ჭეშმარიტი მწყემსი

როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი მოძღვარი და მისი მეუღლე

martlmadidebeli mozgvari_1

„ჭეშმარიტი მწყემსი ისაა, ვისაც ძალუძს დაღუპული სიტყვიერი ცხვრების დასჯა და გამოსწორება თავისი გულმოდგინებით, გულკეთილობითა და ლოცვით“. (წმ. იოანე სინელი)

წმინდა პავლე მოციქულის სამოძღვრო ეპისტოლეთა მიხედვით წარმოგვიდგება საკვირველი ხატი მართლმადიდებელი მოძღვრისა ყველა მისი მაღალი ზნეობრივი თვისებებით. უდავოდ, თვით წმ. პავლე მოციქულს, როცა თავის სამოძღვრო ეპისტოლეებს ტიმოთესა და ტიტეს სწერდა, თავის წინაშე ედგა ხატი მწყემსმთავარი იესო ქრისტესი.

სამოძღვრო ეპისტოლეებში მოციქული გვაძლევს ცხად მითითებას, თუ როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს მღვდლად ხელდასასხმელს. „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყვის“ (1 ტიმ. 3:1). მაგრამ ზოგიერთ მოძღვარს ამ სამღვდელო ხარისხის მიღება მხოლოდ ერთი გარეგანი მოტივებით სურს. უკეთუ მღვდლად ხელდასასხმელს ემახსოვრება სიტყვები გრიგოლ დიოლოღოსისა, რომ მოძღვრობა (მწყემსობა) არა იოლი, არამედ ჯვრისა და მოწამეობის გზაა, მაშინ ქრისტეს ეკლესიაში მისი მოღვაწეობა ნაყოფიერი იქნება. სული ასეთი მოძღვრისა მუდმივად ამაღლდება ხორცზე, ხოლო ეს იმის დამადასტურებელი იქნება, რომ იგი ღმერთში ცხოვრობს.

მაინც როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს სამღვდელოდ მოწოდებულს? უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სახარებაში მაღალი სამოძღვრო მსახურების მხოლოდ ძირითად საწყისებზე მიგვითითა. უფრო დაწვრილებით იგი გახსნილია წმ. მოციქულთა სწავლებებში, ხოლო განსაკუთრებით პავლე მოციქულის სამოძღვრო ეპისტოლეებში. ამ ეპისტოლეებს სამოძღვრო ეწოდება როგორც თავისი შინაარსის, ისე იმ პირთა წოდების მიხედვით, რომლებმაც ისინი დაწერეს; ისინი განკუთვნილი იყო მოძღვრებისათვის და ამიტომ მათში დაწვრილებით არის გადმოცემული დარიგებანი სამოძღვრო მსახურების თაობაზე. პავლე მოციქულის სხვა ეპისტოლეებში უპირატესად გადმოცემულია დოგმატური და ზნეობრივი ქრისტიანული სწავლება, ამ საგნებზე სამოძღვრო ეპისტოლეებში ცოტა რამ არ არის ნათქვამი, მაგრამ მხოლოდ იმ მხრივ, მოძღვარმა თუ როგორ უნდა ასწავლოს სამწყსოს, ან დაკვირვების სახით, თუ როგორ სრულდება სამოძღვრო მოვალეობანი. პავლე მოციქული ეპისკოპოსისა და ხუცესის ზნეობრივ თვისებებს ერთად გადმოსცემს (1 ტიმ. 3:1-7), დიაკვნისას კი – ცალკე (იქვე. მუხლი 8-13).
მოციქულის მიხედვით, ვისაც მოძღვრება სურს, მას კეთილი საქმის კეთება უნდა უნდოდეს.

სურვილი აქ უნდა გავიგოთ როგორც შინაგანი მოწოდება მღვდლობისაკენ. ქრისტეს ეკლესიაში წინამძღოლობა მოძღვრისგან ბევრს შრომას მოითხოვს, მას მრავალ მოთხოვნას უყენებს, მძიმე ვალდებულებებს აკისრებს, საშინელი პასუხისმკგებლობით ემუქრება. იგი, მოციქულის გამოთქმით, არის საქმე საკუთრივ ამ სიტყვის მნიშვნელობით, საქმე მრავალძნელოვანი, რთული, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო. აი, რატომ არ შეუძლია მისი შესრულება იმას, ვინც მასთან გულგრილად მიდის. მოძღვრობა, მოციქულის სიტყვებით, კეთილი საქმეა, როგორც ღმრთისა და კაცთათვის უმაღლესი მსახურება, როგორც რიგი ღვაწლისა და შრომისა უმაღლესი კაცობრივი იდეისათვის ბრძოლაში.

წმინდა მოციქული ეპისკოპოსის ხარისხის მატარებელ ადამიანს შემდეგნაირად ახაისთებს: „ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ“ (1 ტიმ. 3:2-3).
განვიხილოთ ტექსტუალურად აღნიშნული მუხლები და გავარკვიოთ, რას გულისხმობს ამა თუ იმ სიტყვაში წმინდა მოციქული პავლე.
„ერთის ცოლის ქმარ“. ამ სიტყვებით მღვდლისათვის მეორე ქორწინება აკრძალულია. ეკლესიის მიერ ერისკაცთათვის მეორე (და მესამე) ქორწინება დაშვებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მხოლოდ შემწყნარებელია ადამიანური სისუსტისაადმი და ასეთ ქორწინებას შეცოდებადაც კი მიიჩნევს, ამიტომ ამ წესის შესრულების დროს ლოცვებიც იმდენად არის აღბეჭდილი ლოცვა-კურთხევით, რამდენადაც სინანულის გრძნობით.

მოძღვარი „ფრთხილი“, ანუ ფხიზელი და მღვიძარე უნდა იყოს. აქ სიფხიზლეში უმთავრესად უნდა ვიგულისხმოთ სულიერი სიფხიზლე. განუწყვეტელი მღვიძარება მოძღვრისა თავისი თავისა და იმათ გამო, რომელნიც მას, როგორც მცველს ისრაელის სახლისა, ჰყავს მიბარებული, და რაც თავის თავზე და თავის სამწყსოზე დაუძინებელ მზრუნველობას ნიშნავს. იგი უნდა იყოს, შენიშნავს წმინდა იოანე ოქროპირი, „ფხიზელი, ე.ი. თვალგამჭრიახი, ყოველ მხარეს მრავალი თვალი უნდა ჰქონდეს, გააჩნდეს მახვილი მზერა, არასდროს დახუჭოს თვალი გონებისა. იგი უნდა მღვიძარებდეს და ცხოვრობდეს სულით და სუნთქავდეს ხორცით. წმინდა თეოფილაქტე ასევე განმარტავს, რომ „იყო ფხიზელი ნიშნავს მღვიძარებდე და წინდაწინ შეგეძლოს იმის განჭვრეტა, რაც არის გასაკეთებელი“.

„წმინდა“. ისევ საუბარია სიწმიდეზე არა იმ აზრით, როგორც ამ სიტყვას ჩვეულებრივ იყენებენ, არამედ მოძღვრის საღ გონებასა და კეთილგონიერებაზე მის სამოძღვრო მოვალეობათა შესრულების საქმეში. გავიხსენოთ წმ. ამბროსი მედიოლანელთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა მან სამღვდელო დასში არ მიიღო ერთი ადამიანი, რადგან სხეულს მოურიდებლად ამოძრავებდა, ხოლო მეორე იმიტომ, რომ ამაყად სიარულს იყო დაჩვეული. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ორივე ეს ადამიანი ცხოვრებაში უღირსად მოიქცა და ეკლესიასაც განუდგა.

„შემკულ“. ეს სიტყვა აღნიშნავს ყოველმხრივ, განსაკუთრერბით კი გარეგნულად, დამშვენებულსა და კეთილმოწყობილს. ამრიგად, მღვდელმა გარეგნობითაც და შესამოსლითაც, მიმართვისა თუ მიღების დროს და ა.შ. უნდა დაიცვას წესიერება, მართებულობა, დარბაისლობა და ჩინებულება; ეს თვისებები უნდა გამოხატავდნენ მისი სულის შინაგან შინაარსს; მათი დაცვა მღვდელს მარტო იმისთვისაც მოეთხოვება, რომ ადამიანები მიჩვეულნი არიან პირველ რიგში ყურადღება გარეგნობას მიაქციონ, რამდენადაც დაკვირვებისთვის ეს ყველაზე ადვილია, და გარეგნობის მიხედვით შინაგანზე გააკეთონ თავიანთი დასკვნები და არცთუ უსაფუძვლოდ.

მღვდელი მოყვასთა და თავისი თავის მიმართ პატიოსანი უნდა იყოს და თავის ცხოვრებას ყველაფერში მღვდლის მაღალი მოწოდების შესაბამისად წარმართავდეს. ამ თვისების წყალობით, მღვდელი სწორედ პატიოსნად მოეკიდება თავის წოდებასაცა და თავის სამწყსოსაც, და არც გარეგნობაში დაუშვებს რაიმე ისეთს, რაც მის მაღალ ხარისხს შეურაცხჰყოფდა და მისი საქმის პატიოსნად შესრულებისთვის არ იქნებოდა შესაფერისი.

„სტუმართ მოყუარე“. სტუმართმოყვარეობას, როგორც კეთილმსახურ მოგზაურთათვის დასვენების, საჭმლისა და სასმლის შეთავაზებას, რასაც უპირატესი მდგომარეობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, პავლე მოციქული ყველა ეკლესიას მუდმივად მცნებად უდებდა. ამ მიზნით საერთო უცხოთსადგურებიც კი ეწყობოდა, რომლებზეც ზრუნვა უმთავრესად ეპისკოპოსებსა და ხუცესებს ჰქონდათ დაკისრებული. მაგრამ მოძღვარმა ეს მნიშვნელოვანი საქმე ხალისით რომ შეასრულოს, მას თვით უნდა ჰქონდეს მიდრეკილება სტუმართმოყვარეობისა და
უცხოთშემწყნარებლობისკენ.

მისი ეს თვისება თავისთავად მოწმობს მოყვასისადმი სიყვარულზე, რომელიც ასე აუცილებელია მისთვის სწორედ როგორც მოძღვრისათვის. აქვე შეიძლება დავინახოთ საერთოდ მცნება გასაჭირში მყოფი ქრისტესმიერი ძმების შეწევნაზე. „ხუცესი, – ნათქვამია „მოვალეობათა“ წიგნში, – არა მხოლოდ სტუმართა მოყვარული უნდა იყოს, არამედ ყველასი, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდება, ხოლო განსაკუთრებით გლახაკებსა და მწოლიარე ავადმყოფებს უნდა შველოდეს, ობლებისათვის სარჩოს შოულობდეს, ქვრივებსა და დაჩაგრულებს ესარჩლებოდეს, უდანაშაულოთათვის შუამდგომლობდეს“.

„უკეთუ, – გრძელდება იმავე წიგნში, – უქონელი მღვდლები იმ სიქველეს არა მხოლოდ შეუძლებლად მიიჩნევენ, არამედ თვითონ ითხოვენ მოწყალებას, მაშინ ასეთ ვითარებაში უნდა მიხედონ მოციქულებს, რომელნიც, შრომობდნენ არა საკუთარი ხელით, გლახაკებსაც არ ივიწყებდნენ (გალ, 2:10) და უძლურებსაც შეიწყნარებდნენ (საქმე, 20:35).

„სწავლულ“. მასწავლებლობა, როგორც ეს თვით იესო ქრისტესა და მოციქულების მაგალითიდან და სწავლებიდან ჩანს, ქრისტიანი მოძღვრის უპირველესი მოვალეობაა. აქაც მოციქული მასზე მიუთითებს. წმ. მღვდელმთავარ თეოფანეს სიტყვით: „სიტყვა „სწავლულ“ იმას გამოხატავს, რომ ეპისკოპოსი იმდენად სავსე უნდა იყოს სწავლულობით, რომ ნებისმიერ მომენტში სწავლება მის ბაგეთაგან მდინარედ მოედინებოდეს“. ეს შემდეგ დაწერა კიდეც მოციქულმა მეორე ეპისტოლეში: „ქადაგე სუტყუაჲ, ზედა ადეგ ჟამით-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა“ (2 ტიმ, 4:2). მაგრამ მღვდელი მასწავლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ თავისი ცხოვრების მაგალითითაც. იგი, „მოვალეობათა“ წიგნის მიხედვით, „ჭეშმარიტი სიწმინდით ისე დიდებულად უნდა ცხოვრობდეს, რომ, როგორც ხმამაღალმა საყვირმა, ყველაში ღმრთის შიშის, მოკრძალების და ქრისტიანული უბიწო ცხოვრებისადმი მიბაძვის აღძვრა და წახალისება შეძლოს“.

პავლე მოციქული იძლევა მითითებებს ინდივიდუალური სამოძღვრო სახელმძღვანელოების თაობაზე, თუ როგორ, ვის და რას უნდა ასწავლიდეს: „მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა“ (1 ტიმ, 5:1). იგი აგრეთვე საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა ხელმძღვანელობდეს მოძღვარი ახალგაზრდა ქალებსა და მონებს (ტიტე, თავი 2). მოძღვარი, მოციქულის სიტყვით, საჭიროა, „შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყვის-მგებელთა მათ მამხილებელ“ (ტიტე, 1:9). მაგრამ ამასთან საჭიროა თავის არიდება ზედმეტი უსარგებლო დავისაგან, რომელიც მხოლოდ გაღიზიანებასა და მრისხანებას იწვევს.

„არა მეღჳნე“ (არა მემთვრალე, არა ლოთი). აქ ლოთობაში უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ ლოთობა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არამედ საერთოდ რომელიც გნებავთ გადაჭარბება ღვინის დალევისას. თუ ეს ბიწიერება შეუწყნარებელია ყოველი ქრისტიანისთვის (ლკ, 21:34; 1 კორ, 6:10; გალ, 5:21), მით უმეტეს შეუფერებელია იგი ეკლესიის მოძღვრისთვის. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის მღვდლების მიმართ ითქვა: „ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსუათ შენ და ძეთა შენთა, რაჟამს შეხჳდოდით კარავსა მას საწამებელისასა, ანუ თუ წარსდგებოდით წინაშე საკურთხეველსა და არა მოსწყდეთ: შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა“ (ლევ, 10:9).

ახალ აღთქმაში თვით უფალი ამბობს: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი“ (ლკ, 21:34), – დღე მოულოდნელი სიკვდილისა, რომელიც ადამიანს ლოთობაში მიუსწრებს. მაშინ იგი დაიღუპება საუკუნოდ, რადგან ლოთები სხვა მოუნანიებელ ცოდვილებთან ერთად ღმრთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ (1 კორ, 6:10; გალ, 5:21). ლოთობაში – ამ სასიკვდილო ცოდვაში – იბადება სხვა სასიკვდილო ცოდვა – მრუშობა, ანუ სიბილწე (ეფ, 5:18). მოციქულთა 42-ე კანონის მიხედვით: „ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი შუებათა და მთვრალობათა შექცეულ იყოს, ანუ დასცხერინ, ანუ განიკუეთენ“.

ლოთობა, – ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, – ერისკაცისთვის მძიმე ცოდვაა, ხოლო სამღვდელო პირისათვის – მკრეხელობა“.
„არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ“. ამ თვისებათა მიხედვით, მღვდელს არა მხოლოდ ანგარებისმოყვარეობა, არამედ უმთავრესად უსამართლო მომხვეჭელობა, ანუ პირადი გამორჩენისთვის არასწორი, არაკანონიერი და საძაგელი ხერხების გამოყენება ეკრძალება. „უკეთუ ეპისკოპოსისთვის ყოველგვარი მომხვეჭელობა, თუნდაც სამართლიანი, სამარცხვინოა“, რადგან ეს მოწმობს ასეთი პირის სოფლის სიყვარულზე, მაშინ, მით უმეტეს, როცა ამ ცოდვას უსამართლობასაც ამატებს, რას უნდა მოელოდეს იგი, ვისაც სხვათა ზეცაში აყვანა მოეთხოვება. ასე, მაგალითად, მოძღრისთვის შეუფერებელია:

ა) მექრთამეობა, მევახშეობა, ანუ ფულის გაცემა არაკანონიერი პროცენტული სარგებლით;

ბ) სასყიდლის შეთანხმება მღვდელმოქმედებისთვის ან საფასურის გამოძალვა მისი შესრულებისთვის, სამარცხვინო ვაჭრობა მრევლის წევრებთან. მართალია, მღვდელს აქვს უფლება თავის სამწყსოში სულიერი დათესოს და მათით ხორციელი მოიმკოს (1 კორ, 9: 7,11,12), მაგრამ მან ამ უფლებით ნებაყოფლობითი შემოწირულობით უნდა ისარგებლოს, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს მათ, რომელთათვისაც იგი არის მამა (1 თეს, 2:7), და კეთილი საქმით უნდა დაკმაყოფილდეს;

გ) გაყიდვა სიმართლისა, როცა სარგებლის მიზნით მოძღვარი რაიმე არაკანონიერებას სჩადის, მაგალითად, არაკანონიერად სწერს ჯვარს;

დ) საქმიანობა, რომელიც წამოწყებულია ანგარების მიზნით და შეუფერებელია ღმრთისმსახურის წოდებისათვის.

„ულალველ“. პირველ რიგში აქ სიტყვაში „ლალვა“, რასაკვირველია, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება (ცემა, გარტყმა) უნდა ვიგულისხმოთ, რაც უხეში ბუნების მქონე, ან ფხუკიან და ნაკლებად თავდაჭერილ ადამიანებს ახასიათებთ, მაგრამ ერთიცა და მეორეც არ სჩვევია მოძღვარს, რომელმაც, როგორც ღმრთის მსახურმა, შეურაცხჰყოფის შემთხვევაშიც კი მწყემსმთავრის მაგალითს უნდა მიხედოს, „რომელი-იგი ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა“ (1 პეტ, 2:23). მაგრამ სამართლიან მრისხანებას მოძღვარი უნდა იჩენდეს ერესების, უკეთურების და ზღვარდაუდებელი გმობის წინააღმდეგ, როგორც ეს უფალმაც მოიმოქმედა იერუსალიმში ტაძრად.

მოძღვარს არც დავა, ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, განსაკუთრებით კი გარჩევები არ უნდა უყვარდეს. ყოველივე ეს უჩვეულოა საერთოდ ქრისტიანისთვის, რომელიც ვალდებულია იყოს „მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად“ (იაკ, 1:19).

„მყუდრო“ (წყნარი, მშვიდი). ამ სიტყვის რაობა საწინააღმდეგოა ცნებისა – ლალვა. მყუდროება, ოქროპირის განმარტებით, ნიშნავს „საერთოდ შეურაცხყოფის მოთმინებას“. ყოველგვარი პირადი წყენინებისა და უსიამოვნების დროს მოძღვარმა სულის სიმშვიდე უცვლელად უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ არ უნდა დაითმინოს ღვთის აშკარა გინება და შეურაცხყოფა. იგი თბილი და გულღია იყოს. მყუდროება სრულიადაც არ გამორიცხავს სიმკაცრესა და მრისხანე მხილებას კაცობრივი ცდომილებებისა, როგორც ამას მწყემსმთავრისა და მოციქულების მაგალითი გვიჩვენებს (მთ, 11:19-20). ასევე მოძღვარს უფლება აქვს, თავისი ღირსება კანონიერი უფლებებით დაიცვას, და განსაკუთრებით ღირსება სამღვდელო წოდებისა; ამის მაგალითი იგივე პავლე მოციქულია (საქმე, 22:25; 1 კორ, 9:15).

„ვერცხლის უყუარულ“. ეს თვისება ენათესავება მოთხოვნებს – „არა ანგაჰრ“ და „არა საძაგელის შემძინელ“, სწორედ იგი უდევს საფუძვლად ამ უკანასკნელ ბიწიერებებს: ვინც ვერცხლისმოყვარე არ არის, იგი არც ანგარებისმოყვარეა და არც ხარბი, „რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვერცხლისმოყვარებაჲ“ (1 ტიმ, 6:10). ამ გამოთქმით მღვდელს არ მოეთხოვება, რომ იგი სრულიად უვერცხლო იყოს, ცხოვრების საშუალება მასაც სჭირდება და ფული მასაც შეუძლია ჰქონდეს (თუნდაც იმისთვის, რომ გაჭირვებულებს დაეხმაროს და საკუთარი საჭიროებანი მოკრძალებულად ქრისტესმიერად უზრუნველჰყოს), მაგრამ ვერცხლის მომხვეჭელობა არ უნდა შეიყვაროს და თავისი საქმიანობის მიზნად არ უნდა დაისახოს.

„ნუ ახალნერგ, რაითა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (მუხლი 6). მოციქული კრძალავს მოძღვრის ხარისხში აყვანას ახალმოქცეული და ახლახან ნათელღებული პირებისა, იმ მოტივით, რომ ასეთი სწრაფი ამაღლების დროს მოძღვარი შეიძლება განლაღდეს (გაამაყდეს, გაამპარტავნდეს) და იგივე სასჯელი მოიწიოს, რაც ამპარტავნებისთვის ეშმაკს მიეწია.

„ჯერ-არს მისა, რაითა წამებაიცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან, რაითა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრთხესა ეშმაკისასა“ (მუხლი 7). ეპისკოპოსი ურწმუნოთა და არაქრისტიანთა შორისაც პატივისცემით უნდა სარგებლობდეს. ეს არის მოთხოვნა, რომელსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის არსებობის პირვანდელ ხანაში, როცა მოძღვრის კეთილ ქცევას შეეძლო ძლიერი გავლენა მოეხდინა ეკლესიის მატებაზე – უსჯულოთა მოქცევაზე.

შემდგომ (მუხლი 8-13) მოციქული ეპისკოპოსთა მოვალეობებიდან დიაკვნობაზე გადადის. „დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღვინოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ“ (მუხლი VIII). იგივე თვისებები, რომლებიც მოეთხოვებათ ეპისკოპოსებსა და ხუცესებს, მოეთხოვებათ დიაკვნებსაც. მოციქული ყველას არ ჩამოთვლის, არამედ მაგალითისთვის მხოლოდ ზოგიერთზე მიუთითებს: ასე მაგალითად, დიაკონი უნდა იყოს წმიდა (ანუ პატიოსანი), არა ღვინის მოყვარული, არა საძაგელის შემძინელი (მუხლი 3).

აქვე შეიძლება დავინახოთ აკრძალვა იმ ქმედებისაც, როცა კაცი ერთს ფიქრობს, ხოლო სრულიად სხვა რამეს ამბობს. მოციქულმა ისეთ თვისებებზე მიუთითა, რომელთაც განსაკუთრებული კავშირი აქვთ ადამიანის სინდისთან. რადგან უწმინდურობა, ორპირობა, ღვინის სმა და ანგარება აზიანებენ ადამიანის სინდისს და მას უგრძნობელად ჰყოფენ. ამიტომ, არქონა სინდისისა ჭეშმარიტი სარწმუნოების უქონლობაზე მოწმობს. ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა მოციქულმა: „აქუმსცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა“ (სინდისითა) (მუხლი 9).

დიაკვნებმა, წრფელი და მართალი სარწმუნოების ქონების გარდა, პატიოსნადაც უნდა იცხოვრონ; როგორც გარეგანი ქცევით, ისე შინაგანი გრძნობითა და განწყობილებით უზადონი უნდა იყვნენ: მათ წრფელ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას თან უნდა სდევდეს და ავლენდეს კეთილი საქმეები.

„და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდეთ, უბრალომცა არიან“ (მუხლი 10). პირები, რომელთაც ასეთი თვისებები აქვთ, წინასწარ უნდა გამოიცადნონ იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს თვისებები ნამდვილად გააჩნიათ, ხოლო უკვე ამის შემდეგ, აღმოჩნდებიან რა ამ გამოცდის შედეგად ყოველმხრივ უნაკლონი, დადგინდნენ დიაკვნებად.

აი, კიდევ ახალი პირობა სამღვდელო ხარისხის მიღებისა, რომელიც მოციქულის მთელი სიტყვის მდინარებას თან მოჰყვებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ნამდვილი საშუალება ამგვარი გამოცდისა არის აღსარება საკურთხებელი პირისა სულიერი მამის წინაშე, რომელმაც სინდისიერად უნდა დაუდასტუროს ეპისკოპოსს, რომ ზნეობრივი მდგომარეობა აღმსარებლისა მისი ხელდასხმისთვის კანონიკურ ბარიერს არ წარმოადგენს. ეს აღსარება უნდა იყოს სრული – აღიარებული უნდა იქნეს ყველა ცოდვა, როგორიც არ უნდა იყოს ის და რა დროსაც არ უნდა იყოს ჩადენილი.

„რამეთუ რომელნი კეთილად დიაკონებდენ, პატივი თავთა თვისთა კეთილი მოუგონ და მრავალი განცხადებულებაი სარწმუნოებითა ქრისტე იესუისითა“ (მუხლი 13). მოციქული დიაკვნებს ამხნევებს, რომ მათი მოვალეობების სათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ისინი კეთილი შედეგების ღირსნი შეიქნებიან. ეს გარეგნულად ეპისკოპოსისა და ხუცესის უმაღლესი იერარქიული ხარისხის მოპოვებას ნიშნავს, ხოლო შინაგანად – დიდ შემართებას წინაშე ღმრთისა მისადმი რწმენის ძალით, რომლის შედეგადაც გახდება იგი ღირსი სწორედ უმაღლესი ხარისხისა, რათა მხოლოდ მღვდელმოქმედებებსა და ლოცვებს კი არ ემსახუროს, არამედ თვითვე მღვდელმოქმედებდეს და შემართებით აღიტაცოს ლოცვები უფალთან მართალთათვის.

ეს არის ჩვეულებრივი გზა, განსაკუთრებით ძველი ამაღლებისა, საეკლესიო-იერარქიული კიბის საფეხურებზე. ქვედა ხარისხიდან დაწყებით და თანდათან უმაღლესზე ასვლით; ეს არის, აგრეთვე, მიზეზი, თუ რატომ ითხოვს მოციქული დიაკვნებისგან იმავე თვისებებს, რასაც მოძღვრისგან, თუმცა, ამასთანავე, ეს თვისებები მას სწორედ როგორც დიაკონს შეეფერება.

მღვდელმსახური უნდა იყოს დოგმატების და კანონების მტკიცედ დამცველი. მწვალებლური ბიწი არ უნდა მიეკაროს. უმკაცრესად უნდა ამხელდეს ერესებს და დაიცვას თავისი სამწყსო ერეტიკულ ცდომათაგან.

მღვდლის ცოლი

რაც შეეხება ასევე ერთ მნიშვნელოვან თემას. მოძღვრის ცოლი ყოველმხრივ ღვთის მცნებების აღმსრულებელი ქალი უნდა იყოს და თავისი თვისებებით ქმრის თვისებებს უახლოვდებოდეს მარტო იმ ზნეობრივი ზეგავლენითაც კი, რომელიც, მოციქულის მიხედვით, მოძღვრის ოჯახს მრევლის ყველა წევრზე უნდა ჰქონდეს. რაიმე არასჯულისმიერი მოქმედებით დაუშვებელია რომ იგი დაბრკოლებად იქცეს თავისი მეუღლის სამწყსო ფარისთვის.

უკვე აღარ ვამბობთ იმაზე, რომ ასეთი ცოლი ბუნებრივი და ყველაზე უკეთესი დამხმარე ხდება მოძღვარი ქმრისა მრავალი მიმართულებით (მეურნეობაში, ბავშვების აღზრდაში, მრევლის გაჭირვებულსა და ავადმყოფ წევრებზე მზრუნველობაში), და ამასთანავე იგი შეიქმნება ყველაზე ახლობელი და ამოუწურავი წყარო იმ ზნეობრივი მხარდაჭერისა და ნუგეშისთვის, რომელიც შეუძლებელია, არ სჭირდებოდეს მღვდელს, რომლის გზაც ყოველთვის ვარდებით არ არის მოფენილი და რომელზეც ეკლები უფრო მეტად ხარობენ, რომლისთვისაც უბრალო თანაგრძნობით ნათქვამი ერთი კეთილი, ალერსიანი სიტყვა დიდი გამამხნევებელი და დამამშვიდებელი ძალის მქონეა.

ამგვარად, მღვდლის ცოლსაც იგივე თვისებები უნდა ჰქონდეს, რასაც მოციქული მღვდელმსახურებისგან ითხოვს, როგორიცაა: გარეგნული თუ შინაგანი ზნეობრივი სიწმინდე და პატიოსნება, არაცილისმწამებლობა (აქ განსაკუთრებით სცოდავენ ქალები), სიფხიზლე, ქმრის საქმისადმი ერთგულება, სახარებისეულ მცნებათა დაცვა, მისი გარეგნობა ბეჭედი უნდა იყოს სიწმინდისა და კეთილმსახურებისა, რის შედეგადაც მისი ნდობა ყველაფერში იქნება შესაძლებელი.

მღვდლის ცოლიც მღვდელივით „ჭეშმარიტი სიწმინდით ისე დიდებულად უნდა ცხოვრობდეს, რომ, როგორც ხმამაღალმა საყვირმა, ყველაში ღმრთის შიშის, მოკრძალების და ქრისტიანული უბიწო ცხოვრებისადმი მიბაძვის აღძვრა და წახალისება შეძლოს“.

და ბოლოს: თუკი მოძღვრად ხელდასასხმელი თავისი ოჯახით წმინდა მოციქულის მიერ ჩამოთვლილ ყველა თვისებას არ შეითვისებს, მაშინ იგი ჭეშარიტი მოძღვარი ვერასოდეს გახდება.

მართლმადიდებლური კატეხიზმო

wm_giorgis makhvili_R

2 Responses to “ჭეშმარიტი მწყემსი”

  1. Gelasi Aroshvili Says:

    da me ratom migzavnit? chkuis saswavleblad,rame,rom ar shemeshalos?:))

    • ლომისა Says:

      მშვიდობა! პირადად თქვენთვის არაფერი არ გამომიგზავნია. ყოველ შემთხვევაში ამ საიტიდან თქვენთვის სპეციალურად არაფერი არ გამოგზავნილა. პირველად მიიღეთ „დიდგორიდან“ წერილი?.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: