ეკუმენიზმი – ანტიქრისტეს რელიგია

”ეკლესიის ისტორიაში არა ერთი შემთხვევა ყოფილა ოდეს რჯულისაგან განდგომილნი და მწვალებელნი პატრიარქნი, ეპისკოპოსნი და ღვთის ცხებულნი ყოფილან”

ekumenizmi-antiqristes religia

ოდეს ამასოფელს შეთვისებული, გაამსოფლიურებული ეკლესია სახარებისეულ კანონებს წუთისოფლის კანონებს ამჯობინებს, მასაც ამ სოფელსავით უფლისმიერი აღთქმული განყოფა ელის.

განყოფა ღმერთის სიტყვით, რომელი ცეცხლოვანი მახვილით ჰკვეთს სიცრუეს ჭეშმარიტებისაგან, მაგრამ შიში ამ მახვილისა მხოლოდ ისეთ კაცს შეიძლება გააჩნდეს, რომელსაც ღვთისმიერი შიში აქვს მომადლებული, და მხოლოდ ამ შიშს ღვთისას შეუძლია დაიცვას იგი განთიშვისაგან.

ქრისტიანებს რომ დუმილი ერჩიათ და ძლიერთა ამასოფლისათა, წარმმართთა და კერპთაყვანისმცემელთა წინაშე შიში ცრუმორჩილების ნიღაბქვეშ დაემალათ, არ იარსებებდა მაშინ დასი წმინდა მღვდელმოწამეთა, მოწამეთა და აღმსარებელთა, რომელთა სისხლი საფუძველია ეკლესიისა, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან ვიცით, უფალი ელის და სათნო-ყოფს მწვალებლობათა და სჯულგანდგომილებათა მხილებას ეკლესიის წიაღში.

ფილადელფიის ეკლესიას უფალი ეშმაკის საკრებულოზე ძლევას აღუთქვამს, რადგანაც მან დაიცვა სიმტკიცე და ერთგულება მისი. ეკლესიას, რომ დუმილი ერჩია და უარი ეთქვა ბოროტების მხილებაზე, კარგა ხანია ჯოჯოხეთი შთანთქავდა მას და სწორედ იმიტომაც დგას იგი (ეკლესია) უფლის აღთქმისაებრ, ასე მტკიცედ და შეურყევლად, რომ თავად უფალი მოუწოდებს თვის მოწაფეებს ჯოჯოხეთის მსახურთა წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, რათა დაიცვან ჭეშმარიტება და თავადვე აძლევს მათ ძალას ამ ძალებზე გასამარჯვებლად.

ბოროტების მხილება ეკლესიის წიაღში და მის გარეთ ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია, რაც არა მხოლოდ უფლება გახლავთ მისი, არამედ ღვთივკურთხეული მოვალეობაც, რაც თავის მხრივ დამამტკიცებელი საბუთია ქრისტეს ერთგულებისა.

და ვინც უარს ამბობს ”ცრუჭეშმარიტების”, ანტიჭეშმარიტების მხილებაზე, ის ისეთნაირადვე აგებს პასუხს ღვთის წინაშე, როგორადაც ისინი, ვისგანაც მოდის ეს სიცრუე და ბოროტება, რამეთუ ყველანი ერთი ცეცხლით დაიწვებიან: ”ხოლო მოშიშთა, ურწმუნოთა და ცოდვილთა და ყოველთა მტყუვართა ნაწილი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელი არს სიკვდილის იგი მეორე” (გამოცხადება 21,8)

ნებისმიერი ცრუსწავლება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის ერისკაცისგან თუ პატრიარქისგან, მღვდლისაგან თუ ეპისკოპოსისაგან, ცრუსწავლება, რომელიც უარს ამბობს ქრისტესთვის დევნილობაზე და განარიდებს მას, – უარყოფს უფალი იესო ქრისტეს აღთქმას მკვდრეთით აღდგომაზე, რამეთუ ეკლესიის წმინდა სწავლება შეუძლებელია ჯვრის და აღდგომის გარეშე.

”აჰა ესერა ჯვარმან მოსცეს სოფელს სიხარული” – ასე გალობს ეკლესია.

აღმსარებლობა განსაკუთრებული მოვლენაა, განსაკუთრებული ცხოვრებაა ქრისტეში. იგია მოწმობა სულ სხვა ცხოვრების არსებობისა, იგია მოწმობა მკვდრეთით აღდგომისა და აუცილებლობას წარმოადგენს ამასოფლის მკვიდრთათვის, რამეთუ აღმსარებელი მოწმობს აღდგომას უფლისას და სიკვდილზე გამარჯვებას. აღმსარებლობა ღვაწლია წუთისოფელში, რომელსაც არ სურს ირწმუნოს, რომ უცილობლად იძლევა სიკვდილი.

სოფლისმპყრობელი სატანა კაცობრიობის ისტორიას ნებისმიერ პერიოდში სთავაზობდა და ქვეყნის აღსასრულამდე შესთავაზებს ამ სოფლის მკვიდრთ საკუთარ ”ქრისტიანობას”. როგორც ვიცით, სწორედ ამ სწავლებაზე განმტკიცდება ანტიქრისტე. სატანა ადამიანებს შთააგონებს აზრს განახლების აუცილებლობაზე (მოდერნიზმი, ეკუმენიზმი), რათა კაცობრიობა ნებისმიერი ხერხებით ეცადოს ”თანამედროვე” უკეთესი ”ქრისტიანობის”, თანამედროვე ახალი რელიგიის შენებას…

ეკლესიის ისტორიაში არა ერთი შემთხვევა ყოფილა ოდეს რჯულისაგან განდგომილნი და მწვალებელნი პატრიარქნი, ეპისკოპოსნი და ღვთის ცხებულნი ყოფილან.

ქრისტეს უკომპრომისო მსახურების დიდი მაგალითი გვიჩვენა წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა. წმ. მაქსიმემ არა მხოლოდ პატრიარქისა და ეპისკოპოსთა სიცრუე დაგმო, მან დაგმო და უარყო სჯულგანდგომილი ადგილობრივი საეკლესიო კრებები: ”ყველა ეს კრება (ადგილობრივი საეკლესიო კრებები), რომლებზედაც ცრუსწავლება იქნა დამტკიცებული მეფის ბრძანებით იქნა მოწვეული, თუმცაღა ყველა დაგმობილია და ანათემას არის გადაცემული, რადგანაც მათზე შემუშავებულ იქნა უღმერთო და ღვთისაწინააღმდეგო სწავლებები”.

წმინდა მაქსიმემ კავშირი შეწყვიტა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან და განაცხადა, რომ იმ პირებმა, რომელთაც მართალი რწმენა უარყვეს და თავიანთ კრებებზე მწვალებლური და რჯულგანდგომილი დადგენილებები მიიღეს ”მრავალჯერ განიკვეთეს თავი თვისი ეკლესიისაგან და მხილებულ იქნენ ვითარცა არამართლმორწმუნენი”. ღირს მამას ცილი დასწამეს: ”მეფის მტრად” და ”სახელმწიფო დამნაშავედ” გამოაცხადეს.

დევნილობა მუდამ ”ლანძღვა-ყვედრებასთან, ცილიწამებასთან, გმობასთან და სიძულვილთან არის დაკავშირებული, უფალი ასე განმარტავს დევნილობის მნიშვნელობას: ”ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის” (მათე 5,11)

ცნობილი საეკლესიო მწერალი მიხეილ ნოვოსელოვი, რომელიც, როგორც ჩანს, მოწამეობრივად აღესრულა სტალინური ტერორის დროს (იხ. კრ. ”იმედი”, გამოშვება 10. გვ. 155), თავის “წერილებში ახლობლებისადმი” ვრცლად განიხილავს საეკლესიო ცხოვრების პრობლემებს, დღესაც რომ არ კარგავს აქტუალობას:

”ნუ შეგვაცბუნებს ღალატი მრავალთა მღვდელმოძღვართა და იერარქთა, ვითარცა მოულოდნელი რამ, რამეთუ ეს სულაც არ გახლავთ სიახლე ღვთის ეკლესიაში, ნუ გაგვაკვირვებს, რომ ხშირად უბრალო ბერები და ერისკაცები მღვდელმთავრებზე უფრო მეტ საღვთო მოშურნეობას და სიბრძნეს ავლენენ. როგორც წმ. ილარიუს პიკტავიელი ამბობს ”ხალხის ყური იერარქთა გულებზე უფრო წმინდა აღმოჩნდება”.

არა მხოლოდ იერარქების მიერ განმტკიცდებოდა და განმტკიცდება სიმტკიცე ეკლესიისა, არა მხოლოდ იერარქთა და სწავლულ ღვთისმეტყველთა მიერ დაიცვება სული ჭეშმარიტებისა, რომელი ეკლესიის სახელოვან პირმშოთა ზედა განისვენებს, არამედ რიგითი უბრალო მორწმუნეთა მეშვეობითაც.

საუკუნეთა განმავლობაში ინახავს ეკლესია თავის ზეციურ საგანძურს, რომელსაც იმ ადამიანთა საშუალებით იცავს, რომელთა სახელებიც სიცოცხლის წიგნშია შთაწერილი, და არა სიგელებსა და სამეცნიერო დიპლომებში, რადგან ეკლესიის ჭეშმარიტი თვითშეგნება იერარქიულობისა და სწავლულობის გზით კი არ ვალს, არამედ სიწმინდის გზით.

და არასოდეს, იოტითაც არ შეირყევა მეუფება შეურყვნელი…

რამეთუ დაფარულია ეკლესია ღვთის მიერ ერთგულ სულთა სამალავებში, რომელთა გამო არის რომ ჯერ კიდევ სდგას სოფელი ესე და ჯერაც არ მოუსრავს ცეცხლს ყოვლისმომსვრელს.

შეფარულია ეკლესია ერთგულთა გულის მიმალულ უდაბნოებში და ვერ ხელყოფს მას ბნელი წყვდიადი, რაგინდ ბოროტად არ იქუფრებოდეს და რაგინდ ძლერად არ ცდილობდეს მათ დამონებას, ვისაც სურს მონობა ქრისტესი.

ზ. ა. კრახმალნიკოვა წიგნიდან ”საამური ტყვეობის ნაყოფი”

Ересь экумменизма в действии общие молитвы патриархов с католиками

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

wm_giorgis makhvili_R

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: