შვილების აღზრდა

როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები?

shvilebis agzrda

„ეკრძალენით, ნუუკუე, ვინმე შურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი” (მათ. 18,10 )

თუ გახსოვთ თქვენ ქრისტეს ეს სიტყვები? თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ისინი პირდაპირ და უშუალოდ თქვენზეა ნათქვამი?

განა ცოტანი გყავთ თქვენ ეს „მცირეთაგანნი“, რომელნიც თქვენ უნდა შეიკრძალოთ, დაიცავით?

განა ცოტანი გყავთ ძენი, ასულნი, რომელთა გამოც მწარე ცრემლებსა ჰღვრით?

განა ცოტანი არიან გარყვნილი ასული და ვაჟიშვილნი – ქურდები და ხულიგნები?

მრავალ, მრავალ ცრემლებსა ჰღვრით თქვენ მათთვის. და რის გამოა ასე?

იმის გამო,რომ თქვენ მანამდე არ გაგხსენებიათ ქრისტეს ეს სიტყვები: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი“, როცა სიმძიმილი გეწვევათ იმისაგან, რასაც თქვენი შვილები სჩადიან. მაშინღა იწყებთ ლოცვას და ღმერთს ევედრებით, რომ შეგეწიოთ. ხოლო ეს თქვენი ლოცვა უნაყოფო რჩება, იმიტომ , რომ არ შეიძლება, ღმერთს დავაკისროთ საკუთარი მოვალეობანი,- თქვენ თავადვე უნდა ზრუნავდეთ თქვენს შვილებზე და აღზრდიდეთ მათ, და არ ელოდებოდეთ, რომ ღმერთი აღასრულებს ამას თქვენს მაგივრად.

მსახური რომ გყავდეთ და სულ არ გულმოდგინებდეს თავის საქმეში, არამედ ელოდებოდეს, რომ თქვენ თავად გააკეთებთ საქმეს, განა არ დაიწყებდით მის მაგივრად მუშაობას?! განა არ განურისხდებოდით ზარმაც მსახურს?! მაშ, რა გსურთ ღმერთისგან, თუკი თქვენ თვითონვე არ ზრუნავთ თქვენი შვილებისათვის?

წმიდა იოანე ოქროპირმა საშინელი სიტყვები წარმოთქვა იმ მშობლებზე. რომლებიც არჯეროვნად აღზრდიან თავიანთ შვილებს:

„მშობლები,რომლებიც ქრისტიანულად არ აღზრდიან თავიანთ შვილებს, ბავშვთა მკვლელებზე უფრო უსჯულონი არიან, რამეთუ მკვლელებმა სხეულს განაშორეს სული, ისინი კი ღმერთს განაშორებენ საკუთარ შვილებს და მათ სულებსაც და სხეულებსაც გეჰენიის ცეცხლში შთააგდებენ!“

მკაცრი, უმძიმესი პასუხი უნდა მისცეს ღმერთს ყველამ, ვინც არ ზრუნავს შვილების აღზრდაზე. ბიბლიაში, მეფეთა პირველ წიგნში, მოთხრობილია კეთილმსახურ ღვთისმოსავ ელიაზე, რომელიც 50 წლის მანძილზე იყო ისრაელი ერის მსაჯული. მასთან იმყოფებოდა და მას ემსახურებოდა წინასწარმეტყველი სამოელი, მაშინ ჯერ კიდევ ყრმა.

და აი, ერთხელ , ძილში ამ წმიდა ყრმას უფალმა უბრძანა, ეუწყებინა მღვდელთმოძღვარ ელისათვის, რომ მას ღმერთის საშინელი სასჯელი მოელოდა იმის გამო, რომ იგი ჯეროვნად არ ზრუნავდა თავის ძესათვის.

ელის ვაჟიშვილები კი ძველი აღთქმის მღვდელთმსახურები იყვნენ და თავიაანთი უკეთურებით განაბოროტობდნენ ხალხს და ღმერთისგან განაშორებდნენ. როცა ებრაელებს პირუტყვთა ხორცი მოჰქონდათ ღმერთისათვის შესაწირად, ამ უკეთური მღვდლების მსახური სახლში ქვაბებიდან საუკეთესო ნაჭრებს იღებდნენ და ამ უკეთურებს აძლევდნენ. უმ ხორცსაც კი აძლევდნენ ისინი ერს, ხოლო შემწირველთა მოთხოვნაზე – ჯერ ცრემლი (გაუმდნარი ქონი) უნდა დაიწვას სამსხვერპლოზეო, რისხვით ეუბნებოდნენ:„თუ არ მოგვცემთ, ძალით წაგართმევთ!“-ო. ამის გამო ხალხი განეშორებოდა მსხვერპლშეწირვას. ასეთი უკეთურებისათვის უფალმა დასაჯა არამხოლოდ ეს მღვდელნი, არამედ თვით მათი მამაც – მღვდელთ მოძღვარი ელი. ეს შემდეგი სახით აღსრულდა: ისრაელის მიწა-წყალს ფილისტიმელები შემოესივნენ , და სასტიკი ბრძოლის დროს 98 წლის ელი ტაძართან იჯდა და მაცნეს ელოდა. და აი, მაცნემაც აღელვებულმა და მტვრით დაფარულმა მოირბინა და აუწყა მღვდელმთავარს: „შენი ძენი მოკლეს , სჯულის კიდობანი კი გაიტაცეს!“ ამ საშინელი სიტყვების გაგონებაზე ელი გულაღმა დაეცა, ხერხემალი მოიტეხა და მძიმე სიკვდილით აღესრულა. ხოლო უფალმა აუწყა ისრაელიანებს, რომ საღმთო სასჯელი მთელს მის საგვარეულოზე გაგრძელდებოდა ( 1 მეფეთა, თავები 3 და4).

ხომ ხედავთ საშინელია ეს – მღვდელმთავარ ელის მთელი მოდგმა დაისაჯა იმისათვის, რომ იგი აკავებდა თავის ძეებს მძიმე შეცოდებათაგან. და ასეთი სასჯელი ყოველს მოელის, ვინც კი არ იგულმოდგინებს თავისი შვილების ჯეროვანი აღზრდისათვის.

იმათ შესახებ კი, ვინც მთელის გულით ესწრაფვის ღვთისმოშიშებაში და კეთიმლსახურებაში აღზარდოს თავისი შვილები, თქვენ ყოველ ცისკარზე გესმით ასეთი კურთხეული სიტყვები: „ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი – შვილითი შვილამდე, რომელთა დაიმარხიან აღთქუმაი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი“( ფსალმუნი 102, მუხლები 17-18).

უკუნისამდეა ღმერთის კურთხევა იმათზე, ვინც კეთილმსახურებაში აღზრდის თავის შვილებს. ხოლო იმ ადამიანებზე, რომელნიც ქრისტიანული კეთილმსახურების სულით არ აღზრდიან შვილთ, უკუნითი უკუნისამდე მოიწევა ღვთის შეჩვენება. მითხარით, რა მოელის თქვენს ასულს, რომელიც სიყმაწვილიდანვე გარყვნილებას ეძლევა, შემდეგ გათხოვდება და შვილებს შობს? განა იქნება ღმერთის კურთხევა მასზე და მთელს მის ოჯახზე?- არა და არა! მისგან უკეთური, ღმერთისთვის საძაგელი მოდგმა აღმოცენდება!

-მაშ იფიქრეთ, რა საშინელებაა ეს, რა უმძიმეს პასუხისმგებლობას ატარებთ თქვენ ღმერთის წინაშე, თუკი ქრისტიანული ზნეობით არ აღზრდით თქვენს შვილებს !

ხოლო როგორც ჯერ – არს მათი აღზრდა?

ისე, როგორც ძველი დროის, პირველ საუკუნეთა ქრისტიანები აღზრდიდნენ თავიანთ შვილებს. ისინი ადრეული ყმობიდანვე ასწავლიდნენ და აჩვევდნენ მათ ლოცვას, ტაძარში ყოფნას, მარხვას, საეკლესიო საიდუმლოებას: წერა-კითხვასაც საღმრთო წერილის წიგნებით ასწავლიდნენ და არასდროს არ აძლევდნენ ბავშვს უფლებას, ულოცველად მისჯდომოდა ტრაპეზს. ისინი ყოველთვის ჩააგონებდნენ შვილებს, რომ ქრისტიანის ყოველი საქმე, თითოეული ნაბიჯი ჯვარის ნიშის გადასახვითა და ლოცვით უნდა იწყებოდეს.

ისინი შვილების მხოლოდ საერო განათლებაზე, მათ მიერ წარმათული სიბრძნის შეძენაზე – ფილოსოფიის , მუსიკის, ხელოვნებების სწავლაზე როდი ზრუნავდნენ! არა, არამედ აძლევდნენ რა შვილებს სწავლა – განათლებას, ხელმძღვანელობდნენ ამ ღრმა და წმიდა წესით: უბედურად მიეჩნიათ ის, ვინც ყოველივე იცის და არ უწყის ღმერთი, და ნეტარებად შეერაცხათ ის, ვინც ღმერთი იცის, დაე, თუნდაც სხვა არაფერი უწყოდეს!

ნუ იფიქრებთ, თითქოს ამით თქვენ გეკრძალებათ, ყველა საერო მეცნიერება შეასწავლოთ შვილებს! – სულაც არა. ჩვენი უდიდესი წმიდა მამები და ეკლესიის მოძღვრები სიყმაწვილეში და სიჭაბუკეში თავადაც ძალზე გულმოდგინედ ეძლეოდნენ მთელი სამეცნიერო, ფილოსოფიური სიბრძნის შესწავლას. წმიდანი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი თავისი დროის ღრმად განსწავლული და მაღალი განათლების მქონე ადამიანები იყვნენ. თქვენი შვილებისთვისაც ჯერ არს იყვნენ განათლებულნი, განსწავლულნი, მაგრამ მხოლოდ აუცილებელია, რომ მათი სწავლა და აღზრდა არ შემოიფარგლებოდეს ოდენ საერო, ამა ქვეყნიური სიბრძნით და რომ ამის პარალელურად ისინი უზენაეს სიმართლესა და ჭეშმარიტებას სწავლობდნენ, – საღმრთო სჯულის ქრისტეს მცნებებს შეიმეცნებდნენ, ეჩვეოდნენ მუდმივ კეთილმსახურებას, ყოველთვის ახსოვდეთ ღმერთი, მისი მცნებები, ქრისტესმიერი გზები. მაშინ და მხოლოდ მაშინ არ დაიბნევიან ისინი კაცობრივი სიბრძნის გზაზე და მხოლოდ მაშინ დააყენებენ ყველაზე მაღლად ქრისტიანულ სიბრძნეს, ღმერთის შეცნობას. აი, ასე უნდა განსწავლიდეთ და აღზრდიდეთ თქვენს შვილებს.

ხოლო როგორ უნდა აღზრდიდეთ თქვენს შვილებს, როგორ დაჰნერგავდეთ მათში უაღმატებულეს ქრისტიანულ ზნეობრიობას?- უპირველეს ყოვლისა, თქვენი საკუთარი მაგალითით, რამეთუ შვილები ყველაზე მეტად სწორედ თავიანთი მშობლების მაგალითით აღიზრდებიან. ყოველგვარი სიტყვიერი სწავლა-დარიგება, ყოველგვარი პედაგოგიური ხელოვნება არაფერია, სიცარიელეა იმ მაგალითთან შედარებით, რომელსაც ბავშვები თავიაანთ მშობლებში ხედავენ. მითხარი, განა უზაკველებად და კარგ ადამიანებად გაიზრდებიან ის ბავშვები, რომლებიც თავიაანთი მშობლების სახით უზნეობის ყველაზე ცუდ მაგალითებს ხედავენ?! განა უმანკონი და კეთილკრძალულნი იქნებიან თქვენი შვილები, თუკი თავად თქვენ აძლევთ მათ სიძვა – მრუშობის, უზნეოდ ჩაცმის მაგალითებს? განა კეთილწესიერნი იქნებიან თქვენი შვილები, ისეთნი, ფიქრადაც რომ არ გაივლონ ქურდობა, თუკი თქვენ ყველაზე ადრეული სიყრმის წლებიდან არ ასწავლით მათ პატიოსნებას? როცა ვაჟიშვილები აჩანაგებენ სხვის ბოსტნებს, დამწიფებას არ აცლიან ნაყოფებს მეზობლის ბაღში და როცა მათზე დასაჩივლელად მოდიან ეს მეზობლები, ზოგიერთი დედა მათ მშვიდად პასუხობს: “რა ვუყოთ, პატარები არიან! განა მათ რამე მოეკითხებათ?!” დიახაც, უფალი მოჰკითხავს მათ! მოჰკითხეთ მრისხანედ მშობლებსაც – რატომ აძლევდით შვილებს უფლებას, ადრეული ასაკიდანვე მოეპარათ, რატომ არ ასწავლიდით მათ საღმრთო მცნებეს, რატომ არ უნერგავდით ზიზღსა სიძულვილს ქურდობისა და ხულიგნობისადმი, თავხედობებისადმიო?!

მძიმე პასუხის მიცემა მოგელით თქვენ ღმერთის წინაშე ყოველი საცთურისათვის, რომელთაც თქვენში , თქვენს უჯერო საქციელში ხედავენ თქვენი შვილები, – ყველა ჩხუბისათვის, გინებისათვის, უქმად მეტყველებისათის, უთანხმოებისათვის თუ ერთ-ერთის ცემა-ტყეპისათვის, რაც მათ თვალწინ ხდება ხოლმე და თუ თქვენ თვითონ ესე იქცევით, კარგი რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს?!

დიდი მსოფლიო მოძღვარი, უგამორჩეულესი საეკლესიო მქადაგებელთაგან – წმინდა იოანე ოქროპირი შემდეგს ამბობდა იმ მშობლებზე , რომელბიც სიკეთეს, კეთილმსახურებას კი არ ასწავლიან თავიაანთ შვილებს, არამედ მათ ცუდ თვისებებს, ვნებებსა და უკეთურებას ახალისებენ: „თქვენ ხომ , თითქოსდა განზრახ ცდილობთ, დაღუპოთ შვილები, მხოლოდ იმის ქმნად უბრძანებთ მათ, რისი ქმნითაც შეუძლებელია ცხონდე! ვაი , თქვენდა, რომელნი იცინით აწ,- ნათქვამია,- რამეთუ მრავალ საბაბს აძლევთ შვილებს სიცილისათვის! ვაი, თქვენდა, მდიდარნო, – რამეთუ თქვენ მხოლოდ იმას ცდილობთ, რომ ისინი გამდიდრდნენ!“ ვაი, თქვენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი“ (ლუკ. 6,25,26) – რამეთუ თქვენ ხშირად ხარჯავთ თქვენს მთელ ქონებას კაცობრივი დიდებისთვის; კვალად, „რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ , თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (მათ. 5,22) – თქვენ კი სუსტებად და მხდლებად მიიჩნევთ იმათ , ვინც მდუმარედ იტანს სხვათა საწყენ, შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

ქრისტე გვიბრძანებს, განვეშოროთ ბრძოლასა და ქიშპობას, ჩხუბსა და შფოთს, თქვენ კი გამუდმებით ამ ბოროტ საქმეებში გყავთ თქვენი შვილები, „უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმა მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი“ (მათ. 6.15), – ამბობს უფალი,- თქვენ კი ჰკიცხავთ კიდეც თქვენს შვილებს, როცა ისინი არ ისურვებენ ხოლმე სამაგიერო გადაუხადონ მაწყინებელთ. ქრისტემ თქვა, რომ დიდებისმოყვარენი ყოველივეს – მარხულობენ, ლოცულობენ თუ მოწყალებას გასცემენ – უსარგებლოდ, ფუჭად იქმან, თქვენ კი მხოლოდ იმას ცდილობთ, რომ თქვენმა შვილებმა დიდება მიიღონ. და ცუდი მხოლოდ ის კი არ არის, რომ თქვენ ქრისტეს მცენებების საწინააღმდეგოს ჩააგონებთ შვილებს, არამედ ისიც კიდევ , რომ კეთილს ჰგმობთ, უწოდებთ რა თავმდაბლობას – გაუნათლებლობას , სიმშვიდეს – სიმხდალეს, სამართლიანობას – სისუსტეს, მორჩილებას – მონობას, ურისხველობას – უძლურებას. თქვენ იმგვარი საქმეებისაკენ მისდრეკთ შვილებს, რომელთათვისაც იესო ქრისტემ გარდაუვალი დაღუპვა განსაზღვრა; თქვენ უგულებელჰყოფთ მათ სულებს, როგორც რაღაც არასაჭიროს, ხოლო იმაზე, რაც ნამდვილად ზედმეტია, ისე ზრუნავთ, როგორც აუცილებელზე და უმნიშვნელოვანესზე.

თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს ვაჟიშილს მსახურიც ჰყავდეს, ცხენიც და ყველაზე კარგი შესამოსიც, იმაზე კი, თავად იგიც რომ კარგი იყოს, ფიქრიც არ გსურთ! ესოდენი ზომით განავრცობთ რა თქვენს მზრუნველობას ხეებზე და ქვებზე, სულს ამდაგვარი ზრუნვის სულ უმცირეს ნაწილსაც კი არ მიაგებთ. ყველაფერს აკეთებთ, რომ სახლზე საოცარი ქანდაკება იდგეს და სახურავიც ოქროსი იყოს, იმაზე კი, რომ უძვირფასესი ქანდაკი (ადამიანის სული) – სულ ოქროსი იყოს, სრულიად არ ფიქრობთ“.

ასე ამბობდა წმინდა იოანე ოქროპირი ძველ დროში, 1500 წლის წინათ, მაგრამ ამ სიტყვების მოსმენა თქვენთვისაც სასარგებლოა ახლა, რამეთუ განა ამჟამადაც თქვენ ასევე ცუდათ არ აღზრდით შვილებს, როცა სრულიად არ ჩააგონებთ მათ ღმერთის მოშიშებას? განა თქვენც, პირველ ყოვლისა, იმაზე არ ზრუნავთ, რომ ცხოვრებაში საუკეთესო მდგომარეობა უზრუნველყოთ თქვენი შვილებისათვის, – რომ ძალაუფლების მქონეთა, მდიდართა და ძლიერთა შორის ჩააყენოთ ისინი? განა არ ჩააგონებთ მათ, რომ ფულშია ძალა, ძლიერება, რომ მეტი ცოდნის შეძენაც სიმდიდრის გულისთვისაა საჭირო და უზრუნველი ნებიერი ცხოვრება?

მაგრამ განა ეს არის საჭირო?

საჭიროა, სრულიად საპირისპირო რამ, საჭიროა: შვილებს ჩააგონებდეთ ფულის, სიმდიდრის, დიდების, საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მოძაგებას. საჭიროა, უნერგავდეთ მათ სიყვარულს უზაკველობისადმი, სიწმიდისადმი, კეთილმსახურებისადმი. სწორედ ამაზე კი თქვენ ყველაზე ნაკლებად ზრუნავთ.

ბავშვების აღზრდას ადრეული ჩვილობიდან უნდა შევუდგეთ, რამეთუ მხოლოდ ყველაზე ადრეულ ასაკში არიან ისინი ადვილად მიდრეკილნი ნებისმიერი სწავლა-ჩაგონების მისაღებად. მათი სული რბილია ცვილივით, მასზე ყოველივე აღიბეჭდება, – თქვენი უჯერო მაგალითებიც და კეთილმსახური სიტყვებიც, და ნებისმიერი ნათელი და წმინდა მაგალითიც.

ძველი დროის ქრისტიანები ყრმობის ჰყველაზე ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ და აჩვევდნენ შვილებს ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვას. ახლა კი ამობებენ: „განა ეს ბავშვის საქმეა – ფსალმუნების გალობა? – ეს ბერ-მონაზვნებმა და მოხუცებულებმა უნდა აკეთონ, ბავშვებს კი მხიარულება და სიხარული სჭირდებათ“.

თქვენ გავიწყდებათ ის, რის შესახებაც წმიდა ტიხონ ზადონსკელმა (ვორონეჟელმა) ასე უბრალოდ თქვა: „პატარა ხეს საითაც გადავხრით, იქით გადაიზრდება; ახალი ჭურჭელი იმ სუნით ან სურნელით იქნება განმსჭვალული, რასაც შიგ ჩაასხამთ: მყრალ სითხეს, თუ სუფთა კეთილსურნელ საცხებელს“.

ჰოდა, თუკი პატარა ბავშვის სულში თქვენ ყოველგვარ სიმყრალეს ჩაასხამთ ხოლმე, იგიც მყრალი გახდება. ხოლო თუკი ქრისტეს კეთილსურნელების საცხებელთ ჩაასხამთ, თქვენი შვილებიც კეთილსურნელნი იქნებიან ადამიანთა წინაშე და თქვენც სიხარულად და ნუგეშად გექმნებიან.

თქვენი კეთილი მაგალითით აღზარდეთ შვილები.

ამაზე მშვენივრად თქვა სახელოვანმა რუსმა მქადაგებელმა, ხარკოვის ეპისკოპოსმა ამბორსიმ : “როცა ოჯახის არცერთ წევრს არ ძალუძს, დარჩეს ძილად მისვლისა და დილის ლოცვის გარეშე; როცა მამა ისე არ გადის სახლიდან თავის საქმეებზე, რომ არ ილოცოს წმიდა ხატების წინაშე, ხოლო დედა არაფერს არ იწყებს ჯვარის ნიშნის გადასახვის გარეშე; როცა მცირე ყმასაც კი ნებას არ აძლევენ საზრდოს შეეხოს, სანამ პირჯვარს არ გადაიწერს, – ამით განა არ სწავლობენ ბავშვები ყოველივეში ღმერთის შეწევნას, ითხოვდნენ და ყოველივეზე საღმრთო კურთხევას მოუწოდებდნენ, და სწამდათ, რომ ღმერთის შეწევნის გარეშე არ არსებობს უხიფათობა ცხოვრებაში, ხოლო მისი კურთხევის მიუღებლად შეუძლებელია, წარემატო კაცობრივ საქმეებში?

შეუძლებელია უნაყოფო დარჩეს შვილებისათვის მშობელთა რწმენა, როცა ისინი გაჭირვებისა და სიღარიბისას, თვალცრემლიანნი ამბობენ ხოლმე: „რა ვუყოთ? – იყოს ნება ღმერთისა !“ საშიშროების დროს – ღმერთი მოწყალეა, საძნელო გარემოებათა ჟამს – ღმერთი შეგვეწევაო, წარმატებისა და სიხარულის წუთებში – დიდება ღმერთს, ღმერთმა მოგვმადლაო. აქ ყოველთვის და ყოველივეში აღიარებენ ღმერთის სახიერებას, საღმთო განგებულებას, ღმერთის მართლმსაჯულებას.

აი, ძვირფასი დედა, ბავშვის მთელი სიყვარულისა და სინაზის საგანი, სახის მოწიწებით გამომეტყველებით დგას მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობს. ბავშვი ხან მას შესცქერის, ხან ხატს, და მას არ სჭირდება სიტყვამრავალი ახსნა-განმარტება მასზედ, თუ რას ნიშნავს ეს. და ეს ღვთისშემეცნების პირველი, უსიტყვო გაკვეთილია მისთვის. ასეთი გაკვეთილები თქვენ ყოველთვის და ყოველივეში შეგიძლიათ და უნდა მისცეთ კიდეც თქვენ შვილებს.

თქვენ უნდა დაიცვათ შვილები ყოველივე ცუდისა და არაწმიდისაგან. თქვენ უნდა აუკრძალოთ თქვეს ასულთ არაკეთილკრძალული ჩაცმა, ავხორცობა და ვნებებებით აღსავსე რომანების კითხვა, მოსთხოვოთ მათ, გამორჩევით იკითხონ, თქვენ უნდა შეაკავოთ ისინი ცარიელ სანახაობათა ცქერისაგან, ნება არ მისცეთ, სულ გასართობისკენ ეჭიროთ თვალი და წამდაუწუმ კინოსა და თეატრში გარბოდნენ. თქვენ უნდა ასწავლოთ და მიაჩვიოთ ისინი წყნარ შრომით აღსავსე ოჯახურ ცხოვრებას.

ხოლო კვალად, თქვენ არ უნდა დაივიწყოთ ისიც, რომ არ შეიძლება პატარა ბავშვის სრულიად დაუსჯელად აღზარდა. თქვენ უნდა გახსოვდეთ ის, რომ უდიდესი შეცდომას უშვებენ ის მშობლები, რომლებიც ნამეტნავად შეყვარებულნი არიან თავიანთ პაწია შვილებზე, სულ სტკბებიან მათით, ყოველივეს პატიობენ, უთმობენ მათ და არასდროს არ სჯიან. ესევითართათვის ამბობს ბრძენი ზირაქი: ” ანებივრე ყრმა, და ის შიშის ზარს დაგცემს შენ”.

ხოლო აი, რას ამბობს ჩვენი დიდი მღვდელმთავარი წმიდა ტიხონ ზადონსკელი(ვორონეჟელი): „დაუსჯელად აღზრდილი ყრმანი, ასაკად რომ მოვლენ, გაუხედნავ და მძვინვარე ცხენებს ჰგვანან. ამიტომაც, ქრისტიანო, გიყვარდეს შვილნი შენნი და დასაჯე ხოლმე ისინი ! დაე, მათ ახლა სტკიოდეთ სხეული, სანამ ახალგაზრდანი არიან, რათა საკუთარი მიზეზით (მომავალში) შენ არ გტკიოდეს გული მათს გამო. დაე, ისინი (აწ) სტიროდნენ შენს გამო, რათა (მომავალში) შენ არ სტიროდე მათგან და მათზე! თუმცა, ყოველივეში ზომიერებაა საჭირო და საქები“.

დიახ, მღვდელმთავრის სიტყვებით, ზომიერებაა საჭირო ბავშვის დასჯაში. არ შეიძლება შვილების დასჯა გაღიზიანებულ მდგომარეობაში, გაბოროტებით, სიძულვილით. საჭიროა დასჯა მშვიდად, სიყვარულით. მაშინ ბავშვები იგრძნობენ ამ სიყვარულს, მიხვდებიან, რომ იმსახურებენ სასჯელს, და ამდენად სასჯელიც სასარგებლო აღმოჩნდება მათთვის, გამოასწორებს მათ. მრავალნი თქვენგანი არც ფიქრობენ შვილებს ამდაგვარად დასჯაზე და დაუსჯელად ტოვებს მათს არამხოლოდ უმნიშვნელო ცუდ საქციელთ, არამედ მძიმე დანაშაულთაც,- თვით ქურდობასაც, ხულიგნობასაც და ზოგჯერ ქალიშვილების გარყვნილ ცხოვრებასაც კი!

ხედავთ, რა უდიდესი ამოცანები დგას თქვენს წინაშე შვილების აღზრდის საქმეში! ხედავთ, რა წმიდა და მნიშვნელოვანი ყოფილა დედ-მამის მოვალეობანი. არ არსებობს დედებისათვის იმაზე უფრო დიდი მოვალეობა, იმაზე აღმატებული პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე, ვიდრე შვილთა კეთილად, ღვთისმოშიშებით აღზრდაა. და თქვენც ღმერთს მისცემთ მკაცრ პასუხს და მთელს თქვენს შთამომავლობაზე მოაწევთ ღმერთის რისხვას, თუკი გულმოდგინედ არ დაშვრებით თქვენი შვილების კეთილმსახურად აღზრდაში. და აქვე, ამქვეყნადვე დაიტანჯებით და იტირებთ მათი უგვანი ცხოვრების შემხედვარე.

ამრიგად:„ეკრძალენი, ნუუკუე, ვინმე შეურაცხ-ჰყოფთ ერთი მცირეთა ამათგანი!“ (მათ. 18,10). მარადის იზრუნეთ მათზე, ყოველთვის მიეცით მათ კეთილმსახურების უზაკველი, წმიდა მაგალითები, და მაშინ უფლის კურთხევა იქმნება საუკუნიდან საუკუნემდე თქვენს შვილებზეც და თვით თქვენზეც !

(ლუკა აღმსარებელი 1945 წლის 8 ივლისი)

wm_giorgis makhvili_R

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: