ზიარების გამომხსნელი საიდუმლოს დაწესება

ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათი – მაცხოვარი აწესებს ზიარების გამომხსნელ საიდუმლოს (სახარების განმარტება)

“და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი.
და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა.

და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეული.

ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა”.

განმარტება: ზოგიერთნი ამბობენ, რომ იუდა არ ეზიარა წმიდა საიდუმლოებებს, ვინაიდან იგი გამოვიდა მანამ, სანამ უფალი მიართმევდა მათ ამ საიდუმლოებათ.

სხვები ამბობენ, რომ პირიქით, უფალმა ეს უმადურიც აზიარა თავის სიწმინდეს. აკურთხა რა, ანუ მადლობდა რა, უფალმა განტეხა პური.

ასევე ვიქმთ ჩვენც, როდესაც ლოცვებს წარმოვთქვამთ. „ეს – ეუბნება, – რასაც ახლა თქვენ მიიღებთ ჩემი ხორცია“, რადგანაც პური სახე კი არაა უფლის ხორცისა, არამედ თავად ქრისტეს ხორცი, რადაც პური გარდაიქმნება.

და უფალი ამბობს: „პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს“ (ინ. 6,51); არ უთქვამს: სახეა ჩემი ხორცისა, არამედ „ხორცი ჩემი არს“ და კიდევ „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ…“ (იქვე, 55 მ.).

მაგრამ როგორ? შესაძლოა თქვას ვინმემ: ხორცი ხომ არა ჩანს? ეს ჩვენი უძლურებისდა გამოა ადამიანო!

რამდენადაც პური და ღვინო არსებითად ჩვეულებრივი ნივთებაა ჩვენთვის, ხოლო რამდენადაც შემოთავაზებული ხორცისა და სისხლის დანახვა აუტანელი იქნებოდა და პირს ვიბრუნებდით მისგან, ამდენად კაცთმოყვარე ღმერთი, ჩვენდამი გულმოწყალების გამო, უნარჩუნებს პურისა და ღვინის სახეს, მაგრამ ისინი გარდაიქმნებიან ხორცისა და სისხლის ძალით.

თავის სისხლს ახალი აღთქმის სისხლი უწოდა, ძველი აღთქმისაგან განსხვავებით, ვინაიდან ძველ აღთქმაშიც იყო სისხლი, რომლითაც იპკურებოდა ხოლმე ხალხიცა და სჯულის წიგნებიც.

„არღარა ვსუა, – ამბობს ის შემდეგ, – ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა“ აღდგომამდე (სასუფეველს აქ უწოდებს აღდგომას, რადგანაც მკვდრეთით აღმდგარი, იგი გამეფდა სიკვდილზე).

აღდგომის შემდეგ იგი კვლავ ჭამდა და სვამდა თავის მოწაფეებთან ერთად, არწმუნებდა რა ამგვარად, რომ სწორედ ისაა, ვინც ევნო.

მაგრამ სვამდა ახალ ღვინოს, ანუ სვამდა ახალი და უჩვეულო წესით, რადგანაც უკვე ჰქონდა არა ვნებული სხეული, რომელსაც საკვები სჭირდებოდა, არამედ უხრწნელი და უკვდავი.

შეიძლება ეს ასეც გავიგოთ: ვენახი თავად უფალია, ნაყოფი ვენახისა საიდუმლოების არსი და დაფარული ცოდნაა, რომელსაც თავად შობს, განაბრძნობს რა ადამიანს.

ამრიგად „ღმრთის სასუფეველში“ ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად საიდუმლოებებსა და სიბრძნეს დალევს, გვასწავლის რა ახალ ჭეშმარიტებებს და განგვიცხადებს რა იმას, რაც ახლა დაფარულია.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი – მარკოზის სახარების განმარტება
(თ. 14, მ. 22-25)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: