უფლის ლტოლვა ეგვიპტეში

ეგვიპტეში ლტოლვა და ყრმათა მოწყვეტა

(მათე 2, 13-23)

egvipteshi_ltolva

სად და როდის მოიკიდა იესო ქრისტემ თავისი მძიმე ჯვარი, რათა გოლგოთაზე აეტანა იგი? სად და როდის დაიწყო მისი ტანჯვა-წამება ჩვენი გადარჩენისათვის? არც იერუსალიმში, არც პილატეს სამსჯავროზე, არამედ ბეთლემში, როცა იგი ჯერ კიდევ სახვევებში იყო შეკრული.

მთელი ქვეყნიური ცხოვრება მისი, იყო დიდი ჯვარის ზიდვა. თავისი მიწიერი ცხოვრების დასაწყისშივე, მან გადაიტანა იროდისაგან სასტიკი დევნა. აი, რას გვიყვება მახარებელი მათე ამის შესახებ: და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, ალბათ პირველივე ღამეს, მოგვების წასვლის შემდეგ, რადგან დაყოვნება არ შეიძლებოდა, იროდის ბოროტება არ თვლემდა, – აჰა, ანგელოსი უფლისა ისევ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს, როგორც წმიდა ქალწულზე მზრუნველსა და ღვთაებრივი ყრმის აღმზრდელს და ჰრქუა: აღსდეგ ამ ღამესვე, არ დააყოვნო მცირე ხნითაც, ეხლავე წარიყვანე ყრმაი ეგე – პირველ რიგში ყრმა და მასთან დედაი მაგისი, დედა, და არა ცოლი შენი, როგორც ადრე ვუწოდე მას პირველი გამოცხადებისას, რადგან ეხლა შენ უკვე იცი, რომ ამ ყრმას არა ჰყავს ქვეყნიური მამა და არც ამ ქალს ჰყავს ქმარი.

ასე, ადექი, გააღვიძე თუ საჭიროა, ხელი მოკიდე დედას, და წაიყვანე, კიდეც რომ ძნელად მოგეჩვენოთ გვიან ღამით, შორეულ გზაზე დადგომა, ადექი და ილტვოდე, როგორ გარბიან სახლიდან, სადაც ხანძარია, როგორც გარბიან მძვინვარე მხეცისგან, რაც შეიძლება ჩქარა, ნუ დაზოგავ თავს, და განერიდე ეგვიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, სამუდამოდ არ დარჩებით ევგიპტეში, არამედ დროებით, – მე კვლავ გეჩვენები შენ და გეტყვი, როდის გადაივლის საშინელება: რამეთუ ეგულუების იროდის მოძიებად ყრმაი ეგე და წარწყმედად ეგე. მაგრამ არ შეშინდეთ; თქვენ არავითარი განსაცდელი არ შეგეხებათ, რადგან თქვენთან მუდამ იქნება ღვთის ძალა, თქვენთან თვით ღვთის ძეა, რომელიც სიმდაბლით ჩვრებშია შეხვეული. – ალბათ არ მოელოდა მართალი მოხუცებული იოსები ასეთ შემაწუხებელ სიზმრეულ ჩვენებას ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან ცოტა ხნის წინ ნახა და მოისმინა.

მან თავად იხილა აღმოსავლელი მოგვები, რომლებმაც ძღვენი მიართვეს ახალშობილს და თაყვანისცეს, მას მოსმენილი ჰქონდა მათგან საკვირველი ვარსკვლავის შესახებ, იცოდა მეფე იროდი სურვილიც, რომ მასაც სურდა ყრმის თაყვანისცემა, და აი, უცებ, – ღვთაებრივი ყრმის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა დასტოვოს თავისი ქვეყანა და უცხო და შორეულ ქვეყანაში გაარიდოს ყრმა დედასთან ერთად. მაგრამ ეხლა არ იყო დრო განსჯისა და გამოძიებისა, არც მერყეობა დაუფლებია წმიდა მოხუცს, არამედ მაშინვე დაეშურა უწყებულის აღსრულებას, ხოლო იგი აღსდგა, და წარიყუანა ყრმა იგი და დედაი მისი ღამე და წარვიდა ეგვიპტედ.

„წარმოიდგინეთ, – ამბობს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, – წმიდა მოხუცი, შუაღამისას თავისი ღარიბული საწოლიდან წამომდგარი წარმოიდგინეთ, ანგელოზისგან უწყებულის აღსასრულებლად როგორ ფეხაკრეფითა და მოწიწებით მიუახლოვდა მძინარე ყმაწვილ ქალსა და ყრმას და ძილისაგან ფრთხილად გამოაღვიძა, შემდეგ კი როგორ მორიდებით გამოუცხადა მას, რომ უკიდურესი საჭიროების გამო, მაშინვე, ღამით, ვიდრე ხალხისათვის იქნებოდა დაფარული, უნდა დაეტოვებინათ არა მარტო თავიანთი სამყოფელი, არამედ სამშობლო ქვეყანა, და თავი ეგვიპტისათვის შეეფარებინათ; ამის შემდეგ როგორი მოჩქარებით იწყებენ ისინი გასამგზავრებლად მზადებას; დედამ, რომელსაც არასოდეს ემოგზაურა უწყლო და ხრიოკ უდაბნოში, როგორ აიყვანა ხელში მძინარე ყრმა, ფრთხილად დაჯდა სახედარზე და იოსების წინ ძღოლით გაუყვა გრძელ გზას. და ეს ყველაფერი ხდებოდა ღამით.

როგორი შემძვრელი სანახაობაა! რამოდენა თავდადებაა ღვთის ნების აღსასრულებლად!“ – წმიდა მახარებელს არ ჰქონდა გეგმაში დაწვრილებით აღეწერა მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრება; მას სურდა მხოლოდ ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტად აღთქმული მესია ქვეყნისა, ამიტომაც არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ მიაღწიეს ეგვიპტეს წმინდა მოგზაურებმა, სად გაჩერდნენ და როგორ ირჩენდნენ იქ თავს; არამედ მხოლოდ ამბობს, რომ: და იყო მუნ იოსებ ვიდრე აღსრულებამდე იროდისა. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ ღვთაებრივი ყრმისათვის აეცილებინათ ყოველგვარი საფრთხე და დევნა, დედისათვის კი – შიში და დარდი განსაცდელებისა.

შემორჩა რამდენიმე ძველი გადმოცემა წმიდა ოჯახის მოგზაურობიდან: არ ენდო რა საკუთარ თავსა და შესაძლებლობას, წმ. იოსებმა თან იახლა თავისი შვილი წმ. იაკობი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის ძმად იწოდა. რამოდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ წმიდა მოგზაურნი მოხვდნენ იმ უწყლო და უმკაცრეს უდაბნოში, რომელიც ეგვიპტიდან წამოსულმა ებრაელებმა გაიარეს. საშინელი სიძნელეები და უსიამოვნებები შეხვდა მათ აქ. გზა უმეტესად უდაბნოს ქვიშაზე მიდიოდა და ხშირად საერთოდ იკარგებოდა. უდაბნოში საკვები არ მოიძებნებოდა, ამიტომ ყველაფერი განსაზღვრული რაოდენობით წინასწარ უნდა მოემზადებინათ. იმათ კი მხოლოდ ერთი ვირი გააჩნდათ, რომელზედაც ყმაწვილი დედა ღვთაებრივ ყრმასთან ერთად იჯდა.

დღისით აუტანელი სიცხის გადატანა უხდებოდათ, ღამით სიცივისგან იცავდნენ თავს; მაგრამ როგორ უნდა დაეცვათ თავი ყოველივე ამისგან იქ, სადაც დასასვენებელი ადგილი იყო უდაბნოს ქვიშა, საფარველი კი – ცის კამარა. – ამბობენ, რომ უდაბნოში, ერთგან, მათ ყაჩაღები დაესხნენ თავს და სურდათ მათთვის სახედრის წართმევა, მაგრამ ერთი ყაჩაღთაგანი ღვთაებრივი ყრმის სალამაზემ ისე მოხიბლა, რომ არ მისცა ნება თავის თანამზრახველებს წმიდა მოგზაურთათვის რამე დაეშავებინათ: „ღმერთს რომ ადამიანის სახე მიეღო, – თქვა მან, – იგიც კი ამ ყრმაზე უკეთესი არ იქნებოდაო“. მაშინ ღვთის დედამ უთხრა ამ კეთილგონიერ ყაჩაღს: „გწამდეს, რომ ეს ყრმა არ დაგივიწყებს შენ ამ სიკეთეს, იგი სიკეთით გადაგიხდის იმისათვის, რომ ეხლა შენ დაიცავი მისი სიცოცხლე“. და ეს იყო სწორედ ის ყაჩაღი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის მარჯვნივ იქნა გაკრული ჯვარზე და ღირსი შეიქნა მისგან სანატრელი სიტყვების მოსმენისა: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43), ასე აღსრულდა მასზე ღვთისმშობლის სიტყვა.

როცა ყოვლადწმიდა ქალწული თავისი ღვთაებრივი ყრმით ეგვიპტეში გამოჩნდა, წარმართულ ტაძრებში კერპები დაეცა, რითაც აღესრულა მათზე წინასწარმეტყველება: „აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე (ყოვლად წმიდა ქალწულის ხელში), და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები“ (ეს. 19,1). ეხლაც აჩვენებენ კაიროსთან ახლოს, დასახლება მატარიესთან, იმ უზარმაზარი ხის კუნძს, რომლის ძირშიც ისვენებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, სადაც იყვნენ ისინი გაჩერებულნი. გადმოცემა გვეუბნება, რომ ამ ხის მახლობლად მაშინ გაჩენილა წყარო, სასიამოვნო გრილი წყლით, რათა უწმიდეს ქალწულსა და მის კურთხეულ ყრმას დაეცხროთ წყურვილი. ეს წყარო ეხლაც არის შემორჩენილი, წმიდა ხის ნარჩენიდან ეხლაც ხარობენ წვნიანი ტოტები.

წმ. მახარებელი მათე ამ დაწვრილებითი ცნობების ნაცვლად გვიხსნის, თუ რატომ ისურვა ღმერთმა სწორედ ეგვიპტე და არა სხვა რომელიმე ქვეყანა, წმიდა ოჯახის თავშესაფრად: რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისა თქმული წინასწარმეტყუელისა ოსიას მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა (ოსია 11,1; ფს. 79,9; რიცხ. 24,8). ბაბილონი და ეგვიპტე, – ამბობს წმ. ოქროპირი, – აი ორი ადგილი ყოველგვარი არაწმიდებისა. ბაბილონელი მოგვებისგან ქრისტემ მიიღო ღირსეული თაყვანისცემა, ეგვიპტე კი, თავისი იქ მიბრძანებით, განსწმიდა უფალმა, რითაც მან გვაჩვენა, რომ იგი ქვეყნად მოვიდა ყველაზე უსაშველო ცოდვილთა სახსნელად, თუ კი ისინი საშველად სინანულით მიმართავდნენ მას. ეგვიპტე ყველაზე ახლო იყო ბეთლემთან, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანა. იქ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, რომელთა შორისაც იოსები და მარიამი იპოვიდნენ საიმედო თავშესაფარს.

ეგვიპტე განასახიერებდა სატირალ მდგომარეობას ცოდვისა და სიკვდილისა, საიდანაც ღვთის ძე მოვიდა, რათა კაცთა მოდგმისათვის ეუწყებინა გამოხსნა, ისე როგორც თავის დროს მოსემ გამოიყვანა ებრაელობა ეგვიპტიდან. ქრისტე მაცხოვარი არის თავი ახალი ისრაელისა – მისი მორწმუნეებისა, ამიტომ მასზე, როგორც ღვთის მხოლოდშობილ ძეზე, აღსრულდა ყოველივე, რასაც წინასწარმეტყველი ოსია ამბობს ისრაელი ერის ეგვიპტიდან გამოხსნაზე. და მართლაც ვისთვის შეიძლებოდა ღვთის ერი გვეწოდებინა: ებრაელი ერისათვის, რომელიც არა ერთ გზის განუდგა უფალს, კერპებს თაყვანი სცა და ჩვილი ბავშვები ეშმაკებს შესწირა მსხვერპლად, თუ იმისთვის, რომელიც ბუნებით არის ძე ღვთისა და აღიარებს თავის მშობელ მამას?

ამასთან წმ. ოქროპირი სამართლიანად შენიშნავს, რომ ქრისტე ეგვიპტეში რომ არ მისულიყო, მაშინ წინასწარმეტყველება ჯეროვნად ვერ აღსრულდებოდა, რადგან ეგვიპტიდან ებრაელი ერის დაბრუნება იყო მხოლოდ პირველსახე იგივე ეგვიპტიდან ქრისტეს დაბრუნებისა. მაგრამ თუ ვინმე იკითხავს: განა არ შეეძლო ღვთაებრივ ყრმას, რომ თვით ბეთლემში დაფარულიყო რაიმე სასწაულით? რა საჭირო იყო ასეთი სამძიმო მოგზაურობა? ამაზე წმ. ოქროპირი პასუხობს ასე: მაშინ შეიძლებოდა დაეჭვებულიყვნენ, რომ მან მთლიანად მიიღო ადამიანური ბუნება. აკი მართლაც იყვნენ შემდგომში ერეტიკოსები, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ თითქოს უფალს სინამდვილეში ხორცი არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ ხორცის სახეს ფლობდა. ქრისტე მაცხოვარს ჩვენთვისაც უნდოდა მოეცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ განსაცდელებს: განა მას არ გააჩნდა საკვირველი საშუალებანი, იროდისაგან თავის დაღწევისა? იმას ეხლაც შეეძლო მოეწოდებინა თავის დასაცავად ანგელოზთა სიმრავლისათვის (მთ. 26,53), მაგრამ ანგელოზთა მაგივრად მან ამჯობინა მოხუცი იოსებისა და ქალწულ მარიამის დასაქმება: ეგვიპტეში იგი, როგორც ადამიანი, ისე გაიქცა, რათა ამით თავი ეხსნა, ნუ დაელოდები შენც, საჭიროების გარეშე, რაღაც სასწაულებს, რათა მოგარიდოს მოსალოდნელ საშიშროებას, არამედ ისარგებლე იმ საშუალებებით, რაც შენს ხელთაა.

ნუ ჩაიგდებ საფრთხეში თავს, თუ შეგიძლია მისგან მორიდება, რომ არ დაარღვიო განგებულება, ნურც შეძრწუნდები, ნურც მოიწყენ ზედმეტად: მწუხარება – საერთო ხვედრია მართალთა (ფს. 33,20).

გავაგრძელოთ სახარების თხრობა…

wm_giorgis-makhvili_r

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: