რა არის საღმრთო მშვიდობა

ღმერთკაცი იესო ქრისტე – ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად!

ufali ieso qriste

“ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან. განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან”. [თ. 12; მ. 51-53]

ქრისტე არის მშვიდობა ჩვენი (ეფ. 2; 14), თუმცაო, ამბობს: მშვიდობის მოსაფენად არ მოვსულვარ. მაშასადამე, მისი სიტყვები იდუმალია. ამრიგად, ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველგვარი მშვიდობა არ არის უნაკლო და კეთილი. არამედ ხშირად სახიფათოა და აშორებს საღვთო სიყვარულს, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას და თანხმობას ჭეშმარიტების უარსაყოფად.

ქრისტე არ მოსულა ამგვარი მშვიდობის დასამყარებლად, არამედ პირიქით, სურს, რომ ჩვენ სიკეთის გამო განვუდგეთ ერთმანეთს, რაც მოხდა კიდეც დევნის ჟამს. ვინაიდან ერთ სახლში მამა-წარმართი მორწმუნე-ძეს განუდგებოდა და დედა-ქალიშვილს და პირიქითაც. როგორ თქვა, მან, რომ ერთ სახლში ხუთი განუდგებოდა ერთმანეთს, ჩამოთვლისას კი ექსვი პირი ახსენა? ვპასუხობთ: ერთი და იგივე პირი აღებულია ორჯერ, კერძოდ: ქალიშვილი და რძალი ერთი და იგივე პირია. დედასთან მიმართებაში – დასახელებულია, როგორც ქალიშვილი, ხოლო დედამთილთან მიმართებაში – როგორც რძალი.

ამრიგად, სამნი – მამა, დედა და დედამთილი – განუდგებიან ორს – ძესა და ქალიშვილს, ვინაიდან ქალიშვილი, როგოც ვთქვით, არის რა ერთი და იგივე პირი, მაგრამ დამამყარებელი ორგვარი მიმართებისა, კერძოდ: დედასთან და დედამთილთან მიმართებაში…… ამიტომ, წარმოგვიდგება როგორც ორი პირი. თუმცა, მამის, დედის და დედამთილის ქვეშ იგულისხმება უბრალოდ ყოველივე ძველი, ხოლო ძისა და ქალიშვილს ქვეშ – ყოველივე ახალი, ასეთ შემთხვევაში უფალს სურს, რომ მისმა ახალმა საღვთო მცნებებმა და სწავლებამ, დასძლიოს ჩვენში ყოველივე ძველი – ცოდვილი ჩვევები და სწავლება.

შეგიძლია ასეც გაიგო: მამა არის გონება, ძე კი – განსჯა. მათ შორის ერთსა და იმავე სახლში, ანუ ადამიანში, ხდებოდა განყოფა. უფრო ნათლად ვიტყვი. გონება დიონისე არიოპაგელისა განათდა და მიიღო მოძღვრება, მაგრამ მის გონებას, მიმღებს რწმენისა მტკიცებულების გარეშე, წარმართული განსჯა ეწინააღმდეგებოდა, რომელიც ცდილობდა დაესაბუთებინა და აიძულებდა მოჰყოლოდა დიალექტურ ილეთებს. ხედავ განყოფას მამასა და ძეს შორს, ერთმანეთს რომ მტრობენ ქრისტესა და მოძღვრების გამო? დედა და დედამთილი შეგიძლია უწოდო აზრს, ხოლო ქალიშვილი და რძალი გრძნობას.

მათ შორისაც წარმოებს ბრძოლა ქრისტეს გამო. აზრს აქვს მტრობა გრძნობასთან, როდესაც აზრი არწმუნებს წარუვალს აყენებდეს წარმავალზე მაღლა, უხილავს ხილულზე მაღლა და ამისთვის მრავალი ძლიერი საბუთი გააჩნია – ხდება რომ გრძნობის მხრივაც წარმოებს ბრძოლა აზრის წინააღმდეგ, ვინაიდან გრძნობა, რომელიც რწმენაში ხელმძღვანელობს სასწაულებითა და ხილული ნიშნებით, ვერ რწმუნდება აზრის მიერ გამოტანილი დასკვნებით, არ სურს მისდიოს წარმართულ მტკიცებულებებსაც, რომელნიც მათ ყუარადმღებელთ უბიძგებენ არ ირწმუნონ, რომ ღმერთი ადამიანი გახდა, ანდა რომ ქალწულმა – შვა.

ასე უგუნურია წარმართთა მიერ გონებით გამოტანილი დასკვნები, ბუნებას რომ აღმერთებენ, მაშინ როდესაც გრძნობას ხილულ სასწაულთა მეშვეობით, ყოველგვარ მტკიცებულებაზე უკეთ მივყავართ ღვთის შემეცნებამდე. ამრიგად, ყოველგვარი მშვიდობა და თანხმობა – არაა სიკეთე, არამედ ხდება ხოლმე, რომ მტრობა და განყოფა ერთგვარ საღვთო საქმედაც გეჩვენება, ამრიგად, დაე ნურავინ გახდება ბოროტთა მეგობარი, არამედ თუნდაც მამა და დედა აღმოჩნდნენ ქრისტეს სჯულის მოწინააღმდეგენი. მათთანაც, როგორც ჭეშმარიტების მტრებთან, მტრობა უნდა იქონიო. (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი – ლუკას სახარების განმარტება)

“ადამიანური გონების ნაყოფს, ქრისტიანული სარწმუნოების მოძღვრებაში შეტანილს, ეწოდება მწვალებლობა, ამ სწავლების შედგომას კი – ბოროტმორწმუნეობა. მწვალებლობანი, როგორც საქმე ხორცთა და ნაყოფი ხორციელი ზრახვისა, დაცემულ ანგელოზთა გამონაგონია: «ეკრძალენით უღვთო მწვალებლობათ – სატანურ გამონაგონს ამ ბოროტ-საწყისიანი გველისას.» – ამბობს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.

„უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ“ (გალატ. 1,10).

დიახ, ქრისტეს მონობა არ შეუძლია იმას, ვინც ვიღაცის მაამებლობის გამო სიმართლეს არ ამბობს იქ, სადაც ჯერ არს სიმართლის თქმა, და ამბობს სიცრუეს და უმართლობას, რომლის თქმაც არასდროს და არავის მიმართ არა ჯერ-არს, ვინც ლიქნითა და მაამებლობით იკვალავს გზას ცხოვრებაში და ამ გზაზე სვლისას არ ინდობს ნებისმიერი შემხვედრი ადამიანის არც სახელს, არც ღირსება-პატივსა და არც კეთილდღეობას.

ვინც ვიღაცის მაამებლობის გამო შიშობს სიტყვა თქვას აბუჩად აგდებული და გინებული სარწმუნოების დასაცავად და თავადაც მზად არის მის მაგინებლებს ამოუდგეს გვერდში.

მაშ, ყოველთვის გვახსოვდეს მოციქულის ეს სიტყვა, და განვაგდოთ ჩვენგან ყოველგვარი მაამებლობა, სულმდაბლობა, ლიქვნა, პირფერობა, ქვემძრომობა, როგორც საწინააღმდეგონი ჩვენი ქრისტიანული მოწოდებისა. „სასყიდლად სყიდულ ხართ“, – გვეუბნება იგივე მოციქული, – ღმერთის ძის სისხლის საფასურადო, და ამიტომ „ნუ იქმნებით მონა კაცთა“ (I კორინთ. 7,23). (მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო)

“ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, არც დროსა და ხელმწიფეთა მოთხოვნას დავემორჩილოთ, მით უმეტეს – არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს. ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გეშინოდეს რამესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას”. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“.

რით განკვეთ, უფალო? სიმართლის მახვილით, თუ ღვთის სიტყვის მახვილით?! რადგან ეს ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „მახვილი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ“ (ეფ. 6,17). წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში იხილა ძე კაცისა, მჯდომარე შვიდ ლამპარს შორის, ხოლო მისი პირიდან გამოდიოდა ორპირი მახვილი (იხ. გამოცხ. 1,12-16). მახვილი – გამომავალი პირიდან, სხვა რაა, თუ არა – სიტყვა უფლისა, სიტყვა ჭეშმარიტებისა? სწორედ ეს მახვილი მოიტანა იესო ქრისტემ მიწაზე, მოიტანა ქვეყნის გადასარჩენად და არა – კეთილისა და ბოროტის დასაზავებლად. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამგვარი განმარტების მართებულობას ამტკიცებს ქრისტეს შემდეგი სიტყვები: „რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული – დედისაგან თვისისა და სძალი – დედამთილისაგან თვისისა“ (მათ. 10,35), და, თუ ძე გაჰყვება ქრისტეს, მამა კი ბნელში დარჩება, ქრისტეს ჭეშმარიტების მახვილი გაყოფს მათ. განა ჭეშმარიტება მამაზე ძვირფასი არაა?! და თუ ასული გაყვება ქრისტეს, ხოლო დედა გაჯიუტდება ქრისტეს უარყოფაში, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ?! განა ქრისტე დედაზე უტკბესი არაა?!.. იგივეა რძალსა და დედამთილს შორისაც.

დასასრულ მოგიტანთ ქრისტეს ამ სიტყვათა თეოფილაქტე ბულგარელისეულ სულიერ განმარტებას: „მამას, დედასა და დედამთლში იგულისხმე ყველაფერი ძველი, ხოლო ძესა და ასულში – ყველაფერი ახალი. უფალს კი სურს, რომ მისმა ახალმა საღმრთო მცნებებმა გაიმარჯვოს ჩვენს ძველ ცოდვილ წესებსა და ჩვეულებებეზე“.

ამგვარად, სიტყვა მიწაზე მოტანილი მახვილის შესახებ, სრულებით შეესაბამება ქრისტეს, როგორც მშვიდობის შემოქმედსა და მშვიდობის მომნიჭებელს. იგი თავის ზეციურ ზეთს აძლევს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს მისი. მაგრამ ის მოვიდა არა იმისათვის, რომ სინათლის შვილები ბნელეთის შვილებთან შეარიგოს. (წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი)

“დიდი სჯულის კანონი”: „თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“. (ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება)

wm_giorgis makhvili_R

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: