ეროვნული პრინციპი ეკლესიაში

kirionii

წინა ორ სტატიაში[1] საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი სამი – ისტორიული, კანონიკური და პრაქტიკული კუთხით განვიხილეთ. ქართული ტომის მიერ საკუთარი ეკლესიის საკითხის წამოყენების სრული და საბოლოო დასაბუთებისთვის, საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონიკური არგუმენტი გამოვიყენოთ – წმიდა მოციქულთა 34-ე კანონს ვგულისხმობთ. განზრახული გვაქვს ამ კანონის საფუძველზე ჩვენს მოხსენებებში კიდევ ერთხელ – სამართლებრივი კუთხით გავაშუქოთ ქართული ეკლესიის საკითხი.

საქართველო (ივერია) 1811 წლამდე განსაკუთრებულ საეკლესიო რეგიონს (ერთეულს)  წარმოადგენდა და საკუთარი ეკლესიის ათასწლიანი ავტოკეფალიის გარდა, უფლება აქვს ქონდეს დამოუკიდებელი, ეთნიკურ პრინციპებზე დაფუძნებული ეროვნული ეკლესია, რომელიც  ქრისტიანობის ერის დასაწყისშივე იქნა აღიარებული.

როგორც ცნობილია ეკლესიის მიერ ეროვნულობის პრინციპი მისი ისტორიის დასაწყისშივე იყო აღიარებული. საკმარისია  წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლა გავიხსენოთ, რომელთაც მაშინვე სხვადასხვა ენაზე ადიდეს ღმერთი. და შემდეგ სახარებას უქადაგებდნენ წარმართებს – ყველას თავის მშობლიურ ენაზე.

ეკლესიისათვის ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე ერთნაირად ძვირფასია, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ტომსა და ეროვნებას განეკუთვნება იგი. სწორედ ამ აზრით არის ნათქვამი უფლის სიტყვაში, რომ ეკლესისათვის არ არსებობს არც იუდეველი, არც ელინი, არც ბარბაროსი, არც მონა და არც თავისუფალი ადამიანი. მაგრამ მცდარი (შეცდომა) იქნებოდა დაგვესკვნა, რომ ეკლესია არ ცნობს ეროვნულ თავისებურებებს, იმის გათვალისწინებით, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ქრისტიანულ იდეალებს.

მთავარი კანონიკური წესი, რომლითაც საეკლესიო წყობაში (მოწყობაში) ეროვნულობის მნიშვნელობაა აღიარებული, არის ეკლესიის კანონმდებელთათვის (კანონისტთა) ცნობილი  მოციქულთა 34-ე კანონი, რომელიც ავალდებულებს: “რამეთუ ესრეთ ერთნებობა აღესრულოს და იდიდოს ღმერთი უფლისა მიერ სულითა წმიდითა”. ამ წესის პირდაპირი გაგებით – მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყოველ ერს უნდა ჰყავდეს საკუთარი უმაღლესი წოდების სასულიერო პირი.

აღნიშნული წესის უფრო ღრმა განმარტებას – ეკლესიის, როგორც ქრისტეს ცოცხალი სხეულისა – მოციქულთა სწავლებებში ვპოულობთ.

“ამ სწავლების თანახმად, ქრისტიანული სამყარო – გვეუბნება ცნობილი ღრმად მოაზროვნე ვ. ს. სოლოვიოვი, – წარმოადგენს ერთიან მრავალსახოვან და ყოველი თავისი ნაწილით სოლიდარულ ორგანიზმს. და რადგან კაცობრიობა შედგება სხვადასხვა ტომებისა და ხალხებისაგან, ამიტომ ეს ტომები და ხალხები წარმოადგენს სამყაროს ორგანიზმის ორგანოებს, რომელთა საერთო ცხოვრებაში ყველა ორგანო ჰპოვებს საკუთარ ადგილს არსებობისთვის, რათა თავისი არსებობით აღავსოს სხვა ორგანოები და თავადაც აღივსოს მათით[2]. ასეთმა ფედერალურმა სისტემამ, ეროვნულობის თვალსაზრისით, ჩვენს აღმოსავლეთის ეკლესიას, უპირატესობა მიანიჭა (მისცა).

ყველა ეკლესიას დოგმატსა და სხვა არსებით საკითხებში ერთობის გარდა, აქვს ისტორიული კანონზომიერებების გზით ჩამოყალიბებული საკუთარი, განსაკუთრებული სახე, რომელიც ერთიანი კათოლიკე ეკლესიის სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება.

ხალხური რელიგიურ-ყოფითი (საყოფაცხოვრებო) და ინდივიდუალური თავისებურებები და ადგილობრივი საეკლესიო ტრადიციები, რომელთაც საეკლესიო წესები განსაზღვრავს[3], ეკლესიის თავისუფლების კუთხით, მეტად სერიოზულ მნიშვნელობას იძენს. არცერთ ხალხს (ერს) – ამბობს ვ. ს. სოლოვიოვი, – არ შეიძლება ქონდეს განსაკუთრებული უპირატესობა და ბატონობა, ამასთან არცერთი ხალხი (ერი) არ არის ცარიელი და უსარგებლო მასალა საეკლესიო ცხოვრებაში.  მაგრამ ყოველი მათგანი წარმოადგენს სამყაროს გარკვეულ მოქმედ ორგანოს ქრისტეს სხეულში.[4] მაშასადამე, ეკლესიური თვალსაზრისით ყოველი ერი უნდა სარგებლობდეს თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით. “დამოუკიდებლობისაკენ ეროვნულ-რელიგიური სწრაფვა, და ამასთან ქრისტიანული ერთიანობის შენარჩუნება, განსაკუთრებულად აისახა, წერდა პროფ. მ. გ. კოვალნიცკი – ამჟამად დიმიტრი, ხერსონისა და ოდესის მთავარეპისკოპოსი, უპირველესად  ყოვლისა აღმოსავლეთზე. აქ, ეროვნული ეკლესიები, მართალია დაბეჩავებული და დუმოუკიდებლობის დაკარგვის პირას იყო მისული, მაგრამ გაბატონებული ეროვნული ეკლესიის მცდელობამ – ჩაეკლა მათში დამოუკიდებლობის გრძნობა და საკუთარი ეროვნული სულიერი კანონების მიხედვით განვითარების უფლება,  ისტორიულად შექმნილი ეროვნული პირობების მიუხედავად, არასოდეს მიუღწევია  სრული წარმატებისთვის, ყველაზე ცოცხალ მართლმადიდებლური ეკლესიის თავისუფალ სულზე, რომლის სახელითაც ცდილობდნენ დაემონებინათ და ჩაეყლაპათ ისინი,  იყო მათი გამოცოცხლებისა და  თავისუფლების წინაპირობა.

მძიმე გამოცდისა და ბრძოლის შემდეგ, ბულგარეთის ეკლესია, მშვიდობისა და ქრისტიანული სიყვარულის  ურღვევობით, ახლოა თავის სანუკვარი მისწრაფებების განხორციელებასთან.

დამონებული სირიულ-არაბული  ეკლესია სულ უფრო დაჟინებით აცხადებს თავის უფლებებს ეროვნულ თვითმყოფადობაზე.

სომხეთის, სირიის მართლმადიდებლური და სპარსულ-ქალკედონური ეკლესიები, სამწუხარო ისტორიული ვითარების გამო, უკვე დიდი ხანია კათოლიკე (მართლმადიდებლურ) ერთობას მოწყვეტილნი, გაერთიანებას ეძიებენ, მხოლოდ საკუთარი ეროვნული და ისტორიული უფლებების დარღვევის გარეშე[5].   

ფილოსოფოსი ღვთისმეტყველის ვ. ს. სოლოვიოვისა და ძველი საეკლესიო ისტორიის ღრმა მცოდნის მ. გ. კოვალნიცკის მსჯელობები სრულად ემთხვევა  ქრისტიანულ შეხედულებებს ეკლესიაზე, სადაც არ უნდა იყოს მონობა, რადგან მონობის სახეობებიდან, საეკლესიო მონობა[6],  ყველაზე მძიმე, საშინელი და დამღუპველია, რომელიც ქრისტიანულ ცხოვრებაში მრავალი კეთილი (კარგი) მხარეების აღკვეთას გამოიწვევს.

ქრისტიანულ ეკლესიაში ყველა ერი თანასწორია და ამიტომაც არც ერთი მათგანი არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას განსაკუთრებულ პრივილეგიებზე. ხალხსა და ეკლესიას შორის ერთობა თანასწორობის პრინციპით უნდა მოხდეს და არა (რომელიმეს მიერ მეორის) შთანთქმით. ქრისტიანული სამყაროს ყველა ერს აქვს საეკლესიო ემანსიპაციის უფლება და ამიტომ თანასწორობის პრინციპს არანაირად არ ეწინააღმდეგება ერების ერთმანეთისგან განცალკევება (გამოყოფა), რაც ქრისტიანული ერების რელიგიური ხასიათის სხვადასხვაგვარობით არის განპირობებული.

ქრისტიანული სარწმუნოების მიღებასთან ერთად, ყველა ერმა ერთნაირად როდი  შეითვისა ქრისტიანულ სწავლებათა სიდიადე.  ყოველი მათგანი იმ ქრისტიანული ცხოვრების ელემენტს იღებდა მისგან, რაც თავისი გონებრივი და მორალური წესით (გზით, ყაიდით) ხელეწიფებოდა.

ლათინურმა ერებმა (კათოლიკებმა) მკაცრი საეკლესიო ორგანიზაცია განავითარეს და მაღალმხატვრული საეკლესიო არქიტექტურა შექმნეს.

დიალექტიკურ ნიუანსებში (დახვეწილობაში) გამოცდილმა ბერძნებმა რთული და მკაცრად საფუძვლიანი (დასაბუთებული) დოგმატიკა აირჩიეს.

რუსებმა ქრისტიანობის მიღებისას, უმთავრესად დისციპლინა და საეკლესიო წესები (წესდება) განავითარეს, გარეგნული ბრწყინვალება უმაღლეს განვითარებამდე აიყვანეს (უმაღლესად განავითარეს). ქართველებმა კი  თავისი ტრადიციები და  რწმენა-წარმოდგენები გააქრისტიანეს და ქრისტიანული სულით განმსჭვალულებმა მას თავისი ხასიათის კონტურები – თავმდაბლობა, უბრალოება, გულისხმიერება, თავდადება, უბოროტობა და გამძლეობა შესძინეს. დაახლოებით ასეთი გამოხატულებით ასახავს ქართველებს და მათ ეროვნული ეკლესიას მეცნიერი ქართველი კათოლიკოსი ნიკოლოზ I (1149-1160) – მღვ. კ. კარბელაშვილი იერარქია საქართველოს ეკლესიისა წ. 1. გვ. 67-70.

მიუხედავად ქრისტიანობის არაერთგვაროვანი აღქმისა ზეციური სწავლების სიმაღლისა და სისავსის აღქმის გაგებით (აზრით კუთხით), ქრისტიანობით განათლებული ხალხი, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილი, ერთი საერთო მიზნისკენ – ქრისტიანულ სამყაროზე უფლის მეუფების დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის.  ბუნებრივია, რომ ყველა ტომმა, ვინც ქრისტეს ღვთაებრივი სწავლების აღმსარებელია, ამ საერთო საგანძურში თავისი ეროვნული შრომის მარგალიტები უნდა შეიტანოს,  ვინაიდან თითოეულ მათგანს ამ საერთო-ქრისტიანულ საქმეში თავისი წვლილი შეაქვს.

ერი, რომელსაც საერთო ამოცანა არ აქვს, არათუ არ კარგავს ინდივიდუალურ თვისებებს და ტომობრივ თავისებურებას, პირიქით, საკუთარი ეროვნული ძალებით, რელიგიური და მორალური სრულყოფისაკენ მიისწრაფვის. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ენა, როგორც ეროვნული თავისებურებების მცველი, მისი დაარსებიდან ქრისტეს ეკლესიისგან არის კურთხეული.

კათოლიკე ეკლესიამ, ყოველი ერისადმი მფარველობით, აღიარა მათი დამოუკიდებლობა, განცალკევებულობა (გამიჯვნა)[7], დააკანონა უფლება – ყოველ ერს ჰქონოდა საკუთარი ეკლესია – ეროვნული იერარქიით სათავეში.

საეკლესიო მმართველობის საზღვრების თავდაპირველი დაყოფა გამოწვეული იყო ერების ეთნიკური თავისებურებებით და ეს საზღვრები  მათ ტერიტორიებს ემთხვეოდა. ეს აზრი უდევს საეკლესიო წესებს საფუძვლად და საეკლესიო (სამონასტრო) წესებით არის სანქცირებული. ამიტომ რომელიმე ერის მიერ, მისი მოღვაწეობის საფუძველზე, თვითმმართველობის (ავტოკეფალიის) მოთხოვნა, არათუ დასაძრახია (სამარცხვინოა), პირიქით სრულიად კანონიერია. უკანონოდ და ანტიკანონიკურად მიგვაჩნია (მე-8 კანონი, 1 მსოფლიო კრება, წმიდა მოციქულთა 35-ე კანონი), ბულგარელთა ის მისწრაფება, რომელსაც საეკლესიო პრაქტიკაში ანალოგი არ აქვს, რომ ქალაქებში, სადაც ბულგარელთა და ბერძენთა შერეული მოსახლეობა ცხოვრობს, არსებობდეს ორი ეპისკოპოსი – ბერძენთათვის ცალკე, ბულგარელთათვის ცალკე.   ეს ანტიეკლესიური მისწრაფება ფილეტიზმი ანუ ზენოფილეტიზმია, ე. ი. ეკლესიაში ტომობრივი დაყოფის, დაპირისპირების შეტანა და ამის შედეგად ეკლესიის ერთობაში შეჭრა, აქამომდე ისტორიისათვის არნახული საეკლესიო ურთიერთობები სამართლიანად არის დაგმობილი 1872 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრების მიერ. 

“როგორ დიდებული სიმშვიდით მოქმედებს – ამბობს პროფ. მ. გ. კოვალევსკი – ჩვენი რუსული ეკლესია! რა ღირსეულად და ამასთან როგორი თანაგრძნობით (თანამონაწილეობით) და სიყვარულით უწვდის იგი დახმარების ხელს დედა ეკლესიის წიაღში დაბრუნების მაძიებლებს! ჩვენი ეკლესია ეროვნული ეკლესიების უფლებების დაცვისა და თავისებურებების პატივისცემის გამოხატვაში[8] – ქებას არ საჭიროებს” – ეს ქრისტეანულად იდეალურია, საქებარია მსგავსი საქმიანობა. თუ აქამდე, თავის უკიდეგანო და მრავალენოვან იმპერიაში, რუსულ ეკლესიას არ ქონია შემთხვევა ეს საქმედ ექცია (პრაქტიკაში შეესრულებინა), ახლა ქართული საეკლესიო საკითხით   მას შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა, რომლის გადაწყვეტაც  საუკეთესო მაჩვენებელი იქნება რუსული ეკლესიის პატივისცემის გამოხატვისა კანონიკური საეკლესიო-ეროვნული უფლებით ნაკურთხი თავისი უფროსი დის – ქართული ეკლესიის მიმართ.

თუ რუსეთი ცდილობს ანტიოქიის საპატრიარქო მრევლს მისცეს (მიუვლინოს) ეროვნებით არაბი მწყემსი (ეპისკოპოსი), მაშინ ჩვენს მიერ მოყვანილი არგუმენტებით (დასკვნებით) და მოციქულთა 34-ე კანონის შესაბამისად, ვალდებულია ქართველებსაც, როგორც დამოუკიდებელ ერს, მისცეს თანხმობა საკუთარი ეროვნული ეკლესიის აღორძინებისა. 

ქართველებს სურთ აღადგინონ საკუთარი ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალია ყოფილი მცხეთისა და სრულიად საქართველოს საკათოლიკოსოს იურისდიქციასა  და მისი საეკლესიო რეგიონის მკაცრად განსაზღვრულ საზღვრებში.

მსგავს კანონიკურ მოთხოვნაზე ქართველი ხალხისათვის უარის თქმა, სულ მცირე – უკანონობაა.

საქართველოს ეკლესიის წარსული სახელოვანი ცხოვრება და ქრისტიანობის წინაშე მისი უეჭველი დამსახურება, მას დამოუკიდებელი არსებობის სრულ უფლებას აძლევს. 

იმედს ვიტოვებთ, რომ თავის კანონიერ მისწრაფებაზე  ქართველები თანაგრძნობას და მხარდაჭერას იგრძნობენ ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისგან და მით დაუმტკიცებენ მსოფლიოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტად არის თავისუფლების მეგობარი და  კაცობრიობის კეთილისმყოფელი (მფარველი).

კირიონი, სოხუმის ეპისკოპოსი

1906 წ. ივნისი

[1] იხ. “Отголоски”, №2

[2] თხზულებათა კრებული. ვლადიმერ სერგის ძე სოლოვიოვი, ტ. IV, გვ. 69-70

[3] იხ. ტრულის 39-ე კანონი. მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები

[4] თხზულებათა კრებული. ვ. ს. სოლოვიოვი. ტ. IV, გვ. 70

[5] თხზულებათა კრებული. ვ. ს. სოლოვიოვი. ტ. IV, გვ. 70

[6] პროფ. მ. გ. კოვალნიცკი. ქრისტიანობის ისტორიული განვითარებაში ეროვნული ელემენტის მნიშვნელობის შესახებ. კიევი, 1880 წ. გვ. 3-4

[7] ო. მ. პოკროვსკის: “ერთიანობა და განცალკევება (გამიჯვნა)”, Дух. Вест. Груз. Экз. (საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო ცნობარი), 1906 წ. #4

[8] პროფ. მ. გ. კოვალსკი – ნაციონალური ელემენტის მნიშვნელობაზე ქრისტიანობის ისტორიულ განვითარებაში. გვ. 42

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: