წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი

წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი

წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმინდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმინდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო – სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ). უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის. ერთხელ წმინდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმინდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. ქრისტიანთა დევნის დროს მეუფე განამტკიცებდა მრევლს და თავადაც მოწამეობის სურვილით იყო ანთებული. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.

 106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ (98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. 107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, წმინდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმინდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს.

 ნეტარი ეგნატე სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად ათი მხედრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. გზაზე უამრავი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა წმინდა მღვდელმთავარმა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელს. აღმსარებლის მოსანახულებლად, ნუგეშინისსაცემად და მისადმი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც.

 ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმინდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა: „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან.ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ“.

რომაელი ქრისტიანები დიდი სიხარულითა შეხვდნენ უფლის რჩეულს. წმინდა ეგნატემ სასოებით მოიყარა მუხლი და სხვა მორწმუნეებთან ერთად მხურვალედ ილოცა ეკლესიისთვის, ურთიერთარს შორის სიყვარულისთვის და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტისთვის. 20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა: თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილთა მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმინდა ღმრთისა“. ამ სიტყვების წარმოთქმა და გააფთრებული მხეცების გამოშვება ერთი იყო.

გადმოცემით, სასიკვდილოდ მიმავალი წმინდა ეგნატე დაუდუმებლად იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო. როცა წმინდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.


 მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმინდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს (ამის შესახებ იხილეთ 20 იანვრის საკითხავში), შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან.

 „წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 .

One Response to “წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი”

  1. Mate Dolidze Says:

    DIDEBA UFALS……………ALILUIA………..


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: