ტკბილ ხარ შენ უფალო

ქარიშხლის დაცხრომა

„სადაც ვლინდებიდა მხოლოდ სასწაულები, ამბობს წმ. ოქროპირი, იქ ხალხსაც ასწრებდა უფალი; მაგრამ სადაც მოსალოდნელი იყო განსაცდელები და საშინელებანი, იქ თავისთან ამყოფებდა მხოლოდ თავის მოციქულებს“. როგორც შვილების ბრძენი აღმზრდელი, იგი მცირედ-მცირედ აჩვევდა სიძნელეებსა და საშიშროებებს, რაც შეხვდებოდათ მომავალ მოღვაწეობაში, აჩვევდა მინდობას მისი სიყვარულისადმი, ყოვლისშემძლეობისა და სიმდაბლისადმი. – უკვე გვიანი საღამო იყო, როცა მან გაუშვა ხალხი, რომელიც ისმენდა მის ღვთაებრივ მოძღვრებასა და იგავებს, როგორც ღვთის კურთხევას, რომ გადასცემდა მათ. და აღვიდა იგი ნავსა, რათა გადასულიყვნენ გალილიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, და მიჰდევდეს მას მოწაფენი მისნი, – მარტო მოციქულები კი არა, არამედ საერთოდ მოწაფენი, ისინი, ვინც მასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე ხალხი. მოციქულები მაცხოვართან ერთად შევიდნენ ერთ ნავში, სხვები კი მოთავსდნენ სხვა ნავებში, როგორც ამას ამბობს წმიდა მარკოზი: „სხუაცა ნავები, რომელი იყო მისთანა“. დადგა ბნელი, სამხრეთული ღამე. და აჰა ესერა, აღძრუა იყო დიდი ზღუასა შინა: უცებ ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, ჩვეულებრივ რომ იცის ხოლმე ამ ტბაზე, რომელიც მთის ხეობითაა გარემოცული. საშინელი საფრთხე იყო მოსალოდნელი, რადგან ღელვა იქით-აქეთ ისროდა ნავს და, ავსებდა წყლით: ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. უფალს, რომელიც განვლილი დღის მომქანცველი შრომით იყო დაღლილი, ჩასძინებოდა: ხოლო თავადსა ეძინა.

თავისი მაგალითით უფალს ახლა უნდოდა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ განსაცდელის ჟამსაც შეიძლება იყოს კაცი სრულიად დამშვიდებული, როცა სინდისი კაცისა არის სუფთა და დაწყნარებული. მართალია იონა წინასწარმეტყველსაც ჩაეძინა ასეთივე განსაცდელში, მაგრამ – შებღალული სინდისით, მოწყენილობითა და დარდით, რომლითაც იგი იყო მოცული. მაცხოვარს კი ჩაეძინა სუფთა სინდისით: იონა თავისი იქ ყოფნით იწვევდა განსაცდელს, – იესო ქრისტეს ყოფნა კი იყო საწინდარი და თავდებობა განსაცდელისაგან გამოხსნისა. მაგრამ მოწაფეებს ეს არ ჰქონდათ შეგნებული. მათი უფლისა და მასწავლებლის ამ მშვიდი ძილით იმათი რწმენისათვის მზადდებოდა განსაცდელი – „სახე იმ განსაცდელებისა, რაც მათ ელოდათ მომავალში: მართლაც, შემდგომში მაცხოვარი თავის მოწაფეებზე თვითონ უშვებდა დიდ სიძნელეებში ჩავარდნას, რითაც განამტკიცებდა მათ რწმენაში. ქარიშხალი მაცხოვრის მღვიძარების ჟამს რომ ამოვარდნილიყო, მაშინ ისინი ასე ძალიან არ შეშინდებოდნენ და არც ისე ძალიან დაუწყებდნენ მას ვედრებას. და შესაძლოა არც კი ეფიქრათ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი. ამიტომაც დაიძინა მან, რათა მიეცა მათთვის დრო, რომ ჩავარდნილიყვნენ გასაჭირში“, შეეცნოთ საკუთარი უძლურება, და სასწაული სამუდამოდ აღბეჭდილიყო იმათ გონებაში, ესწავლებინა მათთვის სიმამაცე განსაცდელებისას და გაჭირვებიდან მათი გამოხსნით, განეცდევინებინა მათთვის მისი კეთილი სამსახური.

ასე რომ ნავი, რომელიც უკვე შუაგულ ზღვაში იყო, ივსებოდა წყლით და დაიწყო ჩაძირვა. გამოცდილმა მეთევზეებმა ვერაფერი გააწყვეს თავიანთი ხელოვნებით; მოწაფეთა რწმენამ იკლო, და ბოლოს გადაწყვიტეს გაეღვიძებინათ თავიანთი ღვთაებრივი მასწავლებელი. და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: „მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვჰსწყმდებით“ (მარკ. 4,38) – ნუთუ შენ არ გინდა რამე მოიმოქმედო, რადგან ვიღუპებით? „მოძღუარ! მოძღუარ! წარვჰსწყმდებით“ (ლკ. 8,24). უფალო! მიხსენ ჩუენ, რამეთუ წარვჰსწყმდებით! რამოდენა შიში იგრძნობა ამ საგანგაშო შეძახილებში! მაგრამ მათში ასევე მოისმის შიშთან მებრძოლი იმედი უფლის ყოველისშემძლეობისა. „თუმცა, ამბობს წმ. ოქროპირი, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი, თუ კი ის იქნებოდა ფეხზე. მაგრამ რას იზამდა იგი ძილში, – ამაში არ იყვნენ დარწმუნებულნი“. და უფალს გამოეღვიძა ძილისაგან, სიყვარულის საყვედურით დაამშვიდა მღელვარება მათი სულებისა: და თავადმან ჰრქუა მათ: რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? „სადა არს სარწმუნოება თქუენი“ (ლკ. 8,25). როგორ იფიქრეთ თქვენ, რომ შეიძლება დაიღუპოს ის, ვინც თქვენს თვალწინ ახდენს სასწაულებს? თუ არ დაიღუპება ის, მაშინ აღარც თქვენ უნდა გქონდეთ რაიმეს შიში. ღვთის ძე თქვენთან არის, და მასთან ერთად თქვენ ყველგან უსაფრთხოდ იქნებით“. იგი არ უწოდებს მათ ურწმუნოებს, არამედ მცირედ მორწმუნეებს, რადგან როცა უთხრეს: „უფალო, მიხსენ ჩუენ“. ამით მათ აჩვენეს თავიანთი რწმენა, მაგრამ სიტყვა „წარვჰსწყმდებით“ – უკვე აღარ იყო რწმენით ნათქვამი“.

ასე, მცირედმორწმუნეობა იზიდავს საფრთხეს და შიში რჩეულთა რწმენასც კი აბნელებს. რა უნდა ვთქვათ ჩვენს სუსტ რწმენაზე? ხომ არ გვეკუთვნის მაცხოვრის ეს საყვედური ჩვენ, ცოდვილებს? ჩვენც მივცურავთ აბობოქრებულ ცხოვრებისეულ ზღვაში, ჩვენც გვაწყდება განსაცდელთა ტალღები და სხვადასხვა შემოტევანი: არ იცი საიდან დაგატყდება თავს უბედურებანი… რის გამოა ეს? „იმის გამო, რომ იესო ქრისტეს რწმენა მისუსტებულია შენს გულში. როცა რწმენა გაიღვიძებს შენში, მაშინ, მძვინვარე ქარიშხალშიც კი, შენს ხომალდს არ გაავსებს წყალი. შენი დიდი რწმენა იქნება ქართა და ტალღების მბრძანებელი, და განსაცდელი გადაივლის“ (ნეტარი ავგუსტინე). უფალმა აღუთქვა მორწმუნეებს, რომ მათთან იქნება ქვეყნის დასასრულამდე. იგი ჩვენთან და ჩვენს შორიახლოს არის: და თუ ეს ასეა, მაშინ რიღასი უნდა გვეშინოდეს? იგი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე გარდამეტებულ განსაცდელებს: რატომ ვივიწყებთ ამას ჩვენ? ნუთუ ვფიქრობთ, რომ მას სძინავს, დავავიწყდით და მიგვატოვა? ო, როგორი მცირეა მასზე ჩვენი რწმენა! არ გესმის მისი ხმა: „რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? მე თქუენთანა ვარ“. შევღაღადოთ მას გულის სიღრმიდან და იგი შეისმენს ჩვენს ღაღადისს, როგორიც შეისმინა მან მუდარა და ოხვრა მოციქულებისა, და გაგვაგონებს თავის მბრძანებლურ სიტყვას და ჩვენს შეძრწუნებულ სულში ჩამოდგება დიდი სიმშვიდე…

მაშინ აღჰსდგა, – გვიყვება მახარებელი მათე, – დადგა იგი შემაღლებულ ადგილას ნავის კიჩოსთან და თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით: – შეჰრისხნა ქართა მათ ზღვას რომ აშფოთებდა და ზღუასა, რომელიც თავისით უცებ ვერ დამშვიდდებოდა, უბრძანა ჩამცხრალიყო. და მოციქულთა განსაცვიფრებლად, ასევე ყველა იმათ გასაოცებლად, ვინც შეესწრო სასწაულს, იქმნა მეყუსეულად დაყუდება დიდი… „ერთ დროს მოსემაც მოახდინა მსგავსი სასწაული, – ამბობს წმ. ოქროპირი, მაგრამ მოსე მოქმედებდა როგორც მონა, იესო ქრისტე კი, – როგორც უფალი. ქრისტეს არ გაუშვერია კვერთხი, მოსეს მსგავსად, არ აღუპყრია ზეცისაკენ ხელები, რადგან არ ჭირდებოდა ლოცვა-ვედრება სასწაულისთვის: არამედ, როგორც უფალმა, რომელიც მბრძანებლობს მონაზე, შემოქმედმა, ერთი სიტყვითა და ბრძანებით დააცხრო და დაამშვიდა ზღვა და ქარიც სრულიად ჩადგა. ისე, რომ დიდი მღელვარებიდან არ დარჩა კვალიც კი. და რაც იყო ნათქვამი მისი მამის დიდებულებაზე, იგი მან კიდეც გამოაჩინა თავის საქმეებში. მან „თქუა, და აღდგა ქარი ნიავ-ქარისაი, და ამაღლდეს ღელვანი მისნი“ (ფს. 106,25); ასევე ითქმის აქაც: თქვა, „და იქმნა მეყუსეულად დაყუდება დიდი“. ამიტომაც იყო ხალხი ამით გაკვირვებული, რასაც არ ექნებოდა ადგილი, მოსეს მსგავსად რომ მოქცეულიყო იგი“. ხოლო კაცთა, – ალბათ იმათ, რომლებიც მიცურავდნენ სხვა ნავებით, და მიაცილებდნენ ქრისტეს ნავს, უკვირდა, – გაკვირვებულები და შეშინებულები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, ასეთი როგორი ყოვლისშემძლეა, რამეთუ ქარნიცა და ზღუა ერჩიან მას? – რომელიც მბრძანებლობს სტიქიასა და ბუნების ძალებზე? „ძილი და სახე ადამიანისა – აჩვენებდნენ მასში ადამიანს, ხოლო ზღვა და სიმშვიდე მასში აცხადებდნენ ღმერთს“- ამბობს წმ. ოქროპირი.

ქრისტიანული ეკლესია ემსგავსება ხომალდს, რომლის მესაჭე თვით ქრისტეა, ხოლო ანძა – მისი მხსნელი ჯვარია. ვინ მოთვლის ერეტიკოსთა ცრუ მოძღვრებების ტალღებმა რამდენჯერ შემოუტიეს ამ სულიერ ხომალდს! ბევრჯერ იყო ისეთი დრო, როცა მართლმადიდებელ ეკლესიას ამ მძვინვარე ტალღებში თითქოსდა ელოდა დაღუპვა, და მაინც უვნებელი რჩებოდა თავისი ზეციური მესაჭის – ქრისტეს წინამძღოლობით. ნეტარია, ვინც არ მიატოვებს ღვთის ამ ხომალდს: იგი მასზე უეჭველად მიაღწევს ზეციური სასუფეველის მშვიდ ნავთსაყუდელს.

”სახარების განმარტება წმ. მამათა სწავლების მიხედვით”.  მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურმა 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: