შერეული ქორწინების შესახებ

მართლმადიდებელთან მწვალებლის ქორწინების და შერეული ქორწინების შესახებ მეექვსე მსოფლიო კრების (ტრულის) კანონი 72 და მისი განმარტება

ქორწილი კანას გალილეაში

კანონის პირველი ნაწილი:

“არ შეეფერება მართლმადიდებელ მამკაცს მწვალებელი დედაკაცის ცოლად შერთვა; არც – მართლმადიდებელ დედაკაცს მწვალებელ მამკაცთან შეუღლება. თუკი ასეთ ქმედებას ვინმე ჩაიდენს, ქორწინება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს და უსჯულო თანაცხოვრება დაირღვეს, რადგან არაჯეროვანია შეუერთებელთა შეერთება, არც ცხვართან მგლის შერწყმა და ქრისტეს სხეულთან არ არის ცოდვილი წილნაყარი. ვინც ჩვენს განჩინებას დაარღვევს, უზიარებლობით დაისაჯოს;”

კანონი განაჩინებს რომ მწვალებელთან ქორწინების კავშირი უნდა დაირღვეს, რადგან:

“და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა.

სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.

და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა,

სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.

და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა.

სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების”.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ასე განმარტავს უფლის ამ მოძღვრებას:

“გამოთქვამს რა ამგვარ მუქარას მაცდუნებელთა წინააღმდეგ, რომ უმჯობესია მათთვის ზღვაში იქმნან შტაგდებულნი, უფალი მოძღვრავს ახლა მათ ვინც ცდუნდება, მოერიდონ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან აცდუნონ და გადაიყვანონ ისინი ჭეშმარიტი გზიდან. უკუეთუ მაცდუნებელი და შენი ცხონების გზაზე დამაბრკოლებელი შენი შინაურთაგანი, ან ხორციელ ახლობელთაგანი იქნება – მოიკვეთე იგი, ანუ უარყავი მისადმი სიყვარული და მეგობრობა”. (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მარკოზის სახარების განმარტება; თ. 9, მ. 43-50)

ასე რომ მეუღლეებს მითუმეტეს შეეფერება ეს სწავლება, რადგან ისინი ერთ სულ და ერთ ხორც უნდა იყვნენ.

კანონის მეორე ნაწილი:

“ხოლო თუ ისეთი პირები, რომლებიც ურწმუნოებაში იყვნენ, მართლმადიდებელთა სამწყსოს არ მიეკუთვნებოდნენ და ერთმანეთზე კანონიერად იქორწინეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა კეთილი არჩევანი გააკეთა და ჭეშმარიტების ნათელს მიეახლა (მოინათლა), მეორე კი ცდომილების საკრველში დარჩა, რადგან არ ისურვა საღვთო შარავანდედისაკენ მიხედვა და მაინც ურწმუნო მეუღლეს მორწმუნე მეუღლესთან ცხოვრება სურს, მაშინ გათვალისწინებულ იქნეს საღვთო მოციქულის სიტყვა: “განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა” (I კორ. 7.14) და ნუ განეშორებიან ერთმანეთს. (IV მსოფლ. 14; ლაოდ. 10,31; კართ. 21)”.

კანონისტის ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტება კანონის პირველი ნაწილის შესახებ:

“ეს კანონი უკრძალავს ქრისტიანებს ერეტიკოსებთან ქორწინებას, თუ ასეთი ქორწინება უკვე იყო შემდგარი, ანუ თუ ქრისტიანი მამაკაცი დაქორწინდა ერეტიკოს დედაკაცზე, ან პირიქით, ასეთი ქორწინება უკანონოდ ითვლებოდა და ირღვეოდა, რადგან ეს იგივე იქნებოდა რაც „ცხვართან მგლის შეუღლება და ქრისტეს ნაწილთან ცოდვილის წილხვედრობა. ეს ნათლად და ადვილად გასაგებადაა ნათქვამი. ამ განწესების ურჩნი ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას ექვემდებარებიან”.

კანონის მეორე ნაწილის განმარტება:

“თუმცა დასძენს კანონი, თუ ორნი მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში შესვლამდე, ქორწინების კავშირით შეუღლდნენ სამოქალაქო კანონის დაცვით და ერთი მათგანი მართლმადიდებელ რწმენაში მოექცა, მეორე კი იგივე არამართლმადიდებლური აღმსარებლობის რწმენაში დარჩება და მაინც მოისურვებს შემდგომში ერთმანეთთან ქორწინებაში ყოფნას, ასეთ შემთხვევაში კანონი მათ ერთად ცხოვრების ნებას რთავს, და მაშასადამე, ქორწინებას ძალაში ტოვებს;

აქ კანონი ეყრდნობა კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის 1 ეპისტოლეს. უშვებს რა ამას, კანონი ამით გარკვეულ გარემოებებში უშვებს ე.წ. შერეული ქორწინებების შესაძლებობასაც.

მართლმადიდებელ ეკლესიაში შერეული ქორწინებების ასეთი შესაძლებლობა, სხვა სიტყვებით: მართლმადიდებელ ეკლესიის მიერ შერეული ქორწინების დაშვება, ეფუძნება წმინდა პავლე მოციქულის სწავლებას.

ქრისტიანული ეკლესიის დასაბამში, როცა წარმართები და იუდევლები ქრისტიანულ რწმენას იღებდნენ, იყო შემთხვვები, როცა ერთი მეუღლეთაგანი იღებდა ქრისტიანულ რწმენას (ინათლებოდა), მეორე – არა, და რჩებოდა ძველ რწმენაში (მოუნათლავი).

კითხვაზე: უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში ქორწინების დარღვევა თუ მისი ძალაში დატოვება, პავლე მოციქული კორინთელებს ასეთ პასუხს აძლევს:

„ხოლო სხვათა მათ ვეტყვი მე, არა უფალი: უკეთუ ძმასა ვინმეს ესვას ცოლი ურწმუნოი და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაი მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. და დედაკაცსა თუ ესვას ცოლი ურწმუნოი და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაი მის თანა, ნუ დაუტევებენ ქმარსა მას.

რამეთუ განიწმინდების ქმარი იგი ურწმუნოის ცოლისა მისგან მორწმუნისა და განიწმინდების ცოლი იგი ურწმუნოი ქმარისა მისგან მორწმუნისა, უკეთუ არა, შვილნიმცა თქვენნი არა-წმინდა იყვნეს, ხოლო აწ წმინდა არიან.

ხოლო უკეთუ ურწმუნოი განეყენებოდის, განეყვნენ; არა დამონებულ არს ძმაი იგი გინა დაი იგი ესე ვითართა მათ, რამეთუ მშვიდობასა გვწოდნა ჩვენ ღმერთმან, რამეთუ რაი იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაი იცი მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი“ (1 კორ. 7, 12-16).

როგორც სჩანს, მოციქული უშვებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში შეიძლება შეწყნარება შერეული ქორწინებისა. თუმცა სწორი შემეცნებისთვის, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მოციქული ტოვებს სხავდასხვა რწმენის მეუღლეებს ქორწინებაში და ამით აღიარებს, რა თქმა უნდა მათი ქორწინების კანონიერ ძალას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს სურს და ამაზე თანახმაა ის მეუღლე, რომელიც არ არის მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელი.

არსებული ქორწინების კანონიერება იმიტომაა აღიარებული, რომ ის მანამ იყო შემდგარი სამოქალაქო ქორწინებით, სანამ რომელიმე მეუღლეთაგანი მართლმადიდებლურ რწმენას მიიღებდა (მოინათლებოდა), ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია, თავისი სულიდან გამომდინარე, დაარღვიოს ქორწინების კავშირი, იძალადოს ადამიანის გრძნობებზე და მათ თავისუფლებაზე ზნეობის ჩარჩოში, რამეთუ თვით მოციქული ამბობს …”მშვიდობასა გვწოდნა ღმერთმან” (1 კორ. 7, 16).

ამასთან მოციქული თავის პასუხში მოითხოვს, რომ სხვადასხვა რწმენის მეუღლეების საქორწინო ცხოვრებაში გაბატონებული ყოფილიყო მართლმადიდებლური რწმენა, ე.ი მართლმადიდებელმა მეუღლემ არა მარტო სრული თავისუფლებით უნდა ისარგებლოს თავის რწმენის აღმსარებლობაში და კეთილი საქმეების აღსრულებაში ქრისტეს სწავლებისამებრ, არამედ ზნეობრივი გავლენაც იქონიოს მთელ თავის ოჯახურ ცხოვრებაზე, რამეთუ ამით, მოციქულთა სიტყვებით „განიწმინდების“ ეს შერეული ქორწინება, და ქმარი რომელიც არ არის ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელი (მოუნათლავია), ცოლით განიწმინდება, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელია; ცოლი კი რომელიც არ არის ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელი (მოუნათლულია), განიწმინდება ქმრით, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელია;

„უკეთუ არა, – დასძენს მოციქული, – შვილნიცა თქვენნი არა-წმინდა იყვნეს“ (იხ. 1 კორ. 7, 14) როგორც ნაყოფი მხოლოდ ხორციელად გაუწმინდავი კავშირისა; ხოლო ახლა, ქრისტეს რწმენის გავლენით, რაც ყველაფერს წმენდს, ისინი – „წმინდა არიან“.

აქედან გამომდინარეობს აუცილებელი პირობა შერეული ქორწინების ნებართვისა, რომ ამ ქორწინებიდან გაჩენილი შვილები ნებისმიერ შემთხვევაში მართლმადიდებლური რწმენით უნდა იზრდებოდნენ.

დასასრულ მოციქული ამთავრებს, მეუღლეთაგან ერთ-ერთს, ვინც მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებელი არ არის, დაუბრკოლებლად შეუძლია გაეყაროს, თუ არ სურს ქორწინებაში დარჩენა მეუღლესთან, რომელიც თავის მხრივ მართლმადიდებლობაში მოექცა. ასე რომ, ასეთ შემთხვევაში ამ უკანასკნელს ახალი ქორწინების ნება ეძლევა მართლმადიდებელ პირთან.

აქედან ჩანს, რომ თუ პავლე მოციქული უშვებს შერეული ქორწინების შესაძლებლობას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ ისეთი ქორწინებები, რომელიც შემდგარია ქრისტეს ეკლესიის გარეთ სამოქალაქო ქორწინებით იმ პირთა შორის, რომლებიც არ აღიარებენ ქრისტეს რწმენას, და შერეულ ქორწინებაში რჩებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა მეუღლემ ქრისტე იწამა (მოინათლა).”

კანონის დასკვნითი განმარტება:

“რომელიმე სხვა შერეულ ქორწინებაზე, სახელდობრ, ისეთზე, რომ ერთ რომელიმე მართლმადიდებელ პირს შეეძლოს ქორწინებრივი კავშირის დამყარება პირთან, რომელიც არ აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის რწმენას, პავლე მოციქული არ ამბობს.

ხოლო ის რომ პავლე მოციქული ასეთ ქორწინებებს თავისთავად აკრძალულად თვლის, მოწმობს თვით ეკლესია, რომელიც უძველესი დროიდან გმობდა ასეთ ქორწინებებს და მათ უკანონოდ მიიჩნევდა. თუ შემთხვევით ასეთი ქორწინებები დგებოდა.

საეკლესიო კანონმდებლობა კი დაწყებული IV საუკუნიდან, მკაცრად უკრძალავდა მართლმადიდებლებს ქორწინებით კავშირებს არა მხოლოდ წარმართებთან და იუდეველებთან, არამედ მწვლებლებთანც*

პირველი კანონიკური განწესება, მწვალებლებთან ქორწინების აკრძალვის თაობაზე, ლაოდეკიის 343 წლის კრებამ გამოსცა (31-კანონი; შედრ. ლაოდეკიის 10 და კარტაგნის 21).

ტრულის 72 კანონი ამასთან დაკავშირებით ძველ პრაქტიკას და მწვალებლებთან ქორწინების აკრძალვის თაობაზე მასთან დაკავშირებულ კანონიკურ განწესებას ამტკიცებს – მართლმადიდებლებისთვის სასჯელის მუქარით.

გამონაკლისს უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომელთა შესახებაც პავლე მოციქული დასახელებულ ადგილზე საუბრობს. (ურწმუნო მეუღლეთაგან ერთი მოინათლა და აღიარა ქრისტე და მეორემ ჯერ არა).

ტრულის ამ (72) და სხვა პარარელური კანონების საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სწავლება შერეული ქორწინების თაობაზე, შემდეგში მდგომარეობს.

1) მართლმადიდებელ ქრიტიანებს მკაცრად ეკრძალებათ შერეული ქორწინებებში ყოფნა უცხო რწმენის პირებთან, კერძოდ, წარმართებთან, იუდეველებთან, მწვალებლებთან;

2) შერეული ქორწინება დასასშვებია მხოლოდ იმ ფორმით, როცა არამართლმადიდებლურ უკვე შემდგარ ქორწინებაში, ანუ არაქრისტიანულ ან მწვალებლურ რელიგიურ თემში, ერთერთი მეუღლე მიიღებს მართლმადიდებლურ რწმენას (მოინათლება) და ამასთან, როცა უცხო რწმენის მეუღლე გამოავლენს სურვილს დარჩეს ქორწინებაში მეუღლესთან, რომელიც მართლმადიდებელი გახდა,

3) ასეთ შერეულ ქორწინებაში გაჩენილი შვილები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოინთლონ და აღიზარდონ ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოების სესაბამისად.

4) თუ უცხო რწმენის მეუღლე არ მოისურვებს ქორწინებაში დარჩეს ქრისტიანობაში მოქცეულ პირთან, მაშინ ქორწინება ირღვევა და მართლმადიდებელ მეუღლეს უფლება ეძლევა ახალი ქორწინებისა მართლმადიდებელ პირთან.

5) დაშვებულია მართლმადიდებელი პირისათვის დაქორწინება არამართლმადიდიდებელ პირთან, თუ ეს უკანასკნელი აღუთქვამს მართლმადიდებლური რწმენის მიღებას და ამ დანაპირებს მაშინვე შეასრულებს.

ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ძალის შემცველი სწავლება ამ საკითხზე და ასეთივე ძალის უნდა დარჩეს იგი მთელი მისი ისტორიის მანძილზე”.

დავაკვირდეთ კანონის პირველი ნაწილი მწვალებლებთან ქორწინებაზე გვასწავლის, და უკვე არსებული ქორწინების დარღვევსაც მოითხოვს. მეორე ნაწილი კი სამოქალაქო ქორწინებიდან ურწმუნო მოუნათლავ წყვილთა ანუ ერთერთი მეუღლის მოქცევიდან მართლმადიდებლობაში …ქორწინებულთა შესახებ.

კანონის პირველი ნაწილი რომ კარგად გასაგები იყოს უნდა განვმარტოთ თუ რა არის მწვალებლობა, ამასთან დაკავშირებით მოვუხმოთ წმინდა თეოფანე დაყუდებულის განმარტებას მწვალებლობის შესახებ:

“მწვალებლობა არის რაიმეს განსჯა საკუთარი გონებით, იმასთან შეუთანხმებლად, რაც უფალმა გადმოსცა ეკლესიას ამ საკითხის შესახებ. არიოზმა დაიწყო უფლის შესახებ თავისებურად განსჯა და წვალებაში ჩავარდა, რადგან არ აღიარებდა უფლის ერთარსებობას მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან.

ლუთერმა თავისებურად დაიწყო ქრისტიანული სწავლების სისტემის შედგენა და რამდენი სიცრუე გამოიგონა? ასევეა პაპი, ასევეა ყველა ახალი გზააბნეული სწავლებები. როდესაც იბადება კითხვა, მის გადაწყვეტას ქრისტიანი თავის თავში და საკუთარ გონებაში კი არ უნდა ეძიებდეს, არამედ ყველასათვის საერთო აღმსარებლობაში.

იმას როდი ვამბობ, თითქოს თვითონ არც განსჯა შეეძლოს და არც თავისი აზრი გააჩნდეს, იგი მას შეიძლება სხვაზე ადრე დაებადოს; მაგრამ საქმე ისაა, რომ ქრისტიანი ამ მოსაზრებებს არავითარ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, ვიდრე საერთო მოძღვრებით არ შეამოწმებს.

თუკი მისი აზრები ამ მოძღვრებას ეთანხმებიან, დაიტოვებს მათ, და თუ არ ეთანხმებიან – განაგდებს. ამაშია მისი სიმშვიდე; იგი დგას ამ საერთო მოძღვრებაზე, როგორც მტკიცე კლდეზე, რადგან მისი მეშვეობით ადის ღმერთთან, ჭეშმარიტების წყაროსთან.

“და სიმონსაცა თვით ჰრწმენავე და ნათელ-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა” (საქმე 8.13). ირწმუნა და ნათელ-იღო კიდეც, მაგრამ მისგან არაფერი გამოვიდა.

უნდა ვიფიქროთ, რომ მისი რწმენის წყობაში იყო რაღაც ურიგო. გულწრფელი სარწმუნოება საკუთარი გონების უარყოფაა. უნდა გაშიშვლდეს გონება და სუფთა დაფასავით დახვდეს რწმენას, რომ მან გამოსახოს თავი ამ დაფაზე ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი უცხო გამოთქმებისა და სწავლებების გარეშე.

როდესაც გონებაში რჩება საკუთარი წარმოდგენები სარწმუნოებაზე, მაშინ მასში წარმოდგენათა შენარევი აღმოჩნდება; ცნობიერება დაიბნევა, რადგან რწმენის მოქმედებაში საკუთარი გონების ცრუ სიბრძნესაც შეხვდება.

ასეთი იყო სიმონი – სახე და ხატი ყველა მწვალებლისა. ასეთნი არიან ყველანი, ვინც უწინ და დღესაც ბედავს საკუთარი აზრებით სარწმუნოების სამფლობელოში შესვლას.

ისინი იბნევიან სარწმუნოებაში და მათგან არაფერი გამოდის გარდა ზიანისა თავისთვის, თუ ჩუმად არიან, და სხვებისთვის, თუ მათში არ ჩერდება ეს არეულობა, არამედ გარეთ გამოხეთქავს დამოძღვრის წყურვილით. მათგან ყოველთვის გამოდიან ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან საშინელი თავდაჯერებულობით საკუთარ შეუცდომლობაში და აქვთ ჭირვეული სურვილი, რომ ყველა თავისნაირი გახადონ. (წმ. თეოფანე დაყუდებული)
—————–
*ვინ ითვლება მწვალებლებად ანუ ერეტიკოსებად: ძველი ერეტიკოსების შესახებ იხ. ბლასტრის სინტაგმა, A, 2 (Аф Синтю VI, 57- 75).

ამჟამად არსებობს მრავალი ქრისტიანული რწმენის აღმსარებლობა, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყვნენ. ისინი გაჩნდნენ დასავლეთში ძირითადად VI საუკუნიდან და ყოველ მათგანს სარწმუნოების შესახებ თავისი განსაკუთრებული სწავლება აქვს. ყველა ეს სარწმუნოება გამოიყო მწვალებლური რომაულ-კათოლიკური ეკლესიიდან შუალედურად ან უშუალოდ.

მათგან უმთავრესია: ლუთერანული (მცირე სექტების დიდი რიცხვით) და რეფორმატორული (ასევე მრავალი სექტებით).

ეს ორი ცრუ სარწმუნოება, სექტებითურთ, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიჩნეული და გამოცხადებულია მწვალებლობად. ამის შესახებ იხ. იერუსალიმის კრება 1672 წ., ასევე აღმოსავლელ პატრიარქთა 1723 წლის ეპისტოლეს მე-2 წევრი. და ბოლოს, ერესთა-ერესად წოდებული “ეკუმენიზმი” და ურყევი ჯიუტი ეკუმენისტი მწვალებლები.

ცხადია, მართლმადიდებელთა ქორწინებაში ყოფნა ამ სექტებთან და სხვა მწვალებლებთან სრულფასოვნად ეხება ტრულის წინამდებარე (72) კანონის პირველ ნაწილს.

“კანონის ძირითადი ტექსტი მოხმობილია კანონისტის ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებისაგან”

(წერილი მოამზადა ვებ-საით “დიდგორის” რედაქციამ – http://www.didgori.wordpress.com)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: