რატომ იშვა უფალი გამოქვაბულში

რატომ იშვა უფალი გამოქვაბულში

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

velimirovich

დიდი ხანია, რაც ეს კითხვა დამისვი, მაგრამ მაპატიე, იმისათვის, რომ მეპასუხა, იმ კურთხეულ დღეს ველოდი, როცა ყველა ჩვენი ფიქრი იმ გამოქვაბულისაკენ მიისწრაფის, რომლიდანაც ქვეყნიერებისათვის სიმართლის მზე ამობრწყინდა.

მორჩილება – პირველი სათნოებაა, რომელიც ქრისტემ ადამიანებს მთაზე ქადაგებებიდან ასწავლა და საკუთარი მაგალითით უჩვენა ეს სათნოება, იშვა არა სამეფო პალატებში, არამედ – ცხვრების სადგომ ქვაბულში.

მნიშვნელოვანი პრაქტიკული სწავლება, რომელმაც მსოფლიოს უფალმა გამოქვაბულში დაბადებით მისცა, იმაში მდგომარეობს, რომ შევვიწროვდეთ, რათა ადგილი დავუთმოთ სხვებს, დავკმაყოფილდეთ აუცილებელით, რომ სხვებმაც იქონიონ იგი.

როგორც უფლის მოციქულმა თქვა: „ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ -ხორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ“ (1 ტიმ. 6,8).

განა ეს არ არის გაკვეთილი დღევანდელი მსოფლიოსათვის, რომელიც კრიზისს განიცდის?!

კიდევ ერთი სწავლება იმაში მდგომარეობს, რომ ადგილი კი არ აქცევს ადამიანს მნიშვნელოვნად, არამედ ადამიანი – ადგილს.

ადამიანი ყველაზე დიდი ღირებულებაა დედამიწის ზურგზე. ფუფუნება და გარეგანი ბრწყინვალება ღირსებას არ მატებენ ადამიანს, ისევე როგორც სიღარიბე ვერ ამცირებს მას.

იცი, რა თქვა უფალმა იოანე ნათლისმცემელზე? „რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა?“ (მათ. 11,8). მეფე ჰეროდე – სამეფო პალატებში და რბილ ტანსაცმელშია, მაგრამ ადამიანი კი არა – მელაა, პილატე სასახლეებშია, მაგრამ ადამიანი კი არა – რომაელი მგელია.

ფარისეველნიც ასევე, ადამიანები კი არა – იქედნეს ნაშობნი არიან, ხოლო უსახლკარო იოანე ყველა ამათზე – პალატებში მყოფებზე მეტია, არც ერთი ქალთაგან შობილი არ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე უდიდესი.

კიდევ ერთი სწავლება უფლისაგან: ზეციური სამეფო დედამიწის ზურგზე ყველა არსებულზე უფრო მნიშვნელოვანია, და ამ სასუფევლის მოხვეჭა ადამიანს იმისგან დამოუკიდებლად შეუძლია, თუ სად დაიბადა და სად ცხოვრობს – ქალაქში, სოფელში, უდაბნოსა თუ გამოქვაბულში.

სამყაროსათვის, სინათლის გამობრწყინებას უდიდესი ქალაქებიდან რომ ელოდა, უფალს გაკვეთილის მიცემა სურდა:

რომ ჭეშმარიტი ნათელი შესაძლებელია, უბადრუკი, საცოდავი გამოქვაბულიდანაც მოევლინოს.

შემდგომში ეს მრავალმა განდეგილმა, წმიდა ბერმა, სულის ჭეშმარიტმა განმანათლებელმაც დაადასტურა.

ჩემი აზრით, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ იშვა ქრისტე გამოქვაბულში.

წმინდა მიწაზე დღემდე შემორჩა ოთხი უდიდესი მთა: ისინი ქრისტეს მოსვლის დროიდან დგანან.

ერთი ბეთლემში, სადაც იშვა ქრისტე, მეორე – მთა ცდუნებისა, სადაც იგი სატანისაგან გამოიცადა, მესამე – გოლგოთის, რომელზეც ჯვარს აცვეს, დაიკრძალა და აღსდგა და მეოთხე – მთა ელეონისა, საიდანაც ზეცად ამაღლდა.

ოთხი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მაცხოვრის ცხოვრებაში ოთხ ურყევ მთასთანაა დაკავშირებული.

არ შემორჩენილა არც სახლი ნაზარეთში, სადაც იგი ცხოვრობდა, არც სახლი კაპერნაუმში, რომელშიც მან თავშესაფარი ჰპოვა. არ არის შემორჩენილი არც ერთი იმ სახლთაგანი, სადაც იგი გაჩერებულა, არც ჰეროდეს სასახლე, არც პილატეს პალატები, თვით – სოლომონის ტაძარიც კი. ყველაფერი, რაც ადამიანის ხელს შეუქმნია დროისაგან დანგრეულა.

მაგრამ ღმერთისაგან შექმნილი ეს ოთხი მთა დღემდე დგას, რათა არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ იგი ჭეშმარიტად იშვა, გამოიცადა ვით ადამიანი, ჯვარს ეცვა კაცობრიობის ცოდვათა გამო, აღსდგა და ზეცად ამაღლდა თავის მარადიულ მამულში, სადაც იგი თავის წმინდანებს ელის.

ყოვლისმხედველი იცნობდა ადამიანის ქვის გულსა და მერყევ გონებას, ამიტომაც მან ეს ოთხი უდიდესი მოვლენა ოთხი ურყევი მთით ბრძნულად დააკავშირა: ქრისტე რომ რომელიღაც ქალაქის ან სოფლის სახლში დაბადებულიყო, განა მიაღწევდა კი იგი დღემდე და დაგვიდასტურებდა მის დაბადებას?

უკვე აღარ არსებობს ქალაქი, სადაც ალექსანდრე დიდი დაიბადა, აღარ არსებობენ ქალაქები და სახელმწიფოები, სადაც უდიდესი ადამიანები იშვნენ.

ქრისტეს წმინდა გამოქვაბული ბეთლემში კი დგას, დგას და მოწმობს.

ესეც იცოდე: ისევე როგორც სხეული მისი სახლია მისი სულისა – არა კაცისაგან, არამედ ღმერთის წმინდა სულისაგან, ასევე სახლი მისი სხეულისა – ბეთლემის გამოქვაბული – არ არის კაცისაგან და მისი ხელისაგან შექმნილი, არამედ – შემოქმედი ყოვლისმჭვრეტელი უფლისაგან.

მან ის ადამიანამდე შექმნა და განამზადა საკუთარ დროებით სამკვიდრებლად, რათა მოსულიყო და ეხილა ადამისა და ევას შთამომავლობა.

და კიდევ: მისი მიწაზე ყოფნის მარადიული დასტურის ნიშნად.

ნუ გაკვირვებს, რომ უფალმა თავისი დაბადებისათვის ასეთი მოკრძალებული ადგილი შეარჩია.

ის, რაც კაცთათვის ამაღლებულია, საძაგლობაა უფლის წინაშე.

უფლის წინაშე საძაგლობას წარმოადგენდა კეისრის სასახლე რომში, რამეთუ ჭეშმარიტად ავაზაკთა დანაშაულობებისა და გარყვნილების ბუნაგი იყო.

ის, რაც უბადრუკი და საძულველია ხალხისათვის, უფალი ხშირად ამოარჩევს და განადიდებს ხოლმე.

ეს – ყოვლადბრძნის მოქმედებათა გამოხატულებაა.

ასე გამოარჩია მან მებადურთაგან მოციქულნი, გამოქვაბული კი – თავის აკვნად.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 95), თბილისი, 2005 წ. (მუშა მ.ფ.-ს)

*Алтарь над Вифлеемской звезды в склепе под церковью Рождества

wm_giorgis makhvili_R

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: