მოწაფეებმა და არა შენ. ოდეს იხილავ, თუ როგორ დამდაბლდი, მაშინ აღივსები სიხარულით, სულში საოცარი სიმშვიდე დაისადგურებს და ცხადად იგრძნობ, რომ აღსრულებულა მაცხოვრის სიტყვები: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“. ნეტარ არიან სახარებისეული სწავლების გულმოდგინედ აღმსრულებელნი, რომლებმაც ხორციელი ზრახვანი და ვნებათაღელვანი უგულებელყვეს. როგორც დაცემული სხეულის სურვილები ცოდვითაა სავსე, ასევეა დაცემული სულისაც.

დაცემული ადამიანი ეძებს აღასრულოს საკუთარი ნება, გახდეს მარტოსული, დამოუკიდებელი არსება, პირველობას იჩემებს და პატივმოყვარეა. სახარება ბრძანებს, ამგვარი ცხოვრებისაგან განდგომას, ღვთის ნების აღიარებას და საკუთარი ნების უარყოფას. სახარება მოითხოვს, რომ ადამიანმა მხოლოდ ღმერთს მიაგოს საღმრთო პატივი, თვითონ კი ქმნილებათა შორის დაიკავოს კუთვნილი ადგილი.

მოამზადა „დიდგორის“ პრესსამსახურმა/2011

_________________________________________________________________________________________

ფსალმუნი 22: უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილოანსა მუნ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს.

wm_giorgis makhvili_R

One Response to “წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) სულიერი მოძღვრის შესახებ”

  1. ლომისა Says:

    მონა ღვთისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც უღირსი ვარ ასეთ სიწმინდეებზე საჯაროდ საკუთარ აზრს გამოვთქვამდე, გადარჩენის სხვა გზა არა მაქვს, ვებღაუჭები იმ სუსტ ძაფს, რომელსაც საკუთარ მცირედმოწმუნეობას დავარქმევდი სახელად. ღმერთო გამაძლიერე და გააძლიერე ყველა მართლმადიდებელი რწმენაში. ჭეშმარიტი თავმდაბლობა ალბათ დიდი და გულით მორწმუნეების ხვედრია. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: