მოიწია ჟამი!

„მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ“

 

jvarcma

ეკლესია ლიტურგიაზე წაკითხულ სახარებაში ჩვენს ყურადღებას სთავაზობს იესო ქრისტეს საპირველმღვდელმთავრო ლოცვას და კერძოდ მის იმ ნაწილს, სადაც იგი მოციქულებისათვისლოცულობს – თავისი საქმის განმგრძობთათვის, რომელთა მემკვიდრეებად ქრისტიანულ ეკლესიაში მწყემსები და მოძღვრები გვევლინებიან.

ეს ლოცვა საპირველმღვდელმთავროდ იმისთვის იწოდება, რომ იესო ქრისტე მასში ლოცულობს საკუთარი თავისთვის (მუხლები 1–3), თავისი მოციქულებისათვის (მუხლები 6–19) და თავისი ეკლესიისათვის (მუხლები 20–26) და საკუთარ თავს სამსხვერპლო სიკვდილისათვის მიუძღვანებს.

ხოლო პირველმღვდელმთავრის მოვალეობაც ღმერთისადმი ლოცვების აღვლენასა და კურთხევაში, მიძღვნაში მდგომარეობს. უფალი ხმამაღლა, მოციქულების გასაგონად წარმოთქვამს ამ ლოცვას მათი აღმაღლებისა და ნუგეშის ცემისათვის. ამ ლოცვის აზრები იმდენად მარტივი და ცხადია, რომ მათი გაგება გაუჭირვებლად შეიძლება; მაგრამ მიუხედავად თავიანთი სიცხადისა, ისინი იმდენად ღრმანი არიან, რომ დაკვირვებულ განხილვას საჭიროებენ, თუმცა მათი სრული მოცვა და ამოწურვა შეუძლებელიცაა.

მახარებელს საზეიმოდ შევყავართ უფალ იესოს ლოცვაში სიტყვებით:

„ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა“ (მუხლი 1).

ცხადია, რომ ამ ლოცვამ უღრმესი შთაბეჭდილება იქონია სიყვარულის მოწაფის სულზე, ისევე, როგორც სხვა მოციქულებზე.

„ამას იტყოდა იესუ“… ეს ლოცვა უფალმა საიდუმლო სერობის დასრულების შემდეგ წარმოთქვა, თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საუბრის დროს, გეთსიმანიის ბაღში აღსრულებული ლოცვითი ღვაწლის წინ.

„აღიხილნა თვალნი თვისი ზეცად“ – ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სწორედ ლოცვა იყო, რადგან თვალების ზეაღხილვა გარეგნული გამოხატულებაა ლოცვითი განწყობისა.

მაშ, რის შესახებ ლოცულობდა უფალი?

„მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ“ (მუხლი 1).

„მოიწია ჟამი!“ – დადგა დრო, განსაზღვრული საღმრთო სიბრძნით, უდიდესი მსხვერპლშეწირვის აღსრულებისა – ღმერთკაცის ჯვარზე ვნებისა და სიკვდილისა. დადგა დრო, როცა შემოქმედმა ღმერთმა, შემოსილმა ადამიანის სხეულითა და სულით, კაცთა მოდგმის ხსნისათვის ინება ამ სხეულითა და სულით ყველა ის საშინელი სხეულებრივი და სულიერი სატანჯველნი მიეღო, რომლებიც კი შეიძლება ადამიანს ეწიოს მისი ყველა ადამიანური გრძნობებით – თანმხლებებით ადამიანის სულიერი და სხეულებრივი ბუნებისა, – ანუ მიეღო ის სატანჯველნი, რომლებსაც სხვებისათვის საკუთარი სიცოცხლის გამღები ადამიანი იწვნევს.

სატანჯველად საკუთარი თავის მიცემის ეს საშინელი ჟამი უფლის მიერ იწოდება ღმერთის ძის განდიდების ჟამადაც, რამეთუ ვითარცა ღმერთისათვის, მისთვის განცხადებული იყო ყველა მომავალი საუკუნე, კაცობრიობის მთელი მომავალი ცხოვრება. მან, როგორც ღმერთმა, წინასწარ უწყის ის დიდებაც, მის ჯვარზე ვნებას რომ დააგვირგვინებს და ადამიანის სულის ის ბედნიერებაც მომავალ თაობებში, რომელიც სყიდულ იქმნა მისი ჯვარზე ვნებით, სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით. ეს დიდება საერთოა, ზიარია მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რამეთუ ერთია ღმერთი მოწყალებისა და სიყვარულისა, მსხვერპლის მიმღებიცა და მსხვერპლის გამღებიც, ის, ვინც სულიწმიდის ნიჭთ მოჰმადლის თავის მორწმუნეებს სახელითა უფლისა იესო ქრისტესი.

„ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (მუხლი 2).

წმიდა იოანე ოქროპირის აზრით, ყოველთა ხორციელთა ხელმწიფება იმაზე მიუთითებს, რომ უფლის სახარების ქადაგება არ შემოიფარგლება ოდენ იუდეველებით და მთელს ქვეყნიერებაზე გავრცელდება, მოიცავს რა სრულიად კაცობრიობას, როგორც ეს სახარებაშია ნათქვამი: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი…“ (მათე 28,19).

მომდევნო სიტყვებში უფლის ლოცვისა მოცემულია სიტყვების – „ცხორებაი საუკუნოი“ – ახსნა-განმარტება:

„და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე“ (მუხლი 3).

მაშასადამე, საუკუნო ცხოვრება, რომელსაც ძე ანიჭებს ყველა ადამიანს, მდგომარეობს ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და იესო ქრისტეს როგორც მსოფლიოს მაცხოვრის, მხსნელის შეცნობაში. რამეთუ ამგვარი შეცნობა შემოქმედი ღმერთისა, მაცხოვრისა, არის არა მხოლოდ საშუალება საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად, არამედ თავადვეა საუკუნო ცხოვრება. იგი აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რწმენით იწყება, ვითარცა პიროვნული დასაბამითა და წყაროთი ღმერთის ყოველგვარი შემეცნებისა, საღმრთო საგნების შეცნობისა, და დასრულდება ოდესმე ღმერთის პირისპირ ჭვრეტით.

„მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო. და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (მუხლები 4-5).

ქრისტემ იმით განადიდა ამქვეყნად თავისი ზეციური მამა, რომ ნებაყოფლობითი მორჩილებით აღასრულა გამოსყიდვის საქმე, რაც მამამ, თავისი მოწყალე სიყვარულის გამო ადამიანთადმი, მას მიანდო. და აი, დგას რა სულ ახლოს თავისი ქვეყნიური მოღვაწეობის საბოლოო მიზანთან, იგი თითქოსდა უკვე აღსრულებულს ხედავს ამ საქმეს („გადიდე შენ“, „საქმე აღვასრულე“), და თითქოს ჯილდოდ მორჩილების ამ მსხვერპლისათვის აწ განდიდებას ითხოვს თავისი ადამიანური ბუნებისაც.

როგორც საუკუნო ძეს ღმრთისა, როგორც უხორცო სიტყვას, ქრისტეს საუკუნითგან ჰქონდა და მარადის აქვს შემოსილი საღმრთო დიდება. მაგრამ როგორც ადამიანმა, ხორციელქმნილმა სიტყუამ, მან დროებით მოაკლო საკუთარ თავს ეს დიდება, „ხატი ღმრთისაი“ (ფილიპ. 2,6), და მიიღო ხატი მონისა. ხოლო როცა გამოსყიდვა აღესრულებოდა, ეს დიდება უნდა დაბრუნებოდა მას მამის მიერ და შეერთებოდა, შესძინვოდა მის ადამიანურ ბუნებას, რათა მსოფლიოს შეეცნო, რომ მამამ სათნო-იყო და შეიწყნარა მისი მსხვერპლი და რათა მას, შემოსილს სრული ძლიერებით ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, საბოლოო ძლევა მიენიჭებინა თავისი საქმისათვის.

„გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს“ (მუხლი 6).

აქ უფრო ზედმიწნევით არის გამოხატული იესო ქრისტეს მოღვაწეობა ადამიანთა შორის, თითქოსდა დამტკიცებად იმისა, რომ მამისაგან მისდა დაკისრებული საქმე აღსრულებულია მის მიერ. იგი ამბობს: „გამოუცხადე სახელი შენი“, ანუ შენივ თავი, ვითარცა წმიდა, მართალი და სახიერი, და ა.შ. „კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისაგან“-ო, ანუ მოწაფეებსა და მოციქულებს, რომელნიც ღმერთმა თავისი მადლით აღირჩია ცოდვილი მსოფლიოდან (შდრ. იოანე 15,19) და ქრისტესთან მოიყვანა. „შენნი იყვნეს, და მე მომცენ იგინი, და სიტყუაი შენი დაუმარხავს“.

იესო ქრისტე ლაპარაკობს როგორც ღმერთკაცი. მას, როგორც ღმერთკაცს, მამამ დაავალა ადამიანთა ხსნა და მისცა მას ადამიანები, რათა იესო ქრისტემ თავისი სწავლებითა და სულიწმიდის ძალით, ღმერთის სიტყვისა და საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით რომ მოქმედებს, ცხოვნებამდე მიიყვანოს ისინი, ცათა მოქალაქეებად აღზარდოს, რათა მათ მონაწილეობა ჰქონდეთ მის საუკუნო დიდებაში მამისა თანა.

„და სიტყუაი შენი დაუმარხავს“, ანუ: ჰრწმენა რა ჩემი, ამით შენი მოძღვრება მიიღეს, რომელიც მე ვაუწყე მათ. როცა ამას ამბობს – შენი სიტყვა, შენი სწავლება დაიმარხესო, ამით უფალი იესო თავისი მოწაფეების სრულყოფილების იმ ზომას წინა-დაუდებს თავის ზეციურ მამას, რისთვისაც მათ ამ დროისათვის მიეღწიათ, სანამ ჯერ კიდევ არ იყვნენ განმტკიცებულნი სულიწმიდის ძალით.

„და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს“ (მუხლი 7).

ანუ: მათ გაიგეს, რომ ჩემი სწავლება – შენი სწავლებაა; რომ ჩემი საქმეები – შენი საქმეებია; რომ შენ წარმომგზავნე მე და მეც ყველაფერში შენს ნებას აღვასრულებ. ხოლო ყოველივე ამის შეცნობას მათ იმით მიაღწიეს, რომ იესომ საღმრთო ჭეშმარიტებანი აუწყა მათ, და მოწაფეებმაც რწმენით მიიღეს მისგან ნაუწყები.

„რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (მუხლი 8).

მაშასადამე, იესოს სიტყვათა რწმენით მოწაფეებმა მიაღწიეს მისი ღვთაებრივი წარმომავლობის ჭეშმარიტ შემეცნებას და მისი საღმრთო წარმოგზავნილობის დაჯერებას. ეს საქებარი მოწმობა იესო ქრისტესი თავისი მოწაფეების რწმენის შესახებ შესავლად ემსახურება თვით ლოცვას მათთვის; და ამას საკუთრივ ლოცვაც მოსდევს:

„მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის“ (მუხლები 9-10).

იესო ქრისტე აქ მხოლოდ და მხოლოდ თავისი მოწაფეებისათვის ლოცულობს, რადგან მათ მის მიერ დაწყებული საქმე უნდა განაგრძონ და მის წარგზავნილებად – მოციქულებად უნდა ემსახურონ კაცობრიობას. ხოლო ამ საქმის აღსასრულებლად მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ზეციური მამის განსაკუთრებული შეწევნა. აქ სიტყვა „სოფლის“ ქვეშ არ შეიძლება ვიგულისხმოთ ყველა ისინი, ვინც მაშინ ურწმუნო იყო; მაცხოვარი ამ სიტყვაში მხოლოდ იმათ გულისხმობს, ვინც ჯიუტად დგას და იდგება მომავალშიც თავის ცოდვაში, თავის ურწმუნოებაში და ამიტომ ვერასდროს ვერ შესძლებს უფალთან მოსვლას, მის შედგომას; ასე, რომ მათთვის ლოცვა ისევე ამაო იქნებოდა, როგორც ლოცვა სოფლისა მთავრისასათვის – ეშმაკისათვის.

იმათთვის კი, ვინც მომავალში ირწმუნებს მას – ქრისტე-მაცხოვარს, უფალი თავად ილოცავს (მუხლი 20, ლუკა 23,34), და ჩვენც დაგვიდო მცნებად მათთვის გველოცა (მათე 5,44). „რომელნი მომცენ მე“, ანუ მოიყვანე ჩემთან შენი მადლით, „რამეთუ შენნი არიან“, და მაშასადამე, მხოლოდ შენ შეგეძლო მათი მოცემა ჩემთვის. მოციქულებიც და ყოველნი მორწმუნენიც მამა ღმერთს ეკუთვნოდნენ და ეკუთვნიან, იმიტომ, რომ მან, თავისი საუკუნო წინათმცნობელობით, წინასწარ აღირჩია ისინი თავისთვის (შდრ. მუხლი 6).

და მამამ მოსცა ისინი ძეს, იმიტომ, რომ არც მამას, არც ძეს არა აქვთ რაიმე განსაკუთრებულად მხოლოდ თავ-თავისი საკუთრება, და ამდენად ყოველნი, ვინც მამამ აღირჩია თავისთვის, ძესაც ეკუთვნიან, და – პირუკუ; რამეთუ მხოლოდ ძის, ღმერთკაც იესო ქრისტეს მიერ, დაცემული ადამიანი კვლავ მიდის მამასთან. ვინც მამამ აღირჩია, მის მიერ პირველყოვლისა უნდა განიდიდოს ძე; სანამ მამასთან დაბრუნების შემძლედ შეიქმნებოდეს, ადამიანი ქრისტეს ხატად უნდა იქცეს.

„და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ“ (მუხლი 11).

აქამდე თავად მაცხოვარი იცავდა თავის მოწაფეებს, ყოველთვის მათ გვერდით იყო, როგორც ხილული ნუგეშის-მცემელი; მაგრამ ახლა იგი უკვე უნდა განშორდეს მათ და ამქვეყნად დასტოვოს, საშიშროებათა შორის. ამიტომაც ლოცულობს უფალი, მათივე თანდასწრებით, მამა ღმერთის წინაშე, რომ მათი გული არ შეშფოთდეს და არ შეძრწუნდეს. იგი ევედრება მამას: დაიცავი ისინი, მოეცი საღმრთო სულით იმის ძალა, რომ ესეთივენი დარჩნენ ყოველთვის, როგორთაც მე ვტოვებ და აკურთხე ისინი მსახურებისათვის, აღამაღლე ზნეობრივად, წარმოუგზავნე ნუგეშის-მცემელი, სული წმიდა, რომელმაც ახალი სიცოცხლე, ახალი ძალები უნდა შთაბეროს მათ იმ მსხვერპლის გულისთვის, რომელიც მე, ღმერთმა ადამიანის ხატით შემოგწირე!

სიტყვა – „წმიდაო“ აქ უნდა აღნიშნავდეს ამა ქვეყნის არაწმიდა ზეგავლენათაგან დამცველსა და მფარველ საღმრთო ძალას, რომელიც უხიფათოებად შექნის მოციქულებს ბრძოლაში. ვედრების – „დაიცვენ ესენი სახელითა შენითა“ – მიზანი იმაში მდგომარეობს, „რაითა იყვნენ ერთობით“, ანუ: მამა ღმერთმა, დაე, დაიცვას ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მისი სახელისა და აღიარებისათვის, რათა ამ საერთო რწმენისა და აღსარების მეშვეობით ისინი ერთნი იყვნენ ხატისებრ იმ ერთიანობისა, რომელიც ღმერთშია მამასა და ძეს შორის.

„ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს“ (მუხლი 12).

როგორც ზემოთ (მუხლი 11), ასევე აქაც, მაცხოვარი ისე ლაპარაკობს, თითქოს იგი უკვე აღარ არის ამქვეყნად და თითქოს უკვე განშორებიაო თავის მოწაფეებს: „ოდეს ვიყავ მათთანა სოფელსა შინა“-ო… სანამ უფალი იესო ქრისტე თავისი მოწაფეების გვერდით იმყოფებოდა ამქვეყნად, თავისი ზეციური მამის რწმენასა და აღიარებაში ინარჩუნებდა მათ, ყოველგვარ ბოროტ გავლენათაგან იცავდა, როგორც ერთგული მწყემსი იცავს და ინარჩუნებს თავის სამწყსოს, რათა არც ერთი მათგანი არ დაიკარგოს, არ წარწყმდეს (განდგომის გზით). და არავინ არ წარწყმდა იმათგან, რომელნიც უფლისა თანა იყვნენ, გარდა ერთისა – წარსაწყმედელის ძისა, რათა წერილი აღსრულებულიყო. აქ, რა თქმა უნდა, იუდა იგულისხმება. იგი წარსაწყმედელის ძედ არის წოდებული იმ აზრით, რომ განმზადებულია წარწყმედისათვის, რადგანაც ღმერთის ნების ნაცვლად კადნიერდება თავისი კაცობრივი ნება დააყენოს.

„ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით“ (მუხლი 13).

მამის მიერ მისი სახელის რწმენაში და აღიარებამი დაცულ-შენარჩუნებულ მოციქულებს საკუთარ არსებაში ის მშვიდობა და ის შინაგანი სიხარული აქვთ შეძენილი (იხ. აგრეთვე იოანე 15,11), რომელსაც მათ მხოლოდ უფალი იესო ქრისტე ანიჭებთ და რომელსაც ვერ დააკარგვინებენ მათ ვერანაირი სატანჯველნი და დევნა-შევიწროებანი ამა ქვეყნისა (შდრ. იოანე 16,24).

II. აწ იმ დასკვნებზე გადავიდეთ, რომელნიც ჩვენს სამოძღვრებოდ შეგვიძლია გამოვიტანოთ უფლის ლოცვის სიტყვებიდან.

ა) პირველი, რაც დღეს წაკითხულ სახრებაში იქცევს ჩვენს ყურადღებას, უფლის შემდეგი სიტყვებია, თქმულნი მის მიერ საკუთარი თავის შესახებ: „მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაითა ვყო“ (მუხლი 4).

ასე მოწმობს მაცხოვარი საკუთარი თავის შესახებ, რომ მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება – ბეთლემიდან გოლგოთამდე, ზეციური მამის განდიდებისადმი იყო მიძღვნილი.

მაცხოვარი – მაგალითია ჩვენთვის ყოველივეში; ჩვენ მას უნდა შევუდგეთ, ყველაფერში მას მივბაძოთ და ჩვენი ცხოვრებით განვადიდოთ ღმერის სახელი. მაშ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ღმერთის სახელი განიდიდებოდეს ჩვენით? ამისთვის ისე უნდა ვცხოვრობდეთ, რომ არც ჩვენს აზრებში, არც გრძნობებში, არც სიტყვებსა და არც საქმეებში არ დავუშვებდეთ არაფერს, რაც საწინააღმდეგო იქნებოდა ღმერთის ნებისა; – რომ ყველასთან მშვიდობითა და სიყვარულით ვჰგიებდეთ; არავის არ ვუქმოდეთ ბოროტს და არავისთვის არ უნდა გვინდოდეს ცუდი, და ისე ვცხოვრობდეთ, რომ სხვებიც ჩვენს კეთილ საქმეებს მოჰბაძავდნენ და ჩვენთან ერთად ღმერთსა და მის წმიდა სახელს განადიდებდნენ როგორც სიტყვით, ასევე საქმით. როგორც ბეჯითი და კეთილწესიერი მოწაფე პატივ-ჰყოფს თავის მასწავლებელს, და ყველა, ვინც მის გონიერ პასუხებს ისმენს, იტყვის – რა კარგი, გონიერი და გულმოდგინე მასწავლებელი ჰყოლია ამას, თუკი ასეთი ჭკვიანი მოწაფე გამოუზრდიაო, – ასევე ჩვენც პატივ-ვჰყოფთ და განვადიდებთ ჩვენს უფალს – შემოქმედ ღმერთს, თუკი წმიდად აღვასრულებთ ქრისტეს მცნებებს, და ის ადამიანებიც, ვისაც ჯერ არა სწამთ იესო ქრისტე – ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი, ასე იტყვიან, როცა დაგვინახავენ, თუ როგორი მშვიდნი, მოწყალენი და კეთილნი ვართ: ოჰ, რა მშვენიერი ადამიანები არიან ეს ქრისტიანები! რა კეთილნი და მშვიდობის მოყვარულნი არიან! მაშ, მათი სარწმუნოებაც კარგი ყოფილა! გამოდის, რომ სწორედ მათი ღმერთი ყოფილა ჭეშმარიტი ღმერთი, რაკი მისი თაყვანისმცემელი ადამიანები ესოდენ კეთილნი არიან!… და არა მხოლოდ იტყვიან ასე, არამედ, ჩვენი სათნო ცხოვრების შემხედვარე, თვითონაც ჭეშმარიტი ღმერთისკენ მოიქცევიან, თავადაც გამოსწორდებიან და მისი წმიდა მცნებებით ცხოვრებას ისურვებენ!,..

ეს სინამდვილეშიც ამგვარად ხდებოდა, განსაკუთრებით კი პირველ საუკუნეებში ქრისტიანობის დამკვიდრებისა. როცა ზნეკეთილებსა და მშვიდობისმოყვარეთ ხედავდნენ ქრისტიანებს, და რწმენისათვის მოწამეობაში კლდესავით მტკიცეთ, წარმართები უნებლიეთ ღაღადებდნენ: „დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი!“-ო, და მრავალნი, ზოგჯერ ათასობით მოიქცეოდნენ ქრისტეს რწმენაზე. აი,სწორედ ამგვარად ძალგვიძს ღმერთის განდიდება ჩვენც ჩვენი ღვთის-სათნო ცხოვრებით.

ბ) კვალად, ჯერ-არს ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ უფალი თავის ლოცვაში ზეციური მამისადმი მხოლოდ იმის შესახებ ლაპარაკობს, თუ როგორ ზრუნავს მისი განდიდებისათვის: „მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა… (მე) გამოუცხადე სახელი შენი კაცთა… მე მათთვის გკითხავ…, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან“ (მუხლები 4,6,8). იესო ქრისტეს მთელი ქვეყნიური ცხოვრება, პირველ დღეთაგან უკანასკნელამდე, მთლიანად მამა ღმერთისადმი იყო მიძღვნილი. განა ამგვარივე არ უნდა იყოს იმათი ცხოვრებაც, ვინც ქრისტიანად, ქრისტეს მიმდევრად იწოდება? (რომ. 12,1). ქრისტიანის მოვალეობა მთლიანად მიუძღვნიდეს საკუთარ თავს ღმერთს – იმას კი არ მოითხოვს მისგან, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე ფიქრით იყოს დაკავებული, ყოველდღე ეკლესიაში დადიოდეს და განუწყეტლივ ლოცულობდეს, და არც იმას, რომ სრულიად უარს ამბობდეს ყოველგვარ ქვეყნიურ საზრუნავზე, რამეთუ, მართალია, ღვთის სიტყვა გვამცნებს არა თანა-ხატ-ვექმნათ სოფელსა ამას, მაგრამ, ამავე დროს, იგი არ გვიკრძალავს ქვეყნიური საგნებით გონივრულ და მართებულ სარგებლობას და ქვეყნიური საქმეების კეთებას, – არამედ ეს მოვალეობა გვავალდებულებს იმას, რომ ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობას ღმერთს მივუძღვნიდეთ და ყოველივეს მისი ნებისაებრ წარვმართავდეთ.

ღმერთი არის ჩვენი უზენაესი მეუფე და მამა, რომლისაც ჩვენ მოვალენი ვართ მოწიწებით, კეთილმოშიშებით, სიყვარულითა და სასოებით. მისი ნება, მისი სჯული, კანონი – წმიდა კანონია ჩვენთვის, იმიტომ, რომ იგი – წმიდაა- ეს არის მისი სრულყოფილი კანონი, იმიტომ, რომ მას სრულყოფილებისაკენ მივყავართ – ღმერთი მხოლოდ იმას გვთავაზობს, რაც ჩვენთვის, ყველა ადამიანისათვის კეთილისმყოფელი და მაცხოვნებელია. – ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიუძღვნის, იგი მთლიანად მის საღმრთო ნებას ემორჩილება; ესევითარი ყოველის ღონით ცდილობს თავისი მიდრეკილებანი და საქციელნი, თავისი ცხოვრება და საქმიანობა შეუთანხმოს საღმრთო სჯულს. აი, სწორედ ეს არის წმიდა, ცხოველი, კეთილშობილი მსხვერპლი, შეწირული ღმერთისადმი! ეს არის ნამდვილი მსახურება ღმრთისა, რაც მას უნდა მივუძღვნათ! სწორედ ღმერთის ასეთ სამსახურში უნდა გავატაროთ ჩვენი ცხოვრება (ლუკა 1,74-75). ყოველ ასაკსა და მდგომარეობაში, ცხოვრების ყველა ვითარებაში, ბედნიერებისასაც და უბედურებათა ჟამსაც, ჩვენ, ღმერთისადმი მოწიწებითა და სიყვარულით განმსჭვალულნი, სხვას არაფერს არ უნდა ვისურვებდეთ, თუ არა მხოლოდ მის სათნო-ყოფას, მხოლოდ იმის ქმნას, რაც მას ნებავს. ამიტომ ყველა ჩვენი ცოდნა, უნარი, სიკეთენი და უპირატესობანი, დაკავშირებულნი ჩვენს წოდებასთან და მდგომარეობასთან, ჩვენს მოვალეობებთან ადამიანთა მიმართ, ჩვენ ისე უნდა წარვმართოთ, რომ საღმრთო მიზანი იქნას მიღწეული.

გ) დღევანდელი სახარებიდან იმასაც ცხადად ვხედავთ, თუ რა მორჩილი ყოფილა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ზეციური მამისა – „მორჩილ ვიდრე სიკუდილამდე“ (ფილიპ. 2,8). თავისი ზეციური მამის ნებით იგი ცათაგან ქვეყნად გარდამოხდა და დასტოვა ის დიდება, რომელიც ჰქონდა წინაშე მამისა „უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (მუხლი 5), აღასრულა საქმე, რომელიც მამამ მოსცა მას საქმნელად (მუხლი 4), გამოუცხადა სახელი მამისა ადამიანებს (მუხლები 6-8), და ბოლოს, როცა მოახლოვდა ჟამი მისი ჯვარზე ვნებისა და სიკვდილისა, „აღიხილნა თვალნი თვისნი ზეცად და თქვა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაითა ძემანცა შენმან გადიდოს შენ“ (მუხლი 1). ჩვენც, უფლის მაგალითისაებრ, მთლიანად და ყოველივეში მორჩილნი უნდა ვიყოთ ჩვენი ღმერთისა – ყოველთვის ვეცადოთ თანახატვექმნათ მის ნებას – ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ამას მოითხოვს ჩვენგან ღმერთის დიდებულებაც და ჩვენი ყოვლად სრული დამოკიდებულებაც მასზე. ღმერთი არის უზენაესი და უსრულყოფილესი სული, ჩვენი შემოქმედი და განმგებელი, მსაჯული და საზღაურის მომგები; მთელი ქმნილი სამყარო, მთელი ბუნება – მას ემორჩილება, ყველანი ქმნილებათაგან მას ემსახურებიან მონური მორჩილებით, უმაღლესი ზეციური ძალებიც მის ხმას ისმენენ და ყოველთვის მის სიტყვას აღასრულებენ. ჰოდა, განა ძალგვიძს ჩვენ არ ვემორჩილებოდეთ მას? ამას მოითხოეს თვით მის კანონთა თვისება და ჩვენივ საკუთარი კეთილდღეობაც.

რამეთუ ღმერთის ყველა კანონი და ბრძანება, მისი ყველა მსჯავრი და დადგინება, ვითარცა ყოვლადბრძენი და ყოვლადსახიერი მეუფის კანონები და განწესებანი ყველაზე კეთილისმყოფელნია ჩვენთვის. „ყოველნი გზანი უფლისანი – წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა“(ფსალმ. 24,10). ამიტომაც, თუკი ჩვენ დავემორჩილებით ღმერთს და ერთგულად აღვასრულებთ მის მცნებებს, მაშინ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვით, „იყოსმცა ვითარცა მდინარე მშვიდობაი ჩვენი და სიმართლე ჩვენი, ვითარცა ღელვანი ზღვისანი“, და იყოს „ვითარცა ქვიშა თესლი ჩვენი და ნაშობნი ჩვენი ვითარცა მიწა ქვეყანისა“ (ესაია 48,18–19). ღმერთს ჩვენ იმიტომაც უნდა ვემორჩილებოდეთ, რომ ეს მორჩილება სიკეთეს მოგვიტანს არა მხოლოდ აწინდელს ცხოვრებამი, არამედ მომავალშიც, რამეთუ ფსალმუნთმგალობელის მოწმობით, უფლის წყალობა საუკუნითგან არს და მიუკუნისამდე მოშიშთათვის მისთა, და სიმართლე მისი – ძეთა ძისათა ზედა, რომელნი იმარხავენ აღთქუმათა მისთა და რომელთა ახსოვთ მცნებანი მისნი, რაითა აღასრულონ. მაგრამ უაღმატებულესი მიზეზი ჩვენი მორჩილებისა ღმერთისადმი და მისი მცნებების აღსრულებისათვის უნდა იყოს ჩვენი წრფელი სიყვარული ღმერთისადმი; რამეთუ თვით მაცხოვრისა და მისი მოციქულების სწავლებით, ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი დასტურდება და მოწმდება სწორედ აღსრულებით მისი მცნებებისა.

თუ გვიყვარს ღმერთი ნამდვილად – მაშინ მზად ვართ სათნო ვეყოთ მას და ყველა მისი მცნება აღვასრულოთ; ხოლო თუკი არა გვაქვს ამგვარი მისწრაფება, მაშინ არც ღმერთის სიყვარული გვქონია. ამიტომ, დაე, ყოველივეში ჩვენს მაცხოვარსა და უფალ ღმერთს დავემორჩილოთ, ხოლო იმისთვის, რომ განვძლიერდეთ მორჩილების ამ ღვაწლში, გონებით ჩვენს მაცხოვართან უნდა აღვმაღლდეთ. იგი, მისივ სიტყვით, საკუთარი ნების აღსასრულებლად კი არ გარდამოხდა ზეცით, არამედ თავისი მომავლინებელი ზეციური მამის ნებისა, რომლის მორჩილიც იყო ვიდრე ჯვარზე სიკვდილამდე. ამგვარნი უნდა ვიყოთ ჩვენც, რამეთუ ქრისტემ, მოციქულის სიტყვით, დაგვიტოვა ხატი, „ხელით წერილი, რაითა შევუდგეთ კვალთა მისთა“ (I პეტრე 2,21).

დ) დაბოლოს, დღევანდელ სახარებაში ჩვენთვის დიდად სამოძღვროა უფლის შემდეგი სიტყვებიც: „და ესე არს ცხორებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე“ (მუხლი 3). აქ უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიმოწმებს, რომ საუკუნო ცხოვრება, ანუ მარადიული ნეტარება მდგომარეობს ჭეშმარიტი ღმერთისა და მის მიერ მოვლინებულის – იესო ქრისტეს შეცნობაში. აქედან ვხედავთ, თუ რაოდენ აუცილებელია ჩვენთვის ეს ცოდნა. მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალმა ქრისტიანმა არაფერი იცის სარწმუნოებრივ საგანთა შესახებ. ბევრს ის სწავლა-დარიგებანიც დავიწყებია, სკოლაში რომ მიუღიათ. სხვანი უკნინესი ცოდნით კმაყოფილდებიან, ყრმობაში მიღებულით, და მათ არა აქვთ შეგნებული ამ ცოდნის განმრავლებისა და განვრცობის აუცილებლობა.

და ეს მაშინ, როცა ყოველი ქრისტიანის მთელი ბედნიერება და სრული სულიერი ნუგეში, მთელი სასოება ცხოვნებისა და თვით ცხოვნებაც, მთელი იმედი და მოლოდინი საუკუნო ნეტარი ცხოვრებისა და თვით საუკუნო ნეტარი ცხოვრებაც მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვიცოდეთ და შევიმეცნებდეთ შემოქმედ ღმერთს. ამასთან დაკავშირებით წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი შემდეგს წერს:

„არსებობს ღმერთის შემეცნების ორი საშუალება – რწმენა და სიყვარული.

რწმენით შეიცნობა ღმერთი სიტყვისაებრ მოციქულისა, რომელიც ამბობს: „სარწმუნოებით გვიცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყვითა ღმრთისაითა“ (ებრ. 11,3). და სიყვარულითაც შეიცნობა ღმერთი, როგორც ამას თვით უფალი ბრძანებს სახარებაში: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (იოანე 14,21). ღმერთის შეცნობისა და საუკუნო ნეტარი ცხოვრების მიღწევის ორივე ეს სახეობა ძალზე კარგია; მაგრამ პირველ საშუალებაზე, ანუ რწმენაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი სრულყოფილიცაა და არასრულყოფილიც, ხოლო მეორე საშუალება ღმერთის შემეცნებისა – სიყვარული – ყოვლადსრულყოფილია.

ჭეშმარიტი საშუალება -სარწმუნოებაა, რამეთუ თვინიერ სარწმუნოებისა შეუძლებელია ღმერთის სათნო-ყოფა და ცხოვნება- უკუეთუ სარწმუნოებაი გაქუნდეს და ნათელ-იღო, ცხოვნდე. მაგრამ, ამავე დროს, რწმენა არ არის სავსებით საკმარისი საშუალება ღმერთის შესაცნობად და საუკუნო ნეტარი ცხოვრების მისაღწევად, რამეთუ ეშმაკთაც სწამთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კვლავაც ეშმაკნი – ბოროტნი სულნი არიან, – სწამთ და ძრწიან. ამრიგად, ჩვენ, მორწმუნე ქრისტიანები ბევრნი ვართ, მაგრამ მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის, თუ ჩვენგან ვის მიუღწევია რწმენით საუკუნო ცხოვრებისათვის, ვის შეუცვნია ღმერთი ჭეშმარიტებით. ხოლო სიყვარული ყოველთვის ჭეშმარიტი საშუალებაა ღმერთის შესამეცნებლად: სიყვარულით არავინ არ განვარდებისო, უთქვამს წმიდა მოციქულს.

რწმენამ იცის, რომ ცათა შინა არს ღმერთი და მთელი ქვეყანაც აღსავსეა მისით; ყველგან მყოფია იგი და ყოვლისა აღმავსებელი. მაგრამ ეს ეშმაკთაც უწყიან – მათ იციან ღმერთის არსებობა და ის, რომ იგი მათზე მაღლაა და საუკუნო სასჯელით დასჯის მათ. სიყვარულმა კი არა მხოლოდ იცის, რომ ღმერთი არსებობს, არამედ ისიც უწყის, თუ როგორია იგი; თუ „ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის“(ფსალმ. 72,1).

———————-

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“

wm_giorgis makhvili_R

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: