ბოლო ჟამის ეკლესია

ბოლო ჟამის ეკლესია

(ალექსანდრე კალომიროსი)

«ქვეყნიერება და ეშმა ეკლესიას მიაქანებენ ისეთ უსაშინლეს განსაცდელებამდე, რომ შორს აღარაა ის დღე, როდესაც ქვეყნის ყველა ეპისკოპოსს შეეძლება, ურთიერთობა დაამყაროს მწვალებლებთან. რას იქმან, მაშინ, მორწმუნენი? რა უნდა მოიმოქმედონ იმ არამრავალთა, რომელნიც ვაჟკაცობას შეინარჩუნებენ და არ გაჰყვებიან ბრბოს, არ გაჰყვებიან თავიანთ ნათესავებს, მეზობლებსა და თანამოქალაქეებს?

 ყველა მორწმუნე გაიგებს, რომ ეკლესია იქ კი არაა, სადაც იგი იხილვება. წირვები გაიმართება, ტაძრებიც ხალხისგან გაივსება, მაგრამ ეკლესიას არანაირი ურთიერთობა ექნება ამ ტაძრებთან, ამ მსახურებთან და მორწმუნეებთან. ეკლესია იქაა, სადაც ჭეშმარიტებაა. მორწმუნენი _ ეს ისინი არიან, რომლებიც შეურყვნელად იმარხავენ მართლმადიდებლურ გადმოცემას, რაცაა სულიწმიდის მობერვა. ნამდვილი მღვდლები _ ეს ისინი არიან, რომელნიც აზროვნებენ, ცხოვრობენ და ასწავლიან ისე, როგორც ამას აკეთებდნენ მამანი და წმიდა ეკლესიანი; ან რომელნიც, უკიდურეს შემთხვევაში, არ უარჰყოფენ მათ სწავლებათ.

 იქ, სადაც აზროვნებისა და ცხოვრების ეს მემკვიდრეობითობა არ არსებობს, მზაკვრობა იქნებოდა, გველაპარაკა ეკლესიაზე, _ თუნდაც, სახეზე მყოფი ყველა გარეგნული მახასიათებელი კიდეც მიუთითებს ამაზე. ყოველთვის მოიპოვება კანონიკური მღვდელი, კანონიკური ეპისკოპოსისგან ხელდასხმული, გარდამოცემის მიმყოლი. სწორედ, ასეთ მღვდელთა გარშემო შემოიკრიბებიან მორწმუნეთა მცირე ჯგუფები, რომლებიც უკანასკნელ დღეებამდე იარსებებენ.

 ყოველი ასეთი ეკლესია იქნება ადგილობრივი კათოლიკე საღვთო ეკლესია. მასში იპოვნიან მორწმუნეები საღმრთო მადლის სისავსეს. მათ არ ექნებათ ადმინისტრაციულ თუ სხვა კავშირთა საჭიროება, რადგანაც ურთიერთობა, რაც მათ შორის იარსებებს, შესაძლებლობისდა მიხედვით, მომეტებულად სრულყოფილი იქნება. ეს იქნება ქრისტეს ხორცსა და სისხლში ურთიერთობა, სულიწმიდაში კავშირი. საღი მართლმადიდებლური გადმოცემის ოქროსებრი წკრიალი შეაერთებს ამ ეკლესიებს როგორც ერთმანეთთან, ასევე, წარსულის ეკლესიებთან, ზეციურ მოზეიმე ეკლესიასთან.

 ამ პატარა დაჯგუფებებში ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია შეურყვნელად შენარჩუნდება. რა თქმა უნდა, მშვენიერია, თუკი სხვადასხვა ეკლესიის გარეგან ფუნქციონირებაში არსებობს წესრიგი და თანხმობა, რომელთა მეშვეობითაც ნაკლებმნიშვნელოვანი ეკლესიები მეტმნიშვნელოვანი ეკლესიებიდან იღებენ თავიანთ მიმართულებასა და ხელმძღვანელობას; ისევე, როგორც ახლა ეს ხდება ეპარქიათა, სამთავროთა, სამთავარეპისკოპოსოთა და საპატრიარქოთა შორის. მაგრამ უკანასკნელ დღეთა შინა ამგვარი გარეგნული კავშირნი და შეხებანი, ძირითადად, შეუძლებელი გახდება.

 მსოფლიოში ისეთი განურჩევლობა გამეფდება, რომ ერთი ეკლესია უძლური შეიქნება, დარწმუნდეს მეორე ეკლესიის მართლმადიდებლობაში, ცრუწინასწარმეტყველთა სიმრავლისა გამო, რომლებიც წალეკავენ ქვეყნიერებას და იტყვიან: „აქაა ქრისტე“, ან „იქაა ქრისტე“. უეჭველია, ჭეშმარიტად მართლმადიდებელ ეკლესიათა შორისაც კი გაუგებრობა წარმოიქმნება ენათა აღრევის გამოისობით, რაც თანამედროვე ბაბილონში მყოფობს. მაგრამ არაფერ ამდაგვარს შეუძლია ეკლესიის სულიერი ერთიანობის გახლეჩვა.

 წარმოდგენა, რომ საპატრიარქოსგან ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციული დამოკიდებულების გათიშვა ამ ეკლესიას მოჰკვეთს მართლმადიდებელი ეკლესიისგან, არის არა მართლმადიდებლური, არამედ პაპისტური. ამას გარდა, ეკლესიათა იურისდიქციული დამოკიდებულების არსებობა ერთი მამამთავრისგანაც კი პაპისტური იდეაა. მართლმადიდებელი პატრიარქი _ ესაა თავმჯდომარე, ძალისხმევის შემკრებ-გამაერთიანებელი, უაღმატებულესი მნიშვნელობის მრჩეველი, მაგრამ არა დესპოტი და მონარქი. მას არაფერი შეუძლია, მოიმოქმედოს თავისი სამთავროს გარეთ, ყველა სხვა ეპისკოპოსთან შეუთანხმებლად (მოციქულთა 32-ე კანონი).

 სრულიად შესაძლებელია, მაშინ, უკანასკნელ ჟამს, როცა განსხვავებული ეკლესიები და რელიგიები გაერთიანდებიან და ერთ მთელად წარმოსდგებიან, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია გამოჩნდება დაყოფილი პატარ-პატარა, იშვიათ, მიმოკარგულ სამრევლოებად; ისე, რომ შესაძლოც კია, ნდობის უკმარისობისა გამო, ერთი მეორეში დაეჭვდება, _ მსგავსად იმისა, როგორც ჯარისკაცები იჭვნეულობენ ერთიმეორის მიმართ, როცა შეიტყობენ, რომ მტერს მათნაირივე ფორმა აცვია.

 ბოლოჟამს, ყველა განაცხადებს, რომ მართლმადიდებელი ქრისტეანეა, _ მართლმადიდებლობის დედაარსის საკუთარი გაგებით. მაგრამ ყველაფერ ამისდა მიუხედავად, სუფთა გულისა და გონების მქონენი, საღვთო მადლით გაბრწყინებულნი, იცნობენ მართლმადიდებელ ეკლესიას, არად ჩააგდებენ რა მის თვალსაჩინო დანაწევრებულობასა და გარეგნული ბრჭყვიალის უკიდურეს უკმარისობას. ისინი ნამდვილ მწყემსთა ირგვლივ შემოიკრიბებიან და ეკლესიის სვეტნი გახდებიან.

 დაე, ადამიანებმა დედამიწაზე ისა ჰქნან, რაცა სწადიათ. დაე, გამართონ ეკუმენისტური კონფერენციები; დაე, ეკლესიები გაერთიანდნენ; დაე, ქრისტეანობა შელახონ; დაე, იცვალნენ წეს-ჩვეულებანი და ცხოვრება; დაე, რელიგიები გაერთიანდნენ. ქრისტეს ეკლესია უცვალებელი დარჩება, როგორც ოქროპირი ამბობს, რადგან მისი ერთი სვეტი რომც დარჩეს მდგომი, ეკლესია არ ჩამოიქცევა: „არაფერია ეკლესიაზე მტკიცე. იგი ზეცაზე მაღალი და მიწაზე ვრცელია. ის აროდეს ბერდება; ყოველთვის ყვავილობს“.

 ეკლესიის სვეტი _ ეს ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნეა, რომელიც მისდევს მამათა გადმოცემას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საშინელი მოვლენები ხელს აღებინებენ ამაზე. ასეთი ბურჯები, რაც უნდა მოხდეს, სოფლის დასასრულამდე იარსებებენ. ამას გარდა, როცა ყველა ეს მოვლენა აღესრულება, უფლის მოსვლა არ დააყოვნებს. საქმის ასეთი ვითარება იქნება ყველაზე საშინელი ნიშანი იმისა, რომ მისი (მაცხოვრის) მოსვლა გვიახლოვდება. სახელდობრ, მაშინღა დადგება აღსასრული».

რუსულიდან თარგმნა მღვდელმა გიორგი სხილაძემ

3 Responses to “ბოლო ჟამის ეკლესია”

  1. ელენა Says:

    ეს წერილი ხომ შესანიშნავია! ჩემს გულში იჯდა ამის ავტორი? მსოფლიოში ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სინოდების ცალ-ცალკე ყოფნას და ერთმანეთში დაპირისპირების ამბავს, ასე კარგ ახსნას იშვიათად თუ ვინმე მოუძებნის! ავტორი მართლაც რომ სულიწმინდით არის შთაგონებული ასეთი რთული საკითხის ასე ლაკონური ღვთაებრივი განმარტებისთვის! მადლობა მამა გიორგის ამ თარგმანის და მოწოდებისთვის

    • ლომისა Says:

      ძალიან მომეწონა და გულში ჩამწვდა ეს წერილი. დიდი მადლობა მამა გიორგის.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: