ორიგინალური „კატეხიზმო“ – I

ორიგინალური „კატეხიზმო“-I

შესავალი

,,კატეხიზმოსათვის“ (კითხვა-პასუხი) კლასიკური კითხვების გარდა, ჩვენგანვე შედგენილ და დასმულ იქნება თავისუფალი (ორიგინალური) კითხვებიც…

,,ჩვენს საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში შესაძლოა, იყოს არც მაინცადამაინც სწორი ბრძანებულებები, შესაძლებელია, იყოს შეცდომები, ყველა სახის უზუსტობა, მაგრამ თქმა, რომ ჩვენი საეკლესიო ხომალდის, ქრისტეს ეკლესიის, საერთო მიმართულება _ არასწორია _ ეს, უბრალოდ, ცოდვაა იმიტომ, რომ ეს მიმართულება არც ბრძანებულებებზე, არც ცალკეულ დადგენილებებზე, არამედ დამოკიდებულია ჩვენს სწორ კანონიკურ გეზზე, რომლიდანაც ამ 70 წლის მანძილზე არასდროს გადავმცდარვართ ლოცვითა დედისა ღვთისათა, კურსკის ფესვებისად წოდებული სასწაულმოქმედი ხატისა _ ჩვენი გზამკვლევისა“ (მიტროპოლიტი ვიტალი*, მთავარეპ. ლაზარესადმი წერილიდან, 9/22 იანვ. 1991წ.)**.

______________  

   ავტ. შენიშვნ.: *ემიგრაციული ეკლესიის IV პირველიერარქი (1910-2006წწ.);

              **თარგმ. ავტ. (მღვდ. გ. ს.).

                                                              +

კითხვა: რა არის სარწმუნოება?

პასუხი: „სარწმუნოება არის ის, როდესაც ვინმეს სწამს მიუწვდომელი ღმერთის, რომელმაც არარადან მოიყვანა ყოფიერებაში ცა, დედამიწა, ზღვა და ყოველი ხილული და უხილავი ქმნილება. ასეთი სარწმუნოება ჰქონდა ყველა ძველ წინასწარმეტყველსა და მართალს, ადამიდან _ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს განხორცილების აღმშენებლობამდე.

მას შემდეგ კი, როდესაც განხორციელდა ქრისტე, სარწმუნოებაა, გწამდეს მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, ერთარსისა და სამგვამოვნისა და ასევე, გწამდეს ქრისტეს დიადი საიდუმლო განხორცილებისა, ანუ იმისი, რომ ძე და სიტყვა ღვთისა და მამისა, მამისაგან განუშორებელად გარდამოხდა ზეცით, ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და  ქალწულისაგან განკაცნა, შეიქმნა რა სრულ კაცად, სხეულისა და გონიერი სულისაგან შემდგარი, ღმერთთან შეერთებულთაგან; ასე, რომ ერთი და იმავე პირში იყო ის ღმერთიც და ადამიანიც, ორი სრული ბუნებით _ საღმრთოთი და ადამიანურით, რომლებიც მასში შეერთებულნი არიან განუყოფლად და შეურევნელად; რომ საკუთარი ნებით ევნო, ჯვარს ეცვა და დაეფლა ასევე ნებით; და როდესაც სიკვდილისას, მისი სული განშორდა სხეულს, ღვთაება არ განშორებია არც მის სხეულს და არც სულს; და იგი აღდგა მესამესა დღესა და მეორმოცე დღეს ამაღლდა ზეცად, როგორც ადამიანი და დაჯდა თავის ღვთაებრივ ტახტზე საკუთარი სხეულით, იდიდა რა მთელი ზეციური მხედრობის მიერ, მამითა და სულიწმიდითურთ და ქრისტეს აღმშენებლობითი განხორცილების ყველა ეს საიდუმლოება აღესრულა იმისთვის, რომ მათ, ვინც ამ ყველაფერს ირწმუნებენ, ისევ შეიმოსონ სულიწმიდა, რომლისგანაც განიმოსა პირველქმნილი ადამი, როდესაც გარდახდა ღმრთის მცნებას. იმისთვის, რომ სულიწმიდის მადლით განძლიერებულებმა შეასრულონ მცნებები, დაამარცხონ ეშმაკი და ყველა უხილავი დემონი, რამეთუ სულიწმიდის გარეშე არავის შეუძლია არც ცოდვისაგან გაქცევა, არც მცნებების აღსრულება და არც მოგერიება იმ ძალისა და ბატონობისა, რომელიც ჩვენზე მოიპოვეს დემონებმა.

სარწმუნოებაა, თუკი სწამს ვინმეს საღმრთო წერილში გადმოცემული სიკეთეებისა, რომლებიც აღთქმულია საღმრთო მცნებების აღსრულებისთვის; და როცა ვინმეს სწამს საუკუნო სატანჯველისა, მცნებათა დამარღვეველთ რომ ემუქრებათ.

სარწმუნოებაა ისიც, როდესაც ვინმე ერთგულია იმისა, რაც საღმრთოა მთლიანობაში და არა ნაწილობრივ, დოგმატები იქნება ეს თუ მცნებები; ან უკეთესი იქნება, ვთქვათ _ თუკი ვინმე ერთგულია სულიწმიდის მადლისა, რისთვისაც თითოეული ქრისტეანე იწოდება, კიდევაც, მართლმორწმუნედ.

სარწმუნოებაა, როდესაც ვინმე ჩააბარებს რა თავის თავს ღმერთს და მხოლოდ მასზე, ერთადერთზე, მთელი სულით დამყარებული აქვს თავისი ცხოვნების საქმე

სარწმუნოებაა, როდესაც ვინმეს სჯერა, რომ ღმერთი ყველაფერს იქმს იმას, რასაც მისი სიკეთე ინებებს და დარწმუნებულია, რომ ის იქმს ამას საუკეთესოდ.

სარწმუნოებაა, როდესაც ვინმეს აქვს სასოება დიდებული და უძლეველი ყოვლისპყრობელი ღმერთის ძალაზე და კადნიერება აქვს მის წინაშე ისეთი, რომ უბრძანებს და მთები გადაადგილდებიან; რომელ სარწმუნოებამდეც ძალიან ცოტანი აღწევენ, როგორც სწერია, რომ არა ყველას აქვს ასეთი სარწმუნოება (2 თეს. 3,2)

შეუძლებელია, რომ ვინმე ცხონდეს ისე, რომ მას არ ჰქონდეს მტკიცე რწმენა ქრისტე-ღმერთისა. შეუძლებელია ცხონება იმათი, ვისაც ყოველგვარი დაფიქრების გარეშე არ სწამთ ღმერთის სიტყვების, ვისაც არა აქვთ სიყვარული ღმრთისა და მოყვასისადმი, სიყვარული, რომელიც კეთილი სინდისიდან მოდის და რომლის ძალითაც (ანუ კეთილი სინდისიდან) წარმოიშობა სიმდაბლე და გულმოწყალება“ (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სიტყვები, სიტყვა მე-18-ე. 1. იმაზე, რომ სარწმუნოება შვიდი მნიშვნელობით ითქმება).

+ 

კითხვა: რას ნიშნავს, იწოდებოდე ქრისტეანად?

მიგება: ,,ქრისტეანე არს მსგავსება ქრისტესი, ძალისაებრ კაცობრივისა და რათა საქმით და სიტყვით და გონებით მართლად და უბიწოდ რწმენეს წმინდა სამება“ (წმ. იოანე კიბისაღმწერელი). ქრისტეანი ანუ ქრისტეს მიმდევარი ადამიანი ხდება ნათლობით, რომლის არსი და მნიშვნელობა მოკლედ გადმოცემულია ,,სარწმუნოების სიმბოლოში“ (,,კრედო“) ანუ ,,მრწამსში“. სწორედ, ნათლობის დროს, კათაკმეველი (მოსანათლად მომზადებული) წარმოთქვამს ,,მრწამსს“, რომელიც წმიდა მამების მიერაა შედგენილი ,,ახალი აღთქმიდან“  და რომელიც თანამედროვე ქართულით ასე ითარგმანება:

   მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი; შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ყოველი ხილულისა და არახილულისა;

   მწამს ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი დაუსაბამოდ, რომელიც არის ნათელი _ ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი, შობილი და არა შექმნილი, მამა ღმერთის ერთარსი; რომ მისგან ყოველივე შეიქმნა. ის ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის ზეციდან ჩამოვიდა და ხორცი შეისხა სულიწმიდისა და მარიამ ქალწულისაგან და ადამიანად გამოგვეცხადა. ის ჯვარს ეცვა ჩვენთვის პილატე პონტოელის დროს, ივნო (ვნება ანუ ტკივილები მიიღო) და დასაფლავდა და აღსდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცად და იქ მამა ღმერთთანაა. ის ისევ მოვა დიდებით ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად და მის სუფევას დასასრული არა აქვს.

   მწამს სულიწმიდა უფალი და განმაცხოველებელი, რომელიც მამა ღმერთისგან გამოედინება და რომელსაც მამასა და ძესთან ერთად თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ და რომელიც ჩვენ წინასწარმეტყველთა პირით გველაპარაკებოდა (ქრისტეს მოსვლამდე).

   მწამს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია.

   ვაღიარებ ერთ ნათლობას, ცოდვათა მოსატევებელს.

   მოველი მკვდრეთით აღდგომას და მარადიულ ცხოვრებას, ამინ!

   აი, აქ არის მოკლედ გამოხატული მომავალი ქრისტეანის რწმენა ანუ რა გვწამს (,,მრწამსი“).

   ადამიანი უკვდავი ქმნილებაა ღვთისაგან. კვდება ხორცი და ისიც დროებით, რადგან უფალი ყველა მიცვალებულის სხეულს აღადგენს მისი მეორედ მოსვლის დროს, ქვეყნის მიწიური აღსასრულის ჟამს.

   ჩვენ ამ ქვეყნად დროებითა ვართ მოვლენილნი ღვთისაგან, რომ გამოვიცადოთ და იმის მიხედვით გავსამართლდებით ღვთის წინაშე, რასაც აქ ჩავიდენთ _ ცოდვას თუ მადლს. ცოდვილი ადამიანი, თუ არ განიწმინდა, მარადიულ სატანჯველში მოხვდება იმ ქვეყნად, ხოლო წმინდა ცხოვრების ანუ ათი მცნების აღმასრულებელი ადამიანი მარადიულ ნეტარებაში იქნება უფალთან, ანგელოზებთან და ყველა წმინდანთან ერთად. ეს გაირკვევა დროებითად ჩვენი გარდაცვალებიდან მე-40-ე დღეს, ხოლო საბოლოოდ _ ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს.

   ნათლობის დროს ადამიანი პირობას დებს ღვთისა და მღვდლის წინაშე, რომ ეშმაკის ანუ ბოროტი სულის საქმეებს განეშორება და ღმერთის დადგენილი წესებით იცხოვრებს.

                                   +

   კითხვა: რას ნიშნავს ,,იკონომია“ და ,,აკრიბია“?

პასუხი: ამ ბერძნული სიტყვებიდან პირველი (οικονομια) ნიშნავს აღშენებას (საეკლესიო გაგებით, ეს სიტყვა გამოიყენება, როგორც ,,კანონისაგან მცირე გადახრა“ ანუ ,,არაზედმიწევნითი მოქმედება“, ,,შერბილება“, ,,დათმობა“, რაც გარემოებებითაა ნაკარნახები და გულისხმობს საღმრთო განგებულებით აღმშენებლობას), ხოლო მეორე (ακριβια) _ ზედმიწევნითობას (სიზუსტეს), კანონის მკაცრ დაცვას. აკრიბია ეხება საკითხისა და საქმის არსს, ხოლო იკონომია _ ადამიანისა და საზოგადოების პირად მდგომარეობას. მაგრამ ერთი მხრივ, არც აკრიბიამ უნდა გამორიცხოს იკონომია და არც იკონომიამ _ აკრიბია (აბსოლუტური გაგებით), თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავვარდებით, შესაბამისად, ან მარჯვენა და ან მარცხენა უკიდურესობაში, რაც კლდესა და ხრამს შორის მოქცეული გზიდან მკვეთრ გადაცდენასავით სახიფათოა: ,,დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯვენით შენსა“ (ფსალმ.: 90,7); ხოლო მეორე მხრივ, აუცილებლობას თანაბრად არ წარმოადგენს არც აკრიბიულობა ან იკონომიურობა და არც არააკრიბიულობა ან არაიკონომიურობა (ყველასგან, ყველასთან, ყველგან და ყოველთვის). ზოგჯერ, დასაშვებია როგორც იკონომიური აკრიბია, ასევე, აკრიბიული იკონომია. ოღონდ, ჩვენით არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი იკონომიები, რაც წმინდა მამათა და ეკლესიის საკრებო აზრით (consensus patrum et ecclesiae) არ არიან დაშვებულნი, მითითებულნი და გამართლებულნი. წმ. მამები გვასწავლიან, რომ არ უნდა ჩავვარდეთ არც ერთ უკიდურესობაში; არამედ უნდა ვიაროთ სამეუფეო გზით (რაც არ უნდა აგვერიოს ნელთბილობაში, გულგრილობასა და განურჩევლობაში).

   შეგვიძლია, გამოვიყვანოთ ასეთი ფორმულა:

                            აკრიბია+იკონომია=სამეუფეო გზა

   ,,იკონომიის საზღვარი კი, როგორც იცი, არის ის, რომ არ დაირღვეს რომელიმე განწესება, არ მოხდეს უკიდურესობაში გადავარდნა და არ მიადგეს ზიანი ყველაზე უფრო მთავარს, მაშინ, როდესაც შესაძლებელია, გაკეთდეს მცირე შერბილება დროისა და ვითარების მიხედვით, რათა უფრო გაადვილდეს მიზნის მიღწევა. ეს ჩვენ ვისწავლეთ მოციქულებისგან, კერძოდ, პავლესგან, რომელმაც წინადაცვითა ტიმოთე (საქმე: 21,26;16,3), ხოლო მამებიდან _ ბასილი დიდისაგან, რომელმაც ვალენტისაგან* მიიღო ძღვენი და გარკვეულ დრომდე არ აცხადებდა სულს ღმერთად. მაგრამ არც პავლე აგრძელებდა წინადაცვეთას, არც ბასილი განაგრძობდა, კიდევ, ვალენტისაგან ძღვნის მიღებას და სულის ღმერთად არსახელდებას. პირიქით, ჩანს, რომ ორივე მზად იყო, ამ ყველაფრისთვის სიკვდილი მიეღო. ასე, რომ ვინც საუკუნის ვითარებებთან შემგუებლობას აწარმოებს, ის არ განუდგება სიკეთეს. რამეთუ ის მცირე დათმობით მალე აღწევს მიზანს მსგავსად მესაჭისა, რომელიც შემხვდური ქარიშხლის დროს საჭეს ოდნავ მიუშვებს. ხოლო სხვაგვარად ვინც იქცევა, ის მიზანს ცდება და ვითარებასთან შეგუების ნაცვლად დანაშაულს სჩადის“ (წმ. თეოდორე სტოდიელი, 34-ე წერილი თეოქთისტე მაგისტროსის მიმართ).

______________

*მწვალებელი, კერძოდ, არიანელი იმპერატორი, რომელიც მეფობდა 364-378წწ..

+

კითხვა: როგორ ხდება მწვალებლობიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოსვლა?  

მიგება: II წმ. მსოფ. კრების კანონიდან (7): ,,მწვალებლებს, რომელთაც სურთ, გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით“: ზოგიერთი ერესიდან მოქცეულები ,,შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით“ და მირონცხებით; ზოგიერთნი კი ,,მიიღებიან, როგორც წარმართნი [ე. ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ]“. შდრ. I მსოფლ. კრების მე-8-ე, მე-19-ე, VI მსოფლ. კრებ. 95-ე და კართაგენის 57-ე და 68-ე კანონებს.

   აქ აუცილებლად უნდა შევჩერდეთ ერთ საკითხზე, რომელიც ბევრს არასწორად ესმის. ხსენებულ VII კანონში შენიშნულია ზოგიერთი მწვალებლობიდან გადმოსულებზე, რომ ,,მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან“. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ ,,ეკლესიაში“ ,,მონათლული“ მონათლულად ითვლება. აუცილებელი არაა, ხელახლა ჩაუტარდეს ნათლისღების გარეგნული მოქმედება (რიტუალი), თუკი ეს ფორმალურად, უკვე, ჩატარებული აქვს სწორად ანუ ყოვლადწმიდა სამების სახელზე _ სამგზისი შთავლვით (იყვნენ ,,ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი“ და ,,საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიდნენ“ და არა მამას, ძესა და სულიწმიდას). ასევე, ზოგს ეშლება ისიც, რომ აქ გადამწყვეტმნიშვნელოვანია მოქმედების ჯერადობა, კერძოდ _ სამჯერადობა ანუ სარწმუნოების დოგმატური აღმსარებლობა (მის სხვა მნიშვნელობაზე _ ქვემოთ) და არა შთაფლვა-არშთავლვა (ძვექართულად დაყურჭუმალება _ წმ. გიორგი მთაწმიდლის რედ.). არსებობს ცნება ,,გადანათვლა“, მაგრამ არა ,,გადაშთავლვა“ (,,გადაყურჭუმალება“). პირველი გულისხმობს ზემოაღწერილს, ხოლო მეორე სავალდებულო არაა.

   ზოგს ნათლობა აუცილებლად საწყლო ღონისძიება (წყლის პროცედურა) ჰგონია. თვითონ ცნების ქართული შინაარსიც (ეტიმოლოგია) მიგვანიშნებს, რომ ის, უპირველესად, დაკავშირებულია ნათელთან (ნათელობა-ნათლობა). ნათლისმცემელი იოანე: ,,მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო[…] მან [მაცხოვარმა] ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (ლ. 3,16). ,,ჰრქუა მათ [მოწაფეთა] პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა. ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა. და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს“ (საქმე: 19,3-6). მოგვიანებით, ,,ხელდასხმით“ ანუ ხელების თავზე დადებით წმ. სულის გადაცემა ჩანაცვლდა მირონკურთხევითა და მისი ცხებით.

   წმ. მღვდელ-მოწამე კვიპრიანე კართაგენელი, როგორც სხვა წმ. მამებიც, შედარებითად განმარტავს ნათლობისას წყალში შთაფლვის ხატობრივ, ნიშან-პირობით (სიმბოლურ) სახეს, ეყრდნობა რა წმ. პავლეს: ,,რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა (რომაელთა: 6,3-4). აქ, წყალი მიწას, შთაფლვა მაცხოვრის დაფლვას (დამარხვას) და შთაფლვის სამჯერადობა, ამჯერად, სამდღიან სიკვდილს (მესამე დღეს აღდგომას) განასახიერებს. დასასძენია: შედარებას იმიტომაც ეწოდება შედარება, რომ წარმოადგენს არა ზედმიწევნით, იგივეობრივ (იდენტურ) თანხვედრას, არამედ მიახლოვებით მსგავსებას. ამ შემთხვევაშიც, ისტორიულად, სახეზე გვონდა არა მიწა (მიცვალებულის დამარხვის კლასიკური სახე), არამედ ლოდით დახშული კლდოვანი გამოქვაბული; მკვდრადყოფნის არა სამი სრული დღე, არამედ ორი არასრული დღე-ღამე _ პარასკევის შუადღიდან ერთშაბათის ანუ კვირადღის გამთენიამდე (საეკლ. გამოთვლით, გარდაცვალების საათი პირველ დღედ ითვლება). ამიტომ, როცა წმ. კვიპრიანე ამბობს, რომ სრულად შთაუფლველობა იგივეა, რაც მიცვალებულის ნაწილობრივი დამარხვაო, ეს ასე უნდა გავიგოთ: მთავარია, განგებ, წინასწარგანზრახულად არ მოვახდინოთ მოსანათლის ალაგ-ალაგ (ფრაგმენტული) განუბანელობა (ვთქვათ, წელსზემოთა ნაწილის); თორემ, ვინც ამბობს, რომ სხეულის რომელიღაც ასოს წყალში ჩაუყოფლობის მიზეზით ნათლობა არ შედგება (არიან ასეთებიც), უფრო მეტიც, _ რომ ეს მკრეხელობაა, ესაა უკიდურესი ფანატიზმი და ნათლობის დედააზრის ჩაუწვდენობა. 

   ასე გვასწავლის ,,დიდაქე“ ანუ ,,მოძღვრება თორმეტი მოციქულისა“: ,,VII. 1. ნათლისღებისათვის. ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა, მდინარი წყლით* ნათელი ეცით (შდრ. მათე: 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი*, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა…“ (რაც, ასევე, შთაფლვას მოასწავებს _ +გ.ს.).

______________

*პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „ცხოველ წყალს“. დღეისათვის გარკვეულია, რომ ნათლისღებასთან დაკავშირებით აღნიშნულ შესიტყვებაში ნაგულისხმევია გამდინარე წყალი. შდრ. ფსევდო-კლემენტის სიტყვები: ,,…მიიყვანენ მას მდინარესთან ანდა წყაროსთან, რომელიც არის ცხოველი წყალი, რომელშიც მართალთა ხელახალი შობა აღსრულდება“ (LaDoctrine…პ.171). აქვე, ხაზგასმულია ისიც, რომ ხსენებული ფრაზა, თავისთავად, ღრმა მისტიკური შინაარსისაა და სულიერ სამყაროს მიემართება. ამ აზრით გვხვდება ეგნატი ანტიოქიელთანაც. შდრ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: „წყალი ცხოველი ვალს ჩემ შორის შინაგან და მეტყვჳს მე: მოვედ მამისა ჩემისა“ (საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1998, გვ. 623, გამოსცა ი. ბოროდამ) _ მთარგმ. ე. ჭელიძის შენიშვნა; თარგმ. რედ. ჩვ. _ მღვდ. გ. ს.

ასე, რომ ეკლესია წარმართ თუ მწვალებელ მონანულს თავის წიაღში იღებს სამი სახით (ფორმით), სამნაირად: ნათლობის სრული წეს-განგებით (წყალში 3-ჯერ შთაფლვით) ან მხოლოდ მირონცხებით ან მხოლოდ სინანულით. ეს შეგვიძლია, შევადაროთ, საკონსულო ენით რომ ვთქვათ, ,,გამარტივებულ სავიზო რეჟიმს“ (ამ საკითხს ღრმად განიხილავს მღვდელ-მოწამე ილარიონ ტროიცკი ნაშრომში ,,ქრისტეანობა არ არსებობს უეკლესიოდ“).

+

   კითხვა: მართლმადიდებლობაში გადმოსვლისას, განმეორებით უტარდება თუ არა ხელდასხმა ერეტიკოსისაგან სასულიერო პირად დადგენილს, თუკი ყველა დოგმატი სწორად აღიარა?

   პასუხი: როდესაც VIIს-ში კონსტანტინოპოლის ეკლესია მონოთელიტურ წვალებაში ჩავარდა, მასთან გაერთიანდა ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და მოგვიანებით, რომის ეკლესიაც. თუმცა, წმ. მაქსიმეს არ სჯეროდა, რომ რომიც გაერთიანდა (ა. ი. სიდოროვი, წმ. მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა I ტომის ,,შესავალი“). მოგვიანებით, მსოფლიოს VII საეკლესიო წმ. კრების პირველ ,,შესაქმეში“ (აქტში) დაისვა და ამავე კრებაზე განიმარტა საკითხი, თუ როგორ იქნა აღდგენილი მართლმადიდებლობის სიწმინდე:

   «უწმინდესმა პატრიარქმა ტარასიმ(1) თქვა:

   ,,და მართლაც, VI მსოფლიო კრებაზე(2) შეკრებილთაგან ძალიან ბევრნი იყვნენ ქიროტონიზირებულნი სერგის, პიროსის, პავლესა და პეტრეს მიერ, რომლებიც იყვნენ მონოთელიტური წვალების მასწავლებლები. რამეთუ მათ მემკვიდრეობით ჰქონდათ დაკავებული კონსტანტინოპოლის კათედრა. პეტრედან, რომელსაც ეკავა კათედრა ყველაზე ბოლოს, VI კრებამდე თხუთმეტ წელზე მეტი არ იყო გასული. და თვით ისეთი იერარქები, როგორებიც იყვნენ თომა, იოანე და კონსტანტინე, რომლებიც ზემომინიშნებული დროის მონაკვეთში კონსტანტინოპოლის კათედრაზე იმყოფებოდნენ, ისინიც კი ხელდასხმულები იყვნენ ზემოთნახსენები მწვალებლების მიერ; თუმცაღა, ეს მათ დანაშაულში არ ჩაეთვალათ. ორმოცდაათი წელი გრძელდებოდა იქ ეს წვალება. მაგრამ VI მსოფლიო კრების მამებმა შეაჩვენეს მხოლოდ ეს ოთხი პირი, მიუხედავათ იმისა, რომ თვითონ იყვნენ მათგან ხელდასხმულები“. 

   წმინდა კრებამ თქვა: ,,ეს სრულიად ნათელია“.

   კონსტანტიის ეპისკოპოსმა კონსტანტინემ თქვა: ,,პატივცემულო ძმებო! საკმარისად არის მოყვანილი მტკიცებულებანი იმისა, რომ ის მწვალებლები, რომლებიც მართლმადიდებლობას უბრუნდებიან, მიღებულ უნდა იქნენ (ეპისკოპოსებად). მაგრამ, თუკი ვინმე  განზრახვით მივა მწვალებელთან და მიიღებს ქიროტონიას, დაე, ასეთი არ იქნეს მიღებული (ეპისკოპოსად)“. 

   პატივცემულმა ბერებმა თქვეს: ,,ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს წმინდა ბასილის ეპისტოლე და ჩვენ გთხოვთ, წაიკითხოთ იგი“.

   უწმინდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: ,,დაე, წაკითხულ იქნეს ეპისტოლე“.

   დიაკონმა და ნოტარმა კონსტანტინემ წაიკითხა ,,წმინდა ბასილის ეპისტოლედან ნიკოპოლიტელთა მიმართ“:

   ,,მე არ ვიღებ ეპისკოპოსად და ვერ მივაკუთვნებ ქრისტეს სამღვდელოებათა რიცხვს მათ, ვინც სარწმუნოების შესარყევად, წინამძღოლთა რანგში აღყვანილ-იქნენ არაწმინდა ხელებით. ასეთია ჩემი განსჯა და თქვენც, რა თქმა უნდა, ასევე ფიქრობთ, თუკი გაქვთ ჩვენთან ნაწილი. თუკი თქვენ გაქვთ საკუთარი მოსაზრება, რა თქმა უნდა, რომ თითოეული ბატონია საკუთარი აზრისა. ჩვენ არ მიგვიძღვის დანაშაული ამაში. მე ამას ვწერ არა იმიტომ, რომ თქვენს მიმართ არ მქონდა ნდობა, არამედ იმისთვის, რომ განმემტკიცებინა ის ხალხი, რომელიც შესაძლებელია, გაოგნდა ჩემს შეხედულებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთნი, რომლებიც არ არინ ზიარებაზე დაშვებულნი და მათ შორის კი ისეთებიც, რომლებმაც არ მიიღეს მწავალებლებისგან ხელისდადება, ასეთნიც კი მშვიდობის დამყარების შემდეგ აწყდებიან წინააღმდეგობას სასულიერო პირებად მათ შერაცხვასთან დაკავშირებით“.

   უწმინდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: ,,მეც, ასევე, განვერიდები ამ მიზნით ანუ სარწმუნოების შესარყევად ქიროტონიზირებულთ; განსაკუთრებით, _ თუკი იყვნენ მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, ვისგანაც შეიძლებოდა ქიროტონიის მიღება. ასეთია მამათა აზრი. მაგრამ თუკი საკრებო განჩინებისა და ეკლესიათა მართლმადიდებლური ერთაზრობის გამოქვეყნების შემდეგ, ვინმე გაბედავს ქიროტონიის მიღებას ეკლესიიდან განყრილი მწვალებლებისაგან, დაე, ესევითარი განკვეთილ იქნას;

   რას იტყვით ანატოლის შესახებ? განა ის არ იყო მეოთხე წმინდა კრების თავმჯდომარე? თუმცაღა, იგი ხელდასხმული იყო უღმრთო დიოსკორეს(3) მიერ; თანაც, ევტიქიც(4) თანამწირველობდა მასთან ერთად. როგორც ანატოლი იქნა მიღებული, ასევე, ჩვენც ვიღებთ ერეტიკოსებისაგან ხელდასხმულებს. ჭეშმარიტად საღმრთო გამონათქვამია, რომ შვილნი არ უნდა იქნენ მოკლულნი მამათა მაგივრად; არამედ თითოეული საკუთარი ცოდვის გამო კვდებოდეს (ეზეკიელი: 18,20)! დაბოლოს, ქიროტონია ღმრთისაგან არის“;

   უწმინდესი რომის პაპის _ ადრიანეს ადგილას მჯდომარე ღვთისმოყვარე პრესვიტერმა პეტრემ თქვა:

   ,,როგორც ისტორიკოსები ამბობენ, წმინდა მელეტი(5) ხელდასხმული იყო არიანელების მიერ; მაგრამ ამბიონზე ასვლისას მან წარმოსთქვა სიტყვა ,,ერთარსი“ და მისი ქიროტონია არ იქნა უარყოფილი“.

   კატანის უწმინდესმა ეპისკოპოსმა თეოდორემ და მასთან ერთად, სიცილიელმა ეპისკოპოსებმა თქვეს: ,,სამოციქულო ტახტის პროტოპრესვიტერმა სთქვა ჭეშმარიტება“».

______________

1. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მსოფლიოს VII საეკლესიო წმ. კრების (787წ.)  თავმჯდომარე, წმინდანი (+806წ.).

2. 680წ.

3. ალექსანდრიის ეპისკოპოსი, რომელიც მწვალებლობის ქადაგებისა და მძიმე ხორციელი ცოდვების გამო, განკვეთილ იქნა მსოფლიოს IV წმ. კრებაზე (ქალკედონი, 451წ.), რომელზეც არც კი გამოცხადდა რამდენიმეგზის მიწვევის მიუხედავად;

4. კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტი, რომელიც მონოფიზიტობის ქადაგების გამო განკვეთილ იქნა იმავე კრებაზე.

5. ანტიოქიის პატრიარქი, რომელიც იყო მსოფლიოს II წმ. კრების (კონსტანტინოპოლი, 381წ.) პირველი თავმჯდომარე, წმინდანი.

ამას წერს წმ. თეოდორე სტოდიელი ,,მედავითნე სტეფანესა და მასთან ერთად მყოფებისადმი 53-ე წერილშიც“:

   ,,რისთვისღა გვჭირდება უკან დაბრუნება ღმრთაებრივ გერმანესთან* და ხელდასხმის მოთხოვნა მაინცდამაინც იქიდან? რამეთუ, რა მნიშვნელობა აქვს იმ სამ მწვალებელს, რომელნიც იყვნენ დროის ამ მონაკვეთში? განა, არის კი ვინმე ისეთი, რომელსაც არ მიუღია მათგან ხელდასხმა, ან კი _ მათ მიერ ხელდასხმულებისგან, როდესაც ხელდასხმა მემკვიდრეობით გადაეცემოდა ტარასიმდე**? რამდენი ხალხი, სასულიერო ხარისხებში მყოფი, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან ჩამოდიოდა ამ დროის მონაკვეთში და ჰქონდა თანაზიარება ჩვენს ეკლესიასთან? და რამდენი იქნა, მაშინ, ხელდასხმული ქრთამის გარეშე, მაგრამ იყო მწვალებელი? ყველაფერი ეს კი, შესაძლებელია, მხოლოდ ღმერთმა იცოდეს; ადამიანმა კი შეუძლებელია, რაიმე დაამტკიცოს და ყველა ჩათვალოს ხარისხიდან განკვეთილად. მე გარწმუნებთ თქვენ, რომ რადგანაც ჩვენ ადამიანები ვართ, ამიტომაც, როგორც ადამიანები, ისე უნდა ვუყურებდეთ საქმეებს; ,,რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულმეცნიერ არს“ (I მეფეთა: 16,7); და საჭიროა, მხოლოდ, მოვითხოვოთ ბაგეებით აღმსარებლობა _ თუკი იგი არ წარმოითქმება აშკარად მოტყუებით, _ რის მიხედვითაც ტარასიმაც მიიღო ხელდასხმა და რაზეც მაშინდელი მოშურნეები და (კანონის) მკაცრი შემსრულებლები დაეთანხმნენ და იყვნენ მასთან ერთაზრობაში; მალე კი, კრების შემდეგ, მათივე თქმით, მოუვიდათ უთანხმოება ტარასისთან ქრთამით ხელდასხმულებისა და ზოგიერთი სხვა საკითხის გამო“.

______________

*კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმინდანი (+740წ.).

**იგულისხმება იგივე წმინდანი.

+

   კითხვა: რა არის ევქარისტიული კავშირი და რა მნიშვნელობა აქვს მას?

მიგება: ევქარისტიული ანუ ლოცვით-ზიარებითი კავშირი წარმოადგენს ევქარისტიულ _ ლოცვით და ზიარებით ერთობას. ესაა ღმერთკაცობრივი ერთობა ღმერთსა და ეკლესიას შორის. აქ კავშირდება ერთი ადამიანი მეორესთან და ორივე _ ღმერთთან. ღმერთკაცის _ მაცხოვრის ხორცისა და სისხლის საერთო მიღებით (შეჭმითა და დალევით) მაზიარებელნი ხდებიან ღმერთისა და ერთმანეთის ზებუნებრივი ნათესავები. ამავე დროს, აქ მოქმედებს ზიარჭურჭლის ძირითადი თავისებურება (პრინციპი), როცა ამ ერთობის წევრი ადამიანები სულიერი ჯაჭვის რგოლებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი და იზიარებენ ერთმანეთის ცოდვა-მადლს: მადლის სიხარულს და ცოდვის პასუხგებას.

   VII მსოფლ. წმ. კრების პირველ ,,საქმეში“ (ერთვის რომის მართლმორწმუნე იმპერატორების _ კონსტანტინესა და ირინეს უმაღლეს სიგელს) მოტანილია მაშინდელი (VIIIს.) პატრიარქის _ მომავალში წმ. პავლეს პასუხი იმაზე, თუ რატომ სურდა პატრიარქობიდან გადადგომა: ,,როგორ დავაღწევ თავს ღმრთის სამსჯავროს, როცა, ვიმყოფები რა კავშირში ასეთ (ხატმებრძოლ) ხალხთან, ჩავითვლები მათ თანამონაწილედა და თანამოზიარედ“.

   წმ. ბასილი დიდის წირვის ,,საიდუმლო ლოცვიდან“ პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაარსების შემდეგ: ,,[უფალო] ჩუენ, ყოველნი, ერთისა პურისა და სასმელისაგან მიმღებელნი, შეგვაერთენ ურთიერთას, ერთისა სულისა წმიდისა ზიარებად და ნუცა ერთისა ჩუენგანისა სასჯელ ანუ დასასჯელ იქმნების ზიარება წმიდისა ხორცისა და სისხლისა ქრისტეს შენისა, არამედ რათა ვპოვოთ წყალობა და მადლი ყოველთა თანა წმიდათა, საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთა პირველთა მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მოძღვართა და ყოვლისა სულისა მართლისა, სარწმუნოებით აღსრულებულისა“. ეს ლოცვა ბოლომდე მოვიყვანეთ იმის საჩვენებლად, რომ ყურადღება შეგვეჩერებინა მის ბოლო ნაწილზეც. კერძოდ, ცისა და მიწის ამ ერთობაში მოხსენებულია ,,ყოველი სული მართლისა, სარწმუნოებით აღსრულებულისა“. როცა მღვდელ-მოძღვარი წირვაში კვეთას ასრულებს, ფეშხუმი განასახიერებს სასუფეველს, მის შუაგულში მყოფი ტარიგი უფალს, მის გარშემო შემოწყობილი სებისკვერიდან ნაკვეთი ნაწილები კი საცხოვნებელ სულებს. ამაში იგულისხმება, რომ ამ დროს დასაშვებია, მღვდელმსახურმა ნაწილები ამოიღოს ანუ ილოცოს იმ ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზე, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით, არიან (სავარაუდოდ იყვნენ) ,,სულნი მართალნი, სარწმუნოებით აღსრულებულნი“. ე. ი. შეფისკვრის საკურთხეველში შეგზავნა ნებისმიერისთვის არ შეიძლება.

   წმ. თეოდორე სტოდიელის ზემოდასახელებული ეპისტოლედან:

   «…თითოეულ დაუსჯელ მღვდელთან, იოანე ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის თანახმად, საჭიროა, გვქონდეს ურთიერთობა და თანაზიარება. რამეთუ პირველი ამბობს: ,,ჩათვალე თითოეული განმწენდის უნარიანად, ოღონდ, იყოს იგი რჩეულთა რიცხვიდან და არ იყოს აშკარად დასჯილი და სარწმუნოებით უცხო“; მეორე კი ამბობს: ,,გამოიკვლიე და გაარკვიე; რამეთუ თანაზიარება გამოკვლევის გარეშე არ არის უხიფათო; და ხიფათი კი ეხება უდიდეს საგნებს“. მაშასადამე, გამოვიკვლიოთ და გავერკვეთ, თუ ვისთან შეგვიძლია, შევიდეთ ურთიერთობაში; _ აღიარებს თუ არა ის მართალ სარწმუნოებას; ხომ არ არის ქრთამით ხელდასხმული და ხომ არ არის მის ცხოვრებასთან დაკავშირებული რაიმე სახიფათო და საეჭვო ხმები სამართლიანი. თუკი მართალია, რომ მან მიიღო ხელდასხმა რომელიმე მწვალებლისაგან ან ქრთამით ხელდასხმულისაგან, მაგრამ თვითონ არ არის მწვალებელი და უმეცრებით დაისხა ხელი ქრთამით ხელდასხმულისაგან ანუ სიმონისტისგან; აღიარებს მთელ ჭეშმარიტებას, იმარხავს მართალ სარწმუნოებასა და კანონებს შეუცვლელად; ამასთან, ერთისა და მეორისაგან გადახრას უარყოფს, _ მაშინ, ჩვენ არანაირი საფუძველი არა გვაქვს მასთან განშორებისა. რამეთუ ასეთი პირი, ზემომოყვანილი წმინდანების აზრით და მაშასადამე, მათი მეშვეობით კი ყველა წმინდანის აზრითაც, სასჯელსა და განკიცხვას არანაირად ექვემდებარება. ამ შემთხვევაში, ჩვენც გვაქვს ასეთებთან თანაზიარება და თქვენც იგივეს გირჩევთ, გააკეთოთ. რამეთუ თუკი გამოკვლევა კიდევ გაგრძელდება, მაშინ, მოხდება წმინდანთა დარიგებების უარყოფა და ამაო იქნება მღვდლობის ასეთი დიდებული ნიჭი, რომლის მეშვეობით ჩვენ ვიღებთ ქრისტეანის სახელს; ასე, ჩვენ შეიძლება ჩავვარდეთ წარმართობაში».

   იგივე მამა თავისი ძმისადმი _ თესალონიკის არქიეპ. იოსებისადმი მიწერილ წერილში დასძენს ერთ განკვეთილ მღვდელზე: ,,ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას მის განხსნაში, რამეთუ ჩვენ არ ვართ ევქარისტიულ კავშირში იმათთან, ვინც იგი აშკარად განხსნა. ჩვენ რომ გვქონდეს ევქარისტიული ურთიერთობა მათთან _ მაშინ, ამით გამოვიდოდა, რომ ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას მის განხსნაში. მაგრამ რამდენადაც ჩვენ კეთილკრძალულებით არ შევდივართ მის განმხსნელებთან ევქარისტიულ ერთობაში, ამიტომაც ცხადია, რომ არც მის განხსნაში ვიღებთ მონაწილეობას“. ხოლო იღუმენ თეოფილესადმი 39-ე ეპისტოლეში ასკვნის: ,,დიდმა ოქროპირმა ხმამაღლა, ყველასთვის გასაგებად გამოაცხადა ღვთის მტრებად არამხოლოდ მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენიც“ (იგულისხმება სულიერი ურთიერთობა _ ავტ.).  

   ერთობა მყარდება არამარტო ერთობლივი ლოცვით, _ მხოლოდ ზიარებითაც:     

   «მთელი ძალით უნდა ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ ზიარება მწვალებელთაგან და არც ჩვენ მივცეთ მათ ჭეშმარიტი ზიარების მიღების საშუალება. აკი, თვით უფალიც ასე გვიბრძანებს: ,,ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (მ. 7,6.). ანუ რათა არა შევიქნათ თანაზიარნი და თანამონაწილენი მათი გარდაქცეული სწავლებისა და ამით მათს ხვედრ გაკიცხვას არ ვეწიოთ. რამეთუ თუკი ზიარების მეშვეობით ნამდვილად აღსრულდება ერთიანობა ქრისტესი და ჩვენიც ერთმანეთთან, მაშინ ჩვენ თავისუფალი კეთილგანწყობით ნამდვილადვე ვერთიანდებით ყველა იმ ადამიანთანაც, ვინც ჩვენთან ერთად ეზიარება; რადგანაც ეს გაერთიანება ხდება ჩვენი თავისუფალი ნების მიერ, სწორედ ჩვენი თანხმობით» (წმ. იოანე დამასკოელი, ,,მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“, წ. IV, თ. 13).

   მაგალითი მამათა ცხოვრებიდან (,,ლიმონარი“):

   ,,წმ. თეოდოსის მონასტრის მთავარი მღვდელი მამა სტეფანე გვიამბობდა: ერთ დროს, ჩემი მონასტრის ძმებთან ზიარება არ მინდოდა, რადგან დიდებულ ლოცვებში მორწმუნედ იხსენიებდნენ ურჯულო კონსტანტინე მეფეს, რომელმაც მოკლა თავისი ძმა, უსამართლობა გააბატონა და მრავალი ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ ჩემი უძლურების გამო, არ შემეძლო მონასტრიდან გასვლა. წინამძღვარმა მონასტერში მყოფთ, ყველას უბრძანა, რომ ჩემთვის არც პური მოეცათ და არც ქალაქიდან მოეტანათ რაიმე. დიდ წუხილსა და გასაჭირში ჩავვარდი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ ვზიარებულიყავი. ერთ ღამეს ძილში ვიხილე, რომ ეკლესიაში ვიდექი წმ. მოწამეთა საფლავებთან და ტირილით ვლოცულობდი. ცოტა ხნის შემდეგ, ვიხილე: ჭეშმარიტად წმიდა დედოფალი, ყოვლადქებული და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი საკურთხევლიდან გამოვიდა და მომიახლოვდა. ვიცანი და თაყვანი ვეცი. მკითხა, რა შეგემთხვაო. ჩემი გასაჭირის მიზეზი ვუთხარ და შევჩივლე, რომ საუფლო დღესასწაულზე საზიარებლად შემონახული ერთი წმ. ნაწილის მეტი აღარ მქონდა. გამიღიმა და მითხრა, წადი და შენი კოლოფი მოიტანეო. სირბილით მივუტანე. აიღო, თავისი ხელით გახსნა, მისი შეხვეული წმ. ნაწილები გადმომიწყო, კოლოფი ამივსო და მითხრა: მიიღე და გულს ნუ გაკლია, მაგრამ აქედან ისეთს ნურავის აზიარებ, ვინც მის სახელს [უსჯულო მეფეს] ახსენებს. მათთან მაზიარებელი ეშმაკთან ეზიარებაო. სიხარულით აღვივსე, წამოვდექი და ვნახე, რომ როგორც ძილში ვიხილე, კოლოფი სავსე იყო წმ. ნაწილებით. ისინი ისეთი სპეტაკი და წმინდა იყო, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მენახა. მას შემდეგ, მისგან ვეზიარებოდით მე და, სანამ ღმერთი მოუწოდებდა და ამქვეყნიურ ცხოვრებას დაასრულებდა, ჩემი მოწაფე მამა ბასილი, რადგან ისიც მოხუცებული იყო“

+

   კითხვა: ევქარისტიულ ურთიერთობებში მოქმედებს თუ არა იკონომია?

პასუხი: წმ. თეოდორე სტოდიელი ისევ იკონომიებს ეხება, ოღონდ, სხვა კუთხით, ნავკრატიოსისადმი მიწერილ 159-ე ეპისტოლეშიც:

   ,,შენ მეკითხები: რატომ აწარმოებდა იკონომიას ღმრთაებრივი კირილე (ალექსანდრიელი)*, რომელიც არ გამოეყო მათ, ვინც აღმოსავლეთში დიპტიქებში იხსენიებდნენ მწვალებელ თეოდორე მოფსუესთიელს? _ იმიტომ, რომ კეთილმსახურების დოგმატები მათ ეპყრათ დაუზიანებლად და მართებული სახით. ასე სწერს ამ შემთხვევაზე წმინდა ევლოგი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, თავის სიტყვაში ,,იკონომიის შესახებ“. ამ იკონომიის გამოყენება განმარტებული გვაქვს ჩვენც ჩვენივე თხზულებაში: ,,საერთოდ, იკონომიის შესახებ“. მაშასადამე, ახსნა-განმარტება მოგვცა თვით ამ ამბის გადმომცემმა. რომელიმე სხვა ადგილას ამის შესახებ არაფერია ნათქვამი და კიდევაც რომ დავიწყოთ სადმე ძებნა, ალბათ, ეს ზედმეტიც იქნება. მაგრამ სიცხადისთვის მაინც მოვიყვან ამავე საგანზე ჩვენს გამონათქვამს:

   წმინდა მამების მიერ არსებულ ვითარებებთან ზოგიერთი შეგუება დაშვებულ-იქნა დროებით და ზოგიერთს კი აქვს მუდმივმოქმედების ძალა.

   მაგალითად, მუდმივმოქმედი ხასიათი აქვს დაშვებას, რომელიც მისცა წმინდა ათანასემ იტალიელებს _ ეხმარათ გამოთქმა προσοπα (,,პროსოპა“) υποστασειζ (,,იპოსტასის“)-ის ნაცვლად (წმინდა სამების პირებთან დაკავშირებით). ხოლო დროებითი იყო, მაგალითად, მოციქულის (პავლეს) ბრძანება წინადაცვეთის თაობაზე, ან ბასილი დიდისა _ სულიწმიდასთან დაკავშირებით, ან კი _ ზემომოყვანილი დაშვება ღვთაებრივი კირილესი. ის, რაც იქნა დაშვებული რაღაც დრომდე, არ ექვემდებარება გაკიცხვას და არც რაიმე უცნაურსა და უსჯულოებას წარმოადგენს; არამედ არის მხოლოდ დათმობა და არცთუ მთლად ზედმიწევნითი მოქმედება. ეს არის დროებითი იკონომია. რამეთუ შეუძლებელია, ექიმმა ერთბაშად განკურნოს ავადმყოფი სნეულებისაგან; ვერც ველური ცხენის ან ხმელი ტოტის მაშინვე მოთვინიერება და გასწორებაა შესაძლებელი; და ვინც გამოცდილია ამ საქმეში, სხვანაირად არ ძალუძს, ამ მიზანს მიაღწიოს; თუ არა და _ გამოიყენეს ცოტ-ცოტა გამხნევებები, ალერსიანი სიტყვები და ნაზი მოპყრობა.

   ასე მოქმედებდნენ წმინდანები იკონომიებში; ასევე მოიქცა დიდი კირილე ამ შემთხვევაში. იგი ერთგვარად შემწყნარებლურად უყურებდა აღმოსავლელთა სიდინჯეს განსჯაში, ან კი მათ მიდრეკილებას, _ არ ეცნოთ მწვალებლად ის, ვინც სინამდვილეში მწვალებელი იყო. რამეთუ, როგორ შეეძლო მას სხვანაირად ემოქმედა, როდესაც ეს ხალხი მართლმადიდებლურ სარწმუნოებას აღიარებდა და ამით შეაჩვენებდა მას, ვისაც თვითონ იხსენიებდა? რადგანაც თითოეული, ვინც ყველაფერში მართლმადიდებელია, სიტყვით თუ არა, თავისი მოღვაწეობით შეაჩვენებს ყველანაირ მწვალებელს. ხოლო შემდეგ, როდესაც აღმოსავლელებს გაეღვიძათ სრულყოფილი გონება, მაშინ, შეიძლება, წმინდანი მათთან იყო, უკვე, სრულ თანხმობაში“.

_______________________ 

   *ალექსანდრიის პატრიარქი, წმინდანი (+444წ.). 

 +

   კითხვა: რა შემთხვევებში უნდა განვეშოროთ მღვდელმთავარს?

   მიგება: უნდა ვიცოდეთ, სად უნდა მივმართოთ იკონომიას და სად _ აკრიბიას. მაგ., რომელიმე ეკლესიაში მადლი რომც მოქმედებდეს (ანუ იქ მწვალებლობა არ მეფობდეს), უზნეო მდგომარეობისა და სხვა მნიშვნელოვან მიზეზთა გამოც, ვალდებულები ვართ, ასეთ იერარქს განვეშოროთ.

   აზრი, ცალმხრივად გამოტანილი ორგზისი კრების (861წ.) XV კანონზე დაყრდნობით, რომ საკუთარ ეპისკოპოსს მხოლოდ მწვალებლობის გამო უნდა გამოვეყოთ, მცდარია, რადგან ამ კანონში იგულისხმება შემდეგი: ეპისკიოპოსი სხვამხრივ ღირსეულად ცხოვრობს და მსახურობს; მხოლოდ რომელიღაც დოგმატურ საკითხში ცდება და ამას საჯაროდ ასწავლის (სიტყვით თუ საქმით), რაც გვავალდებულებს საკრებო განჩინებამდე მისგან განშორებას. ეს რომ ასეა, აღნიშნულია ჯერ კიდევ მოციქულთა 31-ე კანონში:

   „უკუეთუ ვინმე ხუცესმან შეურაცხყოს ეპისკოპოსი თვისი და თვისაგან ყოს შესაკრებელი და სხუაი აღჰმართოს საკურთხეველი ისე, რომ მსჯავრით არ ამხილებს მას არაფერ ისეთში, რაც ეწინააღმდეგება კეთილმსახურებასა და სიმართლეს, _ განიკუეთენ, ვითარცა მთავრობის მოყუარე, რამეთუ მძლავრი არს. ეგრეთვე და სხუანიცა მოყუასნი, რომელნიცა შეუდგენ მას, ხოლო ერისკაცნი უზიარებელ იქმნენ. ხოლო ესე, შემდგომად ერთისა და ორისა და სამისა ვედრებისა ეპისკოპოსისა მიერ მისდა მიმართ ქმნილისა, იქმენინ“.

   ამასვე გვიდასტურებენ ,,სჯულისკანონის“ განმმარტებლებიც:

   ,,…31-ე სამოციქულო კანონი დაუსჯელად ტოვებს იმათაც, ვინც ამხელენ თავის ეპისკოპოსებს აშკარა უსამართლობაში და გამოეყოფიან მათ; დააკვირდი, რომ ეკლესიის მოყვასნი ყოველგვარი საშიშროების გარეშე შეიძლება, გამოეყონ თავიანთ ეპისკოპოსებს, თუკი მათ მსჯავრით ამხელენ, როგორც ბიწიერებს, ცოდვილებს ან კი როგორც უსამართლოებს“ (თეოდორე ბალსამონი);

   ,,თუკი რომელიმე მღვდელი მსჯავრით არ ამხილებს თავის მღვდელმთავარს არაფერში; არც იმაში, რომ თითქოს იგი სცოდავს კეთილმსახურების საწინააღმდეგოდ, ან თითქოს იგი აკეთებდეს რაიმე ისეთს, რაც ეწინააღმდეგება მოვალეობასა და სიმართლეს და საკუთარი მთავრობისმოყვარეობით შეადგენს კანონსაწინააღმდეგო შესაკრებელს, განცალკევებით გააკეთებს ეკლესიას, აღმართავს საკურთხეველს და დაიწყებს იქ მღვდელმსახურებას _ კანონი ასეთების განკვეთას ბრძანებს“ (ზონარა);

   ,,თუკი ვინმე მსჯავრს გამოუტანს თავის ეპისკოპოსს დანაშაულის გარეშე _ ანუ თუკი მას არ შეუცოდავს არც კეთილმსახურებისა და არც სამართლიანობის წინააღმდეგ _, მოაწყობს ხალხის შესაკრებელს და სხვა საკურთხეველს აღმართავს – ასეთი უნდა განკვეთილ იქნას“ (არისტინი).

   იგივე აზრს ანვითარებს წმინდა თეოდორე სტოდიელი*, რომელიც ამბობს, რომ ვინმესთან ლოცვითი ერთობის შეწყვეტას მხოლოდ მისი დოგმატური აზროვნების სიმცდარე კი არა, სხვა მიზეზებიც გვავალებს; კერძოდ, _ წმინდად კანონიკური ხასიათისა, როგორიცაა მაგ., ,,ეჭვები ან ხმები შეუფერებელი ცხოვრების წესზე“, რადგან კანონიკური და ზნეობრივი წინაღობა _ ,,აშკარად ყოფითი დაცემა“, მწვალებლობასთან შედარებით, ,,მართალია, მეორეხარისხოვანია“, ,,მაგრამ კეთილმსახურთათვის ნაკლებმნიშვნელოვნად როდი ითვლება“; რამდენადაც, ,,პირველი ითხოვს მეორეს“ ანუ მართლმადიდებლური აღმსარებლობა მოითხოვს ზნეობრივ წეს-კანონთა დაცვას და _ პირიქით. ,,მაშ, დაე, გავერკვეთ და გამოვიძიოთ, ვისთან გვმართებს ურთიერთობა“ (53-ე წ-დან, PG, ტ. 99, სვ. 1101-1108).

______________

*სტოდიის მონასტრის წინამძღვარი, ღირსი მამა (+826წ.).

+

   კითხვა: როგორ შეიძლება, ურთიერთობა ერეტიკოსებთან აკრძალული იყოს, როდესაც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ისინი და მათთან მეგობრობაში რა იგულისხმება „დიდი სჯულისკანონის“ თანახმად?

პასუხი: წმ. მამების გამონათქვამებში _ ,,არავითარი ურთიერთობა არ გქონდეთ მწვალებლებთან; მწვალებლებს არასოდეს დაუმეგობრდეთ“ _ იგულისხმება: ,,ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად“ (როგორც მეგობრებთან); ,,ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი“ (როგორც მეგობრები), ,,არც მათ სახლებსა და თავყრილობებში შეხვიდეთ“ (მეგობრულად). თორემ, თუ ჩვენ ყველაფერ ამას ვიქმთ არა ჭამის, მგზავრობის (ან სხვა), არამედ მათი შეგონების მიზნით, ამისი არათუ უფლება, მოვალეობაცა გვაქვს. თუ ჩვენ სიტყვას ,,არავითარი“ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ, როცა ჩვენ, ვთქვათ, თვითმფრინავით ვმგზავრობთ, ჩვენს გვერდით თუ არამართლმადიდებელი ზის, არაფერს შევჭამთ? ან საერთოდ, როგორ ვიმგზავრებთ? თანაც, წმიდა მამები აქ გულისხმობენ ჭეშმარიტების აშკარა მტრებს, ჯიუტად ჩამოყალიბებულ მწვალებლებს. დღეს კი კაცობრიობის უმეტესობა არა უფრო მწვალებელი, არამედ წარმართია, რომელსაც ორმაგი სიყვარული და თავმდაბლობით მოქცევა სჭირდება. დილის ლოცვებშიც რომ წერია: ,,უარისმყოფელნი მაღთლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი, წარმწყმედელთა წვალებათაგან დაბნელებულნი“ (ზოგან წერია _ ,,დაბნეულნი“), აქ ერეტიკოსი მხოლოდ პირველ შემთხვევაში მოიაზრება; დანარჩენი ორი სახეობა (კატეგორია) უფრო წარმართობაა, ვიდრე მწვალებლობა. ამიტომაც ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: ,,როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს; ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ, გაარჩიე შენიანი უცხოსაგან“. „სჯულისკანონში“ კი ვკითხულობთ: ,,თუ მონოფიზიტის მკვდარზე მიხვიდე, როგორც საერო პირმა, ისე დაიტირე, ჯვარი არ დასწერო, არც სახარება წაიკითხო. თუ მონოფიზიტი შენს მკვდარზე მოვიდა, მანაც ეგრე ქნას“

+

   კითხვა: შეიძლება თუ არა, ვილოცოთ არამართლმადიდებელი ქრისტეანებისათვის?

მიგება: «ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, მისთვის ჩვეული კათმოყვარეობიდან გამომდინარე, იძლევა ლოცვის უფლებას მისგან განმდგართათვის, ე. ი. მწვალებელთა და განხეთქილებაში მყოფთათვის. მაგრამ რისთვის უნდა ვილოცოთ? _ ვილოცოთ, რომ განიშორონ ხიბლი და შეიცნონ ჭეშმარიტება, რათა თავიანთი ცხოვრების აღსასრულამდე მოექცნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე.

   ასე მოსახსენიებელში (,,ფსალმუნთა“ ბოლოში) ვლოცულობთ, კიდეც: უარისმყოფელნი მაღთლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და წარმწყმედელთა წვალებათაგან დაბნელებულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და ზიარ-ჰყვენ წმიდისა შენისა კათოლიკე სამოციქულოსა ეკლესიისა. ამ სიტყვებიდან ნათელია, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ნებას რთავს წმ. სარწმუნოებიდან განმდგართათვის ლოცვისა _ მათ მოსაქცევად. რა შეიძლება, ითქვას მათგან იმათთვის ლოცვაზე, ვინც გავიდნენ ამა სოფლიდან? ლოცულობს თუ არა ეკლესია თავის ღვთისმსახურებებში ასეთი ადამიანებისათვის? მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო ლოცვებში ერეტიკოსად გარდაცვლილთათვის განსაკუთრებული ლოცვები არ არსებობს. პირიქით, დიდმარხვის პირველ კვირადღეს, ,,მართლმადიდებლობის ზეიმის“ აღსრულებისას, ჩვენი წმ. ეკლესია ანათემას გადასცემს ანუ განჰკვეთს თავისი ერთობიდან ყველა ერეტიკოსსა და მართლმადიდებლობიდან  განდგომილს. როგორღა ხდება, ვიკითხოთ, რომ ეკლესია, ერთი და იგივე დროს, თან შეჩვენებასაც გადასცემს და თან ლოცულობს განდგომილთათვის? ,,არამართლმადიდებლებმა სწორედ არამართლმადიდებლობით თავი თვითონვე განიკვეთეს მართლმადიდებელი ეკლესიის მადლის მიღებაში მონაწილეობისაგან. ამით აიხსნება ევქარისტიის საიდუმლოსას მათი მოუხსენებლობა და ამოღება დიპტიქებიდან (სინოდიკებიდან და მოსახსენებლებიდან), ამბობს წმ. ფილარეტი, მოსკოვის მიტროპოლიტი. შევნიშნოთ, ამასთან, რომ სიტყვებს ,,დიპტიქებიდან ამოღება“ მივყავართ იმ აზრამდე, რომ არამართლმადიდებელ ქრისტეანთა სახელები, საერთოდაც, ყოველნაირ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში არ მოიხსენიება. იტყვიან: ასეთი მსჯელობა ძალიან მკაცრია. _ რა ვქნათ? მაგრამ უფალს ხომ მოწყალებას ვერ გამოვძალავთ. რამეთუ ღმერთი ჩვენი _ ღმერთი შურისმგებელი (გამოსვლ. 20,5); მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა (ფს. 10,7). იყოღა შემთხვევები, როცა თვით იგი კრძალავდა ზოგიერთთათვის ლოცვას. ასე, იერემია წინასწარმატყველს ეუბნებოდა თავის ხალხზე: ,,შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთეის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ“ (იერ. 7,16); და უფლის ეს მითითება ეხება ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს, მაშასადამე, ჯერ კიდევ მქონებელთ მონანიების საშუალებისა; და წინასწარმეტყველი არ გაკადნიერებულა, არ შეესმინა უფლის სიტყვა და თავისი მათთვის ლოცვა კაცთმოყვარეობით გაემართლებინა.

   თუმცაღა, აქ მხედველობაში გვაქვს არამართლმადიდებელ ქრისტეანთათვის მხოლოდ საეკლესიო-საზოგადო ლოცვა.

   ჩვენი დედაეკლესია გვარიგებს, რომ ჩვენთვის ყველაფერი, თვით ლოცვაც, აღესრულოს ,,შუენიერად და წესიერად“ (1 კორ. 14,40).

   _ მაშ, მართლმადიდებელო ქრისტეანო, _ ვინც უნდა იყო, ერისკაცი თუ მღვდელი ღვთისა, _ თუკი რომელიმე საეკლესიო ღვთისმსახურებისას გეწვევა გულმოდგინება, ლოცვებში მოიხსენიო შენთვის ახლობელი ვინმე კარლი ან ედუარდი, საღვთო ლოცვის კითხვისას თუ გალობისას უფლისადმი მისთვის ამოიოხრე და სთქვი: იყავნ მასზედა წმიდა ნებაი შენი, უფალო! _ და ამ ლოცვით შემოიფარგლე, რამეთუ ასე გისწავლია ლოცვა თავად უფლისგან.

   ეს არამართლმორწმუნეთადმი სიძულვილით კი არ მოგვდის; არც იმიტომ, რომ მათ სიკეთეს არ ვუსურვებთ; არამედ იმიტომ, რომ მათთვის თვითრჯული და თვითნებური ლოცვა ჩვენი არც ღმერთს ნებავს და მათი სულებისთვისაც უსარგებლოა. ასეთი ლოცვა კი ცოდვად შეგვერაცხება. ამის თვალსაჩინო მაგალითი შგვიძლია, დავინახოთ ისრაელის მეფე საულში. როგორც ჩანს, კეთილი საქმე გააკეთა, როცა ფილისტიმელებთან ომის დაწყების წინ ღმერთს ლოცვითა და მსხვერპლშეწირვით მიმართა. მაგრამ რამდენადაც ამ შემთხვევაში თვითრჯულად მოიქცა, არ დაელოდა რა, როგორც მას ეთქვა, ღმერთის წინასწარმეტყველ სამოელს: ამის გამო, არათუ ღვთის წყალობასა და კურთხევას ვერ მიემთხვია, არამედ ღვთის რისხვაც და სასჯელიც კი დაიმსახურა.

   ახლა, ვთქვათ პირად ლოცვაზეც. ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ცნობილია სავარაუდოდ არაერთადერთი მაგალითი, რომ ერთი წმინდანის პირადი ლოცვა შეეწია უცხო რჯულის, წარმართ გარდაცვლილთა სულებსაც კი.

   ღირსი მაკარი (ეგვიპტელი) წარმართებისთვის ლოცულობდა არა თავისებური ლოცვით, არამედ ისე, როგორც უწინამძღვრებდა მის წმინდა გულში დავანებული ღვთის სული, რომელიც ასწავლიდა ლოცვას მთელი ქვეყნისთვის _ ყველა ადამიანისათვის, ცოცხალთა და მკვდართათვის, როგორც ეს სჩვევია და ახასიათებს ღვთის ყველა წმინდანის მოყვარულ გულს; როგორაც წმ. პავლე სწერდა კორინთოელებს: გული ჩუენი განვრცომილ არს (2 კორ. 6,11).

   მაშ, ასე: აწ, უკვე, შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ არამართლმადიდებელ ქრისტეანთათვის _ ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის _ მართლმადიდებელ ქრისტეანებს შეგვიძლია პირადი, სახლში ლოცვა; მაგრამ მასთან, კიდევ და კიდევ შეგახსენებთ, არა თვითნებური ლოცვა _ არა ისე, როგორც მოგვეპრიანება, არამედ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანთა სწავლების მიხედვით:

   ,,მოიხსენე, უფალო, უკეთუ შესაძლებელ-არს, სული მონისა შენისა (სახელი), გარდასულისა ცხოვრებასა დაუსრულებელსა განკერძოვებასა შინა წმიდისაგან შენისა მართლმადიდებელი ეკლესიისა! გამოუკულეველ არიან გზანი შენნი. ნუ შემირაცხ ცოდვად ლოცვასა ამას ჩემსა. არამედ იყავნ წმიდა ნებაი შენი!“…» (,,სულისსარგო საკითხავებიდან“, 1901წ., ჯორდანვილი, 1973წ., თარგმ. ჩვ.).

+

   კითხვა: შეიძლება თუ არა ლოცვა თვითმკვლელისათვის?

პასუხი: თვითმკვლელისადმი ლოცვის საკითხზე, მაგალითად, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორ ალექსეი ოსიპოვის პასუხი, ისევე, როგორც მის სხვა მოსაზრებათა გარკვეული ნაწილი, დაღდასმულია იმ საპატრიარქოს მოდერნისტულ-ეკუმენისტური სულისკვეთებით, რომელსაც ის წარმოადგენს. მისი მოსმენა და წაკითხვა სახიფათოა იმისთვის, ვისაც საკუთარ ყურებსა და თვალებზე საღვთისმეტყველო ფილტრები არ დაუყენებია…

   მათთვის, ვინც ამქვეყნიური ცხოვრების ხანგრძლივობა, როგორც ღვთისგან გამოსასწორებლად ბოძებული საშუალება, თვითნებურად მოისწრაფა, წმ. ეკლესია ასე გვაუწყებს: პანაშვიდებისა და ანდერძის შესრულება (,,წესის აგება“) აკრძალულია გარდა იმ შემთხვევისა, როცა თვითმკვლელი საღ ჭკუაზე არ იყო ანუ თავიდანვე შეურაცხადი იყო ან ასეთ მდგომარეობაში თვითმკვლელობამდე ჩავარდა. თანაც, სჯულისკანონში განმარტებულია, რომ მოძღვარმა დაწვრილებით უნდა გამოიძიოს მისი ოჯახის წევრთა თუ თვითმხილველთაგან, _ ნამდვილად შეიშალა თუ არა ეშმას მსხვერპლი, რადგან ასეთად სავარაუდოდ ან ყალბად წარმოაჩენენ მისი ჭირისუფლები იმის შიშით, ულოცველი არ დაგვრჩეს გარდაცვლილიო.

   არის სხვა გამონაკლისებიც: მაგ., თუ ვინმეს ძალისმიერ გაუპატიურებას უპირებენ და შესაძლო მსხვერპლი იძულებით იკლავს თავს, ასეთს ეს ქმედება, რომელიც, ბუნებრივია იუდა ისკარიოტელივით უიმედობის გამო კი არ ჩაიდინა, არამედ სიბილწის თავიდან ასაცილებლად, ქალწულმოწამეობად ეთვლება; ასევე, თუ სამართლიან ომში, ბრძოლაში ან მსგავს შემთხვევაში ვინმე თავს აიფეთქებს ანუ მტერს თავს შეაკლავს საკუთარი ჯარის, ჯგუფის, მოყვასის გადასარჩენად, ან საკუთარი სხეულით გააუვნებელყოფს სხვების (ან სხვის) დასაღუპავად ასამოქმედებელ ნაღმს ან ჩაშლის ტერორისტულ აქტს, ან თავს იკლავს მოწინააღმდეგეთა ალყაში მოქცეული ისეთი პიროვნება, ვინც სახელმწიფო ან სხვა მნიშვნელოვან საიდუმლოს ფლობს და დატყვევების შემთხვევაში, მოსალოდნელია მისი გამჟღავნება და ერვნული საშიშროება თუ არა, სირცხვილი მაინც, _ ასეთი, წმ. ათანასე ალექსანდრიელის გამოთქმები რომ ვიხმაროთ, ,,პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება“ (მისი ,,ეპისტოლე ამონ მონოზვნის მიმართ“). ასეთებმა, დიდი ალბათობაა, წმიდანობის მადლსაც კი მიაღწიონ, სიტყვისაებრ მაცხოვრისა: იმაზე დიდი სიყვარული არავისა აქვს, ვინც თავს დასდებს მეგობრისათვის.

   ჩვეულებრივ შემთხვევაში თავმოკლულთათვის კი, წმ. მამათა სწავლებით, დასაშვებია პირადი ლოცვა გულში (კვეთაში ანუ ,,პროსკომიდიაზე“ და ბარძიმ-ფეშხუმში ანუ ,,დიდ გამოსვლაზე“ მოხსენიების გარეშე) და მათ სახელზე სულიერ-ხორციელი მოწყალების გაღება. ღირსი მამა ლეონ ოპტინელი ასე ანუგეშებს თავის მოწაფეს, რომლის ხორციელმა მამამაც თავი მოიკლა: «…,,როგორც შენი, ასევე, შენი მშობლის ხვედრი მიანდე ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე უფლის ნებას. არ ეცადო, ჩასწვდე უზენაესის განგებას. სიმდაბლისმოყვარეობით ეცადე, გამაგრდე ზომიერი მწუხარების ფარგლებში. ყოვლადსახიერი შემოქმედისადმი ილოცე, რათა ამით აღასრულო შვილებრივი სიყვარულისა და ვალდებულების ხვედრი“. _ კითხვა: ,,კი, მაგრამ ასეთთათვის რანაირად ლოცულობენ?“. _ პასუხი: ,,სათნოთა და ბრძენთა სული ასე ხმობს: მოიძიე, უფალო, სული წარწყმედული მამისა ჩემისა; უკეთუ შესაძლებელ-არს, შეიწყალე! გამოუკვლეველ არიან გზანი შენნი. ნუ შემირაცხ ცოდვად ლოცვასა ამას ჩემსა. არამედ იყავნ წმიდა ნებაი შენი“…» (იქვე, თარგმ. ჩვ.).

   ღმერთმა დაგვიფაროს თვითმკვლელობისაგან და მანვე შეიწყალოს ყველა ამის ჩამდენი!

ავტორ-შემდგენელი _მღვდ. გ. სხილაძე

ლევილი, საფრანგეთი

2 Responses to “ორიგინალური „კატეხიზმო“ – I”

  1. დევნილი ხელისუფლების საფრანგეთის წარმომადგენლობა Says:

    იცოცხლეთ მამაო, ღმერთმა ძალა და გამძლეობა მოგცეთ, დიდ საქმეს ხართ შეჭიდებული, ამრავლეთ ჭეშმარიტებაში გათვიცნობიერებული მართლმადიდებლები, თორემ ურჯულოებას და კაცთაყვანისმცემლობას მიაქვს სამშობლო საქართველო.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: