პირადული წერილები-V

მღვდელი გიორგი სხილაძე

(პირადული წერილები-V)

mama_giorgi_1

      ”ჯვაროსანი“ (მოგვმართავს): ”…დიახ, თქვენ ზვიად გამსახურიას ფანი და მოთაყვანე ხართ და ზვიადის გაკერპების გამო ქრისტესი და ეკლესიის უარმყოფელი, აბა სხვა რა არის თქვენი საქციელი? და დასამალია რამე, რომ თქვენ ყველანი სქიზმატები ზვიადისტები ხართ და დღემდე იმაზე ლაპარაკობთ რომ გამსხურდიას არ დასცალდა ეკლესიის საქმეებში ჩარეულიყო და პატრიარქი გადაეყენებინა? რა ახალია რამე? რატომ მალავთ ეხლა?“.

      პასუხი: საიდან ასკვნით, რომ რაიმეს ვმალავ; შეგიძლიათ, ამის ერთი მაგალითი მაინც მოიყვანოთ? ამაზეც მოგახსენებთ: კაცთთაყვანისმცემლობაში, სამწუხაროდ, მართლაც ვიყავი ეკლესიური ცხოვრების დაწყებამდე ანუ 20 წლის ასაკამდე: იმდენად განსაკუთრებით მიყვარდა მაგ., კომპოზიტორებში ბეთჰოვენი და ზ. ფალიაშვილი, პოეტებში გალაკტიონი, ხოლო დირიჟორებში _ ე. მიქელაძე, რომ ისინი მართლაც, კერპებად მყავდა გახდილი (ღმერთმა მომიტევოს!)… მაგრამ მას შემდეგ, რაც ღმერთკაცის რწმენას შეგნებულად ვეზიარე, ის კერპები ჩემთვის დარჩნენ საყვარელ, მაგრამ საბრალო ადამიანებად… დიახ, ახალნათელღებულმა (”სვეტიცხოველი“, 5.06.87.), ჩემი პირველი მოძღვრის (და სხვათა) ქადაგებებით ”მეორედ შობის“ დღესვე (1.10.87), ღვთის მადლით, მთელი არსებით გადავწყვიტე, დამესრულებინა ”ხორცთაებრ შჯა“ (ი.8,15), ”ახალ კაცად“ შევქმნილიყავი და ყოველგვარი ამქვეყნიური იმქვეყნიურის სამსახურში ჩამეყენებინა… სწორედ იმ ხანებში, ერთი-ორი თვის შემდეგ, როცა მ. კოსტავა ათწლიანი პატიმრობიდან ახალი გამოსული იყო, ის და მისი განუყრელი სულიერი ძმა _ ზ. გამსახურდია, ჩემს სულიერ ძმებთან ერთად, გავიცანი მღვდლის ოჯახში, სადაც ისინი მოვიდნენ სარწმუნოებრივ საკითხებზე სასაუბროდ: იმხანად, საჩხერის სოფელ სავანედან ხმა გავრცელდა, ოჯახს ახალგარდაცვლილი (მშობიარობას გადაჰყვა) ახალგაზრდა ქალის სული ეცხადებაო… ამ ხმამ ზვიადამდე და მერაბამდე მიაღწია და ამისათვის ჩამოვიდნენ თბილისიდან იმერეთში, სადაც შევხვდით მათ. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში იყო ნათელი წერტილი, სიხარულის მომნიჭებელი, რადგან ვნახე ადამიანები (ერთი _ კლასიკოსი მწერლის ვაჟი), რომლებიც საღვთო და საქვეყნო საქმეების გარდა, არაფერზე საუბრობდნენ და სხვა წადილი არანაირი ჰქონდათ. მათი გაკერპება არა, მაგრამ თანამებრძოლობა ნამდვილად მოგვინდა. ამის შემდეგ, ბუნებრივად გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა, როგორც, თუნდაც, სულიერი ძმებისა, რადგან მათ და ჩვენ ერთი სულიერი მოძღვარი გვყავდა _ ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე. გვახსოვს, ამ უკანასკნელის დედის ”ორმოცზე“, 1988წ. გაზაფხულზე, ტრაპეზზე პირისპირ ვიჯექით ზვიადთან (რაღა თქმა უნდა, მის გვერდით განუყრელად იყო მერაბიც), რომელმაც მისთვის ჩვეული ყურადღება გამოიჩინა ჩემს გვერდით მყოფი მგალობელი მანდილოსნის (ჩემი მომავალი მეუღლის) მიმართ, რომელსაც ურჩია ხელნაწერთა ინსტიტუტში ქართული საგალობლების მოძიება და მათი შესრულება-გავრცელება. მასვე ოჯახური მდგომარეობა და სწავლის გაგრძელების შესახებ გამოკითხა და გაიგო რა, რომ იმ წელს უნივერსიტეტში აპირებდა გამოცდების ჩაბარებას, უთხრა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ პირობებში (გულისხმობდა იმხანად ყველგან და მათ შორის, უმაღლეს სასწავლებლებში გავრცელებულ კორუფციას) არავინ დაგჩაგროსო. ასეთ კეთილშობილებას ავლენდა ის ყოველთვის, რამდენჯერაც გვიწევდა მის გვერდით ყოფნა მასთან, შინ _ ”კოლხურ კოშკში“ თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ქრისტეანობის სახარებლად ერთად დავდიოდით და როცა მაშინდელი კომუნისტური პოლიცია და უშიშროების სამსახური მათგანვე დახურული ტაძრების კარებს არ გვაღებინებდა სალოცავ-საქადაგებლად, ბოლოს, ზვიადისა და მერაბის ჩარევის (ზოგჯერ, ამისთვის თბილისიდან ჩამოდიოდნენ შორეულ სოფლებში) შედეგად, უკან იხევდნენ და ეკლესიებში გვიშვებდნენ. აქვე, უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მიუხედავად ხანგრძლივი გამოსვლებისა და მრავალათასიან შეკრებათა მოწყობისა მოთხოვნით, გაუქმებულიყო ე. წ. ”რელიგიის საქმეთა სარწმუნებულო“, რაც წარმოადგენდა მთავრობის ორგანოს საპატრიარქოს სამართავად, გადამწყვეტი ძალა იქონია სწორედ ზ. გამსახურდიას სიტყვამ, რომ ეს სამსახური კი არ უნდა შეზღუდულიყო _ რასაც საქართველოს მაშინდელი მმართველი გივი გუმბარიძე ეშმაკურად გვთავაზობდა _, არამედ საერთოდ უნდა გაუქმებულიყო. ამ უკანასკნელს თავისივე კაბინეტში, სადაც ჩვენც შეგვიყვანა ორ სულიერ ძმასთან ერთად, მოსთხოვა ეს ზვიადმა, როგორც ეროვნული მოძრაობის თავკაცმა (გარეთ პასუხს უამრავი მომიტინგე ელოდა).

      მოგვიანებით, როცა ახლადარჩეული უზენაესი საბჭო პირველად უნდა შეკრებილიყო, დილით ჩვენმა მაშინდელმა მოძღვარმა დეკ. არჩილ მინდიაშვილმა მთავრობის სასახლის სხდომათა დარბაზი და მთლიანად სასახლეც აკურთხა. მაშინაც, როგორც მისი ტაძრის მგალობელთა გუნდს, იქ მოგვიწია ყოფნამ. გვახსოვს, ზვიადი მოვიდა, გვერდით დაგვიდგა და ჩვენთან ერთად იგალობა.

      როცა ზ. გამსახურდია პრეზიდენტად ავირჩიეთ (აბა, ისევ გ. გუმბარიძეს, 1989წ. 9 აპრილის სისხლისღვრის ერთ-ერთ მომწყობს, ხომ არ დავტოვებდით?!), მასთან ერთად მოგვიხდა ასვლა ერთ-ერთ ძველ სალოცავში (ჩემმა მოძღვარმა სამადლობელი პარაკლისი გადაუხადა), სადაც ისევ გვერდიგვერდ მოგვიწია ლოცვა-გალობამ…

      როცა ზ. გამსახურდია გავიცანი, უკვე, მონარქისტი ვიყავი (ახლაც ასეა) და როგორ გავხდებოდი მისი თაყვანისმცემელი იმ გაგებით, რომელსაც გულისხმობთ? არც ერისკაცობაში და არც სასულიერო პირობისას, ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქიც კი კერპად არასდროს გამიხდია და ერისკაცს როგორ გავაკერპებდი? სხვათაშორის, ხომ არ დაგავიწყდათ, თქვენი თანამოაზრენი ზ. გამსახურდიას შეფასებაში _ უშიშროების სამსახურის ”ჭორისა და დეზინფორმაციის განყოფილების“ თანამშრომლები, მასზე და სხვა საბჭოთა დისიდენტებზე ასეთივე ხმებს რომ ავრცელებდნენ, _ შიზოფრენიკები არიანო და ფსიქიატრიულ ციხეებში ამწყვდევდნენ და ტანჯავდნენ?!. ტერმინი ”ზვიადიზმი“ (აქედან _ ”ზვიადისტი“) პირველად კრემლის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებამ იხმარა და ასე რომ აგიტაცებიათ, თქვენთვის კარგი არ უნდა იყოს…

+   +   +

   …ვინმე ხმას გაგივრცელებს, აქლემი ხარო და თითქოს, მერე ვალდებული ხარ, ამტკიცო, რომ მისსავით არ ინერწყვები (უკაცრავად _ გამოთქმაზე)…

   აქამდე, ყოველთვის ვერიდებოდით საქ. საპატრიარქოში პირადული ”თავგადასავლების“ საჯაროდ გახმაურებას, მაგრამ რახან, როგორც იტყვიან, არ ისვენებენ და ”გამოღმა“ გვედავებიან, ”გაღმა“ რომ შერჩეთ, _ ზოგიერთ მკითხველთან უკაცრავად, და პირადული ცხოვრებიდან მოგვიხდება რაღაც-რაღაცების გახსენება… იძულებულნი ვართ, ეს არასასიამოვნო თავისმართლება გავწიოთ, ოღონდ, ვინმე არ დააბრკოლოს ცილისწამებებზე ჩვენმა პასუხგაუცემლობამ. თან, ეს, შესაძლოა, სამემუარო ჟანრის ერთეულადაც გამოდგეს, რამდენადაც მოიცავს საქართველოს უახლესი ისტორიის ძალზე ტრაგიკულ მონაკვეთს…

   დიახ, 1997წ., რახან რამდენიმე მიზეზის გამო, დროებით საცხოვრებლად პარიზში გადმოვედით, ჩვენი მაკურთხეველი და მმართველი მიტროპოლიტისა და პატრიარქის ნებართვით, ხოლო იმ დროს საქ. საპატრიარქოს იურუსდიქცია დასავლეთ ევროპაში არ ვრცელდებოდა _ ეს აქ დღემდე სადავოდაა _, როგორც დიაკონი, და-ეკლესიებიდან ერთ-ერთში უნდა გადავსულიყავით, უწირავ-უზიარებელი რომ არ დავრჩენილიყავით… თუ რამ განაპირობა ჩვენი სერბულ იურისდიქციაში შესვლა, ამას ბოლოში იხილავთ. ასე, რომ აქ სახეზე გვაქვს არა სქიზმის მოწყობა, არამედ ერთი იურისდიქციიდან მეორეში გადასვლა კანონის სრული დაცვითა და ე. წ. განტევების სიგელებით, რომელიც გვაქვს როგორც ჩვენი იმჟამინდელი მიტროპოლიტის, ასევე, პატრიარქისგანაც (თუ ისურვებთ, გამოვაქვეყნებთ, კიდეც). იკითხავთ: როცა ჩვენმა საპატრიარქომ დასავლეთ ევროპის ეპარქია გახსნა, მაშინ, რატომ არ დაბრუნდი დედაეკლესიაშიო? _ ჯერ ერთი, ამას არანაირი ეკლესიოლოგიური მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან როცა ეკლესიებს ერთი ზიარებითი ბარძიმი აქვთ, მოქმედებს ზიარჭურჭლის პრინციპი; და კიდევ, ყოველი შემთხვევისათვის, ერთ შემთხვევას მოგიყვანთ…

   მანამდე კი, მცირე გადახვევა: როგორც წინა ”კომენტარებში“ იძულებით აღვნიშნეთ, ხელი დააფარეს რა ბევრისთვის ცნობილ სოდომელს, ყოველგვარი თავისთან დაბარების, ჩვენთან მოსვლისა და გამოკითხვა-გამოძიების გარეშე, ოთხი სტუდენტი თბილისის სემინარიიდან გაგვრიცხეს. ბოლოს, როცა ეროვნული მოძრაობის შიშითა და პირადად, ზ. გამსახურდიას გამოსარჩლების შედეგად, სემინარიაში ერთი წლის ჩამორჩენით აღგვადგინეს, სასწავლებელი, როგორც იქნა, დავასრულეთ, მაგრამ დიპლომის აღება ჯერ სამდივნოს ტექნიკური მიზეზით ვერ მოხერხდა და შემდეგ, 1991-92წწ.. სისხლიანი გადატრიალების შედეგად გამოწვეული უწესრიგობა (ანარქია) სემინარიასაც გადაედო და ეს პროცესი გაჭიანურდა… ამასობაში, ახალ რექტორად დანიშნეს მიტრ. აბრაამ გარმელია, რომელმაც ბრძანება გასცა, უმისოდ ჩემზე დიპლომი არ გაეცათ. ჯერ ექვსი თვე გვალოდინა, სანამ მიგვიღებდა; შემდეგ მიგვიღო, ვითარცა… ძაღლი (ხშირად, ძაღლს უფრო თბილად ექცევა ადამიანი), მაგრამ დაუფარავად განგვიცხადა, რომ ჩვენს თხოვნაში, რომლის საფუძველზეც სემინარიაში აღგვადგინეს, არ ჩანდა სინანული იმაზე, რაც ყოფილ რექტორს ”დავაბრალეთ“ და ამიტომ, დიპლომს ვერ მივიღებდი. მისგან, ჩვეულებისამებრ, ლოცვა-კურთხევა ავიღეთ და მისი კაბინეტი უსიტყვოდ დავტოვეთ. არადა, ყოფილი რექტორისთვის არაფერი დაგვიბრალებია, _ ჩვენს კორექტულ შეკითხვაზე დაიბნა, შეშინდა და თვითონვე დაგვიწერა ხელწერილი, რომ სემინარია-აკადემიის რექტორობიდან გადადგებოდა… იხ. ეს დოკუმენტი ჩვენს ელ-გვერდზე: http://saqme.fr/mxileba.mht _ ე. ი. ახალი რექტორი, მღვდელმთავარი, იმის მაგივრად, რომ სიმართლე გამოერკვია და უზნეობის წინააღმდეგ გაელაშქრა, პირიქით, სოდომელობის მაღიარებელს საეჭვოდ ხელს აფარებდა და მაიძულებდა, რომ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წავსულიყავი და სიცრუე მეთქვა… არადა, ამ დროს, უკვე, გელათის სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდით და მისი რექტორი, არსებული წესის თანახმად, სრულიად სამართლიანად, სემინარიის დიპლომს გვთხოვდა; _ წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიცხვა გვემუქრებოდა… თანაც, უკვე, საშუალო სკოლებსა და სასულიერო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად ვმუშაობდით და იქაური დირექტორებიც, ბუნებრივია, მთხოვდნენ დიპლომს, რომელიც, იმისდა მიუხედავად, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ყველა საგანი ფრიადზე გვქონდა ჩაბარებული, არ მომცეს. შემდეგ, რა უნდა გვექნა; მის ნათლულ ედუარდ-გიორგის ხომ არ შევჩივლებდით?! ისევ, მის უწმინდესობას შევჩივლეთ, რომელმაც ასეთი პასუხი შემოგვითვალა: მე სემინარიაში არც მიმიღიხარ და არც გამირიცხიხარო… _ ერთ წინადადებაში ორი ტყუილი იყო: სწორედაც, მან მიგვიღო (საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე იყო) და მანვე გაგვრიცხა (ფორმალურად _ რექტორმა, გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, _ მან). ასე ”პარტიზანულად“ გავაგრძელეთ სწავლა სასულიერო აკადემიაში (ამ დიდებულ სახელს მას პირობითად თუ უწოდებდით), რომლის რექტორი, შედარებით, სინდისიერი კაცი აღმოჩნდა და ბოლოს, როცა დარწმუნდა, საქმე რაშიც იყო, მართალია, სიმართლის დასაცავად უზნეობის წინააღმდეგ თავი არ შეუწუხებია, მაგრამ აკადემიის დიპლომი მაინც გადმოგვცა, ოღონდ, თხოვნით _ აქამდე ეს საჯაროდ არ გვითქვამს! _, დიპლომი არსად გამომეჩინა (ამ ლოცვა-კურთხევამ იმდენად დაგვაბნია, რომ დაგვავიწყა, მისთვის გვეკითხა: სიდედრისათვის ჩვენების უფლებას მაინც თუ მიტოვებდა, იგი ”უდიპლომო სასიძოს“ კომპლექსით რომ არ დამეზიანებინა)… რა ხდება, მართლა ბნელა?! რომელი უფლებით?! განა, იბერიის უძველესი, უწმინდესი და უნეტარესი ეკლესია შიოლაშვილებისა და თეთრუაშვილების საკუთრებად იქცა?!. გვახსოვს, საშუალო სკოლის ასაკში, ერთი მხრივ, გაუცნობიერებლად და მეორე მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებში ე. შევარდნაძის ც.კ-ის I მდივნობის დროს გამეფებული მექრთამეობისადმი (კორუფცია) წინააღმდეგობის ნიშნად, მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლის წყურვილი დაგვეუფლა (მღვდლობა ნამდვილად არ გვსურდა), მაგრამ როცა ეს ჩვენს უახლოეს უფროს მეგობარს გავანდეთ, მან ირონიულად გვითხრა, ჩემი მეზობელი, რომელიც ახლა მღვდელია, მანდ ქრთამით ჩარიცხეს (გვახსოვს, თანხაც დაასახელა) და გამოცდებს, თურმე, ”კა-გე-ბე“ (”კომიტეტ გოსუდარსტვენნოი ბეზოპასნოსტი“ _ ს. უ. კ.) იბარებსო… ამის მოსმენამ მყისიერად ჩაგვიკლა არსებული ეკლესიისადმი ლტოლვა და ფიქრი ისევ კონსერვატორიისა და უნივერსიტეტისკენ გავაგრძელეთ, რადგან ქრთამი და მიკერძოება საერო დაწესებულებაში ნაკლებად ამაზრზენია, ვიდრე საეკლესიოში. მაგრამ ”გარდაქმნის“ გამოცხადების შემდეგ, როცა ათეისტური რეჟიმი მომაკვდავის რეჟიმში გადავიდა და ეროვნული მოძრაობა იღვიძებდა, ჩვენშიც კვლავ გაიღვიძა სასულიეროში სწავლის დროებით მიძინებულმა ლტოლვამ*: ზურგი ვაქვიეთ მუსიკისა და პოეზიის _ სტრავინსკის ”საღმრთო (კურთხეული) გაზაფხულივით“ მზარდ _ ”მუზას“, მივატოვეთ კონსერვატორიის კედლები და დიდი მუსიკის შეთხზვისა და ქართულ-მსოფლიო კლასიკის შედევრთა დირიჟორობის ჟინი, ფილოსოფია-ფილოლოგიას დაწაფების საუნივერსიტეტო ოცნება და პოეტური შემოქმედება… და ღვთისმეტყველ (თეოლოგ) ერისკაცად სამუდამოდ დარჩენის სურვილით, 1988წ., ჩავაბარეთ იმ წელს მცხეთიდან თბილისს გადმოტანილ სემინარიაში (სადაც აკადემიაც გახსნეს და გამოცდებზე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, უკვე, ”გარდაქმნილი“ ინსპექტორი ”მეთვალყურეობდა“), მაგრამ… საღვთო ცოდნას დაწაფების ყრმობიდან მოყოლებული ეს წყურვილი ქართველმა იერარქებმა, აი, ასე ”მომიკლეს“…

   _ აღმოხდება ბოროტ გენიას: ა…, დიპლომი არ მიუციათ და ამიტომაა დაბრკოლებულიო… _ არა, ბატონო, ჩემო (თანაც, იმხანად, უკვე, აღარც სასიძო გახლდით და არც პოლიგამისტობას ვაპირებდი…)! ეკლესიაში ჩვენი მიზანი რომ დიპლომი და კარიერა ყოფილიყო, ამას, როგორმე, მოვახერხებდით, რადგან ამაში ხელს არც ”აკადემიური მოსწრება“ გვიშლიდა (რაც ახალმა რექტომმა, მის დროს რომ არც ჩაგვიბარებია და არც დაგვიმთავრებია, ფორმალურ მიზეზად გამოგვიცხადა) და ამისთვის ელემენტარული რამ იყო საჭირო _ უზნეობაზე თვალი დაგვეხუჭა (ძნელი მხილება, თვალის გახელა და ახელაა, თორემ დახუჭვა ადვილია)… _ სულმდაბლობა და უზნეობა უნდა გვირევდეს გულს!

   …როცა საფრანგეთში ვიზიტით მიტროპოლიტი აბრაამი მოავლინეს (მღვდელ გიორგი ზვიადაძესთან ერთად), მიუხედავად ზემოაღწერილი პრეისტორიისა, ღვთის მადლით, თავი დავიმცირეთ და მას პარიზში მაინც ვეახლეთ სამღვდელმთავრო პატივის მიგებით, საზოგადო ზრდილობის დაცვით და მაინც, ადამიანური სიყვარულით. მაგრამ მან, როგორც იტყვიან, ზედაც არ შეგვხედა, ისევ, როგორც ძაღლს, ისე მოგვექცა; ლოცვა-კურთხევის მოცემაც არ უნდოდა, მაგრამ როცა ხელები გავუწოდეთ და თავი დავუხარეთ, თავი გვერდით შეატრიალა და ასე უგულოდ გაგვიკეთა ხელის რაღაც მოძრაობა, თავიდან მოცილების ჟესტს რომ უფრო ჰგავდა, ვიდრე ჯვრის გარდმოსახვას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ საქ. ეკლესიის კლერიკოსი ვიყავით, ერთი სიტყვაც კი არ გვითხრა; მხოლოდ, როცა ჩემი მეუღლე მასთან მივიდა და ჰკითხა, მეუფეო, ასე რატომ გვექცევითო, უთქვამს ჩვენზე, _ საქართველოდან კურთხევის გარეშეა წამოსუილიო. როცა ამაზე პასუხი მიუღია, რას ამბობთ, პატრიარქის ნებართვის ქაღალდი ხელთა გვაქვსო, არც კი უნახავს. იმავე თუ მეორე დღეს, შემთხვევით გავიგეთ, რომ ლევილის ქართულ მამულში მოსულა. მაინც მოვძებნეთ, მივედით მასთან, ვაჟას ”სტუმარ-მასპინძელი“ გავიხსენეთ და ჩვენს ოჯახში სუფრაზე დავპატიჟეთ, რათა ქრისტეანულ-ქართული პატივი გვეცა, რაზეც სასტიკი უარი გამოგვიცხადა (მადლობაც კი არ უთქვამს) და მ. გიორგისთან, რიგორც ჩვენს სემინარიელ ჯგუფელთან და მონატრებულ სულიერ ძმასთან, თუნდაც, პირადი, ძველმეგობრული მოსიყვარულების საშუალებაც კი არ მოგვცა. საჭიროდ ვთვლით, შევნიშნოთ, რომ მღვდელმთავარი ლევილში საერო ტანსაცმლითა და სიგარეტით ხელში ბრძანდებოდა (ეს მხოლოდ ჩვენ რომ გვეხილა, დაფარულში, პირადად ვამხელდით, როგორც უფალი გვასწავლის და აქ არ დავწერდით).

   ბატონო კანონისტო (დ. ჩიკვაიძეს მივმართავთ), ჩვენ რომ მიკერძოებულად გვიკიჟინებთ, კანონი ჩვენს საქმეებში ჩარევას გიკრძალავსო, რაც, უკვე, ავხსენით, რომ ასე არაა, _ იქნებ, გაგვახსენოთ, რას უკრძალავს კანონი ბერ-ეპისკოპოსს და უკრძალავს თუ არა კანონი პატრიარქს ასეთი პიროვნების ჯერ მღვდელმთავრად არჩევას და მერე, _ დატოვებას?!. ან, იქნებ, მოიძიოთ, საერთოდ, რას უკრძალავენ კანონები პატრიარქს?

   ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ზემოთ მოვყევით, დიდი სურვილიც რომ დაგვრჩენოდა, როგორღა მოგვეხერხებინა საქ. საპატრიარქოში დარჩენა (სხვათაშორის, ილია II 8 წელი რუსული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა, მღვდლადაც იქ ეკურთხა და ეს მისთვის არავის დაუყვედრებია)? ან, ალბათ, იტყვით, რომ ერთი კაცის გამო შენს დედაეკლესიას ზურგი არ უნდა შეაქციოო. _ მართალსაც იტყვით! მაგრამ როცა დასავლეთ ევროპაში საქ. ეკლესიის იურისდიქცია გაიხსნა, სწორედ ეს მიტროპოლიტი დანიშნეს მის მმართველად და ეს ერთი კაცი უნდა ყოფილიყო ჩემი მამა და მოძღვარი, რომელთან ერთადაც წირვა-ლოცვები უნდა აღგვესრულებინა; და თუ ამ ერთ კაცს არ უნდიხარ და ბიოლოგიურად ეზიზღები იმის გამო, რომ ბიოლოგიურად გეზიზღება კაცის კაცთან დაწოლა, რა უნდა ჰქნა? გვაპატიეთ, და ღვთისმსახურება ჩვენთვის ჩვეულებრივი სამსახური არ არის, სადაც ყველანაირ ადამიანს აიტან უფროსად. წირვა-ლოცვა თეატრი კი არ არის, სიყვარულობანა რომ უნდა ითამაშო! როგორ გადმოვა სულიწმინდის მადლი იმ საკურთხეველში, სადაც, სხვას რომ თავი დავანებოთ, უსიყვარულობა სუფევს? მღვდელმთავარი ხომ უსისხლო გენერალივით კი არა, მოსიყვარულე მამასავით უნდა გექცეოდეს?! როგორ შემოიკრიბებოდა მრევლი ისეთი ურთიერთობის შემყურე, ჩვენს შორის რომ იყო? ამას რომ ვწერთ, ამ პიროვნებისადმი უფრო მეტი სიბრალული შემოდის ჩვენში, მაგრამ მისთვის, შემიძლია, ვილოცო, მხოლოდ და მასთან ვილოცო _ არა (როგორც წინა ”კომენტარებშიც“ განვმარტეთ).

   ასე იძულებით აღმოვჩნდით სერბულ ტაძარში. სერბული ეკლესიის საკითხი კი, როგორც თქვენვე ამტკიცებთ, თქვენ აღარ გეხებათ (ეს სწორედ ის საკითხია _ შიდაადმინისტრაციული _, რომელიც მართლაც აღარ გეხებათ, რადგან ჩემი ყოფილი სერბი ეპისკოპოსი ემიგრაციულ ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასწრების ნებასაც გვრთავდა და ზიარებისასაც, რადგან ბელგრადის საპატრიარქო, შესაძლოა, იცით, ისტორიულად, ყოველთვის მოწიწებით ეპყრობოდა ემიგრაციულ ეკლესიას). ხოლო რამ გვაიძულა, უკვე, სერბულიდან ემიგრაციულში გადასვლა, ამას, როგორც დაგპირდით, ბოლოს მოგახსენებთ. მანამდე კი, გეტყვით: თუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას კარგად შეისწავლით, ნახავთ, რომ ემიგრაციული ეკლესია ჩამოყალიბდა წმ. პატრიარქ ტიქონის 362-ე ბრძანების საფუძველზე და კანონიკურადაც და ეკლესიოლოგიურადაც ყველაფერი გამართული იყო, რაც ცნო მაშინდელმა მსოფლიო ეკლესიამ, ცხადია, ”გაწითლებული“ სამღვდელოების გარდა…

______________

   *ამაში ღვაწლი მიუძღვით ეპ. ქრისტეფორე წამალაიძეს (საბერძნეთის ერთ-ერთი განხეთქილება), ამჟ. ეპ. სპირიდონ აბულაძესა (სხალთის ეპარქია _ საქ. საპატრ.) და ამჟ. დეკ. ზაქარია ფერაძეს (კვიპროსის კუნძული _ საქ. საპატრ.), რომლებმაც თავიანთი ცოცხალი რწმენით, პიროვნული პატიოსნებითა და უშიშარი ქადაგების პირადი მაგალითით _ ქვეყნიერების რწმენაში მოქცევა რომ სურდათ და ეს მეც გადმომდეს _ დამაჯერებლად გამაცნობიერებინეს, რომ ადამიანის, ერისა და კაცობრიობის გადარჩენის გასაღები ეკლესიაში ძევს და თავი ჩვენი შემქმნელის საქმეს უნდა მივუძღვნათ. ამ სამმა ადამიანმა** მშვა ქრისტეში ”ახალ ადამიანად“, რადგან მანამდე ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობისათვის თავგანწირვა და პოეტური მუსიკა და მუსიკალური პოეზია წარმოადგენდა… მოგვიანებით, მათ იდეებს ჩვენში მართლმადიდებლური ფრთები შეასხა თბილისის, წმ. პეტრე-პავლეს ტაძრის დეკ. არჩილ მინდიაშვილმა, რომელიც ეპ. ქრისტეფორეს შემდეგ, გახდა ჩვენი მეორე მოძღვარი… ხოლო თუ რატომ ”მეორე“, ამაზეც, საჭიროდ ვთვლით, მოგახსენოთ, რახან ერთ-ერთი ”ფორუმელი“ [”კაიროსი“ _ იგივე სერგო (სოსო) ფარულავა] ”სამსაპატრიარქოგამოცვლილ მღვდლად“ მოგვიხსენიებს და მოძღვართა ”გამოცვლის“ შეპირაპირებით, იქნებ, საპატრიარქოთა ”გამოცვლის“ (არა სამის _ ორის) დედააზრის ჩაწვდომა გავუადვილოთ:

______________

______________

   **მათ გაცნობამდე ნანახი მყავდა მხოლოდ ისეთი ”მღვდლები“, მათ და მათნაირებს ახლაც რომ გავურბივარ… მაგრამ, ბავშვობიდან მოყოლებული და ასეთი ”მღვდლებისგან“, სკოლისგან და სახელმწიფოსგან გაბზარული რწმენა ისევ შემიხორცა ამ სამი კაცის მაშინდელმა მოშურნეობამ. მართალია, ჩვენი ”ნავები“, კარგა ხანია, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიმართულებით ცურავენ, მაგრამ მათდამი ადამიანური მადლიერება და სიყვარული უფალმა ნურასოდეს გამინელოს!

   დიახ, ”ბიბლიაში“ ხაზგასმულია: ებრაელმა ხალხმა ირწმუნა უფლისა და ირწმუნა მოსესი.

   როგორც ლუდვიგ-ვან ბეთჰოვენი ეძებდა თავის მომავალ მოძღვარს _ ქრისტიან-გოტფრიდ ნეეფეს, ისე (შედარებითად და რა თქმა უნდა, არა გატოლებითად _ შდრ. I კორ. 11,1) ყრმობიდანვე ვეძებდი სულიერ მამას და განგებამ ამად ეპისკოპოსი მარგუნა.

   ეპ. ქრისტეფორე წამალაიძე ერისკაცობაში გახლდათ პროფესიით ეკონომისტი კაცი, რომელიც, გახდა რა სიძე ”ბაპტისტური“ ოჯახისა, მისი გავლენით, ამ პროტესტანტულ მიმდინარეობას _ ”ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიას“ დაუკავშირდა (სიდედრი ცნობილი ბაპტისტი იყო კავკასიაში). ბუნებით პატიოსანი ადამიანი იყო და ესმა რა ქრისტეზე, მთელი გულით შეუვრდა ”სახარებას“. ამ დაჯგუფებაში, რომელიც სარწმუნოების გავრცელებას მეტად ცდილობდა, ვიდრე საპატრიარქოს ეკლესია, მქადაგებლად დაადგინეს, რადგან ჰქონდა საერო (საუნივერსიტეტო) განათლება და იმჟამად, კულტურის სამინისტროში მუშაობდა. მალე, პატრიარქად მისი კუთხის _ მოხევე კაცი დაადგინეს და ამის ზემოქმედებითაც ქართული ეკლესიის დაქვებდებარებაში გადმოვიდა; მაგრამ ყოველგვარი მართლმადიდებლური მომზადების გარეშე (რაზეც, პირველ რიგში, პატრიარქ ილიას უნდა ეზრუნა): პროტესტანტული წარმოდგენებით, რაც ცნობიერად გამოჰყვა და გამოჰყვა… ”რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“ _ მასზე დაუწერიაო ეს აფორიზმი ნ. ბარათაშვილს! მაგ., როგორც პროტესტანტობის ყველა დენომინაცია, ისიც არ აღიარებდა ღვთისმშობელს ”უპატიოსნესად ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთასა“ და ეს ჩანართი (მისამღერი) ”ღირს-არსის“ ლოცვიდან ამოღებულიც კი ჰქონდა და ასე ავრცელებინებდა (როგორც მოგვიანებით შევიტყვე)…Aეს, ამ ბავშვური ბუნების კაცს, ანგელოზებისადმი გულუბრყვილო შიშითა და პატივისცემით მოსდიოდა, _ აქაოდა, არ ვაწყენინოთ, მათზე მაღლა ვინმე რომ დავაყენოთო (!); ბოლომდე არ სცნობდა წმ. მამათა ავტორიტეტს და ”სჯულისკანონს“… მაგრამ გასაოცარია, რატომ არ აღიარებდა (დღესდღეობით _ აღარ ვიცი) ღმერთკაც ქრისტეს შემოქმედად, როცა ეს ასე სწამს ყველა პროტესტანტს?! აი, ასეთი თეოლოგიური ბაზის მქონე, მართლმადიდებლობაში ახალმოქცეული ომარ (თორღვა) წამალაიძე დაადგინა დიაკვნად და ხუცესად (მღვდლად) კათალიკოსმა. უკვე, მამა თორნიკემ თბილისის ”სიონის“ ტაძარში გააგრძელა მისიონერული სულისკვეთების საქმიანობა: ქადაგება, ურთიერთობა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდობასთან. შენიშნეს რა მხურვალედ მქადაგებელი და პატრიოტული სულისკვეთებით მოცული ღვთისმსახური (რაც სანთლით საძებარი იყო ”უძრაობის ხანაში“), მას დაუკავშირდნენ ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა (სხვა დისიდენტებიც), რომლებიც პირდაპირ ეძიებდნენ ასეთ თანამოაზრებს. მერე, ერთად დადიოდნენ ხალხის რწმენაში მოსაქცევად და პატრიოტული გრძნობების გასაღვივებლად. ქართული ეკლესიის ”ქუაბ-ავაზაკთაგან“ განწმენდას _ ახალი ”რუის-ურბნისის“ მოწყობას ესწრაფვოდნენ სამივენი. განსაკუთრებით, ზვიადი ყველანაირად მხარში ამოუდგა პატიოსნად მოღვაწე კაცს (ნათელ-მირონულადაც დანათესავდნენ); ეს უკანასკნელიც იფარავდა, თავისთან მალავდა ხოლმე დასაპატიმრებლად ძებნილ დისიდენტს. ბუნებრივია, ეს მხედველობის არედან არ გამოეპარებოდა ”უშიშროების“ სამსახურს და ამუშავდა ერთობლივი მანქანა: სახელმწიფო+საპატრიარქო…

   მ. თორნიკე, იყო რა ”თეთრი სამღვდელოების“ წარმომადგენელი (ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი), მოულოდნელად დაბარებულ იქნა საპატრიარქოში და… _ მღვდელმთავრობა შესთავაზეს. მოგეხსენებათ, VI წმ. მსოფლ. კრების (VIIს.) გადაწყვეტილებით (12), მომავალი ეპისკოპოსობისთვის განკუთვნილი პირი უნდა აირჩეს ”შავი სამღვდელოებიდან“ ანუ უკვე ბერად აღკვეცილ მსახურთაგან; ან თუ ეკლესიას სჭირდება რწმენითა და ცოდნით გამორჩეული ოჯახიანი კლერიკოსის (ან ერისკაცის) მღვდელმთავრად დაწინაურება, ხდება შემდეგი: ღვთისმსახური ან დაქვრივებულია (ცოლის შერთვის უფლება კი აღარა აქვს), ან მისი მეუღლე, მისივე სურვილით თუ ღვთისა და სამშობლოსათვის მსხვერპლგაღებით, ქმართან შეთანხმებით, დგამს იგივე ნაბიჯს და მონაზვნად იღკვეცება აწ უკვე ყოფილი მეუღლისგან შორეულ მონასტერში (თუ ღირსეულია, იღუმენიად ანუ წინამძღვრად დგინდება _ სხვა კანონი). აქედან გამომდინარე, უპირატესისგან (მიტროპოლიტისგან, პატრიარქისგან) ხდება მეუღლე წყვილის დაბარება, ამ ყველაფრის ახსნა და შეთავაზება (ან თხოვნა). ამ წეს-კანონის, ისევე, როგორც ყველა კანონის, შეცვლის უფლება არათუ პატრიარქს, არც რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას და არც ყველა ეკლესიას, ერთად აღებულს, აქვს, რადგან როგორც იგივე (VI) კრების პირველივე კანონი ხმობს: მათ ”სოფლის აღსასრულამდე შეურყევლად და შეუცვლელად დატოვებას ვადგენთ“.

   მოგვიანებით, თვითონ მღვდელმთავარი ქრისტეფორე ამბობდა ჩვენთნ პირად საუბრებში, რომ ამით _ ეპისკოპოსად კურთხევით _ მოიშორეს თბილისიდან (”საშიში ზონიდან“), რადგან სხვაგვარად ოჯახიან კაცს პროვინციაში გადასვლას ვერ აიძულებდნენ და გამონახეს გამოსავალი: თან დააწინაურეს, თან ”განარიდეს“, რადგან ეპარქიასა და დედაქალაქში ორი მღვდელმთავარი ვერ იქნებოდა (თბილელი მიტროპოლიტის კათედრა კარგა ხანია, გაუქმდა) _ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსიც ხომ კათალიკოს-პატრიარქია. გადაიყვანეს ჯერ მესხეთ-ჯავახეთის, ოთხ თვეში კი ნიკორწმინდის ეპარქიაში (იმ დროს, ბავშვობაში, იქ ვისვენებდი და მახსოვს, წმ. ნიკოლოზის სახ., დიდი პოეტისგან ქებათა ქებაშესხმული, ტაძარი არც მოქმედებდა). ჰოი, საოცრებავ! _ ეპ. ქრისტეფორეს მეუღლემ, დაახლოვებით 15 წლის შემდეგ, პირველად ჩემგან გაიგო ზემოხსენებული კანონები (როგორც თვითონვე მითხრა გაოცებულმა); ანუ პატრიარქს ეს ქალბატონი არც დაუბარებია თავისთან, არც არაფერი აუხსნია მისთვის, არაფერიც უთხოვია და ისე შეუყენა ქმარი ბერად ახალგაზრდა ქალს… ისიც უნდა ითქვას, რომ არათუ მის მეუღლეს, თვით მომავალ ეპისკოპოსსაც არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული ეპისკოპოსობისა და ბერობის რაობა.

   ახალდადგენილი ეპისკოპოსი აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, უკვე ეპარქიებში. დიდხანს არც რაჭაში აჩერებენ, ერთ წელიწადში ზემო იმერეთში გადმოჰყავთ, მარგვეთის ეპარქიაში (სადაც გავიცანი, კიდეც და დავუახლოვდი). მისიონერი, რომელიც ამავე დროს კომუნისტურ სისტემასაც ამხილებს, არ ჩერდება და შესაბამისი სამსახურებიც არ ჩერდებიან: უწყებენ დევნას, უწყობენ ავტოკატასტროფის მცდელობას, ერთ-ერთ ოჯახში წამლავენ გულის შეტევამდე, მას და მის რეზიდენციას შორიახლო დარაჯობენ და დასტრიალებენ მაღალანტენიანი სპეცმანქანები; განსაკუთრებით, მაშინ, როცა დისიდენტები სტუმრობენ (ეს საკუთარი თვალითაც გვაქვს ნანახი).

   ქრისტეფორე წამალაიძე ბუნებით მოსიყვარულე, კეთილშობილი ადამიანია. მისგან ყველას მიმართ მოედინებოდა სიყვარული და მამობრივი ზრუნვა (განსაკუთრებით, ჩვენზე _ მის უახლოეს გარემოცვაზე, მომავალ სემინარისტებზე), რომლის მსგავსი არათუ მანამდე არვისგან მიგრძვნია, სხვა სასულიერო პირებსაც არ გააჩნდათ. მე იგი ნამდვილი მამასავით შევიყვარე (მით უფრო, ის იყო ჩემი შეყვარებულის _ მომავალი მეუღლისა და რამდენიმე ახლობლის მოძღვარიც); ისე, რომ გადაწყვეტილი მქონდა, მთელი ცხოვრება მის გვერდით ვყოფილიყავი, როგორც, გნებავთ, მდივანი, მსახური თუ მცველი (ეს _ დამცველობა _ ჩემს სულიერ ძმებთან ერთად, მიხდებოდა, კიდეც, როცა ის უზარმაზარ მიტინგებს მიუძღვოდა, ზვიადთან და მერაბთან ერთად***).

______________

______________

______________

   ***რამდენადაც, ეპ. ქრისტეფორე იმ დროს მათი მოძღვარიც იყო, მათი სულიერი ძმაც გამოვდიოდით და თუნდაც, აქედან გამომდინარე, გვქონდა მათთან ახლო, კეთილი დამოკიდებულება და არამხოლოდ _ როგორც ეროვნული საქმის თავკაცებთან; ”აგენტების“ გარემოცვაში მყოფი დისიდენტები ამიტომაც გვეპყრობოდნენ ამ პატარა ბიჭებს ნდობით, პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით.

 

   მიუხედავად მღვდელმთავრისა და მოძღვრისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, როცა სარწმუნოებრივ-დოგმატურ საკითხებში ცოტა გავთვითცნობიერდით, სულიერმა შვილებმა (სემინარისტებმა) მორიდებულად რამდენიმეგზის შევკადრეთ, ეკლესიის დოგმატების დამახინჯებას (რაზეც ზემოთ ვწერდით) რომ არ ვიზიარებდით; რომ ამით ამ ცოდვის თანამონაწილენი არ გავმხდარიყავით. ამას დაემატა ზნეობრივი საკითხიც: მიუხედავად იმისა, რომ ეპ. ქრისტეფორე რამოდენიმე წელი ცდილობდა სამონაზვნო ქალწულების დაცვას (ოჯახში _ !), 1988წ. მეოთხე შვილი გაუჩნდათ… ახლა, უკვე, ეს გახდა ჩვენი დამაბრკოლებელი, ხოლო მისთვის დასაყვედრებელ-წამოსაძახებელი (მაკომპრომატირებელი) _ საპატრიარქოს მხრიდან. მეუფე თავისას არ იშლიდა და იძულებულნი შეგვქმნა, მწარე გრძნობით განვშორებულიყავით: ”გამოთხოვების ხელოვნებისთვის, ნუთუ, არვინ არს პოეტის მეტი?“ (გალაკტიონი). ამ შემთხვევაში, ისაკს უნდა შემეწირა ჩემი აბრამი… _ ვიცი, რომ თქვენც იცით, მეუფეო, არისტოტელეს ფორმულა: ”პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება _ უფრო ძვირფასი“. ეს იყო ჩემი ბოლო სიტყვები მასთან მტკივნეული, მაგრამ სავალდებულო დაშორიშორებისა (თუმცა, ეს ადამიანი დღემდე ამაღლებული გრძნობით მიყვარს და არასდროს დამავიწყდება).

   ასე გავხდით იძულებული, არცთუ საპატრიარქოს ”დაუხმარებლად“, სულიერი მოძღვარი შეგვეცვალა. არა დასაქადებლად, _ ვინმემ რომ არ იფიქროს, ჩემს ყოფილ მოძღვარზე პიროვნულად ნაწყენი ვარ და ამიტომ ვაქციე იგი ”ყოფილად“, გავიხსენებ, რას მეძახდა მოფერებით _ ”პატარა გრიგოლს“ (20 წლის ასაკში მწერალ გრიგორი**** რობაქიძეს მადარებდა*****). მისგან ჩემს მიმართ, სიყვარულისა და პატივისცემის მეტი, არაფერი მახსოვს.  

______________

______________

______________

______________

   ****”გრიგორი“ და არა ”გრიგორ“, რადგან ეს სახელი ორიგინალში (γρηγορέω, ძველბერძნ. ”გრეგორეო“) ხმოვანფუძიანია, ისევე, როგორც მაგ., γηώργιος (”გეორგიოს“) და ქართ. სახელობით ბრუნვაში არ ვამბობთ ”გიორგ“ (”გრიგორ“), არამედ ”გიორგი“ (”გრიგორი“). მსგავსია ”ბასილი“ და მისთ..

   *****ამას თუ ვინმე მაინც დაქადებად ჩაგვითვლის, წმ. პავლე მოციქულის რჩევასღა მოვიშველიებთ: ვინც იქადოს, ღმერთით იქადოს!

 

   გავიდა 7-8 წელიწადი და როცა საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლამ მომიწია, საფრანგეთიდან განგებ ჩავედი გერმანეთში (1997-8წწ..), სადაც გვერდიდან განრიდებული, მაგრამ გულიდან ვერმოშორებული ყოფილი მოძღვარი მეგულვებოდა (იმჟამად, ოჯახთან ერთად, იქ ლტოლვილობდა). ვფიქრობდი, _ ეგებ ემიგრანტულმა ნოსტალგიამ მაინც ჩააღრმავა იმ საკითხებამდე, რამაც გაგვთიშა! მეც კიდევ ერთხელ მოვიხდი ჩემს მოვალეობას ღვთისა და მის წინაშე _ სულიერ ფარაში დავაბრუნო საჩეხეში მიდენილი მწყემსი-თქო… ადამიანურად გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით… მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ადამიანურად. ბევრი რამე გავიხსენეთ. მახსოვს, იქ მომითხრო: ზ. გამსახურდიამაც მთხოვა, ერეტიკულ აზრებს ნუ გაავრცელებო; რის გამოც ”კოლხური კოშკიდან“ ნაწყენი წამოვედიო…

   ეს იყო ჩემგან მისი ბოლო მხილება. მალევე სამშობლოში დაბრუნდა  და მის მერე, დღემდე აღარანაირი კავშირი გვქონია ერთმანეთთან.

   ახლა, შევეხოთ მისი განკვეთა-არგანკვეთის საკითხს.

   საეკლ. კანონით, არსებობს დასჯის საფეხურებრივი ფორმა: გაცილებით მსუბუქი დარღვევისათვის (ცოდვას გააჩნია) ღვთისმსახურს ჯერ სიტყვიერად აფრთხილებენ, შეუსმენლობის შემთხვევაში მღვდელმოქმედების უფლებას უჩერებენ (დროებით განაყენებენ _ ძვ. ენაზე _ დააყენებენ), ხოლო კვლავ გამოუსწორებლობისთვის ხარისხიდან განკვეთენ (სამუდამოდ განყენება) ანუ ერისკაცად ჩამოაქვეითებენ. გვინდა თუ არ გვინდა, ასე იყო თუ ისე იყო, სამწუხაროდ ეპ. ქრისტეფორემ, დიდი ხანია, განკვეთა დაიმსახურა წმინდად სარწმუნოებრივ და ზნეობრივ მიზეზთა გამო. მაგრამ დღემდე ის განუკვეთელია, მხოლოდ დაყენებულია (სხვა საკითხია, რომ მისი დამსჯელები თვითონაც არიან დასასჯელები). ამაზეც არსებობს საეკლ. კანონი და ამას საღი აზრიც ეთანხმება: თუ დაყენებული სასულიერო პირი ერთხელ მაინც ეცდება სამღვდელო მსახურების გაწევას, ის, თუნდაც ამისთვის, დაუყონებლივ (ავტომატურად) განეყენება საბოლოოდ. აქ კი რა ხდება? _ როგორც საქ. სინოდის გადაწყვეტილებებიდან (ოქმებიდან) ჩანს, არა ერთხელ და ორჯერ, წლების მანძილზე ხდება ეპისკოპოსის გაფრთხილება; ის კი ძველებურად ასრულებს ”მსახურებას“. უფრო მეტიც, სინოდი შესაძლებლად უშვებს მის აღდგენასაც ხარისხში (რაც შეუძლებელია), თუ მას დაემორჩილება და მონასტერში მოინანიებს… ესაა არგაგონილი ამბავი: პატრიარქისა და სინოდის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, ბოროტად გამოყენება, წმ. კანონთა უხეში დარღვევა (ამ საკითხზე პირადად გვქონია საუბარი პატრიარქთან, ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაწელში). ეპ. ქრისტეფორეს, გამომდინარე ცოდვების სიმძიმიდან******, მღვდელმსახურების ხარისხის დაბრუნება არანაირად ეკუთვნის (საპატრიარქო კი ამას ჰპირდება). რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა რელიგიური პროვინციალიზმი, ზეპაპიზმი, სულიერი უილაჯობა და გონებრივი უუნარობა (ბერძნ. მარაზმი)?!.

______________

______________

______________

______________

______________

   ******ბერს, თუნდაც ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრება, სიძვად ეთვლება. ამ ცოდვის ჩამდენი სასულიერო პირი _ იპოდიაკონიც კი _ უცილობლად განიკვეთება.

 

   ამ, პიროვნულად სამწუხარო და ეროვნულად სამარცხვინო, ისტორიაში კი ყველაზე სამწუხარო და სამარცხვინო ესაა: სინოდი ბოლომდე ”არ იმეტებს“ ეპისკოპოსს, რადგან ეს უკანასკნელი, თუ აქამდე მხოლოდ ”სოფლის საბჭოზე“ საუბრობს, მერე მისი ”თავმჯდომარის გვარსაც დაასახელებს“… ეს იცის ორივე მხარემ და ასეთი გუმანური (ჰუმანური არ გეგონოთ) ურთიერთგარიგება ძალაშია. მეორე მხარეზე რა მოგახსენოთ და _ ეპ. ქრისტეფორეს პატიოსან კაცად ვიცნობდი (იმიტომაც დავუდექი გვერდით). მას მაინც არ ეკადრება სიმართლის ბოლომდე ართქმა და ბოლომდე არგახსნა ”შავი ყუთისა“ (საარქივო საცავისა), რაც, ალბათ, ქართულ დღევანდელობას შემოატრიალებდა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: