ნათლისღება – ადამის ცოდვა და მისი შედეგები

ნათლისღება

natliscema_1
წმ. ბასილი დიდი

როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: „რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს“ (რომ. 6,23); რამდენადაც განეშორა სიცოცხლეს, იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლის დაკარგვა – სიკვდილი. ამიტომაც ადამმა თავად განიმზადა სიკვდილი ღვთისაგან განშორებით, თანახმად საღვთო წერილისა: „რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ” (ფსალმ. 72,27).

წმ. იუსტინე პოპოვიჩის წიგნიდან “О первородном грехе”

წმ. მარკოზ მოღვაწე

დავუშვათ, როგორც ამბობენ, არსებობენ ზოგიერთნი ამ უძლურებათა გარეშე, დაბადებიდან ყოველგვარ ბიწიერებას განშორებულნი; თუმცაღა წმიდა პავლე მოციქულის თანახმად, ეს შეუძლებელია: “ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა” (რომ. 3,23-24). ასეთები, თუნდაც რომ ყოფილიყვნენ, ყველანი ადამისაგან წარმოიშვებიან, ყველა მცნების გარდასვლის ცოდვითაა შობილი; ამიტომ, უფლის მსჯავრით სიკვდილი განეჩინათ და ქრისტეს გარეშე ვერ ცხონდებიან.

“Нравственно-подвижнические слова”, გვ. 71, Сергиев посад, 1911

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

სიკვდილი, ამ სიტყვის ნამდვილი აზრით, ღვთისგან განშორებაა, ხოლო “საწერტელ სიკუდილისა – ცოდვაჲ” (1 კორ. 15,56). ადამმა საკუთარ თავში ეს საწერტელი (ნესტარი) რომ მიიღო, განგდებულ იქნა ცხოვრების ხისგან, სამოთხიდან და ღვთისგან, რასაც, როგორც აუცილებელი, მოყვა სიკვდილი. ხოლო სიცოცხლე, ამ სიტყვის საკუთარი მნიშვნელობით, ის არის, ვინც თქვა: “მე ვარ ცხორებაჲ (სიცოცხლე)”

(იოან. 14,6). სიყვარულისთვის

წმ. იუსტინე პოპოვიჩი

პირველი ადამიანები ღვთისადმი ურჩობით, რაც ეშმაკის ნების აღსრულებაში გამოვლინდა, საკუთარი ნებით განვარდნენ ღვთისაგან და შეემსჭვალნენ ეშმაკს, ცოდვაში შევიდნენ და ცოდვა თავში შეუშვეს… „დაე, ნურავინ იფიქრებს, – აცხადებს ნეტარი ავგუსტინე, – რომ პირველი ადამიანების ცოდვა მცირე და მსუბუქია იმიტომ, რომ ხის ნაყოფის ჭამაში მდგომარეობს, და თანაც ნაყოფი არ იყო ცუდი და მავნებელი, არამედ მხოლოდ აკრძალული. მცნება მორჩილებას ითხოვდა, ისეთ სათნოებას, რომელიც გონიერი არსებებისთვის ყველა სათნოების დედა და დამცველია“.

ცოდვის არსი, ეშმაკისეული იქნება ის თუ ადამიანური, არის დაუმორჩილებლობა ღვთისადმი, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა და ყოველგვარი კეთილის შემოქმედი. ამ ურჩობის მიზეზი თავისმოყვარე ამპარტავნებაა. „ეშმაკი ვერ შეძლებდა ადამიანის ცოდვაში ჩაგდებას, – ამბობს ნეტარი ავგუსტინე, – ამ საქმეში თავისმოყვარებას რომ არ ემოქმედა“. „ამპარტავნება ბოროტების მწვერვალია, – ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. – ღმერთის წინაშე არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება. ამიტომაც მან დასაწყისშივე ყველაფერი ისე მოაწყო, რომ აღმოეფხვრა ჩვენში ეს ვნება. ამპარტავნების გამო გავხდით მოკვდავნი, მწუხარებასა და ჭმუნვაში ვცხოვრობთ. ამისთვის მიედინება ჩვენი ცხოვრება ტანჯვასა და უძლურებაში, განუწყვეტელი შრომით არის დამძიმებული. პირველი ადამიანი ცოდვაში ამპარტავნებამ ჩააგდო, რადგან ღმერთის თანასწორობა მოისურვა“.

სიკვდილი – ადამის ყოველი შთამომავლის ხვედრია, რამეთუ ისინი ცოდვით დასნეულებული და ამის გამო მოკვდავი ადამისგან იშვებიან. როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად გამოედინება მოწამლული ნაკადი, ასევე ცოდვითა და სიკვდილით დასნეულებული მამამთავრისგან ბუნებრივად მოედინება ცოდვითა და სიკვდილით სნეული შთამომავლობა (შდრ. რომ. 5,12; 1 კორ. 15,22). როგორც ადამის, ისე მისი შთამომავლების სიკვდილი ორგვარია – ხორციელი და სულიერი. ხორციელია სიკვდილი, როდესაც სხეული დაკარგავს მის განმაცხოველებელ სულს, ხოლო სულიერი, როდესაც სული კარგავს ღვთის მადლს, მაცოცხლებელს ამაღლებული, სულიერი, ღვთის სათნო ცხოვრებით; წინასწარმეტყველის სიტყვებით: „სული მცოდველი იგი მოკუდეს“ (ეზეკ. 18,4).

“О первородном грехе”

წმ. იოანე ოქროპირი

როგორც სხეული კვდება მაშინ, როდესაც სული მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს, ასევე კვდება სულიც, როდესაც სული წმიდა მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს.

ეფესელთა მიმართ ეპისტოლის განმარტებიდან

წმ. ირინეოს ლიონელი

და თქვა ადამმა: ურჩობის გამო დავკარგე სიწმინდის სამოსი, რომელიც სულიწმიდამ მომანიჭა.

ერესების წინააღმდეგ, 3,37

წმ. გრიგოლ ნოსელი

თავისი დაცემის შემდეგ პირველი ადამიანი კიდევ მრავალი ასეული წლის განმავლობაში ცოცხლობდა; მაგრამ ტყუილი არ უთქვამს ღმერთს, როდესაც ბრძანა: “რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ” (დაბ. 2,17), – რადგან სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი დაშორდა ჭეშმარიტ სიცოცხლეს, მასზე იმავე დღეს აღესრულა სიკვდილის განაჩენი (ანუ მოკვდა სულიერად – მთარგმ.), ხოლო წლების შემდეგ ეწია ადამს ხორციელი სიკვდილიც.

მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.1, გვ. 486

წმ. ბასილი დიდი

(ქადაგებიდან „ვითარმედ არა არს ღმერთი მიზეზი ბოროტთა“)

იყო ოდესმე ადამ ზეცას არა ადგილითა, არამედ გონებითა. რაჟამს-იგი სულიერ იქმნა და აღიხილნა ზეცად და ხილულთა მათ მიერ მხიარულ იქმნა, უფროჲსად უყუარდა ქველისმოქმედი იგი, რომელმან მოსცა მას ცხორებისა საუკუნოჲსა საშუებელი და კეთილთა შინა სამოთხისათა განუსუენა და მისცა მთავრობაჲ, მიმსგავსებული ანგელოზთა, და მთავარანგელოზთა თანამოზიარე ყო და მსმენელ ხმისა მის საღმრთოჲსა. ამას ყოველსა ზედა დამტკიცებულ იყო რაჲ ღმრთისა მიერ და იშუებდა, ადრე განძღა ამით ყოვლითა. და სიმაძღრითა მით, ვითარმცა შეურაცხ-ყო, და პატივ-სცა ხორციელთა მათ თუალთა მიერ ხილულსა შუენიერებასა უფროჲს საცნაურისა მის, და სიმაძღრე მუცლისაჲ უფროჲს მტკიცეთა მათ კეთილთაჲსა აღირჩია, და მეყსეულად გარეგან სამოთხისა იქმნა და გარეგან სანატრელისა მის ცხორებისა, და არა თუ იძულებით, არამედ ნეფსით იქმნა ბოროტ…

არამედ კუალად ამას ზედა იტყვის მეძიებელი იგი, ვითარმედ: “და რად არა დაბადებასავე მოგუეცა უცოდველობაჲ, რაჲთა დაღაცათუ გვინდა, ვერმცა ძალ-გუედვა ცოდვად?

არამედ ისმინე, რომელი ამას იტყვი, რამეთუ შენცა არა მაშინ შეგირაცხიეს მონაჲ შენი ერთგულად, რაჟამს შეკრულად გყვეს, არამედ რაჟამს იხილო, ვითარმედ ნეფსით იქმს ნებასა შენსა. და ღმერთსაცა არა მიმძლავრებული და იძულებული უყუარს, არამედ რომელი სათნოებითა წარემართოს კაცსა. ხოლო სათნოებაჲ ნეფსით და არა იძულებით იქმნების, და ნებაჲ ჩუენ ზედა არს, ხოლო ჩუენ ზედა მყოფი იგი არს თვითმფლობელობაჲ.

აწ უკუე რომელი აბრალობდეს დამბადებელსა, თუ რად არა იძულებით უცოდველად დაგუბადნა, იგი სხუასა არარას იქმს, არამედ ბუნებასა პირუტყუთასა პიტივ-სცემს უფროჲს სიტყვიერისა მის ბუნებისა, და აღუძვრელსა მას და უნებელსა – უფროჲს ნეფსითისა ამის და მოქმედისა.

ბასილი კესარიელის “სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, თბ. 1983

წმ. იოანე ოქროპირი

არა მხოლოდ ის განჭვრიტა ღმერთმა, რომ ადამი შესცოდებდა, არამედ ისიც, რომ დაცემულს აღადგენდა თავისი განგებულებით… იცოდა, რომ დაეცემოდა, მაგრამ მკურნალობაც განამზადა აღსადგენად, და დაუშვა გამოეცადა ადამიანს სიკვდილი, რათა ესწავლებინა, თუ რისი მიღწევა შეუძლია მას თავით თვისით, და რითი სარგებლობდა შემოქმედის სახიერების გამო (იგულისხმება სამოთხის ნეტარება – მთარგ.). იცოდა, რომ ადამი დაეცემოდა, მაგრამ ხედავდა, რომ მისგან უნდა წარმოშობილიყო აბელი, ენოსი, ენუქი, ნოე, ილია, წინასწარმეტყველები, საკვირველი მოციქულები… და ღმერთშემოსილი მოწამეების ღრუბლები, კეთილმსახურების აღმომადინებელნი.

მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.1, გვ. 482

natliscema_2

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14,4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდის ეს სამოსი და ხრწნადი და მოკვდავი იქმნა, ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არანაირი ცოდვა არ ჩაედინოს, უკვე ცოდვილია იმ პირველმშობელთა ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა ანუ აღორძინება, რომელიც სული წმიდის მიერ ააღორძინებს ადამიანს წმიდა ნათლისღებით, კვლავ აკავშირებს მას ღვთაებრივ ბუნებასთან, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც იგი ღვთის ხელებმა შექმნეს; აღადგენს მის ყველა სულიერ ძალას, განაახლებს მათ და იმ მდგომარეობაში მოიყვანს, რომელშიც იყო პირველქმნილი ადამის შეცოდებამდე. ამგვარად შეჰყავს იგი ღვთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა, განანათლებს უფლის ნათლით და მისეულ სიხარულს აგემებს.

თხზულ. ტ. 1, გვ. 309, მ. 1892

წმ. ტიხონ ზადონელი

მოზრდილი ქრისტიანები ნათლისღებისას ცოდვათა მიტევებას რომ იღებენ, ცნობილია, მაგრამ ჩვილებს რა ცოდვები აქვთ? ამას უფლის წინასწარმეტყველი პასუხობს: უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან” (ფსალმ. 50,7). ხომ ხედავ, როგორც ის, ასევე ჩვენც ცოდვებში ჩავისახებით და ვიშვებით. ამის გამო ჩვილებიც საჭიროებენ ცოდვათა სიბილწისაგან განბანას, რათა განწმენდილნი საუკუნო ცხოვრებაში შევიდნენ.

თხზულებები, მ. 1889, გვ. 49

წმ. თეოფანე დაყუდებული

სარწმუნოებისა და ეკლესიის გარეშე აღსრულებულნი თვითმკვლელებს ჰგვანან… თვითმკვლელებზე ეკლესია არ ლოცულობს, რადგან ისინი კვდებიან სასიკვდილო ცოდვაში, რომელიც არაა განხსნილი, სინანულით განწმენდილი… მწარეა თქვენთვის ამის მოსმენა თქვენს მშობლებზე, მაგრამ მათ შეიძლება მივუსადაგოთ ის, რაც დაწესებულია უნათლავად აღსრულებულ ყრმებზე. ამ უკანასკნელთ ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარებას შევვედრებთ.

Наставления в духовной жизни , М. 1997

წმ. ამბროსი მედიოლანელი

(ნათლისღების მნიშვნელობა)

ნათლისღების საიდუმლოს გარეშე ვერავინ შევა ცათა სასუფეველში.

მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.2, გვ. 258

წმ. იოანე ოქროპირი

უკუეთუ ვინ უნათლავი წარვიდეს, დაღაცათუ ყოველივე სათნოებაჲ მას აქუნდეს, არასადა მივალს სხუად, გარნა გეჰენიასა ცეცხლისასა და მატლსა წამლეანსა და ბნელსა გარესკნელსა.

“განმარტება იოანეს სახარებისა”, გვ. 168, თბ. 1993.

წმ. თეოფანე დაყუდებული

“არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული”, გვასწავლის მოციქული (2 კორ. 5,17). ქრისტიანი ნათლისღებით ხდება ახალი დაბადებული. ემბაზიდან გამოსული კაცი სულაც აღარ ჰგავს ემბაზში შესულს. როგორც ნათელი ბნელის, როგორც სიცოცხლე სიკვდილის, ისეთივე საპირისპიროა ნათელღებული უნათლავისა. უსჯულოებებში მუცლადღებული და ცოდვებში შობილი კაცი ნათლისღებამდე ცოდვის მთელ შხამს ატარებს, მისგან გამოწვეული შედეგების მთელი სიმძიმით. იგი ღვთის რისხვის ქვეშ იმყოფება, ბუნებით მრისხანების შვილია; დაზიანებულია, მოშლილია შინაგანად, მოშლილია ნაწილთა და ძალთა ურთიერთდამოკიდებულებაც და ისინი უმეტესად ცოდვის გამრავლებისკენ არიან მიმართულნი, დამორჩილებულია სატანის ზემოქმედებას, რომელიც უნათლავში, მასში მყოფი ცოდვის მიზეზით, ძალაუფლებით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, იგი სიკვდილის შემდგომ გარდაუვალად ჯოჯოხეთის მოხარკეა, რომელშიც დაიტანჯება თავის თავადთან (ეშმაკთან) და მის მსახურებთან ერთად.
ნათლისღება ყველა ამ ბოროტებისგან გამოგვიხსნის. იგი წარხოცავს წყევლას ქრისტეს ჯვრის ძალით და გვიბრუნებს კურთხევას: ნათელღებულნი ღვთის შვილები არიან, როგორც თავად უფალმა უწოდა მათ. “ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა” (რომ. 8,17).

“Путь ко спасению” стр. 18, М, 1908.

წმ. ეფრემ ასური

მაშინ (საშინელ სამსჯავროზე), ქრისტესმოყვარენო, თითოეულს შეუმოწმდება ქრისტიანობის ბეჭედი, რომელიც მიიღო ყოველმა მათგანმა მსოფლიო (კათოლიკე) ეკლესიაში ნათლისღებისას, და მოეთხოვება თითოეულს უბიწო სარწმუნოება, შეუმუსრავი ბეჭედი, შეუბილწავი კვართი და კეთილი აღსარება, რომელიც აღთქვა მან მრავალი მოწმის თანდასწრებით, როდესაც წარმოთქვა: “განვეშორები ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან”…

უკანასკნელ, როგორც თქვა უფალმა (მათ. 25,32-33), “განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა”. – ის ცხოვარნი, რომლებსაც აქვთ კეთილი ნაყოფი, რომლებმაც იციან მწყემსი, რომლებიც არიან აღბეჭდილნი, რომლებმაც დაიცვეს ბეჭედი დაუზიანებლად, რომლებიც გაყვნენ დიდ მწყემსს, რომელმაც თქვა: “მომდევდით მე”, ცხოვარნი, რომლებმაც არ შებილწეს წმინდა სარწმუნოება მწვალებლური გმობებით; ამ ცხვრებს დაადგენს მარჯვენით მისა.

(“სიტყვა საყოველთაო აღდგომაზე, სინანულზე და სიყვარულზე, უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე“.)

წმ. ბასილი დიდი

დავიფლნეთ ქრისტეს თანა, რომელი-იგი ჩუენთვის მოკუდა, რაჲთა აღვდგეთ მის თანა, რომელმან-იგი აღდგომაჲ მოგუმადლა…

რამეთუ არცა ხორცთა ცხორებაჲ შესაძლებელ არს თვინიერ სამშვინველისა, არცა სულისაჲ, რომელი არა იცნობდეს დამბადებელსა თვისსა, რამეთუ უგულისხმოებაჲ ღმრთისაჲ სიკუდილი არს სულისაჲ. ხოლო რომელი არა ნათელ-ღებულ იყოს, იგი არა განათლებულ არს და თვინიერ ნათლისა ვერცა თუალი შემძლებელ არს თვისთა საქმეთა ხედვად, ვერცა სულსა ძალ-უც გულისხმისყოფასა ღმრთისასა მოღებად…

ისრაელმან მოსეს მიერ ნათელ-იღო ღრუბელსა შინა და ზღუასა, რამეთუ შენ სახესა გიჩუენებდა და გამოხატვიდა უკუანაჲსკნელთა ჟამთა გამოჩინებადსა ამას ჭეშმარიტებასა…

ისრაელსა უკუეთუმცა არა განევლო ზღუაჲ, არამცა ხსნილ იყო მონებისაგან ფარაოჲსა, და შენ, უკუეთუ არა განჰვლო წყალი იგი, არა განერე მწარისა მისგან მძლავრებისა ეშმაკისა…
შევიდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა ნათლისღებისათვის, ხოლო შენ ვითარ მიიქცე სამოთხედვე, უკუეთუ არა აღიბეჭდო ნათლისღებისა მიერ?

… ვითარ გრიდოს შენ ანგელოზმან მან, ანუ ვითარ გიხსნეს მტერთაგან, უკუეთუ არა იცნას ბეჭედი იგი? ანუ შენ ვითარ სთქუა, თუ მე ღმრთისაჲ ვარ, რაჟამს არა გაქუნდეს სასწაული მისი? ანუ არა უწყია, ვითარმედ აღნიშნულთა მათ სახლთა თანა-წარჰხდებოდა მომსრველი იგი, ხოლო უნიშნავთა მათ შინა მოსრვიდა პირმშოთა მათ? საუნჯე დაუბეჭდავი ადვილ არს განსაპარავად, ცხოვარი აღუნიშვნელი უშრომელად წარტაცებულ იქმნის.

წმ. კირილე იერუსალიმელი

“წმიდისა ნათლისღებისათვის“

ნათლისღების სახეები და მისი აღმასრულებელნი

რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხორებაჲ არა აქუს, გარნა მარტვილთა ხოლო, რომელთა თვინიერ წყლისა ნათლისღებისა დაიპყრან სასუფეველი; რამეთუ, რაჟამს იხსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირეს, გამოხდა სისხლი და წყალი, რაჲთა რომელთამე ჟამსა მშვიდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თვისითა სისხლითა ნათელ-იღონ.

სინური მრავალთავი, გვ. 87, თბ. 1959.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვიცი მეოთხე ნათლობაც – ნათლობა მოწამეობით და სისხლით, რომლითაც ნათელ-იღო თვით ქრისტემ.
მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.2, გვ. 261

წმ. ნიკიფორე აღმსარებელი

საჭიროების შემთხვევაში უბრალო ბერსაც შეუძლია მონათვლა, ისევე როგორც საჭიროებისას ნათლავს დიაკონიც.

თუკი რომელიმე ადგილას შეუძლებელი იქნება მღვდლის პოვნა, მაშინ უნათლავი ჩვილების მონათვლა შეუძლია ყველას, ვინც იქ აღმოჩნდება. ცოდვა არ იქნება, მონათლავს მამა ან ნებისმიერი სხვა ვინმე, მთავარია ქრისტიანი იყოს (იგულისხმება მართლმადიდებელი – მთარგ.).

წმ. ნიკიფორეს კანონები 44,45

წმ. იოანე ოქროპირი

თუკი საჭირო იქნება, როდესაც უნათლავი ჩვილია მომაკვდავი, დიაკონს შეუძლია მონათლოს. და თუკი ჩვილი გარდაიცვლება, იგი მონათლულად აღირიცხება. თუკი იგი უნათლავად პრესვიტერის უზრუნველობის გამო აღესრულა, ვაი, იმ პრესვიტერს! თუ მშობელთა უზრუნველობით მოკვდა უნათლავად, ვაი იმ ბავშვის მშობლებს! ამიტომაც მშობლებმა ბავშვის ნათლობა მრავალი წლით არ უნდა დააყოვნონ. აღუბეჭდავი ცხვარი მგლის წილხვედრია, ქრისტეს ბეჭედი იცავს ამ ბეჭდის მქონეს.

ტ. 10, გვ. 958.

წმ. იოანე დამასკელი

ქრისტიანის საუბარი სარკინოზთან
განმარტება იერემია წინასწარმეტველის სიტყვებზე (იერ. 1,5)

ქრისტემდე თუ იყო ნათლობა? იერემია ხომ ქრისტემდეა დაბადებული? – იყო ნათლობა, წმიდა მოციქულის მოწმობით, რომელიც ამბობს, რომ “ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა” (1 კორ. 10,2). და უფალი ამბობს სახარებაში: “უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა” (იოან. 3,5). ასე რომ, აბრაამი, ისააკი, იაკობი და დანარჩენი ქრისტემდელი წმინდანები ცათა სასუფეველში შესვლამდე მოინათლნენ, რადგან, ქრისტეს მოწმობის თანახმად, თუკი არ მოინათლებოდნენ, ვერც ცხონდებოდნენ. ასევე მოწმობს სული წმიდა “უცხო იქმნეს ცოდვილნი საშოჲთგან” (ფსალმ. 57,4), ანუ ნათლისღებისგან. ამიტომაც ვაღიარებთ, რომ ყველა, ვინც ცხონდა და აწ ცხონდება, ცხონდნენ და ცხონდებიან ღვთის მადლით.

თხზულებები, მოსკ. 1997, გვ. 77

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ნათლავდა მოსე, მაგრამ წყალში; მანამდე კი “ღრუბლითა მით და ზღვითა” (1 კორ. 10,2); და ამას ჰქონდა წინასახეობითი აზრი, როგორც გულისხმაყოფს პავლეც. ზღვა წყლის სახე იყო, ღრუბელი – სულის, მანანა – ცხოვრების პურის, სასმელი – ღვთაებრივი სასმელის. ნათლავდა იოანეც, უკვე არა იუდეველთაებრ, რადგან არა მხოლოდ წყლით, არამედ სინანულითაც (მათ. 3,11); მაგრამ არა სრულყოფილად სულიერად, რადგან არ დაუმატებია “და სულით”. ნათლავდა იესოც, მაგრამ სულით: ამაშია სრულყოფილება” (39 სიტყვა).

წმ. იოანე ოქროპირი

მას (ღმერთს) ყველას ცხოვრება სურს, მაგრამ არავის აიძულებს. მაშ რატომ ვერ ცხონდებიან ყველანი, თუკი მას ყველას ცხოვრება სურს? ეს იმიტომ, რომ ყველას ნება არ მიჰყვება მის ნებას, ხოლო ის არავის აიძულებს; თუკი მას სურს, ჩვენ კი არ გვსურს, ჩვენი ცხონების საქმე ირღვევა; არა იმის გამო, რომ მისი ნებაა უძლური, არამედ იმიტომ, რომ მას არ სურს ვინმეს იძულება.

გალატელთა მიმართ ეპ. განმარტება

წმ. თეოფანე დაყუდებული

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: რატომაა ერთი საყვარელი, მეორე კი განგდებული? ნუთუ იმიტომ, რომ ერთი ბიწიერი იყო, მეორე კი კეთილი? მაგრამ ერთი პატივშია, მეორე კი დასჯილია მანამ, ვიდრე დაიბადებოდნენ; ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე თქვა ღმერთმა: “უხუცესი მონებდეს მრწემსა” (დაბ. 25,23). რატომ თქვა ეს ღმერთმა? იმიტომ, რომ ის არ ელოდება ადამიანივით საქმის დასრულებას, რათა დაინახოს ვინაა კეთილი და ვინ არა…

ისევ წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: გულის საიდუმლოთა მცნობელმა სრულად იცის ვინაა ღირსი გვირგვინებისა და ვინ – დასჯისა და ტანჯვისა. ამიტომ მან, მრავალნი, ვინც ხალხის აზრით კეთილნი იყვნენ, ამხილა და დასაჯა, და მრავალნი, რომელთაც ბიწიერად თვლიდნენ, გვირგვინით შემოსა, და დაამოწმა, რომ ისინი ასეთები (ბიწიერები) არ არიან. ის თავის მსჯავრს წარმოთქვამს არა მონათა გამოხმაურების მიხედვით, არამედ საკუთარი მკაცრი და მიუკერძოებელი მსჯავრით. ის არ ელის საქმის დასრულებას, რათა ერთი ღირსეულად გამოაცხადოს, მეორე კი – არა. ღმერთმა პირველი დღიდანვე იცოდა და იწინასწარმეტყველა როგორც კეთილი, ასევე მისი საწინააღმდეგო. გულთა მცნობელმა და გამომცდელმა ისიც იცის, ვინაა ღირსი ცხონებისა.
ამრიგად, დაუთმე არჩევანში მიუწვდომელ განგებულებას. მან (ღმერთმა) ერთადერთმა ზუსტად იცის, ვინ შემოსოს გვირგვინით. ნუ მოითხოვ შემოქმედისაგან ანგარიშს, ნუ იკითხავ: რატომაა ერთი გვირგვინოსანი, მეორე კი დასჯილი? მან (ღმერთმა) იცის ყოველივეში სამართლიანობის დაცვა. ამიტომაც თქვა: “იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე”. ეს რომ ასეა, შენ შემდგომიდან იცი, ხოლო ღმერთმა სრულად იცოდა ეს ჯერ კიდევ აღსრულებამდე.

რომაელთა მიმართ ეპ. განმარტება

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: