ბერძენ მამულიშვილთა წინააღმდეგობის მოძრაობა

ჭეშმარიტ-მართლმადიდებელ ქრისტიანთა “წინააღმდეგობის მოძრაობის” დასაწყისი

jvari_atenze

როცა 1924 წ. საბერძნეთში ახალი კალენდარი შემოიღეს, ცვლილებას თავდაპირველად ფაქტიურად მთელი სამღვდელოება დაემორჩილა. ეს რეფორმა უარყვეს მხოლოდ ათონის მთის მამებმა და ზოგიერთმა კეთილმსახურმა ერისკაცმა. ტრადიციული კალენდრის შესანარჩუნებლად შეიქმნა ერისკაცთა “მართლმადიდებელთა გაერთიანება”.

მალე ტრადიციულ კალენდარს დაუბრუნდა და მართლმადიდებელ ერისკაცებს შეუერთდა ათენის რაიონის ორი მღვდელი. მოგვიანებით მათ მიყვნენ სხვა მღვდელმსახურნიც. ათონის მთაზე შეიქმნა “ბერ-მოშურნეთა წმინდა კავშირი”. იმავე წელს “მართლმადიდებელთა გაერთიანება” გარდაიქმნა “ჭეშმარიტ-მართლმადიდებელ ქრისტიანთა ბერძნულ რელიგიურ საზოგადოებად”.1 პოლიცია თავიდანვე სასტიკად სდევნიდა ამ მოძრაობას არქიეპისკოპოს ქსიზოსტომოს პაპანდოპულოსის ბრძანებისამებრ. ასე, მაგ. 1927 წ. 8 ნოემბერს მანდრაში (ატიკა) პოლიციამ დაარბია მორწმუნენი ეკლესიიდან გამოსვლისას. ორი ქალი დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველს, ტყვია მოხვედროდა, მეორეს კი თავის ტრამვა მიეღო, როცა ცდილობდა მღვდელს გადაჰფარებოდა და პოლიციელის დარტყმისაგან გადაერჩინა. ეს ქალი, ეკატერინე რუტოსი, ორი შვილის ახალგაზრდა დედა საავადმყოფოშივე გარდაიცვალა ერთი კვირის თავზე 1927 წ. 15 ნოემბერს.2 

1926 წ. 24 აპრილს საბერძნეთის ოფიციალურმა (სახელმწიფო) ეკლესიამ გამოსცა ძალზე მძაფრი შინაარსის ენციკლიკა (ოქმი N 2398/2203). ამ ენციკლიკაში ტრადიციულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მისამართით ვკითხულობთ:

“ისინი გამოეყვნენ ეკლესიას და თავისი თავი ქრისტეს სხეულს მოგლიჯეს, რითაც გმობასა და განყენებას დაუქვემდებარეს თავი, თითქოსდა არ იციან, ანდა უფრო სწორად, დაივიწყეს, რომ ის, ვინც ეკლესიას არ უგდებს ყურს – “იყავნ შენდა ვითარცა მეზვერე და წარმართი (მათე 18,17)”… ეკლესიის განჩინებანი აბსოლუტურად სავალდებულოა, ისინი, ვინც ამ განჩინებებს არ ემორჩილება, ეკლესიას აღარ ეკუთვნის, მას ტოვებს სულიწმინდის მადლი, ეს ადამიანი გამოეყოფა და სცილდება მას და საუკუნო სატანჯველს ექვემდებარება”.

აი, ასეთი ენციკლიკა გამოსცა იმ საეკლესიო ორგანომ, რომელმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თავად გათელა ფეხქვეშ “ეკლესიის განჩინებანი”, მას, როგორც ჩანს, არაფრად მიაჩნდა, არამართლმადიდებელნი “იესო ქრისტეში ღვთის თანამემკვიდრეებად” ეცნო, თუმცაღა “მეძველსტილეობა” მისთვის ამ მემკვიდრეობაში მონაწილეობის უგულებელყოფას ნიშნავდა, “მეზვერედ და წარმართად”, და “სულიწმიდის მადლდაკარგულად” გადაქცევას.

ამ დევნის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ მეძველსტილეთა სალოცავი ადგილები ძალისმიერად იხურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურად “ღვთაებრივ მადლს განშორებულებად” იწოდებოდნენ, 1930 წლისათვის მთელს საბერძნეთში ჭეშმარიტ-მართლმადიდებელთა 800-მდე გაერთიანება შეიქმნა. ისინი მიმართვებს აგზავნიდნენ საბერძნეთის ეკლესიის ახალმესტილე სინოდში 1929 და 1933 წწ. და მიუთითებდნენ ყოველთამართლმადიდებელთა სამი კრების მიერ გრიგორიანული კალენდრის დაგმობაზე. ისინი მოუწოდებდნენ ახალმესტილეებს ტრადიციულ კალენდარზე დასაბრუნებლად საბერძნეთის ეკლესიაში განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით.3 შემდგომ, ხელისუფლების მითითებებს დამორჩილებული მრავალი მღვდელმსახურიც კი სასტიკად აკრიტიკებდა კალენდრის შეცვლას.

1925 წ. 14 სექტემბერს (ტრადიციული საეკლესიო კალენდრის მიხედვით) ჯვართამაღლების დღესასწაულზე ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა სულიერი ძალა მიიღეს ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადებით წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის თავზე. ეს ეკლესია მდებარეობს ათენის შემოგარენში ჰიმეტოსის მთაზე. ამ გამოცხადების მოწმეა 2000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ის პოლიციელები, რომლებიც გაგზავნეს ღამისთევის ლოცვის ჩასაშლელად და მღვდლის დასაპატიმრებლად. სასწაულებრივმა გამოცხადებამ აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა ყველა იქ მყოფზე და მორწმუნეებმა (მათ შორის ახლადმოქცეულმა პოლიციელებმაც) უჩვეულო სულიერი აღმაფრენით გააგრძელეს ღვთისმსახურება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.4

ამ სასწაულის შესახსენებლად და გამოსაცხადებლად ტრადიციულად მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა შემდეგი უწყება გამოაქვეყნეს შესაბამისი ილუსტრაციით:

სასწაულებრივი გამოცხადება ცაზე – ხილვა პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი 1925 წ. 13-დან 14 სექტემბრის ღამეს (ძვ. სტილით) ათენის შემოგარენში მდებარე წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის თავზე. თვითმხილველებისა და უამრავი პოლიციელის სარწმუნო ცნობებზე დაყრდნობით მართლმადიდებელთა გაერთიანების უწყება:

“მართლმადიდებელთა გაერთიანება” – ორგანიზაცია, რომელიც მისდევს ძველ საეკლესიო კალენდარს და ურყევად ჰგიებს ამ აღმსარებლობაში, რადგანაც ანტიკანონიკურად მიიჩნევს გრიგორიანული კალენდრის შემოღებას, – დღეს 14 სექტემბერს, ტრადიციული საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ზეიმობდა ჯვართამაღლებას. დღესასწაულზე 9 საათისათვის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის ეზოში, სადაც ღამისთევის ლოცვა მიმდინარეობდა, შეიკრიბა გაერთიანების 2000-ზე მეტი წევრი. ბუნებრივია, მორწმუნეთა ეს შეკრება პოლიციას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ისინი 11 საათისათვის მოვიდნენ მსახურების თვალყურისსადევნებლად და როგორც თვითონ ამტკიცებდნენ, “წესრიგის დასამყარებლად”.

თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი გამოჩენის თავდაპირველი მისია, მათი მოსვლიდან რამდენიმე წუთში ყოველგვარ ადამიანურ ძალაუფლებაზე აღმატებულ მიზეზთა გამო ისინი უნებურად მორწმუნეთა რიგებს მიემატნენ, რომელნიც იმდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ ეკლესიის ეზო ძლივს იტევდა. დაახლოებით 11:30 წთ. პირდაპირ ეკლესიის თავზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გამოჩნდა კაშკაშა თეთრი ჯვარი. მისი შუქი მხოლოდ ეკლესიას და მსახურებაში მონაწილე მორწმუნეთა დასს ეცემოდა. ჯვრის ბრწყინვალებამ სრულიად დათრგუნა ვარსკვლავთა ციმციმი. იგი თითქოსდა მიშვერილი ელექტროპროჟექტორივით აშუქებდა ეკლესიას. ზეციური ჯვრის ჰორიზონტალური ძელი მარჯვნივ გადახრილიყო, ჯვრის ქვედა ნაწილშიც ჰორიზონტალური ძელი იხილვებოდა. ეს ზეციური ხილვა ნახევარ საათს გრძელდებოდა და შემდეგ თანდათანობით გაფერმკრთალდა. სიტყვით არ ითქმის, რა მოჰყვა ჯვრის გამოცხადებას. ყველა იქ მყოფი მუხლებზე დაეცა, ტიროდა და “ერთითა პირითა და ერთითა გულითა” გალობდა და განადიდებდა უფალს. პოლიციელებს დაავიწყდათ თავიანთი მოსვლის მიზანი და გულის სიღრმეში სიყრმისეული რწმენა გაეღვიძათ. მთელი ეს ადგილი მიწიერზე ამაღლებულ სხვა სამყაროს ნაწილად იქცა. ყველა ენითუთქმელსა და წმინდა მღელვარებას შეეპყრო, ყველა ტიროდა. ღამისთევის ლოცვა გრძელდებოდა და სადღაც დილის 4 საათისთვის დასრულდა. ამის შემდეგ ხალხის ნაკადი ქალაქს მიაწყდა და წინაღამით ნანახი ძრწოლისმომგვრელი სასწაულის ხილვის ამბავი მიმოფანტა ყოველგან.

შესაძლოა, ზოგიერთმა არც დაიჯეროს და ეჭვი შეიტანოს მომხდარის უტყუარობაში. ბრძნად თავისწარმომჩინებელი ადამიანები შესაძლოა ამ ფენომენის ახსნას ილუზიით ეცადონ, ანდა სხვა გამოგონილი არგუმენტებით აარიდონ თავი ამ ფაქტის აღიარებას. მაგრამ მსჯელობის ეს ორივე ხერხი გაცამტვერდება თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ეს არ იყო წამიერი კაშკაშა ხილვა, არამედ ნახევარ საათზე მეტხანს განუწყვეტლივ ხილული მოვლენა. იგი 2000 ადამიანს გამოეცხადა და გააოცა. საბედნიეროდ, მათ შორის, ვინც ეს ზეციური ბრწყინვალე ჯვარი იხილა და კეთილმოშიშებით განიმსჭვალა, პოლიციელებიც იყვნენ. ამიტომაც ეკლესიაც და სახელმწიფოც მოვალეთა ოფიციალურ დონეზე შეისწავლოს და შეამოწმოს ეს მოვლენა.

ამასთანავე, ჩვენ გვწამს, რომ ძველი სტილით ჯვართამაღლების დღესასწაულზე ზეციური ჯვრის გამოცხადება ღვთის მიერ ძველი კალენდრის მიმდევართა სწორი სარწმუნოების სიმართლის დასტურია, და ასევე გაფრთხილებაა ყველა იმათთათვის, ვინც დღეს იმგვარად აწყობს საეკლესიო საქმეებს, რომ გრიგორიანული კალენდრის ცალმხრივი შემოღების ანტიკანონიკური დადგენილებების გადასხვაფერება შეძლონ, რადგან სწორედ ამ დადგენილებებით გამოაკლეს მათ თავიანთი თავი მართლმადიდებელთა დიდ ნაწილს.

ხელმოწერილია: “მართლმადიდებელთა გაერთიანების” საბჭო და სამდივნო. პერიკლეს გენტურისი,

მდივანი კონსტანტინე ბერლისი, ანდრია ვაპორიდისი, ალექსანდრე სიმონიდისი, იოანე სიდერისი, კონსტანტინე კოსტიაფტროპულოსი, ჰალამპროს მაკროიანისი.

1925 წ. მიტროპოლიტმა ქრისტეფორე ლეონტოპოლიელმა, რომელიც 1939 წ. ალექსანდრიის პატრიარქი გახდა, გამოაქვეყნა დაწვრილებითი გამოკვლევა – “კალენდარული საკითხები” (“ჰემეროლოგიკა”). ამ ნაშრომში მიტროპოლიტი ქრისტეფორე არაორაზროვნად გმობდა კალენდრის შეცვალებას:

“მათ, ვინც დღევანდელ დღეს კადნიერად შეცვალეს კალენდარი, უეჭველია მთელი სერიოზულობით არ გაუაზრებიათ (საეკლესიო კრებათა განჩინებანი და ანათემანი) და ვითომცდა ასტრონომია მოიდეს მიზეზად, ყურადღება არ მიაქციეს უძველეს ტრადიციასა და ეკლესიის სულს და თუმცა, თავად საეკლესიო საკითხების შესწავლით არიან დაკავებულნი, ეს მეცნიერება მხოლოდ იმაში გამოადგათ, რომ თავიანთი ყოვლისმომცველი განმაახლებლური სულისკვეთება დაეფარათ”. 

მიტროპოლიტი გერმანე დიმიტრიადოსი ეწინააღმდეგებოდა ახალი კალენდრის შემოტანას და თავის ეპარქიაში მისი შემოღების უფლებას არ აძლევდა 1928 წლამდე, როცა საბერძნეთის ხელისუფლების ძლიერი ზეწოლის ქვეშ გატყდა და დათმო. 1933 წ. ოქტომბერში მიტროპოლიტებმა: ბასილი დრაინოპოლელმა, გერმანე დიმიტრიადოსმა, ირინეოს კასანდრიელმა და ბასილი დრამელმა საბერძნეთის ეკლესიის ახალმესტილე სინოდს მიმართეს განცხადებით, რომელშიც მოუწოდებდნენ ტრადიციულ კალენდარზე დასაბრუნებლად. და როგორი იყო ახალმესტილე ეპისკოპოსთა უმრავლესობის პასუხი? – ისინი განკვეთით დაემუქრნენ ოთხივე იერარქს.6

მიუხედავად იმისა, რომ ახალმესტილე ეკლესიის 11 ეპისკოპოსი გულითადად თანადგომობდა და ეხმარებოდა ჭეშმარიტ-მართლმადიდებელთა გმირულ აღმსარებლობას, მათ უმრავლესობას მაინც ეშინოდა დევნულე-ბისა და სახელმწიფო დოტაციის დაკარგვისა.7 თუმცაღა 1935 წ. მაისში მიტროპოლიტებმა გერმანე დიმიტრიადოსმა, ქრიზოსტომოს ფლორინელმა და ქრიზოსტომოს ზაკინფუმ (რომელიც პირველმა ორმა ქიროტესიით მიიღო, რადგანაც იგი კალენდრის რეფორმის შემდეგ იქნა ხელდასმული) როდესაც დაინახეს, რომ სინოდი მათ მიმართვებს ყურად არ იღებს, განაცხადეს, რომ ამიერიდან ისინი სამოძღვრო მზრუნველობას იღებენ ტრადიციულად მართლმადიდებელ ქრისტიანებზე და აყალიბებენ საბერძნეთის ჭეშმარიტ-მართლმადიდებელთა ეკლესიის სინოდს.

1935 წ. 13 მაისს 25000 მორწმუნის თანდასწრებით მიტროპოლიტებმა გერმანე დიმიტრიადოსმა, ქრიზოსტომოს ფლორინელმა და ქრიზოსიტომოს ზაკინფუმ საბერძნეთის ჭეშ. მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ ეპისკოპოსს დაასხეს ხელი – ეპისკოპოს გერმანე კიკლადელს. შემდეგ დღეებში კი აღასრულეს ქიროტონიები ქრისტეფორე მეგარელისა, პოლიკარპე დიავლინელისა და მათესი, როგორც ბრესთენიის ვიკარი (მმართველი) ეპისკოპოსისა. შვიდივე ეპისკოპოსმა გერმანე დიმიტრიადოსი აღიარა პირველიერარქად. მიტროპოლიტი გერმანე ქიროტონიით ყველაზე უფროსი იყო ბერძენ ეპისკოპოსებში. ოფიციალური ეკლესიის არქიეპისკოპოსის – ქრიზოსტომოს პაპანდოპულოსის შემდგომ კი მიტროპოლიტი ქრიზოსტომოს ფლორინელი იყო ერთ-ერთი ყველაზე სწავლული და პატივსაცემი იერარქი.

საეპისკოპოსო ქიროტონიების აღსრულებიდან ორი დღის შემდეგ სამმა უფროსმა იერარქმა სახელმწიფო ეკლესიას შემდეგი დოკუმენტით მიმართა:

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს

“საბერძნეთის (ახალმესტილე) იერარქიისათვის ცნობილია, რომ თავიდანვე ოპოზიციაში ვედექით თქვენს მოსაზრებებს საეკლესიო კალენდრის სამოქალაქო (ახალ) კალენდართან გათანასწორების შესახებ. და თუმცა თავიდან ჩვენც დავემორჩილეთ იერარქთა უმრავლესობის ნებას და ჩვენს ეპარქიებში ახალი სტილი შემოვიტანეთ, ამას მხოლოდ ორი მიზეზით ვიქმოდით: პირველ ყოვლისა, გვინდოდა თავიდან აგვეცილებინა საეკლესიო განხეთქილების შედეგები და მეორე, ვიმედოვნებდით, რომ იერარქია მორწმუნეთა განყოფის თავიდან ასაცილებლად თავისი კეთილი ნებით დაუბრუნდებოდა დღესასწაულთა აღნიშვნის უძველეს საეკლესიო კალენდარს, დაუბრუნდებოდა იმ მორწმუნეთა სიყვარულის გამო, რომელთათვისაც მაცხოვარმა სიკვდილი დაითმინა, თუნდაც ეს საქციელი იერარქიას თავისი პატივის შელახვად დასჯდომოდა. 

თუმცა, ახლა უკვე ათი წლის შემდეგ, დავინახეთ, რომ ერთი მხრივ, განყოფა თავიდან მაინც ვერ ავიცილეთ, მოსახდენი უჩვენოდაც მოხდა, – წარმოიშვა ბერძენ მართლმადიდებელთა მრავალრიცხოვანი გაერთიანებები, რომლებმაც თავიანთი წმინდა მოშურნეობით უერთგულეს წმინდა მამათა მიერ გადმოცემულ სადღესასწაულო ლიტურგიკულ კალენდარს, ხოლო მეორე მხრივ, ნათელია, რომ იერარქია არც კი აპირებს ძველ მართლმადიდებლურ კალენდარზე დაბრუნებას, ამიტომაც, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ის მიზეზები, რომლის გამოც ახალ კალენდარს მივსდევდით – საეკლესიო იკონომიის მიზეზები – უკვე აღარ არსებობს.

ამიტომაც, ჩვენი სინდისის ხმის ბრძანებისამებრ და საეკლესიო კალენდრისა და მართლმადიდებელი გარდამოცემის საფუძველზე ბერძენ მართლმადიდებელ ქრისტიანთა გაერთიანების სურვილით ჩვენ მმართველ სინოდს ვამცნობთ:

რადგანაც საბერძნეთის მმართველმა იერარქიამ თავისი პირველ-იერარქის, მისი უნეტარესობის (ქრიზოსტომოს პაპანდოპულოსის) გავლენითა და შემოთავაზებით ცალმხრივად და უკანონოდ შემოიტანა ეკლესიაში გრიგორიანული კალენდარი შვიდ წმიდა მსოფლიო კრებათა განჩინებებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ტრადიციის საწინააღმდეგოდ;

რადგანაც საბერძნეთის მმართველმა იერარქიამ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების თანხმობის გარეშე ჩვენს ღვთისმსახურებაში გრიგორიანული კალენდრის შემოტანით დაარღვია მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო ერთიანობა საეკლესიო დღესასწაულთა აღნიშვნაში და ქრისტიანები კალენდართან მიმართებაში ორ მტრულ ბანაკად გაყო;

რადგანაც საბერძნეთის მმართველმა იერარქიამ ახალი კალენდრის შემოტანით არაფრად ჩააგდო საეკლესიო წეს-ჩვეულებების შესახებ დაწერილი წმინდა კანონები, განსაკუთრებით კი წმ. მოციქულთა მარხვა, რომელიც ზოგჯერ საერთოდ უქმდება (როგორც მაგ. ამ წელს).

რადგანაც საბერძნეთის მმართველი იერარქია, იმისდამიუხედავად რომ ჯიუტად ამტკიცებს, აღდგომის კანონი არ შეგვიცვლია და აღდგომას ძველი სტილით ვდღესასწაულობთო, მაინც ვერ აცდა ცალმხრივად ამ კანონის დარღვევას, როცა საკვირაო სახარების კითხვათა, მარხვათა და სხვა საეკლესიო მსახურებათა წლიური ციკლის კალენდარი შეცვალა, რომელიც პირველ მსოფლიო კრების მიერ დადგენილ ამ კანონთან განუყრელადაა დაკავშირებული.

რადგანაც საბერძნეთის მმართველმა იერარქიამ გრიგორიანული კალენდრის ცალმხრივი და ანტიკანონიკური შემოტანით ნაწილებად გახლიჩა ის ერთიანობა, რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია იცავდა თავის ღვთისმსახურებაში დღესასწაულთა აღნიშვნასთან დაკავშირებით, და ამით ქრისტიანები კალენდრის გამო დაპირისპირებულ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პარტიად გაყო და ირიბად დაარღვია მრწამსის სწავლება “ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის” შესახებ;

რადგანაც, საბოლოოდ, ყველა ზემოთჩამოთვლილ მიზეზთა გამო საბერძნეთის მმართველმა იერარქიამ წმინდა კანონების მიხედვით თავისი თავი განაშორა მართლმადიდებლობის მთლიან სხეულს და პოტენციურადაც და არსობრივადაც (კატა უსიან) თავისი თავი სქიზმატურად გამოაცხადა კანონიკური სამართლის ექსპერტების კომისიის, ღვთისმეტყველთა და უნივერსიტეტის პროფესორთა განსაზღვრების თანახმად, რომელთაც თავის დროზე დავალებული ჰქონდათ კალენდარული საკითხის შესწავლა (კომისიის ერთ-ერთი წევრი მისი უნეტარესობა – ათენის მთავარეპისკოპოსიც გახლდათ, რომელიც იმ დროს ჩვენი ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი იყო).

ამის მიხედვით, მმართველი სინოდისათვის ზემოთხსენებული საპროტესტო წერილის მიწოდებით ვაცხადებთ, რომ ამიერიდან ვწყვეტთ ყოველნაირ ურთიერთობას და საეკლესიო ერთიანობას (საბერძნეთის ახალმესტილე იერარქიასთან), რადგანაც იგი ვერ შეელია კალენდარულ რეფორმას. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ სულიერ წინამძღოლობასა და საეკლესიო მოძღვრობას წმინდამამებისეული იულიანური კალენდრის ერთგულ ბერძენ მოსახლეობაზე. ამით ჩვენს მმართველ იერარქიას ყურადღებას ვამახვილებინებთ იმ საკითხზე და გულითად იმედს ვიტოვებთ, რომ იგი გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც მას გააჩნია ღვთის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და იმ ხალხის წინაშე, რომელიც ორ მტრულ რელიგიურ პარტიად გახლიჩა, გადახედავს თავის განჩინებებს და თავისივე კეთილი ნებით აღადგენს ეკლესიაში ტარდიციულ კალენდარს, მაშინ, როდესაც ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს ახალი კალენდრის გამოყენებას 1923 წ. სამეფო დეკრეტის მიხედვით. ამგვარად უწესრიგობას ბოლო მოეღება და აღსდგება საეკლესიო მშვიდობა.

ძმურად ამბორ-გიყოფთ.

ათენი. 1935 წ. 15 მაისი. გერმანე დიმიტრიადოსი, ქრიზოსტომოს ფლორინელი, ქრიზოსტომოს ზაკინფუ.”

ამ სამმა ეპისკოპოსმა მეორე განცხადებით მიმართა ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს:

“პაპისტური კალენდარი წარმოადგენს ცრუ სწავლების სიახლეს, რადგანაც ის ეწინააღმდეგება საეკლესიო “სჯულისკანონის” კანონებს და “ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის” შესახებ სწავლებასაც კი, რადგანაც ამ ეკლესიის ერთიანობა ძველმესტილეებად და ახალმესტილეებად გახლიჩა… საბერძნეთის ოფიციალური ეკლესია ამჟამად გამოყოფილია წმიდა მამათა და შვიდ მსოფლიო კრებათა ეკლესიის სხეულისაგან და განხეთქილებაში იმყოფება. წმინდა ბასილი დიდის პირველი კანონის მიხედვით9 მან დაკარგა მადლი და მოკვდა. რადგანაც მადლმოსილება აღარ გააჩნია, ეს ეკლესია უკვე გამოეცალა ეკლესიის მთლიან სხეულს და განაგდო უძველეს წმიდანთა ღვაწლი, რომლებიც ამდენი საუკუნის განმავლობაში დაუმახინჯებლად იცავდნენ სარწმუნოებას”.10

ტრადიციონალისტთა სინოდის ეპისკოპოსთა ქმედებებმა და განცხადებებმა საშინელი მძვინვარება გამოიწვია ოფიციალური ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა რიგებში. ამის შედეგად ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დააპატიმრა 7 ეპისკოპოსი ოფიციალური ეკლესიის ხელშეწყობით და 1935 წ. ივნისში საეკლესიო სასამართლოზე გაიყვანა. მათ ბრალად ედებოდათ “უკანონო შეკრებათა” ორგანიზაციით განხეთქილებისა და უწესრიგობის შემოტანა და “ლეგალური” და “კანონიერი” ეკლესიის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა.

ეს სასამართლო ათენის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა – სასამართლოს მსვლელობისას ტაძრის წინა მოედანზე ჩუმად მოგროვდა უამრავი ხალხი 40 მღვდლისა და 60 ბერ-მონაზვნის თანხლებით და ღვთისმშობლის საგალობლის გალობა დაიწყო. ამ მშვიდ თავყრილობას თავს დაესხა პოლიცია და სახანძრო შლანგებითა და ხელკეტებით დაარბია. 100 ადამიანზე მეტი დაიჭრა (მათ შორის მომავალი არქიეპისკოპოსი ავქსენტიც).

1935 წ. 15 ივნისს გამოქვეყნდა სასამართლოს განაჩენი: სამი ეპისკოპოსი – გერმანე დიმიტრიადოსი, ქრიზოსტომოს ფლორინელი და გერმანე კიკლადელი გადაასახლეს. დაპატიმრებული მათე ბრესთენელი ავადმყოფობის გამო თავისივე მონასტერში გაუშვეს. ქრიზოსტომოს ზაკინფუმ, პოლიკარპე დიავლინელმა და ქრისტეფორე მეგარელმა თავისი ძველი შეხედულებანი უარყვეს და ოფიციალურ ეკლესიას დაუბრუნდნენ.

გადასახლებაში წასვლამდე იერარქებმა თავიანთ სამწყსოს მიმართეს ბოლო სამოძღვრო მრგვლივმოსავლელი ეპისტოლეთი. რადგანაც ახალმესტილეებმა განხეთქილების შეწყვეტაზე უარი თქვეს და არამადლმოსილად ცნეს ჭეშმარიტ-მართლმადიდებელ ქრისტიანთა ეკლესიის წმინდა საიდუმლოებანი (თუმცა ამავე დროს არამართლმადიდებელთა საიდუმლოებებისა და ქიროტონიების ცნობა არ ეძნლებოდათ), ჭეშმარიტად-მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გამოაქვეყნა თავისი სამოძღვრო ეპისტოლე, რომელშიც ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალმესტილე სახელმწიფო ეკლესია განხეთქილების მომქმედია და მათმა საიდუმლოებებმა დაკარგეს სულიწმინდის მადლი. ამით მათ მხოლოდ ის დაადასტურეს, რასაც თავად ქრიზოსტომოს პაპანდოპულოსი ამტკიცებდა ერთი წლით ადრე, სანამ არქიეპისკოპოსი გახდებოდა და კალენდარს შეცვლიდა. 11

აი, ტრადიციულ მართლმადიდებელთა წმინდა სინოდის სამოძღვრო ეპისტოლეს ტექსტი:

სამოძღვრო მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე მართლმადიდებელ ბერძენ ხალხს 12

სქიზმატურმა სინოდმა უკანონოდ განგვდევნა ჩვენივე კათედრებიდან და მონასტრებში დაგვაპატიმრა ხელისუფლების ძალით (რომელიც იმ ახალმესტილე არქიეპისკოპიის დამსჯელ ხელად იქცა, თავისი თავი ღვთაებრივ კანონებზე, საეკლესიო წესდებულებებსა და საბერძნეთის კონსტიტუციაზე მაღლა რომ დაუყენებია), რადგანაც ჩვენ გვეყო ვაჟკაცობა და სულიერი ძალა მართლმადიდებლობის დიდებული წმინდა დროშა აგვეფრიალებინა, ჩვენს მოძღვრულ ვალად მიგვაჩნია განშორებამდე მოგმართოთ ჩვენ მამა-პაპათა მართლმადიდებლური კალენდრის მიმდევარნო:

ერთგულად მისდიეთ მოციქულთა მიერ უწყებულ სიტყვებს: “სდექით მტკიცედ და დაიცავით გარდამოცემა, რომელიც ისწავლეთ სიტყვათა და წერილით…” ნუ შეწყვეტთ მოღვაწეობას ყოველგვარი კანონიერი და ქრისტიანული საშუალებით ჩვენი წმინდა ბრძოლის განსამტკიცებლად და წარმატებით დასაგვირგვინებლად. ეს ბრძოლა ეკლესიაში წმიდამამებისეული მართლმადიდებლური სადღესასწაულო კალენდრის აღდგენას ესწრაფვის. მხოლოდ ასე შეიძლება აღდგეს საბერძნეთის ეკლესიის შერყეული მართლმადიდებლური ავტორიტეტი და ბერძენ მართლმადიდებელ ხალხს მშვიდობა და ერთიანობა დაუბრუნდეს.

ღვთაებრივი ხელით დასჯილმა საბერძნეთის ეკლესიის იერარქიის უმრავლესობამ მისი პირველიერარქის გავლენითა და ინიციატივით განხეთქილების ლაქით შებილწა ამ ეკლესიის ადრინდელი სუფთა და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური სახე, როდესაც უარყო მართლმადიდებლური სადღესასწაულო კალენდარი – კურთხეული შვიდი მსოფლიო კარებით და განმტკიცებული აღმოსავლეთის ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკით – და ის პაპის კალენდრით შეცვალა.

რა თქმა უნდა, ეს განხეთქილება მართლმადიდებელ ბერძენ ხალხში იერარქთა უმრავლესობის კისერზეა, რომელთაც დაივიწყეს თავიანთი საღვთო და საერო მისია და ძველი ბერძნული ლოზუნგი: “იბრძოლე მართლმადიდებლობისათვის და საბერძნეთის თავისუფლებისათვის”, მათ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების თანხმობის გარეშე შემოიტანეს ჩვენს ღვთისმსახურებაში პაპის სადღესასწაულო კალენდარი, და ამგვარად გახლიჩეს არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიები, არამედ მართლმადიდებელი ქრისტიანებიც ორ მტრულ ბანაკად გაყვეს.

ჩვენი მამებისეული მართლმადიდებელი სადღესასწაულო კალენდრის მიმდევარ მორწმუნეებზე მოძღვრული მზრუნველობის აღებით და სარწმუნოების იმ ფიცის სრული შეგნებით, რომელშიც შევფიცეთ მსოფლიო კრებათა გარდამოცემულის უცვლელად დამარხვა, ვგმობთ ყოველგვარ სიახლის შემოტანას და არ ძალგვიძს სქიზმატურად არ გამოვაცხადოთ ოფიციალური ეკლესია, რომელმაც მიიღო პაპისტური სადღესასწაულო კალენდარი – ყოველთამართლმადიდებელთა კრებების მიერ შეფასებული, როგორც მწვალებელთა სიახლე და საეკლესიო გარდამოცემათა ღვთაებრივი და წმინდა კანონების დესპოტური გათელვა.

ამის საფუძველზე მართლმადიდებლური სადღესასწაულო კალენდრის ყველა მიმდევარს ვურჩევთ, არ იქონიონ სულიერი კავშირი განხეთქილების მომქმედ (სქიზმატურ) ეკლესიასთან და მის სქიზმატიკოს მსახურებთან, რომელთაგან განეშორა საღმრთო მადლი, რადგანაც ისინი არაფრად აგდებენ მშვიდი მსოფლიო კრებისა და ყველა საერთო მართლმადიდებლური კრების განჩინებებს, რომლებმაც გრიგორიანული კალენდარი დაგმეს. ის ფაქტი, რომ სქიზმატური ეკლესია უმადლოა, მტკიცდება წმ. ბასილი დიდის სიტყვებით: “მართალია, განხეთქილების მომქმედთ სწავლებაში არ შეუცოდავთ, მაგრამ რადგანაც ქრისტე ეკლესიის სხეულის თავია მოციქულის ბრძანებისამებრ, და ყოველი ნაწილი მისით სულდგმულობს და იღებს სულიერ ზრდას, ამ სხეულის წმინდა ნაწილთა ერთიანობას გამოგლეჯილს უკვე აღარ გააჩნია სულიწმინდის მადლი, და როგორღა გადასცემენ სხვებს იმას, რაც თვითონ აღარ მოეპოვებათ!”

იმ დროს, როდესაც სქიზმატური ეკლესია დამთრგუნველი და ულმობელი ღონისძიებებით ცდილობს ჩვენი მართლმადიდებლური სინდისის შებღალვას, მოგიწოდებთ, დაითმინოთ ყოველივე და მართლმადიდებლური მემკვიდრეობა შეუბღალავად და უმწიკვლოდ შეინახოთ, ისევე, როგორც ჩვენი კეთილმსახური მამებისაგან მიგვიღია. გასამხნევებლად ჩვენი მაგალითი გქონდეთ – უყურეთ, არ გვეშინია, ჩვენი ხანდაზმული ასაკისდა მიუხედავად, მამაცურად და ღირსეულად დავუდგეთ წინ ფანატიკურ შუასაუკუნეობრივ დამჯელ მეთოდებს – გვდევნიან, გვასახლებენ და გვატუსაღებენ მონასტრებში, როგორც ციხეებში.

პატივად, დიდებად და სიხარულად გვიჩნს ამგვარი დევნულება მოციქულის სწავლებისამებრ, როცა გვაუწყებს, რომ გვიხაროდეს და მხიარულ ვიყვნეთ, როცა ქრისტესთვის ტანჯვას დავითმენთ. გირჩევთ, თქვენც გამოიჩინოთ სიმტკიცე და გამძლეობა ჭირსა და მწუხარებაში, უძლურებასა და შეურაცხყოფაში. მოგიწოდებთ, მუდამ ღმერთს სასოებდეთ, იგი არასდროს დაუშვებს თქვენზე იმაზე მეტ განსცდელს, რომლის დათმენაც არ ძალგიძთ. იგი თავისი უსაზღვრო და მიუწვდომელი მოთმინებით ინებებს თვალი აუხილოს მათ, ვინც გულუბრყვილობით მისდევს პაპის კალენდარს. დაე უფალმა მოგმადლოთ საბოლოოდ მართლმადიდებლობის ზეიმი და ერთიანობა ქრისტიანის სახელის მატარებელ ბერძენ ხალხს, რომლისათვისაც ვმოშურნეობთ ქრისტეს სადიდებლად. უფლის მადლი და უსაზღვრო წყალობა იყოს თქვენთან. ამინ.

21 ივნ. 1935 წ.

გერმანე დიმიტრიადოსი, ქრიზოსტომოს ფლორინელი, გერმანე კიკლადელი.

მოგვიანებით, 1935 წელს, პრემიერ-მინისტრი გახდა გიორგი კონდილისი. მან პოლიტიკურად უხერხულად მიიჩნია რელიგიური დევნულება (ამაშიც თავისი ირონია ჟღერდა)13 და ოთხივე ეპისკოპოსი გაათავისუფლეს და ათენში დაბრუნების ნება მისცეს. ახლა მიტროპოლიტებმა – გერმანე დიმიტრიადოსმა, ქრიზორსტომოს ფლორინელმა და მათე ბრესთენელმა შექმნეს საბერძნეთის ჭეშმარიტ-მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი სინოდი.

განმარტებანი:

1. გ. ლარდასი. მითით. ნაშრ. იხ. ასევე “მამა ნიკლას პლანასი, უბრალო სამწყსოს უბრალო მწყემსი”. “Papa Nicolas Planas, the simple Shephard of the Simple Sheep”, მონაზონი მართა, ბოსტონი, 1981, გვ. 101-102.

2. იხ. Т- დამატება

3. გ. ლარდასი, მითით. ნაშრ. გვ. 19.

4. “მამა ნიკოლას პლანასი”. მითით. ნაშრ. გვ. 113-119.

5. “კალენდარული საკითხები” – მიტროპოლიტი ქრისტეფორე ლეონტოპოდელი. 1925 წ. გვ. 8 (ბერძნ. ენაზე).

6. “მემორანდუმი”, მიტროპოლიტი ქრიზოსტომოს ფლორინელი, 1945 წ. გვ. 23 (ბერძნ. ენაზე).

7. ამ 11 ეპისკოპოსთა სახელებია: იაკობ მიტილენელი, გერმანე დიმიტრიადოსი, ანტონი პატრელი, გრიგოლ ქალკედონელი, ათანასე სიროელი, აგათანგელოზ ფერელი, ბასილი დრაინოპოლელი, ირინეოს კასანდრიელი. ქრიზოსტომოს ფლორინელი, ბასილი დრამელი, სოფრონ ელეფთეროპოლელი.

8. “მემორანდუმი”. მიტრ. ქრიზოსტომოს ფლორინელი. მითით. გვ. 27-29.

9. იხ. დამატება L.

10. “ჭეშმარიტ-მართმადიდებელთა სხვადასხვა იურისდიქციებად გაყოფის მიზეზები და საფუძვლები” – მღვდელმონაზონი ამფილოქე ტამპურასი, ლარისა, 1975, გვ. 8-9 (ბერძნ. ენაზე).

11. არქიმანდრიტი ქრიზოსტომოს პაპანდოპულოსი რელიგიის დეპარტამენტის კომიტეტისადმი მიწერილ სტატიაში 1923 წ. 16 იანვარს წერდა: “არცერთ ავტოკეფალურ ეკლესიას არ ძალუძს გამოეყოს სხვებს და მიიღოს ახალი კალენდარი, ისე რომ განხეთქილების მომქმედი არ შეიქნას სხვათა თვალში”.

12. “ტაპატრია” (ტრადიციები). ტ. I, N 1, 1976, გვ. 20-23.

13. ირონია იმ ფაქტიდან მომდინარეობს, რომ როდესაც ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადება იხილეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის თავზე 13-დან 14 სექტემბრის ღამეს 1925 წ., მაშინ სწორედ გიორგი კონდილისმა (რომელიც მაშინ ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი გახლდათ) გაგზავნა პოლიცია მამა იოანე ფლოროსის დასაპატიმრებლად, რომელიც ღამისთევის ლოცვას ატარებდა ჯვრის ბრწყინვალე გამოცხადების ჟამს.

2 Responses to “ბერძენ მამულიშვილთა წინააღმდეგობის მოძრაობა”

  1. გიორგი Says:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: